საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 183
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 06/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.011566
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
183
29/02/2008
სსმ, 35, 06/03/2008
040030000.22.022.011566
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (06/03/2008 - 18/12/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.566

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №183

2008 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ

,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის თანდართული წესდება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №519 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის წესდება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სეისმური მონიტორინგის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას.

2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

3. ცენტრი შექმნილია ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ცენტრთან არსებული საქართველოს ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის ბაზაზე.

4. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მათი განვითარების შესახებ“ და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.

5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

    მუხლი 2. ცენტრის მიზნები და ამოცანები

1. ცენტრის მიზანია:

ა) სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება სეისმოლოგიის სფეროში:

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მიწისძვრებზე უწყვეტი დაკვირვებების წარმოება;

გ) დაკვირვება სეისმურ პროცესზე და სხვა გეოფიზიკურ ველებზე, მიწისძვრის შესაძლო წინამორბედების გამოვლენის მიზნით;

დ) სეისმური საშიშროების და რისკის შეფასება, შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნა;

ე) მონაცემების ოპერატიული და შემდგომი დამუშავება;

ვ) სეისმური მოვლენების მონიტორინგი; სეისმური ქსელის ორგანიზება; მონაცემთა რეალურ დროში გადაცემა. განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტებზე ადრეული შეტყობინების სისტემების შექმნა;

ზ) ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში სასწრაფო (ოპერატიული) შეტყობინება. ქვეყნის მოსახლეობასა და მთავრობისათვის ინფორმაციის მიწოდება სტიქიის მასშტაბების შესახებ და კვალიფიციური შეფასება;

თ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;

ი) სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;

კ) ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და დანერგვა;

ლ) სეისმოლოგიური კვლევების ახალი მეთოდების შემუშავება, დახვეწა და პრაქტიკაში დანერგვა;

მ) სეისმურ, გეოფიზიკურ და სხვა ველებზე დაკვირვებისათვის საჭირო აპარატურის შექმნა-სრულყოფა;

ნ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება საზღვარგარეთის ქვეყნების, კავკასიის რეგიონის და მისი მოსაზღვრე ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებთან და სეისმოლოგიურ მონაცემთა ცენტრებთან მონაცემთა გაცვლა და ერთობლივი სამუშაოების (კვლევების) ჩატარება;

ო) ცენტრის სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება;

პ) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობის მიღება. თანამედროვე დონის კადრების მომზადება.

2. ცენტრი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის, საპროექტო და ტექნოლოგიური საქმიანობა.

თავი II

ცენტრის მართვა

    მუხლი 3. ცენტრი მართვის ორგანოები და სტრუქტურა

1. ცენტრის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის სამეცნიერო საბჭო, ხოლო საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი.

2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია: სამეცნიერო განყოფილება, ლაბორატორია, ცენტრი ან სექტორი.

    მუხლი 4. ცენტრის სამეცნიერო საბჭო

1. ცენტრის სამეცნიერო საბჭო შედგება 6 წევრისაგან.

2. სამეცნიერო საბჭო:

ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით, ირჩევს ცენტრის დირექტორს;

ბ) ცენტრის დირექტორის წარდგინებით ისმენს ანგარიშს ცენტრის ბიუჯეტის შესრულებაზე;

გ) უფლებამოსილია კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით ხელშეკრულება შეუწყვიტოს ცენტრის დირექტორს;

დ) სამეცნიერო კვლევაში ჩაურევლად განიხილავს და განსაზღვრავს ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უზრუნველყოფს ამ მიმართულებათა სწორად განხორციელებას;

ე) ღია კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი;

ვ) ითანხმებს დირექტორის მიერ შემუშავებული ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს;

ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს;

თ) ითანხმებს ცენტრის დირექტორის მიერ შემუშავებულ წესდების ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს;

ი) მოისმენს და განიხილავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს;

კ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას განსახილველად წარუდგენს ცენტრის საქმიანობის წლიურ სამეცნიერო ანგარიშს;

ლ) განიხილავს სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს;

მ) იღებს გადაწყვეტილებებს სამეცნიერო ჟურნალების გამოცემის თაობაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;

ნ) ამ წესდებით დადგენილი წესით ქმნის კონკურსის სამდივნოს დირექტორისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით;

ო) დირექტორისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის და არჩევნების ორგანიზების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – გადაწყვეტილებას.

    მუხლი 5. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება

1. სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს წევრების არჩევის, მაგრამ არანაკლებ წევრთა საერთო რაოდენობის 2/3-ის არჩევის შემდეგ, წევრების პირველ სხდომაზე.

2. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც.

3. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

4. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე.

5. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ცენტრის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.

6. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ან ცენტრის პერსონალიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს.

7. სამეცნიერო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი სურვილით;

ბ) სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;

გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;

ე) გარდაცვალებისას;

ვ) ცენტრის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას.

    მუხლი 6. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე

1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამეცნიერო საბჭოს წევრთა მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები.

2. სამეცნიერო საჭოს თავმჯდომარე აირჩევა ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.

3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე:

ა) იწვევს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;

ბ) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას;

გ) ხმის უფლებით მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებებში;

დ) მეთვალყურეობას უწევს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას;

ე) სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს თავისი მოადგილის კანდიდატურას.

4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი სურვილით;

ბ) სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;

გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;

ე) გარდაცვალებისას;

ვ) ცენტრის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას.

5. სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს.

6. მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს.

    მუხლი 7. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს არჩევა

1. სამეცნიერო საბჭოს წევრები აირჩევიან ცენტრის მეცნიერთა საერთო კრების სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. ცენტრის მეცნიერთა საერთო კრება შედგება ცენტრის მომუშავე სამეცნიერო პერსონალისაგან. ცენტრის მეცნიერთა საერთო კრება მოიწვევა დირექტორის მიერ სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.

3. ცენტრის საერთო კრებას უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოს წევრად პირის/პირების არჩევამდე 30 დღით ადრე განსაზღვროს სამეცნიერო საბჭოს წევრის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. სამეცნიერო საბჭოს წევრის კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან და დირექტორის/დირექტორის მოადგილის თანამდებობასთან.

4. არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ცენტრის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირს.

5. სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციისა და არჩევნების დღეს ნიშნავს ცენტრის დირექტორი.

6. სამეცნიერო საბჭოს არჩევნებში ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. თითოეული მეცნიერი ხმას აძლევს პირადად. არჩეულად ითვლებიან კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მოიპოვებენ ყველაზე მეტ ხმას.

7. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრობის ორი ან მეტი ყველაზე ნაკლები ხმების მქონე კანდიდატი დააგროვებს ხმათა თანაბარ რაოდენობას, დირექტორის მიერ მათთვის ინიშნება არჩევნების მეორე ტური.

8. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების დროს ვერ იქნა არჩეული საკმარისი რაოდენობის სამეცნიერო საბჭოს წევრი, დირექტორის მიერ დარჩენილ ადგილებზე ინიშნება ხელახალი არჩევნები.

9. სამეცნიერო საბჭოს წევრის ვადამადე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, დირექტორი ნიშნავს სამეცნიერო საბჭოს წევრის დამატებით/რიგგარეშე არჩევნებს. სამეცნიერო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.

    მუხლი 8. ცენტრის საარჩევნო კომისია

1. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს არჩევნების მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება სამეცნიერო საბჭოს საარჩევნო კომისია, რომელიც შედგება დაწესებულების თანამშრომლებისაგან.

2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:

ა) სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატი;

ბ) ცენტრის დირექტორი ან მისი ნათესავი;

გ) დირექტორის მოადგილე ან მისი ნათესავი.

3. ამ წესდების მიზნებისათვის ,,ნათესავი“ გულისხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირს.

4. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ცენტრის დირექტორი.

5. საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა და საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი ნაკლებია დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ რაოდენობაზე, კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საზოგადოების წარმომადგენელი.

7. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი აღემატება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ რაოდენობას, საარჩევნო კომისიის წევრების გამოსავლენად დირექტორის მიერ საჯაროდ ტარდება წილისყრა.

8. კომისია პირველ სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს ხმათა უბრალო უმრავლესობით.

    მუხლი 9. ცენტრის დირექტორის უფლებამოსილება

1. ცენტრის მართვას ახორციელებს დირექტორი.

2. ინსტიტუტის დირექტორი:

ა) შეიმუშავებს ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს შესათანხმებლად;

ბ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს ათანხმებს სამინისტროსთან;

გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებსა და ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, ადგენს სამეცნიერო თანამდებობების დაკავების კონკურსის წესსა და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამეცნიერო საბჭოს არჩევის მიზნით, ქმნის საარჩევნო კომისიას, ადგენს სამეცნიერო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებულ, ამ წესდებით გათვალისწინებულ ვადებს;

ე) ითანხმებს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;

ვ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს შტატგარეშე პირი;

ზ) ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ პირს ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე;

თ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

ი) ცენტრის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობასთან დაკავშირებით;

კ) სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;

ლ) უფლებამოსილია არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოადგილე/მოადგილეები;

მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით განსაზღვრავს იმ მოადგილეს, რომელიც დროებით განახორციელებს დირექტორისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს დირექტორის არყოფნისას, თუ დირექტორის მიერ არ იქნება დანიშნული დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი;

ნ) ხელს უწყობს მეცნიერ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;

ო) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით ამტკიცებს ცენტრის ბიუჯეტს;

პ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ცენტრის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

ჟ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ცენტრის ფინანსურ სახსრებს და მასავე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

რ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, წახალისების სახესა და გამოყენების წესს;

ს) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

უ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამზადებს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს;

ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ცენტრის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები.

4. დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი სურვილით;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;

დ) გარდაცვალებისას;

ე) 65 წლის ასაკის მიღწევისას.

5. დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

    მუხლი 10. ცენტრის დირექტორის არჩევის წესი

1. ცენტრის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უმაღლესი განათლების მქონე პირმა, რომელსაც აქვს მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.

2. ცენტრის დირექტორის არჩევა ხდება 4 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის ზედიზედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ.

3. ცენტრის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით თანამდებობაზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო.

4. დირექტორის არჩევნების მიზნით სამეცნიერო საბჭო ადგენს დირექტორის საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსის პირობებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს.

5. დირექტორის კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ქმნის სამდივნოს და ადგენს კანდიდატების რეგისტრაციის ვადებს.

6. სამეცნიერო საბჭოს მიერ შექმნილი სამდივნო განიხილავს კანდიდატთა განცხადებებსა და წარმოდგენილ საბუთებს. კონკურსის სამდივნო შედგება ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრების, ცენტრის სხვა მეცნიერების ან/და დამხმარე პერსონალისაგან, რომლებიც სამდივნოს ფუნქციების განხორციელებისას ექვემდებარებიან სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს. კონკურსის სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

7. სამდივნო დირექტორების კანდიდატურებს წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს, რომელიც კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამის საფუძველზე ირჩევს დირექტორს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. დირექტორების კანდიდატებისათვის ხმის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ სამეცნიერო საბჭოს წევრთა 1/3-ისა.

9. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საკმარისი ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში.

    მუხლი 11. ცენტრის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი

1. ცენტრის სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა (ლაბორატორია, განყოფილება, ცენტრი და სხვა) განისაზღვრება საშტატო განრიგით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.

2. ცენტრის სტრუქტურული ერთეული:

ა) შეიმუშავებს და ცენტრის დირექტორს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დებულებისა და ბიუჯეტის პროექტს;

ბ) სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტებს;

გ) ითანხმებს სტრუქტურული ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის კონკურსის ჩატარების წესს და დამატებით საკვალიფიკაციო პირობებს.

3. ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს მართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ერთეულს შესაბამისი დარგის მიხედვით;

ბ) შეიმუშავებს სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი პერსპექტიული საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად;

გ) დირექტორის წინაშე აყენებს სამეცნიერო თანამდებობიდან პირის გათავისუფლების ან პირის დაწინაურების საკითხს;

დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.

    მუხლი 12. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი

1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეიძლება ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. ცენტრის სამეცნიერო საბჭო ღია კონკურსის წესით ირჩევს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს 4 წლის ვადით და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი.

თავი III

ცენტრის პერსონალი

    მუხლი 13. ცენტრის პერსონალი

1. ცენტრის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან.

2. ცენტრის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.

3. ცენტრის სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება შემდეგი მეცნიერები:

ა) მეცნიერი თანამშრომელი;

ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;

გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

4. ცენტრის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება:

ა) ცენტრის დირექტორი;

ბ) დირექტორის მოადგილე/მოადგილეები.

5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება ამავე ცენტრში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

6. ცენტრის სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება ცენტრის საშტატო განრიგით.

    მუხლი 14. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი

1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობის დაკმაყოფილება:

ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.

3. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.

    მუხლი 15. მეცნიერთა უფლებები და მოვალეობები

1. მეცნიერს უფლება აქვს:

ა) დამოუკიდებლად განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;

ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;

გ) თანამდებობრივი სარგოს მიღების გარდა, მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში; აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის დაფინანსებით, მიუხედავად სამუშაო ადგილის შეცვლისა;

დ) ისარგებლოს ცენტრის ბიბლიოთეკით და ცენტრის სხვა ქონებით;

ე) მისი კვალიფიკაციის ამაღლებისა და წარმოებული სამეცნიერო კვლევების შედეგების უკეთესად წარმოჩენის მიზნით, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სასწავლო კურსებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და სხვა სახის სამეცნიერო ღონისძიებებში;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. მეცნიერი ვალდებულია:

ა) დაიცვას ცენტრის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

გ) გაუფრთხილდეს ცენტრის ქონებას;

დ) სამეცნიერო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.

თავი IV

ცენტრის ქონება და დაფინანსების წყაროები. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი

    მუხლი 16. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი

ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს ცენტრის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს ცენტრს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

    მუხლი 17. ცენტრის ქონება

1. ცენტრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ცენტრის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით ცენტრს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

5. ამ მუხლის მესამე პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.

    მუხლი 18. ცენტრის დაფინანსება

1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სამეცნიერო გრანტებით მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) შემოწირულობები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ცენტრის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

3. ცენტრის შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

    მუხლი 19. ცენტრის ბალანსის შედგენა და შემოწმება

ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 20. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე.

3. ცენტრის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ცენტრის დირექტორი. ლიკვიდატორის საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.

4. ლიკვიდატორი:

ა) დანიშვნისთანავე ადგენს ბალანსს;

ბ) ცენტრის ცნობილ კრედიტორებს სპეციალური შეტყობინებით აცნობებენ ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ, თუ კრედიტორების მისამართი უცნობია, შეტყობინება ლიკვიდაციის თაობაზე ხდება საჯარო განცხადებით;

გ) ამთავრებს მიმდინარე საქმეებს, ასრულებს ცენტრის ვალდებულებებს;

დ) უფლებამოსილია დაამთავროს სასამართლო პროცესი ან მორიგებით დაასრულოს დავები;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

5. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

თავი V

წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

    მუხლი 21. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 22. გარდამავალი დებულება

1. ცენტრის პირველი სამეცნიერო საბჭოს შექმნამდე მის უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

2. ცენტრის პირველი სამეცნიერო საბჭოს არჩევნების ჩატარება ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უზრუნველყოს ამ წესდების დამტკიცებიდან ორი თვის ვადაში.

3. სამეცნიერო საბჭომ დირექტორის არჩევა უზრუნველყოს არჩევიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში.