დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2952 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 04/05/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.200.010.05.001.003.992 |
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 1998 წელი, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაბადების შესახებ სამედიცინო საბუთის არარსებობისას დაბადების რეგისტრაცია სრულდება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე.“.
2. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განქორწინების რეგისტრაცია წარმოებს მეუღლის მიერ განქორწინების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 15 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ.“.
3. 77-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ამ კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტები.“.
4. 88-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანა-ტომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციის წარმომადგენელს, აგრეთვე იმ პირს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა, მაგრამ არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში არც ერთ ზემოაღნიშნულ დაწესებულებასთან, – ცნობის გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ პირი ამ დაწესებულებაში გარდაიცვალა ან გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა გასცა ამ დაწესებულებამ ან პირმა;
ზ) გამგეობის (მერიის) რწმუნებულს – მის მიერ პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;“;
ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) პანსიონატის, თავშესაფრის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციის წარმომადგენელს – პირის გარდაცვალებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ იგი ამ დაწესებულებაში გარდაიცვალა.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წარედგინება გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა, რომლის ფორმა მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.“.
5. 881 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) უფლებამოსილი დაწესებულების ან პირის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა გარდაცვალების შესახებ;
გ.ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე;“.
6. 89-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გარდაცვალების შესახებ განცხადებული უნდა იქნეს პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობიდან ერთი წლის ვადაში, გარდა ამ კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
7. 90-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. 91-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. 113-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 113. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენა
1. ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლის შესახებ ჩანაწერების აღდგენას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილი ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, განმცხადებლის სურვილისამებრ, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის, სამოქალაქო აქტის დაკარგული ჩანაწერის შესრულების ან განმცხადებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
2. დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ჩანაწერების აღდგენას აწარმოებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე, განმცხადებლის სურვილისამებრ, გადაწყვეტილების გამოტანის, სამოქალაქო აქტის დაკარგული ჩანაწერის შესრულების ან განმცხადებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“.
10. 116-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი (გარდა ქორწინების აქტის ჩანაწერისა), მიუხედავად მისი შედგენის დროისა, შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილი წესით.“.
11. 122-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებით მოწმობებს გასცემს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო მასთან დაცული სამოქალაქო აქტების საფუძველზე. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური (გარდა ქორწინების სახლისა) და საქართველოს საკონსულო დაწესებულება, რომელიც დაკავშირებულია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან, უფლებამოსილი არიან აგრეთვე გასცენ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები და ინფორმაცია სააგენტოს სხვა ტერიტორიულ სამსახურებში და სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებულ საქართველოს სხვა საკონსულო დაწესებულებებში შენახული აქტების საფუძველზე.“.
12. 123-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:
„7. 2015 წლის 30 დეკემბრამდე იმ პირთა გარდაცვალების რეგისტრაცია, რომელთაც მიღებული აქვთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და რეგისტრირებული არიან სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ამ კანონის X თავით დადგენილი ზოგადი წესის გარდა, აგრეთვე შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე, რომლის ფორმა დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
8. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო პირის გარდაცვალების შესახებ ოქმს ადგენს იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ცნობილი გახდა პირის გარდაცვალების ფაქტი (მიუხედავად გარდაცვალების დროისა), რომელიც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება მოწმის ჩვენებით ან სხვა მტკიცებულებებით და კანონით დადგენილი წესით გარდაცვალების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის არ მიუმართავს არც ერთ უფლებამოსილ ორგანოს ან პირს.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 20 აპრილი.
№2952–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები