„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2515
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 25/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.04.001.003.878
  • Word
2515
28/12/2009
სსმ, 5, 25/01/2010
010.250.000.04.001.003.878
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1 . „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თვითმმართველი ერთეული – დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსულობები, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული ცენტრი და არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საკუთარი უფლებამოსილება – თვითმმართველი ერთეულის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება, რომელსაც იგი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით;“;

დ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-15 და მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 15. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეები

1. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეებია:

ა) საკუთარი უფლებამოსილებები;

ბ) დელეგირებული უფლებამოსილებები.

2. თვითმმართველი ერთეული საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით, რომელთა უფლებამოსილებანი, სტრუქტურა და საქმიანობის წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის (მერიის) დებულებით.

3. დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარ უფლებამოსილებათა იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს საკანონმდებლო აქტის მოთხოვნათა დარღვევა, სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე ორგანიზაციებისა და დაწესებულებების გამართული ფუნქციონირების შეფერხება, თვითმმართველ ერთეულებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვა, ან საფრთხე შეუქმნას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას.

    მუხლი 16. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები

1. თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონით.

2. მხოლოდ თვითმმართველი ერთეულია უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე:

ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;

ბ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში;

გ) ინვესტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა და თვითმმართველ ერთეულში ინვესტიციების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;

დ) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;

ე) დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება;

ვ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა; თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით კანონით განსაზღვრული იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

თ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ი) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონები) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;

კ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა;

ლ) მშენებლობის ნებართვის გაცემა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობა კანონით დადგენილი წესით;

მ) ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა და შესაბამისი ნებართვების გაცემა;

ნ) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება;

ო) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

პ) ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა და პარკირების წესების დადგენა; დასახლებებში ქუჩების დასუფთავება, გარე განათება, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, ნაგავსაყრელების მოწყობა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;

ჟ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება, შესაბამისი პროგრამების დამტკიცება, პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება;

რ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა;

ს) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა; მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების დამტკიცება;

ტ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ორგანიზება;

უ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება;

ქ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავება და დამტკიცება;

ღ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური რესურსების მობილიზება, შესაბამისი ღონისძიებების (ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის რისკფაქტორების იდენტიფიცირება) შემუშავება, განხორციელება და ამის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირება;

ყ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

შ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;

ჩ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ც) ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება;

ძ) ქუჩებისა და მოედნების სახელდება და ნუმერაცია.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკითხებისა, თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ საკითხზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისათვის.“.

4. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო მმართველობის ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას თვითმმართველ ერთეულს ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი.“.

5. მე-18 და 181  მუხლები ამოღებულ იქნეს.

6. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს გადაწყვეტილების შესრულებას უზრუნველყოფს გამგეობა (მერია).“.

7. მე-20 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველი ქალაქის მერი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თანხმობით. საკრებულოს თანხმობა მიღებულად ჩაითვლება, თუ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. გამგებლის (მერის) მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომლებსაც) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე (თანამდებობებზე) ნიშნავს და თანამდებობიდან (თანამდებობებიდან) ათავისუფლებს გამგებელი (მერი);“.

8. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს წევრთა რაოდენობაა:

ა) პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული თხუთმეტი და მაჟორიტარული წესით არჩეული ათი წევრი, თუ თვითმმართველ ქალაქში ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75000-ს;

ბ) პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული ათი და მაჟორიტარული წესით არჩეული ხუთი წევრი, თუ თვითმმართველ ქალაქში ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 75000-ს.“.

9. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 22. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება

1. საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;

ბ) საკრებულოს კომისიების შექმნა, კომისიათა თავმჯდომარეების არჩევა, კომისიების დებულებებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

გ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;

ვ) გამგებლის (მერის) თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე თანხმობის მიცემა საკრებულოს თავმჯდომარისათვის;

ზ) თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა, მათი საზღვრების დადგენა და მათი გაუქმება;

თ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) და საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცება; ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, გამგეობის (მერიის), მისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრა;

კ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება; დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;

ლ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების კონტროლი;

მ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და მათი განაკვეთების განსაზღვრა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში, საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ნ) ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანების პარკირების, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ო) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

პ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ) ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება;

რ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ს) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ტ) ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება;

უ) ქუჩებისა და მოედნების სახელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება;

ქ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით სახელმწიფოს და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნორმატიული ფასის დადგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენა;

ღ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა;

ყ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;

შ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში თანხმობის მიცემა თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადებაზე, აგრეთვე თანხმობის მიცემა ისეთი გარიგებების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება;

ც) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოებისა და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა;

ძ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს უფლებამოსილებები არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოებს.“.

10. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;“.

12. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 32. საკრებულოს წევრის სტატუსი

1. საკრებულოს წევრის სტატუსი არის მისი კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს.

2. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობების შესრულებისას საკრებულოს წევრი შეზღუდული არ არის ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით.

3. დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.

4. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით.

5. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.

6. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

7. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს საკრებულოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში მაინც.“.

13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 –326  მუხლები:

    მუხლი 321. საკრებულოს წევრის საქმიანობის ანაზღაურება

საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ საკრებულოს შემდეგ თანამდებობის პირთა საქმიანობა:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;

დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე.

    მუხლი 322. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) პირადი განცხადებით მოეხსნა უფლებამოსილება;

ბ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ე) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში;

ვ) დაინიშნა, არჩეულ ან დამტკიცებულ იქნა ამ მუხლით გათვალისწინებულ, საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე;

ზ) გარდაიცვალა.

    მუხლი 323. საკრებულოს წევრის შეზღუდვები და საქმიანობის ფორმები

1. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს:

ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;

ბ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ;

გ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც დანიშვნა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ;

დ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ;

ე) იმუშაოს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, კონტროლის პალატის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ორგანოებში;

ვ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე;

ზ) იმუშაოს იმ სახელმწიფო ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს;

თ) იმუშაოს საკრებულოს აპარატში და გამგეობაში (მერიაში);

ი) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის საწარმოების მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე, გარდა საგანმანათლებლო (სასკოლო დაწესებულებები და სხვა), კულტურის (თეატრები და სხვა) და ჯანმრთელობის დაცვის (საავადმყოფოები და სხვა) დაწესებულებებისა.

2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა ამ კანონის 322  მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკრებულო იღებს ცნობად, კენჭისყრის გარეშე.

3. საკრებულოს წევრს ამ მუხლისა და ამ კანონის 322  მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შესახებ შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.

4. თუ საკრებულოს წევრი არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, საკრებულოს ერთ-ერთი კომისია საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

5. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს, კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი ან მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს.

6. საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა;

ბ) საკრებულოს ორგანოების მუშაობაში მონაწილეობა;

გ) საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და მათი ინიციირება;

დ) საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა;

ე) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისადმი კითხვით მიმართვა;

ვ) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმები.

    მუხლი 324. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან

1. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან მოიცავს:

ა) ამომრჩეველთა უფლებების, თავისუფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ბ) მოქალაქეთა მიღებას;

გ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლას;

დ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას;

ე) გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებას;

ვ) ამომრჩევლებთან შეხვედრას სამ თვეში ერთხელ მაინც.

2. საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით საკრებულოს წევრს უფლება აქვს, ინიციირების წესით საკრებულოში:

ა) შეიტანოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს სამართლებრივი აქტის შესახებ;

გ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

3. საკრებულო ვალდებულია განიხილოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით ინიციირების წესით საკრებულოს სხდომაზე შეტანილი საკითხები.

4. საკრებულოს წევრი საკრებულოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვისას სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით. საკრებულოს წევრი სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს საკრებულოს იმ ორგანოების მუშაობაში მონაწილეობისას, რომლის წევრიც არ არის.

    მუხლი 325. საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელება საკრებულოს სხდომაზე

1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე:

ა) დასვას საკითხი განსახილველად;

ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;

გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვით მიმართოს მომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მოითხოვოს პასუხი და შეაფასოს იგი;

დ) გააცნოს საკრებულოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;

ე) გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომელთაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას აძლევს საკრებულო;

ვ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხის განხილვაში;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომაზე თავისი უფლებამოსილების განხორციელების პროცედურული საკითხები განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

    მუხლი 326. საკრებულოს წევრის ზოგადი უფლებამოსილებები

1. საკრებულოს წევრი უფლებამოსილია:

ა) კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, გამგებელს (მერს), სხვა თანამდებობის პირს და მიიღოს პასუხი. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული არიან, ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის კითხვას. კითხვის ავტორთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ათი დღით;

ბ) შეუფერხებლად შეხვდეს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს;

გ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა თავის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ნებისმიერი ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად;

ე) საკრებულოს აპარატს დადგენილი წესით მოსთხოვოს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა;

ვ) ისარგებლოს იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის ინფორმაციის მიწოდების უპირატესი უფლებით, რომლებიც ფინანსდება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.

2. საკრებულოს წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები;

ბ) საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;

გ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებში და საკრებულოს კომისიათა მუშაობაში;

დ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია.

3. საკრებულოს წევრის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში მას უჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

4. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში საკრებულოს წევრს:

ა) აღუდგება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იგი არის, და მიეცემა კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) თუ გასულია იმ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იგი იყო, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.

5. საკრებულოს წევრი არ შეიძლება ადმინისტრაციის ინიციატივით დაითხოვონ საჯარო დაწესებულებიდან ან დისციპლინური წესით გადაიყვანონ დაბალხელფასიან სამუშაოზე საკრებულოს თანხმობის გარეშე, ხოლო საკრებულოს სხდომებს შორის პერიოდში – საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე.

6. საკრებულოს წევრი საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად საკრებულოს თავმჯდომარის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ვადით თავისუფლდება საჯარო დაწესებულებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან საშუალო ხელფასის შენარჩუნებით და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები.

7. საჯარო მოსამსახურეების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ საკრებულოს წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მისი საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეშლა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

14. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 33. საკრებულოს თავმჯდომარე

1. საკრებულოს თავმჯდომარე არის თვითმმართველი ერთეულისა და საკრებულოს ხელმძღვანელი.

2. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით. საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი ან ორი კანდიდატი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩა, ტარდება ხელახალი არჩევნები. ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ორზე მეტი კანდიდატი, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი, მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს. თუ არჩევნების მეორე ტურში ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე, ტარდება ხელახალი არჩევნები.

3. საკრებულოს თავმჯდომარე:

ა) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს;

ბ) ხელს აწერს საკრებულოს და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

გ) ხელს აწერს საკრებულოს დადგენილებებსა და განკარგულებებს, მისი სხდომების ოქმებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს; წარმოადგენს თვითმმართველ ერთეულს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

დ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას;

ე) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საკრებულოს სხდომებს;

ვ) თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს;

ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს;

თ) საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელს (მერს);

ი) ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს; თანხმობას აძლევს გამგებელს (მერს), დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად გადაანაწილოს თანხები მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის;

კ) ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ლ) საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით;

მ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებას; ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის (მერიის) დებულებას, გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;

ნ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს; ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად ამტკიცებს გამგეობის (მერიის) შინაგანაწესს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

ო) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს:

პ.ა) გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის თაობაზე;

პ.ბ) თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე;

პ.გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ;

ჟ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის (მერიის) დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.

5. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება საკრებულომ გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება.

7. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.“.

15. 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება.“.

16. 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება.“.

17. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის უფლებამოსილება.“.

18. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს აპარატის დებულებას ამტკიცებს საკრებულო.“.

19. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამგეობის (მერიის) სტრუქტურა და უფლებამოსილებები“.

20. 38-ე მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამგეობის (მერიის) სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის (მერიის) დებულებით, რომელსაც ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

5. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს და გამგებლის (მერის) დავალებებს.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“.

21. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 39. გამგებლის (მერის) თანამდებობაზე დანიშვნის წესი და  უფლებამოსილებები

1. გამგებელი (მერი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს თანხმობით თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგებელი (მერი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში.

3. გამგებელი (მერი):

ა) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის (დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების) პროექტს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;

გ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;

დ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე, სამართლებრივი აქტების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;

ე) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე;

ვ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;

ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს გამგეობის (მერიის) დებულების, გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;

თ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლებს;    

ი) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

კ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს გამგეობის (მერიის) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის (მერიის) მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;

მ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ნ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს და სამართლებრივი აქტების პროექტებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებით;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;

პ) ახორციელებს გამგეობის (მერიის) დებულებითა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. გამგებლის (მერის) არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან გათავისუფლებისას გამგებლის (მერის) მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის (მერის) მოადგილე.

5. საკრებულოს წევრს ეკრძალება გამგებლის (მერის) საქმიანობაში ჩარევა პერსონალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას.“.

22. მე-40 მუხლი ამოღებულ იქნეს.

23. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).“.

24. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.“.

25. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გამგებლის (მერის) ბრძანება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში.“.

26. 44-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის (მერის) სამართლებრივი აქტების შეჩერებისა და გაუქმების უფლება აქვს საკრებულოს, აგრეთვე სასამართლოს – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე საკრებულოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.“.

27. 48-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

28. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის X1  თავი:

თავი X1

მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში

    მუხლი 581. თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ადგილობრივი სამსახურები და თანამდებობის პირები ვალდებული არიან, შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, თვითმმართველობის ორგანოების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა კონტროლის გამჭვირვალობისათვის და კანონით დადგენილი წესით:

ა) ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით გამოაქვეყნონ:

ა.ა) ინიციირებულ გადაწყვეტილებათა პროექტები;

ა.ბ) ინიციირებულ გადაწყვეტილებათა პროექტების განხილვის პროცედურები და ვადები;

ა.გ) საკრებულოს, აგრეთვე საკრებულოს კომისიის სხდომების დღის წესრიგი, ჩატარების ადგილი და თარიღი;

ა.დ) მიღებული ნორმატიული, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული აქტები, მათი გასაჩივრების ვადები და პროცედურები;

ა.ე) გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლში მოქალაქეთა მონაწილეობის ვადები და პროცედურები;

ბ) უზრუნველყონ მიღებული ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კოდიფიცირება და მათი ხელმისაწვდომობა.

    მუხლი 582. საკრებულოს დადგენილების პროექტის ინიციირება პეტიციის წესით

1. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს უფლება აქვს, მოამზადოს და შეიტანოს საკრებულოს დადგენილების პროექტი, ან წარადგინოს წინადადება საკრებულოს ნორმატიული აქტის გაუქმების, ნორმატიულ აქტში ცვლილებების ან დამატებების შეტანის შესახებ.

2. პეტიციის წესით საკითხი შეტანილ უნდა იქნეს წერილობით, საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით.

3. პეტიციის წესით შეტანილ პროექტს ხელს უნდა აწერდეს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%.

4. პეტიციის წესით შეტანილ პროექტს თან უნდა ერთოდეს ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროების დასაბუთება, პროექტის ავტორის (ავტორების) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის ვინაობა და მისამართი.

5. კანონით დადგენილი წესით შეტანილ პეტიციას რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს აპარატი.

6. საკრებულო ვალდებულია პეტიციის წესით შემოტანილი პროექტი რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში განიხილოს საკრებულოს სხდომაზე.

7. საკრებულოს სხდომაზე პეტიციის წესით შემოტანილი პროექტის განხილვაში მომხსენებლის სტატუსით, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს პროექტის ინიციატორთა მიერ დანიშნული მომხსენებელი.

    მუხლი 583. საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა

თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომებში.

    მუხლი 584. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირისა და საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების მოსმენა

1. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირისა და საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების მოსმენას.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი და საკრებულოს წევრი ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარდგნენ მათ წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით, უპასუხონ ანგარიშის მოსმენისას ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.“.

29. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 63. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება, თუ:

ა) თვითმმართველი ერთეული გაუქმებულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებით;

ბ) საკრებულოს წევრთა რაოდენობა შემცირდა ნახევარზე მეტით.

2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით დაითხოვოს საკრებულო, თუ საკრებულომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღებიდან 3 თვეში არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.

3. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას.

4. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის მართვა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.“.

30. 66-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის სააგენტომ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტთან კონსულტაციით საქართველოს მთავრობას წარუდგინოს საკანონმდებლო ინიციატივის პროექტი, რომლითაც განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საზღვრების დადგენის წესი და პროცედურები არა უგვიანეს 2011 წლის 1 იანვრისა.“.

31. 67-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2. გარდამავალი დებულებები

1. ამ კანონით დადგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ჩატარდეს 2010 წლის 1 ივნისამდე.

2. 2006 წელს არჩეულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლებამოსილება შეუწყდეთ ახალარჩეული საკრებულოების პირველი შეკრებისთანავე.

3. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მუნიციპალიტეტებში ჩატარდეს 2006 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას განსაზღვრულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 2006–2010 წლებში განხორციელებული თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ცვლილებების გათვალისწინებით.

4. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არა უგვიანეს 2010 წლის 1 მარტისა განსაზღვროს ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები.

5. 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ტარდება ერედვის, თიღვის, ქურთის, აჟარისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესაბამის ადგილობრივ ორგანოებს უნარჩუნდებათ უფლებამოსილება.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                      

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 28 დეკემბერი.

№2515–რს