არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების და არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასურის დამტკიცების შესახებ

არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების და არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 459
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 430060000.10.003.021479
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
459
20/09/2019
ვებგვერდი, 23/09/2019
430060000.10.003.021479
არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების და არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/09/2019 - 30/04/2024)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №459

2019 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების და არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასურის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „არაფორმალური განათლების  აღიარების უფლების მოპოვების წესი და პირობები“  დანართ  №1-ის შესაბამისად.

 

მუხლი 2
„პროფესიული  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის 21-ე მუხლის „ნ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასური“ დანართ №2-ის შესაბამისად.

 

მუხლი 3
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას დაევალოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული არაფორმალური განათლების აღიარების მართვის ელექტრონული სისტემის შექმნა არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



დანართი №1

არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესი და პირობები

 


თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1. რეგულირების სფერო

არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესი და პირობები (შემდგომში − წესი) ადგენს იმ მოთხოვნებსა და პროცედურას, რომლის დაკმაყოფილება და შესრულება აუცილებელია არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოსაპოვებლად.

მუხლი 2. არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების მიზანი და შინაარსი

1. არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების მიზანს წარმოადგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების მიერ არაფორმალური განათლების აღიარების მსურველი პირისთვის (შემდგომში − მაძიებელი) ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება და შესაბამისი დოკუმენტის გაცემა.

2. არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში − ცენტრი).

3. არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების მიზნით, ცენტრს შეუძლია, მიმართოს:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელმა დაწესებულებამ, მხოლოდ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების აღიარებისთვის, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული;  

ბ) პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელებაზე უფლებამოსილმა იურიდიულმა პირმა, მხოლოდ იმ პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების აღიარებისთვის, რომლის განხორციელების უფლებაც მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი II

არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების პროცესი და მონიტორინგი

მუხლი 3. არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოსაპოვებლად დადგენილი მოთხოვნები

არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოსაპოვებლად პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები (შემდგომში − დაწესებულება) უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შემუშავებული უნდა ჰქონდეთ არაფორმალური განათლების აღიარების შიდა მარეგულირებელი წესი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს არაფორმალური განათლების აღიარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ ვადებსა და პროცედურებს;

ბ) შემუშავებული უნდა ჰქონდეთ არაფორმალური განათლების აღიარების, მათ შორის, გასაწევი მომსახურების საფასურის შესახებ მაძიებელთა ინფორმირების მექანიზმები;

გ) უნდა უზრუნველყოფდნენ მაძიებლის კონსულტირებას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სერტიფიცირებული კონსულტანტის მეშვეობით.

მუხლი 4. არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების პროცესი

1. უფლების მოპოვების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) დაწესებულების მიერ არაფორმალური განათლების აღიარების მართვის ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში − ელექტრონული სისტემა) ელექტრონული განაცხადის გაკეთება უფლების მოპოვების მიზნით;

ბ) ცენტრის მიერ ელექტრონული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის განხილვა და განაცხადის წარმოებაში მიღება;

გ) ცენტრის მიერ განაცხადის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, დასკვნის მომზადება და დირექტორისთვის წარდგენა;

დ) გადაწყვეტილების მიღება, ელექტრონულ სისტემაში ასახვა და მისი გამოქვეყნება.

2. არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განაცხადის წარმოებაში მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 5. განაცხადის წარდგენა და განხილვა

1. დაწესებულება, რომელსაც სურს არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვება, ელექტრონულ განაცხადს აკეთებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესი მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარდგინების საფუძველზე.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, შედგენილი განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) დაწესებულების სახელწოდებასა და სამართლებრივ ფორმას;

ბ) დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდს;

გ) დაწესებულების მისამართსა (იურიდიული და ფაქტობრივი) და საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი);

დ) ინფორმაციას სერტიფიცირებული კონსულტანტის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო მონაცემები) შესახებ;

ე) არაფორმალური განათლების აღიარების შიდა მარეგულირებელ წესს;

ვ) ინფორმაციას ამ წესის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმირების მექანიზმების შესახებ;

ზ) განაცხადს უნდა დაერთოს საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან. შეუსაბამობის შემთხვევაში, ცენტრი განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, განაცხადი დარჩება განუხილველი, რის შესახებაც ეცნობება დაწესებულებას. ხარვეზის არარსებობის ან ხარვეზისთვის განსაზღვრულ ვადაში მისი გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის წარმოებაში მიღების შესახებ.

   მუხლი 6. მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და დასკვნის მომზადება

1. დაწესებულების მიერ წარდგენილი განაცხადისა და დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, ასევე ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრის შემდეგ ცენტრი ამზადებს დასკვნას.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიერ წარდგენილი განაცხადი შეესაბამება ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ცენტრი ამზადებს დადებით დასკვნას და წარუდგენს დირექტორს.

3. იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი მოთხოვნა, ცენტრი ამზადებს უარყოფით დასკვნას და წარუდგენს დირექტორს.

მუხლი 7. გადაწყვეტილების მიღება

1. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ან მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს:

ა) დაწესებულებისთვის არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მინიჭების შესახებ;

ბ) დაწესებულებისთვის არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) დაწესებულებისთვის მინიჭებული არაფორმალური განათლების აღიარების უფლების გაუქმების შესახებ.

2. დაწესებულებას არაფორმალური განათლების აღიარების უფლება ენიჭება პროგრამის განხორციელების უფლების ვადით.

3. ცენტრი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილებების ასახვას ელექტრონულ სისტემაში და ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.

4. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებას ცენტრის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გაუუქმდება არაფორმალური განათლების აღიარების უფლება, იგი აღარ არის უფლებამოსილი, ცენტრს აღნიშნული უფლების მოპოვების მიზნით მიმართოს უფლების გაუქმებიდან 1 წლის განმავლობაში.

მუხლი 8. არაფორმალური განათლების აღიარების უფლების განხორციელების თავისებურებები

1. დაწესებულება აღარ არის უფლებამოსილი, განახორციელოს არაფორმალური განათლების აღიარება იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მან დაკარგა.

2. დაწესებულება ვალდებულია, არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების მიზნით, ცენტრს მიმართოს  განმეორებით,  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ამ პროგრამების უწყვეტ რეჟიმში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელების მიუხედავად.

მუხლი 9. მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი

1. ცენტრი უფლებამოსილია, გეგმური/არაგეგმური მონიტორინგის გზით შეამოწმოს დაწესებულების მიერ ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, მონიტორინგი განახორციელოს დაწესებულებიდან დოკუმენტაციის გამოთხოვის, ელექტრონული სისტემის შემოწმების ან/და ადგილზე ვიზიტის (მათ შორის, მაძიებლის სამუშაო ადგილზე, თუკი შეფასების პროცესი ხორციელდება რეალურ სამუშაო გარემოში) განხორციელების გზით. ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, მონიტორინგის ჯგუფში შეიყვანოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი ან/და პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის ექსპერტი. ცენტრი უფლებამოსილია, ექსპერტს/ექსპერტთა ჯგუფს მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების გარეშე დაავალოს დოკუმენტაციის შესწავლა.

3. ელექტრონული სისტემის შემოწმების დროს გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, შექმნას მონიტორინგის ჯგუფი და დაწესებულებაში განახორციელოს ვიზიტი.

4. ცენტრი ვალდებულია, დაწესებულებას გააცნოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების შესახებ. დაწესებულება უფლებამოსილია,  კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ისარგებლოს ექსპერტთა აცილების უფლებით.

5. გამოთხოვილი დოკუმენტაციის ან/და განხორციელებული ვიზიტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდეგ ცენტრი/ექსპერტი უზრუნველყოფს დასკვნის მომზადებასა და დირექტორისთვის წარდგენას. შემოწმების შედეგად, თუ გამოვლინდა, რომ დაწესებულება არ შეესაბამება ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ რომელიმე მოთხოვნას, დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრება არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

6. ადმინისტრაციული წარმოება მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის შესახებ უნდა დასრულდეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში. ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

 

მუხლი 10. გარდამავალი დებულებები

1. ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვებასთან, ელექტრონული სისტემის შექმნამდე, მაგრამ არა

უგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა, წარიმართება მატერიალური სახით, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. ელექტრონული სისტემის შექმნამდე, ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განაცხადის ფორმა დამტკიცდეს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ელექტრონული სისტემის შექმნამდე, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპი, რაც გულისხმობს მიღებული გადაწყვეტილების ელექტრონულ სისტემაში ასახვას, განხორციელდეს ცენტრის მიერ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის გადაწყვეტილების მიწოდების გზით.

4. დაწესებულება ვალდებულია, ელექტრონული სისტემის შექმნამდე უზრუნველყოს მაძიებლის არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული მტკიცებულებებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა და ელექტრონული სისტემის შექმნის შემდეგ  კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მათი ასახვა.

 

დანართი №2

 

არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასური

მუხლი 1. საფასურის ოდენობა

1. არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასური შეადგენს 500 ლარს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფასურის ოდენობა მოიცავს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ ხარჯებს, ასევე მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებულ ხარჯებს.

მუხლი 2. საფასურის გადახდის წესი

ამ დანართით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, თანხის ცენტრის შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვის გზით.