დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს რესპუბლიკის კანონი სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/11/1992 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1, 30/11/1992 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/1995 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (30/11/1992 - 30/03/1994)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს ქვეყნის საგანგებო საშინაო და საგარეო მდგომარეობით განპირობებულ საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოების უფლებამოსილებას, მათი მოწყობისა და საქმიანობის წესს ახალი კონსტიტუციის მიღებამდე, რაც განხორციელდება 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის მემკვიდრეობითობის საფუძველზე.
სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოების სამართლებრივი მდგომარეობის საფუძველია აგრეთვე „საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნების დებულება“, რომლითაც განსაზღვრულია ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა და სხვა თავისებურებანი.
თავი პირველი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა საქართველოს ხალხი, ხელისუფლება ხორციელდება ხალხისათვის და ხალხის მიერ.
ხალხი თავის სუვერენიტეტს ახორციელებს უშუალოდ და წარმომადგენლობითი ორგანოების მეშვეობით.
მუხლი 2
საქართველოს სახელმწიფო არის დემოკრატიული რესპუბლიკა.
საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, რომელიც ერთიანი და განუყოფელია.
მუხლი 3
საქართველოს რესპუბლიკაში უმაღლეს საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს საქართველოს პარლამენტი; უმაღლეს აღმასრულებელ და განმკარგულებელ ხელისუფლებას ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფოს მეთაური და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი, სასამართლო ხელისუფლებას – სასამართლო.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებია შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოები; უმაღლესი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოებია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები.
მუხლი 4
საქართველოს რესპუბლიკის რაიონებში, ქალაქებში, ქალაქების რაიონებში, დაბებში, თემებში, სოფლებში ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოებია საკრებულოები, გამგეობები, გამგებლები.
თბილისის, როგორც საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის, ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, მოწყობისა და საქმიანობის წესი განსაზღვრულია კანონით.
თავი მეორე
პარლამენტი
მუხლი 5
საქართველოს პარლამენტი არის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული, პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატებისა და პარლამენტის თავმჯდომარისაგან.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა პარლამენტის სპიკერი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები თანამდებობის მიხედვით არიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მეთაურები, თუ ისინი არჩეული არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატებად. თუ ისინი არჩეული არ არიან პარლამენტში დეპუტატებად, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, აირჩევიან პარლამენტის მიერ ავტონომიური რესპუბლიკიდან პარლამენტში არჩეული პარლამენტის დეპუტატების წინადადების საფუძველზე მათი შემადგენლობიდან.
პარლამენტი არის მუდმივმოქმედი ორგანო. მისი უფლებამოსილება განისაზღვრება სამი წლის ვადით, რომელიც იწყება დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობიდან.
პარლამენტი, თავისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს ოთხი თვისა, ნიშნავს პარლამენტის არჩევნებს და უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე.
პარლამენტის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით. იგი უფლებამოსილია, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 4 თვისა. ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, თუ ამას მოითხოვს დეპუტატთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მეხუთედი და ამ წინადადებას მხარს დაუჭერს დეპუტატთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პარლამენტი უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე.
მუხლი 6
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობისათვის პარლამენტი:
იღებს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, სხვა კანონებს და დადგენილებებს;
1. წყვეტს ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების საკითხებს;
2. წყვეტს ომისა და ზავის საკითხებს;
3. წყვეტს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებს;
4. უზრუნველყოფს საკანონმდებლო რეგულირების ერთიანობას, ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციების; კანონებისა და სხვა აქტების შესაბამისობას საქართველოს რესპუბლიკის კანონებთან;
5. განსაზღვრავს ქვეყნის ადმინისტაციულ-ტერიტორიული მოწყობის წესს;
6. ამტკიცებს ავტონომიური რესპუბლიკების საზღვრების შეცვლას, რაიონულ დაყოფას, ქალაქებისა და ქალაქების რაიონების შექმნას, ქალაქების დაქვემდებარების შეცვლას, რაიონების, ქალაქების, რაიონებისათვის სახელების დარქმევას თუ გადარქმევას, აგრეთვე სხვა დასახლებული პუნქტების სახელების გადარქმევას;
7. კანონით დადგენილი წესით შეწყვეტს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილებას.
მუხლი 7
პარლამენტი განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სახელმწიფო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; ახორციელებს კონტროლს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების საქმიანობაზე. პარლამენტის უფლებამოსილებაა:
1. სოციალურ-ეკონომიკური და სხვა უმნიშვნელოვანესი რესპუბლიკური პროგრამების დამტკიცება;
2. საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება;
3. ერთიანი საფინანსო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განსაზღვრა;
4. საგადასახადო სისტემის საფუძვლების დადგენა;
5. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების მოწყობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრა;
6. პარლამენტის მიერ შექმნილი და არჩეული ორგანოების, აგრეთვე მის მიერ არჩეული, დანიშნული თუ დამტკიცებული თანამდებობის პირების ანგარიშების მოსმენა;
7. სახელმწიფოს მეთაურის, მინისტრთა კაბინეტის, აგრეთვე სახელმწიფოს ხელისუფლების და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების აქტების გაუქმება, თუ ისინი არ შეესაბამება საქართველოს რესპუბლიკის კანონებს;
8. რეფერენდუმის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
9. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოების არჩევნების დანიშვნა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნა კანონმდებლობის შესაბამისად;
10. სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების საკითხების განხილვა;
11. საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიკაცია და დენონსაცია;
12. შეიარაღებული ძალების მოწყობისა და შეიარაღებულ ძალებში გაწვევის წესების დადგენა;
13. საომარი მდგომარეობის გამოცხადება, სამხედრო და საგანგებო წესების გამოცხადება ან გამოცხადების დადასტურება;
14. ამნისტიის აქტების გამოცემა;
15. კანონების განმარტება;
16. სახელმწიფო ჯილდოების დაწესება;
17. უმაღლესი სამხედრო და სპეციალური წოდებების, დიპლომატიური რანგებისა და კლასების დაწესება შესაბამისი სამინისტროების წარდგინების საფუძველზე;
18. კანონით დადგენილი სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, განსახილველად მიიღოს და გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის გამგებლობას განეკუთვნება.
მუხლი 8
პარლამენტი ირჩევს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს პარლამენტის სპიკერს – პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, პარლამენტის სპიკერის ორ მოადგილეს, პარლამენტის კომისიების თავმჯდომარეებს; პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით პარლამენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პრემიერ-მინისტრის მოადგილეებს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს; ირჩევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით, ირჩევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს, წევრებს და ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმს; ირჩევს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს, წევრებს და ამტკიცებს, უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდიუმს; სახელმწიფოს მეთაურის წარდგინებით, ნიშნავს გენერალურ პროკურორს, გენერალური პროკურორის წინადადებით ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის კოლეგიას; სახელმწიფოს მეთაურის წარდგინებით ნიშნავს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსს, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარეს; ამტკიცებს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის კოლეგიას, კონტროლის პალატის პრეზიდიუმს, ეროვნული ბანკის გამგეობას, სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის კოლეგიას.
პარლამენტი წყვეტს პარლამენტის თავმჯდომარის – სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის წევრების გადადგომის, მათთვის ნდობის გამოცხადების საკითხებს.
მუხლი 9
პარლამენტის წევრი არ არის შეზღუდული იმპერატიული მანდატით.
დეპუტატი ხელშეუხებელია. იგი არ შეიძლება მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დააკავონ, დააპატიმრონ, გაჩხრიკონ ან მას სასამართლო წესით შეუფარდონ ადმინისტრაციული სასჯელი პარლამენტის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას დანაშაულის ჩადენაზე წაასწრეს. ეს შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.
დეპუტატს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტების გამო, რომლებიც მას გაანდეს, როგორც დეპუტატს. ეს უფლება არ ეკარგება მაშინაც, როცა დეპუტატად აღარ ითვლება.
დეპუტატის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს მხოლოდ პარლამენტის მოტივირებული დადგენილებით დეპუტატის გადადგომის, მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის, სასამართლო წესით მისი ქმედუუნაროდ აღიარების შემთხვევაში, აგრეთვე იმ თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნისას, რომელიც კანონით შეუთავსებელია დეპუტატის საქმიანობასთან.
მუხლი 10
დეპუტატს უფლება აქვს შეკითხვის წესით დააყენოს საკითხი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა წინაშე, რომლებიც ვალდებული არიან ათი დღის ვადაში პასუხი გასცენ შეკითხვის წესით დაყენებულ ამ საკითხს პარლამენტის სესიაზე.
დეპუტატის სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება კანონით.
მუხლი 11
პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების მიხედვით იქმნება პარლამენტის მუდმივი კომისიები და პარლამენტის სამდივნო.
პარლამენტის კომისიებს უფლება აქვთ თავიანთი გამგებლობის საკითხებზე მოსთხოვონ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებსა და ორგანიზაციებს, თანამდებობის პირებს წარუდგინონ დოკუმენტები, წერილობითი დასკვნები, საანგარიშო მონაცემები და სხვა საჭირო მასალები.
მუდმივი კომისიების რეკომენდაციები აუცილებლად უნდა განიხილონ შესაბამისმა სახელმწიფო და საზოგადოებრივმა ორგანოებმა, საწარმოებმა, დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა. განხილვის შედეგების ან მიღებული ზომების შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას არაუგვიანეს ერთი თვისა ან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში.
კომისიებისა და სამდივნოს საქმიანობის წესს განსაზღვრავს პარლამენტის რეგლამენტი. დროებითი კომისიების უფლებამოსილებას განსაზღვრავს პარლამენტი მათი შექმნისას.
მუხლი 12
პარლამენტისა და მისი კომისიების სამუშაო გეგმების, დღის წესრიგისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის – სპიკერის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების, სამდივნოს უფროსის,საპარლამენტო ფრაქციათა თითო წარმომადგენლის შემადგენლობით იქმნება პარლამენტის კოლეგია. იგი უფლებამოსილია შეასრულოს მხოლოდ პარლამენტის ორგანიზაციული დავალებები. კოლეგიის მხოლოდ პარლამენტის ორგანიზაციული დავალებები. კოლეგიის სხდომებს წარმართავს პარლამენტის სპიკერი ან მისი დავალებით – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ან სპიკერის მოადგილე.
მუხლი 13
კანონებსა და დადგენილებებს პარლამენტი იღებს დეპუტატთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით; კონსტიტუციას, ამ კანონს, მათში ცვლილებებს და დამატებებს და აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სხვა გადაწყვეტილებებს – დეპუტატთა სიითი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით.
კანონი ქვეყნდება პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის სპიკერის ხელმოწერით; პარლამენტის დადგენილებებს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.
მუხლი 14
საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: სახელმწიფოს მეთაურს, პარლამენტის წევრს, პარლამენტის კომისიას, მინისტრთა კაბინეტს, უზენაეს სასამართლოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოს, გენერალურ პროკურორს, ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, მოქალაქეთა ჯგუფს, რომელიც პარლამენტში წარადგენს ათი ათასი ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილ განცხადებას.
მუხლი 15
პარლამენტის სხდომები მიმდინარეობს საჯაროდ. დახურული სხდომები ტარდება პარლამენტის გადაწყვეტილებით.
მუხლი 16
პარლამენტის საქმიანობის, მისი სხდომების წარმართვის წესი განისაზღვრება რეგლამენტით.
თავი მესამე
პარლამენტის თავმჯდომარე –
სახელმწიფოს მეთაური
მუხლი 17
საქართველოს სახელმწიფოს მეთაური არის საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს წარმოადგენს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ურთიერთობებში; უზრუნველყოფს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, სახელმწიფო ორგანოების ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას.
საქართველოს რესპუბლიკის მეთაურად პარლამენტის მიერ მისი სიითი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით აირჩევა პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. სახელმწიფოს მეთაური:
1. იწვევს პარლამენტის მორიგ სესიას, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის საერთო შემადგენლობის სულ ცოტა მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მოთხოვნით იწვევს რიგგარეშე სესიებსა და სხდომებს;
2. უფლებამოსილია თავმჯდომარეობდეს პარლამენტის სხდომებზე ამ კანონის მეექვსე მუხლის 1-7 პუნქტებით გათვალისწინებული, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის, კონსტიტუციური კანონების მიღების, მათში ცვლილებების შეტანის საკითხების განხილვისას, ხოლო პარლამენტის გადაწყვეტილებით – სხვა შემთხვევებშიც;
3. უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მონაწილეობდეს პარლამენტის მუშაობაში, წინასწარჩაუწერლად და რიგგარეშე მონაწილეობდეს კამათში;
4. ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს; უფლებამოსილია არაუგვიანეს ათი დღის ვადისა დაუბრუნოს კანონპროექტი თავისი მოსაზრებებით პარლამენტს ხელახალი განხილვისა და კენჭისყრისათვის. თუ პარლამენტი, იმავე პროცედურით, რომლითაც მიიღო კანონი, დაადასტურებს, თავის გადაწყვეტილებას, პარლამენტის თავმჯდომარე ხელს აწერს კანონს;
5. მეთაურობს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სიტემას;
6. წელიწადში ერთხელ მაინც ან პარლამენტის მოთხოვნით პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ;
7. ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრის მოადგილეებს, მინისტრთა კაბინეტის წევრებს და პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად; ნიშნავს გენერალური პროკურორის, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს;
8. წინადადება შეაქვს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ან მინისტრთა კაბინეტის რომელიმე წევრისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ;
9. ნიშნავს, განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო რწმუნებულებს;
10. ნიშნავს უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირებს;
11. ანიჭებს უმაღლეს სამხედრო წოდებებს;
12. ანიჭებს უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს და სხვა სპეციალურ წოდებებს შესაბამისი სამინისტროების წარდგინების საფუძველზე;
13. აწარმოებს მოლაპარაკებას უცხოეთის სახელმწიფოებთან და ხელს აწერს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
14. პარლამენტთან შეთანხმებით ნიშნავს და გამოიწვევს საქართველოს რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩებს. საზღვარგარეთის სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები აკრედიტებული არიან სახელმწიფოს მეთაურთან;
15. აცხადებს მობილიზაციას; აცხადებს საომარ მდგომარეობას საქართველოს რესპუბლიკაზე სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში და დაუყოვნებლივ შეაქვს ეს საკითხი პარლამენტის განსახილველად; აცხადებს სამხედრო მდგომარეობას და დაუყოვნებლივ შეაქვს ეს საკითხი პარლამენტის განსახილველად.
სამხედრო მდგომარეობის წესსა და რეჟიმს განსაზღვრავს კანონი;
16. მოქალაქეთა უშიშროების უზრუნველყოფისათვის იძლევა გაფრთხილებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან ცალკეულ ადგილებში საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი აცხადებს მათ შემოღებას. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შეაქვს პარლამენტის დასამტკიცებლად;
17. აჯილდოებს საქართველოს რესპუბლიკის ორდენებითა და მედლებით, ანიჭებს საქართველოს რესპუბლიკის საპატიო წოდებებს;
18. გადაწყვეტს საქართველოს მოქალაქედ მიღების, თავშესაფრის მიცემის საკითხებს;
19. ახორციელებს მსჯავრდებულთა შეწყალებას;
20. თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად ქმნის სახელმწიფოს მეთაურის აპარატს;
21. ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 18
სახელმწიფოს მეთაური გამოსცემს ბრძანებულებებს და განკარგულებებს.
მუხლი 19
პარლამენტის თავმჯდომარის – სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილება შეწყდება მისი გადადგომის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში.
პარლამენტის თავმჯდომარის – სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება სამშობლოს ღალატის, კონსტიტუციური კანონების უხეში დარღვევის ან სხვა საფუძველზე პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ერთი მეოთხედის წერილობითი მოთხოვნით და პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ორი მესამედის დასტურით.
პარლამენტის თავმჯდომარის – სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილების შეწყვეტის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას, პარლამენტის მიერ ორი კვირის განმავლობაში სახელმწიფოს მეთაურის არჩევამდე, ასრულებს პრემიერ-მინისტრი; პრემიერ-მინისტრის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის სპიკერი.
თავი მეოთხე
პარლამენტის სპიკერი, მისი მოადგილეები
მუხლი 20
პარლამენტის სპიკერი თავმჯდომარეობს პარლამენტის სხდომებს, პარლამენტის კოლეგიას, კოორდინაციას უწევს პარლამენტის კომისიების საქმიანობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის სამდივნოსა და აპარატს, გამოსცემს ბრძანებებს.
სახელმწიფოს მეთაურის გადადგომის, თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში პარლამენტის რიგგარეშე სესიებსა და სხდომებს იწვევს პარლამენტის სპიკერი.
მუხლი 21
პარლამენტის სპიკერის მოადგილეები სპიკერის დავალებით ან სპიკერის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებენ მის მოვალეობებს; მოვალეობათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ პარლამენტის სამდივნოსა და აპარატს და პასუხს აგებენ მათ საქმიანობაზე.
თავი მეხუთე
მინისტრთა კაბინეტი
მუხლი 22
საქართველოს რესპუბლიკაში აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მინისტრთა კაბინეტი, რომელიც შედგება პრემიერ-მინისტრის, მისი მოადგილეებისა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებისაგან. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების თავმჯდომარეები.
მინისტრთა კაბინეტის კომპეტენციაში ჩარევა დაუშვებელია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 23
მინისტრთა კაბინეტი პასუხისმგებელია პარლამენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის – სახელმწიფოს მეთაურის წინაშე და თავისი საქმიანობის შესახებ წელიწადში ორჯერ მაინც ან პარლამენტის მოთხოვნით ანგარიშს აბარებს პარლამენტს.
მუხლი 24
მინისტრთა კაბინეტის წევრი უფლებამოსილია მონაწილეობდეს პარლამენტისა და მისი კომისიების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით.
მუხლი 25
მინისტრთა კაბინეტი უფლებამოსილია გადაწყვიტოს სახელმწიფო მმართველობის ყველა საკითხი, რომელიც არ შედის პარლამენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფოს მეთაურის კომპეტენციაში.
მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებას, მისი მოწყობისა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს ეს კანონი და კანონი მინისტრთა კაბინეტის შესახებ.
მუხლი 26
პრემიერ-მინისტრი წარუდგენს სახელმწიფოს მეთაურს წინადადებებს მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურისა და პერსონალური შემადგენლობის შესახებ. მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურას ამტკიცებს პარლამენტი.
პრემიერ-მინისტრს, პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და მინისტრს უფლება აქვთ დაიკავონ მხოლოდ ერთი თანამდებობა სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში.
მუხლი 27
მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის კანონების, სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს დადგენილებებს. პრემიერ-მინისტრი გამოსცემს განკარგულებებს. პრემიერ-მინისტრის და მინსტრთა კაბინეტის აქტების შესრულება სავალდებულოა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
მუხლი 28
მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეაჩეროს ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო მმართველობის უმაღლესი ორგანოების, აგრეთვე სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების აქტების შესრულება.
მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს გააუქმოს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებისა და თავისი სხვა საქვეუწყებო ორგანოების აქტები.
მუხლი 29
პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს დააყენოს პარლამენტის წინაშე მინისტრთა კაბინეტისადმი ნდობის საკითხი.
პრემიერ-მინისტრის გადადგომა გამოიწვევს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას. პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის წევრისადმი ნდობის საკითხის დაყენების უფლება აქვს დეპუტატთა საერთო რაოდენობის სულ ცოტა ერთ მეხუთედს ან პარლამენტის თავმჯდომარეს.
თავი მეექვსე
შეიარაღებული ძალები
მუხლი 30
საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები იქმნება საქართველოს რესპუბლიკის ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია სახელმწიფოს მეთაური. შეიარაღებული ძალების სტრუქტურა და ორგანიზაცია განისაზღვრება კანონით.
თავი მეშვიდე
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო
მუხლი 31
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ძირითადი ამოცანაა ქვეყნის თავდაცვის, უშიშროებისა და წესრიგის უზრუნველყოფა.
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს შემადგენლობას, საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის მიღებამდე, განსაზღვრავს სახელმწიფოს მეთაური – შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავრსარდალი.
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო იღებს დადგენილებებს.
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარეობს სახელმწიფოს მეთაური.
თავი მერვე
სასამართლო ხელისუფლება
მუხლი 32
საქართველოს რესპუბლიკაში მართლმსაჯულებას მხოლოდ სასამართლო ახორციელებს. მოსამართლეები დამოუკიდებელნი არიან და მხოლოდ კანონს ემორჩილებიან. სასამართლო განაჩენები და გადაწყვეტილებები გამოაქვთ და ქვეყნდება საქართველოს რესპუბლიკის სახელით.
დაუშვებელია რაიმე სპეციალური და საგანგებო სასამართლოების შექმნა, აგრეთვე სასამართლო ფუნქციების განხორციელება არასასამართლო ორგანოების მიერ. სასამართლოების მოწყობისა და საქმიანობის წესს საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე განსაზღვრავს მოქმედი კანონმდებლობა.
მუხლი 33
რესპუბლიკის პროკურატურისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მოწყობისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე
თბილისი,
1992 წლის 6 ნოემბერი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები