საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3140
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 31/05/2006
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.002.256
  • Word
3140
25/05/2006
სსმ, 18, 31/05/2006
040.000.000.05.001.002.256
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 28-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კავშირის (ასოციაციის), ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციას მისი ადგილმდებარეობის მიხედვით ახორციელებს შესაბამისი საგადასახადო ორგანო.

4. უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციას მისი ადგილმდებარეობის მიხედვით ახორციელებს შესაბამისი საგადასახადო ორგანო.“;

ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საგადასახადო ორგანომ გადაწყვეტილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის შესახებ უნდა მიიღოს განცხადების შეტანიდან 3 სამუშაო დღეში. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ფილიალი (წარმომადგენლობა) რეგისტრირებულად ჩაითვლება.“.

2. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. კავშირისა და ფონდის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია

1. კავშირისა და ფონდის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო კავშირისა და ფონდის ადგილმდებარეობის მიხედვით.

2. კავშირისა და ფონდის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება სახელმწიფო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით, საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებით, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გაცემის საფუძველზე.

3. კავშირისა და ფონდის სახელმწიფო რეგისტრაციის ერთიან რეესტრს აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.

4. კავშირისა და ფონდის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის წარსადგენი განცხადების ფორმა, კავშირისა და ფონდის სახელმწიფო რეგისტრაციის რეესტრის წარმოების წესი, რეესტრის ფორმულარი, რეესტრის ამონაწერის ფორმა და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

5. კავშირისა და ფონდის სახელმწიფო რეგისტრაციის რეესტრს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი აქვეყნებს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა.

6. რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინ, როცა წესდება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და რეგისტრაციისათვის წარდგენილი იურიდიული პირის მიზნები არ ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. ფონდის შემთხვევაში ქონება უნდა მიესადაგებოდეს დასახულ მიზნებს.

7. კავშირისა და ფონდის რეგისტრაციისათვის აუცილებელია ყველა დამფუძნებლისა და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება და წესდება, რომლებიც წარედგინება სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ საგადასახადო ორგანოს კავშირისა და ფონდის ადგილმდებარეობის მიხედვით.

8. კავშირისა და ფონდის რეგისტრაციისათვის „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადაიხდება სარეგისტრაციო მოსაკრებელი.

9. სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელმა საგადასახადო ორგანომ გადაწყვეტილება კავშირისა და ფონდის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ უნდა მიიღოს განცხადების შეტანიდან 3 სამუშაო დღეში. თუ ამ ვადაში სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია არ განხორციელდა ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობა მოტივირებული უარის შესახებ, კავშირი და ფონდი რეგისტრირებულად ჩაითვლება. საგადასახადო ორგანო ვალდებულია, რეგისტრირებულ კავშირსა და ფონდს მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და დაუყოვნებლივ გასცეს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.

10. კავშირისა და ფონდისათვის გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. რეგისტრაციაზე უარი უნდა იყოს დასაბუთებული და ითვალისწინებდეს გასაჩივრების შესაძლებლობასა და წესს. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

3. 34-ე და 35-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 34. ცვლილებების რეგისტრაცია

ცვლილებები, რომლებიც რეგისტრაციას საჭიროებს, გამგეობამ დაუყოვნებლივ, სანოტარო წესით დამოწმებული ფორმით უნდა წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს. ისინი შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება.

    მუხლი 35. კავშირისა და ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. კავშირის ან ფონდის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. თუ კავშირი ან ფონდი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, ან თუ მისი წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება შეუძლებელი ხდება, საგადასახადო ორგანოს ან/და დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე სასამართლო განიხილავს და წყვეტს კავშირის ან ფონდის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის საკითხს.

3. სასამართლოს მიერ კავშირის ან ფონდის საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელმა საგადასახადო ორგანომ უნდა გააუქმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის 15111 მუხლით გათვალისწინებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.“.

4. 39-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირები შეიძლება განისაზღვროს წესდებით. სასამართლო დარჩენილ ქონებას შესაბამისად გადასცემს ერთ ან რამდენიმე კავშირს ან ფონდს, რომლებიც ემსახურებიან იმავე ან მსგავს მიზნებს, რომლებსაც ემსახურებოდა ლიკვიდირებული კავშირი ან ფონდი. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის ან სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა. განსაკუთრებული გარემოების არსებობისას კავშირის ან ფონდის ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამის სასამართლოს შეუძლია სხვა ლიკვიდატორების დანიშვნა. ლიკვიდატორები პასუხს აგებენ, როგორც გამგეობის წევრები.“.

5. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 46. ფონდი დესტინატერებისათვის

ამ კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა, ფონდის მიზანი შეიძლება იყოს აგრეთვე განსაზღვრული პირების ან პირთა კონკრეტულად განსაზღვრული წრეების მხარდაჭერა. ყველა პირს, რომელთაც უფლება აქვთ, მიიღონ წილი ფონდის ქონებიდან (დესტინატერები), გამგეობის ყველა წევრის თანხმობით შეუძლია ფონდის გაუქმება ან ფონდის მიზნის შეცვლა, თუ ამას ეთანხმება შესაბამისი სასამართლო ფონდის ადგილმდებარეობის მიხედვით. ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება ნაწილდება დესტინატერებს შორის.“.

6. 48-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო აკონტროლებს, რომ ფონდის მმართველობა ხორციელდებოდეს კანონისა და წესდების შესაბამისად. საგადასახადო ორგანოს შეუძლია ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ და შეამოწმოს მისი დოკუმენტაცია.“.

7. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 49. ფონდის მიზნის შეცვლა

თუ დესტინატერების გარეშე ფონდში შეუძლებელია დასახული მიზნის მიღწევა, ან არსებობს სხვა საფუძველი ფონდის ლიკვიდაციისათვის, სასამართლოს შეუძლია, თუ წესდებაში არაფერია ნათქვამი ამის შესახებ, ლიკვიდაციის ნაცვლად მოითხოვოს მიზნის შეცვლა ან განახორციელოს სხვა ფონდებთან შერწყმა თავდაპირველ მიზანთან მსგავსების შენარჩუნებით. თუ ცოცხალია ერთი დამფუძნებელი მაინც, საჭიროა მისი თანხმობა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3140-Iს