Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
| ON INTERNATIONAL PROTECTION | |
|---|---|
| Document number | 864-IIმს-XIმპ |
| Document issuer | Parliament of Georgia |
| Date of issuing | 26/06/2025 |
| Document type | Law of Georgia |
| Source and date of publishing | Website, 07/07/2025 |
| Registration code | 010170000.05.001.102791 |
|
საერთაშორისო დაცვის შესახებ
|
ეს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.
თავი I ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს: ა) უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი (შემდგომ – მოქალაქეობის არმქონე პირი), საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლასა და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; ბ) თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, დამატებითი დაცვის მქონე პირისა და დროებითი დაცვის მქონე პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლებებს, მოვალეობებსა და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; გ) უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებისა და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს; დ) საერთაშორისო დაცვის სფეროში პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილებებს. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის იმ საფუძვლით მინიჭებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთაშორისო დაცვის საჭიროებასთან და განპირობებულია თანაგრძნობითა და ჰუმანიტარული მიზეზით.
მუხლი 2. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია: ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, დამატებითი დაცვის მქონე პირის ან დროებითი დაცვის მქონე პირის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დაცვა; გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამინისტრო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით გამოხატვა, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) თავშესაფრის პროცედურა – სამართლებრივი პროცესი, რომელიც მოიცავს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტიდან საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში − შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; აგრეთვე სამართლებრივი პროცესი, რომელიც მოიცავს ამ კანონის შესაბამისად განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დაწყების მომენტიდან შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში − სათანადო სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წერილობითი განცხადება, რომლითაც იგი საქართველოში ითხოვს ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებას; ე) განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ წარდგენილი განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, რომელიც განიხილება ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით; ვ) თავშესაფრის მაძიებელი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს თავშესაფრის პროცედურა და რომლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ან განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი; ზ) საერთაშორისო დაცვა – უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მინიჭება და მისი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით უზრუნველყოფა; თ) თავშესაფრის მაძიებლის ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობას, მის მიმართ თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობას და საქართველოში მის კანონიერ ყოფნას; ი) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენას და საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის ეტაპის დაწყებას; კ) ლტოლვილი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი; ლ) დამატებითი დაცვის მქონე პირი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მიენიჭა დამატებითი დაცვა; მ) დროებითი დაცვის მქონე პირი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მიენიჭა დროებითი დაცვა; ნ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირი – ლტოლვილი, დამატებითი დაცვის მქონე პირი, დროებითი დაცვის მქონე პირი; ო) არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი – არასრულწლოვანის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ინტერესები, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების, არასრულწლოვანის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და მისი მოსაზრების გათვალისწინებით განისაზღვრება და შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის „ბავშვის უფლებათა კონვენციას“; პ) წარმოშობის ქვეყანა – უცხოელის მოქალაქეობის ქვეყანა, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა; ჟ) უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა – წარმოშობის ქვეყანა, სადაც დემოკრატიული სისტემისა და ზოგადი პოლიტიკური მდგომარეობის ფარგლებში არსებული საკანონმდებლო მოწყობა და მისი აღსრულება მიუთითებს, რომ ამ ქვეყანაში, ზოგადად და განგრძობადად, არ არის დევნა ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, აგრეთვე არ არსებობს სერიოზული ზიანის რეალური რისკი ამ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; რ) უსაფრთხო მესამე ქვეყანა – ქვეყანა, რომელიც არ არის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანა, თუმცა ამ ქვეყანასა და უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შორის არსებული კავშირის საფუძველზე შეიძლება იგი აღნიშნულ ქვეყანაში კანონიერი გზით იქნეს დაშვებული, ამასთანავე: რ.ა) ამ ქვეყანაში მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო საფრთხე არ შეექმნება; რ.ბ) ამ ქვეყანაში იგი არ დადგება სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე ამ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; რ.გ) ამ ქვეყანაში მის მიმართ დაცული იქნება არგაძევების პრინციპი „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის შესაბამისად; რ.დ) მისი ამ ქვეყნიდან გაძევებით არ დაირღვევა წამებისგან ან არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისგან დაცვის უფლება; რ.ე) მას ექნება შესაძლებლობა, მოითხოვოს ლტოლვილის სტატუსი და მისთვის ამის საჭიროების დადგენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი დაცვა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის შესაბამისად; ს) უფლებამოსილი თანამდებობის პირი – სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მოსამსახურე, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე; ტ) საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვა უკანონო გზით გადმოკვეთა; უ) შიდა გადაადგილების ალტერნატივა – თავშესაფრის მაძიებლის შესაძლებლობა, გადაადგილდეს წარმოშობის ქვეყანაში გარკვეულ ტერიტორიაზე, სადაც მას არ აქვს დევნის საფუძვლიანი შიში, ან იგი არ დგას სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე, ან მას აქვს საშუალება, ამ კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცვის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ეფექტიანად და ხანგრძლივად იყოს დაცული დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან, ამასთანავე, სადაც მას შეუძლია უსაფრთხოდ ჩავიდეს, კანონიერად იქნეს დაშვებული და დასახლდეს, აგრეთვე ისარგებლოს მისი უფლებების პატივისცემით და ჰქონდეს ეკონომიკური გადარჩენის შესაძლებლობა; ფ) ოჯახის წევრი – წარმოშობის ქვეყანაში უკვე არსებული ოჯახის წევრი, კერძოდ: ფ.ა) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მეუღლე ანდა თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი; ფ.ბ) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დასაოჯახებელი არასრულწლოვანი შვილი რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ქორწინებიდან ანდა თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ნაშვილები, დასაოჯახებელი არასრულწლოვანი; ფ.გ) დასაოჯახებელი არასრულწლოვანი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დედა, მამა, კანონიერი წარმომადგენელი; ქ) მარტოხელა მშობელი – თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი (დედა, მამა) არასრულწლოვან შვილთან/შვილებთან ერთად; ღ) ოჯახის გაერთიანება – ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და ცხოვრება; ყ) წარმოებული სტატუსი – ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრისთვის მინიჭებული სტატუსი; შ) მასობრივი შემოსვლა – ერთი წარმოშობის ქვეყნის მქონე უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა, რომელთა მიმართ ვერ იქნება უზრუნველყოფილი ეფექტიანი ინდივიდუალური თავშესაფრის პროცედურა; ჩ) ნებაყოფლობითი რეპატრიაცია – საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური იძულების გარეშე მის მიერ წარმოშობის ქვეყანაში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ც) საპატიო მიზეზი – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენას ან ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულების შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება აგრეთვე დაუძლეველი ძალა (ფორსმაჟორი), კერძოდ, სტიქიური უბედურება, ავარია, ხანძარი, მასობრივი არეულობა, სამხედრო მოქმედება, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ან/და სხვა ისეთი გარემოება, რომლის გამოც უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენა ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების შესრულება ობიექტურად შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, საპატიო მიზეზად ჩაითვლება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მყოფი ოჯახის წევრის გარდაცვალება, რასაც ადასტურებს უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი; ძ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი – არასრულწლოვანი, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი, ხანდაზმული პირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ორსული ქალი, მარტოხელა მშობელი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, წამების მსხვერპლი, გაუპატიურების მსხვერპლი, სხვა ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი; წ) მიმღები ცენტრი – თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ადგილი; ჭ) დროებითი განთავსების ცენტრი – ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა/თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ადგილი; ხ) ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი – „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის 28-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტი; ჯ) სამგზავრო პასპორტი – დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი; ჰ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა – „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი; ჰ1) თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი – არასრულწლოვანი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მშობლის/მშობლების ან მასზე პასუხისმგებელი სხვა სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თანხლების გარეშე გადმოკვეთა და რომლის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტისთვის მისი მშობელი/მშობლები ან მასზე პასუხისმგებელი სხვა სრულწლოვანი პირი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი მის წარმომადგენლობას არ ახორციელებს/არ ახორციელებენ, აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ მშობლების ან მასზე პასუხისმგებელი სხვა სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის გარეშე აღმოჩნდა; ჰ2) მინისტრი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; ჰ3) მონაცემთა ბაზა – უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს სამინისტრო; ჰ4) ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები – ამ კანონის X თავით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები.
თავი II თავშესაფრის პროცედურის ზოგადი პრინციპები და პროცედურული გარანტიები
მუხლი 4. სამართლებრივი გარანტიები თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის უფლებებს სახელმწიფო იცავს.
მუხლი 5. კონფიდენციალურობის პრინციპი 1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პერსონალური მონაცემი, აგრეთვე მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის წერილობითი თანხმობის გარეშე ამ მონაცემის/ინფორმაციის მესამე პირებისთვის (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის სახელმწიფო უწყებისა და მოქალაქისთვის) გამჟღავნება მისი გადაცემით (გარდა ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისთვის გადაცემისა), გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით. 2. კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა ევალებათ ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც ახორციელებენ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის სფეროში, აგრეთვე მესამე პირებს, რომლებიც მონაწილეობენ თავშესაფრის პროცედურაში. ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები ხელმძღვანელობენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებით. 3. ინფორმაცია შეიძლება გაიცვალოს ტერორიზმთან ან ექსტრადიციასთან დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, თუ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცული იქნება.
მუხლი 6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მიცემა და თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 1. ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები უზრუნველყოფენ იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების განხორციელებისა და თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის მიცემას, რომელიც საერთაშორისო დაცვას მოითხოვს. 2. ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შეიძლება არ მიეცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება.
მუხლი 7. თავშესაფრის მაძიებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება 1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნის (გარდა გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა), ან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით შესვლის, ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, ან ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, შეძენის ან გამოყენების მიზნით შენახვის ან გამოყენების (გარდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა) შემთხვევაში, თუკი იგი საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, და მან ამ კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, თუ იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა სახელმწიფო ორგანოში და წარადგინა სათანადო განმარტება შესაბამისი ქმედების ჩადენის მიზეზთან დაკავშირებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება აგრეთვე უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა. 4. თუ საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, მასზე არ გავრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება. 5. საგამოძიებო ორგანოს იმ უფლებამოსილი პირებისთვის, რომლებიც უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების (დანაშაულის) შესაძლო ჩადენას იძიებენ, თავშესაფრის პროცედურის დასრულების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად ხელმისაწვდომია სამინისტროს შესაბამისი მონაცემთა ბაზა.
მუხლი 8. არგაძევების პრინციპი 1. თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი, აგრეთვე ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში ‒ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ უნდა იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო საფრთხე შეექმნება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, აგრეთვე ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში ‒ იმ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ან რომელიც კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას.
მუხლი 9. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ან/და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება 1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ან/და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება არის უკიდურესი ზომა, რომელიც არ უნდა იყოს დისკრიმინაციული და მხოლოდ კანონიერ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. 2. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ იქნეს ან/და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში, თუ: ა) მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება; ბ) არსებობს მისი მიმალვის საფრთხე ან/და უფლებამოსილ თანამდებობის პირთან თანამშრომლობისთვის თავის არიდების საფრთხე; გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; დ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას; ე) იგი უხეშად არღვევს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს; ვ) არსებობს ამ კანონის 33-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოება, ამავდროულად, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; ზ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები. 3. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს დაკავებისთანავე მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, გასაგები ფორმით განემარტება: ა) დაკავების საფუძველი; ბ) ადვოკატის მომსახურების უფლება; გ) დაკავების შესახებ მისთვის სასურველი პირისთვის/ახლობლისთვის შეტყობინების უფლება; დ) სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება. 4. დაკავებულ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – სამინისტროს რესურსის გამოყენებით. 5. დაკავებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება მოთავსდეს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. 6. დაკავებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი სხვა სამართალდამრღვევთაგან განცალკევებით უნდა მოთავსდეს. ქალი და მამაკაცი უნდა მოთავსდნენ ცალ-ცალკე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები არიან. არასრულწლოვანი სრულწლოვანისგან განცალკევებით უნდა მოთავსდეს, თუ ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები არ არიან. ოჯახის ერთიანობა შენარჩუნებული უნდა იყოს, თუ არ არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი, რომელიც ოჯახის წევრთა განცალკევებას საჭიროებს. 7. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა წარედგინება სასამართლოს მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 8. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა არ წარედგინება სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 9. თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, დაკავებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს თავშესაფრის პროცედურის დასრულებამდე. 10. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა სამინისტროს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების შემთხვევაში იგი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს. 12. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ იქნეს ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსდეს აგრეთვე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმავე კანონით განსაზღვრული საფუძვლით. 13. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისას ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას გამოიყენება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესი, რომელიც დგინდება მინისტრის ნორმატიული აქტით.
მუხლი 10. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა 1. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. 2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომად შეიძლება განესაზღვროს: ა) პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში ან/და სამინისტროს სხვა უფლებამოსილ დანაყოფში რეგულარულად, კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოცხადება; ბ) უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქის თავდებობა. 3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომას განსაზღვრავს სასამართლო. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის მოქმედების ვადაა 3 თვე. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა სამინისტროს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით.
მუხლი 11. დისკრიმინაციის დაუშვებლობა ეს კანონი დისკრიმინაციის გარეშე უნდა გავრცელდეს უცხოელზე, მოქალაქეობის არმქონე პირზე, თავშესაფრის მაძიებელსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, მოქალაქეობისა, წარმოშობისა, დაბადების ადგილისა, საცხოვრებელი ადგილისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, რელიგიისა ან რწმენისა, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, პროფესიისა, ოჯახური მდგომარეობისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შეზღუდული შესაძლებლობისა, სექსუალური ორიენტაციისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა და სხვა ნიშნისა.
მუხლი 12. ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა 1. სამინისტრო იცავს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის ერთიანობის პრინციპს. 2. ოჯახის ყველა წევრს აქვს უფლება, მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ინდივიდუალურად იქნეს განხილული.
მუხლი 13. არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის „ბავშვის უფლებათა კონვენციას“ და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესს უნდა ითვალისწინებდეს. არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის შეფასებისას ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ოჯახის ერთიანობის პრინციპს, არასრულწლოვანის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, სოციალურ განვითარებას და მის მოსაზრებას და უნდა გაითვალისწინონ მისი ასაკი და უნარები (მათ შორის, განვითარების დონე, აღქმისა და კომუნიკაციის უნარები).
თავი III ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მინიჭებისა და ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები
მუხლი 14. საერთაშორისო დაცვის ფორმები ამ კანონის შესაბამისად, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები: ა) ლტოლვილის სტატუსი; ბ) დამატებითი დაცვა; გ) დროებითი დაცვა.
მუხლი 15. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლები 1. ამ კანონით დადგენილი წესით ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო შეიძლება დევნის მსხვერპლი გახდეს, და რომელსაც არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის დაცვით. 2. იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივი შემოსვლის შემთხვევაში, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს (საფუძვლებს), სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას, „Prima facie“ მიდგომით მიანიჭოს მათ ლტოლვილის სტატუსი „ჯგუფური განსაზღვრის“ მეთოდით. 3. ლტოლვილის სტატუსის „ჯგუფური განსაზღვრის“ მეთოდით მინიჭება ხდება ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 16. ადგილზე წარმოშობილი („Sur place“) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება 1. საერთაშორისო დაცვის საჭიროება შეიძლება ეფუძნებოდეს საქართველოში მყოფი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანაში გარემოებების მნიშვნელოვნად შეცვლას ან ისეთ ქმედებას, რომელსაც იგი წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდეგ ახორციელებს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დევნის საფუძვლიანი შიში ან სერიოზული ზიანის რეალური რისკი შეიძლება ემყარებოდეს იმ საქმიანობას, რომელშიც იგი ჩართული იყო წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდეგ და რომელიც არის იმ მრწამსის ან ორიენტაციის გამოხატულება და გაგრძელება, რომელიც უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს წარმოშობის ქვეყანაში ჰქონდა. 3. თუ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა სამინისტროს განმეორებით მიმართა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, მას შეიძლება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის დარღვევის გარეშე ეთქვას უარი ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებაზე, თუკი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დევნის საფუძვლიანი შიში ან სერიოზული ზიანის რეალური რისკი იმ გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომლებიც მან წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდეგ წინასწარი განზრახვით, ხელოვნურად შექმნა.
მუხლი 17. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები 1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს (საფუძვლებს). 2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ: ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის: ა.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; ა.ბ) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; ა.გ) საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს; ბ) იგი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის. 3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას არ საჭიროებს და, შესაბამისად, მას არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ: ა) მას საერთაშორისო დაცვა მიანიჭა სხვა სახელმწიფომ, რომელიც მისთვის უსაფრთხო ქვეყანაა; ბ) იგი ორი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქეა და აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ერთ-ერთი მათგანის დაცვით; გ) მას აქვს შიდა გადაადგილების ალტერნატივა; დ) მასზე ვრცელდება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის „D“ ნაწილი; ე) იგი ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებულია იმ უფლებებისა და მოვალეობების მქონედ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან.
მუხლი 18. ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვა 1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ლტოლვილის სტატუსიდან გამოირიცხება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუმცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ: ა) მან ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული ან დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ამ მიზნით შექმნილი საერთაშორისო აქტებით ასეთი ქმედებისთვის მინიჭებული განსაზღვრების შესაბამისად; ბ) მან საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებამდე საქართველოს ფარგლების გარეთ ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; გ) მას ბრალი მიუძღვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელიც წააქეზებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩასადენად ან ქმედების განსახორციელებლად ანდა სხვაგვარად მონაწილეობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში ან ქმედების განხორციელებაში.
მუხლი 19. დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლები 1. დამატებითი დაცვა ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს (საფუძვლებს), თუმცა არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში იგი ამ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის წინაშე დადგება. 2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დამატებითი დაცვა 1 წლის ვადით ენიჭება. დამატებითი დაცვა შეიძლება გახანგრძლივდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.
მუხლი 20. დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები 1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დამატებითი დაცვა არ მიენიჭება, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დამატებითი დაცვა არ მიენიჭება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ იგი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის. 3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი დამატებითი დაცვის მინიჭებას არ საჭიროებს და, შესაბამისად, მას არ მიენიჭება დამატებითი დაცვა, თუ: ა) მას საერთაშორისო დაცვა მიანიჭა სხვა სახელმწიფომ, რომელიც მისთვის უსაფრთხო ქვეყანაა; ბ) იგი ორი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქეა და აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ერთ-ერთი მათგანის დაცვით; გ) მას აქვს შიდა გადაადგილების ალტერნატივა; დ) იგი ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებულია იმ უფლებებისა და მოვალეობების მქონედ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან.
მუხლი 21. დამატებითი დაცვიდან გამორიცხვა 1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი დამატებითი დაცვიდან გამოირიცხება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუმცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ: ა) მან ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის, მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ; ბ) მან საქართველოში დამატებითი დაცვის მინიჭებამდე საქართველოს ფარგლების გარეთ ჩაიდინა განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; გ) მას ბრალი მიუძღვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში; დ) იგი საფრთხეს შეუქმნის: დ.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; დ.ბ) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; დ.გ) საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელიც წააქეზებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩასადენად ან ქმედების განსახორციელებლად ანდა სხვაგვარად მონაწილეობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში ან ქმედების განხორციელებაში. 3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი შეიძლება დამატებითი დაცვიდან გამოირიცხოს აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლამდე ჩაიდინა სხვა ისეთი დანაშაული, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არ არის და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ამასთანავე, თუ მან წარმოშობის ქვეყანა მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ თავი აერიდებინა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის.
მუხლი 22. დროებითი დაცვის მინიჭების საფუძვლები და წესი 1. დროებითი დაცვა ენიჭებათ მასობრივად შემოსულ უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს (საფუძვლებს). 2. უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი დაცვის მინიჭების მიზნით საქართველოს მთავრობა იღებს სამართლებრივ აქტს. 3. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დროებითი დაცვა 1 წლის ვადით ენიჭება. დროებითი დაცვა შეიძლება გახანგრძლივდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებები. 4. მასობრივად შემოსულ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაციის შემდეგ უფლებამოსილი თანამდებობის პირი მათ გადასცემს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს მათთვის დროებითი დაცვის მინიჭებას და საქართველოს ტერიტორიაზე მათ კანონიერ ყოფნას. 5. ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 15 დღის ვადაში წარადგინოს ინდივიდუალური საერთაშორისო დაცვაზე განცხადება. 6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. 7. უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მათ შორის, სამინისტროს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. 8. დროებითი დაცვის მინიჭების პროცედურა რეგულირდება მინისტრის ნორმატიული აქტით.
მუხლი 23. დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები 1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დროებითი დაცვა არ მიენიჭება, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს (საფუძვლებს). 2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დროებითი დაცვა არ მიენიჭება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ იგი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის. 3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი დროებითი დაცვის მინიჭებას არ საჭიროებს და, შესაბამისად, მას არ მიენიჭება დროებითი დაცვა, თუ: ა) მას საერთაშორისო დაცვა მიანიჭა სხვა სახელმწიფომ, რომელიც მისთვის უსაფრთხო ქვეყანაა; ბ) იგი ორი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქეა და აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ერთ-ერთი მათგანის დაცვით; გ) მას აქვს შიდა გადაადგილების ალტერნატივა; დ) იგი ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებულია იმ უფლებებისა და მოვალეობების მქონედ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან.
მუხლი 24. დროებითი დაცვიდან გამორიცხვა 1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი დროებითი დაცვიდან გამოირიცხება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუმცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ: ა) მან ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის, მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ; ბ) მან საქართველოში დროებითი დაცვის მინიჭებამდე საქართველოს ფარგლების გარეთ ჩაიდინა განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; გ) მას ბრალი მიუძღვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში; დ) იგი საფრთხეს შეუქმნის: დ.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; დ.ბ) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; დ.გ) საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელიც წააქეზებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩასადენად ან ქმედების განსახორციელებლად ანდა სხვაგვარად მონაწილეობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში ან ქმედების განხორციელებაში. 3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი შეიძლება დროებითი დაცვიდან გამოირიცხოს აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლამდე ჩაიდინა სხვა ისეთი დანაშაული, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არ არის და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ამასთანავე, თუ მან წარმოშობის ქვეყანა მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ თავი აერიდებინა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის.
თავი IV საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
მუხლი 25. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა 1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას, მხოლოდ სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საერთაშორისო დაცვა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს აგრეთვე: ა) ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში − სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოში; ბ) ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული საზღვრის პროცედურის ფარგლებში − სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოში; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ – პენიტენციური დაწესებულება) ყოფნისას – პენიტენციურ დაწესებულებაში. 3. თუ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საერთაშორისო დაცვა მოითხოვა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებაში, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო უწყება უზრუნველყოფს მისთვის თავშესაფრის პროცედურის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს. 4. თავშესაფრის პროცედურა რეგულირდება მინისტრის ნორმატიული აქტით.
მუხლი 26. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა 1. საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურის დაწყებისთანავე სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის ან პროკურორის დავალებით უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დამკავებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ. უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება დასტურდება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტით. 2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა, უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, პირადად ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის მეშვეობით, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ან პენიტენციურ დაწესებულებაში. 3. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებებს ამავე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ აღნიშნული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. 4. უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში არ ფერხდება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მისი ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილების აღსრულება. 5. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება აღდგეს არაუმეტეს საპატიო მიზეზის არსებობის ვადისა. უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საპატიო მიზეზთან დაკავშირებული გარემოების აღმოფხვრისთანავე, დაუყოვნებლივ (პირველივე შესაძლებლობისთანავე) უნდა მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა. საპატიო მიზეზის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს. 6. თუ საერთაშორისო დაცვა მოითხოვა იმ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების პროცედურა და რომელიც არ არის მოთავსებული პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამისამართებს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფში და წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე აწვდის ინფორმაციას 5 სამუშაო დღის ვადაში აღნიშნულ დანაყოფში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ხელს აწერს ამ ინფორმაციას. 7. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უნდა გაუგზავნოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება. 8. თუ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ექსტრადიციას ითხოვს უსაფრთხო მესამე ქვეყანა, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ამ კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, მათ შორის, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, იგი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, არ ფერხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მისი ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილების აღსრულება. 9. ამ მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით. 10. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სამინისტროში გამოუცხადებლობის ან/და მის მიერ სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურა შეწყდება. 11. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებაში მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს სათანადო დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით. 12. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში გაძევების საკითხის განხილვა და თავშესაფრის პროცედურა მიმდინარეობს ერთდროულად, ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ამ პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადებისა და გაძევების საკითხის განხილვის პროცედურა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელის საქართველოდან გაძევების ან მის გაძევებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან/მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება ერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან/მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს უცხოელის საქართველოდან გაძევების ან მის გაძევებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21122 და 21126 მუხლებით დადგენილი წესებით.
მუხლი 27. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა იმ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება 1. უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს (გარდა განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, აგრეთვე ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისა) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი თანამდებობის პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, აწვდის ინფორმაციას: ა) სასჯელის მოხდის შემდეგ ან სასჯელის მოხდისგან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლების შემდეგ საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების შესახებ; ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ; გ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებული ან მსჯავრდებული ხელმოწერით ადასტურებს. ამ ოქმის დედანი 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, ხოლო მისი ასლი გადაეცემა უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს პენიტენციურ დაწესებულებაში, თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, ხოლო შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის მეშვეობით − აგრეთვე სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ აღნიშნული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში არ ფერხდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევება ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მისი ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილების აღსრულება. 5. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება აღდგეს არაუმეტეს საპატიო მიზეზის არსებობის ვადისა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულმა ან მსჯავრდებულმა საპატიო მიზეზთან დაკავშირებული გარემოების აღმოფხვრისთანავე, დაუყოვნებლივ (პირველივე შესაძლებლობისთანავე) უნდა მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა. საპატიო მიზეზის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ საერთაშორისო დაცვის პირადად მოთხოვნის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულება მის განცხადებას არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უგზავნის სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს. 7. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი მასთან ანკეტირების ჩატარებისას განუმარტავს მისთვის ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს და თავშესაფრის პროცედურას, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს. 8. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებული ან მსჯავრდებული, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში და არ წარადგენს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას, თავშესაფრის პროცედურა შეწყდება. ამ პუნქტით განსაზღვრული თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული აქტის ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. 9. ამ მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით. 10. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის განმარტების წესი და ფორმა, სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი 28. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ 1. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირმა საერთაშორისო დაცვა უნდა მოითხოვოს ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად. 2. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. აღნიშნული ორგანო საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნას. 3. უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი ოქმის შედგენის საფუძველზე დაუყოვნებლივ რეგისტრირდება თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის ყოლას საჭიროებს. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნის შემდეგ. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის ათვლა დაიწყება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციის დღიდან.
მუხლი 29. თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების მოთხოვნის უფლება 1. სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვის პერიოდში თავშესაფრის მაძიებელს აქვს მიმღებ ცენტრში განთავსების მოთხოვნის უფლება. ამ მოთხოვნას სამინისტრო თავშესაფრის მაძიებლის მიმართვის საფუძველზე განიხილავს. 2. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება: ა) თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) თავშესაფრის მაძიებლისთვის/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირისთვის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლები და წესი; გ) მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მიერ მიმღები ცენტრის დატოვების (მათ შორის, იძულებით) და მის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლები და წესი. 3. თავშესაფრის მაძიებელი/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირი მისთვის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ვალდებულია ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში დატოვოს მიმღები ცენტრი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმღებ ცენტრში განთავსებული პირი მიმღებ ცენტრს ტოვებს იძულების ღონისძიებების გამოყენებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, სასამართლოსთვის მიმართვისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღსრულებო წარმოების გარეშე. 5. თავშესაფრის მაძიებლისთვის/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირისთვის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება მის აღსრულებას არ აჩერებს. 6. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი განსახლდება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი V საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პროცედურა
მუხლი 30. ძირითადი პროცედურული სტანდარტები 1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ინდივიდუალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა შეისწავლოს. 2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება არსებითად განიხილება: ა) ჩვეულებრივი წესით; ბ) დაჩქარებული წესით; გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესით. 3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით არსებითად განხილვა იწყება იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადება გაივლის ამ კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის ეტაპს. 4. უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლები შეისწავლება ერთიანი პროცედურით, თანამიმდევრულად, ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლების შესწავლა-შეფასებით. თუ თავშესაფრის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, აღნიშნული პროცედურა გრძელდება ამავე კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლების შესწავლა-შეფასებით. 5. ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის აშკარა დასაბუთების შემთხვევაში უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მასთან ანკეტირების ჩატარების შემდეგ, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისთვის ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 31. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის ეტაპი 1. სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესით ამოწმებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობას. 2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაუშვებლად მიიჩნევა და არსებითად არ განიხილება, თუ: ა) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საერთაშორისო დაცვა მიანიჭა სხვა სახელმწიფომ, რომელიც მისთვის უსაფრთხო ქვეყანაა; ბ) არსებობს უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის უსაფრთხო მესამე ქვეყანა; გ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის; დ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოჯახის წევრი შეიტანს განცალკევებულ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას მას შემდეგ, რაც იგი თანხმობას განაცხადებს, რომ მისი საქმე განხილულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ფარგლებში, და არ არსებობს მის მდგომარეობასთან დაკავშირებული ახალი გარემოებები, რომლებიც გაამართლებდა მის მიერ განცალკევებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეტანას; ე) დაკმაყოფილებული არ არის ამ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა და საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის დასადგენად უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ამ კანონის 35-ე მუხლით დადგენილი წესით ტარდება ანკეტირება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, ანკეტირებისას წარმოადგინოს თავისი მოსაზრება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოებების შესახებ. 4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტრო იღებს უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირების ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 5 სამუშაო დღით. 5. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის მითითებით. 6. დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია მისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამავე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით ჩაბარებამდე. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის მისი ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. 8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული აქტის ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. 9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით. 10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით. 11. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, ხოლო ამ ცნობის საფუძველზე − დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. 12. უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემის შემდეგ სამინისტრო იბარებს თავშესაფრის მაძიებლის სამგზავრო დოკუმენტს (მისი არსებობის შემთხვევაში). თავშესაფრის მაძიებელს სამგზავრო დოკუმენტი უბრუნდება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო მის მიერ სამინისტროს გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში − ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. 13. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებლისთვის წარმოშობს ამ კანონის 66-ე და 67-ე მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს. 14. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
მუხლი 32. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვა 1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნევა და დაჩქარებული წესით განიხილება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არ უკავშირდება ამ კანონის მე-15 ან მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლებს; ბ) თავშესაფრის მაძიებელი არის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნიდან; გ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა სამინისტრო შეცდომაში შეიყვანა თავისი ვინაობის ან/და მოქალაქეობის შესახებ რელევანტური ინფორმაციის ან დოკუმენტების დამალვით, აგრეთვე მცდარი ინფორმაციის ან ყალბი დოკუმენტების წარდგენით, რასაც შეეძლო უარყოფითი გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებაზე; დ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა სამინისტროს მიაწოდა წარმოშობის ქვეყნის შესახებ აშკარად შეუსაბამო და წინააღმდეგობრივი, აშკარად მცდარი ან საეჭვო ცნობები, რომლებიც მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას არადამაჯერებელს ხდის; ე) სავარაუდოა, რომ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საკუთარი საიდენტიფიკაციო ან სამგზავრო დოკუმენტი, რომლითაც მისი ვინაობის ან/და მოქალაქეობის დადგენა შეიძლებოდა, არაკეთილსინდისიერად გაანადგურა ან თავიდან მოიცილა; ვ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე ან ფოტოსურათის გადაღებაზე უარს აცხადებს; ზ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოვიდა ან საქართველოში ყოფნა უკანონოდ გაიხანგრძლივა და, საქართველოს ტერიტორიაზე მისი შემოსვლის გარემოებების გათვალისწინებით, არასაპატიო მიზეზით, დაუყოვნებლივ არ გამოცხადებულა ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებაში და არ მოუთხოვია საერთაშორისო დაცვა; თ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საერთაშორისო დაცვა არასაპატიო მიზეზით მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან 30 დღის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა ეფუძნება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანაში გარემოებების მნიშვნელოვნად შეცვლას. 2. დაჩქარებული წესით განიხილება განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, რომელიც ამ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებად იქნა ცნობილი. 3. უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის ცნება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანაა და უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება საფუძვლიანი ვარაუდისთვის, რომ ეს ქვეყანა, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, მისთვის უსაფრთხო ქვეყანა არ არის. 4. ამ კანონის 37-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვისას უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მასთან ანკეტირების ჩატარების შემდეგ, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისთვის ამავე კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით. 5. თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისას გამოიკვეთა დამატებითი გარემოებები, რომელთა გამოც საქმე დამატებით შესწავლას საჭიროებს, და საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვისთვის ამ კანონის 37-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ვერ ხერხდება, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვისთვის იმავე მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით დადგენილ ვადებში. 6. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით.
მუხლი 33. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესი 1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში მოთხოვნის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ: ა) არსებობს ამ კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება; ბ) არსებობს ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება; გ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, მის ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ანდა იგი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის გამო საქართველოდან გაძევებული იყო. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოების გამოსაკვეთად უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან პირველად გასაუბრებას ატარებს და ადგენს შესაბამის ოქმს, რის შემდეგაც შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ მუხლით დადგენილი წესით განხილვის შესახებ. 3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის ფარგლებში საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. თუ გამოვლინდება რთული ფაქტობრივი ან/და იურიდიული საკითხები, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭიროებს, უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 3 კალენდარული დღით. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ მუხლით დადგენილი წესით განხილვისას უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ჩატარებული ანკეტირების საფუძველზე, ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ; ბ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; გ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განხილვისა და უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მინიჭების შესახებ; დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განხილვისა და უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით დაკავების შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირება შეიძლება ჩატარდეს, მათ შორის, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად მიიჩნევა, სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით და ეკისრება ამავე კანონის 67-ე მუხლით განსაზღვრული მოვალეობები. 6. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება პირადად, ამ გადაწყვეტილების მიღების დღეს, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის მითითებით. 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის მისი ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. 8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სარჩელი განიხილება დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება სარჩელის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. 9. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის ვადა (სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის დაწყებიდან 28 კალენდარულ დღეს. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ენიჭება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება და მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით. სამინისტრო უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება. ამასთანავე, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში სასამართლო შესაბამისი საფრთხეების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მინიჭების შესახებ ან ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ. 11. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის არ წარმოეშობა საქართველოში კანონიერად ყოფნის უფლება. 12. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის ფარგლებში სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებას; ბ) უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; გ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის ფარგლებში შესაბამისი ენის თარჯიმნის მონაწილეობას; დ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის უფასო იურიდიული დახმარების ეფექტიან ხელმისაწვდომობას, მათ შორის, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ხოლო თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უკვე ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი − მის დაუბრკოლებელ დაშვებას; ე) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განთავსებისთვის ღირსეული პირობების შექმნას. 13. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 34. წარმომადგენლობა თავშესაფრის პროცედურაში 1. თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე შეუძლია საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურების უფლებით, ხოლო ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე თავშესაფრის მაძიებლის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან ან შეწყვეტასთან, საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარებით. 2. თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას, აგრეთვე სასამართლო დავის წარმოებისას ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულო არ არის. ამასთანავე, სასამართლო დავის წარმოებისას ადვოკატმა მონაწილეობა შეიძლება მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ანკეტირებაზე, გასაუბრებაზე ან სასამართლო სხდომაზე ადვოკატის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა ანკეტირების ან გასაუბრების ჩატარებას ან სასამართლოში საქმის განხილვას არ აფერხებს. 3. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან/საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან ანკეტირებასა და გასაუბრებაზე დასწრების უფლება აქვს მის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატს (არსებობის შემთხვევაში). 4. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან/საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან ანკეტირების ან გასაუბრების მიმდინარეობისას უფლებამოსილი თანამდებობის პირის შეკითხვებს უპასუხებს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი/საერთაშორისო დაცვის მქონე პირი. ადვოკატს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ანკეტირების ან გასაუბრების დასრულებისას დასვას დამაზუსტებელი შეკითხვები. ანკეტირების ან გასაუბრების მიმდინარეობისას ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის სხვაგვარი ჩარევა დაუშვებელია. ანკეტირებაში ან გასაუბრებაში ჩარევის შემთხვევაში ადვოკატმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა დატოვოს ის, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი. მასში მიეთითება ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ანკეტირების ან გასაუბრების დატოვების მიზეზი. ეს ოქმი დაერთვის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის/საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირად საქმეს. 5. თუ ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით ფერხდება თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობა, მათ შორის, სასამართლო დავის წარმოებისას, თავშესაფრის პროცედურა ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ხორციელდება. 6. თუ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის/საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ აყვანილი ადვოკატი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, სასამართლო სარჩელს ადვოკატის მონაწილეობის გარეშე განიხილავს. ამ შემთხვევაში არ ინიშნება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. 7. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანზე. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან ანკეტირებას ან გასაუბრებას ესწრება მისი კანონიერი წარმომადგენელი. კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია ანკეტირების ან გასაუბრების მიმდინარეობისას დასვას შეკითხვები ან გააკეთოს კომენტარები უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.
მუხლი 35. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია და ანკეტირება 1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება უნდა მომზადდეს წერილობით, საჭიროების შემთხვევაში – შესაბამისი ენის თარჯიმნის დახმარებით. წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაუყოვნებლივ რეგისტრირდება და გაიცემა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა. ეს ცნობა არ არის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის საფუძველი და ძალაშია ამ კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე. თუ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოჯახის წევრების საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას ერთი და იგივე საფუძველი აქვს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში შეიტანება აგრეთვე მონაცემები მისი ოჯახის წევრის/წევრების შესახებ. 2. თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისთვის, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის ყოლას საჭიროებს, პასუხისმგებელია მისი კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. 3. თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის ყოლას საჭიროებს, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა მის კანონიერ წარმომადგენელზე გაიცემა. 4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს წერილობით განემარტება მისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები და თავშესაფრის პროცედურა. ამასთანავე, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უნდა განემარტოს, რომ არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების უგულებელყოფით ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურა შეწყდება. 5. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს აცნობოს თავისი მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და საცხოვრებელი მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში. თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისას უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ მიუთითებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას, იგი ვალდებულია ეს ინფორმაცია წარადგინოს ანკეტირებისას. საწინააღმდეგო შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურა შეწყდება. 6. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისას ხდება უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ფოტოსურათის გადაღება. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ფოტოსურათი მონაცემთა ბაზაში ინახება. უფლებამოსილი თანამდებობის პირი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის მიზნებისთვის იღებს 14 წლის ან 14 წელზე მეტი ასაკის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული მონაცემები მონაცემთა ბაზაში ინახება. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებისა და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი დგინდება მინისტრის სამართლებრივი აქტით. 8. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ეცნობება ანკეტირების ჩატარების თარიღი. ანკეტირებაზე პირველად დაბარების შემდეგ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მისი განმეორებით დაბარება ხდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საკონტაქტო ინფორმაცია უცნობია. 9. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირების ჩატარების მიზანია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის განსაზღვრა და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვებისა და ამ ქვეყანაში დაბრუნების შეუძლებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საჭიროება. 10. ამ კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის განსაზღვრის მიზნით ანკეტირება ტარდება ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან ინდივიდუალურად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. გამონაკლის შემთხვევაში ანკეტირება შეიძლება ჩატარდეს ოჯახის არასრულწლოვან წევრთან, თუ იკვეთება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, არასრულწლოვანზე ორიენტირებული ქმედება. 11. შესაბამისი მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად ანკეტირება ტარდება წერილობით და ფიქსირდება ხმის ჩამწერი მოწყობილობით. ანკეტირების ოქმი და აუდიოჩანაწერი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის პირად საქმეში ინახება. ანკეტირების აუდიოჩაწერის განხორციელების შესახებ მისი განხორციელების დაწყებისთანავე ეცნობება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.
მუხლი 36. მტკიცების ტვირთი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტების დადგენის ვალდებულება თანაბრად ნაწილდება უფლებამოსილ თანამდებობის პირსა და უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს შორის, კერძოდ: ა) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია შეძლებისდაგვარად მცირე ვადაში წარადგინოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასაბუთებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და მტკიცებულება და მათი შეფასების პროცესში ითანამშრომლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ასევე ვალდებულია სარწმუნოდ განმარტოს შესაბამისი ინფორმაციისა და მტკიცებულების წარუდგენლობის ან არარსებობის მიზეზი; ბ) უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით შესაბამისი შეკითხვების დასმით ხელი შეუწყოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი ინფორმაციისა და მტკიცებულებების სრულყოფილად წარდგენაში, აგრეთვე უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან თანამშრომლობით ინდივიდუალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად შეაფასოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ყველა არსებითი ფაქტი.
მუხლი 37. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადები 1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვისას სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს მისი რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 9 თვით, თუ: ა) გამოვლინდა რთული ფაქტობრივი ან/და იურიდიული საკითხები, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭიროებს; ბ) სამინისტროში წარდგენილია დიდი რაოდენობით საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, რაც ართულებს შესაბამისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების 6 თვის ვადაში განხილვას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, შესაბამისი დასაბუთების არსებობისას ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვით, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ადეკვატურად და სრულყოფილად განსახილველად. 4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა შეიძლება გადავადდეს, თუ მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განხილვა შეუძლებელია წარმოშობის ქვეყანაში დროებით გაურკვეველი მდგომარეობის არსებობის გამო. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია 6 თვეში ერთხელ შეისწავლოს წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 21 თვეს, რომელიც აითვლება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან. 6. ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების საფუძველზე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების/გადავადების შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების/გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავშესაფრის მაძიებელს ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით აცნობოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების/გადავადების თაობაზე. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის გადავადების შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია თავშესაფრის მაძიებელს აცნობოს აგრეთვე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის გადავადების მიზეზი. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადების გაგრძელების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების მიზეზი ეცნობება მისი მოთხოვნის საფუძველზე. 8. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება მისი რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში. 9. იმ პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების პროცედურა, განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება მისი რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში. 10. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება საექსტრადიციო დოკუმენტაციის მიღებიდან 1 თვის ვადაში. 11. ამ კანონით გათვალისწინებული სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, აგრეთვე საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ამავე კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის აშკარა დასაბუთების შემთხვევაში პრიორიტეტულად განიხილება.
მუხლი 38. დევნა და სერიოზული ზიანი 1. ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნებისთვის ქმედება დევნად მიიჩნევა, თუ: ა) იგი თავისი არსით ან განმეორებადობით საკმარისად სერიოზულია იმისთვის, რომ იყოს ადამიანის ძირითადი უფლებების მძიმე დარღვევა, კერძოდ, ისეთი უფლებებისა, რომელთა შეზღუდვა დაუშვებელია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე; ბ) იგი არის სხვადასხვა ქმედების (მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევების) ერთობლიობა, რომელიც საკმარისად მწვავეა და პირზე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების მსგავს გავლენას ახდენს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნა შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმით/ფორმებით: ა) ფიზიკური ძალადობის (მათ შორის, სექსუალური ძალადობის) ან ფსიქოლოგიური ძალადობის აქტით; ბ) სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან/და სასამართლო აქტით ან ღონისძიებით, რომელიც თავად არის დისკრიმინაციული ან დისკრიმინაციული ფორმით ხორციელდება/აღსრულდება; გ) სისხლისსამართლებრივი დევნით ან სასჯელით, რომელიც არაპროპორციულია ან დისკრიმინაციულია; დ) დარღვეული უფლების აღდგენაზე სასამართლოს მიერ უარის თქმით, რისი შედეგიც არის არაპროპორციული ან დისკრიმინაციული სასჯელი; ე) შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნით ან სასჯელით, როდესაც სამხედრო სამსახური მოიცავდა იმ დანაშაულებსა და ქმედებებს, რომლებიც, ამ კანონის მე-18 მუხლის თანახმად, პირის ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებია; ვ) იმ ქმედებით, რომელიც თავისი ბუნებით სექსუალურ ორიენტაციას, სქესს ან არასრულწლოვანს უკავშირდება. 3. ამ კანონის მე-19 მუხლის მიზნებისთვის სერიოზული ზიანი არის: ა) პირისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება ან მის მიმართ არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა ან სასჯელი; გ) საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის დროს არსებული განურჩეველი ძალადობის გამო სამოქალაქო პირის სიცოცხლისთვის ან ფიზიკური ხელშეუხებლობისთვის შექმნილი სერიოზული, ინდივიდუალური საფრთხე.
მუხლი 39. დევნის განმახორციელებელი და სერიოზული ზიანის მიმყენებელი სუბიექტი/სუბიექტები დევნის განმახორციელებელი და სერიოზული ზიანის მიმყენებელი სუბიექტი/სუბიექტები შეიძლება იყოს/იყვნენ: ა) სახელმწიფო; ბ) დაჯგუფება ან ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს მთელ ტერიტორიას ან მისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს; გ) არასახელმწიფო სუბიექტი/სუბიექტები, თუ ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სუბიექტებს (მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებს) არ შეუძლიათ ან არ სურთ ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან პირის დაცვა.
მუხლი 40. დაცვის განმახორციელებელი სუბიექტი 1. პირი დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან შეიძლება დაიცვას: ა) სახელმწიფომ. ამასთანავე, სახელმწიფოს უნდა სურდეს და შეეძლოს დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან პირის ეფექტიანად და ხანგრძლივად დაცვა; ბ) დაჯგუფებამ ან ორგანიზაციამ, რომელიც სახელმწიფოს მთელ ტერიტორიას ან მისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს. ამასთანავე, ამ დაჯგუფებას ან ორგანიზაციას უნდა სურდეს და შეეძლოს დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან პირის ეფექტიანად და ხანგრძლივად დაცვა. 2. დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან პირის დაცვა უნდა იყოს ეფექტიანი და არ უნდა იყოს დროებითი. ასეთი დაცვა უზრუნველყოფილია, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები იღებენ გონივრულ ზომებს დევნის ან სერიოზული ზიანის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, დევნის ან სერიოზული ზიანის იდენტიფიცირებისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და დასჯისთვის ეფექტიანი სამართლებრივი სისტემის შექმნით. დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან პირის დაცვის უზრუნველყოფა მოიცავს აგრეთვე მისთვის ასეთი დაცვის ხელმისაწვდომობას.
მუხლი 41. თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება 1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვისას თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება, გარდა ამ კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრებას მისი დასაბუთებული მოთხოვნით, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში უტარებს მისთვის სასურველი სქესის უფლებამოსილი თანამდებობის პირი და იგი სარგებლობს სასურველი სქესის თარჯიმნის მომსახურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უფლებამოსილ თანამდებობის პირს აქვს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული სირთულეებთან, პირმა დაუბრკოლებლად წარმოადგინოს მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საფუძველი. 3. გასაუბრება ტარდება ინდივიდუალურად, ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან. გამონაკლის შემთხვევაში გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს ოჯახის არასრულწლოვან წევრთან სათანადო სპეციალიზაციის მქონე უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, თუ იკვეთება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, არასრულწლოვანზე ორიენტირებული ქმედება. თავშესაფრის მაძიებელთან ინდივიდუალური გასაუბრება, როგორც წესი, ოჯახის წევრების დაუსწრებლად ტარდება. 4. გასაუბრებისას თავშესაფრის მაძიებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განმარტოს ის გარემოებები, რომლებიც შეიძლება მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას აკლდეს ან/და შეუსაბამო/წინააღმდეგობრივი იყოს, აგრეთვე განმარტოს მის მიერ მიწოდებულ ფაქტებსა და სხვა წყაროებიდან მიღებულ სათანადო ინფორმაციას (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას) შორის არსებული შეუსაბამობა/წინააღმდეგობა. 5. შესაბამისი მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად გასაუბრება ფორმდება წერილობით და ფიქსირდება ხმის ჩამწერი მოწყობილობით. გასაუბრების ოქმი და აუდიოჩანაწერი თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში ინახება. გასაუბრების აუდიოჩაწერის განხორციელების შესახებ მისი განხორციელების დაწყებისთანავე ეცნობება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.
მუხლი 42. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა და შეფასება 1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ინდივიდუალურად და ფასდება წარდგენილ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული არსებითი ფაქტები, რომლებიც ეხება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ვინაობას, წარმოშობის ქვეყანას, სამგზავრო დოკუმენტებს, მგზავრობის მარშრუტს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საფუძველს და ამ საფუძველთან დაკავშირებით დედნის სახით წარდგენილ დოკუმენტაციას. 2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები: ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროისთვის არსებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა, წარმოშობის ქვეყანაში არსებული მარეგულირებელი ნორმები და მათი აღსრულების მეთოდები); ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადებები და დოკუმენტაცია იმის თაობაზე, იყო თუ არა იგი წარსულში ან გახდება თუ არა მომავალში დევნის ან სერიოზული ზიანის მსხვერპლი; გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ინდივიდუალური მდგომარეობა და გარემოებები (მათ შორის, წარმომავლობა, სქესი და ასაკი), იმის შესაფასებლად, თუ რამდენად შეიძლება იყოს დევნა ან სერიოზული ზიანი ის ქმედება, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ან შეიძლება აღმოჩნდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი პირადი გარემოებების საფუძველზე; დ) იყო თუ არა წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდეგ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ქმედებების ერთადერთი ან მთავარი მიზანი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის საფუძვლის შექმნა, იმის შესაფასებლად, შეუქმნის თუ არა მას ეს ქმედებები დევნის ან სერიოზული ზიანის საფრთხეს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში. 3. ის ფაქტი, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი წარსულში იდევნებოდა, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მის მიმართ გამოყენებულ იქნა დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების პირდაპირი მუქარა, დევნის საფუძვლიანი შიშისთვის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი არ განმეორდება. 4. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დევნის საფუძვლიანი შიშის ან მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის შეფასებისას უფლებამოსილი თანამდებობის პირი უნდა დაეყრდნოს იმ გარემოებებს, რომლებიც წარმოშობის ქვეყანაში წარმოიქმნა უშუალოდ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ ამ ქვეყნის დატოვებამდე ან მისი დატოვების შემდეგ. 5. თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ცალკეული გარემოებები შესაბამისი დოკუმენტებით ან სხვა მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, ასეთ გარემოებებს არ სჭირდება დამტკიცება შემდეგი გარემოებების ერთობლივად არსებობის შემთხვევაში: ა) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა/თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასასაბუთებლად მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენა; ბ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა/თავშესაფრის მაძიებელმა წარადგინა საქმის განხილვისთვის მნიშვნელოვანი ყველა ინფორმაცია, ამასთანავე, დამაკმაყოფილებლად ახსნა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის არარსებობა; გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია თანამიმდევრულია, დამაჯერებელია და არ ეწინააღმდეგება წარმოშობის ქვეყნის შესახებ არსებულ ინფორმაციას; დ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა/თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვა მოითხოვა ასეთი შესაძლებლობის გაჩენისთანავე, თუ მან არ მიუთითა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემაფერხებელი მიზეზი; ე) დადგინდა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ზოგადი სანდოობა.
მუხლი 43. საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება და შესწავლა 1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა მოიპოვოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესაფასებლად საჭირო ინფორმაცია და ხელმისაწვდომი არსებითი მტკიცებულებები. 2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა შეფასდეს როგორც უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტური მტკიცებულება, ისე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და დედნის სახით წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულება (მისი არსებობის შემთხვევაში). 3. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა შეაფასოს წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია. 4. საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის ჩაბარების შემდეგ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ანდა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასცეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
მუხლი 44. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა 1. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განხილული უნდა იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. 2. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის თანდასწრებით (მისი არსებობის შემთხვევაში). 3. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრებას ატარებს ის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელსაც არასრულწლოვანთან გასაუბრებისთვის საჭირო სპეციალიზაცია აქვს. 4. თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა გაითვალისწინოს თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ასაკი და უნარები (მათ შორის, განვითარების დონე, აღქმისა და კომუნიკაციის უნარები).
მუხლი 45. წარმოებული სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა 1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირმა მისი ოჯახის წევრისთვის წარმოებული სტატუსის მინიჭების პროცედურის დაწყებისთვის წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს. 2. საერთაშორისო დაცვის მქონე პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაურთოს ოჯახური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მისი არსებობის შემთხვევაში). 3. ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრის უფლება, მოიპოვოს წარმოებული სტატუსი, შეიძლება დადგინდეს თავშესაფრის მაძიებლისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების შემდეგ. 4. წარმოებული სტატუსის მისანიჭებლად გასაუბრება ტარდება საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან. 5. უფლებამოსილი თანამდებობის პირი წარმოებული სტატუსის მინიჭების მიზნით ოჯახური კავშირის დასადგენად იკვლევს თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას ამ მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციას (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამის გარემოებებს. 6. წარმოებული სტატუსის მისანიჭებლად ჩატარებულ გასაუბრებაზე ოჯახური კავშირის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იყოს ოჯახის წევრობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (მისი არსებობის შემთხვევაში). 7. თუ საერთაშორისო დაცვის მქონე პირი მისი ოჯახის წევრისთვის წარმოებული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, უფლებამოსილი თანამდებობის პირი წარმოებული სტატუსის მინიჭების საკითხს 1 თვის ვადაში განიხილავს.
მუხლი 46. წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს, რომელიც აცხადებს, რომ არის წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან ძალადობის მსხვერპლი, ან რომელსაც ასეთი მსხვერპლის ნიშნები აქვს, მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვამდე ხელი უნდა მიუწვდებოდეს შესაბამის სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებაზე.
მუხლი 47. ფსიქიკური ან გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა 1. თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ფსიქიკური ან გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები აქვს, სამინისტრომ საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპერტიზის ჩატარებისა და მხარდამჭერის დანიშვნის მიზნით. 2. მყარი ფსიქიკური ან გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა უნდა შეჩერდეს მისთვის მხარდამჭერის დანიშვნამდე. ამ პერიოდში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი სარგებლობს თავშესაფრის მაძიებლისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან ანკეტირება და გასაუბრება უნდა ჩაატაროს იმ უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ანკეტირებასა და გასაუბრებაში უნდა მონაწილეობდეს აგრეთვე შესაბამისი დარგის სპეციალისტი. 4. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება შეიძლება არ ჩატარდეს, თუ მას მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო არ შეუძლია უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება. ამ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით მოპოვებული სხვა ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე.
მუხლი 48. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა 1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის, მისი კანონიერი წარმომადგენლის ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეიძლება საერთაშორისო დაცვაზე განცხადება მისი განხილვის ნებისმიერ ეტაპზე იქნეს გამოხმობილი. 2. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, უნდა აცნობოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის სამართლებრივი შედეგები, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი. ამ ოქმს ხელს აწერენ უფლებამოსილი თანამდებობის პირი, თარჯიმანი და უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი, მისი კანონიერი წარმომადგენელი ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი. 3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ შესაბამისი ოქმის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ეს გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება წერილობით, ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, 3 სამუშაო დღის ვადაში, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამავე კანონით დადგენილი წესის მითითებით. 4. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ სამინისტროს ჩააბაროს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა/დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. 5. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების შემდეგ მას უფლება აქვს, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს წარუდგინოს განმეორებითისაერთაშორისო დაცვაზე განცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საქმესთან დაკავშირებით არსებობს ახალი გარემოებები, რომლებიც მისთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შემდეგ გახდა ცნობილი. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა უნდა მიუთითოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობისა და განმეორებით მიმართვის სათანადო მიზეზები. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით. 6. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის, მათ შორის, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების, შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა მისთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების დღიდან. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით.
მუხლი 49. თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტა 1. თავშესაფრის პროცედურა შეწყდება, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი: ა) ამ კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად გამოიხმობს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას; ბ) არ თანამშრომლობს სამინისტროსთან; გ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს/სასამართლოს არ აცნობებს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას; დ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს/სასამართლოს 3 სამუშაო დღის ვადაში არ აცნობებს შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციას მისი შეცვლის შემთხვევაში; ე) არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ გამოცხადდება ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე; ვ) ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოცხადდება გასაუბრებაზე; ზ) ამ კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ან/და სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს არ აცნობებს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას; თ) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სამინისტროში ან/და სამინისტროს არ წარუდგენს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას; ი) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისას ან ანკეტირებისას არ წარადგენს ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას; კ) დატოვებს საქართველოს; ლ) გარდაიცვლება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურა შეწყდება აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას. 3. თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა მისთვის თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების დღიდან. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით.
მუხლი 50. თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი. 2. თავშესაფრის მაძიებელს ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის მითითებით. 3. თუ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის წევრების საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას ერთი და იგივე საფუძველი აქვს, ან ოჯახის წევრი ემატება თავშესაფრის პროცედურის (მათ შორის, სასამართლო დავის) მიმდინარეობისას, საერთაშორისო დაცვის შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ვრცელდება აგრეთვე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის წევრზე/წევრებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კანონის მე-17, მე-18, მე-20 ან 21-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი. ოჯახური კავშირის დასადგენად საჭიროების შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებთან გასაუბრება ტარდება. 4. თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საქმის არსებით ფაქტობრივ გარემოებებსა და შესაბამის მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს. 5. თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ან აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
მუხლი 51. დამატებითი დაცვის გაგრძელების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 1. უფლებამოსილი თანამდებობის პირი დამატებითი დაცვის გაგრძელების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქმის შესაბამისი მასალების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღების მომენტში არსებული გარემოებების გათვალისწინებით. 2. თუ გარემოებები, რომელთა გამოც პირს დამატებითი დაცვა მიენიჭა, აღარ არსებობს, მას დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარი ეთქმება. 3. დამატებითი დაცვის გაგრძელების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილება დამატებითი დაცვის მქონე პირს ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. დამატებითი დაცვის გაგრძელების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დასრულებამდე, მათ შორის, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, დამატებითი დაცვის მქონე პირს აქვს თავის სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლება და მოვალეობა.
მუხლი 52. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და პროცედურული გარანტიები 1. თუკი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლტოლვილის სტატუსი ან დამატებითი დაცვა შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა, ან მას დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარი ეთქვა, ანდა თავშესაფრის პროცედურა საქართველოში დასრულდა, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, წარადგინოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, თუ: ა) წარმოშობის ქვეყანაში ისეთი ცვლილებები მოხდა, რომლებიც შეიძლება აჩენდეს მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას; ბ) არსებობს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებების შეფასებისას არ განხილულა, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა მისი ბრალი არ ყოფილა და რომლებიც შეიძლება აჩენდეს მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას. 2. უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება წინასწარ გამოიკვლიოს, შეისწავლოს და შეაფასოს მასში მითითებული განმარტებები და ახალი გარემოებები, რათა წარმოშობის ქვეყანაში მისი დაბრუნებით არ დაირღვეს ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის ან/და ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის დასადგენად საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევის ფარგლებში უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან გასაუბრება ტარდება. ამ გასაუბრებაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ. 3. თუ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევით დადგინდება, რომ იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამინისტრო განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, მისი არსებითი განხილვის გარეშე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ეს გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის მითითებით. 4. თუ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამინისტრო მისი რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა იღებს გადაწყვეტილებას განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამ შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი მისთვის აღნიშნული აქტის ჩაბარების მომენტიდან მიიჩნევა თავშესაფრის მაძიებლად. 5. დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან წარმოშობის ქვეყანაში გაძევება ან ექსტრადიცია მის მიერ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების პირველად წარდგენის მომენტიდან მისთვის ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს პირველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარებამდე. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ ამ აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული აქტის მისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს პირველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა კვლავ წარადგინა განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, იგი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით.
მუხლი 53. ოჯახის გაერთიანება 1. საქართველოს ფარგლების გარეთ მყოფ ოჯახის წევრთან/წევრებთან გაერთიანების მიზნით ოჯახის გაერთიანების პროცედურის დასაწყებად ლტოლვილმა ან დამატებითი დაცვის მქონე პირმა ოჯახის გაერთიანების შესახებ წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს. 2. ლტოლვილმა ან დამატებითი დაცვის მქონე პირმა ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებას უნდა დაურთოს მასთან ოჯახის წევრის/წევრების ოჯახური კავშირის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება (მათი არსებობის შემთხვევაში). 3. ოჯახური კავშირის დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ინდივიდუალურად, 1 თვის ვადაში განიხილავს ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებასა და თანდართულ მტკიცებულებებს (მათი არსებობის შემთხვევაში). ოჯახური კავშირის დასადგენად საჭიროების შემთხვევაში გასაუბრება ტარდება. 4. ოჯახური კავშირის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი საჭიროებისამებრ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრისთვის/წევრებისთვის საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ. 5. ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში ენიჭება საერთაშორისო დაცვის იგივე ფორმა, რომელიც ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს აქვს მინიჭებული. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრმა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრმა ეს ვადა არასაპატიო მიზეზით დაარღვია, სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. 7. ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს შეიძლება უარი ეთქვას ოჯახის გაერთიანებაზე, თუ მისი ოჯახის წევრის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-17, მე-18, მე-20 ან 21-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი.
მუხლი 54. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის გაერთიანება 1. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანისთვის ამ კანონით დადგენილი წესით ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების შემდეგ მისი მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი განსაზღვრავს ამ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის თანხმობის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი იწყებს ოჯახის გაერთიანების პროცედურას. 3. ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებას სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს წარუდგენს ამ არასრულწლოვანის მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი. მან აღნიშნულ განცხადებას უნდა დაურთოს არასრულწლოვანთან ოჯახის წევრის/წევრების ოჯახური კავშირის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება (მათი არსებობის შემთხვევაში) და დასკვნა არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრის შესახებ. 4. ოჯახური კავშირის დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ინდივიდუალურად, 1 თვის ვადაში განიხილავს ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებასა და თანდართულ მტკიცებულებებს (მათი არსებობის შემთხვევაში). 5. ოჯახური კავშირის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი საჭიროებისამებრ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის წევრისთვის/წევრებისთვის საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ. 6. ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის წევრს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში ენიჭება საერთაშორისო დაცვის იგივე ფორმა, რომელიც ამ პირს აქვს მინიჭებული. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის წევრმა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის წევრმა ეს ვადა არასაპატიო მიზეზით დაარღვია, სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. 8. ლტოლვილ ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანს შეიძლება უარი ეთქვას ოჯახის გაერთიანებაზე, თუ მისი ოჯახის წევრის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-17, მე-18, მე-20 ან 21-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი.
მუხლი 55. სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გარდა ამავე კანონის 31-ე და 33-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე თავშესაფრის მაძიებელი/საერთაშორისო დაცვის მქონე პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებითა და გარანტიებით და ეკისრება ამავე კანონით განსაზღვრული მოვალეობები. 3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია მისი უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის. ამ ვადის დარღვევით აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია მისი უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება.
მუხლი 56. დამატებითი დაცვის მქონე პირის მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენა 1. დამატებითი დაცვის მქონე პირს უფლება აქვს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება ინდივიდუალურად წარადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი და ფაქტობრივი გარემოებები მისთვის დამატებითი დაცვის მინიჭების შემდეგ წარმოიშვა, ამავე კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით. აღნიშნული განცხადების განხილვის პერიოდში დამატებითი დაცვის მქონე პირი სარგებლობს დამატებითი დაცვის მქონე პირისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით და ეკისრება ამავე კანონით განსაზღვრული მოვალეობები. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება განიხილება ამ კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 57. დროებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის სამართლებრივი გარანტიები დროებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად: ა) იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს იდენტიფიცირებული; ბ) მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაუყოვნებლივ უნდა დარეგისტრირდეს; გ) მას 10 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი; დ) იგი უნდა განსახლდეს მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, აგრეთვე მას უნდა გაეწიოს დახმარება მშობლებისა და ნათესავების მოსაძებნად.
მუხლი 58. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან კომუნიკაციის განხორციელებისა და მისთვის სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი 1. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან კომუნიკაცია ხორციელდება სათანადო შეტყობინების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებით. სამინისტროს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის, თავშესაფრის მაძიებლისთვის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული შეტყობინების ან გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება მის მიერ ბოლოს მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე. 2. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი ვალდებულია: ა) შეინახოს მისთვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და პაროლი; ბ) მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის დაკარგვის ან სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს სამინისტროს მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის აღსადგენად; გ) შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიღების შემდეგ მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით გაეცნოს ამ შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილებას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, რომელმაც საერთაშორისო დაცვა პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში მოითხოვა და რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის იმავე დაწესებულებაში ან ცენტრში იმყოფება. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სათანადო შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მისთვის გადასაცემად. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება, მას სათანადო შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. 4. ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში. 5. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განთავსდება სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების წესს ადგენს მინისტრი.
მუხლი 59. სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინებისა და სასამართლო უწყების პირისთვის ჩაბარების წესი 1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება პირს ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება პირს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება. 3. სასამართლოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან განჩინება და სასამართლო უწყება პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების ან განჩინების და სასამართლო უწყების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის სასამართლოს უფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომია სამინისტროს შესაბამისი მონაცემთა ბაზა.
თავი VI ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა
მუხლი 60. ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები 1. პირს ლტოლვილის სტატუსი შეუწყდება, თუ: ა) მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მან ნებაყოფლობით ისარგებლა წარმოშობის ქვეყნის დაცვით; გ) მან წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ მოიპოვა მისი მოქალაქეობა; დ) მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის დაცვით; ე) იგი ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლების გარეთაც იმყოფებოდა დევნის შიშის გამო; ვ) მას არ შეუძლია უარი თქვას წარმოშობის ქვეყნის დაცვაზე, რადგან გარემოებები, რომელთა გამოც მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა, აღარ არსებობს; ზ) მან სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართა; თ) მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლიდან 1 თვეა გასული; ი) იგი გარდაიცვალა. 2. ლტოლვილზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება, თუ, წარმოშობის ქვეყანაში მისი ადრინდელი დევნის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარადგინოს ინფორმაცია ამ ქვეყნის დაცვით სარგებლობაზე უარის თქმის დასაბუთებული მიზეზის შესახებ. 3. პირისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტა მასზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაუქმების საფუძველია.
მუხლი 61. დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტის საფუძვლები 1. პირს დამატებითი დაცვა ან დროებითი დაცვა შეუწყდება, თუ: ა) მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის დაცვით; გ) იგი ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლების გარეთაც იმყოფებოდა სერიოზული ზიანის გამო; დ) მას არ შეუძლია უარი თქვას წარმოშობის ქვეყნის დაცვაზე, რადგან გარემოებები, რომელთა გამოც მას დამატებითი დაცვა ან დროებითი დაცვა მიენიჭა, აღარ არსებობს; ე) მან ნებაყოფლობით ისარგებლა წარმოშობის ქვეყნის დაცვით; ვ) მან წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ მოიპოვა მისი მოქალაქეობა; ზ) მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა; თ) მან სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართა; ი) მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლიდან 1 თვეა გასული; კ) იგი გარდაიცვალა. 2. დამატებითი დაცვის მქონე პირზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება, თუ, წარმოშობის ქვეყანაში მისთვის მიყენებული ადრინდელი სერიოზული ზიანის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარადგინოს ინფორმაცია ამ ქვეყნის დაცვით სარგებლობაზე უარის თქმის დასაბუთებული მიზეზის შესახებ. 3. პირისთვის მინიჭებული დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტა, შესაბამისად, დამატებითი დაცვის მქონე პირზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და სამგზავრო პასპორტისა და დროებითი დაცვის მქონე პირზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობის გაუქმების საფუძველია.
მუხლი 62. საერთაშორისო დაცვის გაუქმების ან ჩამორთმევის საფუძვლები 1. პირს საერთაშორისო დაცვა გაუუქმდება, თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-15, მე-19 ან 22-ე მუხლის მოთხოვნებს ან/და მან არასწორი ინფორმაცია ან/და ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, კერძოდ: ა) პირის მიერ არასწორი ინფორმაციის ან/და ყალბი დოკუმენტაციის წარდგენამ გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე; ბ) გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს, რომ პირს არ უნდა ესარგებლა საერთაშორისო დაცვით; გ) პირი სხვა ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებულია ისეთი უფლებებისა და მოვალეობების მქონედ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან, და, შესაბამისად, იგი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებდა; დ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა ამ კანონის მე-18, 21-ე ან 24-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. 2. პირს საერთაშორისო დაცვა ჩამოერთმევა, თუ იგი საერთაშორისო დაცვის მიღების შემდეგ მსჯავრდებულ იქნა საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, მის ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. 3. პირისთვის საერთაშორისო დაცვის გაუქმება ან ჩამორთმევა მასზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაუქმების საფუძველია.
მუხლი 63. პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურა 1. პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურას იწყებს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი. 2. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, უნდა შეატყობინოს მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დაწყების შესახებ. 3. ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე სრულწლოვან პირთან ინდივიდუალური გასაუბრების ჩატარება მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დაწყებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, რათა აღნიშნულ პირს მიეცეს შესაძლებლობა, წარადგინოს ინფორმაცია და განმარტებები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც დაიწყო მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურა, ასევე წარადგინოს სხვა ინფორმაცია, რომელიც ასაბუთებს ამ პირისთვის შესაბამისი სტატუსის გახანგრძლივების საჭიროებას. 4. თუ საერთაშორისო დაცვის მქონე პირი საქართველოში არ იმყოფება, ან მასთან დაკავშირება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ვერ ხერხდება, ან იგი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე, მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელება ან მის გაგრძელებაზე უარის თქმა მოხდება იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც აქვს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს. 5. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში და წარადგენს ინფორმაციას მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, აღნიშნული მიზეზის გამოკვლევის შემდეგ უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და გასაუბრების დანიშვნის შესახებ. 6. გასაუბრება ტარდება ამ კანონის 41-ე მუხლით დადგენილი წესით. 7. პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხზე, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის საკითხზე გასაუბრების დროს უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა შეაფასოს როგორც მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ასაბუთებს ამ პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის კანონიერებას, ისე აღნიშნული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში). 8. პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დასრულებამდე, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მას აქვს შესაბამის სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლება და მოვალეობა. 9. ამ მუხლის პირველი ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ვადა 1 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
მუხლი 64. პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 1. პირს საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის მითითებით. 2. პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ანდა აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევების საკითხი რეგულირდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 65. წარმოებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა 1. ლტოლვილისთვის ან დამატებითი დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა იწვევს მისი ოჯახის წევრისთვის წარმოებული სტატუსის შეწყვეტას, გაუქმებას ან ჩამორთმევას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ოჯახის წევრი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 ან მე-19 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ოჯახის წევრისთვის წარმოებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხს უფლებამოსილი თანამდებობის პირი განიხილავს ინდივიდუალურად, მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს, რომლის ოჯახის წევრსაც შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა წარმოებული სტატუსი, შესაბამისი გადაწყვეტილება ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.
თავი VII თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, დამატებითი დაცვის მქონე პირისა და დროებითი დაცვის მქონე პირის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 66. თავშესაფრის მაძიებლის უფლებები 1. თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: ა) თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში არ იქნეს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული წარმოშობის ქვეყანაში; ბ) მიიღოს ინფორმაცია თავისი უფლებებისა და მოვალეობებისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ; გ) გასაუბრება მისი დასაბუთებული მოთხოვნით, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში ჩაუტაროს მისთვის სასურველი სქესის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა და ისარგებლოს სასურველი სქესის თარჯიმნის მომსახურებით; დ) თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; ე) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ვ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვის პერიოდში, ამ კანონისა და მინისტრის ბრძანების შესაბამისად, დარჩეს მიმღებ ცენტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი პენიტენციურ დაწესებულებაში, სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში ანდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება; ზ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, ხოლო ამ ცნობის საფუძველზე – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება; თ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფილი იყოს სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობებით; ი) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიღების უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღების უფლებით; კ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა; ლ) ნებაყოფლობით გამოიხმოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება; მ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან; ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ, დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით; ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით; პ) იყოს ინფორმირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან დაკავშირების შესაძლებლობის შესახებ; ჟ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისთვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ გავრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებები.
მუხლი 67. თავშესაფრის მაძიებლის მოვალეობები თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვეულებებს; ბ) არ დატოვოს საქართველო თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში, მათ შორის, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან მინიჭებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას; გ) შეძლებისდაგვარად მცირე ვადაში წარადგინოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასაბუთებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, მტკიცებულება და ხელმისაწვდომი დოკუმენტის დედანი და მათი შეფასების პროცესში ითანამშრომლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან, აგრეთვე სარწმუნოდ განმარტოს ინფორმაციისა და მტკიცებულების წარუდგენლობის ან არარსებობის მიზეზები; დ) თქვას სიმართლე და ითანამშრომლოს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ყველა შესაბამისი გარემოების სრულყოფილად დასადგენად; ე) განმარტოს თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას გამოვლენილი შეუსაბამობა; ვ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარუდგინოს და ჩააბაროს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტები (მათი არსებობის შემთხვევაში); ზ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს აცნობოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებების შეცვლის შესახებ; თ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ან სასამართლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში), ამასთანავე, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ან სასამართლოს 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის ცვლილების, სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის შეცვლის, აგრეთვე ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შესახებ; ი) ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა მიმართოს სამინისტროს შესაბამისი ცნობის გაცემის მოთხოვნით და მის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან (შემდგომ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მოითხოვოს ახალი ბინადრობის მოწმობის გაცემა, ხოლო მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს სამინისტროს შესაბამისი ცნობის გაცემის მოთხოვნით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მოითხოვოს ახალი ბინადრობის მოწმობა; კ) გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში ჩაიტაროს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა; ლ) მიმღებ ცენტრში განთავსების შემთხვევაში დაემორჩილოს მიმღები ცენტრის შინაგანაწესს; მ) ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს; ნ) სამინისტროს მიერ ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში დატოვოს მიმღები ცენტრი.
მუხლი 68. ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის უფლებები 1. ლტოლვილს, დამატებითი დაცვის მქონე პირს უფლება აქვს: ა) იყოს ინფორმირებული ამ კანონით მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის ფორმის (სტატუსის), აგრეთვე აღნიშნული სტატუსიდან გამომდინარე უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; ბ) მიიღოს დროებითი ბინადრობის მოწმობა და ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების შესახებ ცნობა; გ) თავისუფლად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილდეს საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე, გამონაკლისი შემთხვევებისა; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია; ე) ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებიდან 10 დღის განმავლობაში დარჩეს მიმღებ ცენტრში; ვ) წერილობითი მოთხოვნისა და ბინადრობის მოწმობის წარდგენის თვის მომდევნო თვიდან მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყოველთვიური შემწეობა; ზ) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მისაღებად მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს; თ) იმოგზაუროს სხვა ქვეყანაში (გარდა წარმოშობის ქვეყნისა) ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტითა და 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადების დაცვით; ი) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიღების უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღების უფლებითა და სხვა ქვეყანაში მიღებული განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების პროცედურებით; კ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სახელმწიფო პროგრამებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა; ლ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ, დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით; მ) ისარგებლოს ოჯახის გაერთიანების უფლებით; ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით; ო) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისთვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; პ) სამინისტროს მიერ ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაიბრუნოს სამინისტროსთვის ჩაბარებული სამგზავრო დოკუმენტი/სამგზავრო პასპორტი. 2. სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ლტოლვილზე გაიცემა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის 27-ე და 28-ე მუხლებით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის მოწმობა 3 წლის ვადით და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი. 3. სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დამატებითი დაცვის მქონე პირზე გაიცემა დროებითი ბინადრობის მოწმობა მისი სტატუსის მოქმედების ვადით და სამგზავრო პასპორტი. 4. ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტისა და სამგზავრო პასპორტის ფორმებსა და გაცემის წესებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 69. ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის მოვალეობები ლტოლვილი, დამატებითი დაცვის მქონე პირი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვეულებებს; ბ) შესაბამისი გარემოების წარმოშობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ან სასამართლოს წერილობით აცნობოს მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის ცვლილების, აგრეთვე სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის შეცვლის შესახებ; გ) ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა მიმართოს სამინისტროს შესაბამისი ცნობის გაცემის მოთხოვნით და მის საფუძველზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მოითხოვოს ახალი ბინადრობის მოწმობის გაცემა, ხოლო მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს სამინისტროს შესაბამისი ცნობის გაცემის მოთხოვნით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მოითხოვოს ახალი ბინადრობის მოწმობა; დ) ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებიდან 10 დღის ვადაში დატოვოს მიმღები ცენტრი.
მუხლი 70. ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკური გარანტიები 1. ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტრო კოორდინაციას უწევს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების საქმიანობას ლტოლვილთა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა დახმარების სფეროში. 2. ამ კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყოველთვიური შემწეობის გაცემა შეუჩერდება იმ ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს, რომელიც: ა) საქართველოს 1 თვეზე მეტი ხნით დატოვებს; ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება; გ) პირადი განცხადებით უარს იტყვის ყოველთვიური შემწეობის მიღებაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეჩერებული ყოველთვიური შემწეობა აღდგება მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის მიერ პირადი განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვიდან. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეჩერებული ყოველთვიური შემწეობა არ ანაზღაურდება მისი შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში. 5. ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს ყოველთვიური შემწეობა ენიშნება ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 71. დროებითი დაცვის მქონე პირის უფლებები დროებითი დაცვის მქონე პირს უფლება აქვს: ა) იყოს ინფორმირებული ამ კანონით მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის ფორმის (სტატუსის), აგრეთვე აღნიშნული სტატუსიდან გამომდინარე უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; ბ) მიიღოს დროებითი დაცვის მინიჭების თაობაზე ცნობა და დროებითი ბინადრობის მოწმობა მისთვის მინიჭებული დროებითი დაცვის მოქმედების ვადით; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღოს სამედიცინო მომსახურება; დ) ისარგებლოს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიღების უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღების უფლებითა და სხვა ქვეყანაში მიღებული განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების პროცედურებით; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით; ვ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისთვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; ზ) უზრუნველყოფილი იყოს კვებითა და თავშესაფრით ან შესაბამისი ფულადი დახმარებით მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 72. დროებითი დაცვის მქონე პირის მოვალეობები დროებითი დაცვის მქონე პირი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვეულებებს; ბ) შესაბამისი გარემოების წარმოშობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ან სასამართლოს წერილობით აცნობოს მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის ცვლილების, აგრეთვე სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის შეცვლის შესახებ; გ) ითანამშრომლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან; დ) გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები და უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში ჩაიტაროს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა; ე) ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა მიმართოს სამინისტროს შესაბამისი ცნობის გაცემის მოთხოვნით და მის საფუძველზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მოითხოვოს ახალი ბინადრობის მოწმობის გაცემა, ხოლო მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს სამინისტროს შესაბამისი ცნობის გაცემის მოთხოვნით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მოითხოვოს ახალი ბინადრობის მოწმობა.
მუხლი 73. საერთაშორისო დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ამ კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებენ ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
თავი VIII საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან დაკავშირებული საკითხების გრძელვადიანი გადაწყვეტა
მუხლი 74. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეპატრიაცია საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეპატრიაციის განსახორციელებლად სამინისტრომ უნდა დაიცვას შემდეგი პირობები: ა) რეპატრიაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და იგი ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა განახორციელონ; ბ) რეპატრიაციის შესახებ საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ნება წერილობით უნდა იქნეს გამოხატული; გ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირს უნდა მიეწოდოს ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ამ ქვეყანაში დაბრუნების შესაძლო შედეგების შესახებ.
მუხლი 75. საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან/და კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ან/და ახორციელებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამებს და ხელს უწყობს ამ პროგრამებში მათ ჩართვას.
თავი IX პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
მუხლი 76. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება 1. პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ამ კანონის საფუძველზე დამუშავებული პერსონალური მონაცემები იშლება ან/და ნადგურდება: ა) უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ; ბ) ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.
თავი X ადმინისტრაციულ ორგანოთა უფლებამოსილებანი და ვალდებულებანი. საერთაშორისო თანამშრომლობა
მუხლი 77. სამინისტრო 1. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის უფლების განხორციელებას. 2. ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამინისტრო: ა) ახდენს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის იდენტიფიცირებას და განსაზღვრავს მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების მიზანშეწონილობას; ბ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხის შექმნის საკითხზე რეკომენდაციის მისაღებად; გ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირების შემთხვევაში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტავს თავშესაფრის პროცედურასა და თავშესაფრის მაძიებლის უფლებებსა და მოვალეობებს; დ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიღებას და არგაძევებას ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპის დაცვით; ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისთვის ატარებს პირველად გასაუბრებას უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან; ვ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში იღებს მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამ პირს სამგზავრო დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ აქვს სამგზავრო დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დგება მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე; ზ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიცირებაში დახმარების მისაღებად, თუ სამინისტრო თავად ვერ ახდენს მის იდენტიფიცირებას; თ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უზიარებს თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემებს მათზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობისა და ბინადრობის მოწმობის გასაცემად; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აწვდის თავშესაფრის მაძიებლისთვის ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის, თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის, საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციას მათზე გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, დროებითი ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის გასაუქმებლად; ი) თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან; კ) მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას აწვდის უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა/თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ ინფორმაციას; ლ) ახორციელებს მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას; მ) ანაზღაურებს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის საფუძველზე თავშესაფრის მაძიებლისა და დროებითი დაცვის მქონე პირისთვის ჩატარებული შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს; ნ) ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მინისტრი უფლებამოსილია ამ კანონით სამინისტროს უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
მუხლი 78. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიცირებას და სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხის შექმნის საკითხზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხის შექმნა გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს კავშირი აქვს: ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ) სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან; გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; დ) სხვა დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან) ან/და შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები არ დაზიანდეს.
მუხლი 79. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო: ა) სამინისტროს მიერ გაცემული თავშესაფრის მაძიებლის ცნობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფრის მაძიებელზე გასცემს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას, ხოლო საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე – დროებითი ბინადრობის მოწმობას; ბ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ლტოლვილზე ან დამატებითი დაცვის მქონე პირზე გასცემს, შესაბამისად, სამგზავრო დოკუმენტს ან სამგზავრო პასპორტს; გ) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას და გასცემს შესაბამის მოწმობას; დ) თავშესაფრის პროცედურის ეფექტიანად აღსრულებისთვის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველსაყოფად სამინისტროს უზიარებს ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, დროებითი ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაცემის, მის მიერ საქართველოს მოქალაქეობის ფლობის/მოპოვების, აგრეთვე მისი გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.
მუხლი 80. საქართველოს პროკურატურა 1. საექსტრადიციო პროცედურის განხორციელებისას საქართველოს პროკურატურის ან პროკურორის დავალებით უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დამკავებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა, ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ. 2. საქართველოს პროკურატურა სამინისტროს აწვდის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საექსტრადიციო დოკუმენტაციას.
მუხლი 81. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური: ა) ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებულ უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, აწვდის იმავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას და შესაბამის დოკუმენტაციას 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამინისტროს; ბ) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს განუმარტავს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს; გ) სასჯელის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 2 კვირისა, ხოლო სხვა საფუძვლით გათავისუფლებისას – გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა სამინისტროს აცნობებს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის, აგრეთვე იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გათავისუფლების თარიღს, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში უფლებამოსილი თანამდებობის პირის/პირების თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან, აგრეთვე იმ უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან შეხვედრის ორგანიზებას, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა; ე) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის/პირებისთვის თავშესაფრის მაძიებლის, აგრეთვე იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დოკუმენტების, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტის (მისი არსებობის შემთხვევაში), ასლების გაგზავნას, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა; ვ) სამინისტროს აწვდის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის, აგრეთვე იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, დაქტილოსკოპიურ მონაცემებს, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა.
მუხლი 82. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: ა) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე აწვდის მას საერთაშორისო დაცვის საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციას, ამ კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით; ბ) ამ კანონის 53-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად, სამინისტროს მიმართვის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს ვიზას საქართველოში გამომგზავრების მსურველ საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ან საერთაშორისო დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის წევრზე/წევრებზე; გ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების დახმარებით ხელს უწყობს ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ნებაყოფლობით რეპატრიაციას.
მუხლი 83. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: ა) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტითა და 71-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას; ბ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მეურვით/მზრუნველით/მხარდამჭერით უზრუნველყოფს თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანს ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის ყოლას საჭიროებს, ამასთანავე, არასრულწლოვანს განათავსებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით; გ) ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან/და კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ან/და ახორციელებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამებს და ხელს უწყობს ამ პროგრამებში მათ ჩართვას.
მუხლი 84. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: ა) თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ზოგადი განათლების მიღების მხარდაჭერის მიზნით უზრუნველყოფს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ხელშეწყობას. თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი, ამ პროგრამის შინაარსი, განხორციელების ვადები და დაფინანსების წესი განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით; ბ) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტითა და 71-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას; გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე უგზავნის მას ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტითა და 71-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის შესახებ; დ) ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობს სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.
მუხლი 85. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახური საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების გაწევას.
მუხლი 86. სამინისტროს თანამშრომლობა სხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან 1. სამინისტრო საერთაშორისო დაცვის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს სხვა ქვეყნებთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისარსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 2. სამინისტრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან თანამშრომლობს „საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შორის“ 1996 წლის 11 სექტემბრის შეთანხმების ფარგლებში.
თავი XI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 87. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. 2025 წლის 1 ოქტომბრამდე მინისტრმა უზრუნველყოს: ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დადგენა; ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებაში მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს სათანადო დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დადგენა; გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დადგენა; დ) საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განთავსებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ე) ამ კანონის ამოქმედებისთვის საჭირო სხვა შესაბამისი ბრძანებების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. 2025 წლის 1 ოქტომბრამდე მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყონ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, აგრეთვე სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის განსაზღვრა. 3. 2025 წლის 1 დეკემბრამდე პენიტენციურმა დაწესებულებამ უზრუნველყოს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში 2025 წლის 1 ოქტომბრამდე მოთავსებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხდის შემდეგ ან სასჯელის მოხდისგან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლების შემდეგ საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების შესახებ ინფორმაციის, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობისა და შესაბამისი ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. 4. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც 2025 წლის 1 ოქტომბრამდე აქვს მინიჭებული ჰუმანიტარული სტატუსი, ეს სტატუსი შეუნარჩუნდება იმავე ვადით, რომლითაც მას საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული სტატუსი მიენიჭა. 5. თუ პირი, რომელიც საქართველოში 2025 წლის 1 ოქტომბრამდე შემოვიდა, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 30 დღის ვადაში არ წარადგენს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, მისი განცხადება განიხილება დაჩქარებული წესით, ამ კანონის შესაბამისად. 6. ამ კანონის შესაბამისად სათანადო სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
მუხლი 88. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.12.2016, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.018235).
მუხლი 89. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−86-ე მუხლებისა, 87-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და 88-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი−86-ე მუხლები, 87-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები და 88-ე მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N864-IIმს-XIმპ |
Return back
Document comments