დასაქმების შესახებ

  • Word
დასაქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1084
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/09/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 17/10/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.180.000.05.001.000.984
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1084
28/09/2001
სსმ, 29, 17/10/2001
270.180.000.05.001.000.984
დასაქმების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (17/10/2001 - 07/04/2002)

საქართველოს კანონი

დასაქმების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

ეს კანონი განსაზღვრავს დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ეკონომიკურ, სოციალურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს.

    მუხლი 1. კანონის მიზანი

კანონის მიზანია:

ა) დასაქმების სფეროში სახელმწიფოს კომპეტენციის დადგენა;

ბ) საქართველოს მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის საქმიანობის სახეობისა და პროფესიის თავისუფლად არჩევის კონსტიტუციური უფლების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

გ) დასაქმების სფეროში სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობათა სამართლებრივი პრინციპების განსაზღვრა;

დ) უმუშევართა სოციალური დაცვის ეკონომიკური, სოციალური და ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა;

ე) დასაქმების სფეროში საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფო გარანტიებისა და დაბალკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსებისათვის დამატებითი სახელმწიფო გარანტიების განსაზღვრა;

ვ) დასაქმების სფეროში სოციალური პარტნიორების ფუნქციების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთმოქმედების მექანიზმისა და უფლება-მოვალეობების განსაზღვრა.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სამუშაო ასაკის მქონე საქართველოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, ყველა საწარმოსა და ორგანიზაციაზე, მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

    მუხლი 3. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა დასაქმებასთან დაკავშირებულ პროცესში დამსაქმებელს, სამუშაოს მაძიებელსა და სახელმწიფოს შორის.

    მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დასაქმებული – ფიზიკური პირი, რომელიც პირად და საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიზნით ეწევა საქმიანობას, რომელიც კანონით აკრძალული არ არის, და ანაზღაურებას იღებს ფულადი ან ნატურალური ფორმით;

ბ) თვითდასაქმებული – საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში მოგების ან ოჯახური შემოსავლის (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით მომუშავე პირი;

გ) დამსაქმებელი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს დაქირავებულ შრომას;

დ) უმუშევარი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი პირი, რომელსაც არა აქვს სამუშაო, ეძებს მას და მზად არის სამუშაოს შესასრულებლად;

ე) სამუშაოს მაძიებელი – სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი პირი (უმუშევარი ან დასაქმებული), რომელიც რეგისტრირებულია დასაქმების სამსახურში და მისი მეშვეობით ეძებს სამუშაოს;

ვ) რეგისტრირებული უმუშევარი – უმუშევარი, რომელიც რეგისტრირებულია დასაქმების სახელმწიფო სამსახურში.

ზ) შესაფერისი სამუშაო – სამუშაო, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ზ.ა) შეესაბამება სამუშაოს მაძიებლის პროფესიულ მომზადებას კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ასევე ფიზიკურ მდგომარეობას, თუ ამის აუცილებლობა სამუშაო ადგილის მოთხოვნით არის განპირობებული;

ზ.ბ) მაძიებლის ძირითადი საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილზე მისვლა სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისას ბავშვიანი ქალებისათვის შესაძლებელია არა უმეტეს 30 წუთში, ხოლო სხვებისათვის – არა უმეტეს 60 წუთში;

ზ.გ) ანაზღაურება მოცემული სამუშაოს მიხედვით არ არის ნაკლები რეგისტრირებული უმუშევრის ხელფასზე წინა სამუშაო ადგილის მიხედვით;

ზ.დ) ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, მათ შორის, დროებითი ხასიათის, შესაფერისად ითვლება პირისათვის:

ზ.დ.ა) რომელსაც არა აქვს პროფესია და პირველად ეძებს სამუშაოს;

ზ.დ.ბ) რომელიც დათხოვნილია სამუშაოდან შრომის დისციპლინის დარღვევისათვის;

ზ.დ.გ) რომელიც თორმეტ თვეზე მეტი ხნის უმუშევარია;

ზ.დ.დ) რომელმაც შეწყვიტა ან არ ისურვა პროფესიული გადამზადება (ახალი პროფესიის მიღება) დასაქმების სახელმწიფო სამსახურის შეთავაზებით;

ზ.დ.ე) რომელიც დათხოვნილია სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან და არა აქვს პროფესია;

ზ.დ.ვ) რომელიც ყოფილი პატიმარია და გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან;

თ) შრომითი რესურსები – საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრები სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი ან ნაწილობრივ შრომისუნარიანი პირები;

ი) დაბალკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსები:

ი.ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც საქმიანობა შეუძლიათ მხოლოდ სპეციალურად შექმნილ სამუშაო პირობებში;

ი.ბ) 25 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც პირველად გამოდიან შრომის ბაზარზე და რომლებსაც არა აქვთ პროფესია;

ი.გ) მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ სამი და მეტი შვილი;

ი.დ) მარტოხელა დედები ან მამები, რომლებსაც ჰყავთ 14 წლამდე ასაკის ბავშვები;

ი.ე) თორმეტ თვეზე მეტი ხნის უმუშევრები;

ი.ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დემობილიზებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც არა აქვთ პროფესია;

ი.ზ) ყოფილი პატიმრები, რომლებიც გათავისუფლდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან;

კ) პრიორიტეტული განვითარების ზონა – ერთი ან რამდენიმე რაიონი (ქალაქი), სადაც უმუშევრობის დონე საშუალო სახელმწიფოებრივზე მაღალია;

ლ) დასაქმების სპეციალური პროგრამა – დასაქმების პროგრამა, რომელიც დაბალკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსების დასაქმების მიზნით ითვალისწინებს სპეციალურ ღონისძიებებს ამა თუ იმ დარგში;

მ) დასაქმების რეგიონული პროგრამა – საქართველოს ერთ ან რამდენიმე რეგიონში გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დასაქმებულთა რაოდენობისა და დასაქმების ეფექტიანობის გაზრდას;

ნ) დასაქმების ადგილობრივი პროგრამა – საქართველოს რაიონში (ქალაქში) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ერთად გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დასაქმებულთა რაოდენობისა და დასაქმების ეფექტიანობის გაზრდას;

ო) დასაქმების ეროვნული პროგრამა (უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა) – პროგრამა, რომელიც მოიცავს დასაქმების სპეციალურ, რეგიონულ და ადგილობრივ პროგრამებს, ადგენს მათ ურთიერთკავშირს, განხორციელების რიგითობას და რომლის მიზანია:

ო.ა) არსებობდეს სამუშაო ყველა იმ პირისათვის, ვინც ეძებს მას და მზადაა შეუდგეს მუშაობას;

ო.ბ) სამუშაო იყოს რაც შეიძლება უფრო პროდუქტიული;

ო.გ) რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად არსებობდეს საქმიანობის სფეროს არჩევის თავისუფლება, პროფესიის დაუფლებისა და საკუთარი უნარ-ჩვევების გამოყენების ფართო შესაძლებლობები;

პ) უმუშევრობის პრევენციული ღონისძიებები – არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით რეგისტრირებულ უმუშევართა, საწარმოთა და ორგანიზაციათა სუბსიდირება, სასესხო მომსახურება და თავდებობა;

ჟ) საზოგადოებრივი სამუშაოები – სამუშაოები, რომლებიც წარმოებს ინფრასტრუქტურული და საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ობიექტების რეკონსტრუქციის, მშენებლობის ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის აღება-დაბინავების მიზნით და არ საჭიროებს დასასაქმებელი კონტინგენტის განსაკუთრებულ პროფესიულ მომზადებას;

რ) დაქირავებული პირი – პირი, რომელიც მუშაობს სახელმწიფო ან კერძო დამქირავებელთან და ასრულებს განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით; აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ დროებით არ მუშაობს შვებულების, ავადმყოფობის, სამუშაოდან დროებითი დათხოვნის გამო ან სხვა მიზეზით.

    მუხლი 5. კანონმდებლობა დასაქმების შესახებ

კანონმდებლობა დასაქმების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციისაგან, ამ კანონისაგან, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

თავი II. სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების უფლებები და მოვალეობები დასაქმების სფეროში

    მუხლი 6. სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება

სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებას დასაქმების სფეროში განეკუთვნება:

ა) ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ან/და მიღება, რომლებიც განსაზღვრავენ დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და პრინციპებს;

ბ) მასობრივი უმუშევრობის თავიდან აცილებისა და დასაქმების პრობლემების მოწესრიგების მიზნით უმუშევრობის პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია;

გ) შრომის ბაზრის სისტემატური შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დასაქმების ეროვნული, რეგიონული, სპეციალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

დ) მოქალაქეთა დასაქმების პროგრამული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ფინანსური რესურსების ფორმირება და მიზნობრივად ხარჯვაზე კონტროლი;

ე) დასაქმებულთა და უმუშევართა სოციალური დაცვის ნორმების განსაზღვრა და შემოღება;

ვ) სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია პირთა დასაქმების მიზნით;

ზ) „პრიორიტეტული განვითარების ზონების“ დადგენა;

თ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ საკუთარი ფინანსური რესურსების ხარჯზე დასაქმებულთა და უმუშევართა სოციალური დაცვის დამატებითი წესებისა და ნორმატივების შემოღება;

ი) დასაქმების მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში შემოყვანაზე ნებართვების გაცემა.

    მუხლი 7. საქართველოს მოქალაქის უფლებები

საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს:

ა) თავისუფლად აირჩიოს პროფესია და საქმიანობის სახეობა, დამსაქმებელთან უშუალო კონტაქტით მოიძიოს სამუშაო ადგილი, ისარგებლოს დასაქმების კერძო სააგენტოს ან დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მომსახურებით, მიიღოს კონსულტაციები და ინფორმაცია სამუშაოს დაწყების, პროფესიის არჩევის, პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

ბ) დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით გაიაროს პროფესიული მომზადება, გადამზადება ან აიმაღლოს კვალიფიკაცია და ამ პერიოდში მიიღოს ფულადი დახმარება სტიპენდიის სახით;

გ) უმუშევრად რეგისტრაციის შემდეგ მიიღოს უმუშევრის შემწეობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხანგრძლივობითა და ოდენობით, ასევე ამ კანონით განსაზღვრული სხვა სახის სოციალური მომსახურება;

დ) აირჩიოს სამუშაო ადგილი და დაიწყოს მუშაობა საზღვარგარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

ე) დასაქმების სამსახურში რეგისტრაციის დროს განაცხადოს იმ სამუშაო ადგილის შესახებ, რომელზეც ისურვებდა მუშაობას იმ შემთხვევაში, თუ მას არა აქვს პროფესია ან კვალიფიკაცია.

    მუხლი 8. სახელმწიფო გარანტიები დასაქმების სფეროში

1. დასაქმების სფეროში სახელმწიფო გარანტიებია:

ა) პროფესიისა და საქმიანობის სახეობის არჩევის თავისუფლება;

ბ) მომსახურება შრომითი მოწყობისა და შესაფერისი სამუშაოს მოძებნის, პროფესიის შერჩევის, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

გ) უმუშევრობის შემწეობის გაცემა კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და პირობებით;

დ) უფასო სამედიცინო შემოწმება დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით პირის ახალ სამუშაო ადგილზე მოწყობისა და პროფესიული მომზადების შემთხვევაში, თუ სამედიცინო შემოწმების აუცილებლობა გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან გამომდინარეობს სამუშაო ადგილის სპეციფიკიდან.

2. დამატებითი სახელმწიფო გარანტიები ვრცელდება დაბალკონკურენტუნარიან შრომით რესურსებზე.

3. დაბალკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსების სოციალური დაცვისა და სამუშაოზე მოწყობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) დასაქმების მიზნობრივი პროგრამების მომზადება და რეალიზაცია;

ბ) სამუშაო ადგილების კვოტების შესახებ წინადადებების წარდგენა კერძო სამართლის სუბიექტებისათვის;

გ) ეკონომიკური სტიმულირების სისტემის შექმნა პირთა კერძო სექტორში დასაქმების მიზნით.

თავი III. დასაქმების სახელმწიფო რეგულირება და ორგანიზაცია

    მუხლი 9. დასაქმების სახელმწიფო რეგულირება

1. საქართველოს მოქალაქის დასაქმების მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს:

ა) სპეციალური საფინანსო-საკრედიტო, საინვესტიციო და საგადასახადო ღონისძიებების შემუშავებასა და მათ რეალიზაციას შრომითი რესურსების გაზრდისა და სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირებისათვის;

ბ) დასაქმებისა და შრომის კანონმდებლობის შემუშავებასა და სრულყოფას;

გ) შრომის ბაზრის შესწავლასა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოებას შრომითი რესურსების განვითარების, ეფექტიანი გამოყენებისა და განაწილების მიზნით;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოს შრომის ბაზარზე დაშვებას სახელმწიფოს ნებართვით.

2. დასაქმების სფეროს რეგულირების სახელმწიფო ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

    მუხლი 10. დასაქმების სახელმწიფო რეგულირების ძირითადი პრინციპები

დასაქმების სფეროს რეგულირების პროცესში სახელმწიფო პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის შრომისა და საქმიანობის სახეობის თავისუფლად არჩევის შესაძლებლობის უზრუნველყოფას;

ბ) დასაქმებულისათვის შრომის სამართლიანი და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფას;

გ) პირის შრომითი და სამეწარმეო ინიციატივის, შემოქმედებითი შრომის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის ხელის შეწყობას;

დ) დასაქმების სფეროში პირის სოციალური დაცვის უზრუნველყოფას, დაბალკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსების დასაქმების მიზნით სპეციალური ღონისძიებების შემუშავებასა და მათ რეალიზაციას;

ე) მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის დასაქმების მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავებასა და მათ რეალიზაციას;

ვ) დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებისათვის ხელის შეწყობას;

ზ) დასაქმების მიზნით დასაქმების სახელმწიფო და კერძო სამსახურების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საქმიანობის კოორდინაციასა და მის ხელის შეწყობას;

თ) დასაქმების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებისა და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის სხვა მიმართულებების ურთიერთკავშირის უზრუნველყოფას;

ი) დასაქმების პოლიტიკისა და დასაქმების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში პროფესიული კავშირების და მეწარმეთა გაერთიანებების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფასა და მათთან თანამშრომლობას;

კ) დისკრიმინაციის გამორიცხვას დასაქმების სფეროში, იძულებითი შრომისა და ბავშვთა შრომის აკრძალვას;

ლ) შრომის ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქის კანონიერად დაშვების შემთხვევაში მისთვის და საქართველოს მოქალაქისათვის თანაბარი პირობების შექმნას შრომის, გადაადგილების, პროფესიის თავისუფლად არჩევისა და გამოცვლის, ასევე სოციალური დაცვის უზრუნველყოფისათვის, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

მ) დასაქმებულის უფლებების დაცვისა და პირის დასაქმების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას, საერთაშორისო შრომის ბაზარზე თავისუფალი მონაწილეობის შესაძლებლობების შექმნას.

    მუხლი 11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენცია დასაქმების სფეროში

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას დასაქმების სფეროში განეკუთვნება:

ა) დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მის რეალიზაციაზე ზედამხედველობა;

ბ) დასაქმების სფეროში კანონპროექტების მომზადება, სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება ან/და გამოცემა;

გ) დასაქმების ეროვნული, რეგიონული და სპეციალური პროგრამების შემუშავება;

დ) დასაქმების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების შემუშავება და დამტკიცება;

ე) დასაქმების მიზნით აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

ვ) დასაქმებისა და შრომის კანონმდებლობის დაცვაზე კონტროლი;

ზ) დასაქმების სახელმწიფო სამსახურის საქმიანობაზე კონტროლი;

თ) სოციალურ პარტნიორებთან მოლაპარაკება და ხელშეკრულების დადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) დასაქმების კერძო სააგენტოების რეგისტრაცია;

კ) საქართველოში შრომითი მოწყობის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ნებართვის გაცემა;

ლ) „პრიორიტეტული განვითარების ზონის” სტატუსის მინიჭება.

    მუხლი 12. დასაქმების სახელმწიფო სამსახური

1. დასაქმების სახელმწიფო სამსახური არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლით ახორციელებს თავის საქმიანობას.

2. დასაქმების სახელმწიფო სამსახური შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ფილიალებისაგან.

3. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიზანია დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და სოციალური დაცვის ღონისძიებათა განხორციელება.

4. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 13. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის პრინციპები

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) დისკრიმინაციის გამორიცხვა პირის სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, ასაკისა და პოლიტიკური შეხედულების მიხედვით;

ბ) მომსახურების განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა;

გ) უმუშევრის, დასაქმებულისა და დამსაქმებლის კანონით გარანტირებული უფლებების დაცვა;

დ) საჯაროობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა;

ე) დამქირავებელთა და დაქირავებულთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა;

ვ) თანამშრომლობა დასაქმების კერძო სააგენტოებთან.

    მუხლი 14. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის უფლებამოსილებანი

1. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საშუამავლო საქმიანობის ორგანიზება პირის შრომითი მოწყობის მიზნით;

ბ) მომსახურების ორგანიზება პირთა პროფორიენტაციის მიზნით;

გ) საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზება, პროექტების მომზადება–განხილვაში მონაწილეობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან, საწარმო-დაწესებულებებთან ერთად ან დამოუკიდებლად;

დ) შრომის ბაზრის მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;

ე) უმუშევართა აღრიცხვა, რეგისტრაცია და მონიტორინგი;

ვ) უმუშევრობის შემწეობის მიმღებ პირთა დადგენა;

ზ) პირის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ხელის შეწყობა სპეციალიზებულ პროფესიულ სასწავლებლებში;

თ) დასაქმების პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა (მათ შორის, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან ერთად) და მათი განხორციელება; ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და არსებულის შენარჩუნების მიზნით საწარმოებისა და ორგანიზაციების ფინანსური დახმარების ფორმებისა და მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა და პროექტების წარდგენა განხილვის მიზნით.

2. დასაქმების სახელმწიფო სამსახური უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და მიიღოს საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, მი­­უხე­დავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორ­მისა, ინფორმაცია დანიშნულ და გათავისუფლებულ თანამშრომლებზე, ვაკანტურ სამუშაო ადგილებზე;

ბ) შეიმუშაოს წინადადებები დაბალკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსებისათვის სამუშაო ადგილების კვოტირების შესახებ;

გ) სამუშაოს მაძიებელი მისი თანხმობის შემთხვევაში მოაწყოს ნებისმიერ ანაზღაურებად სამუშაოზე, თუ არ არსებობს შესაფერისი სამუშაოს შეთავაზების საშუალება;

დ) განსაზღვროს სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ხარჯები და დაუნიშნოს მას სტიპენდია;

ე) შესთავაზოს ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო სამუშაოს მაძიებელს, რომელსაც არა აქვს პროფესია ან კვალიფიკაცია, თუ რეგისტრაციიდან სამი თვის განმავლობაში დასაქმების სამსახურმა ვერ უზრუნველყო მისი დასაქმება ამ პირის მიერ რეგისტრაციის დროს განცხადებული სამუშაო ადგილის მიხედვით.

3. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმების სახელმწიფო სამსახურს მიაწოდოს:

ა) ცნობა თანამშრომლის გათავისუფლების (მიღების) შესახებ, გათავისუფლებიდან (მიღებიდან) ოცდაათი სამუშაო დღის განმავლობაში;

ბ) ცნობა ვაკანტური სამუშაო ადგილის შესახებ ვაკანსიის გაჩენიდან არა უგვიანეს ოცდაათი სამუშაო დღის განმავლობაში (ცნობის წარდგენა არ ზღუდავს დამსაქმებელს, დამოუკიდებლად დაიქირავოს თანამშრომელი);

გ) წარმოების დახურვის ან სხვა მიზეზით დასაქმებულთა სიითი რაოდენობის მინიმუმ 10%-ის, მაგრამ არანაკლებ 5 მუშაკის მოსალოდნელი დათხოვნის შემთხვევაში ინფორმაცია გასათავისუფლებელ თანამშრომელთა რაოდენობის, ასაკის, სქესის, პროფესიის, შრომითი სტაჟისა და კვალიფიკაციის შესახებ. ინფორმაცია მიწოდებულ უნდა იქნეს დათხოვნამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დამსაქმებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 15. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დაფინანსების წყაროები

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დაფინანსების წყაროებია:

ა) უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრები;

ბ) გრანტები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები;

დ) ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები.

    მუხლი 16. საშუამავლო საქმიანობა მოქალაქის შრომითი მოწყობის მიზნით

1. დასაქმების სახელმწიფო სამსახური მოქალაქის შრომითი მოწყობის მიზნით აწარმოებს სამუშაოს მაძიებლის რეგისტრაციასა და ვაკანტური სამუშაო ადგილის აღრიცხვას.

2. სამუშაოს მაძიებლის რეგისტრაცია მოიცავს მოქალაქის ანკეტირებას და მისი განათლების, შრომითი სტაჟისა და პროფესიული კვალიფიკაციის შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას. დაუშვებელია მოქალაქის შესახებ პირადი ხასიათის ისეთი ინფორმაციის შეგროვება, რომელიც დაკავშირებული არ არის მის შრომით მოწყობასთან.

3. დაბალკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსების შესახებ მონაცემთა ბაზა იქმნება განცალკევებულად.

4. ინფორმაცია ვაკანტური სამუშაო ადგილების შესახებ სამუშაოს მაძიებელს მიეწოდება როგორც ინდივიდუალურად, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

    მუხლი 17. პროფესიული ორიენტაცია

1. შრომითი რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით დასაქმების სახელმწიფო სამსახური ორგანიზებას უწევს პროფორიენტაციულ მომსახურებას.

2. პროფესიული ორიენტაცია მოიცავს პროფესიულ კონსულტაციას, პროფესიულ შერჩევასა და პროფესიულ ადაპტაციას.

3. პროფორიენტაციას სახელმწიფოს ხარჯზე აწარმოებენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე დასაქმების სახელმწიფო სამსახურის სპეციალისტები. პროფორიენტაციული მომსახურება გაეწევა ყველას, ვინც ამ მიზნით ან სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციისათვის მიაკითხავს დასაქმების სახელმწიფო სამსახურს.

4. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის შესაბამისი სპეციალისტები პროფორიენტაციულ მომსახურებას უზრუნველყოფენ ადგილზე გასვლით. ამ ფორმით მომსახურება გაეწევათ ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სკოლების მოსწავლე ახალგაზრდებს.

5. ინფორმაცია პროფესიის, აგრეთვე პროფესიაზე არსებული მოთხოვნის ტენდენციების შესახებ ვრცელდება სპეციალური ცნობარით, რომელსაც პერიოდულად გამოსცემს დასაქმების სახელმწიფო სამსახური.

6. დასაქმების სახელმწიფო სამსახური პროფესიული ადაპტაციის მიზნით აწარმოებს დასაქმებულთა სოციალურ-ფსიქოლოგიურ მონიტორინგს.

    მუხლი 18. საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზება

1. საზოგადოებრივ სამუშაოდ ითვლება ისეთი სამუშაო, რომელიც არ საჭიროებს დასასაქმებელი პირის განსაკუთრებულ პროფესიულ მომზადებას და რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული და საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ობიექტების რეკონსტრუქცია, მშენებლობა ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის აღება-დაბინავება. საზოგადოებრივი სამუშაოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

2. დასაქმების სახელმწიფო სამსახური ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან, წარმოება-დაწესებულებებთან ერთად ან დამოუკიდებლად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზებას.

3. საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზების მიზანია:

ა) დაბალკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსების დროებითი დასაქმება;

ბ) სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება.

4. საზოგადოებრივი სამუშაოები წარმოებს თანადაფინანსების გზით.

5. საზოგადოებრივი სამუშაოების განხორციელებისას დასაქმების უპირატესი უფლებით სარგებლობენ დაბალკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსები.

6. საზოგადოებრივ სამუშაოებში მონაწილეობა დაიშვება მხოლოდ სამუშაოს მაძიებლის თანხმობით და იგი არ შეიძლება ჩაითვალოს სამუშაოს შეთავაზებად.

7. საზოგადოებრივი სამუშაოების დაფინანსების წყაროებია:

ა) უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის სახსრები;

ბ) ადგილობრივი ბიუჯეტი;

გ) კერძო სამართლის სუბიექტის სახსრები.

8. საზოგადოებრივი სამუშაოს ორგანიზებისა და განხორციელების კონკრეტული წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 19. სტატისტიკური ანგარიშგება

1. დასაქმების სახელმწიფო სამსახური დასაქმების პროგრამების შემუშავების მიზნით იღებს შრომის ბაზრის მდგომარეობის, შრომითი რესურსების გამოყენებისა და მათი განლაგების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას და მოპოვებულ მასალას აანალიზებს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად.

2. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოპოვებული სტატისტიკური ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს თითოეული პირისათვის, დაინტერესებული ორგანიზაციისა და უწყებისათვის.

    მუხლი 20. უმუშევართა აღრიცხვა, რეგისტრაცია და მონიტორინგი

1. დასაქმების სახელმწიფო სამსახური სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლისაგან მოწოდებული ინფორმაციისა და შრომის ბაზრის კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე აღრიცხავს უმუშევრებს და დადგენილი ფორმის მიხედვით ქმნის საინფორმაციო ბანკს, რომლის მონიტორინგი წარმოებს პერიოდულად.

2. დასაქმების სახელმწიფო სამსახური უმუშევრის რეგისტრაციას აწარმოებს უმუშევრის სურვილის მიხედვით.

3. უმუშევრად არ ჩაითვლება:

ა) ვადიანი სამხედრო მოსამსახურე;

ბ) სამუშაო ასაკის პირი, რომელიც სწავლობს ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლაში ან დაწყებითი და სპეციალური პროფესიული (მათ შორის, უმაღლესი და უმაღლესისშემდგომი) სასწავლებლის დასწრებული სწავლების განყოფილებაზე;

გ) დროებით შრომისუუნარო პირი, აგრეთვე პირი, რომელიც იმყოფება შვებულებაში;

დ) პირი, რომელიც 3 თვის განმავლობაში, დროებით არ მუშაობს გაფიცვების, საწარმოს რეკონსტრუქციის, სტრუქტურული გარდაქმნების გამო ან სხვა მსგავსი ობიექტური მიზეზებით.

    მუხლი 21. უმუშევრის შემწეობა

1. უმუშევარი პირის სოციალური დაცვის მიზნით წარმოებს უმუშევრის შემწეობის გაცემა უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელის შეწყობის სახსრებიდან.

2. უმუშევარზე გაცემული შემწეობის თანხა მცირდება მიმდინარე თვის განმავლობაში უმუშევრის მიერ მიღებული ნებისმიერი ლეგალური შემოსავლის იმ ნაწილით, რომელიც შემწეობის თანხასთან ერთად ჯამში აღემატება კანონის მიხედვით განსაზღვრულ საარსებო მინიმუმს.

3. უმუშევარს შემწეობა ენიშნება დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

4. უმუშევარს შემწეობა ენიშნება, თუ:

ა) გაიარა რეგისტრაცია სამუშაოს დაკარგვიდან ექვსი თვის განმავლობაში;

ბ) მზადაა შეასრულოს შესაფერისი სამუშაო;

გ) სამუშაოს დაკარგვამდე ჰქონდა ერთი წლის მუშაობის უწყვეტი სტაჟი.

5. უმუშევარს შემწეობა არ ენიშნება, თუ:

ა) ვერ დააკმაყოფილა შემწეობის დანიშვნისათვის ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ბ) დაკარგა სამუშაო შრომის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის გამო;

გ) საკუთარი სურვილით მიატოვა პროფესიული მომზადების, გადამზადების ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, სადაც გაგზავნილი იყო დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ.

6. უმუშევარს შემწეობის მიღების უფლება უწყდება, თუ:

ა) დაიწყო მუშაობა;

ბ) გადის პროფესიულ მომზადებას, გადამზადებას ან იმაღლებს კვალიფიკაციას დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით;

გ) 3 თვის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება დასაქმების სამსახურში, გარდა ობიექტური მიზეზით გამოუცხადებლობისა;

დ) მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

ე) დაენიშნა პენსია;

ვ) შესაფერის სამუშაოზე ან პროფესიულ გადამზადებაზე ორჯერ თქვა უარი.

    მუხლი 22. პირის პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება

1. დასაქმების სახელმწიფო სამსახური კონკრეტულ პროფესიაზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებლისა და დასაქმებულის ჩართვას პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემაში.

2. რეგისტრირებული უმუშევრის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯები სრულად იფარება უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. დასაქმებული სამუშაოს მაძიებლის (რომლის შემოსავალი ნაკლებია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრულ საარსებო მინიმუმზე) პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის გაწეული ხარჯები სრულად იფარება შემდეგ შემთხვევებში:

ა) სამუშაოს მაძიებლის კვალიფიკაცია ან პროფესია არ იძლევა მისთვის შესაფერისი სამუშაოს შეთავაზების საშუალებას;

ბ) სამუშაოს მაძიებლის პროფესიული ცოდნის შესაბამისი სამუშაო ადგილების არარსებობის გამო პროფესიის გამოცვლა აუცილებელია;

გ) სამუშაოს მაძიებელმა დაკარგა კვალიფიკაცია და პროფესიული უნარ-ჩვევები, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი ძველი პროფესიით მუშაობა დაუშვებელია.

4. პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პერიოდში უმუშევარს შემწეობა უჩერდება და ენიშნება სტიპენდია.

5. დანიშნული სტიპენდია უნდა იყოს იმავე რაოდენობის, როგორიც იყო უმუშევრის შემწეობა, რომელსაც ეს პირი იღებდა ან შეიძლებოდა მიეღო.

6. სტიპენდიის გაცემის ხანგრძლივობა არ აღემატება 4 თვეს.

7. საწარმოსა და ორგანიზაციის დაკვეთით განხორციელებული პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯები იფარება დამკვეთი საწარმოსა და ორგანიზაციის მიერ.

    მუხლი 23. დასაქმების ადგილობრივი პროგრამის შემუშავება და განხორციელება

1. საქართველოს მოქალაქისათვის დასაქმებაში ხელის შეწყობისა და უმუშევრობის უარყოფითი შედეგების შემცირების მიზნით დასაქმების სახელმწიფო სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ერთად შეიმუშავებს დასაქმების ადგილობრივ პროგრამას.

2. დასაქმების ადგილობრივ პროგრამას მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. დასაქმების ადგილობრივი პროგრამა უნდა მოიცავდეს ღონისძიებებს, რომელთა მიზანია:

ა) არსებული სამუშაო ადგილის შენარჩუნება და ახალი სამუშაო ადგილის შექმნა;

ბ) ადგილობრივი შრომის ბაზრისა და ეკონომიკური პოტენციალის კვლევა შრომითი რესურსების ეფექტიანად გამოყენებისათვის;

გ) მცირე და საოჯახო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა სამუშაო ადგილების შექმნისა და შენარჩუნებისათვის;

დ) უმუშევართა ფინანსური, ტექნიკური და ინფორმაციული დახმარება სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისათვის.

4. დასაქმების სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს პროფკავშირების, მეწარმეთა გაერთიანებებისა და ცალკეული მეწარმის მონაწილეობას დასაქმების ადგილობრივი პროგრამის შემუშავებისა და რეალიზაციის პროცესში.

    მუხლი 24. უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება

1. უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს:

ა) უმუშევრის პროფესიულ მომზადებას, გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სტიპენდიების დაფინანსებას;

ბ) დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების დაფინანსებას;

გ) სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით საწარმოებისა და ორგანიზაციების, მცირე და საოჯახო ბიზნესის სუბსიდირებას, სასესხო მომსახურებას და თავდებობას დადგენილი წესის შესაბამისად;

დ) რეგისტრირებული უმუშევრის სასესხო მომსახურებას სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიზნით;

ე) საზოგადოებრივი სამუშაოების დაფინანსებას;

ვ) უმუშევრის შემწეობის დაფინანსებას.

2. უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსება ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ მიზნით სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი სპეციალური ანგარიშიდან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ სუბსიდირებას და სასესხო მომსახურებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს კომერციული საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

    მუხლი 25. პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის გაწეული ხარჯებისა და სტიპენდიების დაფინანსება

1. პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მოსამზადებელი კადრების რაოდენობისა და პროფესიების სახეობათა გათვალისწინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ატარებს კონკურსს სპეციალური პროფესიული სასწავლებლის გამოსავლენად.

2. კონკურსის შედეგად გამარჯვებულ სპეციალურ პროფესიულ სასწავლებელსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს:

ა) მოთხოვნებს პროფესიული მომზადების დონისა და კვალიფიკაციის შესახებ;

ბ) მოსამზადებელ კონტინგენტს, მომზადების ხანგრძლივობასა და საყოფაცხოვრებო პირობებს;

გ) მომზადებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ანაზღაურების წესსა და პირობებს.

3. პროფესიული მომზადებისას სტიპენდიები გაიცემა დასაქმების სახელმწიფო სამსახურის წარდგინებით.

4. საკონკურსო მოთხოვნებს კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების დონის მიმართ ადგენს დასაქმების სახელმწიფო სამსახური.

    მუხლი 26. დასაქმების ხელშეწყობის განხორციელება

1. არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მეწარმეთა და ორგანიზაციათა სუბსიდირებისა და სასესხო მომსახურების გაწევისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ატარებს ტენდერს შესაბამისი კომერციული საბანკო დაწესებულების გამოსავლენად.

2. ტენდერში გამარჯვებულ კომერციულ ბანკსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს:

ა) კომერციული ბანკისათვის ფინანსური რესურსების გადაცემისა და უკან დაბრუნების წესსა და პირობებს;

ბ) სესხების გაცემის წესსა და პირობებს, სპეციალურ მოთხოვნებს წარმოდგენილი პროექტის მიმართ;

გ) „პრიორიტეტული განვითარების ზონებისა“ და ეკონომიკის სექტორების ჩამონათვალს, რომლებიც სარგებლობენ უპირატესობით კონკრეტული პროექტების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებისას;

დ) სესხების გაცემის მაქსიმალურ ვადებს ეკონომიკის დარგების მიხედვით;

ე) გრანტის მოცულობებს სესხების სახეების მიხედვით.

3. თითოეულ მიმართულებაზე და ტერიტორიული ერთეულების მიხედვით გამოსაყოფი ფინანსური რესურსების მოცულობა მტკიცდება ყოველწლიურად „უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით“.

4. „უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ შესაბამისად წარმოდგენილი პროექტის დაფინანსების ზღვრული მოცულობა, ფორმები და პირობები, განაცხადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ნორმატიული აქტით.

    მუხლი 27. უმუშევრის სესხით უზრუნველყოფა სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიზნით

1. რეგისტრირებულ უმუშევარზე მიკროსესხის გაცემის მიზნით ბიზნეს-წინადადებების წარდგენა ტენდერში გამარჯვებულ საბანკო დაწესებულებაში წარმოებს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პასუხისმგებელია ტენდერში გამარჯვებული კომერციული საბანკო დაწესებულების მიერ დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილი ფინანსური რესურსების ხარჯვის მიზნობრიობაზე.

3. ტენდერში გამარჯვებული კომერციული საბანკო დაწესებულება პასუხისმგებელია მსესხებლის მიერ ფინანსური რესურსების ხარჯვის მიზნობრიობაზე.

4. მიკროსესხის ზღვრული მოცულობა, კონკრეტული პროექტის წარმოდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ნორმატიული აქტით.

    მუხლი 28. საზოგადოებრივი სამუშაოს დაფინანსება

1. საზოგადოებრივი სამუშაოს ორგანიზების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კონკრეტული შემსრულებლის გამოვლენის მიზნით ატარებს ტენდერს.

2. საზოგადოებრივი სამუშაოს შემსრულებელთან ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) შესასრულებელი სამუშაოს აღწერასა და შესრულების ვადებს;

ბ) საზოგადოებრივ სამუშაოზე დასასაქმებელ რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობასა და მინიმალურ მოთხოვნებს მათ მიმართ;

გ) სამუშაოს ანაზღაურების წესსა და პირობებს.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აკონტროლებს და პასუხისმგებელია გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მიზნობრიობაზე.

    მუხლი 29. უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსების წყაროები

უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსების წყაროებია:

ა) მიზნობრივი სოციალური გადასახადის სახსრები;

ბ) ტრანსფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან;

გ) სესხის დაბრუნებით მიღებული შემოსავლები;

დ) გრანტები;

ე) ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები.

    მუხლი 30. დასაქმების ეროვნული საბჭო

1. დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკისა და დასაქმების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით პროფკავშირების, მეწარმეთა გაერთიანებებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან იქმნება დასაქმების ეროვნული საბჭო.

2. დასაქმების ეროვნული საბჭოს მონაწილე ყველა მხარე წარმოდგენილია პარიტეტულ საწყისებზე.

3. დასაქმების ეროვნული საბჭოს საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 31. დასაქმების კერძო სააგენტო

1. დასაქმების კერძო სააგენტოდ ითვლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირი, რომლებიც აწარმოებენ ერთი ან მეტი სახის შემდეგ მომსახურებას:

ა) მომსახურება, რომელიც ხელს უწყობს სამუშაო ადგილზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას (დასაქმების კერძო სააგენტო არ წარმოადგენს მხარეს შრომით ურთიერთობებში, რომლებიც ამ დროს შეიძლება წარმოიშვას);

ბ) მოსამსახურეთა დაქირავება მათი შემდგომში მესამე მხარისათვის გადაცემის მიზნით (მესამე მხარე შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი. ამ დროს სამუშაო დავალებების გაცემას და მათი შესრულების კონტროლს აწარმოებს სააგენტო);

გ) სხვა სახის მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს მოძიებასთან (ინფორმაციის მიწოდება ვაკანტური სამუშაო ადგილების შესახებ, რომლის მიზანიც არ არის კონკრეტულ სამუშაო ადგილზე კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილება).

2. პირი, რომელიც პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ინფორმაციას სამუშაო ადგილის შესახებ, ითვლება დასაქმების კერძო სააგენტოდ, თუკი განცხადებული სამუშაო ადგილი ეკუთვნის მესამე პირს.

3. დასაქმების კერძო სააგენტო ითვლება პარტნიორ ორგანიზაციად დასაქმების პოლიტიკის განხორციელებისას.

    მუხლი 32. დასაქმების კერძო სააგენტოების საქმიანობის რეგულირება

1. დასაქმების კერძო სააგენტოს საქმიანობა „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ექვემდებარება სავალდებულო შეტყობინებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

2. სავალდებულო შეტყობინებისას დასაქმების კერძო სააგენტო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) განცხადებას;

ბ) სასამართლოს დადგენილებას რეგისტრაციის თაობაზე;

გ) საბანკო რეკვიზიტებს;

დ) იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დასაქმების კერძო სააგენტოს რეგისტრაციაში ატარებს ყველა დოკუმენტის წარმოდგენისთანავე.

4. დასაქმების კერძო სააგენტოს რეგისტრაციის შემდეგ მიენიჭება სპეციალური კოდი და შევა რეესტრში. რეესტრს აწარმოებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

5. აკრძალულია დასაქმების კერძო სააგენტოს საქმიანობა სავალდებულო შეტყობინების გარეშე.

6. რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის შემთხვევაში დასაქმების კერძო სააგენტოს პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

7. ვაკანტური სამუშაო ადგილის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადების საფუძველზე იღებს სასამართლო განსჯადობის მიხედვით.

    მუხლი 33. დასაქმების კერძო სააგენტოს ინფორმაცია

1. დასაქმების კერძო სააგენტო, რომელიც შრომითი მოწყობის მიზნით ეწევა საშუამავლო საქმიანობას, ვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაწოდოს შემდეგი მონაცემები:

ა) დასაქმებულის სახელი, გვარი და მისამართი;

ბ) დასაქმებულის რაოდენობა, ასაკი, სქესი;

გ) დასაქმებულის კვალიფიკაცია განათლების მიხედვით;

დ) დასაქმებულის პროფესია დასაქმების ადგილის მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასაქმების კერძო სააგენტოს რეგისტრაცია უჩერდება 3 თვით, ხოლო მათი წარმოდგენისთანავე ეს შეჩერება მოიხსნება.

3. დასაქმების კერძო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი პერსონალური ხასიათის ინფორმაცია საიდუმლოა და მისი მესამე პირისათვის გადაცემა დაიშვება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

    მუხლი 34. დასაქმების კერძო სააგენტოს უფლება-მოვალეობები

1. დასაქმების კერძო სააგენტო უფლებამოსილია აიღოს დამსაქმებლისაგან ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასური.

2. დასაქმების კერძო სააგენტო ვალდებულია:

ა) შრომით მოწყობაზე გარანტიის გაცემის შემთხვევაში სამუშაოს მაძიებელთან გააფორმოს ხელშეკრულება, სადაც დეტალურად დაფიქსირდება გარანტიის შესრულების პირობები და ვადები;

ბ) შესთავაზოს სამუშაოს მაძიებელს შესაფერისი სამუშაო, ხოლო თუ სამუშაოს მაძიებელი თანახმაა – სხვა სამუშაოც.

3. დასაქმების კერძო სააგენტოს ეკრძალება:

ა) შრომითი მოწყობის მიზნით საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისათვის უმუშევრისაგან თანხის აღება;

ბ) სამუშაოზე მოწყობაში დახმარებაზე უარის თქმა, რასის, კანის ფერის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო;

გ) ყალბი ინფორმაციის გავრცელება ვაკანტური სამუშაო ადგილის შესახებ;

დ) ბავშვთა შრომის შეთავაზება.

თავი IV. სახელმწიფო კონტროლი დასაქმების სფეროში

    მუხლი 35. მაკონტროლებელი ორგანოები

„დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონის დაცვის კონტროლს ახორციელებენ:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროები და მათი უწყებები.

    მუხლი 36. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 37. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

2001 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზების შესახებ;

ბ) უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ;

გ) უმუშევრობის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესის შესახებ;

დ) დასაქმების კერძო სააგენტოს სავალდებულო შეტყობინებისა და ანგარიშგების წესის შესახებ;

ე) სტიპენდიისა და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ.

    მუხლი 38. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებანი

1. საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის ლიკვიდაცია განხორციელდეს 2002 წლის 1 იანვრამდე.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში დასაქმების კერძო სააგენტომ თავისი სტატუსი შეუსაბამოს ამ კანონის მოთხოვნებს.

    მუხლი 39. ძალადაკარგული აქტი

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „დასაქმების შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991წ., №7).

    მუხლი 40. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 28 სექტემბერი.

№1084Iს