„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3489
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 26/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.004.134
  • Word
3489
21/07/2010
სსმ, 43, 26/07/2010
200.000.000.05.001.004.134
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-12 მუხლის:

ა) 26-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაკლებობა (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით). ისეთ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ჩაითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილია დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი ნაკლებობა.“;

ბ) 51-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52-ე და 53-ე ნაწილები:

„52. ვირტუალური ზონის პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას.

53. საინფორმაციო ტექნოლოგიები – კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები.“.

2. 44-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით მიმოწერის და ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. პირის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილ დეკლარაციას, განცხადებას, საჩივარს ან სხვა დოკუმენტს/წერილს, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ „საგადასახადო მოთხოვნას“, ბრძანებას, შეტყობინებას ან სხვა დოკუმენტს/წერილს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ დოკუმენტს/წერილს.“;

გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 ნაწილები:

„7. თუ ვერ ხერხდება პირისთვის წერილობითი და ელექტრონული დოკუმენტების ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარება, მაშინ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ვალდებულების დამდგენი დოკუმენტი პირისთვის ჩაბარებულად ითვლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს.“.

3. 45-ე და 46-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 45. ვალდებულებების დამდგენ ურთიერთობათა განხორციელების ფორმები

ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, წერილობითი ან/და ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის, საარქივო მასალის) სახით შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს.

    მუხლი 46. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის შეტყობინების ან სხვა დოკუმენტის გაგზავნა

1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის წერილობითი ფორმით გაგზავნილი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ სახელისა და გვარის მითითებით და დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გადასახადის გადამხდელს ან მის წარმომადგენელს უნდა ჩაჰბარდეს წერილობითი დოკუმენტის დედანი ან მისი დამოწმებული ასლი. წერილობითი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გაიგზავნა საფოსტო გზავნილით (ასეთ შემთხვევაში დოკუმენტის ჩაბარების თარიღად ითვლება ადრესატის მიერ მისი საფოსტო გზავნილით მიღების თარიღი) ან გადაეცა პირადად გადასახადის გადამხდელს ან მის უფლებამოსილ ან/და კანონიერ წარმომადგენელს.

2. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 და 472 მუხლები:

     „მუხლი 471. პირადი საგადასახადო აგენტი

1. ამ კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ისარგებლოს პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით.

2. პირადი საგადასახადო აგენტი არის საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უწევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას. პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურება არ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრას.

3. გადასახადის გადამხდელსა და პირად საგადასახადო აგენტს შორის ურთიერთობა, პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით სარგებლობის წესი და პირობები, მომსახურების ფარგლები და სახეები განისაზღვრება გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით.

    მუხლი 472. წინასწარი გადაწყვეტილება

1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია პირის მოთხოვნის საფუძველზე გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე.

2. წინასწარი გადაწყვეტილება გამოიცემა მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

3. წინასწარი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომლის მიმართაც გამოიცა იგი. ამასთანავე, წინასწარ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა გადაწყვეტილება.

4. თუ პირი მოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის დარიცხვა ან/და სანქციის დაკისრება.

5. წინასწარი გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ:

ა) მასში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა წინასწარ გადაწყვეტილებაზე, არ შეესაბამება რეალურად არსებულს;

ბ) გაუქმდა ან შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა წინასწარი გადაწყვეტილება.

6. პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნაში წარმოდგენილი ინფორმაცია განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას.

7. თუ პირი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს წინასწარ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

8. წინასწარი გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან.

9. შემოსავლების სამსახურს შეუძლია თავის მიერ გამოცემულ წინასწარ გადაწყვეტილებაში პირის მოთხოვნის საფუძველზე და დამატებითი ან შესწორებული ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში შეიტანოს ცვლილება და დამატება, თუ პირს ცვლილებისა და დამატების შეტანამდე არ გამოუყენებია გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილება იმ ოპერაციის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც გამოიცა იგი.

10. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

5. 71-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელიც ახორციელებს ელექტრონულ დეკლარირებას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და პირობებით შესაძლებელია განხორციელდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნება ან საბაჟო გადასახდელებში ჩათვლა.“.

6. 84-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს ან შეჩერდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.“.

7. 841 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს:

ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან შემოსავლების სამსახურის უფროსი, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 5 000 000 ლარს;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება აღემატება 5 000 000 ლარს.“.

8. 85-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 87-ე მუხლის მე-16 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. 89-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა რეკვიზიტები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (პირადი ნომერი); სხვა პირის შემთხვევაში – პირის სრული სახელწოდება, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი);“.

12. 971 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი:

„51. პირი ვალდებულია საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს საქონლის/მომსახურების მიწოდებისას მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება.“.

13. 99-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმებისა.“.

14. 122-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სახელწოდებისა, მისამართისა და საიდენტიფიკაციო ნომრისა.

2. საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემთა საიდუმლოება, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მას უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს – მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;

ბ) სამართალდამცავ ორგანოებს – ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

გ) სასამართლოს – სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით;

დ) სხვა სახელმწიფოთა საგადასახადო ორგანოებს – საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად;

ე) აღმასრულებელს – „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში;

ვ) საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს) – საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრების ერთობლივი ბრძანების შესაბამისად;

ზ) საქართველოს კონტროლის პალატას – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.“;

ბ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად ითვლება საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის, მოწვეული სპეციალისტის ან/და ექსპერტის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებისას გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ინფორმაციის პირადი მიზნებისათვის გამოყენება ან სხვა პირისთვის გადაცემა.

6. ეს მუხლი არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჯარო შეტყობინების მიმართ.“.

15. 126-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადასახადო სანქციები გამოიყენება საურავის, ფულადი ჯარიმისა და გაფრთხილების სახით, ამ კოდექსის XVIII თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

16. 1281 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1281. საგადასახადო შეთანხმების არსი

1. გადასახადის გადამხდელისთვის გადასახადების ან/და სანქციების შემცირების მიზნით შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გადამხდელის მიერ განცხადების შემოტანის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანების ოდენობის ფარგლებში, მათ შორის, დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ საგადასახადო პერიოდზე (პერიოდებზე) და გადასახადების/სანქციების სახეებზე მითითებით.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების მიზნით შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გადამხდელის მიერ აღნიშნულ საგადასახადო პერიოდზე (პერიოდებზე) და გადასახადების სახეებზე მითითებით.

3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ საგადასახადო ვალდებულებაზე, რომელზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე ამ კოდექსის 139-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე.“.

17. 1282 მუხლის:

ა) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დაუ­შვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე ან/და შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადების) სახეებზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით ვალდებულებების დაზუსტება, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა).“;

ბ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 ნაწილები:

„81. საგადასახადო ვალდებულებების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დაუ­შვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე (პერიოდებზე) ან/და შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადების) სახეებზე გადასახადის გადამხდე­ლის მიერ საგადასახადო დეკლარაციით ვალ­დე­ბულებების დაზუსტება. დამატებით დარიცხული გადასახადების ან/და დაკისრებული სანქციების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დაუშვებელია დამატებით დარიცხვის საფუძვლებში (მათ შორის, შემოწმების აქტში ან/და სხვა დოკუმენტში) მითითებულ პერიოდზე (პერიოდებზე) და გადასახადის (გადასახადების) სახეებზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადა­სახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულე­ბების შეუსრულებლობის შემთხვევისა).

82. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების მიზანშეწონილობის/მიზანშეუწონლობის თაობაზე.“.

18. 139-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 139. საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა

1. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა –

იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 10 000 ლარის ოდენობით.

3. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა –

იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 2 500 ლარის ოდენობით.

5. ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება –

იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას ფაქტობრივად გადახდილ თანხასა და ჩეკში აღნიშნულ თანხას შორის დაფიქსირებული სხვაობის ასმაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 200 ლარისა.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 2 500 ლარის ოდენობით.

7. საკონტროლო-სალარო აპარატზე საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის განზრახ მოხსნა ან საკონტროლო-სალარო აპარატის იმგვარად გამოყენება, რომ შესაძლებელი გახდა მის ფისკალურ მეხსიერებაში შეღწევა ან ამ მეხსიერებაზე სხვაგვარი ზემოქმედება, –

იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

8. ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების საგადასახადო ორგანოს ლუქების გარეშე ან დაზიანებული ლუქით მუშაობა –

იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

9. ამ მუხლის მე-7 ან მე-8 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

10. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, –

იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში, –

იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.

12. პირი თავისუფლდება ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმისაგან, თუ მან საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანების თაობაზე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით გაუგზავნა შეტყობინება საგადასახადო ორგანოს დაზიანების დაფიქსირებიდან გონივრულ ვადაში.

13. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაადგინოს ფულადი ჯარიმის განსხვავებული ოდენობები, მაგრამ არანაკლებ ამ მუხლის პირველი–მე-11 ნაწილებით დადგენილი ჯარიმების 5 პროცენტისა.

14. საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანო/პირი უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად პირის მიმართ გამოიყენოს გაფრთხილება.

15. ამ მუხლის მიზნებისათვის საგადასახადო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

16. ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ პირმა ამავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.“.

19. 143-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხავი საქონლის გამოვლენა –

იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ საქონლის საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობით.“;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით განსაზღვრული დანაკლისის გამოვლენა –

იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ საქონლის საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით (მასზე გაწეული ხარჯისა და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების გარეშე). ამასთანავე, სამართალდამრღვევ პირს გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით შემდგომ პერიოდში საგადასახადო ვალდებულება აღარ დაეკისრება.“;

გ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:

„9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია არ გამოიყენება, თუ გადასახადის გადამხდელმა დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე.“.

20. 1431 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1431. ქრონომეტრაჟის შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ ბრუნვის შემცირება

1. თუ მომსახურების გაწევის ობიექტზე ქრონომეტრაჟით გამოვლენილი 7 უწყვეტი კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვასა (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა 7 უწყვეტი კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვას (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) შორის სხვაობა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას, რომელიც არ შეიძლება იყოს 10 პროცენტზე ნაკლები, პირი ჯარიმდება ქრონომეტრაჟით გამოვლენილი 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვასა (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვას (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) შორის სხვაობის ოცმაგი ოდენობით.

2. თუ მომსახურების გაწევის ობიექტზე ქრონომეტრაჟით გამოვლენილი 7 კალენდარული დღის ჯამური ბრუნვა (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) შეადგენს არა უმეტეს 25 000 ლარს, პირისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.

3. მომსახურების გაწევის ობიექტზე ქრონომეტრაჟის მიმდინარეობისას პირის მიერ მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევაზე დაუსაბუთებლად უარის თქმა ან/და მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით –

იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“.

21. 146-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებზე საგადასახადო დავის განახლება ან/და აღიარებული „საგადასახადო მოთხოვნის“ გადახედვა შეიძლება მხოლოდ ახლად გამოვლენილი გარემოებებისა და ფაქტების წარმოდგენის შემთხვევაში. საგადასახადო დავა დაიწყება/განახლდება, თუ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ მისთვის ხელსაყრელი გარემოებების ან ფაქტების წარმოუდგენლობა მისი ბრალით არ მომხდარა.“.

22. 168-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) ვირტუალური ზონის ფიზიკური პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიწოდებით მიღებული შემოსავალი.“.

23. 172-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:

„ტ) ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიწოდებით მიღებული მოგება.“.

24. 199-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:

„9. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია შემოსავლები და ხარჯები აღრიცხოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

25. 208-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7–მე-10 ნაწილები:

„7. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით ფიზიკურად გადაამოწმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

9. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

10. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღრიცხოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

26. 220-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არარეზიდენტი (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა), რომელიც ეწევა მომსახურებას საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და მუდმივი დაწესებულების გარეშე, დღგ-ის გადამხდელად ითვლება ამ მომსახურებაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას ამ კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად.“.

27. 221-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დღგ-ის გადამხდელად არარეზიდენტის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით, მისი დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება მხოლოდ საქართველოში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა.“.

28. 223-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 223. რეგისტრაცია

საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირი გაატაროს დღგ-ის გადამხდელთა რეესტრში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

29. 225-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში;“.

30. 230-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901, 4902, 4903 00 000 00 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, ნოტების) მიწოდება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), იმპორტი, რეალიზაციის მომსახურების, ბეჭდვის მომსახურების ან/და ჟურნალ-გაზეთების მიერ სარეკლამო მომსახურების გაწევა; საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4820 20 000 00 კოდში მითითებული საქონლის (რვეულების) მიწოდება; საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4801, 4802 55 და 4810 22 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი; ელექტრონული მატარებლის (დისკის) საშუალებით სალექციო კურსის მიწოდება, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათისაა და რომლის წიგნად გამოცემაც შესაძლებელია;“;

ბ) „ჰ9“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ10“ და „ჰ11“ ქვეპუნქტები:

„ჰ10) ვირტუალური ზონის პირის მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების, როგორც აქტივის, მიწოდება;

11) ვირტუალური ზონის პირის მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების, როგორც მომსახურების, მიწოდება.“.

31. 241-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. თუ საგადასახადო აგენტს საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული მომსახურების ან/და საქონლის პროდუქტი (საპროექტო დოკუმენტაცია, ტექნიკური დოკუმენტაცია, ტექნოლოგიური სქემა, პროგრამა და ა. შ.) მიეწოდება ინტერნეტით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით და, შესაბამისად, ის არ კვეთს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარს ინტეგრირებული სქემის ან ინფორმაციის სხვა მატარებლის საშუალებით, მაშინ ასეთი მიწოდებისათვის გასაცემი თანხა იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად.“.

32. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2441 მუხლი:

     „მუხლი 2441. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესი

1. პირს, რომლის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა გადააჭარბებს 200 000 ლარს, უფლება აქვს, გადავიდეს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის დაბეგვრის ობიექტად არ განიხილება საქონლის იმპორტი. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის იმპორტის საანგარიშო პერიოდის მიხედვით პირმა დასაბეგრი იმპორტის მიხედვით განსაზღვრულ საქონელზე მიიღო ჩათვლა.

3. თუ პირი წერილობით არ მიმართავს საგადასახადო ორგანოს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლის სურვილის არარსებობის თაობაზე, მაშინ იგი იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასულად ითვლება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

4. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესი ავტომატურად არ ვრცელდება რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ საწარმოზე.

5. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

33. 247-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდისა გამოწერილი არ არის დღგ-ის გადამხდელის (გამყიდველის) მიერ ან მყიდველის (ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში.“;

ბ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 ნაწილები:

„8. ამ მუხლის მე-5–მე-7 ნაწილებით განსაზღვრული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გადაანგარიშება ან/და გაუქმება სავალდებულო არ არის, თუ გათავისუფლებული ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია.

9. ამ კოდექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად საქონლის ჩამოწერის შემთხვევაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უქმდება.“.

34. 248-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაუშვებელია საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ არასწორად შევსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა. ასეთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შემდგომი გატანისას, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეულ მომსახურებაზე, რომელზედაც საქართველოს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით საფასური განსაზღვრულია დღგ-ის ჩათვლით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად ითვლება მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

35. 253-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას.“.

36. 255-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევა.“.

37. 256-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 256. აქციზით დასაბეგრი ოპერაციისა და იმპორტის მოცულობის (თანხის) განსაზღვრა

1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციისა და იმპორტის მოცულობა (თანხა) განისაზღვრება:

ა) საქართველოში წარმოებული საქონლისათვის (გარდა ამ ნაწილის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქონლისა) – იმ თანხის მიხედვით, რომელიც უნდა მიეღო ან მიიღო გადასახადის გადამხდელმა დამკვეთისაგან ან სხვა პირისაგან, აქციზისა და დღგ-ის გარეშე, მაგრამ არანაკლებ საქონლის საბითუმო საბაზრო ფასისა, აქციზისა და დღგ-ის გარეშე. გადასახადის გადამხდელის მიერ საცალო საბაზრო ფასით გაყიდული საქონლისათვის აქციზით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საბითუმო საბაზრო ფასის მიხედვით, აქციზისა და დღგ-ის გარეშე;

ბ) საქართველოში იმპორტირებული საქონლისათვის (გარდა ამ ნაწილის „დ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლისა) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულებისა და საქართველოში საქონლის იმპორტისას გადასახდელი გადასახადებისა და მოსაკრებლების თანხების (აქციზისა და დღგ-ის გარეშე) ჯამით;

გ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისათვის – ჯართის წონით;

დ) ალკოჰოლური სასმელებისათვის – ალკოჰოლური სასმელების მოცულობით;

ე) თამბაქოს ნაწარმისათვის – თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით;

ვ) ნავთობპროდუქტებისათვის – ნავთობპროდუქტების წონით (მოცულობით);

ზ) მსუბუქი ავტომობილისათვის – მსუბუქი ავტომობილის წლოვანებითა და ძრავის მოცულობით;

თ) ბუნებრივი აიროვანი კონდენსატისათვის ან/და ბუნებრივი აირისათვის – აირის მოცულობით;

ი) მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევისათვის – მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით), აქციზის, დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე.

2. საერთაშორისო მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევისას აქციზით დასაბეგრი ოპერაციის თანხაში არ გაითვალისწინება არარეზიდენტი საწარმოსთვის გაწეული ასეთი მომსახურებიდან მიღებული თანხა.“.

38. 257-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება მომსახურების გაწევის მომენტი.“.

39. 258-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 258. აქციზის განაკვეთები

1. ამ ნაწილში აღნიშნული აქციზური საქონელი იბეგრება შემდეგი განაკვეთებით:

 

საქონლის დასახელება

საქონლის ნომენკლატურის კოდი

ზომის ერთეული

აქციზის განაკვეთი (ლარი)

1

სხვა დადუღებული სასმელები (ვაშლის სიდრი, პერი, თაფლის სასმელი); დადუღებული სასმელების ნარევი და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევი, რომლებიც ამ ცხრილში სხვა ადგილას არ არის დასახელებული

2206 00

1 ლიტრი

2.5

2

ეთილის სპირტი

2207

1 ლიტრი

2.6

3

სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით

2208 20

1 ლიტრი

4.6

4

ვისკი

2208 30

1 ლიტრი

5

5

რომი და ტაფია

2208 40

1 ლიტრი

5

6

ჯინი და ღვიის ნაყენი

2208 50

1 ლიტრი

5

7

არაყი

2208 60

1 ლიტრი

3

8

ლიქიორი და ტკბილი ნაყენი

2208 70

1 ლიტრი

4.6

9

სხვა სპირტიანი სასმელები

2208 90

1 ლიტრი

5

10

ლუდი

2203 00

1 ლიტრი

0.4

11

 

 

 

 

 

თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა)

 

 

 

– სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით

2402 10 000 01

1 ღერი

0.9

– სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით

2402 10 000 02

20 ღერი

1

ფილტრიანი სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით

2402 20

20 ღერი

0.6

– ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი

2402 20

20 ღერი

0.15

– სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები, თამბაქოს ექსტრაქტები და ესენციები

2403 (გარდა 2403 10 900 00, 2403 99 900 00, 2403 91 000 00)

1კგ

20

12

მსუბუქი ავტომობილები (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით):

8703

ძრავის მოცულობის 1 სმ3

 

ა) 1 წლამდე

 

 

1.5

ბ) 1 წლის

 

 

1.5

გ) 2 წლის

 

 

1.4

დ) 3 წლის

 

 

1.3

ე) 4 წლის

 

 

1.2

ვ) 5 წლის

 

 

1.0

ზ) 6 წლის

 

 

0.7

თ) 7 წლის

 

 

0.5

ი) 8 წლის

 

 

0.5

კ) 9 წლის

 

 

0.5

ლ) 10 წლის

 

 

0.5

მ) 11 წლის

 

 

0.5

ნ) 12 წლის

 

 

0.5

ო) 13 წლის

 

 

0.6

პ) 14 წლის

 

 

0.7

ჟ) 14 წელზე მეტის

 

 

0.8

13

ბუნებრივი აიროვანი კონდენსატი და ბუნებრივი აირი, გარდა მილსადენისა

2709 00 100 00; 2711 11 000 00; 2711 21 000 00

1000 მ3

80

14

ნავთობის დისტილატები:

 

 

 

 

მსუბუქი

2710 11

1 ტონა

250

 

საშუალო

2710 19 110 00 – 2710 19 290 00

1 ტონა

220

 

მძიმე

2710 19 310 00 – 2710 19 490 00

1 ტონა

150

15

ზეთები და ქვანახშირის ფისებისაგან მაღალ ტემპერატურაზე გამოხდილი სხვა პროდუქტები; ანალოგიური პროდუქტები, რომლებშიც არომატული შემადგენელი ნაწილების მასა აღემატება არაარომატულების მასას (გარდა ამ კოდებში აღნიშნული კრეოზოტული ზეთებისა, რომლებიც გამოიყენება ხის შპალების (სასაქონლო კოდი 4406 10 000 00) გასაჟღენთად და ნახშირბადის (სასაქონლო კოდი 2803 00) მისაღებად)

2707 (გარდა 2707 10 100 00 – 2707 50 900 00, 2707 91 000 00, 2707 99 800 00, 2707 99 910 00)

1 ტონა

350

16

ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები

2711 12;

2711 13;

2711 14 000 00

1 ტონა

120

17

ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მიღებული ბიტუმოვანი ქანებისაგან, ნედლის გარდა; პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი, ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული ნავთობის ან ნავთობპროდუქტების 70 მას.% ან მეტი შემცველობით, ამასთანავე, ეს ნავთობი წარმოადგენს პროდუქტების ძირითად შემადგენლებს

2710 (გარდა 2710 11 110 00 – 2710 19 490 00, 2710 19 510 00 – 2710 19 690 00 და 2710 99 000 00)

1 ტონა

400

18

პიროლიზის თხევადი პროდუქტი

3911 90

1 ტონა

400

19

მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი

2707 10 100 00 – 2707 50 900 00 (გარდა 2707 40 000 00); 2707 99 800 00; 271220; 2902 11 100 00 – 2902 30 900 00; 2905 11 000 00 – 2905 16 800 00; 3811 11 100 00 – 3811 90 000 00; 3814 00 100 00 – 3814 00 900 00

1 ტონა

400

20

საპოხი მასალები და საშუალებები

3403 11 000 00; 3403 19 100 00; 3403 19 910 00; 3403 19 990 00; 3403 91 000 00; 3403 99 100 00; 3403 99 900 00

1 ტონა

400

21

ნამუშევარი ნავთობპროდუქტები – ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკსაცავების) ნარეცხი

2710 99 000 00

1 ტონა

50

ნამუშევარი ნავთობპროდუქტები დანარჩენი

2710 99 000 00

1 ტონა

400

 

2. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი იბეგრება 120 ლარით ერთ ტონაზე.“.

40. 258-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები:

„3. მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ოპერაციის თანხის 10 პროცენტს.

4. მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევი პირისთვის დასაბეგრი ბრუნვა არის საანგარიშო პერიოდში გაწეული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების თანხების ჯამი.“.

41. 260-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აქციზის ჩათვლა“;

ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 ნაწილები:

„6. მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევი პირისთვის აქციზის ჩათვლა არის დარიცხული აქციზის თანხის შემცირების უფლება, რომელიც ხორციელდება დარიცხული აქციზის თანხიდან მომსახურებაზე გადახდილი აქციზის თანხის გამოქვითვით.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული აქციზის ჩასათვლელი თანხა არის აქციზის თანხა, რომელიც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადახდილია ან გადასახდელია მხოლოდ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიღებისას, როდესაც მომსახურების მიმღები არ არის ბოლო მომხმარებელი.“.

42. 265-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკალტურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები.“.

43. 2705 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი:

„ღ) ვირტუალური ზონის პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია საინფორმაციო ტექნოლოგიური საქმიანობისათვის.“.

44. 273-ე მუხლის 13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, თუ იგი თავის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და მას აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდი-ტირებული ფინანსური ანგარიშგება;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.“.

45. 281-ე მუხლის:

ა) 42-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) 57-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 58-ე–მე-60 ნაწილები:

„58. 2010 წლის 1 აგვისტომდე გაცემული აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლით განხორციელებული დასაბეგრი ოპერაცია ან დასაბეგრი იმპორტი, მისი განხორციელების თარიღის მიუხედავად, დაიბეგრება ამ კოდექსის 258-ე მუხლით განსაზღვრული, 2010 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი აქციზის განაკვეთებით.

59. 2010 წლის 1 აგვისტოსთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის რიცხული სანქცია ჩამოეწეროთ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც ამ მუხლის 21-ე ნაწილით შეუწყდათ საგადასახადო ვალდებულებები 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის მიწის ნაკვეთების მიხედვით გაანგარიშებული ქონების გადასახადის ვადაგადაცილებული დავალიანების თანხებზე. საგადასახადო ორგანოებმა მისი ჩამოწერა განახორციელონ გადასახადის გადამხდელის პირად ბარათზე ასახვით, ამ კოდექსის 92-ე მუხლის გაუთვალისწინებლად. აღნიშნული განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

60. ამ კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2010 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.“.

46. 282-ე მუხლის:

ა) 22 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) 23 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24 და 25 ნაწილები:

„24. ამ კოდექსის 273-ე მუხლის 13 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2009 წლის და მის შემდგომ საგადასახადო პერიოდებზე.

25. ამ კოდექსის 2441 მუხლი ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე, მე-40 ნაწილებისა და 41-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე, მე-40 ნაწილები და 41-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3489–რს