ON THE REDUCTION OF FOOD LOSSES AND FOOD WASTE AND FOOD DONATION

ON THE REDUCTION OF FOOD LOSSES AND FOOD WASTE AND FOOD DONATION
Document number 3548-XIIIმს-Xმპ
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 04/10/2023
Document type Law of Georgia
Source and date of publishing Website, 24/10/2023
Registration code 340140000.05.001.021075
Consolidated publications
3548-XIIIმს-Xმპ
04/10/2023
Website, 24/10/2023
340140000.05.001.021075
ON THE REDUCTION OF FOOD LOSSES AND FOOD WASTE AND FOOD DONATION
Parliament of Georgia

Consolidated version (final)

 

საქართველოს კანონი

 

 

სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების წარმოშობის პრევენციასთან, შემცირებასთან, სურსათის ნარჩენების დაგროვების მართვასთან, სურსათის შეწირულებასა და გადანაწილებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2. ამ კანონის მიზნებისთვის:

ა) სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნებით;

ბ) სურსათის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონითა და ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილი წესებით.

3. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების წარმოშობის პრევენციის, შემცირების, სურსათის ნარჩენების დაგროვების მართვის, სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ამ კანონისგან, ნარჩენების მართვის კოდექსისგან, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისგან.

მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები

1. ამ კანონის მიზანია სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყოველ ეტაპზე სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების წარმოშობის პრევენცია, შემცირება და სურსათის შეწირულების, აღდგენისა და გადანაწილების წახალისება.

2.  ეს კანონი უზრუნველყოფს სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირებისა და სურსათის გადანაწილების ხელშეწყობისთვის სათანადო პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებას.

3. ამ კანონის ამოცანებია:

ა) ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება;

ბ) ჭარბი სურსათის ბენეფიციარებისთვის გადაცემის (მიწოდების) წახალისება და მათთვის უვნებელი სურსათის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) ჭარბი სურსათის შეწირულების, გადანაწილებისა და გამოყენების ხელშეწყობა;

დ) სურსათის ნარჩენებით გამოწვეული გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება და შეზღუდვა;

ე)  სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირებისთვის სათანადო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ვ) უპირატესად სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების რისკის წინაშე მყოფი ჯგუფების საკმარისი და სრულფასოვანი სურსათით უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ზ)  სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეთა ცნობიერების ასამაღლებლად სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათი ხელშეწყობისთვის წამახალისებელი ზომების მიღება და შესაბამისი პროგრამების განხორციელება.

საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №439 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სურსათი − სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული სურსათი;

ბ) ნარჩენი − ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული ნარჩენი;

გ) სურსათის ნარჩენები − სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის ქმედების შედეგად სურსათის მიწოდების ჯაჭვის გარკვეულ ეტაპზე დარჩენილი სურსათი, რომელიც ნარჩენად იქცევა;

დ) სურსათის დანაკარგები − სურსათის რაოდენობის ან ხარისხის შემცირება, რაც გამოწვეულია სურსათის მიწოდების ჯაჭვში  მიმწოდებლის გადაწყვეტილებითა და ქმედებით, გარდა საცალო ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების ობიექტის ბიზნესოპერატორის ან მომხმარებლის გადაწყვეტილებისა და ქმედებისა;

ე) ჭარბი სურსათი − უვნებელი სურსათი, რომელიც სათანადო ზომების გამოყენების გარეშე ნარჩენად ან დანაკარგად იქცევა;

ვ) სურსათის მიწოდების ჯაჭვი − სურსათის მიწოდების სრული ციკლი, რომელიც მოიცავს სურსათის მიწოდების ყველა ეტაპს მისი წარმოებიდან ბენეფიციარის მიერ მის მიღებამდე;

ზ) სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილე − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც სურსათის მიწოდების ჯაჭვში მონაწილეობს;

თ) სურსათის შეწირულება − სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის/სურსათის ბანკისთვის ან უშუალოდ ბენეფიციარისთვის სურსათის უსასყიდლოდ გადაცემა;

ი) სურსათის გადანაწილება − სურსათის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული პროცესი, რომელიც მოიცავს სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ შეწირულების სახით გაცემული ჭარბი სურსათის შეგროვებას, შენახვას, აღდგენასა და გადანაწილებას;

კ) სურსათის აღდგენა − პროცესი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სურსათის ფიზიკურ დათვალიერებას, ორგანოლეპტიკურ შეფასებას, დახარისხებას, დაფასოებას და ნებისმიერ სხვა პროცედურას, რომლის განხორციელების შემდეგაც შესაძლებელია სურსათი გადანაწილდეს და დანიშნულებისამებრ იქნეს გამოყენებული;

ლ)  სურსათით საქველმოქმედო საქმიანობა − ამ კანონით დადგენილი წესით ავტორიზებული საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც გულისხმობს სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის შეწირულებასა და გადანაწილებას;

მ) სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სურსათით საქველმოქმედო საქმიანობას;

ნ) ბიზნესოპერატორი − სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ბიზნესოპერატორი;

ო) ბენეფიციარი − პირი, რომელიც იღებს შეწირულების სახით გადაცემულ სურსათს (საბოლოო მომხმარებელი);

პ) სასურსათო უსაფრთხოება − უვნებელი და ყუათიანი სურსათის საკმარისი რაოდენობისა და საიმედო ხელმისაწვდომობის არსებობა;

ჟ) სურსათის რეციკლირება − სურსათის ხელახალი გამოყენების მიზნით გადამუშავება;

რ) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

თავი II. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების მართვის ღონისძიებები

მუხლი 4. სურსათის ნარჩენების მართვის იერარქია

1. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების მართვა ხორციელდება ნარჩენების მართვის კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული ნარჩენების მართვის იერარქიის ზოგადი პრინციპების თანახმად, ამ კანონითა და მის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. სურსათის ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპებით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

ა) სურსათის მიწოდების ჯაჭვის თითოეულ ეტაპზე სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების წარმოშობის პრევენცია;

ბ) ჭარბი სურსათის შეწირულება, აღდგენა და გადანაწილება სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესაბამისად;

გ) ჭარბი სურსათის ცხოველის საკვებად გამოყენება ან სხვა, სასურსათო ან არასასურსათო დანიშნულების პროდუქტად გადამუშავება;

დ) ჭარბი სურსათის რეციკლირება;

ე) ჭარბი სურსათის ენერგიის გამომუშავების მიზნით გამოყენება;

ვ) სურსათის ნარჩენების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად განთავსება.

თავი III. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების პოლიტიკა და მისი განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ორგანოები

მუხლი 5. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების პოლიტიკა

1. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების პოლიტიკა მოიცავს სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების წარმოშობის პრევენციას, შემცირებასა და მართვას, სურსათის შეწირულებასა და გადანაწილებას.

2. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების პოლიტიკას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და სამინისტრო.

3. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების, ჭარბი სურსათის შეწირულებისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი მარეგულირებელი ნორმების შემუშავებას და საგადასახადო გარემოს ჩამოყალიბებას, აგრეთვე სურსათის შეწირულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სათანადო წამახალისებელი ზომების მიღებას და შესაბამისი პროგრამების დანერგვას, ჭარბი სურსათის გამოყენების, მართვისა და გადანაწილების თაობაზე წინადადებების შემუშავებას.

მუხლი 6. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების პოლიტიკის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ორგანოები

 1. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების პოლიტიკის განხორციელებისთვის საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელი არიან სამინისტრო და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო).

2. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების მართვის სფეროში სამინისტროს აქვს შემდეგი უფლებამოსილებები:

ა)  სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების მართვის მიზნით სათანადო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება;

ბ) სურსათის მიწოდების ჯაჭვში საჯარო და კერძო პარტნიორობის დანერგვის ხელშეწყობა;

გ)  ჭარბი სურსათის შეწირულებასთან, გადამუშავებასთან, შენახვასა და გადანაწილებასთან დაკავშირებული ინკლუზიური და სათანადო სამართლებრივი აქტების შემუშავება ან/და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ე) სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ვ) სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფციის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ზ) სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების მონაცემთა ბაზის შექმნის უზრუნველყოფა;

თ) სურსათის ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპების შემუშავება და განხორციელება, აგრეთვე სურსათის დანაკარგების შესამცირებლად წამახალისებელი სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ი) სურსათის შეწირულების მართვის უზრუნველსაყოფად სახელმძღვანელო პრინციპების, მეთოდური მითითებების, რეკომენდაციების ან სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება;

კ) სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირებასა და სურსათის შეწირულებასთან დაკავშირებით ინოვაციური პროექტებისა და წინადადებების მომზადება;

ლ) სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შესამცირებლად სამეცნიერო კვლევების, უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მხარდაჭერა, განსაკუთრებით − სურსათის ვარგისობის ვადებთან დაკავშირებით;

მ)  სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეთა ცნობიერების ასამაღლებლად სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათი ხელშეწყობისთვის წამახალისებელი ზომების მიღება და შესაბამისი პროგრამების განხორციელება.

3. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების მართვის სფეროში სააგენტო ვალდებულია:

ა) განახორციელოს სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაცია და აწარმოოს სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების მონაცემთა ბაზა;

ბ) განახორციელოს სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის სახელმწიფო კონტროლი.

4. მუნიციპალიტეტი ვალდებულია მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაში ასახოს ამ კანონით გათვალისწინებული სურსათის ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპები.

საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №439 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.

თავი IV. სურსათის შეწირულება და გადანაწილება

მუხლი 7. სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესების მინიმალური სტანდარტი

1.  ჭარბი სურსათის შეწირულება და გადანაწილება ხორციელდება ამ კანონისა და სურსათის შეწირულების, აღდგენისა და გადანაწილების პროცედურების შესაბამისად, სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების სოციალური განზომილების გათვალისწინებით.

2. სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეს უფლება აქვს, სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს ან უშუალოდ ბენეფიციარს გადასცეს ჭარბი სურსათი შეწირულების სახით, თუ სურსათი ვარგისია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.

3. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს უფლება აქვს, მიიღოს ჭარბი სურსათი შეწირულების სახით, აღადგინოს ის და გადაუნაწილოს სხვა სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციებს/სურსათის ბანკებს ან მიაწოდოს უშუალოდ ბენეფიციარს, თუ სურსათი ვარგისია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.

4. სურსათის შეწირულება შეიძლება განხორციელდეს სურსათის ვარგისობის მინიმალური ვადის − „უმჯობესია გამოყენებულ იქნეს ...-მდე“ − გასვლის შემდეგ, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.

5. სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების სფეროში მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი.

საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №439 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.

მუხლი 8. სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესი

1. სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესი არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესი, რომელიც სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად არეგულირებს სურსათის შეწირულებასთან, აღდგენასა და გადანაწილებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ეს წესი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესების მინიმალურ სტანდარტს.

2. სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესი ადგენს:

ა) სურსათის უვნებლობის სპეციფიკურ მოთხოვნებს სურსათის გადანაწილებისთვის, რაც მოიცავს სურსათის შეწირულებას, აღდგენას, შენახვასა და გადანაწილებას;

ბ) სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეების მიერ ჭარბი სურსათის ერთმანეთისთვის გადაცემის წესებსა და პროცედურებს (სავალდებულო ინფორმაციის სია, სურსათის აღრიცხვა, უვნებლობა, ხარისხი და სხვა);

გ) იმ სურსათის მიმართ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცედურებს, რომელსაც გასული აქვს ვარგისობის მინიმალური ვადა − „უმჯობესია გამოყენებულ იქნეს ...-მდე“;

დ) იმ სურსათის ჩამონათვალს, რომლის გამოყენება და გადანაწილება დასაშვებია;

ე) სურსათის ჰიგიენის წესებს;

ვ) სხვა მოთხოვნებს, რომლებიც შეიძლება გამომდინარეობდეს სურსათის უვნებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობიდან.

მუხლი 9. სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

1. სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილე ვალდებულია გააუმჯობესოს სურსათის წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული პრაქტიკა, რათა თავიდან აიცილოს სურსათის დანაკარგები, აგრეთვე შეამციროს და აღმოფხვრას სურსათის წარმოების, დისტრიბუციის, მოხმარების, დასაწყობების, რეალიზაციისა და მარკეტინგის პროცესში სურსათის ნარჩენების წარმოშობა.

2. სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილე ვალდებულია დაიცვას ამ კანონით გათვალისწინებული სურსათის ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპები.

3. დაუშვებელია სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ ისეთი სურსათის შეწირულება და გადანაწილება, რომელიც არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და რისკს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილისთვის სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.

თავი V. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობა

მუხლი 10. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაცია

1. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობა − სურსათის შეწირულების სახით გაცემა და გადანაწილება ბენეფიციარისთვის გადაცემით − შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით, ავტორიზაციის შემდეგ.

2. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციას ექვემდებარება:

ა) სურსათის შეწირულების სახით გამცემი პირი;

ბ) შეწირული სურსათის მიმღები სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი.

3. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს და სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების მონაცემთა ბაზას აწარმოებს სააგენტო.

4. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 11. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი

1. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი არის ბიზნესოპერატორი, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი და რომელიც ავტორიზებულია ამ კანონით დადგენილი წესით და ახორციელებს სურსათის შეწირულებასა და გადანაწილებასთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას.

2. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი პასუხისმგებელია ჭარბი სურსათის გადანაწილებისთვის (მიწოდებისთვის). მისი ძირითადი ფუნქციაა შეწირული ჭარბი სურსათის სხვა სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის/სურსათის ბანკებისთვის გადანაწილება ან/და უშუალოდ ბენეფიციარისთვის მიწოდება.

3. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი ვალდებულია:

ა) იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს ჭარბი სურსათის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად გადანაწილება, უპირატესად − სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების რისკის წინაშე მყოფი ჯგუფებისთვის;

გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები, დანერგოს და განახორციელოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურები;

დ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლით დადგენილი წესით წარუდგინოს წლიური ფინანსური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

მუხლი 12. სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის პასუხისმგებლობის შეზღუდვა მის მიერ შეწირულების სახით გაცემულ სურსათთან დაკავშირებით

სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ მის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის/სურსათის ბანკისთვის ბენეფიციარისთვის მისაწოდებლად გადაცემული ჭარბი სურსათი აკმაყოფილებს ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.

თავი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 13. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

საქართველოს მთავრობამ:

ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში დადგენილებით დაამტკიცოს:

ა.ა) სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესი;

ა.ბ) სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესი;

ბ) არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა დაამტკიცოს სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფცია.

მუხლი 14. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

4 ოქტომბერი 2023 წ.

N3548-XIIIმს-Xმპ