მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ

მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 302
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 420000000.10.003.020011
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
302
22/06/2017
ვებგვერდი, 26/06/2017
420000000.10.003.020011
მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (26/06/2017 - 18/05/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №302

2017 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

 

მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (13/04/2016,  №4951-IIს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს:

1. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სერტიფიცირების წესი.

2. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის სერტიფიკატის ფორმა (დანართი 1).

3. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის მოწმობის ფორმა (დანართი 2).

მუხლი 2
სერტიფიცირების ვალდებულება 2019 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება იმ  ტექნიკოსებზე, რომლებიც ემსახურებიან 3 კგ-ზე ნაკლებ მაცივარაგენტზე მომუშავე ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან/და თბურ ტუმბოებს.  
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სერტიფიცირების წესი

მუხლი 1. მიზანი

მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სერტიფიცირების წესის (შემდგომში წესი) მიზანია, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში კანონი) შესაბამისად, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების, ასევე ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების ან თბური ტუმბოების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების ან თბური ტუმბოების მომსახურე ტექნიკოსთა სერტიფიცირებასთან (შემდგომში სერტიფიცირება) დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.

მუხლი 2. რეგულირების სფერო

ამ წესის მოქმედება ვრცელდება იმ ტექნიკოსებზე, რომლებიც ემსახურებიან ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების ან თბურ ტუმბოებს.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 4. სერტიფიცირების ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანო

1. სერტიფიცირების ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის/მოწმობის გაცემას, კანონისა და ამ წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (შემდგომში ცენტრი).

2. წერითი ტესტირების მეთოდით სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის ბრძანებით, ცენტრის თანამშრომლებისა და მიწვეული პირებისგან იქმნება სასერტიფიკაციო-საგამოცდო კომისია (შემდგომში კომისია). კომისია შედგება არანაკლებ 4 წევრისაგან. კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი.

3. სასერტიფიკატო გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ცენტრის დირექტორის ბრძანებით, შესაბამისი უფლებამოსილება ენიჭება ცენტრის თანამშრომელს/თანამშრომლებს.

მუხლი 5. სერტიფიცირების ჩატარების წესი და პირობები

1. სერტიფიცირება ხორციელდება სასერტიფიკატო გამოცდის გზით, წერითი ტესტირების ან ელექტრონული ტესტირების მეთოდით.

2. სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს ფიზიკურ პირს.

3. სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილეობის მიღების საფასურია 50 ლარი, რომელიც მიემართება ცენტრის ანგარიშზე.

4.  სასერტიფიკატო  გამოცდაზე რეგისტრაციისთვის პირმა  ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირ(ებ)ს უნდა წარუდგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი;

ბ) ფოტოსურათი 3/4-ზე (CD დისკზე), ფოტოსურათის წარუდგენლობის შემთხვევაში დასაშვებია ფოტოსურათის ადგილზე გადაღება;

გ) სასერტიფიკატო გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.  

5. სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირ(ებ)ის მიერ, გამოცდის დაწყებამდე, გამოცდის ჩატარების ადგილზე.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში პირი გამოცდაზე არ დაიშვება.

7. გამოცდის ჩატარების თარიღები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ბრძანებით.

8. ინფორმაცია სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების, ასევე გამოცდის შედეგების (სერტიფიცირებული პირების) შესახებ ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.eiec.gov.ge).

9. გამოსაცდელი პირის გამოცდიდან მოხსნის ან მის მიერ უარყოფითი საგამოცდო შეფასების მიღების შემთხვევაში, გადახდილი სასერტიფიკატო გამოცდის საფასური უკან არ ბრუნდება. სასერტიფიკატო  გამოცდაზე განმეორებით გასვლის შემთხვევაში სასერტიფიკატო  გამოცდის საფასური გადაიხდება ხელახლა.

მუხლი 6. სასერტიფიკატო  გამოცდა

1. სასერტიფიკატო გამოცდა ტარდება ერთ ეტაპად. მსურველთა რაოდენობის გათვალისწინებით, გამოსაცდელთა მიღება შეიძლება მოხდეს ნაკადებად.

2. საგამოცდო ტესტი შედგება 30 კითხვისგან.

3. ელექტრონული ტესტირების შემთხვევაში გამოცდა ტარდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით. თითოეული გამოსაცდელი პირისათვის შესაბამისი ტესტის შერჩევა ხორციელდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. გამოსაცდელმა პირმა მონიტორზე გამოსახული თითოეული საგამოცდო ტესტის სავარაუდო პასუხიდან უნდა აირჩიოს და დააფიქსიროს მხოლოდ ერთი პასუხი. მონიტორზე აისახება საგამოცდო ტესტზე გაცემული როგორც სწორი, ასევე არასწორი პასუხების რაოდენობა. გამოსაცდელი პირის მიერ საგამოცდო ტესტზე გაცემული პასუხების შეჯამება და გამოცდის შედეგის შეფასება ხორციელდება სპეციალური პროგრამის მიერ. კანდიდატისათვის გამოცდის შედეგი ცნობილი ხდება საგამოცდო ტესტის სამუშაო დროის ამოწურვისთანავე ან ტესტის დასრულებისთანავე, კომპიუტერის მონიტორზე შედეგის ასახვის გზით.

4. წერითი ტესტირების შემთხვევაში კომისია სასერტიფიკატო გამოცდის შედეგებს აფასებს და შედეგების შესახებ გამოცდაში მონაწილე პირებს აცნობებს გამოცდის ჩატარებიდან 8 სამუშაო დღეში,  წერილობით, ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო საშუალებით.

5. სასერტიფიკატო გამოცდის ხანგრძლივობაა 45 წუთი.

6. საგამოცდო საკითხების ჩამონათვალი ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.eiec.gov.ge).

7. სასერტიფიკატო გამოცდის მიმდინარეობისას გამოსაცდელს ეკრძალება:

ა) ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების, ჩანაწერების ან სხვა მასალის გამოყენება;

ბ) ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონის შეტანა, გამოყენება;

გ) დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში გამოსაცდელი პირი მოიხსნება გამოცდიდან და გამოცდის საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

მუხლი 7. სასერტიფიკატო გამოცდის შედეგები

1. ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი  0 ქულით.

2. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 27 ქულა.

მუხლი 8. სერტიფიკატისა და მოწმობის გაცემა

1. ელექტრონული ტესტირების შემთხვევაში  გამოსაცდელი პირის მიერ სასერტიფიკატო გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღებისას ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირ(ებ)ი არაუგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს ცენტრის დირექტორს, რომელიც არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა  გამოსცემს ბრძანებას წარმატებით გამოცდაჩაბარებულ პირებზე, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის სერტიფიკატისა და მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის მოწმობის გაცემის შესახებ.

2. წერითი ტესტირების შემთხვევაში  გამოსაცდელი პირის მიერ სასერტიფიკატო გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღებისას ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს ცენტრის დირექტორს, რომელიც არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა გამოსცემს ბრძანებას წარმატებით გამოცდაჩაბარებულ პირებზე, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის სერტიფიკატისა და მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის მოწმობის გაცემის შესახებ.

3.   დამზადებული სერტიფიკატი და მოწმობა გაიცემა ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ბრძანების გამოცემიდან 10 სამუშაო დღეში. სერტიფიცირებული პირის სურვილის შემთხვევაში   დასაშვებია სერტიფიკატისა და მოწმობის მისთვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნა, დამატებით ფოსტის მომსახურების ღირებულების გადახდის შემთხვევაში.

4.  სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით.

5. 2018 წლის 1 იანვრამდე გაცემული სერტიფიკატების/მოწმობების მოქმედების სამწლიანი ვადის ათვლა დაიწყება 2018 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემული სერტიფიკატები/მოწმობები ძალაში შევა ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ბრძანების გამოცემის თარიღიდან.

6. სერტიფიკატის ან მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში  მისი დუბლიკატი გაიცემა ცენტრის მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადებისა და დუბლიკატის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საბუთის ცენტრში წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა – „დუბლიკატი“. დუბლიკატის გაცემის საფასურია 19 ლარი, რომელიც  მიემართება ცენტრის ანგარიშზე.

7. დუბლიკატის გაცემა არ გულისხმობს სერტიფიკატის/მოწმობის მოქმედების სამწლიანი ვადის ხელახალ ათვლას.

მუხლი 9.  სასერტიფიკატო გამოცდის შედეგების გასაჩივრება

სასერტიფიკატო გამოცდის შედეგების გასაჩივრება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.