სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 477
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020186
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
477
27/10/2017
ვებგვერდი, 30/10/2017
300160070.10.003.020186
სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/10/2017 - 19/02/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №477

2017 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი − სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ.
მუხლი 2
დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილებით  დამტკიცებული  ტექნიკური  რეგლამენტის მე-16 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი − სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ

მუხლი 1. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები

1. ტექნიკური რეგლამენტი − სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრავს სიმაღლეზე სამუშაოების შესრულებისას ძირითად მოთხოვნებსა  და პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს იმ სამუშაოებზე, სადაც არსებობს 2 მეტრის და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე (მათ შორის,  ჭები, ღიობები, ნათხარი გრუნტები და ა.შ.).

2. ტექნიკური რეგლამენტი აწესებს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია  უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან.

მუხლი 2. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი

1. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობასა და კონტროლს უფლებამოსილების ფარგლებში   ახორციელებენ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

2. სამშენებლო მოედნებზე ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენს მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევას.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამაშველო გეგმა − სამუშაო პროცესში მომხდარი ინციდენტისას თანმიმდევრულად განსახორციელებელ სამაშველო ღონისძიებათა ნუსხა, რომლის მიზანია  შეამციროს სამაშველო ღონისძიებათა განხორციელებისას  დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზიანების რისკი და უზრუნველყოს სამაშველო ღონისძიებების სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად ჩატარება;

ბ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები − ტექნიკური  და სხვა საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ინდივიდუალურად, დასაქმებულებზე საფრთხის შემცველი ფაქტორების ზეგავლენის შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად;

გ) კოლექტიური დაცვის საშუალებები −  ტექნიკური და საინჟინრო საშუალებების ერთობლიობა, რომლებიც კონსტრუქციულად და ფუნქციურად დაკავშირებულია საწარმოო გარემოსა და შრომის პროცესთან და განკუთვნილია საფრთხის შემცველი ფაქტორების  თავიდან აცილებისათვის ან შემცირებისათვის;

დ) შრომის უსაფრთხოების გეგმა − ამ ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების გათვალისწინებით შემუშავებული ღონისძიებათა ნუსხა, რომლის მიზანია სიმაღლეზე სამუშაოს შესრულებისას ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული პრინციპების განსაზღვრა.

მუხლი 4. დამსაქმებელთა და დასაქმებულთა  ვალდებულებები

1. დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაოს დაწყებამდე ან/და დასაქმებულთა სამუშაოზე დაშვებამდე მოახდინოს საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება და მიიღოს შესაბამისი პრევენციული ზომები.

2. დამსაქმებელი ვალდებულია, შეიმუშაოს სამაშველო გეგმა.

3. დამსაქმებელი ვალდებულია, გამოყოს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ობიექტზე სიმაღლეზე სამუშაოების განხორციელებისას  დაიცავს  ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

4. შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, თავის მხრივ,  ვალდებულია:

ა) შეაფასოს სამუშაო ადგილი და განსაზღვროს ვარდნის საშიშროება;

ბ) შეაფასოს რა სახის კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უნდა იქნეს გამოყენებული;

გ) შეაფასოს უშუალოდ სამუშაო პროცესი, რამდენად დაცულია დასაქმებული სიმაღლიდან ვარდნასთან დაკავშირებული საფრთხისგან;

დ) უზრუნველყოს დასაქმებულთა შესაბამისი სწავლება, საჭიროებიდან გამომდინარე;

ე) დარწმუნდეს იმაში, რომ დასაქმებულები სამუშაოს შესრულებისას მოქმედებენ კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) უზრუნველყოს კონტროლი კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების  სწორად გამოყენებაზე;

ზ) შეიმუშაოს შრომის უსაფრთხოების გეგმა.

5. დასაქმებული ვალდებულია:

ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს შრომის უსაფრთხოების გეგმით გაწერილი ნორმებით;

ბ) შეამოწმოს დამცავი საშუალებების ყველა ნაწილი (ღვედი, ჩამკეტი, ქამარი და ა.შ.);

გ) შეატყობინოს ზედამხედველს სიმაღლიდან ვარდნასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის საფრთხის  შესახებ;

დ) მიმართოს ზედამხედველს სიმაღლიდან ვარდნასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე;

ე) შეატყობინოს დამსაქმებელს/შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს ნებისმიერი ინციდენტის შესახებ;

ვ) განკარგოს/გამოიყენოს ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება სიმაღლიდან ვარდნის თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 5. მოთხოვნები დამცავი მოაჯირების მოწყობისა და ექსპლუატაციის მიმართ

 დამცავი მოაჯირების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) დამცავი მოაჯირი/მოაჯირები/სახელურები უნდა დამონტაჟდეს ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე;

ბ) მოაჯირი უნდა შედგებოდეს   ვერტიკალური, საყრდენი,  ზედა და შუა  ჰორიზონტალური ძელებისგან. მოაჯირის ძირზე (სამუშაო პლატფორმაზე) უნდა იყოს დამონტაჟებული მინიმუმ 10 სმ-ის სიმაღლის ქვედა ჰორიზონტალური ძელი სხვადასხვა საგნის ან ხელსაწყოს ვარდნის თავიდან  ასაცილებლად. შუა ჰორიზონტალური ძელი უნდა განთავსდეს სამუშაო პლატფორმიდან 50-60 სმ-ის სიმაღლეზე. მყარი მოაჯირის სიმაღლე უნდა იყოს სამუშაო ზედაპირიდან 90-120 სმ;

გ) შუაძელები და ბადეები უნდა დამონტაჟდეს ზედა ძელსა და სამუშაო ზედაპირს შორის:

გ.ა) შუაძელის არარსებობის შემთხვევაში,  არსებული მოაჯირის მთლიანი პერიმეტრი შემოსაზღვრული უნდა იყოს სამშენებლო საცერი ბადეებით;

გ.ბ) ერთმანეთის გადამკვეთი ძელები შესაძლოა გამოყენებული იყოს შუალედური ძელის ნაცვლად იმ შემთხვევაში, თუ გადამკვეთი ძელების გადაკვეთის წერტილი არის სამუშაო პლატფორმიდან 50-60 სმ-ის სიმაღლეზე;

გ.გ) მოაჯირების ჰორიზონტალური ძელები დამაგრებული უნდა იყოს საყრდენი ბოძების შიდა მხარეს;

გ.დ) ვერტიკალური საყრდენი ძელების გამოყენებისას მათ შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ-ს;

გ.ე) მოაჯირი უნდა უძლებდეს 5 სმ-ის დისტანციიდან არანაკლებ 90 კგ  ტვირთის მიწოლით დატვირთვას, რა დროსაც მოაჯირის გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10 სმ-ს;

გ.ვ) მოაჯირზე ბადეები და სხვა დამცავი საშუალებები ისე უნდა იყოს  დამონტაჟებული, რომ არ გამოიწვიოს დასაქმებულთა  დაზიანება (დასერვა, თითების მოყოლა) და ტანისამოსზე გამოდება;

გ.ზ) მოაჯირების დაბოლოებები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ არ გამოიწვიოს ადამიანის დაზიანება;

გ.თ) დაუშვებელია ჰორიზონტალური და ვერტიკალური ძელების ერთმანეთზე დამაგრება ფოლადის ან პლასტმასის არტახებით;

გ.ი) მოაჯირის ზედა და შუა ძელები უნდა იყოს ძლიერი და გამძლე მასალისგან დამზადებული, მინიმუმ 60 მმ-ის დიამეტრის ან სისქის, რათა გამოირიცხოს მათი გაჭრა ან/და გაგლეჯა. თუ გამოყენებულია ლითონის ბაგირი, ყოველ 180 სმ-ში უნდა დამონტაჟდეს თვალისთვის ადვილად აღსაქმელი ყვითელი ფერის მაფრთხილებელი ალმები;

გ.კ) თუ მოაჯირის სისტემები გამოიყენება ხვრელების გარშემო, რომლებიც განკუთვნილია მისასვლელი ადგილებისთვის (კიბით ჩასასვლელი), ასეთი ხვრელები  აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური საფარით ან იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ არ მოხდეს ადამიანის მარტივად შეღწევა;

გ.ლ) როდესაც დამცავი მოაჯირი გამოიყენება ღიობებთან, ღიობების ყველა მხარე უნდა იყოს დაფარული;

გ.მ) როდესაც ღიობები გამოიყენება ტვირთის სამოძრაო ადგილად, გამოყენებული უნდა იქნეს მობილური მოაჯირები. იმ შემთხვევაში, თუ ღიობი არის გამოუყენებელი, იგი უნდა იყოს აუცილებლად დაფარული მთლიანი ფენილით;

გ.ნ) ნებისმიერ ღიობთან ახლოს მდებარე პანდუსი ან დაქანებული ადგილი, რომელიც გამოიყენება ადამიანის სავალ ბილიკებად, უნდა იყოს მოაჯირებით შემოსაზღვრული;

გ.ო) თუ მოაჯირის ზედა ნაწილი შედგება მანილის, პლასტმასის ან სინთეტიკური ბაგირისგან, აუცილებელია მისი  შემოწმება საჭირო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ, რათა დადასტურდეს, რომ ის უძლებს 5 სმ-ის დისტანციიდან არანაკლებ 90 კგ-ის მიწოლით დატვირთვას;

გ.პ) მოაჯირი უნდა განთავსდეს სამუშაო პლატფორმის კიდიდან არანაკლებ 10 სმ-ის მანძილისა.

მუხლი 6. ზოგადი მოთხოვნები ხარაჩოების მოწყობისა და ექსპლუატაციის მიმართ

1. ხარაჩოები უნდა იყოს სწორად დაპროექტებული, ქარხნულად დამზადებული და მოვლილი, რათა გამოირიცხოს მათი ჩამოშლა ან შემთხვევითი გამოძრავება.

2. ხარაჩოების მოაჯირები უნდა იყოს 90-120 სმ-ის სიმაღლის. მოაჯირის ზედა ძელი უნდა უძლებდეს 5 სმ-ის დისტანციიდან არანაკლებ 90 კგ-ის მიწოლით დატვირთვას.

3. დაუშვებელია ხარაჩოს აღმართვა, შეცვლა ან მოხსნა  პასუხისმგებელი პირის ან მის მიერ დანიშნული პირის  ზედამხედველობის გარეშე.  ზედამხედველ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია. ხარაჩოს  გამოყენებული მასალები გამოყენებამდე ყოველ ჯერზე უნდა მოწმდებოდეს.

4. ნებისმიერი სახის ხარაჩო და მასთან დაკავშირებული ყველა დეტალი უნდა იყოს დამზადებული მყარი და სათანადო მასალებისგან. ხარაჩოში გამოყენებული ლითონის დეტალები და აღჭურვილობა უნდა იყოს დამზადებული შესაბამისი მასალისგან. არ უნდა იყოს გაცვეთილი და არ უნდა გააჩნდეს აშკარა დეფექტები. ხარაჩოებში, მისადგამ და დასაკეც კიბეებში გამოყენებული ხის მასალა არ უნდა იყოს  შეღებილი ან დაფარული სხვა მასალით. 

5. სამუშაო პლატფორმები, წანწალები და ხარაჩოების კიბეები უნდა იყოს  ისეთი ზომისა და კონსტრუქციის, რომ დასაქმებულები დაცული იყვნენ ჩამოვარდნისა და ჩამოცვენილი საგნებისგან. აკრძალულია უხარისხო/დეფექტური ბაგირების გამოყენება.

6. ხარაჩოების საყრდენები/ბოძები უნდა იყოს:

ა) პერპენდიკულარული;

ბ) რაც შეიძლება ახლოს განლაგებული ერთმანეთთან, ხარაჩოების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.  ბოძებს შორის დაშორება 3 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

7. დაუშვებელია ბოძების დაცურება, ნიადაგში ჩაფლობა ან ნებისმიერი სახის მოძრაობა.

8. შემაკავშირებელი კოჭები უნდა იყოს ჰორიზონტალურად  განლაგებული და ბოძებზე მყარად დამაგრებული. პლატფორმის ასაგებად გამოყენებული ფიცრები მყარად უნდა იყოს დამაგრებული შემაკავშირებელ კოჭებზე ან ბოძებზე. როდესაც ფიცრების ან შემაკავშირებელი კოჭების ერთი მხარე კედელს ეყრდნობა,  ბოლოები კედელზე მყარად და შესაბამისი წესით უნდა იყოს მიმაგრებული.

9. ნებისმიერი სახის ხარაჩო უნდა იყოს გამყარებული საკმარისი რაოდენობისა და შესაბამისი სახის საბჯენი ან ჯვარედინი ბოძების მეშვეობით.  ის აღჭურვილობა, რომელსაც ხარაჩო დაეყრდნობა, უნდა იყოს საკმარისად მყარი, სათანადო და უსაფრთხო.

10. აკრძალულია ხარაჩოების ასაგებად ან საყრდენად  აგურების, კანალიზაციის მილების, ხის გალიების, ყუთების ან სხვა არასათანადო და არამყარი მასალების გამოყენება.

11. იმ შემთხვევაში, თუ შენობის ნაწილი ან სხვა ნაგებობა ხარაჩოს ან დასაკეცი კიბის საყრდენად გამოიყენება, აღნიშნული შენობა/ნაგებობა საკმარისად მყარი და გამძლე უნდა იყოს.

12. ხარაჩოს სამუშაო პლატფორმა უნდა იყოს ერთმანეთთან მჭიდროდ მიდგმული ფიცრებისგან ან ლითონის ფურცლებისგან დამზადებული და გამყარებული ისე, რომ გამოირიცხოს მათი გამოძრავება.

13. ფიცრებს ან ლითონის ფურცლებს შორის დაშორება არ უნდა აღემატებოდეს  3 სმ-ს.

14. სამუშაო პლატფორმის სიგანე არ უნდა იყოს 80 სმ-ზე ნაკლები, მისი სიგანე უნდა ფარავდეს საყრდენ ბოძებს შორის მანძილს.

15. სამუშაოების კედლის კიდეზე შესრულებისას სამუშაო პლატფორმა კედლის კიდიდან მინიმუმ 60 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული.

16. სამუშაო პლატფორმის გვერდებსა  და ნაგებობას შორის დაშორება 25 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

17. ხარაჩოს ნაწილობრივ მოხსნა ან დაუსრულებელი სახით დატოვება (როდესაც ამგვარ მდგომარეობაში მყოფი ხარაჩოს გამოყენების შესაძლებლობა არსებობს) დაუშვებელია.

18. ნაწილობრივ მოხსნილი ან დაუსრულებელი სახით ხარაჩოების დატოვების შემთხვევაში (როდესაც ამის აუცილებლობა არსებობს), შემდეგი სახის ზომები უნდა იქნეს მიღებული: ნაწილობრივ მოხსნილ ან დაუსრულებელ ხარაჩოებთან თვალსაჩინო ადგილებზე უნდა იყოს განთავსებული   ამკრძალავი/მაფრთხილებელი  ნიშნები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ნიშნების განთავსებასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს; ამ ხარაჩოებთან მიმავალი გზები უნდა იყოს გადაკეტილი შესაბამისი სახის მოაჯირებით.

19. ხარაჩოების სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები უნდა ტარდებოდეს კომპეტენტური პერსონალის მიერ, სტანდარტების შესაბამისად.

მუხლი 7. მოთხოვნები დაკიდული ხარაჩოების მიმართ

1. დაკიდული ხარაჩოების ასაწევად ან დასაწევად ამწევი მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში:

ა) ამწევი მოწყობილობა უნდა იყოს საკმარისად გამძლე და მისი მოვლა/ექსპლუატაცია ხორციელდებოდეს უსაფრთხოდ;

ბ) ხარაჩო უსაფრთხოდ და მყარად უნდა იყოს დაფიქსირებული დამაგრების ადგილზე;

გ) ამწევი მოწყობილობის დეტალები უნდა იყოს განლაგებული ხარაჩოს კიდეზე (შეძლებისდაგვარად). ბაგირები უნდა იყოს მაქსიმალურად დაჭიმული;

დ) ამწევი მოწყობილობა უნდა იყოს აღჭურვილი მუხრუჭებით ან შესაბამისი შემაჩერებელი მექანიზმით;

ე) ამწეზე ხარაჩოს დაკიდების შემთხვევაში, ხარაჩოს ქვედა ნაწილზე მიმაგრებულ თითოეულ შკივზე თოკი მინიმუმ ორჯერ უნდა იყოს შემოხვეული, ხოლო თითოეულ შკივზე დახვეული თოკის ბოლო ნაწილის სიგრძე უნდა იყოს თვალით აღქმადი.

2. საბჯენ ბოძებთან ერთად მაბალანსირებელი ტვირთის გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნული ტვირთი ბოძებზე მყარად უნდა იყოს მიმაგრებული.

3. დაკიდულ ხარაჩოზე ასვლისას და ჩამოსვლისას არავითარი დაბრკოლება არ უნდა არსებობდეს. მათი დიზაინი ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის ჩამოვარდნას უნდა გამორიცხავდეს. ხარაჩოს ორივე მხარეს უნდა არსებობდეს მათი გამოძრავების აღმკვეთი მექანიზმები.

4. დაკიდული ხარაჩოს ამწევი საშუალებები: ბაგირები, ჯაჭვები და ა.შ. უსაფრთხოდ უნდა იყოს დამაგრებული პლატფორმის ჩარჩოზე ან ნებისმიერ ამწევ მოწყობილობაზე, დაჭიმულ მდგომარეობაში.

5. დაკიდული ხარაჩოს დახრის, რხევის ან ჩამოვარდნის აღსაკვეთად უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები.

6. დაკიდულ ხარაჩოებზე,  ტვირთის აწევის მიზნით, მხოლოდ შესაბამისი გამძლეობის გვარლისა და სტანდარტული ბაგირების გამოყენება არის შესაძლებელი.

7. როდესაც დაკიდულ ხარაჩოზე, შკივის ან მსგავსი აღჭურვილობის მეშვეობით, გალიების, კალათების და ა.შ. ტვირთის აწევა ხორციელდება:

ა) აღნიშნული აღჭურვილობა უნდა იყოს საკმარისად გამძლე, მყარი მასალებისგან დამზადებული და გამართულ მდგომარეობაში;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ეს აღჭურვილობა უნდა იყოს სხვა დანადგართან მყარად მიმაგრებული ან მასზე დაყრდნობილი.

8. გალიების, კალათების ან მსგავსი მოწყობილობების გადმოყირავების და  დასაქმებულების  გადმოვარდნის პრევენციის მიზნით, უნდა იქნეს მიღებული უსაფრთხოების ზომები.

9. გალიების, კალათებისა და მსგავსი კონსტრუქციების მოაჯირის სიმაღლე ძირიდან უნდა შეადგენდეს 90-120 სმ-ს, მათი მონტაჟისა და გამოყენების პროცესს უნდა ზედამხედველობდეს პასუხისმგებელი ან მის მიერ დანიშნული პირი.

10. როდესაც ვერტიკალური დამცავი ბაგირები გამოიყენება, ისინი უნდა იყოს შეკრული და დამაგრებული საყრდენ ნაწილზე, არ უნდა იყოს დამაგრებული ხარაჩოზე და უნდა იყოს დაცული დაზიანებებისაგან. საყრდენი ნაწილები მოიცავს შენობის სტრუქტურულ შემადგენელ ნაწილებს და არ მოიცავს მილებს, სავენტილაციო ხვრელებს, სხვა მილგაყვანილობის სისტემებს, ელექტროსადენებსა და მსგავს ელემენტებს.

11. როდესაც ჰორიზონტალური დამცავი ბაგირები გამოიყენება, ისინი უნდა იყოს მიმაგრებული ხარაჩოს ორ ან მეტ სტრუქტურულ შემადგენელ ნაწილზე ან შესაძლოა იყოს დამაგრებული საკიდარ და დამოუკიდებელ საკიდარ ხაზებზე (ამგვარად აღჭურვილ ხარაჩოებზე), რომლებიც დამაგრებულია ამწევ და სამუხრუჭე მექანიზმებზე. ჰორიზონტალური დამცავი ბაგირი უნდა იყოს დამაგრებული მხოლოდ საკიდარ თოკებზე.

12. როდესაც ღვედი არის დაკავშირებული ჰორიზონტალურ დამცავ ბაგირთან ან  რეგულირებადი მოძრავი ხარაჩოს სტრუქტურულ შემადგენელ ნაწილთან, ხარაჩო  აღჭურვილი უნდა იყოს დამოუკიდებელი დამატებითი დამჭერი ტროსით ან ავტომატური ჩამკეტი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ხარაჩოს ვარდნის შეჩერებას ერთი ან ორივე საკიდი ბაგირის  დაზიანების შემთხვევაში. დამოუკიდებელი დამჭერი ტროსი უნდა იყოს ისეთივე გამძლე და იმ რაოდენობის, როგორიც საკიდი თოკებია.

13. ვერტიკალური დამცავი ბაგირი, დამოუკიდებელი დამჭერი ტროსი და საკიდი ბაგირები არ უნდა იყოს ერთმანეთზე მიმაგრებული, ასევე ისინი არ უნდა იყოს მიმაგრებული ერთ საყრდენ ნაწილზე, ასევე არ უნდა იყოს მიმაგრებული ხარაჩოზე ან ინდივიდუალური დაცვის საშუალების ერთსა და იმავე წერტილზე.

მუხლი 8. მოთხოვნები გადასატანი ხარაჩოების მიმართ

1. გადასატანი ხარაჩოს დამზადებისას გამოყენებული ყველა საბჯენი უნდა იყოს მყარი და სათანადო, გამძლე მასალისგან დამზადებული.

2. დაუშვებელია გადასატანი ხარაჩოს სტაციონარულ ხარაჩოზე განლაგება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სივრცე საკმარისად ფართოა,  ხოლო საყრდენი ბოძები პლატფორმაზე მყარად არის დამაგრებული.

3. ბორბლებზე ან რელსებზე მოძრავი ხარაჩო:

ა) აგებული უნდა იყოს  სწორ, მყარ და გლუვ ზედაპირზე;

ბ) ისე უნდა იყოს დაფიქსირებული, რომ გამოირიცხოს მისი გამოძრავება  მასზე დასაქმებულის მუშაობის პროცესში;

გ) გადასატან ხარაჩოს უნდა გააჩნდეს მასზე მყარად დამაგრებული შესაბამისი კიბე.

4. ხარაჩოს დატვირთვა არ უნდა აჭარბებდეს პასპორტით გათვალისწინებულ ნორმას.

მუხლი 9. მოთხოვნები ხარაჩოს  ტვირთამწეობისა და შემოწმების მიმართ

1. ხარაჩოზე არსებული ტვირთი უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული იმგვარად, რომ არ მოხდეს ხარაჩოს გადატვირთვა.

2. ხარაჩოზე მასალის გადაადგილება ან განლაგება მისი რყევის გარეშე უნდა ხორციელდებოდეს.

3. ხარაჩოზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ის მასალა, რომელიც კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად არის აუცილებელი.

4. სამუშაო ადგილებზე ხარაჩოების, გალიების, კალათებისა და მსგავსი აღჭურვილობის გამოყენებისას პასუხისმგებელმა ან მის მიერ დანიშნულმა პირმა ამ აღჭურვილობის შემოწმება უნდა მოახდინოს შემდეგი პერიოდულობის დაცვით:

ა) ექსპლუატაციაში შესვლამდე;

ბ) ექსპლუატაციის შემდეგ, პერიოდულად − არანაკლებ 7 დღეში ერთხელ;

გ) აღჭურვილობის მოდიფიკაციის, გარკვეული პერიოდით მოცდენის, ცუდი ამინდის, სეისმური რყევების ან ნებისმიერი სხვა გარემოების დადგომის შემდეგ, რომელსაც მის ტვირთამწეობაზე ან მდგრადობაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ამ შემთხვევებში  დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შემოწმება.

5. შემოწმების ანგარიში უნდა მომზადდეს წერილობით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს კომპეტენტური პირი და ინახებოდეს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთან.

მუხლი 10.  უსაფრთხოების ბადეები

1. უსაფრთხოების ბადე უნდა განთავსდეს სიმაღლეზე მიმდინარე სამუშაოების ქვემოთ, სადაც ვერ ხერხდება სხვა სახის დამცავი საშუალების ეფექტური გამოყენება.

2. უსაფრთხოების ბადე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა განთავსდეს პლატფორმის ქვემოთ მაქსიმალურად ახლოს, მაგრამ  არაუმეტეს 9 მეტრი სიმაღლისა;

ბ) უნდა იყოს გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს ქვედა სამუშაო სივრცეებისა და მიმდინარე პროცესების ხილვადობას, რათა არ მოხდეს მყარი საგნების გადაგდება და არასასურველი კონტაქტი მიწის ზედაპირთან;

გ) დამონტაჟების შემდეგ უნდა მოხდეს მისი შემოწმება. დამცავი ბადის შემოწმება უნდა განხორციელდეს მუშაობის დაწყებამდე, ხოლო თუ აღნიშნული ბადე არ იქნა მოხსნილი ან გადატანილი, მისი განმეორებითი შემოწმება უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 6 თვისა. ბადის გამოცდისას უნდა გამოიყენონ 180 კგ-ის სიმძიმის ტვირთი არანაკლებ 1 მეტრის  სიმაღლიდან. გამოცდის შედეგები უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად,  კომპეტენტური პირის/სამსახურის მიერ;

დ) დაუშვებელია დეფექტის მქონე ბადის გამოყენება დამცავ საშუალებად;

ე) თუ  დამცავ ბადეში  მოხვდება რაიმე რკინის ნაჭერი, იარაღი ან სხვა  სახის საგანი, მისი ამოღება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. ასევე უნდა განხორციელდეს ბადის შემოწმება ნებისმიერი ინციდენტის შემდეგ;

ვ) ყოველ  დამცავ ბადეს კიდეზე უნდა ჰქონდეს  ბაგირი, რომელიც უნდა უძლებდეს  2250 კგ მასის დატვირთვას.  

3. უსაფრთხოების ბადეები გარე მიმართულებით,  სამუშაო ზედაპირის ყველაზე დაშორებული წერტილიდან უნდა იყოს განთავსებული შემდეგნაირად:

 

ვერტიკალური მანძილი სამუშაო პლატფორმიდან ბადის ჰორიზონტალურ ზედაპირამდე

ბადის გარე კიდის მინიმალური ჰორიზონტალური მანძილი სამუშაო ზედაპირის კიდიდან

1.5 მეტრამდე

2.5 მეტრი

1.5 მეტრიდან 3 მეტრამდე

3 მეტრი

3 მეტრზე მეტი

 4 მეტრი.

4. თითოეული უსაფრთხოების ბადის ღია უჯრედის გვერდის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 15 სმ-ს. ყველა უჯრედის კვეთა დაცული უნდა იყოს, რათა გამოირიცხოს ღია უჯრედის გაფართოება.

მუხლი 11. სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები

1. სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელიც განკუთვნილია სიმაღლეზე მომუშავე ადამიანის ვარდნისაგან დაცვისათვის, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) დამაკავშირებელი მოწყობილობა უნდა იყოს დამზადებული დაპრესილი ან ფორმირებული ფოლადისგან ან მისი მსგავსი მასალისგან;

ბ) დამაკავშირებელ მოწყობილობას უნდა ჰქონდეს კოროზიისაგან  დამცავი დაბოლოებები  და  მისი ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, რათა არ მოხდეს ამ სისტემის შემადგენელი ნაწილების  დაზიანება;

გ) კარაბინებისა და ჩამკეტიანი კაუჭების გამძლეობაზე სიმტკიცე უნდა გააჩნდეს  მინიმუმ 2250 კგ-ის დატვირთვისას;

დ) კარაბინები და ჩამკეტიანი კაუჭები უნდა გამოიცადოს მინიმუმ 1600 კგ-ის გამძლეობაზე, რომლის დროსაც არ უნდა მოხდეს მათი გატეხვა, გაწყვეტა ან დეფორმაცია;

ე) ჩამკეტიანი კაუჭი უნდა გაიზომოს, რომ თავსებადი იყოს მიერთებულ ნაწილებთან, რათა არ მოხდეს მისი შემთხვევითი ამოვარდნა საჭერი მოწყობილობიდან. კაუჭი ასევე უნდა იკეტებოდეს, რათა გამოირიცხოს საჭერიდან და მიმაგრებული ნაწილებიდან გამოვარდნა;

ვ)   თუ ჩამკეტიან კაუჭს არ აქვს სამაგრი, ის არ უნდა გამოიყენებოდეს: თასმებზე, ბაგირებზე, ლითონის ბაგირებზე, კარაბინებზე, ჰორიზონტალურ ტროსებზე ან ნებისმიერ ნივთზე, რომლის ფორმა ან ზომა იმდენად შეუთავსებელია კაუჭთან, რომ შესაძლოა მოხდეს შემთხვევითი ამოვარდნა საჭერებიდან, შეერთებული ნაწილების  დაწევა ან განცალკევება;

ზ)  ჰორიზონტალური ტროსების მქონე დაკიდულ ხარაჩოებზე ან მსგავს სამუშაო პლატფორმებზე, სადაც ჰორიზონტალური ტროსი შესაძლოა ვერტიკალურ ტროსებად იქნეს გამოყენებული, ჰორიზონტალურ ტროსთან დამაკავშირებელი მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს ტროსის ორივე მხრიდან გამაგრებას;

თ) ჰორიზონტალური ტროსები, როგორც სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები,  დაპროექტებულ, დაყენებულ და გამოყენებულ უნდა იქნეს კვალიფიციური პირის მიერ;

ი) ღვედები და ვერტიკალური ბაგირები უნდა უძლებდეს არანაკლებ 2250 კგ-ის სიმძიმით/მასით დატვირთვას;

კ) ვერტიკალური ბაგირების გამოყენებისას თითოეული დასაქმებული პირი ცალკეულ ბაგირზე უნდა იყოს მიმაგრებული, გარდა ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ლ) ლიფტის შახტის მშენებლობისას ორი დასაქმებული შეიძლება მიმაგრებული იყოს ერთსა და იმავე ბაგირზე იმ შემთხვევაში, თუ ორივე პირი ერთი კაბინის ზევით მუშაობს და კაბინა შემოსაზღვრულია მოაჯირებით, ხოლო ბაგირის სიმტკიცე უნდა უძლებდეს თითო კაცზე  4450 კგ-ის   დატვირთვას;

მ) ადამიანის დამცავი ბაგირები დაცული უნდა იყოს  გადაჭრისაგან თუ გაცვეთისაგან;

ნ) გამოსაწევი ტიპის ბაგირები და ღვედები, რომლებიც ავტომატურად 60 სმ-ით ან ნაკლებით ამცირებენ თავისუფალი ვარდნის მანძილს და მიმაგრებულია მოწყობილობაზე მთლიანად გაშლილ მდგომარეობაში, უნდა უძლებდეს გამძლეობის სიმტკიცეს მინიმუმ 3350 კგ-ის დატვირთვით;

ო)  გამოსაწევი ტიპის ტროსები და ღვედები, რომლებიც ავტომატურად 60 სმ-ით ან ნაკლებით არ ამცირებენ თავისუფალი ვარდნის მანძილს, ასევე გაცვეთილი და დეფორმირებული ღვედები, რომლებიც მიმაგრებულია მოწყობილობაზე მთლიანად გაშლილ მდგომარეობაში, უნდა უძლებდეს არანაკლებ 2250 კგ-ის დატვირთვას;

პ) ანკერული გამაგრებები, რომლებიც  სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს ამაგრებს, უნდა იყოს განცალკევებული იმ ანკერული გამაგრებებისგან, რომლებიც პლატფორმების საყრდენებად ან საკიდად გამოიყენება და თითოეულ დასაქმებულზე უნდა უძლებდეს მინიმუმ 2250 კგ-ის დატვირთვას და უნდა დამონტაჟდეს და გამოყენებულ იქნეს კვალიფიციური პირის ზედამხედველობის ქვეშ.  

2. სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებმა ვარდნის შეჩერებისას უნდა უზრუნველყონ ვარდნის დროს დასაქმებულის შეჩერება მიწის ზედაპირიდან 1.8 მეტრის სიმაღლეზე და არ უნდა  მოახდინონ მისი შეხება მიწის ზედაპირთან.

3. სხეულის სალტეები, სხვა აღჭურვილობები და კომპონენტები უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ დასაქმებულთა დასაცავად. დაუშვებელია მათი გამოყენება სხვა მასალების ასაწევად/გადასატანად.

4. სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და კომპონენტები გაუმართაობის დროს ხმარებიდან უნდა იქნეს ამოღებული და არ იქნეს გამოყენებული იქამდე, ვიდრე არ შემოწმდება კომპეტენტური პირის/სამსახურის მიერ.

5. დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა სწრაფი ევაკუაცია ვარდნის შემთხვევაში ან/და დარწმუნდეს, რომ დასაქმებულებს თავად აქვთ საკუთარი თავის გადარჩენის შესაძლებლობა.

6. სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალება უნდა შემოწმდეს ყოველი  გამოყენების წინ ცვეთაზე, დაზიანებაზე და სხვა ხარვეზებზე. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, დაცვის საშუალება ან/და დეფექტური ნაწილები დაუყოვნებლივ უნდა ჩანაცვლდეს ან მოხდეს მათი ხმარებიდან ამოღება.

7. სხეულის სალტეები უნდა იყოს არანაკლებ 4 სმ-ის სიგანისა.

8. სიმაღლიდან ვარდნის დამცავი ინდივიდუალური დაცვის საშუალება დამაგრებული არ უნდა იყოს მოაჯირის სისტემაზე და არც ამწევ მექანიზმებზე.

9. თუ სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალება გამოიყენება ამწევი მექანიზმების გამოყენების ადგილებზე, იგი უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულების მოძრაობას მხოლოდ სამუშაო ზედაპირის კიდემდე.

მუხლი 12. მოთხოვნები დამჭერი მოწყობილობების მიმართ

1. დამჭერი მოწყობილობები იმგვარად უნდა იქნეს დამაგრებული, რომ არ დაუშვას მომუშავის თავისუფალი ვარდნა 0.6 მეტრზე მეტად.

2. ანკერები, რომელზეც დამაგრებულია დამჭერი მოწყობილობები,  უნდა უძლებდეს 1360 კგ-ის დატვირთვას.

3. ჩამჭიდები დამზადებული უნდა იყოს ნაწრთობი, ჩამოსხმული, ფორმირებული ფოლადის ან სხვა ეკვივალენტური მასალისგან.

4. ჩამჭიდებს უნდა გააჩნდეთ კოროზია, გამძლე საფარი და ყველა ზედაპირი უნდა ჰქონდეთ გლუვი, დამჭერი მოწყობილობის კონტაქტში მყოფი ელემენტების დაზიანების გამოსარიცხად.

5. დამაკავშირებელი მოწყობილობები უნდა უძლებდეს  2268 კგ-ის (22.2 კილონიუტონი) დაჭიმულობის ძალას.

6. კაუჭებსა და ჩამკეტიან კაუჭებს ჩატარებული უნდა ჰქონდეთ გამოცდა სიმტკიცეზე და გააჩნდეთ მინიმალური დაჭიმულობის ძალა  1633 კგ-ის დატვირთვისთვის.

7. ჩამკეტიანი კაუჭის ზომა უნდა შეესაბამებოდეს/მორგებული უნდა იყოს იმ ნაწილების ზომას, რომელთანაც არის დაკავშირებული, რათა გამორიცხულ იქნეს დაჭიმულობით გამოწვეული შემთხვევითი განცალკევება. დასაშვებია მხოლოდ ჩამკეტი ტიპის სამაგრი კავების გამოყენება.

8. ყოველი გამოყენების წინ დამჭერი მოწყობილობის სისტემა უნდა შემოწმდეს ცვეთის, დაზიანებებისა და სხვა ნაკლოვანებების არსებობაზე. დეფექტური ნაწილები  არ უნდა იქნეს გამოყენებული.

9. ტანის სალტე, ქამარი და ვარდნისგან დამცავი სხვა აღჭურვილობები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მომუშავე პერსონალის დაცვის მიზნით და იკრძალება მათი მასალის აწევის/გადაზიდვის მიზნით გამოყენება.

10. დამცავ მექანიზმზე აღნიშნული უნდა იყოს: დამამზადებლის სასაქონლო ნიშანი, ტიპი, ზომა, დამზადების თარიღი, ტექნიკური პირობები. დაუშვებელია მათი გამოყენება, თუ არ ხდება პერიოდული გამოცდა დატვირთვაზე. ასეთი ტიპის გამოცდა უნდა ხორციელდებოდეს ყოველ ექვს   თვეში ერთხელ,  1470 ნ სტატიკურ დატვირთვაზე 5 წუთის განმავლობაში. გამოცდის შემდეგ არ უნდა დაირღვეს შემადგენელი ნაწილების ბოჭკოებისა და ნაკერების მთლიანობა.

მუხლი 13.  მოთხოვნები მაფრთხილებელი ბარიერების მიმართ

1. სამშენებლო მოედანზე უნდა განისაზღვროს განსაკუთრებით საშიში ზონა, რომელიც უნდა შემოიფარგლოს მაფრთხილებელი ბარიერით, უსაფრთხოების ნიშნებითა და შესაბამისი წარწერებით („ფრთხილად“, „ვარდნის საფრთხეა“, „არ გადაკვეთოთ“).

2. აღნიშნულ ბარიერამდე დასაქმებულებს ეძლევათ უფლება, იმუშაონ სიმაღლიდან ვარდნის სხვა დამცავი საშუალებების გარეშე, თუმცა მათ აკრძალული აქვთ ამ მაფრთხილებელი ბარიერის მიღმა დამცავი აღჭურვილობის გარეშე მუშაობა. მაფრთხილებელი ბარიერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა განთავსდეს სამუშაო ზედაპირის კიდიდან არანაკლებ 180 სმ-ის მანძილისა;

ბ) თუ საფრთხისშემცველ ადგილამდე მისასვლელი გზა არ გამოიყენება, ის უნდა შემოისაზღვროს თოკით, ბაგირით, ჯაჭვით, ბარიკადით ან სხვა შესაბამისი გამძლეობისა და სიმაღლის  დამცავი ბარიერებით, რათა არ მოხდეს გარეშე პირთა შეღწევა;

გ) უნდა შედგებოდეს ბაგირისგან, მავთულისგან, ბიგისგან ან ჯაჭვისგან და შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

გ.ა) ბაგირზე, მავთულზე ან ჯაჭვზე განთავსებული უნდა იყოს თვალისთვის კარგად აღქმადი შეფერილობის მასალით დამზადებული ალმები, არაუმეტეს 180 სმ-ის ინტერვალით;

გ.ბ) ბაგირი, მავთული ან ჯაჭვი სამუშაო ზედაპირიდან დაფიქსირებული უნდა იყოს არანაკლებ 85 სმ-ისა და არაუმეტეს 100 სმ-ის  სიმაღლეზე;

გ.გ) ბაგირის/თოკის, მავთულის, ჯაჭვის დამონტაჟების შემდეგ ბიგი ისე მყარად უნდა დაფიქსირდეს, რომ მისი წაქცევა/ამოყირავება გამოირიცხოს. ბიგმა უნდა გაუძლოს ჰორიზონტალურად 7 კგ-ის ზეწოლას;

დ) ბაგირები ისე უნდა იყოს განთავსებული თითოეულ ბიგზე, რომ ბიგებს შორის ბაგირის გაბმამ არ გამოიწვიოს სხვა ბოძების სიმყარის შესუსტება და წაქცევა;

ე) არცერთ დასაქმებულს არ აქვს უფლება, იმყოფებოდეს კიდესა და მაფრთხილებელ ბარიერს შორის იმ დასაქმებულ(ებ)ის გარდა,  რომელიც ამ ზონაში ახორციელებს სამუშაოს;

ვ) სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა დამატებითი მაფრთხილებელი ბარიერები.

მუხლი 14.  მოთხოვნები გადასატანი კიბეების მიმართ

1. გადასატანი კიბეები დამზადებული უნდა იყოს გამძლე მასალისგან, უნდა მიმდინარეობდეს მათი სწორი მოვლა/ექსპლუატაცია და გამოიყენებოდეს დანიშნულებისამებრ.

2. აკრძალულია ისეთი გადასატანი კიბეების გამოყენება, რომლებსაც აკლია საფეხურ(ებ)ი ან აღენიშნებათ სხვა რაიმე დეფექტი.

3. საფეხურები ჩასმული უნდა იყოს ძელებში არსებულ შესაბამის (ამისთვის განკუთვნილ) ღრმულებში და უნდა იყოს კარგად დამაგრებული. ამ  პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ლითონისაგან დამზადებულ კიბეებზე.

4. საფეხურებს შორის დაშორება არ უნდა აღემატებოდეს 30 სმ-ს.

5. ოთხ მეტრზე გრძელი გადასატანი კიბე დამზადებული უნდა იყოს  მყარი ლითონის მასალისგან.

6. კიბის ზედა ნაწილი (როდესაც კიბე ვერტიკალურ ან დახრილ მდგომარეობაშია) მიმაგრებული უნდა იყოს იმ ადგილზე, რომელსაც ის ეყრდნობა. თუ კიბის ზედა ნაწილის უსაფრთხოდ მიმაგრება შეუძლებელია, მაშინ ის სამუშაო ზედაპირზე მყარად უნდა დამაგრდეს. თუ კიბის ზედა და ქვედა ნაწილების დამაგრება ვერ ხერხდება, მაშინ ნიადაგზე/იატაკზე უნდა იდგეს ადამიანი, რომელიც აღკვეთს კიბის დაცურებას. კიბე მყარ ნიადაგსა და ზედაპირზე უნდა დადგეს და გამაგრდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი ზედმეტი რხევა ან გაღუნვა.

7. იმ შემთხვევაში, თუ კიბის საფეხური გამოიყენება სამუშაო ადგილად, კიბის საფეხური მინიმუმ ერთი მეტრით უნდა იყოს დაშორებული ბოლო საყრდენი წერტილიდან.

8. მშენებლობაზე გამოყენებულ კიბეს უნდა გააჩნდეს ვერტიკალური ღერძები და საფეხურები, რომლებიც არ უნდა იყოს დაზიანებული. კიბის საყრდენი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში.

9. აკრძალულია არაქარხნული წესით, კუსტარულად დამზადებული კიბეების გამოყენება.

10. კიბე უნდა დაიდგას სათანადო კუთხით, სიმაღლის შესაბამისად, ხოლო კიბის ქვედა სადგამი კედლიდან გამოწეული უნდა იყოს კიბის სიმაღლის ¼-ის მანძილით.

11. აკრძალულია კიბეზე ერთზე მეტი ადამიანის ასვლა. დასაქმებულს კიბესთან უნდა ჰქონდეს სამწერტილოვანი კონტაქტი.

12. კიბის დადგმის ადგილი სწორად უნდა იქნეს შერჩეული და,  საჭიროების შემთხვევაში,  დაცული უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშნებით.

13. მისასვლელ არეს კიბე უნდა აცდეს არანაკლებ ორი საფეხურით.

14. ღია ელექტროსადენებთან სიახლოვეს გამოყენებულ უნდა იქნეს მშრალი, დიელექტრიკული კიბეები.

15. ხარაჩოების, დამცავი ღვედების, კიბეების, სამუშაო პლატფორმებისა  და ყველა ზემოთ აღნიშნული საშუალებების შემოწმება უნდა ხორციელდებოდეს პერიოდულად, კომპეტენტური პირის/სამსახურის მიერ, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დოკუმენტურად და შემოწმების აქტით.

მუხლი 15. მოთხოვნები ღიობების მიმართ

ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა) დაფარული უნდა იყოს სპეციალური ხუფებით ან/და ფენილებით. ხუფები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ყველა ხუფი უნდა უძლებდეს მასზე მდგარი დასაქმებულის და განთავსებული ხელსაწყოსა და ნივთის გაორმაგებულ წონას;

ბ) ხუფები უნდა დამონტაჟდეს ისე მყარად, რომ შეუძლებელი იყოს მისი შემთხვევითი გადაადგილება;

გ) ხუფებს უნდა ჰქონდეს გამაფრთხილებელი წარწერა − „ორმო“ („HOLE“) და „ხუფი“ („COVER“).

მუხლი 16.  სწავლება

1. სიმაღლეზე მომუშავე ყველა თანამშრომელს უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი სწავლება, რომელიც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო მოდულებს.

2. სიმაღლეზე მომუშავეებს უნდა ჩაუტარდეთ სწავლება სიმაღლიდან ვარდნის დამცავი საშუალებების შესაბამის გამოყენებაზე. პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს თითოეული დასაქმებულისათვის ვარდნის საფრთხის გამოცნობის შესაძლებლობას და უნდა მოიცავდეს ამ საფრთხის მინიმუმამდე შემცირების მიზნით აუცილებელ პროცედურებს. 

3. დასაქმებულებს უნდა ჩაუტარდეთ სწავლება მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობისა და მოვალეობების შესახებ.

4. დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ გავლილი სწავლება უბედური შემთხვევისას პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებ.

5. განმეორებითი  სწავლება საჭიროა:

ა) როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დასაქმებული არ არის ადეკვატურად გადამზადებული;

ბ) თუ გამოვლინდა, რომ დასაქმებული არ იყენებს ან/და არასწორად იყენებს დამცავ საშუალებებს;

გ) აღმოჩენილია ახალი საფრთხე;

დ) მასიური უბედური შემთხვევის დროს;

ე) პერიოდულად, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე.

6. სწავლება/ტრენინგი/ინსტრუქტაჟი უნდა ჩატარდეს არანაკლებ სამ თვეში ერთხელ.

7. ყველა სწავლება უნდა იყოს დოკუმენტირებული და უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ა) განხილულ მოდულებსა და საკითხებს;

ბ) სწავლების ადგილს;

გ) ტრენერის სახელს/გვარს;

დ) სწავლების თარიღს;

ე) სწავლების მონაწილეთა მონაცემებს;

ვ) დასაქმებულის ხელმოწერას.

8. დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ტრენინგების პროგრამის შემუშავება და განხორციელება თითოეული დასაქმებულისათვის, რომელსაც შესაძლოა დაემუქროს ვარდნის საფრთხე.

მუხლი 17. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისათვის

ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.