დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1004 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/10/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450.090.010.05.001.000.275 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №262 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.
(პრეამბულა ამოღებულია - 06.02.2025, №262)
მუხლი 1. ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
1. ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) არის საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ეროვნული ბიბლიოთეკის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტრო. ეროვნულ ბიბლიოთეკაზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
2. ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, სხვა სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები. ეროვნული ბიბლიოთეკა არის აგრეთვე ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობისა და კულტურის ცენტრი და ამ სამუშაოების კოორდინატორი სამინისტროსთან ერთად.
მუხლი 2. ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონი „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 3. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი არეგულირებს ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას, აგრეთვე განსაზღვრავს ეროვნული ბიბლიოთეკის ადგილს საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში, მის ძირითად ფუნქციებსა და თავისებურებებს.
მუხლი 4. ეროვნული ბიბლიოთეკის ადგილი საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში
1. ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკაა, ორგანიზაციას უწევს საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიულ და სამეცნიერო-ინფორმაციულ საქმიანობას, ხელს უწყობს ეროვნული და მსოფლიო კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განვითარებას.
2. ეროვნული ბიბლიოთეკის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებით. ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო ნუსხასა და შრომის პირობებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი).
მუხლი 5. საბიბლიოთეკო საქმიანობის კოორდინაცია
„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად. ეს საქმიანობა მოიცავს:
ა) ერთიანი სახელმწიფო საბიბლიოთეკო პოლიტიკის განხორციელებას;
ბ) საბიბლიოთეკო საქმის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფას;
გ) საბიბლიოთეკო კადრების მომზადება-გადამზადების პოლიტიკის განსაზღვრას;
დ) საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო სტანდარტების დაცვის კონტროლს;
ე) საბიბლიოთეკო სტატისტიკური მონაცემების ცენტრალიზებულ შეგროვებასა და ანალიზს.
მუხლი 6. ეროვნული ბიბლიოთეკა, როგორც სახელმწიფო საკუთრების ობიექტი
1. ეროვნული ბიბლიოთეკა, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებით ფასეული ობიექტი, არის მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრება. დაუშვებელია მისი საკუთრების ფორმის, სტატუსის შეცვლა ან ლიკვიდაცია, მისი ფონდების მთლიანობა და გაუსხვისებლობა გარანტირებულია.
2. დაუშვებელია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების პრივატიზაცია.
3. ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი მის უვადო სარგებლობაშია და არ ექვემდებარება გასხვისებას.
მუხლი 7. ეროვნული ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება
ეროვნული ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება ყველასათვის ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტებით სარგებლობის შეზღუდვისა.
მუხლი 8. ეროვნული ბიბლიოთეკის უფლებამოსილებანი
ეროვნული ბიბლიოთეკა უფლებამოსილია:
ა) განაგოს სახელმწიფო სახსრები საქართველოს კანონმდებლობისა და თავისი დებულების საფუძველზე;
ბ) მონაწილეობდეს სახელმწიფო საგამომცემლო და საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრაში;
გ) გაწევრიანდეს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს უცხო სახელმწიფოების ბიბლიოთეკებთან და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროგრამებში;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს ან მატერიალურ ზიანს აყენებენ ბიბლიოთეკას;
ე) ეწეოდეს საგამომცემლო საქმიანობას, ჰქონდეს საკუთარი გამომცემლობა და სტამბა;
ვ) ეწეოდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.
მუხლი 9. ეროვნული ბიბლიოთეკის მოვალეობანი
ეროვნული ბიბლიოთეკის მოვალეობაა:
ა) ეროვნული ბიბლიოთეკის შევსება საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ გამოცემული წიგნებითა და ნაბეჭდი მასალებით, აგრეთვე ისეთი ლიტერატურითა და ნაბეჭდი მასალებით, რომლებიც ეხება საქართველოს ან შეიცავს მის შესახებ რაიმე ინფორმაციას, მათი დაცვა, დამუშავება და სარგებლობის უზრუნველყოფა;
ბ) მსოფლიო კულტურის ფასეულობებით სარგებლობის უზრუნველყოფა;
გ) ძველნაბეჭდ და იშვიათ გამოცემათა სახელმწიფო ფონდის ორგანიზება, დაცვა, დამუშავება და სარგებლობის უზრუნველყოფა;
დ) საქართველოში ნაბეჭდი პროდუქციის ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლებისა და სტატისტიკის შედგენა და პუბლიკაცია;
ე) საქართველოს სხვა ბიბლიოთეკებიდან ისეთი ლიტერატურის მიღება, დაცვა და დამუშავება, რომლებიც ადგილებზე არ გამოიყენება, მაგრამ აქვს სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული ღირებულება;
ვ) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფმცოდნეობის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმატიკის განვითარების მიზნით;
ზ) ეროვნული ბიბლიოთეკის დაკომპლექტდება სამართლებრივი, ისტორიული და პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურით, აგრეთვე საზოგადოებრივ მეცნიერებათა სხვა დოკუმენტებით, ნორმატიული აქტებით, მონაცემების ბაზის შექმნა სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით;
თ) ინფორმაციით საქართველოს პარლამენტის წევრთა, სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა და იმ პირთა უზრუნველყოფა, რომლებიც ასრულებენ სახელმწიფო დავალებებს (მათ შორის, საქართველოს საზღვრების გარეთ), რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნეს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების ბიბლიოთეკების საინფორმაციო რესურსები;
ი) მრავალმხრივი ინფორმაციული ანალიზის ჩატარება კონკრეტულ პრობლემებზე, რომლებიც დგას საქართველოს პარლამენტის ან აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე.
მუხლი 10. ეროვნული ბიბლიოთეკის მართვა
1. ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას მართავს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ამ კანონისა და თავისი კომპეტენციის შესაბამისად გენერალური დირექტორი პასუხს აგებს ბიბლიოთეკის საქმიანობაზე.
3. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, შრომით ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგარიშს ბანკში, განაგებს ეროვნული ბიბლიოთეკის სახსრებს, აგრეთვე გამოსცემს ბრძანებებს და იძლევა მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა მუშაკისთვის. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი მინისტრის თანხმობით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილეს და ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტების დირექტორებს
მუხლი 11. სამინისტროს გარანტია ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველსაყოფად
1. სამინისტრო არის ეროვნული ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისა და ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის გარანტი. სამინისტრო არ ერევა ეროვნული ბიბლიოთეკის პროფესიულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) ეროვნული ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და ხელშეუხებლობას;
ბ) ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის ხელშეწყობას მისი ფინანსური მხარდაჭერით და შესაბამისი საგადასახადო და საკრედიტო პოლიტიკის გატარებით;
გ) ეროვნული ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნებას, გამდიდრებასა და რეგისტრაციას, აგრეთვე მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის კონტროლს;
დ) დადგენილი ნუსხის მიხედვით ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ნაბეჭდი პროდუქციის უფასო სავალდებულო ეგზემპლარების გამოყოფას;
ე) ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ხელისუფლების ორგანოებისა და ნებისმიერი უწყების ყველა ნორმატიული აქტის მიწოდებას;
ვ) კადრების მომზადებისა და გადამზადების, შრომის ანაზღაურების, სოციალური გარანტიებისა და შეღავათების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას;
ზ) ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობის ხელშეწყობას;
თ) ეროვნული ბიბლიოთეკის საერთაშორისო საბიბლიოთეკო ორგანიზაციებში გაწევრებას, სხვა სახელმწიფოების ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობას და საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროგრამებში მონაწილეობას.
3. ეროვნულ ბიბლიოთეკაზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის აუცილებელი დაფინანსება, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა პირობები გარანტირებულია სახელმწიფოს მიერ.
მუხლი 12. ეროვნული ბიბლიოთეკის დაფინანსება
1. ეროვნული ბიბლიოთეკა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცალკე სტრიქონად გამოყოფით.
2. საბიუჯეტო ასიგნებათა გარდა ეროვნული ბიბლიოთეკის დაფინანსების წყაროა საქველმოქმედო შემოწირულობანი და სხვა ნებადართული შემოსავალი.
3. ეროვნული ბიბლიოთეკა დამოუკიდებლად ანაწილებს და იყენებს არასაბიუჯეტო ფინანსურ რესურსებს თავისი დებულებით განსაზღვრული წესით.
მუხლი 13. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი III. დასკვნითი დებულებანი
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 28 ოქტომბერი.
№1004-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები