ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ

ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 420000000.10.003.020489
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
174
10/04/2018
ვებგვერდი, 12/04/2018
420000000.10.003.020489
ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/04/2018 - 19/11/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №174

2018 წლის 10 აპრილი

   ქ. თბილისი

 

ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს საჰაერო კოდექსის 711 მუხლის საფუძველზე,  დამტკიცდეს თანდართული ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების წესი.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.

 


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების წესი

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ავიაგადამზიდველის მიერ  მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემებისა და მგზავრის წინასწარი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავების, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისთვის გადაცემის, ასევე მისი წაშლისა და დეპერსონალიზაციის წესს, ვადებსა და პროცედურებს.   

2. ეს წესი მიზნად ისახავს:

ა) ტერორიზმის, ასევე სხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა პრევენციის, გამოვლენის, გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ხელშეწყობას;

ბ) სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესებასა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავიაგადამზიდველი/ექსპლუატანტი − საქართველოში რეგისტრირებული ან უცხო ქვეყნის გადამყვან-გადამზიდველი, რომელსაც შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე აქვს საჰაერო ხომალდით კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის უფლება გაცემული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;

ბ) საერთაშორისო ფრენა − რეგულარული ან არარეგულარული ფრენა,  განხორციელებული ავიაგადამზიდველის მიერ:

ბ.ა) ნებისმიერი უცხო ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით (მათ შორის, მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე შეჩერებებით);

ბ.ბ) საქართველოდან ნებისმიერი უცხო ქვეყნის მიმართულებით (მათ შორის, მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე შეჩერებებით);

გ) მგზავრი − ნებისმიერი, მათ შორის, ტრანსფერით ან ტრანზიტით მიმავალი პირი, გარდა ეკიპაჟის წევრისა, რომელიც მგზავრობს ან უნდა იმგზავროს საჰაერო ხომალდით ავიაგადამზიდველის თანხმობით, რაც გამოიხატება ავიაგადამზიდველის მიერ პირის რეგისტრაციით მგზავრთა სიაში;

დ) დაჯავშნის სისტემა − ავიაგადამზიდველის შიდა სისტემა, რომელშიც ჯავშანთა მომსახურების მიზნით თავმოყრილია მგზავრის სახელის ჩანაწერები;

ე) გამგზავრების კონტროლის სისტემა − მგზავრთა რეისზე რეგისტრაციის სისტემა;

ვ) მგზავრის სახელის ჩანაწერი − ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული თითოეული მგზავრის მგზავრობის მოთხოვნების ჩანაწერი, რომელიც შეიცავს ავიაგადამზიდველის მიერ რეისის ჯავშანთა დამუშავებისა და კონტროლისთვის აუცილებელ ინფორმაციას, მოცემულს დაჯავშნის სისტემაში, გამგზავრების კონტროლის სისტემაში ან ნებისმიერი ანალოგიური ფუნქციების მქონე სისტემებში;

ზ) მგზავრის წინასწარი მონაცემები − ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მე-19 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები;

თ) უფლებამოსილი ორგანო − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი −  საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო;

ი) კომპეტენტური ორგანო − ორგანოები, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება ტერორიზმის დანაშაულის, ასევე სხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების პრევენცია, გამოვლენა, გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა.

მუხლი 3. მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების ვალდებულება

1. ავიაგადამზიდველი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო რეისს,  ვალდებულია, უსასყიდლოდ მიაწოდოს უფლებამოსილ ორგანოს ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები:

ა) 48 საათით ადრე ფრენის დაგეგმილ დრომდე;

ბ) დაუყოვნებლივ, საჰაერო ხომალდის აფრენის შემდეგ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება:

ა) სატვირთო გადაზიდვებზე;

ბ) სამაშველო/საევაკუაციო ფრენებზე;

გ) სახელმწიფო ავიაციაზე;

დ) იმ მონაცემების მიწოდებაზე, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.

3. თუ რეისი ერთობლივად სრულდება რამდენიმე ავიაგადამზიდველის მიერ,  მგზავრის  სახელის ჩანაწერის მონაცემების უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულება ეკისრება იმ ავიაგადამზიდველს, რომელიც ახორციელებს ფრენის ოპერირებას.

4. ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბაზისთვის  მგზავრის  სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდება წარმოებს ელექტრონული საშუალებებით, საერთო პროტოკოლებისა და ფორმატების გამოყენებით, ხოლო ტექნიკური ხარვეზის/შეფერხების არსებობის შემთხვევაში − ნებისმიერი სხვა საშუალებით, უსაფრთხოების შესაბამისი ნორმების დაცვით.

5. მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების საერთო პროტოკოლები და ფორმატები, ასევე ამ მონაცემების მიწოდებასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ორგანიზაციული საკითხები  განისაზღვრება ამ წესის №2 დანართით და ეფუძნება მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების საერთაშორისოდ აღიარებულ პროტოკოლებსა და ფორმატებს. თუ ავიაგადამზიდველს არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული პროტოკოლებისა და ფორმატების შესაბამისად  მიაწოდოს უფლებამოსილ ორგანოს მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები, აღნიშნული მონაცემების ელექტრონული ფორმით მიწოდების სხვა ტექნიკური საშუალებები და ფორმები დამატებით განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს მიერ. 

მუხლი 4. მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების დამუშავება

1. ავიაგადამზიდველის მიერ მიწოდებული მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიღებასა და დამუშავებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო. თუ ავიაგადამზიდველის მიერ მიწოდებული მონაცემები არ არის მითითებული ამ წესის №1 დანართში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული მონაცემების განადგურება დაუყოვნებლივ.

2. უფლებამოსილი ორგანოს მიერ მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მიზნებით:

ა) მგზავრთა წინასწარი შეფასება მათ დაგეგმილ ჩამოფრენამდე ან გაფრენამდე იმ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, რომლებიც საჭიროებენ დამატებით შესწავლას კომპეტენტური ორგანოების მიერ მათი ტერორიზმის დანაშაულის, ასევე სხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში შესაძლო ჩართულობის თვალსაზრისით;

ბ) პასუხის მომზადება კომპეტენტური ორგანოების სათანადოდ დასაბუთებულ მოთხოვნებზე მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდებისა და დამუშავების შესახებ, ასევე დამუშავებული მონაცემებისა და დამუშავების შედეგების მიწოდება კომპეტენტური ორგანოებისთვის;

გ) მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების ანალიზი ტერორიზმის დანაშაულის ან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ჩართულ პირთა იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი კრიტერიუმების განახლების ან ახალი კრიტერიუმების შემუშავებისთვის.

3. მგზავრთა წინასწარი შეფასების მიზნით უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს მონაცემთა ავტომატური შედარება იმ მონაცემთა ბაზებთან, რომლებიც რელევანტურია ტერორიზმის დანაშაულის ან სხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების პრევენციის, აღმოჩენის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებისთვის;

ბ) განახორციელოს მონაცემების დამუშავება წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

4. უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით, მონაცემის დამუშავებისთვის კომპეტენტური ორგანოს დასაბუთებულ მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით გაცემული  სასამართლოს გადაწყვეტილება.  

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამუშავება ხორციელდება არადისკრიმინაციული ფორმით. კრიტერიუმები უნდა იყოს მიზანმიმართული, კონკრეტული და პროპორციული. აღნიშნული კრიტერიუმების შემუშავება და მათი პერიოდული გადახედვა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოსა და კომპეტენტური ორგანოების ერთობლივი თანამშრომლობით. კრიტერიუმი არ შეიძლება ეფუძნებოდეს პიროვნების რასას ან ეთნიკურ წარმომავლობას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ ან ფილოსოფიურ შეხედულებებს, შრომით კავშირებში გაერთიანებას, ჯანმრთელობას, სექსუალურ ცხოვრებასა და სექსუალურ ორიენტაციას.

6. პოზიტიური თანხვედრის შედეგი, რომელიც გამოვლინდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომატური დამუშავების შედეგად, მოწმდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ არაავტომატური საშუალებების გამოყენებით, მისი კომპეტენტური ორგანოებისთვის შემდგომი გადაგზავნის მიზნით.

7. იმ მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები, რომლის პოზიტიური თანხვედრა გამოვლინდა ავტომატური დამუშავების შედეგად და დადასტურდა არაავტომატური საშუალებების გამოყენებით, დაუყოვნებლივ ეგზავნება კომპეტენტურ ორგანოს.

8. აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება.

მუხლი 5. მგზავრის სახელის ჩანაწერთა მონაცემების შენახვის პერიოდი და დეპერსონალიზაცია

1. მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბაზაში ინახება ავიაგადამზიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ასახვის მომენტიდან 5 წლის ვადით, რის შემდეგაც ინფორმაცია იშლება/ნადგურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ავტომატურად.

2. ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბაზისთვის მგზავრის სახელის მონაცემების მიწოდებიდან 6 თვის ვადაში მონაცემები უნდა იქნეს დეპერსონალიზებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმგვარად, რომ გამოირიცხოს იმ მგზავრის იდენტიფიცირება, რომელსაც ეკუთვნის მგზავრის სახელის ჩანაწერი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დეპერსონალიზაციის შემდეგ მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები შესაძლოა სრულად ხელმისაწვდომი გახდეს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც გაიცემა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით.

4. მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები, რომლებიც გადაეცა კომპეტენტურ ორგანოებს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლამდე ინახება და ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოებული დამუშავების შედეგები ინახება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია პოზიტიური თანხვედრის შესახებ კომპეტენტური ორგანოებისა და მესამე ქვეყნების უფლებამოსილი დანაყოფების ინფორმირებისთვის. მონაცემები, რომლებიც მიღებულ იქნა ავტომატური შემოწმებისას გამოვლენილი პოზიტიური თანხვედრის შესახებ, რომელიც არ დადასტურდა არაავტომატური გადამოწმების შედეგად, ასევე შესაძლებელია    შენახულ იქნეს მომავალში მცდარი პოზიტიური თანხვედრის თავიდან აცილების მიზნით.

მუხლი 6. მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის

1. უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული მონაცემების რეალურ დროში კოპირებასა  და შესაბამის მონაცემთა ბაზაში ასახვას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წვდომას ამ მონაცემთა ბაზაზე, ისევე როგორც მის მიერ აღნიშნული მონაცემების მართვის (დამუშავების, წაშლის, შენახვის, განადგურებისთვის) სისტემის შექმნასა და ფუნქციონირებას.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფები მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემებს ამუშავებენ ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები მგზავრის წინასწარ მონაცემებს ამუშავებენ ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები უზრუნველყოფენ მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების ბაზაში არსებული ინფორმაციის წაშლას საჰაერო ხომალდის ჩამოფრენიდან/გაფრენიდან 24 საათში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემების შემდგომი შენახვა აუცილებელია შესაბამისი დანაყოფის  მიერ კანონით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისთვის. მონაცემთა 24 საათზე მეტი ხნის ვადით შენახვის აუცილებლობის საკითხის გადაწყვეტა და მონაცემთა შემდგომი დამუშავება ხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მგზავრის წინასწარი  მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილი დანაყოფები, აგრეთვე, მათ მიერ ინფორმაციის დამუშავების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 7. საჯარიმო სანქციები

ავიაგადამზიდველის მიერ ინფორმაციის მიწოდების კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა გამოწვევს მის დაჯარიმებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 8. მონაცემების გადაცემა მესამე ქვეყანისთვის

1. მესამე ქვეყანა უფლებამოსილია, მოითხოვოს უფლებამოსილი ორგანოსგან იმ მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების გადაცემა, რომლის დეპერსონალიზაციაც არ განხორციელებულა და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ამ მონაცემების დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემების გადაცემა. შესაბამისი მოთხოვნა სათანადოდ უნდა იქნეს დასაბუთებული.

2. მგზავრის სახელის ჩანაწერი და მისი დამუშავების შედეგები, რომლებიც ინახება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, შესაძლებელია სხვა სახელმწიფოს გადაეცეს, თუ:

ა) მონაცემების გადაცემა მიზნად ისახავს ტერორიზმის დანაშაულის ან სხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების პრევენციას, გამოვლენას, გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას;

ბ) დაკმაყოფილებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის მოთხოვნები;

გ) მესამე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, გადასცეს აღნიშნული ინფორმაცია სხვა მესამე ქვეყანას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ტერორიზმის დანაშაულის, ასევე სხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების პრევენციის, გამოვლენის, გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოხატული თანხმობის საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობა არ არის სავალდებულო, თუ:

ა) ამგვარი გადაცემა აუცილებელია ტერორიზმის დანაშაულის, ასევე სხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კონკრეტულ და აქტიურ საფრთხეზე რეაგირებისთვის;

ბ) წინასწარი თანხმობის მოპოვება ვერ მოესწრება საჭირო დროისთვის. 

4. მესამე ქვეყნისთვის მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების გადაცემა მათი დეპერსონალიზაციის შემდეგ შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 9. კონტროლი და პერსონალური მონაცემების დაცვა

1. ამ წესით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კონტროლს ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, შეინახოს სრული დოკუმენტაცია, დაკავშირებული მონაცემების დამუშავების სისტემებსა და პროცედურებთან. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს, სულ მცირე:

ა) კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელებულ მოთხოვნებს;

ბ) მესამე ქვეყნების მოთხოვნას მგზავრის სახელის ჩანაწერის გადაცემის შესახებ და განხორციელებულ გადაცემას.

3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, მოთხოვნისთანავე გადასცეს მაკონტროლებელ ორგანოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

4. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, შეინახოს ჩანაწერები მონაცემების შეგროვების, გამჟღავნებისა და წაშლის ოპერაციულ ქმედებებთან დაკავშირებით. გამჟღავნების შესახებ ჩანაწერი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თარიღის, დროისა და საფუძვლის შესახებ და რამდენადაც შესაძლებელია, იძლეოდეს ინფორმაციას მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემის გამცემი და მიმღები პირების შესახებ. აღნიშნული ჩანაწერები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მაკონტროლებელი ორგანოსთვის.

დანართი №1

მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები

1. მგზავრის სახელის ჩანაწერის უნიკალური კოდი (ჩანაწერის ინდიკატორი, დადასტურების ნომერი, რეზერვაციის ნომერი ან ნებისმიერი სხვა იდენტიფიკატორი).

2. ბილეთის დაჯავშნის/გაცემის თარიღი.

3. ფრენის დაგეგმილი თარიღები.

4. სახელი/სახელები.

5. მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ელფოსტა; ტელეფონის ნომერი).

6. მოგზაურობის სრული მარშრუტი კონკრეტული მგზავრის სახელის ჩანაწერისთვის.

7. ხშირი მგზავრის შესახებ ინფორმაცია.

8. ინფორმაცია ტურისტული სააგენტოს/აგენტის შესახებ.

9. გაყოფილი/განცალკევებული მგზავრის სახელის ჩანაწერის ინფორმაცია.

10. მგზავრთა რაოდენობა და სახელები, მოცემული მგზავრის სახელის ჩანაწერში.

11. მგზავრის სტატუსი (მგზავრის რეგისტრაციის დრო, საჰაერო ხომალდში ჩაჯდომის სტატუსი (ჩაჯდა/არ ჩაჯდა).

12. ზოგადი შენიშვნები (მათ შორის, არსებული ინფორმაცია 18 წლამდე პირების შესახებ, რომლებიც მგზავრობენ სრულწლოვანი პირის თანხლების გარეშე. კერძოდ, მათი სახელი, ასაკი, სასაუბრო ენა, საკონტაქტო პირის მონაცემები (მისი სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ.).

13. ბილეთის შესახებ მონაცემები, მათ შორის, ბილეთის ნომერი, გაცემის თარიღი, ცალმხრივი ბილეთები.

14. ადგილის ნომერი  და სხვა ინფორმაცია.

15. კოდის გაზიარების (code share) შესახებ ინფორმაცია.

16. ბარგის შესახებ ინფორმაცია (ნომერი, რაოდენობა, წონა, სპეციალური ბარგი, დამატებითი ბარგი და ა.შ.).

17. დამჯავშნავი პირის სახელი და გვარი.

18. გადახდის შესახებ  მონაცემები, კერძოდ:

ა) გადახდის ტიპი (ნაღდი, საბანკო გადარიცხვა თუ საკრედიტო ბარათი);

ბ) ღირებულება, შესაბამისი ვალუტის მითითებით (ევრო, დოლარი, ლარი);        

გ) გადამხდელის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია);

დ) საკრედიტო ბარათის მონაცემები (ტიპი, ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, მფლობელის სახელი და გვარი, ბარათის სახელი).

19. მგზავრის წინასწარი მონაცემები, კერძოდ:

ა) სამგზავრო დოკუმენტის ნომერი, ტიპი და მოქმედების ვადა;

ბ) მოქალაქეობა;

გ) სრული სახელი;

დ) დაბადების თარიღი;

ე) სქესი;

ვ) ავიაკომპანია;

ზ) რეისის ნომერი;

თ) რეისის დაწყებისა და დასრულების თარიღი და შესაბამისი დროები;

ი) გამგზავრების პუნქტი და დანიშნულების პუნქტი;

კ) ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის სასაზღვრო გამშვები პუნქტი;

ლ) მგზავრების საერთო რაოდენობა ბორტზე;

მ) ჩასხდომის საწყისი ადგილი.

20. ამ დანართის  პირველ-მე-19 პუნქტებში მითითებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების ისტორია.

 

დანართი №2

მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემთა მიწოდების ფორმატები და პროტოკოლები

ა) მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემთა მიწოდების ფორმატები:

− EDIFACT PNRGOV, როგორც ეს აღწერილია EDIFACT-ის აღსრულების სახელმძღვანელო მითითებაში; მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები,  მიწოდებული სახელმწიფო ან სხვა ორგანოსთვის; PNRGOV შეტყობინების ვერსია 11.1 ან შემდგომი ვერსია;

 − XML PNRGOV, როგორც ეს აღწერილია XML-ის სახელმძღვანელო მითითებაში; მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები, მიწოდებული სახელმწიფო ან სხვა ორგანოსთვის; PNRGOV შეტყობინების ვერსია 13.1 ან შემდგომი ვერსია;

 ბ) მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემთა გადაცემის პროტოკოლები:

  • IBM MQ;
  • IATA B ტიპის;

− ebMS 3.0-ის AS4 პროფაილი ვერსია 1.0, OASIS სტანდარტი, გამოქვეყნებული 2013 წლის 23 იანვარს.