საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 264
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 58, 19/06/2003
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
264
13/06/2003
სსმ, 58, 19/06/2003
0000.00.00.000000
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (19/06/2003 - 12/10/2003)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №264

2003 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის შექმნის შესახებ

საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გა­დაწ­ყვეტა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრესი ამოცანაა. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოების ერთიანი, შეთანხმებული, მიზანმიმართული საქმიანობის გარეშე. კონფლიქტების მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო გაერ­თიანების ეგიდით მიმდინარე პოლიტიკური პროცესის მეშვეობით გადაწყვეტა პრიორიტეტული ამოცანაა. ამასთან, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოებრიობის ძალისხმევისა, უპირველესად საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა ქმედითი მუშაობის, კერძოდ, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე თავდაცვისუნარიანობის პოტენციალის ზრდა და შესაძლებლობათა ეფექტიანი გამოყენება უნდა გახდეს პრობლემის სრულმასშტაბიანი მშვიდობიანი მოგვარების საფუძველი.

საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოითხოვს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების შეთანხმებულ მოქმედებასა და ძალისხმევას. ამ პროცესის ინტენსიფიკაციისა და კოორდინაციის გაძლიერების მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) სამთავრობო კომიტეტის სტატუსით.

2. დამტკიცდეს კომიტეტის თანდართული დებულება და შემადგენლობა.

3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ბათიაშვილს მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის საქმიანობაში.

4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო დაწესებულებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ კომიტეტის გადაწყვეტილებების შესრულებას.

5. კომიტეტზე განსახილველ საკითხთა მომზადების, სხდომების ორგანიზებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მონი­ტორინგის მიზნით განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატში, არსებული საშტატო ნუსხის ფარგლებში, კომიტეტის პასუხისმგებელ მდივანთან შეიქმნას კომიტეტის სამდივნო.

6. კომიტეტის მდივანმა ორ კვირაში დასამტკიცებლად წარ­მოადგინოს 2003 წლის სამუშაო გეგმა.

ე. შევარდნაძე

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის … №… ბრძანებულებით, „სამთავრობო კომისიების შექმნის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 მაისის №204 ბრძანებულებითა და „საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციისათვის მიკუთვნებული საკითხების მომზადების მიზნით.

2. კომიტეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქარ­თველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და საქართველოს პრეზიდენტის აქტებით.

    მუხლი 2. კომიტეტის ძირითადი ამოცანები

კომიტეტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის საერთო კოორდინაციის ამაღლების უზურნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, რომლებიც უზრუნველყოფენ კონფლიქ­ტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოეთის სახელმწიფოებთან კავშირის დამყარება:

გ.ა) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისათვის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და თავდაცვისუნარიანობის პოტენციალის განვითარებაში მხარდაჭერის მოსაპოვებლად;

 გ.ბ) საერთაშორისო გაერთიანების ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო პროცესის აქტივიზაციის მიზნით;

დ) კონფლიქტური რეგიონების პოსტკონფლიქტური რეაბი­ლიტაციის გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია; ამ მიზნით მჭიდრო კონტაქტის ქონა დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან;

ე) სამშვიდობო პროცესის მონაწილე მხარეებთან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პროცესის გააქტიურების მიზნით, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის ჯგუფების ჩამოყალიბება;

ვ) აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს შემადგენლობაში სტატუსების განსაზღვრის, ცენტრსა და რეგიონებს შორის უფლებამოსილებათა გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;

ზ) იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების პროგრამის შემუშავება და მისი განხორციელების ხელმძღვანელობა;

თ) თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან, კერძოდ, მეცნიერებისა და კულტურის მუშაკებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, სპორტსმენებთან, მეწარმეებთან, საზოგადოებრიობის სხვა წარმომადგენლებთან კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით.

    მუხლი 3. კომიტეტის უფლება-მოვალეობანი

კომიტეტი უფლებამოსილია:

ა) განიხილოს თავის სხდომებზე კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ ნებისმიერი საკითხი და მოამზადოს შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტები საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად;

ბ) მოსთხოვოს სახელმწიფო მმართველობის ნებისმიერ ორგანოს, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებს, ხელისუფლების ადგი­ლობრივ ორგანოებს მასალები და ინფორმაცია კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში;

გ) დადგენილი წესით გამოსცეს თავისი საქმიანობის ამსახველი ჟურნალები, ბიულეტენები და სხვა სახის ნაბეჭდი მასალები, უზრუნ­ველყოს სისტემატური ურთიერთობა საზოგადოებასთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

    მუხლი 4. კომიტეტის სტრუქტურა

1. კომიტეტის თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობასა და სხდომებს.

2. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით კომიტეტის საქმიანობის საკითხებს განიხილავს და პრეზიდენტს შესაბამის წინადადებებს წარუდგენს კომიტეტის მდივანი.

3. კომიტეტის სხდომების ორგანიზებასა და გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს, აგრეთვე კომიტეტის მიმდინარე საქმიანობას, შესაბამისი სამდივნოს მეშვეობით ახორციელებს კომიტეტის მდივანი.

    მუხლი 5. კომიტეტის მუშაობის ორგანიზება

1. კომიტეტის სხდომების დღის წესრიგს ამტკიცებს კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის პროექტს ამზადებს კომიტეტის მდივანი.

2. კომიტეტის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ:

ა) კომიტეტის თავმჯდომარეს;

ბ) კომიტეტის მდივანს;

გ) მთავრობის სხვა წევრებს;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხვა პასუხისმგებელ პირებს.

3. კომიტეტი ამზადებს წინადადებებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესამუშავებლად.

4. კომიტეტის სხდომებზე გადაწყვეტილებას იღებს კომიტეტის თავმჯდომარე – საქართველოს პრეზიდენტი.

5. კომიტეტი მოისმენს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ორგანოების, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ინფორმაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხთა განხორციელების შესახებ.

    მუხლი 6. კომიტეტის მუშაობის რეგლამენტი

1. კომიტეტის სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

2. კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული გეგმის საფუძველზე.

3. ყოველი თვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე კომიტეტის წევრები, საქართველოს სამინისტროები, დეპარტამენტები, უწყებები, ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ორგანოები, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები თავიანთ წინადადებებს კომიტეტის სხდომებზე განსახილველი საკითხების შესახებ თარიღის მითითებით წარუდგენენ კომიტეტის მდივანს, რის საფუძველზეც დგება ყოველთვიური გეგმა, ხოლო წლის ბოლოს – მომავალი წლის პერსპექტიული გეგმა.

4. კომიტეტის მდივანი ადგენს წლიური და ყოველთვიური სამუშაო გეგმების პროექტებს შემოსული წინადადებების საფუძველზე, აზუსტებს საკითხთა განხილვის ვადებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

5. კომიტეტის მდივანი სამდივნოს მეშვეობით კონტროლს უწევს სამუშაო გეგმების შესრულებასა და კომიტეტის სხდომებზე გან­სახილველი საკითხების მომზადებას.

    მუხლი7. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის წინასწარი განხილვა

1. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის პროექტის წინასწარ განხილვას უზრუნველყოფს კომიტეტის მდივანი, რომელსაც შემდგომ ამტკიცებს კომიტეტის თავმჯდომარე –საქართველოს პრეზიდენტი.

2. კომიტეტის დღის წესრიგის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, როგორც წესი, ხუთი დღით ადრე ბარდება საქართველოს პრეზიდენტსა და კომიტეტის წევრებს.

    მუხლი 8. საკითხების შეტანა კომიტეტის სხდომაზე განსახილველად

1. კომიტეტის სხდომაზე განიხილება კომიტეტის დებულებით გათვალისწინებული საკითხები.

2. კომიტეტი განიხილავს:

ა) კომიტეტის სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს;

ბ) სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ორგანოების, საქართველოს პრეზი­დენტის სახელმწიფო რწმუნებულებისა და ადგილობრივი მმარ­თველობის ორგანოების ხელმძღვანელების ინფორმაციებს და მოისმენს ანგარიშს დაგეგმილი საქმიანობის რეალიზაციის საკითხებზე.

3. კომიტეტის სხდომაზე განსახილველ თითოეულ საკითხზე მომზადებულ უნდა იქნეს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული მიმართულებები, რეკომენდაციები, პროგრამები.

4. მოხსენებითი ბარათი (ცნობა) უნდა იყოს ხელმოწერილი და ვიზირებული იმ ხელმძღვანელების მიერ, რომლებსაც შემოაქვთ საკითხი.

5. კომიტეტის სხდომაზე განსახილველი პროექტები, რომლებიც შეეხება საქართველოს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ორგანოების, ქალაქებისა და რაიონების გამგეობების ინტერესებს ან კომპეტენციას, წინასწარ უნდა იქნეს მათთან განხილული. საქართველოს სამინისტროების, დეპარტა­მენტების, უწყებების, ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ორგანოების, სამხარეო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელები მოვალენი არიან მისცენ დასკვნა მათთან განხილულ კომიტეტის სხდომაზე გასატან საკითხთა პროექტებს მათი მიღებიდან ხუთ დღეში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებიან, დაასაბუთონ საწინააღმდეგო მოსაზრებანი და თან დაურთონ შემოთავაზებული რედაქცია.

6. კომიტეტის სხდომის გამართვამდე სამი დღით ადრე სამინისტროები, დეპარტამენტები, უწყებები, ავტონომიური რესპუბ­ლიკების სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან წარუდგინონ კომიტეტის სამდივნოს მზა მასალები სხდომაზე განსახილველად.

7. კომიტეტის სხდომაზე შემოტანილ არადამაკმაყოფილებლად და რეგლამენტის დარღვევით მომზადებულ საკითხებს კომიტეტის სამდივ­ნო კომიტეტის მდივანთან შეთანხმებით უბრუნებს საკითხის შემომტანს ხელახალი გადამუშავებისათვის.

    მუხლი 9. კომიტეტის სხდომები

1. კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრებთან ერთად მიიწვევიან დაინტერესებულ უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები.

2. კომიტეტის სხდომათა ოქმს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომიტეტის სამდივნო.

3. საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ კომიტეტის წევრებსა და შემსრულებლებს სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით.

4. ცალკეული გადაწყვეტილებანი ეგზავნებათ შემსრულებლებს იმ სიის მიხედვით, რომელსაც ადგენს საკითხის შემომტანი.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის შემადგენლობა

ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, კომიტეტის თავმჯდომარე

ირაკლი ბათიაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე

დავით თევზაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი

ავთანდილ იოსელიანი – საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

მალხაზ კაკაბაძე – საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი (კომიტეტის მდივანი)

ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კობა ნარჩემაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ვალერი ხაბურძანია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი

თედო ჯაფარიძე – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.