„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2986
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 10/05/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 130.030.000.05.001.004.014
  • Word
2986
27/04/2010
სსმ, 24, 10/05/2010
130.030.000.05.001.004.014
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996,  გვ. 53) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს დაზვერვის სამსახური არის საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე ხანგრძლივად მივლინებაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან.

6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) კლასიფიცირებული ინფორმაციის კონტროლისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში იქმნება საქართველოს ერთიანი კოორდინირებული რეგისტრების სისტემა, რომელიც შედგება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრისა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში, საქართველოს სხვა სამინისტროებში, სახელმწიფო მინისტრების აპარატებში, დაზვერვის სამსახურსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოქმედი ქვერეგისტრებისაგან; ქვერეგისტრები შეიძლება გაიხსნას აგრეთვე საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში. ქვერეგისტრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იქმნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო სხვა დაწესებულებებში – თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით.“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს საქართველოს ნორმატიული აქტები, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, გარდა საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, ფინანსთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, საქართველოს დაზვერვის სამსახურის და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტებისა, რომლებიც აწესრიგებს მათ შიდა საქმიანობას თავდაცვის, უშიშროებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის თვალსაზრისით.“.

3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა დამოკიდებულია მისი საიდუმლოობის ხარისხზე. „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ ინფორმაციისათვის ეს ვადა არ აღემატება 20 წელს, „სრულიად საიდუმლო“ ინფორმაციისათვის არის 10 წელი, „საიდუმლო“ ინფორმაციისათვის – 5 წელი, ხოლო „შეზღუდული სარგებლობისთვის“ ინფორმაციისათვის – 3 წელი. ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელებს, თუ ეს ინფორმაცია დაკავშირებულია კონტრდაზვერვით ან/და სადაზვერვო საქმიანობასთან და მისი განსაიდუმლოებით არსებითი ზიანი მიადგება სახელმწიფოს ინტერესებს. საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი წესით აღიარებული სახელმწიფო საიდუმლოების ვადის გაგრძელება, განსაიდუმლოება ან გრიფის შეცვლა ხდება ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოთხოვნათა გათვალისწინებით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 27 აპრილი.

№2986–