ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 09/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 080.080.050.05.001.002.259
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3143
25/05/2006
სსმ, 20, 09/06/2006
080.080.050.05.001.002.259
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (09/06/2006 - 28/12/2009)

საქართველოს კანონი

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს იმ ქმედებათა ერთობლიობას, რომლებიც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

    მუხლი 2. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია:

ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით შექმნას მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები;

ბ) შექმნას ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმები ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის;

გ) უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა;

დ) შექმნას ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლები;

ე) უზრუნველყოს თანამშრომლობა სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

    მუხლი 3. ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

    მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;

ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;

გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

ვ) მსხვერპლი – ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება;

ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, აგრეთვე ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები, მეურვე;

თ) მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ;

ი) თავშესაფარი – ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე დაცვის ღონისძიებებს; ამ კანონის VI თავის ამოქმედებამდე – ასევე ოჯახის ნათესავებისა და მეგობრების ოჯახი;

კ) სარეაბილიტაციო ცენტრი – მოძალადის დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მოძალადის რეაბილიტაციას, კრიზისულ ინტერვენციასა და სამედიცინო დახმარებას და იქმნება კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში, ასევე არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ.

    მუხლი 5. საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს.

თავი II. ოჯახში ძალადობის პრევენცია

    მუხლი 6. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები

1. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისაკენ, ოჯახში ძალადობის ფაქტების აღკვეთის, მოძალადის სამართლებრივი დევნისა და მსხვერპლისა და მოძალადის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისაკენ.

2. სახელმწიფო თავისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმების დანერგვასა და განხორციელებას.

3. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს:

ა) იმ ფაქტორების ანალიზს, შესწავლასა და შეფასებას, რომლებიც ოჯახში ძალადობის მიზეზებია;

ბ) ეფექტიანი სამართლებრივი მეთოდების დანერგვას ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად;

გ) შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას;

დ) პრევენციული ღონისძიებების გატარებას იმ პირების მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობის ჩადენის რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან ან რომელთაც ოჯახში ჩადენილი აქვთ ძალადობა;

ე) სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვას, რათა ადამიანები ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების, ასევე დაცვის გარანტიების თაობაზე, მათ შორის, იმ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს ოჯახის წევრთა თანასწორობასა და ურთიერთვალდებულებებს;

ვ) ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მოძალადის პასუხისმგებლობის, მსხვერპლის უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას;

ზ) ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში მსხვერპლთათვის დახმარებისა და დაცვის, ხოლო მოძალადეთათვის – რეაბილიტაციის მიზნით სპეციალური საგანმანათლებლო კურსების ორგანიზებას;

თ) ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველსაყოფად დაინტერესებულ ინსტიტუტებთან ერთად ერთობლივი პროგრამების შექმნასა და მხარდაჭერას.

    მუხლი 7. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება

1. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლო ორგანოები.

2. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყონ შესაბამისი ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელება.

    მუხლი 8. სოციალური მომსახურება

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალურ მომსახურებას ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისთვის.

2. სოციალური მომსახურება მოიცავს:

ა) ოჯახური დავების მიზეზების შესწავლას, შესაბამის ანალიზს და დავების დაძლევაში ოჯახის წევრთა დახმარებას;

ბ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და თანადგომის ღონისძიებების განხორციელებას;

გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა რისკ-ჯგუფების გამოვლენას და მათთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში ხელშეწყობას;

დ) დამცავი ორდერის გაცემის პროცესში მონაწილეობას;

ე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების მონიტორინგს;

ვ) მოძალადეთა და მსხვერპლთათვის დახმარებისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას.

თავი III. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები

    მუხლი 9. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები

1. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები.

2. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

3. სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება, თუ სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.

    მუხლი 10. დამცავი და შემაკავებელი ორდერები

1. ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.

2. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის საფუძველი და პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

3. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.

4. მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

    მუხლი 11. დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება

დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ან მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

    მუხლი 12. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა

1. დამცავი ორდერი გამოიცემა 3 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

2. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხს განსაზღვრავს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვის ვადით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

3. დამცავი ორდერის მოქმედება შესაძლებელია გაუქმდეს მხარეთა შერიგებისას მოსამართლის სათანადო გადაწყვეტილებით სასამართლოსათვის მხარეთა ერთობლივი მიმართვის საფუძველზე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.

    მუხლი 13. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება მსხვერპლისა და მოძალადის შერიგების დროს

მხარეთა შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას ან არ იწვევს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ოჯახში ძალადობის ფაქტი ლახავს ოჯახის სხვა წევრთა, განსაკუთრებით – ბავშვის ინტერესებს.

თავი IV. ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვნის დაცვის სპეციფიკური ღონისძიებები

    მუხლი 14. ბავშვის განცალკევება მოძალადე მშობლისაგან

1. ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალადობის კვალის არსებობა უპირობო საფუძველია იმისა, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაისვას მოძალადე მშობლისაგან მისი განცალკევების საკითხი. სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიების სახით დამცავი ორდერით არეგულირებს მოძალადე მშობლისაგან ბავშვის განცალკევების საკითხს.

2. ოჯახში ძალადობის სხვა ფორმების არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს ბავშვთან მოძალადე მშობლის ურთიერთობის საკითხს.

3. ბავშვის წარმომადგენლის უფლების საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოძალადე მშობლისათვის წარმომადგენლის უფლების დატოვება საზიანოა ბავშვის ინტერესებისათვის. დაუშვებელია მშობლებისათვის ბავშვის ერთობლივი მეურვეობის უფლების დატოვება, თუ არსებობს მის მიმართ ერთ-ერთი მშობლის მხრიდან ძალადობის საფუძვლიანი ვარაუდი.

    მუხლი 15. ბავშვის მოტაცების თავიდან აცილებისა და სხვა სახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

1. სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს მოძალადე მშობლის მიერ ბავშვის მონახულების ვადებს. მშობელს ბავშვის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის მიმართ დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ბავშვის მონახულების ადგილს, დროს, პერიოდულობას, ხანგრძლივობას და პირს, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე.

2. თუ ბავშვის მიმართ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის, იზღუდება მოძალადე მშობლის მიერ ბავშვის მონახულების უფლება. თუ აღნიშნული შეზღუდვა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მშობელს, რომლის უფლებაც იზღუდება, შეუძლია მიმართოს სასამართლოს ბავშვის მონახულების პირობების შეცვლის მოთხოვნით.

3. მოძალადის მიერ ბავშვის მოტაცების ან სხვა სახის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობისას სასამართლო გადაწყვეტილებით მოძალადეს შეიძლება აეკრძალოს მისი მონახულების უფლება გარემოების შეცვლამდე.

თავი V. ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სამართალწარმოების თავისებურებანი

    მუხლი 16. პოლიციის მოვალეობანი

1. პოლიცია ვალდებულია ოჯახში ძალადობის ფაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. პოლიციას არა აქვს უფლება, ოჯახში ძალადობის შემთხვევა მიიჩნიოს ნაკლებმნიშვნელოვნად ძალადობის სხვა შემთხვევებთან შედარებით.

2. ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა.

3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია:

ა) მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად;

ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, ბავშვი, რაც წერილობით უნდა დააფიქსიროს;

გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ;

დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში;

ე) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ან/და ბავშვის გადაყვანა თავშესაფარში;

ვ) მსხვერპლის სხვა ადგილას გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს საცხოვრებელი ადგილიდან მისი პირადი ნივთების წამოღება;

ზ) უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ;

თ) ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი.

4. პოლიცია ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც წარუდგენს ზედამხედველ პროკურორს.

5. პოლიცია ვალდებულია თავის ანგარიშში ცალკე გამოყოს მონაცემები ოჯახში ძალადობის ფაქტების, მიღებული ზომების, მსხვერპლთა რაოდენობის, მოძალადის მიმართ განხორციელებული ქმედებების, აგრეთვე მოძალადის სხვა მონაცემების შესახებ.

თავი VI. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სოციალური და შრომითი გარანტიები, მოძალადეთა რეაბილიტაციის ღონისძიებები

    მუხლი 17. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი)

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს მსხვერპლის საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს მის პირველად და გადაუდებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას.

2. არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ თავშესაფრის შექმნა დასაშვებია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

3. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება წესდებით (დებულებით), რომელიც განსაზღვრავს თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსებისა და მისი რეაბილიტაციის წესს.

    მუხლი 18. მსხვერპლის მოთავსება თავშესაფარში

1. ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მსხვერპლის იქ გადაყვანას.

2. თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსება ხდება 2 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (დებულებით) დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსხვერპლს არ სურს ზემოაღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით იქ დარჩენა. თავშესაფარში მოთავსების ვადის ამოწურვის შემდეგ, მსხვერპლის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად.

3. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსების შემთხვევაში მსხვერპლს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე.

    მუხლი 19. ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლის შესახებ

მსხვერპლის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 20. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები

მოძალადეთა დროებითი განთავსების ან/და მათი რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში, ასევე არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ იქმნება მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა აკმაყოფილებდეს სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს და უზრუნველყოფდეს მოძალადის დროებით განთავსებას, მის ფსიქოლოგიურ დახმარებასა და მკურნალობას.

თავი VII. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 21. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის VI თავის ამოქმედებამდე განსაზღვროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები და უზრუნველყოს მათი შექმნა.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2007 წლის 1 ივლისიდან განსაზღვროს სოციალური მომსახურების განხორციელების მექანიზმები და უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადება.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერის ფორმის შემუშავება და დამტკიცება.

4. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 4 თვის ვადაში დაამტკიცოს სპეციალური გეგმა, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების კონკრეტული ღონისძიებები.

თავი VIII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 22. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა მე-8 მუხლისა და VI თავისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-8 მუხლი და VI თავი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3143-Iს

 

 

24. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 4004-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 23. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3853-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 22. 22/12/2022 - საქართველოს კანონი - 2477-Xრს-Xმპ - ვებგვერდი, 29/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1345-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 31/12/2021 20. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1344-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 31/12/2021 19. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 367-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 18. 13/07/2020 - საქართველოს კანონი - 6758-რს - ვებგვერდი, 20/07/2020 17. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5769-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 11/12/2019 - საქართველოს კანონი - 5463-Iს - ვებგვერდი, 19/12/2019 15. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5024-Iს - ვებგვერდი, 01/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3105-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 13. 30/05/2018 - საქართველოს კანონი - 2394-IIს - ვებგვერდი, 08/06/2018 12. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1820-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 955-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 10. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 761-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 752-IIს - ვებგვერდი, 24/05/2017 8. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5446-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 19/02/2016 - საქართველოს კანონი - 4744-IIს - ვებგვერდი, 25/02/2016 6. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4455-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 5. 24/07/2015 - საქართველოს კანონი - 4105-რს - ვებგვერდი, 04/08/2015 4. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3557-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 3. 17/10/2014 - საქართველოს კანონი - 2697-Iს - ვებგვერდი, 31/10/2014 2. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1251-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 28/12/2009 - საქართველოს კანონი - 2507 - სსმ, 3, 13/01/2010