საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ევროპის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების ფორუმში (EFOG)

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ევროპის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების ფორუმში (EFOG).

ფორუმს  მასპინძლობდა გერმანიის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრო. საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს ფორუმზე წარმოადგენდა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში ფორუმში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების თანამედროვე გამოწვევებსა და სამომავლო შესაძლებლობებზე, კერძოდ, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის კანონმდებლობა. განხილულ იქნა აგრეთვე ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული რისკები, როგორიცაა მონაცემთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა, ასევე მათი ხარისხი და სანდოობა. ფორუმის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ელექტრონული ჩართულობა უკეთესი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. თუმცა აქვე ხაზი გაესვა რისკებსაც, რომლებიც დაკავშირებულია სოციალური მედიის გავლენასთან.

განხილულ იქნა ასევე სამართალშემოქმედებითი პროცესის გამარტივების შესაძლებლობები დიგიტალიზაციის გზით გერმანიის ფედერაციისა და საფრანგეთის მაგალითებზე.

ევროპის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების ფორუმი ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების 40-მდე ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს აერთიანებს. ფორუმი 2004 წელს შეიქმნა და უკვე 2005 წლიდან მასში მონაწილეობას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიც იღებენ, რაც შესაბამისი დარგობრივი ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების ევროპულ ფორუმს (EFOG) ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი ქვეყნის სტატუსით 2023 წელს შეუერთდა.