საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 157
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017085
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
157
09/11/2020
ვებგვერდი, 10/11/2020
140130000.22.034.017085
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/11/2020 - 02/04/2024)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №157

2020 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის  337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარების თანდართული წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 აგვისტოს №23 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 15/08/2018, 140070000.67.079.016024).

2. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მეხანძრე-მაშველის/მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს N488 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 31/08/2016, 040030000.22.034.016564).

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური




საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) სისტემაში სპეციალური კონკურსის, აგრეთვე, დახურული კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს.

2. ამ წესის მიზნებისათვის სამსახურის სისტემა მოიცავს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო).

მუხლი 2. სპეციალური კონკურსის ჩატარების პრინციპები და ამოცანები
1. სპეციალური კონკურსი ტარდება კანონიერების, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, თანასწორობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, ობიექტურობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით.
2. სპეციალური კონკურსის ამოცანებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
გ) კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული ცოდნის დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება;
დ) დასანიშნი კანდიდატების ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ე) სამსახურის სისტემაში კვალიფიციური მოსამსახურეების შერჩევა.

თავი II
მუდმივმოქმედი სპეციალური საკონკურსო კომისია

მუხლი 3. მუდმივმოქმედი სპეციალური საკონკურსო კომისია
1. სპეციალური კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად სამსახურში, ასევე სააგენტოში იქმნება მუდმივმოქმედი სპეციალური საკონკურსო კომისია (შემდგომ – სპეციალური საკონკურსო კომისია). სპეციალურ საკონკურსო კომისიას ქმნის და მის შემადგენლობას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, ხოლო სააგენტოში − სააგენტოს უფროსი.
2. სპეციალური საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. სპეციალურ საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.
3. სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. სამსახურის სპეციალური საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არამუდმივი წევრის სტატუსით, ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნას სამინისტროს მოსამსახურე, ხოლო სააგენტოს სპეციალური საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში − სამსახურის ან/და სამინისტროს მოსამსახურე.
5. სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ტესტირების ან/და გასაუბრების ეტაპზე  შესაძლებელია მოწვეულ იქნეს საერთაშორისო, არასამთავრობო ან/და სხვა ორგანიზაციის, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტი. აღნიშნული პირები მოწვეულნი არიან ხმის უფლების გარეშე.
6. სპეციალური საკონკურსო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
7. სპეციალური საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს, თუ მას ესწრება სპეციალური საკონკურსო კომისიის წევრთა ერთი მესამედი, ხოლო სააგენტოს შემთხვევაში − ნახევარზე მეტი.
8. სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. სპეციალური საკონკურსო კომისიის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.
9. სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. სპეციალური საკონკურსო კომისიის წევრს უფლება აქვს საკუთარი განსხვავებული აზრი დაურთოს სხდომის ოქმს, რის შესახებაც სხდომის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

მუხლი 4. სპეციალური კომისიის წევრის აცილება
1. სპეციალური საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია, სპეციალური კონკურსის დაწყებამდე ან მისი მიმდინარეობისას ნებისმიერ ეტაპზე განაცხადოს მისთვის ცნობილი ყველა იმ გარემოების (მათ შორის, ნათესაური კავშირი) თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, სპეციალური საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. აღნიშნული წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას კანდიდატის შეფასებაში და მის მიმართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
3. თუ სპეციალური საკონკურსო კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის თაობაზე, ხოლო აღნიშნულის შესახებ სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის ცნობილი გახდება სპეციალური კონკურსის მიმდინარეობისას, სპეციალური საკონკურსო კომისიის ამ წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

თავი III
სპეციალური კონკურსის ორგანიზება

მუხლი 5. სპეციალური კონკურსის სახები
1. სამსახურის სისტემაში მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე პირის სახელმწიფო სპეციალური წოდებით მიღების მიზნით ტარდება სპეციალური კონკურსი.
2. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 6. სპეციალური კონკურსის გამოცხადება
1. სპეციალური კონკურსის გამოცხადების საფუძველია სამსახურის სისტემაში საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის არსებობა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის სპეციალური წოდებით მიღების შესაძლებლობას.
2. სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი სამსახურის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიმართვის/ინიცირების საფუძველზე, რომელშიც შედის ვაკანტური თანამდებობა. გადაწყვეტილება სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ ფორმდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.
3. სამსახურში სპეციალური კონკურსის გამოცხადებას, მის ორგანიზებასა და სამდივნოს ფუნქციის განხორციელებას  უზრუნველყოფს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
4. სააგენტოში სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს უფროსი. სპეციალური კონკურსის გამოცხადებას, მის ორგანიზებას და სამდივნოს ფუნქციის განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტოს ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილება.
5. სპეციალური კონკურსის გამოცხადება ხდება სამსახურის ან/და სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.
6. ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული შეტყობინება სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ვაკანტური თანამდებობის დასახელებასა და რაოდენობას;
ბ) სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციას;
გ) კანდიდატისთვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
დ) თანამდებობისთვის გათვალისწინებულ ძირითად ფუნქცია-მოვალეობათა ჩამონათვალს;
ე) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ვ) კონკურსის ეტაპებს;
ზ) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს, მათი წარდგენის ვადასა და ფორმას;
თ) საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას.
7. კანდიდატი ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

მუხლი 7. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა
1. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილი დოკუმენტაცია და შესაბამისი ფორმის განცხადება (შემდგომ - აპლიკაცია). კანდიდატებს აპლიკაციის წარდგენისთვის როგორც წესი, ეძლევათ 10 დღიანი ვადა სპეციალური კონკურსის გამოცხადების დღიდან. კანდიდატები აპლიკაციას აგზავნიან სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში განსაზღვრული ფორმით, მითითებულ მისამართზე.
2. კანდიდატი უფლებამოსილია ერთსა და იმავე დანაყოფში აპლიკაცია წარადგინოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე.

მუხლი 8. სპეციალური კონკურსის ეტაპები
1. სპეციალური კონკურსის ეტაპებია:
ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა;
ბ) ტესტირება;
გ) გასაუბრება;
დ) სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;
ე) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;
ვ) სპეციალური შემოწმება;
ზ) გამოსაცდელი ვადით დანიშვნა;
თ) სამსახურში მიღება.
2. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო და სააგენტოს ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილება ახორციელებენ აპლიკაციების შეფასებას/გადარჩევას დასაკავებელ თანამდებობაზე კანდიდატისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიას უგზავნის სპეციალურ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გადაწყვეტილებით ამტკიცებს ტესტირების/გასაუბრების ეტაპზე გადასული კანდიდატების სიას. აპლიკაციის გადარჩევის ეტაპი სრულდება აპლიკაციების მიღების ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 20 დღისა.
3. ტესტირების ეტაპი გამოიყენება სამსახურის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის შემთხვევაში, სადაც გამოცხადებულია კონკურსი, ხოლო სააგენტოს შემთხვევაში − სააგენტოს უფროსის მოთხოვნით.
4. სპეციალურმა საკონკურსო კომისიამ გასაუბრების დროს კანდიდატისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია მისი განათლების, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, გამოცდილების, დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობისა და იმ სხვა გარემოებების შესახებ, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. გასაუბრების შემდეგ სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) კანდიდატის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების გავლის შესახებ;
ბ) სპეციალური შემოწმების დაწყების შესახებ – თუ კანდიდატს გავლილი აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და ამგვარი შემოწმებიდან არ არის გასული ერთი წელი;
გ) პირის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ – თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლის დამადასტურებელი გარემოება;
დ) სამსახურის სისტემაში პირის მიღების შესახებ – თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლის დამადასტურებელი გარემოება.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ - „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას არ ექვემდებარება კანდიდატი, რომელსაც გავლილი აქვს მითითებული ეტაპები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და მათი გავლიდან არ არის გასული ერთი წელი. აღნიშნულ შემთხვევაში კანდიდატი ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მხოლოდ იმ ეტაპის გავლას, რომელიც მას არ გაუვლია.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების გავლას არ ექვემდებარება სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე, თუ სამინისტროდან მისი დათხოვნის დღიდან არ არის გასული 1 წელი, ხოლო იმავე პუნქტის  „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ეტაპების გავლას არ ექვემდებარება სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე, თუ სამინისტროდან მისი დათხოვნის დღიდან არ არის გასული 6 თვე.
7. გასაუბრების ეტაპი როგორც წესი, უნდა დასრულდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
8. კანდიდატმა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება უნდა გაიაროს კანდიდატის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების გავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალური სამხედრო-საექიმო კომისია (ცსსკ), ხოლო ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას – სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
9. კანდიდატის/კანდიდატების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის სპეციალური კონკურსის შემდეგ ეტაპზე, რის თაობაზეც ეცნობება კანდიდატს.
10. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატს, მისი თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს სამსახურის უფროსი, ხოლო სააგენტოს საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე − სააგენტოს უფროსი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
11. სამსახურში მისაღები პირი ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ექვს თვემდე გამოსაცდელი ვადით. შესაძლებელია გამოსაცდელი ვადის დროზე ადრე შეწყვეტა. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევებისა და ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად საჭირო სხვა გარემოებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირის საქმიანობის შედეგების შეფასება. შეფასების აქტი დგება წერილობითი ფორმით უშუალო უფროსის მიერ და ეგზავნება სამსახურის უფროსს, ხოლო სააგენტოს შემთხვევაში − სააგენტოს უფროსს.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებულ ვადაში შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმდინარეობდეს სამსახურის სისტემაში მისაღები პირის სპეციალური შემოწმება. გამოსაცდელი ვადის (თუ გამოყენებულია გამოსაცდელი ვადის ეტაპი) და სპეციალური შემოწმების ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამსახურის უფროსი, ხოლო სააგენტოს შემთხვევაში − სააგენტოს უფროსი, იღებს გადაწყვეტილებას სამსახურში პირის მიღების შესახებ, რის თაობაზეც ეცნობება სპეციალურ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს.
13. თუ კანდიდატმა წარმატებით გაიარა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპები, კანდიდატის თანხმობით, სპეციალური საკონკურსო კომისიას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გასაუბრების ეტაპზე შეუძლია მიიღოს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება, კანდიდატის მიერ გამოგზავნილ აპლიკაციაში მითითებული თანამდებობის ნაცვლად, სამსახურის სისტემაში არსებულ სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად კანდიდატის კონკურსის შემდგომ ეტაპებზე გადაყვანის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი აკმაყოფილებს შეთავაზებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არსებობს იმავე დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობა.
14. ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ეტაპის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში სამსახურის სისტემაში პირის მიღების საკითხი ავტომატურად წყდება, რის შესახებაც სამართლებრივი აქტი აღარ გამოიცემა, გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა. კანდიდატს მის მიერ სპეციალური კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება ელექტრონულად სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, ხოლო სააგენტოს შემთხვევაში − სააგენტოს ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილების მიერ.
15. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი შეიძლება ვადამდე გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ ის დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ჯეროვნად ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ან/და სპეციალური შემოწმების შედეგად გამოვლინდება სამსახურში მისი მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები.

მუხლი 9. სპეციალური კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება
სპეციალური კონკურსი ჩაშლილად შეიძლება გამოცხადდეს, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება/აპლიკაცია ან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა კონკურსის ეტაპები.

მუხლი 10. სპეციალური კონკურსის შეწყვეტის საფუძვლები
1. სამსახური/სააგენტო უფლებამოსილნი არიან, ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტონ გამოცხადებული სპეციალური კონკურსი რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობისას, თუ ამ მიზეზის შესახებ ცნობილი არ იყო სპეციალური კონკურსის გამოცხადებამდე ან ჩატარებამდე.
2. სპეციალური კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გამოქვეყნდეს სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.
3. კანდიდატებს, რომელთაც უკვე შეავსეს აპლიკაცია ან გადავიდნენ კონკურსის მომდევნო ეტაპზე სპეციალური კონკურსის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას აწვდის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, ხოლო სააგენტოს შემთხვევაში − სააგენტოს ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილება.

მუხლი 11. დახურული კონკურსი
1. დახურული კონკურსი არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანების შესაბამისად, დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მხოლოდ სტაჟიორს, სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ამავე ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. დახურულ კონკურსს ატარებს სპეციალური საკონკურსო კომისია.
3. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევის გარდა, დახურული კონკურსი მოიცავს კონკურსის იმავე ეტაპებსა და წესებს, რაც ამ წესითაა დადგენილი დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
4. დახურული კონკურსით შეირჩევა დანაყოფში საჯარო მოხელედ ან სამოქალაქო პირად მისაღები პირი.

მუხლი 12. სპეციალური კონკურსის შედეგების გასაჩივრება
სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.