ევროპარლამენტის და საბჭოს 2004 წლის 15 დეკემბრის დირექტივა 2004/109/EC გამჭვირვალობის მოთხოვნების ჰარმონიზაციაზე ემიტენტების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელთა ფასიანი ქაღალდები დაშვებულია რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ და ცვლილებების შეტანა დირექტივაში 2001/34/EC

 

ევროპარლამენტის და საბჭოს 2004 წლის 15 დეკემბრის

დირექტივა 2004/109/EC

გამჭვირვალობის მოთხოვნების ჰარმონიზაციაზე ემიტენტების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელთა ფასიანი ქაღალდები დაშვებულია რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ და ცვლილებების შეტანა დირექტივაში 2001/34/EC

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ,

ითვალისწინებენ რა ევროგაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას, კერძოდ, ამ ხელშეკრულების 44-ე და 95-ე მუხლებს,

ითვალისწინებენ რა კომისიის წინადადებას,

ითვალისწინებენ რა ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრებას ([1]),

ითვალისწინებენ რა ევროპის ცენტრალური ბანკის მოსაზრებას ([2]),

მოქმედებენ რა დამფუძნებელი ხელშეკრულების 251-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად ([3]),

ვინაიდან:

(1) ეფექტიანი, გამჭვირვალე და ინტეგრირებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები ხელს უწყობს ჭეშმარიტად ერთიანი ბაზრის შექმნას ევროგაერთიანებაში და ხელს უწყობს ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას კაპიტალის უკეთესი განაწილების და ხარჯების შემცირების გზით. ფასიანი ქარალდების ემიტენტთა შესახებ ზუსტი, ამომწურავი და დროული ინფორმაციის გამჟღავნება აძლიერებს ინვესტორთა მდგრად ნდობას და მათი ბიზნესსაქმიანობისა და აქტივების ინფორმირებული შეფასების საშუალებას იძლევა. ეს აძლიერებს როგორც ინვესტორთა დაცულობას ასევე ბაზრის ეფექტიანობას.

(2) ამ მიზნით, ფასიანი ქარალდების ემიტენტებმა ინფორმაციის რეგულარული მიწოდებით უნდა უზრუნველყონ შესაბამისი გამჭვირვალობა ინვესტორთათვის. ამავე მიზნით აქციონერები ან ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებსაც აქვთ ხმის უფლება ან ფლობენ ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებიც იძლევა არსებული ხმის უფლების მქონე აქციების შეძენის საშუალებას, ასევე უნდა აცნობონ ემიტენტებს შეძენის, ან სხვა ცვლილებების შესახებ კომპანიების აქციების ძირითად პაკეტებში, რომ ამ უკანასკნელმა უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირებულობა.

კომისიის 1999 წლის 11 მაისის შეტყობინება, სახელწოდებით „ სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვა ფინანსური ბაზრებისთვის: სამოქმედო გეგმა“, განსაზღვრავს მოქმედებების რიგს, რომლებიც საჭიროა ფინანსური მომსახურების ერთიანი ბაზრის შესაქმნელად. ლისაბონის 2000 წლის მარტის ევროპული საბჭო მოითხოვს ამ სამოქმედო გეგმის განხორციელებას 2005 წლისათვის. სამოქმედო გეგმაში ხაზგასმულია დირექტივის შედგენის საჭიროება, რომელიც გაზრდის მოთხოვნებს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ბარსელონას 2002 წლის მარტის ევროპულმა საბჭომ დაადასტურა აღნიშნული საჭიროება.

(4) ეს დირექტივა უნდა შეესაბამებოდეს ამოცანებსა და მოვალეობებს, დაკისრებულს ცენტრალური ბანკების ევროპული სისტემისთვის (ESCB) და წევრი სახელმწიფოების ცენტრალური ბანკებისთვის ევროგაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით, აგრეთვე ცენტრალური ბანკების ევროპული სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის წესდებით; ამ მხრივ საჭიროა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს წევრი სახელმწიფოების ცენტრალურ ბანკებს, რომელთა აქციები ამჟამად დაშვებულია რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ, რათა გარანტირებული იქნეს ევროგაერთიანების კანონმდებლობის ძირითადი მიზნების მიღწევა.

(5) ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის პერიოდული და მიმდინარე ინფორმაციის მოთხოვნების შესახებ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებების მეტი ჰარმონიზაცია ინვესტორების დაცვის მაღალი დონის საწინდარი უნდა გახდეს მთელი ევროგაერთიანების მასშტაბით. ამასთან, აღნიშნული დირექტივა არ ახდენს გავლენას კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიების მიერ გამოშვებული აქციების შესახებ ევროგაერთიანების არსებულ კანონმდებლობაზე, გარდა დახურული ტიპის აქციებისა, ან ასეთ კომპანიებში შესყიდული ან განკარგული პაიებისა.

(6) ამ დირექტივის მიზნებისათვის, აქციების, ან სავალო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებზე ზედამხედველობას, რომელთა ერთეული ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება 1000 ევროზე ნაკლებია, ყველაზე კარგად განახორციელებს წევრი სახელმწიფო, რომელშიც ემიტენტს რეგისტრირებული ოფისი აქვს. ამ მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანია შესაბამისობის უზრუნველყოფა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 4 ნოემბრის დირექტივასთან 2003/71/EC პროსპექტების გამოქვეყნების შესახებ, როდესაც ხდება საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ან მათი დაშვება სავაჭროდ. ([4]) ამავე მიზნით, გარკვეული მოქნილობაა საჭირო, რათა მესამე ქვეყნების ემიტენტებს და ევროგაერთიანების კომპანიებს, რომლებიც უშვებენ მხოლოდ ფასიან ქაღალდებს, განსხვავებულს ზემოთ აღნიშნულისგან, მიეცეთ რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს არჩევის შესაძლებლობა.

(7) ინვესტორების მაღალი დონის დაცვა მთელი ევროგაერთიანების მასშტაბით შესაძლებელს გახდის, რომ მოიხსნას რეგულირებულ ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების დაშვების ბარიერები, რომლებიც არსებობს ან მოქმედებს წევრ სახელმწიფოში. რეგისტერაციის წევრ სახელმწიფოთა გარდა სხვა წევრ სახელმწიფოებს აღარ უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ შეზღუდონ ფასიანი ქაღალდების დაშვება თავიანთ რეგულირებულ ბაზრებზე, უფრო მკაცრი მოთხოვნების დაწესების გზით პერიოდულ და მიმდინარე ინფორმაციაზე იმ ემიტენტთა შესახებ, რომელთა ფასიანი ქაღალდები დაშვებულია რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ.

(8) ბარიერების მოხსნამ რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს პრინციპის საფუძველზე ამ დირექტივის შესაბამისად არ უნდა მოახდინოს გავლენა იმ სფეროებზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ დირექტივით, როგორიცაა მაგალითად, აქციონერთა უფლებები,ჩაერიონ ემიტენტის მართვაში. ეს ასევე არ უნდა ახდენდეს გავლენას რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებაზე, რომ მოთხოვოს ემიტენტს, დამატებით, გაზეთების საშუალებით გამოაქვეყნოს რეგულირებული ინფორმაციის ნაწილი ან მთელი რეგულირებული ინფორმაცია.

(9) ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 19 ივლისის რეგულაციამ (EC) N 1606/2002 ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) გამოყენების შესახებ ([5]) უკვე გაუხსნა გზა მთელი ევროგაერთიანების მასშტაბით ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების დაახლოებას იმ ემიტენტებისათვის, რომელთა ფასიანი ქაღალდები დაშვებულია რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ და რომლებიც ვალდებული არიან მოამზადონ კონსოლიდირებული ანგარიშები. ამრიგად, ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის უკვე დადგენილია სპეციალური რეჟიმი ყველა კომპანიის ზოგადი (ძირითადი) სისტემის მიღმა, როგორც ეს განსაზღვრულია კომპანიების შესახებ კანონის დირექტივებში. ეს დირექტივა ემყარება ამ მიდგომას წლიური და შუალედური ფინანსური ანგარიშგების მხრივ, ემიტენტის აქტივების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და მოგება-ზარალის უტყუარი და სამართლიანი წარმოდგენის პრინციპის ჩათვლით. ფინანსური ანგარიშგებების შემოკლებული ნაკრები, როგორც ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშგების ნაწილი, ასევე საკმარის საფუძველს იძლევა ემიტენტის ფინანსური წლის პირველი ექვსი თვის ასეთი უტყუარი და სამართლიანი წარმოდგენისთვის.

(10) წლიური ფინანსური ანგარიშგება უნდა უზრუნველყოფდეს ინფორმაციას ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეგულირებულ ბაზარზე დაშვების შემდგომი წლების შესახებ. წლიური ფინანსური ანგარიშების შედარების გამარტივება სასარგებლოა ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე ინვესტორებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარწმუნებული იქნებიან, რომ ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება ფინანსური წლის დასრულებიდან გარკვეულ დროში. რაც შეეხება სავალო ფასიან ქაღალდებს, დაშვებულს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ 2005 წლის 1 იანვრამდე და გამოშვებულს მესამე ქვეყანაში დარეგისტრირებული ემიტენტის მიერ, რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოს შეუძლია გარკვეულ პირობებში ნება მისცეს ემიტენტებს, არ მოამზადონ წლიური ფინანსური ანგარიშები მოცემული დირექტივით მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად.

(11) ამ დირექტივას შემოაქვს უფრო სრულყოფილი ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშები რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული აქციების ემიტენტებისთვის. ამან საშუალება უნდა მისცეს ინვესტორებს, რომ მოახდინონ ემიტენტის მდგომარეობის უფრო ინფორმირებული შეფასება.

(12) რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოს შეუძლია გაათავისუფლოს სავალო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ნახევარწლიური ანგარიშგებისგან შემდეგ შემთხვევებში:

- საკრედიტო ინსტიტუტების შემთხვევაში, რომლებიც მოქმედებენ როგორც მცირე მოცულობის სავალო ფასიანი ქაღალდების ემიტენტები, ან

- ემიტენტების შემთხვევაში, რომლებიც უკვე არსებობენ წინამდებარე დირექტივის ძალაში შესვლის თარიღზე და ექსკლუზიურად გასცემენ რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ან მისი რომელიმე რეგიონალური ან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უპირობოდ და გამოუხმობად გარანტირებულ სავალო ფასიან ქაღალდებს, ან

- ათწლიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ 2005 წლის 1 იანვრამდე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სავალო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, რომელთა შეძენა მხოლოდ პროფესიონალ ინვესტორებს შეუძლიათ.  თუ აღნიშნული გათავისუფლება მინიჭებულია რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს მიერ, მისი მოქმედება არ შეიძლება გავრცელდეს შემდგომში რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებულ რომელიმე სავალო ფასიან ქაღალდზე.

(13) ევროპარლამენტი და საბჭო მიესალმებიან კომისიის მზადყოფნას სწრაფად განიხილოს გამჭვირვალეობის ამაღლების საკითხი ანაზღაურების პოლიტიკასთან, გადახდილ ჯამურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ყველა გაუთვალისწინებელი ან გადავადებული კომპენსაციის და ნატურით გადახდის ჩათვლით, რომელიც ადმინისტრაციული, მმართველი ან საზედამხედველო ორგანოების თითოეულმა წევრმა მიიღო 2003 წლის 21 მაისის სამოქმედო გეგმის თანახმად „კომპანიების შესახებ კანონმდებლობის მოდერნიზაცია და კორპორაციული მმართველობის გაძლიერება ევროკავშირში,”და კომისიის განზრახვას, გასცეს უახლოეს მომავალში რეკომენდაცია ამ თემასთან დაკავშირებით.

14) რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ უნდა წაახალისოს ის ემიტენტები, რომელთა აქციები დაშვებულია რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ და რომელთა ძირითადი საქმიანობაა სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, რომ გაასაჯაროონ მთავრობებისთვის გადასახადების გადახდა თავიანთ წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ ასევე უნდა წაახალისოს ასეთი გადახდების მეტი გამჭვირვალობა სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ფორუმზე დადგენილი სტრუქტურის ფარგლებში.

(15) წინამდებარე დირექტივით ასევე სავალდებულო ხდება ნახევარწლიური ანგარიშგება მხოლოდ სავალო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის რეგულირებულ ბაზრებზე. გამონაკლისები გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საბითუმო ბაზრებისთვის, სადაც ერთეული ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება იწყება 50 000 ევროდან, როგორც ეს გათვალისწინებულია დირექტივით 2003/71 /EC. იმ შემთხვევაში, თუ სავალო ფასიანი ქაღალდები გამოშვებულია სხვა ვალუტაში, გამონაკლისები დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ვალუტაში გამოშვებული ერთეული ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება გამოშვების თარიღისთვის, სულ მცირე, 50 000 ევროს ეკვივალენტურია.

(16) აქციების ემიტენტის საქმიანობის შესახებ უფრო დროული და სანდო ინფორმაცია ფინანსური წლის განმავლობაში საჭიროებს, აგრეთვე, შუალედური ინფორმაციის მეტი სიხშირით წარდგენას.  შესაბამისად, შემოღებული უნდა იქნეს მოთხოვნა, რომ შუალედური ფინანსური ანგარიში პირველი ექვსი თვის განმავლობაში გამოქვეყნდეს, ხოლო მეორე შუალედური ფინანსური ანგარიში - ფინანსური წლის მეორე ექვსი თვის განმავლობაში.  აქციების ემიტენტებს, რომლებიც უკვე აქვეყნებენ კვარტალურ ფინანსურ ანგარიშებს, არ უნდა მოსთხოვონ შუალედური ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნება.

(17) პასუხისმგებლობის შესაბამისი წესები, განსაზღვრული თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და წესდების შესაბამისად, უნდა გამოიყენებოდეს ემიტენტის, მისი ადმინისტრაციული, მართვის ან სამეთვალყურეო ორგანოების მიმართ, ან ემიტენტის ფარგლებში პასუხისმგებელი პირების მიმართ.  წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ, რომ თავისუფლად განსაზღვრონ პასუხისმგებლობის მოცულობა.

(18) საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს აქციათა მსხვილი პაკეტების ცვლილებების შესახებ იმ ემიტენტებში, რომელთა აქციები დაშვებულია სავაჭროდ ევროგაერთიანებაში მდებარე ან მოქმედ რეგულირებულ ბაზარზე. ეს ინფორმაცია საშუალებას უნდა აძლევდეს ინვესტორებს, შეიძინონ ან განკარგონ აქციები ისე, რომ სრული წარმოდგენა ჰქონდეთ ცვლილებებზე ხმის მიცემის სტრუქტურაში; აღნიშნულმა უნდა გააძლიეროს, ასევე, აქციების ემიტენტების ეფექტიანი კონტროლი და ბაზრის საერთო გამჭვირვალობა კაპიტალის მნიშვნელოვან მოძრაობასთან დაკავშირებით. ინფორმაცია მე-13 მუხლით განსაზღვრული აქციების ან ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც დაგირავებულია უზრუნველყოფის სახით (შეტანილია გირაოს სახით), უნდა იყოს მოცემული გარკვეულ ვითარებაში.

(19) მე-9 და მე-10(გ) მუხლები არ უნდა ვრცელდებოდეს აქციებზე, რომლებიც შეთავაზებულია ევროპის ცენტრალური ბანკების სისტემის (ESCB) წევრებისთვის ან წევრების მიერ, რომლებიც ფულად-საკრედიტო ორგანოს ფუნქციებს ასრულებენ, იმ პირობით, რომ აღნიშნული აქციებით უზრუნველყოფილი ხმის უფლების გამოყენება არ ხდება; მე-11 მუხლში აღნიშნულ „მოკლე პერიოდზე“ მითითება უნდა იქნეს გაგებული საკრედიტო ოპერაციებთან მიმართებაში, რომლებიც ხორციელდება ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების და ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) სამართლებრივი აქტების შესაბამისად, კერძოდ, მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებისა და პროცედურების შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) სახელმძღვანელო მითითებების, აგრეთვე ტრანსევროპული ავტომატიზებული დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების ექსპრეს სისტემის (TARGET) შესაბამისად, აგრეთვე საკრედიტო ოპერაციებთან მიმართებაში, ეკვივალენტური ფუნქციების შესრულების მიზნით ეროვნული დებულებების შესაბამისად.

(20) იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტი ტვირთი ბაზრის გარკვეული მონაწილეთათვის და იმის გასარკვევად, თუ რეალურად ვინ ახდენს გავლენას ემიტენტზე, არ არის საჭირო შეტყობინების მოთხოვნა აქციათა მსხვილი პაკეტის ან მე-13 მუხლით განსაზღვრული სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ფლობის შესახებ, რომლის შედეგია აქციის შეძენის უფლება მარკეტ-მეიქერ საბროკერო კომპანიებთან ან დეპოზიტარებთან მიმართებით, ან აქციების ან იმგვარი ფინანსური ინსტრუმენტების ფლობის შესახებ, რომლებიც შეძენილია მხოლოდ კლირინგისა და ანგარიშსწორების მიზნით, მთელი ევროგაერიანების მასშტაბით გამოყენებული შეზღუდვებისა და გარანტიების ფარგლებში. რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოს ნება უნდა დართონ, შეზღუდული გამონაკლისები დაუშვას აქციების პაკეტების მიმართ საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების სავაჭრო პორტფელებში.

(21) იმის გასარკვევად, თუ ვინ არის სინამდვილეში ერთი და იგივე ემიტენტის აქციების ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტის მსხვილი მფლობელი მთელი ევროგაერთიანების მასშტაბით, მშობელ საწარმოებს არ უნდა მოეთხოვოს საკუთარი აქტივების გაერთიანება მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელ კომპანიებთან.(UCITS) ან საინვესტიციო ფირმებთან იმ პირობით, რომ ამგვარი კომპანიები ან ფირმები იყენებენ ხმის მიცემის უფლებებს მშობელი საწარმოსგან დამოუკიდებლად და ასრულებენ გარკვეულ დამატებით პირობებს.

(22) რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის მიმდინარე ინფორმაციის მიწოდება უნდა გაგრძელდეს თანასწორი მოპყრობის პრინციპზე დაყრდნობით. ასეთი თანასწორი მოპყრობა ეხება მხოლოდ ერთსა და იმავე პოზიციაში მყოფ აქციონერებს და, შესაბამისად, არ აყენებს ზიანს საკითხს, თუ რამდენი ხმის უფლება შეიძლება მიენიჭოს კონკრეტულ აქციას. იგივენაირად, სავალო ფასიანი ქაღალდების მფლობელებმა, რომლებსაც თანაბარი რანჟირება აქვთ, უნდა განაგრძონ თანასწორი მოპყრობით სარგებლობა თუნდაც სუვერენული ვალის შემთხვევაში. აქციონერთა კრებებზე ხელშეწყობილი უნდა იქნეს აქციების ან/და სავალო ფასიანი ქაღალდების მფლობელებისთვის ინფორმაციის მიწოდება. კერძოდ, აქციების ან / და სავალო ფასიანი ქაღალდების საზღვარგარეთ მყოფი მფლობელები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი პროცესში, რომ შეეძლოთ თავიანთი სახელით მოქმედების უფლებამოსილება მიანიჭონ მინდობილ პირებს. იგივე მიზეზით, აქციების ან/და სავალო ფასიანი ქაღალდების მფლობელთა საერთო კრებაზე უნდა გადაწყდეს, გახდება თუ არა თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება რეალობა. ამ შემთხვევაში ემიტენტებმა უნდა შეიმუშაონ ღონისძიებები, რათა ეფექტიანად მოახდინონ თავიანთი აქციების/ ან სავალო ფასიანი ქაღალდების მფლობელების ინფორმირება, რამდენადაც შესაძლებელია აღნიშნული მფლობელების იდენტიფიცირება.

(23) ბარიერების მოხსნა და ინფორმაციასთან დაკავშირებით ევროგაერთიანების ახალი მოთხოვნების ეფექტიანად აღსრულება ასევე მოითხოვს სათანადო კონტროლს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს მიერ. წინამდებარე დირექტივამ უნდა, სულ მცირე, უზრუნველყოს მინიმალური გარანტიის არსებობა ასეთი ინფორმაციის დროულად ხელმისაწვდომობისათვის. ამ მიზნით თითოეულ წევრ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს რეგისტრაციისა და შენახვის მინიმუმ ერთი სისტემა.

24) ემიტენტის ნებისმიერი ვალდებულება, რომ მთელი მიმდინარე და პერიოდული ინფორმაცია თარგმნოს ყველა იმ წევრი სახელმწიფოს შესაბამის ენაზე, სადაც მისი ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული, არ უწყობს ხელს ფასიანი ქაღალდების ბაზრების ინტეგრაციას, მაგრამ შემაკავებელი ეფექტი. აქვს ფასიანი ქაღალდების რეგულირებულ ბაზრებზე სავაჭროდ დაშვებაზე საზღვარგარეთ. შესაბამისად, ემიტენტი გარკვეულ შემთხვევებში უფლებამოსილი უნდა იყოს წარადგინოს ინფორმაცია, რომელიც შედგენილია საერთაშორისო ფინანსების სფეროში მიღებულ ენაზე. რადგან გარკვეული ძალისხმევაა საჭირო ინვესტორების მოსაზიდად სხვა წევრი სახელმწიფოებიდან და მესამე ქვეყნებიდან, წევრმა სახელმწიფოებმა აღარ უნდა შეუშალონ ხელი აქციონერებს, ხმის უფლების მქონე პირებს, ან ფინანსური ინსტრუმენტების მფლობელებს, რომ საჭირო შეტყობინება გაუგზავნონ ემიტენტს საერთაშორისო ფინანსურ სფეროში მიღებულ ენაზე.

(25) ინვესტორების წვდომა ემიტენტების შესახებ ინფორმაციაზე უფრო ორგანიზებული უნდა იყოს ევროგაერთიანების დონეზე, რათა აქტიურად შეუწყოს ხელი კაპიტალის ევროპული ბაზრების ინტეგრაციას. ინვესტორები, რომლებიც არ იმყოფებიან ემიტენტის რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში და ემიტენტის რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში მყოფი ინვესტორები თანაბარ პირობებში უნდა ჩააყენონ, როდესაც ისინი აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვებას ცდილობენ. ამის მიღწევა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო უზრუნველყოფს ხარისხის მინიმალური სტანდარტების დაცვას ევროგაერთიანების მასშტაბით ინფორმაციის გავრცელებისთვის, სწრაფად და არადისკრიმინაციულ საფუძველზე, და იმის მიხედვით, თუ რა ტიპისაა აღნიშნული რეგულირებული ინფორმაცია. ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში ცენტრალიზებული გზით, რაც საშუალებას იძლევა, შეიქმნას ევროპული ქსელი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საცალო ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომ ფასად და ამავდროულად არ გამოიწვევს რეგისტრაციის მოთხოვნების არასაჭირო დუბლირებას ემიტენტებისთვის. ემიტენტებმა თავისუფალი კონკურენციით უნდა ისარგებლონ, როდესაც მედიას ან ოპერატორებს ირჩევენ წინამდებარე დირექტივის შესაბამისად ინფორმაციის გასავრცელებლად.

(26) წევრ სახელმწიფოებში კორპორაციულ ინფორმაციაზე ინვესტორების ხელმისაწვდომობის გამარტივებისთვის ეროვნული საზედამხედველო ორგანოების უფლებამოსილებად უნდა დარჩეს სახელმძღვანელო მითითებების ფორმულირება ელექტრონული ქსელების შექმნის მიზნით, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო კონსულტაციით, კერძოდ ფასიანი ქაღალდების ემიტენტებთან, ინვესტორებთან, ბაზრის მონაწილეებთან, რეგულირებული ბაზრების ოპერატორებთან და ფინანსური ინფორმაციის მიმწოდებლებთან.

(27) ინვესტორების ეფექტური დაცვისა და რეგულირებული ბაზრების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად, იმ ემიტენტების მიერ გამოსაქვეყნებელ ინფორმაციასთან დაკავშირებული წესები, რომელთა ფასიანი ქაღალდები დაშვებულია რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ, უნდა ეხებოდეს, ასევე, იმ ემიტენტებს, რომლებსაც არ აქვთ რეგისტრირებული ოფისი წევრ სახელმწიფოში და არ ხვდებიან ხელშეკრულების 48-ე მუხლის მოქმედების სფეროში. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ნებისმიერი დამატებითი შესაბამისი ინფორმაცია ევროგაერთიანების ემიტენტებისა და მესამე ქვეყნების ემიტენტების შესახებ, რომლის გასაჯაროება მოთხოვნილია მესამე ქვეყანაში, მაგრამ არა წევრ სახელმწიფოში, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ევროგაერთიანებაში.

(28) თითოეულ წევრ სახელმწიფოში უნდა დაინიშნოს ხელისუფლების ერთი კომპეტენტური ორგანო, რომელიც საბოლოო პასუხისმგებლობას აიღებს წინამდებარე დირექტივის შესაბამისად მიღებული დებულებების დაცვის მონიტორინგზე, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ხელისუფლების ასეთ ორგანოს ადმინისტრაციული ხასიათი უნდა ჰქონდეს და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი დამოუკიდებლობა ეკონომიკური მოთამაშეებისგან, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დანიშნონ ხელისუფლების სხვა კომპეტენტური ორგანო, რომელიც შეისწავლის წინამდებარე დირექტივაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობას ანგარიშგების სათანადო სისტემასთან, და საჭირო ზომებს მიიღებს აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში; აუცილებელი არ არის, რომ ასეთ ორგანოს ადმინისტრაციული ხასიათი ჰქონდეს.

(29) ტრანსსასაზღვრო საქმიანობის გააქტიურება მოითხოვს ხელისუფლების ეროვნულ კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას, ინფორმაციის გაცვლისა და სიფრთხილის ზომების სრულყოფილი დებულებების ჩათვლით. თითოეულ წევრ სახელმწიფოში მარეგულირებელი და საზედამხედველო ამოცანების ორგანიზებამ ხელი არ უნდა შეუშალოს უფლებამოსილ ეროვნულ ორგანოებს შორის ეფექტიან თანამშრომლობას.

(30) 2000 წლის 17 ივლისს გამართულ სხდომაზე საბჭომ ჩამოაყალიბა ბრძენთა კომიტეტი ფასიანი ქაღალდების ევროპული ბაზრების რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნულმა კომიტეტმა თავის საბოლოო მოხსენებაში შემოგვთავაზა ახალი საკანონმდებლო მეთოდების დანერგვა, რომლებიც დაფუძნებულია ოთხდონიან მიდგომაზე, კერძოდ, არსებითი პრინციპები, ტექნიკური განმახორციელებელი ზომები, თანამშრომლობა ფასიანი ქაღალდების მარეგულირებლებს შორის და ევროგაერთიანების კანონმდებლობის აღსრულება. წინამდებარე დირექტივა ფართო „ჩარჩოს“ პრინციპებით უნდა შემოიფარგლოს, ხოლო განმახორციელებელმა ზომებმა, რომლებიც კომისიამ უნდა მიიღოს თავისივე გადაწყვეტილებით 2001/528/EC ([6]) დაფუძნებული ევროპის ფასიანი ქაღალდების კომიტეტის დახმარებით, ტექნიკური დეტალები უნდა განსაზღვროს.

(31) სტოკჰოლმის ევროპულმა საბჭომ 2001 წლის მარტის რეზოლუციით დაადასტურა ბრძენთა კომიტეტის საბოლოო ანგარიში და შემოთავაზებული ოთხდონიანი მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს ევროგაერთიანების ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის მარეგულირებელი პროცესის მეტი ეფექტიანობის და გამჭვირვალობის მიღწევას.

(32) აღნიშნული რეზოლუციის შესაბამისად უფრო ხშირად უნდა იქნეს გამოყენებული განმახორციელებელი ზომები, რომ უზრუნველყოფილი იყოს ტექნიკური დებულებების განახლება ბაზრისა და საზედამხედველო მოვლენების შესაბამისად, და დადგინდეს ვადები წესების განხორციელების ყველა ეტაპისთვის.

(33) ევროპარლამენტის 2002 წლის 5 თებერვლის რეზოლუციამ ფინანსური მომსახურების შესახებ კანონმდებლობის განხორციელებასთან დაკავშირებით ასევე დაადასტურა ბრძენთა კომიტეტის ანგარიში, კომისიის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს ევროპარლამენტში გაკეთებული ოფიციალური განცხადების საფუძველზე. და 2001 წლის 2 ოქტომბრის წერილი, რომლითაც შიდა ბაზრის კომისარმა მიმართა პარლამენტის ეკონომიკური და სავალუტო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ამ პროცესში ევროპარლამენტის როლის დაცვის გარანტიების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

(34) ევროპარლამენტს უნდა მიეცეს სამი თვის ვადა განმახორციელებელი ზომების პროექტის პირველი გადაცემიდან, რათა საშუალება მიეცეს, შეისწავლოს აღნიშნული ზომები და გამოთქვას საკუთარი აზრი. ამასთან, გადაუდებელ და სათანადოდ დასაბუთებულ შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება შემცირდეს. თუ ამ პერიოდში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, კომისიამ ხელახლა უნდა განიხილოს განმახორციელებელი ზომების პროექტი.

(35) წინამდებარე დირექტივაში განსაზღვრული წესებისთვის შეიძლება ტექნიკური განმახორციელებელი ზომები  გახდეს საჭირო, რომ გათვალისწინებული იქნეს ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე განვითარებული ახალი მოვლენები. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი უნდა იყოს, მიიღოს განმახორციელებელი ზომები იმ პირობით, რომ ისინი არ შეცვლის წინამდებარე დირექტივის არსებით ელემენტებს, აგრეთვე იმ პირობით, რომ კომისია იმოქმედებს მასში მითითებული პრინციპების შესაბამისად, ევროპის ფასიანი ქაღალდების კომიტეტთან კოსნულტაციის შემდეგ.

(36) ამ დირექტივის შესაბამისად განმახორციელებელი უფლებამოსილების გამოყენებისას, კომისიამ უნდა დაიცვას შემდეგი პრინციპები:

- ინვესტორებს შორის ფინანსური ბაზრებისადმი ნდობის უზრუნველყოფის აუცილებლობა ფინანსური ბაზრების გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების ხელშეწყობის გზით;

- ინვესტორთა კონკურენტული ინვესტიციების ფართო სპექტრით უზრუნველყოფისა და მათ გარემოებებზე მორგებული გასაჯაროებისა და დაცვის დონის აუცილებლობა;

- ხელისუფლების დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების მიერ წესების თანმიმდევრული აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებლობა, განსაკუთრებით ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში;

- გამჭვირვალობის მაღალი დონისა და ბაზრის ყველა მონაწილესთან, აგრეთვე ევროპარლამენტსა და საბჭოსთან კონსულტაციების აუცილებლობა;

- ფინანსურ ბაზრებზე ინოვაციის წახალისების აუცილებლობა, მათი დინამიურობის და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;

-ბაზრის მთლიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობა ფინანსური ინოვაციის მკაცრი და რეაქტიული მონიტორინგის საშუალებით;

- კაპიტალის ღირებულების შემცირებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობა;

- ხარჯების და შეღავათების ბალანსი ბაზრის მონაწილეთათვის გრძელვადიან პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესის და მცირე ინვესტორების ჩათვლით, ნებისმიერ განმახორციელებელ ზომასთან მიმართებაში;

- ევროგაერთიანების ფინანსური ბაზრების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის წახალისების აუცილებლობა, საერთაშორისო თანამშრომლობის უაღრესად საჭირო გაფართოებისათვის ზიანის მიუყენებლად;

- ბაზრის ყველა მონაწილისათვის თამაშის ერთიანი წესების შემოღების აუცილებლობა საყოველთაო რეგულაციების დაწესების გზით ევროგაერთიანების მასშტაბით, სადაც ამის აუცილებლობაა;

- ეროვნულ ბაზრებს შორის განსხვავების პატივისცემის აუცილებლობა, როდესაც ეს არასასურველ ზეგავლენას არ ახდენს ერთიანი ბაზრის კოჰერენტულობაზე;

- ამ სფეროში ევროგაერთიანების სხვა კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის აუცილებლობა, რადგან ინფორმაციის დისბალანსმა და გამჭვირვალობის ნაკლებობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბაზრების მუშაობას, პირველ რიგში კი ზიანი მიაყენოს მომხმარებლებსა და მცირე ინვესტორებს.

(37) წინამდებარე დირექტივის განმახორციელებელი ზომების ან წინამდებარე დირექტივაში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით აღნიშნული მოთხოვნების ან ზომების ნებისმიერი დარღვევა სწრაფად უნდა იქნეს აღმოჩენილი და თუ საჭიროა, დაექვემდებაროს სანქციებს. ამ მიზნით, ზომები და ჯარიმები უნდა იყოს საკმარისად გადამარწმუნებელი, პროპორციული და თანამიმდევრულად აღსრულებული.


 წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილი ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ექვემდებარებოდეს სასამართლოში გასაჩივრების უფლებას.

(38) წინამდებარე დირექტივის მიზანია არსებული გამჭვირველობის მოთხოვნების განახლება ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისა და ინვესტორებისთვის, რომლებიც იძენენ ან განკარგავენ აქციათა მსხვილ პაკეტებს ემიტენტებში, რომელთა აქციები დაშვებულია რეგულირებულ ბაზრებზე სავაჭროდ. ეს დირექტივა ჩაანაცვლებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001 წლის 28 მაისის დირექტივაში 2001/34/EC განსაზღვრულ ზოგიერთ მოთხოვნას ფასიანი ქაღალდების ოფიციალური საფონდო ბირჟის ლისტინგში დაშვებასთან და ამ ფასიანი ქაღალდების შესახებ გამოსაქვეყნებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ([7]) იმისათვის, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნები ერთიან აქტში იყოს თავმოყრილი, საჭიროა მასში შესაბამისი შესწორებების შეტანა. ამასთან, ასეთმა შესწორებამ არ უნდა მოახდინოს გავლენა წევრ სახელმწიფოთა შესაძლებლობაზე, დააწესონ დამატებითი მოთხოვნები დირექტივის 2001/34/EC 42-ედან-63-ე მუხლების შესაბამისად, რომლებიც ძალაში რჩება.

(39) წინამდებარე დირექტივა შეესაბამება ევროპარლამენტისა და საბჭოს 1995 წლის 24 ოქტომბრის დირექტივას 95/46/EC ფიზიკური პირების დაცვის შესახებ პირადი მონაცემების დამუშავების კუთხით და აღნიშნული მონაცემების თავისუფალი მიმოქცევის შესახებ([8]).

(40) წინამდებარე დირექტივა პატივს სცემს ფუნდამენტურ უფლებებს და იცავს პრინციპებს, რომლებიც აღიარებულია, კერძოდ, ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიით.

(41) ვინაიდან ამ დირექტივის მიზნები, კერძოდ, ინვესტორთა ნდობის უზრუნველყოფა ეკვივალენტური გამჭვირვალობის მეშვეობით მთელს ევროგაერთიანებაში და აქედან გამომდინარე შიდა ბაზრის დასრულება შეუძლებელია სათანადოდ იქნეს მიღწეული წევრი სახელმწიფოების მიერ ევროგაერთიანების არსებული კანონმდებლობის საფუძველზე და მაშასადამე, ევროგაერთიანების დონეზე უკეთ შეიძლება იქნეს მიღწეული, ევროგაერთიანებას შეუძლია მიიღოს ზომები სუბსიდიარობის პრინციპის შესაბამისად, როგორც ეს მითითებულია ხელშეკრულების მე-5 მუხლში. იმავე მუხლით განსაზღვრული პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, წინამდებარე დირექტივა არ სცილდება ამ მიზნების მიღწევისთვის აუცილებელ ფარგლებს.

(42) წინამდებარე დირექტივის განსახორციელებლად აუცილებელი ზომები უნდა მიღებული იქნეს საბჭოს 1999 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების 1999/468/EC შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს კომისიისთვის მინიჭებული განხორციელების უფლებამოსილების გამოყენების პროცედურებს. ([9]),

მიიღეს წინამდებარე დირექტივა:

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1

საგანი და მოქმედების სფერო

1. წინამდებარე დირექტივა ადგენს მოთხოვნებს ემიტენტების შესახებ პერიოდული და მიმდინარე ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, რომელთა ფასიანი ქაღალდები უკვე დაშვებულია სავაჭროდ წევრი სახელმწიფოს ფარგლებში მდებარ ან მოქმედ რეგულირებულ ბაზარზე.

2. წინამდებარე დირექტივა არ უნდა იქნეს გამოყენებული კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიების მიერ გამოშვებული პაიების მიმართ, გარდა ფიქსირებული ფასის მქონე დახურული ტიპის პაიებისა, ან ასეთ კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელ კომპანიებში შესყიდული ან განკარგული პაიებისა.

3. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება, არ გამოიყენონ მე-16 (3) მუხლში და მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული დებულებები ფასიანი ქაღალდების მიმართ, რომლებიც დაშვებულია რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ და გაცემულია მათ მიერ ან მათი რეგიონული ან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.

4. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება, არ გამოიყენონ მე-17 მუხლი თავიანთი ეროვნული ცენტრალური ბანკების მიმართ, როგორც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული აქციების ემიტენტების მიმართ, თუ ეს დაშვება მოხდა 2005 წლის 20 იანვრამდე.

 

მუხლი 2

განმარტებები

1. წინამდებარე დირექტივის მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

(ა) „ფასიანი ქაღალდები“ ნიშნავს მიმოქცევად ფასიან ქაღალდებს, როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 21 აპრილის დირექტივის 2004/39/EC მე-4(1) მუხლის მე-18 პუნქტით, ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების შესახებ ([10]), ფულის ბაზრის ინსტრუმენტების გარდა, როგორც ეს განსაზღვრულია აღნიშნული დირექტივის მე-4(1) მუხლის მე-19 პუნქტით, რომელთა განაღდების ვადა 12 თვეზე ნაკლებია.

(ბ) „სავალო ფასიანი ქაღალდები“ ნიშნავს ობლიგაციებს, ან მიმოქცევადი დაცული სესხის სხვა ფორმებს, კომპანიების აქციებთან გათანაბრებული ფასიანი ქაღალდების გარდა, რომლებიც კონვერტირების შემთხვევაში, ან მათ მიერ მინიჭებული უფლებების გამოყენების შემთხვევაში წარმოშობს აქციების, ან აქციებთან გათანაბრებული ფასიანი ქაღალდების შეძენის უფლებას;

გ) „რეგულირებული ბაზარი" ნიშნავს დირექტივის 2004/39/EC მე-4(1) მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრულ ბაზარს;

დ) „ემიტენტი" ნიშნავს კერძო ან საჯარო სამართლის რეგულირებულ იურიდიულ პირს, მათ შორის სახელმწიფოს, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ, ხოლო დეპოზიტარული ხელწერილების შემთხვევაში, რომლებიც ასევე ფასიანი ქაღალდებია, ემიტენტი ნიშნავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ემიტენტს;

(ე) „აქციონერი” ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც იმართება კერძო ან საჯარო სამართლით და რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს:

(i) ემიტენტის აქციებს საკუთარ სახელზე და საკუთარ ანგარიშზე;

(ii) ემიტენტის აქციებს საკუთარ სახელზე, მაგრამ სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით;

(iii) დეპოზიტარულ ხელწერილებს, ამ შემთხვევაში დეპოზიტარული ხელწერილის მფლობელი ჩაითვლება დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით გაცემული აქციების მფლობელად, რომლებიც წარმოდგენილია დეპოზიტარული ხელწერილებით.

ვ) „კონტროლირებადი საწარმო“ ნიშნავს ნებისმიერ საწარმოს:

(i) რომელშიც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს ხმის უფლების მქონე უმრავლესობა; ან

(ii) რომლის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს დანიშნოს ან მოხსნას ადმინისტრაციული, მმართველი ან სამეთვალყურეო ორგანოს წევრთა უმრავლესობა და ამავე დროს არის შესაბამისი საწარმოს აქციონერი ან წევრი; ან

(iii) რომლის ფიზიკური ან იურიდიული პირი არის აქციონერი ან წევრი და ერთპიროვნულად აკონტროლებს ხმის უფლების მქონე აქციონერთა ან წევრთა ხმების უმრავლესობას, შესაბამისი საწარმოს სხვა აქციონერებთან ან საწარმოს წევრებთან დადებული შეთანხმების საფუძველზე; ან

(iv) რომელზეც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს უფლებამოსილება, რომ განახორციელოს, ან რეალურად ახორციელებს დომინანტურ გავლენას ან კონტროლს;

(ზ) „კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანია ფიქსირებული ფასის მქონე დახურული ტიპის კომპანიის გარდა “ ნიშნავს საპაიო საინვესტიციო ფონდებს და საინვესტიციო კოპანიებს:

(i) რომელთა ობიექტია საზოგადოების მიერ მოწოდებული კაპიტალის კოლექტიური ინვესტიცია და რომლებიც მუშაობენ რისკის გავრცელების პრინციპის მიხედვით; და

(ii) რომელთა პაიები, აღნიშნული პაიების მფლობელის მოთხოვნით, გამოსყიდული ან დაფარულია, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ამ საწარმოთა აქტივებიდან;

თ) „კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიის პაი" ნიშნავს კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს და წარმოადგენს ამგვარი კომპანიის/საწარმოს მონაწილის უფლებებს მის აქტივებზე;

(ი) „რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო" ნიშნავს

(i) სავალო ფასიანი ქაღალდის ემიტენტის შემთხვევაში, რომლის დენომინაცია ერთეულ ფასიან ქაღალდზე ნაკლებია 1 000 ევროზე ან აქციების ემიტენტის შემთხვევაში:

- თუ ემიტენტი დარეგისტრირებულია ევროგაერთიანებაში, წევრ სახელმწიფოს, რომელშიც მას აქვს თავისი რეგისტრირებული ოფისი;

- თუ ემიტენტი დარეგისტრირებულია მესამე ქვეყანაში, წევრ სახელმწიფოს, რომლის ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოშიც მას მოეთხოვება წლიური ინფორმაციის წარდგენა დირექტივის 2003/71/EC მე-10 მუხლის შესაბამისად.

განმარტება „რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო“ გამოყენებული უნდა იქნეს ევროს გარდა სხვა ვალუტაში გაცემული სავალო ფასიანი ქაღალდების მიმართ იმ პირობით, რომ ერთეული ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება გამოშვების დღეს 1 000 ევროზე ნაკლებია, თუ ის თითქმის ეკვივალენტური არ არის 1 000 ევროს.

(ii) ნებისმიერი ემიტენტისთვის, რომელსაც არ მოიცავს (i), წევრი სახელმწიფო, არჩეული ემიტენტის მიერ იმ წევრ სახელმწიფოთა შორის, რომლებშიც ემიტენტს თავისი რეგისტრირებული ოფისი აქვს და იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც მისი ფასიანი ქაღალდები დაუშვეს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ თავიანთ ტერიტორიაზე. ემიტენტს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო, როგორც მისი რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო. მისი არჩევანი ძალაში რჩება მინიმუმ სამი წლის განმავლობაში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი ფასიანი ქაღალდები აღარ დაიშვება ნებისმიერ რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ ევროგაერთიანებაში;

(კ) „მასპინძელი წევრი სახელმწიფო“ ნიშნავს წევრ სახელმწიფოს, რომელშიც ფასიანი ქაღალდები დაშვებულია რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ, თუ იგი განსხვავდება რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოსგან;

(ლ) „რეგულირებადი ინფორმაცია“ ნიშნავს ყველა ინფორმაციას, რომელიც მოეთხოვება ემიტენტს, ან ნებისმიერ სხვა პირს, რომელმაც ფასიანი ქაღალდების რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება მოითხოვა ემიტენტის თანხმობის გარეშე, რომ გაასაჯაროოს წინამდებარე დირექტივის, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 28 იანვრის დირექტივის 2003/6/EC „ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციებისა და ბაზრის მანიპულაციების (ბაზრის წესების ბოროტად გამოყენების) შესახებ“ მე-6 მუხლის ([11]), ან წევრი სახელმწიფოს კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების შესაბამისად, რომლებიც მიღებულია წინამდებარე დირექტივის მე-3(1) მუხლის თანახმად;

(მ) „ელექტრონული საშუალებები" არის ელექტრონული მოწყობილობები (ციფრული კომპრესიის ჩათვლით), რომლებიც გამოიყენება მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და გადაცემისათვის ხაზების, რადიოს, ოპტიკური ტექნოლოგიების ან ნებისმიერი სხვა ელექტრომაგნიტური საშუალებების დახმარებით;

(ნ) „მმართველი კომპანია" ნიშნავს კომპანიას, როგორც ეს განსაზღვრულია საბჭოს 1985 წლის 20 დეკემბრის დირექტივის 85/611/EEC „მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელ კომპანიებთან (UCITS) დაკავშირებული კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის შესახებ“1ა (2) მუხლში ([12]);

(ო) „მარკეტ-მეიკერი" ნიშნავს პირს, რომელიც მუდმივად არის ფინანსურ ბაზრებზე, რომ თავისი ხარჯით აწარმოოს გარიგება ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვით საკუთარი კაპიტალით, მის მიერვე განსაზღვრულ ფასებში;

(პ) „საკრედიტო ინსტიტუტი“ ნიშნავს საწარმოს, როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000 წლის 20 მარტის დირექტივის 2000/12/EC „საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობის დაწყება და გაგრძელება“ 1(1)(a) მუხლში([13]);

ჟ) „უწყვეტი ან განმეორებითი წესით გამოშვებული ფასიანი ქაღალდები" ნიშნავს ერთი და იგივე ემიტენტის ფასიან ქაღალდებს, რომლებიც მუდმივად არის ხელმისაწვდომი, ან მსგავსი ტიპის ან/და კლასის ფასიანი ქაღალდების მინიმუმ ორ დამოუკიდებელ გამოშვებას.

2. 1 (ვ) (ii) პუნქტში მოცემული „კონტროლირებადი საწარმოს“ განმარტების მიზნებისათვის, მფლობელის უფლებები ხმის მიცემასთან, დანიშვნასა და მოხსნასთან დაკავშირებით უნდა მოიცავდეს ნებისმიერი სხვა საწარმოს უფლებებს, რომელსაც აქციონერი აკონტროლებს და ასევე ნებისმიერი ფიზიკური . ან იურიდიული პირის უფლებებს, რომელიც მოქმედებს, როგორც საკუთარი სახელით, ასევე აქციონერის სახელით, ან აქციონერის მიერ კონტროლირებადი ნებისმიერი სხვა საწარმოს სახელით.

3. ფინანსური ბაზრების ტექნიკური განვითარების გათვალისწინებისა და 1-ლი პუნქტის ერთიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, კომისიამ, 27(2) -ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, უნდა მიიღოს განმახორციელებელი ზომები 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ განმარტებებთან დაკავშირებით.

კერძოდ, კომისიამ:

(ა) უნდა დაადგინოს, 1(i)(ii) პუნქტის მიზნებისათვის, პროცედურული შეთანხმებები, რომელთა მიხედვითაც ემიტენტს შეუძლია შეარჩიოს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო;

(ბ) უნდა კორექტირება მოახდინოს, თუ ეს 1(i)(ii) პუნქტში მითითებული რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს არჩევის მიზნით არის საჭირო, ემიტენტის სამწლიანი პერიოდის საქმიანობის შედეგებში, ნებისმიერი ახალი მოთხოვნის გათვალისწინებით ევროგაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვების შესახებ;

გ) უნდა ჩამოაყალიბოს, 1(მ) პუნქტის მიზნებისათვის, იმ საშუალებების საორიენტაციო სია, რომლებიც არ ჩაითვლება ელექტრონულ საშუალებებად, რითაც გაითვალისწინებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 1998 წლის 22 ივნისის დირექტივის 98/34/EC დანართს V, რომელიც განსაზღვრავს ტექნიკური სტანდარტებისა და რეგულაციების სფეროში ინფორმაციის მიწოდების პროცედურას ([14]).

 

მუხლი 3

ფასიანი ქაღალდების ბაზრების ინტეგრაცია

1. რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოს შეუძლია, რომ დაუქვემდებაროს ემიტენტი უფრო მკაცრ მოთხოვნებს, ვიდრე წინამდებარე დირექტივით არის განსაზღვრული.

რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოს ასევე შეუძლია, რომ აქციების მფლობელი, ფიზიკური, ან იურიდიული პირი, მითითებული მე-10 ან მე-13 მუხლში, დაუქვემდებაროს უფრო მკაცრ მოთხოვნებს, ვიდრე წინამდებარე დირექტივით არის განსაზღვრული.

2. მასპინძელ წევრ სახელმწიფოს არ შეუძლია:

(ა) მის ტერიტორიაზე რეგულირებულ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების დაშვებასთან მიმართებით შემოიღოს გასაჯაროების უფრო მკაცრი მოთხოვნები, ვიდრე ეს წინამდებარე დირექტივით, ან დირექტივის 2003/6/EC მე-6 მუხლით არის განსაზღვრული.

(ბ) ინფორმაციის შეტყობინებასთან მიმართებით დაუქვემდებაროს აქციების მფლობელი, ფიზიკური, ან იურიდიული პირი, მითითებული მე-10 ან მე-13 მუხლში, უფრო მკაცრ მოთხოვნეებს, ვიდრე წინამდებარე დირექტივით არის განსაზღვრული.

თავი II

პერიოდული ინფორმაცია

 

მუხლი 4

წლიური ანგარიშები

1. ემიტენტმა უნდა გაასაჯაროოს თავისი წლიური ფინანსური ანგარიშგება ყოველი ფინანსური წლის დასრულებიდან არა უგვიანეს ოთხი თვისა და უზრუნველყოს მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში.

2. წლიური ფინანსური ანგარიშგება უნდა მოიცავდეს:

(ა) აუდიტორულად შემოწმებულ ფინანსურ ანგარიშგებას;

(ბ) მმართველობით ანგარიშგებას; და

(გ) განცხადებებს, შედგენილს ემიტენტის პასუხისმგებელი პირების მიერ, რომელთა სახელები და ფუნქციები გარკვევით არის მითითებული, და რომლებიც ადასტურებს, რომ რამდენადაც მათთვის ცნობილია, ფინანსური ანგარიშგებები, მომზადებული ბუღალტრული აღრიცხვის მოქმედი სტანდარტების მიხედვით, უტყუარ და ობიექტურ წარმოდგენას იძლევა ემიტენტის და მთლიანად კონსოლიდაციაში ჩართული საწარმოების აქტივების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობის, და მოგება-ზარალის შესახებ, და რომ მმართველობითი ანგარიშგება მოიცავს სამეწარმეო საქმიანობის განვითარების და წარმართვის, აგრეთვე ემიტენტის და კონსოლიდაციაში ჩართული საწარმოების მდგომარეობის სამართლიან განხილვას, ძირითადი რისკებისა და გაურკვევლობის აღწერასთან ერთად, რომლებთანაც მათ უხდებათ შეხება.

3. იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტს მოეთხოვება კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადება მეშვიდე საბჭოს 1983 წლის 13 ივნისის დირექტივის 83/349 / EEC „კონსოლიდირებული ანგარიშების შესახებ“ ([15]) შესაბამისად, აუდიტორულად შემოწმებული ფინანსური ანგარიშგებები უნდა მოიცავდეს ისეთ კონსოლიდირებულ ანგარიშებს, რომლებიც შედგენილია რეგულაციის (EC) No 1606/2002 შესაბამისად, აგრეთვე მშობელი კომპანიის წლიური ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშებს, რომლებიც შედგენილია იმ წევრი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც რეგისტრირებულია მშობელი კომპანია.

იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტს არ მოეთხოვება კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადება, აუდიტორულად შემოწმებული ფინანსური ანგარიშგებები უნდა მოიცავდეს ანგარიშებს, რომლებიც მომზადებულია იმ წევრი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც რეგისტრირებულია მშობელი კომპანია.

4. ფინანსური ანგარიშგებები უნდა იყოს აუდიტორულად შემოწმებული მეოთხე საბჭოს 1978 წლის 25 ივლისის დირექტივის 78/660/EEC „ზოგიერთი ტიპის კომპანიების წლიური ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშების შესახებ“ ([16])51-ე და 51ა მუხლების შესაბამისად.

აუდიტორული დასკვნა, ხელმოწერილი პირის ან პირების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ფინანსური ანგარიშგებების აუდიტორულ შემოწმებაზე, სრულად უნდა გასაჯაროვდეს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად.

5. მმართველობითი ანგარიშგება შედგენილი უნდა იქნეს დირექტივის 78/660/EEC 46-ე მუხლის შესაბამისად და თუ ემიტენტს მოეთხოვება კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადება, დირექტივის 83/349/EEC 35-ე მუხლის შესაბამისად.

6. კომისიამ, 27(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, უნდა მიიღოს განმახორციელებელი ზომები, ფინანსური ბაზრების ტექნიკური განვითარების გასათვალისწინებლად და 1-ლი პუნქტის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად. კომისიამ უნდა, კერძოდ, განსაზღვროს ტექნიკური პირობები, რომლებიც უზრუნველყოფს გამოქვეყნებული წლიური ფინანსური ანგარიშგებების, მათ შორის აუდიტორული დასკვნის, საჯაროდ ხელმისაწვდომობას. საჭიროების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია შეცვალოს 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ხუთწლიანი პერიოდი.

 

მუხლი 5

ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშგებები

1. აქციების ან სავალო ფასიანი ქაღალდების ემიტენტმა უნდა გაასაჯაროოს ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მოიცავს ფინანსური წლის პირველ ექვს თვეს, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს შემდეგი ორი თვისა. ემიტენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ნახევარწლიური ფინანსური ანგარიში საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში.

2. ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშგება უნდა მოიცავდეს:

(ა) ფინანსური ანგარიშგებების შემოკლებულ ვერსიას;

(ბ) შუალედურ მმართველობით ანგარიშგებას; და

(გ) განცხადებებს, შედგენილს ემიტენტის პასუხისმგებელი პირების მიერ, რომელთა სახელები და ფუნქციები გარკვევით არის მითითებული, და რომლებიც ადასტურებენ, რომ რამდენადაც მათთვის ცნობილია, ფინანსური ანგარიშგებების შემოკლებული ვერსია, მომზადებული ბუღალტრული აღრიცხვის მოქმედი სტანდარტების მიხედვით, უტყუარ და ობიექტურ წარმოდგენას იძლევა ემიტენტის ან მთლიანად კონსოლიდაციაში ჩართული საწარმოების აქტივების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობის, და მოგება-ზარალის შესახებ, როგორც ეს მოთხოვნილია მე-3 პუნქტის შესაბამისად და რომ შუალედური მმართველობითი ანგარიშგება მოიცავს მე-4 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის სამართლიან განხილვას.

3. თუ ემიტენტს მოეთხოვება კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადება, ფინანსურ ანგარიშგებების შემოკლებული ვერსია უნდა მომზადდეს აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც გამოიყენება შუალედურ ფინანსურ ანგარიშგებებში და მიღებულია რეგულაციის (EC) No 1606/2002 მე-6 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტს არ მოეთხოვება კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადება, ფინანსური ანგარიშგებების შემოკლებული ვერსია უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემოკლებულ საბალანსო ანგარიშგებას, შემოკლებულ მოგება-ზარალის ანგარიშგებას და განმარტებით შენიშვნებს მათ შესახებ. შემოკლებული საბალანსო ანგარიშგებისა და შემოკლებული მოგება-ზარალის ანგარიშგების მომზადებისას ემიტენტი უნდა იცავდეს აღიარებისა და გაზომვის იგივე პრინციპებს, როგორც წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისას.

4. შუალედური მმართველობითი ანგარიშგება უნდა შეიცავდეს მინიმუმ მითითებას ფინანსური წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების და მათი გავლენის შესახებ ფინანსური ანგარიშგებების შემოკლებულ ვერსიაზე, ძირითადი რისკების და გაურკვევლობის აღწერასთან ერთად ფინანსური წლის დარჩენილი ექვსი თვისათვის. აქციების ემიტენტებისათვის შუალედური მმართველობითი ანგარიშგება ასევე უნდა შეიცავდეს მსხვილი დაკავშირებული მხარეების გარიგებებს.

5. თუ ნახევარწლიანი ფინანსური ანგარიშგება აუდიტირულად არის შემოწმებული, აუდიტორული დასკვნა სრულად უნდა იქნეს წარმოდგენილი. იგივე უნდა იქნეს გამოყენებული აუდიტორული განხილვის შემთხვევაში. თუ ნახევარწლიანი ფინანსური ანგარიშგება არ არის აუდიტორულად შემოწმებული ან განხილული აუდიტორების მიერ, ემიტენტმა უნდა გააკეთოს თავის ანგარიშში განცხადება ამის თაობაზე.

6. კომისიამ, 27(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, უნდა მიიღოს განმახორციელებელი ზომები, ფინანსური ბაზრების ტექნიკური განვითარების გასათვალისწინებლად და წინამდებარე მუხლის (1)- (5) პუნქტების ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად.

კერძოდ, კომისიამ:

(ა) უნდა განსაზღვროს ტექნიკური პირობები, რომლებიც უზრუნველყოფს გამოქვეყნებული ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშგებების, მათ შორის აუდიტორული დასკვნის, საჯაროდ ხელმისაწვდომობას.

(ბ) უნდა გაარკვიოს აუდიტორული განხილვის ხასიათი;

გ) უნდა განსაზღვროს შემოკლებული საბალანსო ანგარიშგების და მოგება-ზარალის ანგარიშგების და მათზე დართული განმარტებითი შენიშვნების მინიმალური შინაარსი, როდესაც ისინი არ არის აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული, რომლებიც მიღებულია რეგულაციის (EC) No 1606/2002 მე-6 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად.

საჭიროების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია შეცვალოს 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ხუთწლიანი პერიოდი.

 

მუხლი 6

შუალედური მმართველობითი ანგარიშგება

1. დირექტივის 2003/6/EC მე-6 მუხლისათვის ზიანის მიუყენებლად ემიტენტმა, რომლის აქციები დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე, უნდა გაასაჯაროოს თავისი მმართველების მიერ შედგენილი ანგარიშგება ფინანსური წლის პირველი ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში და თავისი მმართველების მიერ შედგენილი მეორე ანგარიშგება ფინანსური წლის მეორე ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნული ანგარიშგება უნდა შედგენილი იქნეს შესაბამისი ექვსთვიანი პერიოდის დასაწყისიდან 10 კვირისა და დასრულებამდე ექვსი კვირის შუალედში. მასში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია, რომელიც მოიცავს შესაბამისი ექვსთვიანი პერიოდის დასაწყისიდან და ანგარიშგების გამოქვეყნების თარიღს შორის პერიოდს. ასეთ ანგარიშგებაში მოცემული უნდა იყოს:

- შესაბამისი პერიოდის განმავლობაში მომხდარი არსებითი მოვლენების და გარიგებების განმარტება და მათი გავლენა ემიტენტისა და მისი კონტროლირებადი საწარმოების ფინანსურ მდგომარეობაზე;

- ემიტენტისა და მისი კონტროლირებადი საწარმოების ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის ზოგადი აღწერა შესაბამისი პერიოდის განმავლობაში.

2. ემიტენტებს, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობის ან რეგულირებული ბაზრის წესების მიხედვით ან საკუთარი ინიციატივით გამოაქვეყნებენ კვარტალურ ფინანსურ ანგარიშგებებს ამ კანონმდებლობის ან წესების შესაბამისად, არ მოეთხოვებათ 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მმართველობითი ანგარიშგებების გამოქვეყნება.

3. კომისია 2010 წლის 20 იანვრისთვის ევროპარლამენტსა და საბჭოს წარუდგენს მოხსენებას კვარტალური ფინანსური ანგარიშგებების გამჭვირვალობის შესახებ და ემიტენტის მმართველების მიერ მომზადებულ ანგარიშგებებს იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად შეესაბამება მიწოდებული ინფორმაცია იმ მიზანს, რომ ინვესტორებს მიეცეთ შესაძლებლობა, გააკეთონ ემიტენტის ფინანსური მდგომარეობის ინფორმირებული შეფასება. აღნიშნული მოხსენება უნდა შეიცავდეს იმ სფეროებზე ზემოქმედების შეფასებას, სადაც კომისია განიხილავს წინამდებარე მუხლში შესწორებების შეთავაზებას.

 

მუხლი 7

პასუხისმგებლობა და ვალდებულება

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შესადგენ და საჯაროდ გამოსაქვეყნებელ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა მე-4, მე-5, მე-6 და მე-16 მუხლების შესაბამისად ეკისრებოდეს მინიმუმ ემიტენტს ან მის ადმინისტრაციულ, ხელმძღვანელ, ან სამეთვალყურეო ორგანოებს, და უნდა უზრუნველყონ, რომ მათი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები პასუხისმგებლობის შესახებ ვრცელდებოდეს ემიტენტებზე, ამ მუხლში მითითებულ ორგანოებზე, ან ემიტენტების ფარგლებში პასუხისმგებელ პირებზე.

 

მუხლი 8

გამონაკლისები

1. მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები არ ვრცელდება შემდეგ ემიტენტებზე:

(ა) სახელმწიფო, სახელმწიფოს რეგიონალური ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო, საერთაშორისო საჯარო ორგანო, რომლის წევრია, სულ მცირე, ერთი წევრი სახელმწიფო მაინც, ევროპის ცენტრალური ბანკი და წევრი სახელმწიფოების ეროვნული ცენტრალური ბანკები, იმისდა მიუხედავად აქციებს გასცემენ ისინი, თუ სხვა ფასიან ქაღალდებს; და

(ბ) ექსკლუზიურად იმ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომლებიც სავაჭროდ არის დაშვებული რეგულირებულ ბაზარზე და რომელთა ერთეულის ნომინალური ღირებულება არის მინიმუმ 50 000 ევრო ან, ევროს გარდა სხვა ვალუტაში დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, ერთეულის ნომინალური ღირებულება გამოშვების თარიღზე მინიმუმ 50 000 ევროს ეკვივალენტურია.

2. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ შეიძლება არჩიოს, რომ არ გამოიყენოს მე-5 მუხლი იმ საკრედიტო ინსტიტუტების მიმართ, რომელთა აქციები არ არის დაშვებული რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ და რომლებსაც უწყვეტად ან განმეორებადი წესით აქვთ გამოშვებული მხოლოდ სავალო ფასიანი ქაღალდები იმ პირობით, რომ ყველა ასეთი სავალო ფასიანი ქაღალდის მთლიანი ნომინალური თანხა 100 000 000 ევროზე ნაკლებია და მათ არ გამოუქვეყნებიათ პროსპექტი დირექტივის 2003/71/EC შესაბამისად.

3. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ შეიძლება არჩიოს, რომ არ გამოიყენოს მე-5 მუხლი დირექტივის 2003/71/EC ძალაში შესვლის დღეს რეგულირებულ ბაზარზე უკვე არსებული ემიტენტების მიმართ, რომლებიც ექსკლუზიურად უშვებენ რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ან მისი რომელიმე რეგიონული ან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უპირობოდ და გამოუხმობად გარანტირებულ სავალო ფასიან ქაღალდებს.

 

თავი III

მიმდინარე ინფორმაცია

 

სექცია I

ინფორმაცია აქციათა მსხვილი პაკეტების შესახებ

 

მუხლი 9

ინფორმაცია აქციათა მსხვილი პაკეტების შეძენის ან განკარგვის შესახებ

1. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ თუ აქციონერი შეიძენს ან განკარგავს იმ ემიტენტის აქციებს, რომლის აქციები დაშვებულია რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ და აქვს ხმის უფლება, ასეთი აქციონერი ემიტენტს აცნობებს ემიტენტის ხმის უფლების იმ წილის შესახებ, რომელსაც აქციონერი ფლობს ამგვარი შეძენის ან განკარგვის შედეგად, თუ ეს წილი მიაღწევს, გადააჭარბებს ან ნაკლები იქნება შემდეგ ზღვრულ მნიშვნელობებზე: 5%, 10%, 15%, 20%, 25%, 30%, 50% და 75%.

ხმის უფლება უნდა დაანგარიშდეს ხმის უფლების მქონე ყველა აქციის საფუძველზე მაშინაც კი, თუ აღნიშნული უფლების გამოყენება შეჩერებულია. უფრო მეტიც, ეს ინფორმაცია ასევე უნდა იქნეს გაცემული ყველა იმ აქციასთან დაკავშირებით, რომლებიც ერთსა და იმავე კლასშია და რომლებსაც მიმაგრებული აქვს ხმის უფლება.

2. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ აქციონერებმა აცნობონ ემიტანტებს ხმის უფლებების წილის შესახებ, როდესაც აღნიშნული წილი მიაღწევს, გადააჭარბებს ან ნაკლები იქნება 1-ელ პუნქტში მოცემულ ზღვრულ მნიშვნელობებზე იმ მოვლენების შედეგად, რომლებიც ცვლის ხმის უფლებების განაწილებას, და მე-15 მუხლის მიხედვით გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე. როდესაც ემიტენტი რეგისტრირებულია მესამე ქვეყანაში, შეტყობინება უნდა მოხდეს თანაგვარი მოვლენების შემთხვევაში.

3. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ საჭირო არ არის, რომ გამოიყენოს:

(ა) 30 % -იანი ზღვრული მნიშვნელობა, როდესაც ის იყენებს ერთი მესამედის ტოლ ზღვრულ მნიშვნელობას;

(ბ) 75 % -იანი ზღვრული მნიშვნელობა, როდესაც ის იყენებს ორი მესამედის ტოლ ზღვრულ მნიშვნელობას;

4. ეს მუხლი არ ვრცელდება აქციებზე, რომლებიც ჩვეულებრივ მოკლე საანგარიშსწორებო ციკლშია შეძენილი მხოლოდ კლირინგისა და ანგარიშსწორების მიზნით; ან დეპოზიტარებზე, რომლებიც ფლობენ აქციებს მათი, როგორც დეპოზიტარების უფლებამოსილების ფარგლებში, იმ პირობით, რომ ასეთ დეპოზიტარებს შეუძლიათ გამოიყენონ აღნიშნული აქციების ხმის უფლება მხოლოდ წერილობითი ფორმით ან ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიცემული მითითებების საფუძველზე.

5. წინამდებარე მუხლი არ ვრცელდება მარკეტ-მეიკერის მიერ, რომელიც მოქმედებს თავისი, როგორც მარკეტ-მეიკერის უფლებამოსილების ფარგლებში, აქციათა მსხვილი პაკეტების შეძენაზე ან განკარგვაზე, რომლებიც აღწევს ან აჭარბებს 5%-იან ზღვრულ მნიშვნელობას, იმ პირობით, რომ:

(ა) მას მინიჭებულია ქვს უფლებამოსილება თავისი რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს მიერ დირექტივის 2004/39/EC შესაბამისად; და

(ბ) იგი არ ერევა შესაბამისი ემიტენტის მართვაში და არც რაიმე გავლენას ახდენს ემიტენტზე, ასეთი აქციების შეძენის ან აქციის ფასის გამყარების მიზნით.

6. მე-2(1)(i) მუხლის მიხედვით რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ შეიძლება უზრუნველყოს, რომ საკრედიტო ინსტიტუტის ან საინვესტიციო ფირმის ხმის უფლება, შეტანილი სავაჭრო ჟურნალში, როგორც ეს საბჭოს 1993 წლის 15 მარტის დირექტივის 93/6/EEC „საინვესტიციო კომპანიების და საკრედიტო დაწესებულებების კაპიტალის ადეკვატურობის შესახებ“([17]) მე-2(6) მუხლშია განსაზღვრული, არ იქნეს მიღებული მხედველობაში ამ მუხლის მიზნებისათვის, თუ:

(ა) ხმის უფლება, რომელიც შეტანილია სავაჭრო ჟურნალში არ აჭარბებს 5 %-ს, და

(ბ) საკრედიტო ინსტიტუტი ან საინვესტიციო კომპანია უზრუნველყოფს, რომ ხმის უფლება, მიმაგრებული აქციაზე და შეტანილი სავაჭრო ჟურნალში, არ იყოს გამოყენებული და არც სხვაგვარად იქნება გამოყენებული ემიტენტის მართვაში ჩარევის მიზნით.

7. კომისიამ, 27(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, უნდა მიიღოს განმახორციელებელი ზომები, ფინანსური ბაზრების ტექნიკური განვითარების გასათვალისწინებლად და წინამდებარე მუხლის მე-2, მე-4 და მე-(5) პუნქტების ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად.

კომისიამ უნდა დააკონკრეტოს, კერძოდ, მე-4 პუნქტში მითითებული „მოკლე საანგარიშო ციკლის“ მაქსიმალური ხანგრძლივობა, და ასევე რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს მიერ კონტროლის განხორციელების შესაბამისი მექანიზმები. გარდა ამისა, კომისიას შეუძლია, შეადგინოს მე-2 პუნქტში მითითებულ მოვლენათა ნუსხა.

 

მუხლი 10

ხმის უფლების მნიშვნელოვანი წილის შესყიდვა ან განკარგვა

მე-9 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შეტყობინების მოთხოვნები ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზეც ვრცელდება იმდენად, რამდენადაც მათ აქვთ უფლება შეიძინონ, განკარგონ ან გამოიყენონ ხმის უფლება, რომელიმე მომდევნო შემთხვევაში ან მათ ერთობლიობაში:

(ა) ხმის უფლება, რომელსაც ფლობს მესამე მხარე, რომელთანაც ამ პირმა ან სუბიექტმა დადო ხელშეკრულება, რომელიც ავალდებულებს მათ, მიიღონ თავიანთი ხმის უფლების შეთანხმებული გამოყენებით მდგრადი საერთო პოლიტიკა მოცემული ემიტენტის მართვის მიმართ;

(ბ) ხმის უფლება, რომელსაც მესამე მხარე ფლობს აღნიშნულ პირთან ან სუბიექტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი ხმის უფლებების დროებით გადაცემას ანაზღაურების სანაცვლოდ;

(გ) ხმის უფლება, უზრუნველყოფილი აქციებით, რომლებიც გადაეცემა როგორც უზრუნველყოფის საგანი აღნიშნულ პირს ან სუბიექტს, იმ პირობით, რომ ეს პირი ან სუბიექტი აკონტროლებს ხმის უფლებებს და განაცხადებს მათი გამოყენების განზრახვის შესახებ;

(დ) ხმის უფლება, უზრუნველყოფილი აქციებით, რომელსაც აღნიშნული პირი ან სუბიექტი უვადოდ ფლობს;

(ე) ხმის უფლება, რომელსაც ფლობს ან შეიძლება გამოყენებული იქნეს (ა) - (დ) ქვეპუნქტების მნიშვნელობის ფარგლებში, ამ პირის ან სუბიექტის მიერ კონტროლირებადი საწარმოს მიერ;

(ვ) ხმის უფლება, უზრუნველყოფილი აქციებით, რომლებიც დეპონირებულია ამ პირთან ან სუბიექტთან, რომელიც ამ პირს ან სუბიექტს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს აქციონერებისგან სპეციალური მითითებების არარსებობის შემთხვევაში;

(ზ) ხმის უფლება, რომელსაც საკუთარი სახელით ფლობს მესამე მხარე აღნიშნული პირის ან სუბიექტის სახელზე;

(თ) ხმის უფლება, რომლის განხორციელება შეუძლია აღნიშნულ პირს ან სუბიექტს როგორც მინდობილ პირს, როდესაც ამ პირს ან სუბიექტს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გამოიყენოს ხმის უფლება, აქციონერთაგან სპეციალური მითითებების არარსებობის შემთხვევაში.

 

მუხლი 11

1. მე-9 და მე-10(გ) მუხლები არ ვრცელდება ევროპის ცენტრალური ბანკების სისტემის წევრებისთვის ან მათ მიერ მიწოდებულ აქციებზე, მათი როგორც ფულად-საკრედიტო ორგანოს ფუნქციების შესრულებისას, იმ აქციების ჩათვლით, რომლებიც ევროპის ცენტრალური ბანკების სისტემის წევრებისთვის ან მათ მიერ მიწოდებულია გირავნობის ან გამოსყიდვის ან მსგავსი შეთანხმების საფუძველზე, მონეტარული პოლიტიკის მიზნებისათვის, ან საგადასახადო სისტემის ფარგლებში მინიჭებული ლიკვიდურობისთვის.

2. გამონაკლისი ვრცელდება ზემოაღნიშნულ გარიგებებზე, რომლებიც გრძელდება მოკლე პერიოდის განმავლობაში და იმ პირობით, რომ არ მოხდება ასეთი აქციებით უზრუნველყოფილი ხმის უფლების გამოყენება.

 

მუხლი 12

აქციათა მსხვილი პაკეტების ფლობის შესახებ შეტყობინების და გასაჯაროების პროცედურები

1. მე-9 და მე-10 მუხლების შესაბამისად მოთხოვნილი შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

(ა) ხმის უფლებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის შესახებ;

(ბ) კონტროლირებადი საწარმოების ქსელის შესახებ, რომელთა მეშვეობითაც ხმის უფლების ფაქტობრივი განხორციელება ხდება, თუ ასეთი არსებობს;

(გ) ზღვრული მნიშვნელობის მიღწევის ან გადაკვეთის თარიღის შესახებ; და

(დ) აქციონერის ვინაობის შესახებ, მაშინაც კი, თუ ამ აქციონერს არა აქვს უფლება გამოიყენოს ხმის უფლება მე-10 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, და ფიზიკური ან იურიდიული პირის ვინაობა, რომელსაც ხმის უფლების გამოყენების უფლებამოსილება აქვს ამ აქციონერის სახელით.

2. ემიტენტს შეტყობინება უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგრამ არა უგვიანეს ოთხი სავაჭრო დღისა, რომელთაგან პირველი უნდა იყოს ის დღე, რომელი თარიღის შემდეგაც მე-10 მუხლში მითითებული აქციონერი, ან ფიზიკური თუ იურიდიული პირი

(ა) შეიტყობს ხმის უფლების შეძენის, განკარგვის, ან გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, ან რომელ დღესაც, გარემოებების გათვალისწინებით, მას უნდა გაეგო აღნიშნულის შესახებ, მიუხედავად იმ თარიღისა, როდესაც ხმის უფლების შეძენის, განკარგვის ან გამოყენების შესაძლებლობა შედის ძალაში; ან

(ბ) ინფორმირებულია მე-9(2) მუხლში მითითებული მოვლენის შესახებ.

3. საწარმო უნდა გათავისუფლდეს 1-ლი პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი შეტყობინების ვალდებულებისგან, თუ შეტყობინება განხორციელდა მშობელი საწარმოს მიერ, ან როდესაც მშობელი საწარმო თავად არის საწარმო, კონტროლირებადი თავისი საკუთარი მშობელი საწარმოს მიერ.

4. მმართველი კომპანიის მშობელ საწარმოს არ მოეთხოვება, საკუთარი მონაწილეობის წილის მმართველი კომპანიის მიერ მართულ მონაწილეობის წილთან გაერთიანება იმ პირობების თანახმად, რომლებიც განსაზღვრულია დირექტივაში 85/611/EEC, იმ პირობით, რომ ასეთი მმართველი კომპანია მშობელი საწარმოსგან დამოუკიდებლად იყენებს თავის ხმის უფლებას.

ამასთან, მე-9 და მე-10 მუხლები გამოყენებული უნდა იქნეს მაშინ, როდესაც მშობელმა საწარმომ, ან მშობელი საწარმოს სხვა კონტროლირებადმა საწარმომ ინვესტირება მოახდინა მონაწილეობის წილში, რომელიც იმართება ასეთი მმართველი კომპანიის მიერ და მმართველ კომპანიას არ შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ ხმის უფლების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფილია ასეთი მონაწილეობის წილით, და მხოლოდ მშობელი საწარმოს, ან მშობელი საწარმოს სხვა კონტროლირებადი საწარმოს პირდაპირი და არაპირდაპირი მითითებების შესაბამისად შეუძლია ასეთი ხმის უფლების გამოყენება.

5. საინვესტიციო კომპანიის მშობელ საწარმოს, რომელიც უფლებამოსილია დირექტივის 2004/39/EC თანახმად, არ მოეთხოვება, მოახდინოს მე-9 და მე-10 მუხლის შესაბამისად თავისი მონაწილეობის წილის გაერთიანება სხვა მონაწილეობის წილებთან, რომლებიც იმართება ასეთი საინვესტიციო კომპანიის მიერ თითოეული კლიენტისათვის ინდივიდუალურად, დირექტივის 2004/39/EC მე-4(1) მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ:

—საინვესტიციო ფირმა უფლებამოსილია, უზრუნველყოს ასეთი პორტფელის მართვა დირექტივის 2004/39/EC I დანართის A სექციის მე-4 პუნქტის შესაბამისად;

- მას შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ხმის უფლებით, რომელიც ამ აქციებით არის უზრუნველყოფილი, წერილობითი ფორმით ან ელექტრონული საშუალებით გაცემული მითითებების შესაბამისად, ან ის უზრუნველყოფს, რომ ინდივიდუალური პორტფელის მართვის მომსახურება გაწეული იქნეს ნებისმიერი სხვა მომსახურებისგან დამოუკიდებლად, დირექტივით 85/611/EEC გათვალისწინებული პირობების ეკვივალენტური პირობების შესაბამისად, შესაბამისი მექანიზმების დანერგვის გზით; და

- საინვესტიციო კომპანია ხმის მიცემის თავის უფლებას იყენებს მშობელი საწარმოსგან დამოუკიდებლად.

ამასთან, მე-9 და მე-10 მუხლი გამოყენებული უნდა იქნეს მაშინ, როდესაც მშობელ საწარმოს, ან მშობელი საწარმოს სხვა კონტროლირებად საწარმოს განხორციელებული აქვს ინვესტიცია მონაწილეობის წილში, რომელიც იმართება ასეთი საინვესტიციო კომპანიის მიერ და ამ საინვესტიციო კომპანიას არ შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ ხმის უფლების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფილია აღნიშნული მონაწილეობის წილით, და ხმის უფლების გამოყენება შეუძლია მხოლოდ მშობელი საწარმოს ან მშობელი საწარმოს სხვა კონტროლირებადი საწარმოს პირდაპირი და არაპირდაპირი მითითებების შესაბამისად.

6. 1-ლი პუნქტის შესაბამისად შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამი სავაჭრო დღისა, ემიტენტმა უნდა გაასაჯაროოს შეტყობინებაში მოცემული ყველა ინფორმაცია.

7. რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოს შეუძლია გაათავისუფლოს ემიტენტები მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნისაგან, თუ შეტყობინებაში მოცემულ ინფორმაციას მისი ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო ავრცელებს 21-ე მუხლში მოცემული პირობების შესაბამისად, ინფორმაციის მიღებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს სამი სავაჭრო დღისა. ამის შემდეგ.

8. ფინანსური ბაზრების ტექნიკური განვითარების გათვალისწინებისა და წინამდებარე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად კომისიამ, 27(2) -ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, უნდა მიიღოს შემდეგი განმახორციელებელ ზომები:

(ა) დაადგინოს სტანდარტული ფორმა, რომელიც გამოყენებული იქნება მთელი ევროგაერთიანების მასშტაბით ემიტენტისთვის 1-ლი პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებისას, ან ინფორმაციის წარდგენისას მე-19(3) მუხლის თანახმად;

(ბ) განსაზღვროს „სავაჭრო დღეების“ კალენდარი ყველა წევრი სახელმწიფოსთვის;

გ) დაადგინოს, თუ რა შემთხვევებში უნდა გაუგზავნოს მე-10 მუხლში მითითებულმა აქციონერმა, ან ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა, ან ორივემ ერთად, აუცილებელი შეტყობინება ემიტენტს;

დ) გაარკვიოს ის იმ გარემოებები, როდესაც მე-10 მუხლში მითითებულმა აქციონერმა, ან ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა უნდა შეიტყოს შეძენის ან განკარგვის შესახებ;

(ე) დაადგინოს დამოუკიდებლობის ის პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ მმართველი კომპანიები და მათი მშობელი საწარმოები, ან საინვესტიციო კომპანიები და მათი მშობელი საწარმოები, რომ ისარგებლონ მე-4 და მე-5 პუნქტებში მოცემული გამონაკლისებით.

 

მუხლი 13

1. მე-9 მუხლში მოცემული შეტყობინების მოთხოვნები ასევე ვრცელდება ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, რომელიც ფლობს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებიც იძლევა, მხოლოდ ასეთი მფლობელის საკუთარი ინიციატივით და ოფიციალური შეთანხმების საფუძველზე, იმ ემიტენტის ხმის უფლების მქონე და უკვე გამოშვებული აქციების შესყიდვის უფლებამოსილებას, რომლის აქციები დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე.

2. კომისიამ, 27(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, უნდა მიიღოს განმახორციელებელი ზომები, ფინანსური ბაზრების ტექნიკური განვითარების გასათვალისწინებლად და 1-ლი პუნქტის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფისთვის. მან კერძოდ უნდა განსაზღვროს:

(ა) 1-ელ პუნქტში მითითებული ფინანსური ინსტრუმენტების ტიპები და მათი ერთობლიობა;

(ბ) 1-ელ პუნქტში მითითებული ოფიციალური შეთანხმების ხასიათი;

(გ) გასაკეთებელი შეტყობინების შინაარსი, რომლითაც დადგინდება სტანდარტული ფორმა, გამოსაყენებელი ევროგაერთიანების მასშტაბით ამ მიზნით;

(დ) შეტყობინების პერიოდი;

(ე) ვის მიმართ უნდა გაკეთდეს შეტყობინება.

 

მუხლი 14

1. როდესაც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული აქციების ემიტენტი იძენს ან განკარგავს საკუთარ აქციებს, თავად ან იმ პირის საშუალებით, რომელიც თავისი სახელით მოქმედებს მაგრამ ემიტენტს წარმოადგენს, რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ემიტენტმა გაასაჯაროოს თავისი საკუთარი აქციების პროპორციული მაჩვენებელი, რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს ოთხი სავაჭრო დღისა ასეთი შეძენის ან განკარგვის შემდეგ, როდესაც აღნიშნული პროპორცია აღწევს, აჭარბებს ან ნაკლებია ხმის უფლების 5%-იან ან 10%-იან ზღვრულ მნიშვნელობებზე. პროპორცია გამოანგარიშებული უნდა იქნეს ხმის უფლების მქონე აქციების საერთო რაოდენობის საფუძველზე.

2. კომისიამ, 27(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, უნდა მიიღოს განმახორციელებელი ზომები,  ფინანსური ბაზრების ტექნიკური განვითარების გასათვალისწინებლად და 1-ლი პუნქტის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 15

მე-9 მუხლით გათვალისწინებული ზღვრული მნიშვნელობების გაანგარიშების მიზნით რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ, სულ მცირე, უნდა მოითხოვოს ემიტენტის მიერ ხმის უფლების და კაპიტალის საერთო რაოდენობის გასაჯაროება  თითოეული კალენდარული თვის ბოლოს, რომლის განმავლობაშიც ასეთი საერთო რაოდენობის ზრდას ან შემცირებას ჰქონდა ადგილი.

 

მუხლი 16

დამატებითი ინფორმაცია

1. რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული აქციების ემიტენტმა დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს სხვადასხვა კლასის აქციების ხმის უფლებების ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის თვით ემიტენტის მიერ გამოშვებული წარმოებული ფასიანი ქაღალდების ხმის უფლებების ცვლილება, რომლებიც უზრუნველყოფს აღნიშნული ემიტენტის აქციების ხელმისაწვდომობას.

2. ემიტენტმა, რომელიც უშვებს ფასიან ქაღალდებს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული აქციების გამოკლებით, დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს აქციებისგან განსხვავებული სხვა ფასიანი ქაღალდების მფლობელთა უფლებების ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის, აღნიშნული ფასიანი ქაღალდების პირობების ცვლილებები, რამაც შეიძლება არაპირდაპირ იმოქმედოს ხსენებულ უფლებებზე, და გამოწვეულია, კერძოდ, სესხის პირობების ან საპროცენტო განაკვეთის შეცვლით.

3. რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტმა დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს ახალი სესხის გაცემა და, განსაკუთრებით, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარანტია და უზრუნველყოფა. დირექტივისთვის 2003/6/EC ზიანის მიუყენებლად ეს პუნქტი არ ვრცელდება საერთაშორისო საჯარო ორგანოზე, რომლის წევრიც არის მინიმუმ ერთი წევრი სახელმწიფო.

 

ნაწილი II

ინფორმაცია რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის

 

მუხლი 17

ინფორმაციის შესახებ მოთხოვნები ემიტენტების მიმართ, რომელთა აქციები დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე

1. რეგულირებლ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული აქციების ემიტენტმა უნდა უზრუნველყოს თანასწორი მოპყრობა აქციების ყველა მფლობელის მიმართ, რომლებიც ერთნაირ მდგომარეობაში არიან.

2. ემიტენტი უზრუნველყოფს, რომ ყველა საშუალება და ინფორმაცია, რომელიც საკუთარი უფლებების განხორციელების საშუალებას აძლევს აქციების მფლობელებს, ხელმისაწვდომი იქნება მათთვის რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში და რომ მონაცემთა მთლიანობა დაცული იქნება. აქციონერებს არ ეკრძალებათ თავიანთი უფლებების განხორციელება მინდობილი პირების საშუალებით, იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც არის რეგისტრირებული ემიტენტი. კერძოდ, ემიტენტი ვალდებულია, რომ:

(ა) უზრუნველყოს ინფორმაცია კრების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის, აქციების საერთო რაოდენობისა და ხმის უფლების შესახებ, აგრეთვე მფლობელების უფლებების შესახებ კრებაში მონაწილეობის მისაღებად;

(ბ) ხელმისაწვდომი გახადოს მინდობილობის ფორმა ქაღალდზე ან, საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული საშუალებით, თითოეულ პირისთვის, რომელსაც ხმის მიცემის უფლება აქციონერთა კრებაზე, კრების შესახებ შეტყობინებასთან ერთად, ან მოთხოვნის საფუძველზე, კრების გამოცხადების შემდეგ;

(გ) თავის აგენტად დანიშნოს საფინანსო ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც აქციონერებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი ფინანსური უფლებები; და

(დ) გამოაქვეყნოს ცნობები ან დაარიგოს ცირკულარები დივიდენდების განაწილებასა და გადახდასთან, აგრეთვე ახალი აქციების გამოშვებასთან დაკავშირებით, განაწილების, ხელმოწერის, გაუქმების ან კონვერტაციის ნებისმიერი შეთანხმების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით.

3. აქციონერებისთვის ინფორმაციის გადაცემის მიზნით რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ ნება უნდა დართოს ემიტენტებს, გამოიყენონ ელექტრონული საშუალებები, იმ პირობით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია აქციონერთა კრებაზე და აკმაყოფილებს სულ მცირე შემდეგ მოთხოვნებს:

(ა) ელექტრონული საშუალებების გამოყენება არანაირად არ არის დამოკიდებული აქციონერის ადგილსამყოფელსა ან საცხოვრებლ ადგილზე, ან მე–10 (ა) –(თ)  მუხლში მითითებულ შემთხვევებში - ფიზიკური ან იურიდიული პირების;

(ბ) საიდენტიფიკაციო ღონისძიებები ისე უნდა განხორციელდეს, რომ აქციონერები ან ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებსაც აქვთ ხმის უფლების გამოყენების, ან ხმის უფლების გამოყენების მართვის, უფლებამოსილება, ეფექტიანად იყვნენ ინფორმირებულნი;

(გ) აქციონერებს, ან მე-10(ა)-(ე) მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომლებსაც ხმის უფლების შეძენის, განკარგვის ან გამოყენების უფლება აქვთ, წერილობით დაუკავშირდებიან, რათა მათი თანხმობა მიიღონ ელექტრონული საშუალებების გამოყენებაზე ინფორმაციის გადასაცემად, და თუ ისინი გონივრულ ვადაში არ გააპროტესტებენ ამ მოთხოვნას, მათი თანხმობა მიცემულად ჩაითვლება. მომავალში მათ ნებისმიერ დროს შეეძლებათ, მოითხოვონ აღნიშნულო ინფორმაციის წერილობით გადაცემა, და

(დ) ელექტრონული საშუალებით ასეთი ინფორმაციის გადაცემისას გაწეული ხარჯების ნებისმიერი განაწილება განისაზღვრება ემიტენტის მიერ 1-ლი პუნქტით განსაზღვრული თანასწორი მოპყრობის პრინციპის შესაბამისად.

4. კომისიამ 27(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად უნდა მიიღოს განმახორციელებელი ზომები ფინანსური ბაზრების ტექნიკური განვითარების გათვალისწინების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებისა და 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით  მან, კერძოდ, უნდა დააკონკრეტოს ფინანსური ინსტიტუტის ტიპები, რომელთა საშუალებით აქციონერს შეუძლია გამოიყენოს მე-2 (გ) პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური უფლებები.

 

მუხლი 18

ინფორმაციის შესახებ მოთხოვნები ემიტენტების მიმართ, რომელთა სავალო ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე

1. რეგულირებულ ბაზარზე დაშვებული სავალო ფასიანი ქაღალდების ემიტენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ სავალო ფასიანი ქაღალდების ყველა თანაბარი რანჟირების მქონე მფლობელი ექვემდებარებოდეს თანასწორ მოპყრობას აღნიშნული სავალო ფასიანი ქაღალდების ყველა უფლებასთან დაკავშირებით.

2. ემიტენტი უზრუნველყოფს, რომ ყველა საშუალება და ინფორმაცია, რომელიც სავალო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს თავიანთი უფლებების განხორციელების საშუალებას აძლევს, საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება მათთვის რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში და დაცული იქნება მონაცემთა მთლიანობა. სავალო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს არ ეკრძალებათ, განახორციელონ თავიანთი უფლებები მინდობილი პირების საშუალებით, იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც ემიტენტი არის რეგისტრირებული. კერძოდ, ემიტენტი ვალდებულია, რომ:

(ა) გამოაქვეყნოს შეტყობინებები, ან დაარიგოს ცირკულარები სავალო ფასიანი ქაღალდების მფლობელთა კრებების ადგილის, დროის და დღის წესრიგის შესახებ, პროცენტის გადახდის, ნებისმიერი კონვერტაციის, გაცვლის, ხელმოწერის ან გაუქმების უფლების და ანაზღაურების განხორციელების შესახებ, აგრეთვე იმ მფლობელების უფლების შესახებ, რომლებიც მონაწილეობენ ამაში;

(ბ) ხელმისაწვდომი გახადოს მინდობილობის ფორმა ქაღალდზე ან, საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული საშუალებით მიწოდების გზით, თითოეული პირისთვის, რომელსაც აქვს ხმის მიცემის უფლება სავალო ფასიანი ქაღალდების მფლობელთა კრებაზე, კრების შესახებ შეტყობინებასთან ერთად, ან მოთხოვნის საფუძველზე, კრების გამოცხადების შემდეგ; და

(გ) თავის აგენტად დანიშნოს საფინანსო ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც სავალო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი ფინანსური უფლებები. და

3. თუ კრებაზე იწვევენ მხოლოდ სავალო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს, რომელთა ერთეული ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება სულ მცირე 50 000 ევროს ტოლია, ან ევროს გარდა სხვა ვალუტაში დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, რომელთა ერთეული ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება გამოშვების დღეს, სულ მცირე, 50 000 ევროს ეკვივალენტის ტოლია, ემიტენტს შეუძლია აირჩიოს შეკრების ადგილად ნებისმიერი წევრი სახელმწიფო, იმ პირობით, რომ ამ წევრ სახელმწიფოში ხელმისაწვდომი იქნება ყველა საშუალება და ინფორმაცია, რაც ასეთი მფლობელებისთვის არის საჭირო, რომ მათ თავიანთი უფლებების გამოყენების შესაძლებლობა მიეცეთ.

4. სავალო ფასიანი ქაღალდების მფლობელებისთვის ინფორმაციის გადაცემის მიზნით, რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ, ან ემიტენტის მიერ მე-3 პუნქტის შესაბამისად შერჩეულმა წევრმა სახელმწიფომ, ელექტრონული საშუალებების გამოყენების ნება უნდა დართოს ემიტენტებს, იმ პირობით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია სავალო ფასიანი ქაღალდების მფლობელების კრებაზე და აკმაყოფილებს, სულ მცირე, შემდეგ პირობებს:

(ა) ელექტრონული საშუალებების გამოყენება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს დამოკიდებული სავალო ფასიანი ქაღალდების მფლობელის ან მინდობილი პირის, რომელიც წარმოადგენს აღნიშნულ მფლობელს, ადგილსამყოფელსა, ან საცხოვრებელ ადგილზე;

(ბ) შემოღებული უნდა იქნეს საიდენტიფიკაციო ღონისძიებები სავალო ფასიანი ქაღალდების მფლობელების ეფექტიანი ინფორმირების უზრუნველსაყოფად;

(გ) სავალო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს წერილობით დაუკავშირდებიან, რათა მათი თანხმობა მიიღონ ელექტრონული საშუალებების გამოყენებაზე ინფორმაციის გადასაცემად, და თუ ისინი გონივრულ ვადაში არ გააპროტესტებენ ამ მოთხოვნას, მათი თანხმობა მიცემულად ჩაითვლება. მომავალში მათ ნებისმიერ დროს შეეძლებათ, რომ მოითხოვონ აღნიშნულო ინფორმაციის წერილობით გადაცემა; და

(დ) ელექტრონული საშუალებით ინფორმაციის გადაცემისთვის გაწეული ხარჯების ნებისმიერი განაწილება განისაზღვრება ემიტენტის მიერ, 1-ლი პუნქტით განსაზღვრული თანასწორი მოპყრობის პრინციპის შესაბამისად.

5. კომისიამ 27(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად უნდა მიიღოს განმახორციელებელი ზომები ფინანსური ბაზრების ტექნიკური განვითარების გათვალისწინების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებისა და 1-დან და მე-4-მდე პუნქტების ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით. მან, კერძოდ, უნდა დააკონკრეტოს ფინანსური ინსტიტუტის ტიპები, რომელთა საშუალებით სავალო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს შეუძლიათ გამოიყენონ მე-2 (გ) პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური უფლებები.

 

თავი IV

ზოგადი ვალდებულებები

 

მუხლი 19

რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს მიერ კონტროლის განხორციელება

1. როდესაც ემიტენტი, ან ნებისმიერი პირი, რომელიც ითხოვს ემიტენტის თანხმობის გარეშე თავისი ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვებას რეგულირებულ ბაზარზე, გაასაჯაროებს რეგულირებულ ინფორმაციას, მან ამავდროულად უნდა წარუდგინოს აღნიშნული ინფორმაცია სათანადო რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს. აღნიშნულმა ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანომ შეიძლება გადაწყვიტოს მისთვის წარდგენილი ინფორმაციის გამოქვეყნება თავის ინტერნეტგვერდზე.

როდესაც ემიტენტს სურს, შეიტანოს შესწორება თავის სადამფუძნებლო დოკუმენტსა, თუ წესდებებში, მან შესწორებების პროექტი უნდა გადასცეს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს და რეგულირებულ ბაზარს, სადაც მისი ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ. ასეთი კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს დაყოვნების გარეშე, მაგრამ არაუგვიანეს აქციონერთა კრების მოწვევის დღისა, რომელზედაც კენჭისყრა უნდა მოხდეს, ან აღნიშნული კრება ინფორმირებული უნდა იქნეს შესწორების შესახებ.

2. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ შეიძლება გაათავისუფლოს ემიტენტი 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნისგან ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც გასაჯაროებულია დირექტივის 2003/6/EC მე-6 მუხლის ან წინამდებარე დირექტივის მე-12(6) მუხლის შესაბამისად.

3. ინფორმაცია, რომელიც ემიტენტს უნდა ეცნობოს მე-9, მე-10, მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად, იმავდროულად უნდა წარედგინოს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს.

4. 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, კომისიამ, 27(2) -ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, უნდა მიიღოს განმახორციელებელ ზომები.

კომისიამ, კერძოდ, უნდა განსაზღვროს პროცედურა, რომლის თანახმადაც ემიტენტმა, აქციების, ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მფლობელმა, ან მე-10 მუხლში მითითებულმა პირმა ან სუბიექტმა უნდა წარუდგინოს ინფორმაცია რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს, 1-ლი ან მე-3 პუნქტების მიხედვით, შესაბამისად, რათა:

(ა) შესაძლებელი გახდეს ინფორმაციის წარდგენა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში;

ბ) კოორდინაცია გაუწიოს წინამდებარე დირექტივის მე-4 მუხლში მითითებული წლიური ფინანსური ანგარიშიგების წარდგენას დირექტივის 2003/71/EC მე-10 მუხლში მითითებული წლიური ინფორმაციის წარდგენით.

 

მუხლი 20

ენები

1. იმ შემთხვევაში, თუ ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე მხოლოდ რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში, რეგულირებული ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს იმ ენაზე, რომელიც მიღებულია შესაბამისი წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს მიერ.

2. თუ ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე როგორც რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში, ასევე ერთ ან მეტ მასპინძელ წევრ სახელმწიფოში, რეგულირებული ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს:

(ა) რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებულ ენაზე; და

ბ) ემიტენტის არჩევანის შესაბამისად, ან ამ მასპინძელი წევრი სახელმწიფოების ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულ ენაზე, ან საერთაშორისო ფინანსების სფეროში მიღებულ ენაზე.

3. თუ ფასიანი ქაღალდები დაშვებულია რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ ერთ ან მეტ მასპინძელ წევრ სახელმწიფოში, მაგრამ არა რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში, რეგულირებული ინფორმაცია, ემიტენტის არჩევანის შესაბამისად, უნდა გასაჯაროვდეს იმ ენაზე, რომელიც მიღებულია მასპინძელი წევრი ქვეყნების ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების მიერ, ან საერთაშორისო ფინანსების სფეროში მიღებულ ენაზე.

გარდა ამისა, რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ შეიძლება გაითვალისწინოს თავის კანონმდებლობაში, რეგულაციებსა და ადმინისტრაციულ დებულებებში, რომ რეგულირებული ინფორმაცია, ემიტანტის არჩევანის შესაბამისად, უნდა გასაჯაროვდეს მისი ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებულ ენაზე, ან საერთაშორისო ფინანსების სფეროში მიღებულ ენაზე.

4. თუ ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე ემიტენტის ნებართვის გარეშე, ვალდებულებები, გათვალისწინებული 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებით, ეკისრება არა ემიტენტს, არამედ იმ პირს, რომელმაც ემიტენტის თანხმობის გარეშე მოითხოვა ასეთი დაშვება.

5. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დართონ ნება აქციონერსა და ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მითითებულს მე-9, მე-10 და მე-13 მუხლებში, რომ აცნობონ ინფორმაცია ემიტენტს, წინამდებარე დირექტივის შესაბამისად, მხოლოდ საერთაშორისო ფინანსების სფეროში მიღებულ ენაზე. თუ ემიტენტი მიიღებს ასეთ შეტყობინებას, წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა მოსთხოვონ ემიტენტს, რომ უზრუნველყოს ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულ ენაზე თარგმნა.

6. (1) -(4) პუნქტებიდან გამონაკლისის სახით, როდესაც ფასიანი ქაღალდები, რომელთა ნომინალური ღირებულება ერთეულ ფასიან ქაღალდზე სულ მცირე 50 000 ევროს ტოლია, ან სავალო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში,რომლებიც დენომინირებულია ევროს გარდა სხვა ვალუტაში და სულ მცირე 50 000 ევროს ეკვივალენტურია გამოშვების დღეს, დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოში, რეგულირებული ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს ან რეგისტრაციის და მასპინძელი წევრი სახელმწიფოების ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულ ენაზე, ან საერთაშორისო ფინანსების სფეროში მიღებულ ენაზე, ემიტენტის ან იმ პირის არჩევანის საფუძველზე, რომელმაც ემიტენტის თანხმობის გარეშე მოითხოვა ასეთი დაშვება.

7. თუ რეგულირებული ინფორმაციის შინაარსთან დაკავშირებით სარჩელი იქნა წარდგენილი წევრი სახელმწიფოს სასამართლოს ან ტრიბუნალის წინაშე, პასუხისმგებლობა იმ ხარჯების ანაზღაურებისთვის, რომლებიც წარმოიშვა აღნიშნული ინფორმაციის თარგმნისთვის საქმის წარმოების მიზნებისათვის, გადაწყდება ამ წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 21

რეგულირებულ ინფორმაციაზე წვდომა

1. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ემიტენტმა ან იმ პირმა, ვინც განაცხადი წარადგინა რეგულირებულ ბაზარზე ემიტენტის თანხმობის გარეშე სავაჭროდ დაშვების მოთხოვნით, გაამჟღავნონ რეგულირებული ინფორმაცია ისე, რომ უზრუნველყონ ასეთ ინფორმაციაზე სწრაფი წვდომა არადისკრიმინაციულ საფუძველზე და გახადონ იგი ხელმისაწვდომი მე-2 პუნქტში მითითებული ოფიციალურად დანიშნული მექანიზმისთვის. ემიტენტს, ან იმ პირს, რომელმაც განაცხადი წარადგინა რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებისთვის ემიტენტის თანხმობის გარეშე, არ შეუძლია დაუწესოს ინვესტორებს რაიმე სპეციალური ფასი ინფორმაციის მიწოდებისათვის. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს ემიტენტს გამოიყენოს მასობრივი ინფორმაციის ისეთი საშუალებები, რომლებიც გონივრულად სანდოა მთელი ევროგაერთიანების მასშტაბით ინფორმაციის ეფექტიანი გავრცელებისათვის. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ არ შეიძლება დააწესოს მხოლოდ იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენების ვალდებულება, რომლის ოპერატორებიც მის ტერიტორიაზე არიან დაფუძნებული.

2. რეეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ არსებობდეს მინიმუმ ერთი ოფიციალურად დანიშნული მექანიზმი რეგულირებული ინფორმაციის ცენტრალიზებული შენახვისთვის.  ეს მექანიზმები ხარისხის მინიმალურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების, ინფორმაციის წყაროს უტყუარობის, დროის აღრიცხვისა და საბოლოო მომხმარებლებისთვის მარტივი წვდომის უზრუნველყოფის კუთხით, და შესაბამისობაში იყოს დოკუმენტების წარდგენის პროცედურასთან მე-19(1) მუხლის თანახმად.

3. როდესაც ფასიანი ქაღალდები დაშვებულია რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ მხოლოდ ერთ მასპინძელ წევრ სახელმწიფოში და არა რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში, მასპინძელმა წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს რეგულირებული ინფორმაციის გასაჯაროება 1-ელ პუნქტში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.

4. ფინანსური ბაზრების ტექნიკური განვითარების, აგრეთვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებისა და 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ უნდა მიიღოს განმახორციელებელი ზომები 27(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.

კომისიამ კერძოდ უნდა განსაზღვროს:

(ა) რეგულირებული ინფორმაციის გავრცელების მინიმალური სტანდარტები, როგორც ეს მითითებულია 1-ელ პუნქტში;

(ბ) მინიმალური სტანდარტები ცენტრალიზებული შენახვის მექანიზმისთვის, როგორც ეს მითითებულია მე-2 პუნქტში.

კომისიამ ასევე უნდა განსაზღვროს და განაახლოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩამონათვალი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისათვის.

 

მუხლი 22

მეთოდური რეკომენდაციები

1. წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაბამისი მეთოდური რეკომენდაციები უნდა შეადგინონ ინფორმაციაზე საჯარო წვდომის შემდგომი გამარტივების მიზნით, რომელიც უნდა გამჟღავნდეს დირექტივის 2003/6/EC, დირექტივის 2003/71/EC და წინამდებარე დირექტივის შესაბამისად.

ამ მეთოდური რეკომენდაციების მიზანია, შეიქმნას:

(ა) ელექტრონული ქსელი, დაფუძნებული ეროვნულ დონეზე ფასიანი ქაღალდების ეროვნულ მარეგულირებლებს, რეგულირებული ბაზრის ოპერატორებსა და ეროვნული კომპანიების რეესტრებს შორის, რაც გათვალისწინებულია პირველი საბჭოს 1968 წლის 9 მარტის დირექტივით 68/151/EEC „დაცვის გარანტიების კოორდინაციის შესახებ,“ რომელიც მოთხოვნილია კომპანიების წევრი სახელმწიფოების მიერ წევრების და სხვების ინტერესების დასაცავად, დამფუძნებელი ხელშეკრულების 48-ე მუხლის მეორე პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში ([18]), ისეთი გარანტიების შექმნის მიზნით, რომლებიც ეკვივალენტურია ევროგაერთიანების მასშტაბით ([19]; და

(ბ) ერთიანი ელექტრონული ქსელი, ან წევრი სახელმწიფოების მასშტაბით ელექტრონული ქსელების პლატფორმა.

2. კომისიამ უნდა განიხილოს 1-ლი პუნქტის თანახმად მიღწეული შედეგები 2006 წლის 31 დეკემბრისათვის და 27(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად მიიღოს განმახორციელებელი ზომები მე-19 და 21-ე მუხლებთან შესაბამისობის ხელშესაწყობად.

 

მუხლი 23

მესამე ქვეყნები

1. თუ ემიტენტის რეგისტრირებული ოფისი მდებარეობს მესამე ქვეყანაში, რეგისტრირებული წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია გაათავისუფლოს ეს ემიტენტი მე-4-დან მე-7-მდე მუხლებისა და მე-12(6), მე-14, მე-15 მუხლების და მე-16 -დან მე-18-მდე მუხლების მოთხოვნებისგან, იმ პირობით, რომ მოცემული მესამე ქვეყნის კანონმდებლობა აწესებს ეკვივალენტურ მოთხოვნებს, ან აღნიშნული ემიტენტი იცავს მესამე ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომლებსაც რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო ეკვივალენტურად მიიჩნევს.

ამასთან, მესამე ქვეყანაში დადგენილი მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაცია მე-19 მუხლის შესაბამისად უნდა იქნეს წარდგენილი და გასაჯაროვდეს მე-20 და 21-ე მუხლების შესაბამისად.

2. 1-ლი პუნქტიდან გამონაკლისის სახით, ემიტენტი, რომლის რეგისტრირებული ოფისი არის მესამე ქვეყანაში, უნდა გათავისუფლდეს ფინანსური ანგარიშგების მომზადებისგან მე-4 ან მე-5 მუხლის შესაბამისად, 2007 წლის 1 იანვარს ან ამის შემდეგ დაწყებულ ფინანსურ წლამდე, იმ პირობით, რომ ასეთი ემიტენტი ამზადებს თავის ფინანსურ ანგარიშგებას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც მითითებულია რეგულაციის (EC) No 1606/2002. მე-9 მუხლში.

3. რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ მესამე ქვეყანაში გასაჯაროებული ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ევროგაერთიანებაში, გასაჯაროვდეს მე–20 და 21-ე მუხლების შესაბამისად, მაშინაც კი, თუ ეს ინფორმაცია არ არის რეგულირებული ინფორმაცია, მე-2(1)(ლ).მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში.

4. 1-ლი პუნქტის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად კომისიამ, 27(2) -ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, უნდა მიიღოს განმახორციელებელი ზომები, რომლებიც

(i) შექმნის მექანიზმს წინამდებარე დირექტივით მოთხოვნილი ინფორმაციის ეკვივალენტურობის დასადგენად, ფინანსური ანგარიშგებების და ინფორმაციის ჩათვლით, მათ შორის, იმ ფინანსური ანგარიშგებების, რომლებიც მოთხოვნილია მესამე ქვეყნის კანონმდებლობის, რეგულაციების ან ადმინისტრაციული დებულებების შესაბამისად;

(ii) მიუთითებს, რომ თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, რეგულაციების, ადმინისტრაციული დებულებების, ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პრაქტიკის თუ პროცედურების გამო მესამე ქვეყანა, სადაც ემიტენტია რეგისტრირებული, უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული მოთხოვნების ეკვივალენტურობას, გათვალისწინებულს წინამდებარე დირექტივით.

კომისიამ, 27 (2)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, უნდა მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ეკვივალენტურობის შესახებ, რომელსაც იყენებენ მესამე ქვეყნის ემიტენტები 30(3) -ე მუხლში განსაზღვრული პირობების შესაბამისად, არაუგვიანეს 5 წლისა 31-ე მუხლში მითითებული თარიღის შემდეგ. თუ კომისია გადაწყვეტს, რომ მესამე ქვეყნის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები არ არის ეკვივალენტური, მას შეუძლია ნება დართოს დაინტერესებულ ემიტენტებს, რომ განაგრძონ აღრიცხვის ასეთი სტანდარტების გამოყენება შესაბამისი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში.

5. მე-2 პუნქტის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად კომისიას შეუძლია 27(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად მიიღოს განმახორციელებელი ზომები, რომლებიც მესამე ქვეყანაში გასაჯაროებული ინფორმაციის ტიპს განსაზღვრავს და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანია ევროგაერთიანებაში.

6. საწარმოები, რომელთა რეგისტრირებული ოფისი მესამე ქვეყანაშია და რომელთაც ავტორიზაცია სჭირდებათ დირექტივის 85/611/EEC მე-5(1) მუხლის შესაბამისად, ან პორტფელის მართვასთან დაკავშირებით დირექტივის 2004/39/EC I დანართის A სექციის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ  აღნიშნულ საწარმოებს რეგისტრირებული ოფისი ჰქონდათ ან, მხოლოდ საინვესტიციო კომპანიების შემთხვევაში - სათაო ოფისი ევროგაერთიანების ფარგლებში, ასევე უნდა გათავისუფლდენ საკუთარი პორტფელის მშობელი საწარმოს პორტფელთან გაერთიანების ვალდებულებისაგან მე-12(4) და (5) მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ისინი აკმაყოფილებენ დამოუკიდებლობის ეკვივალენტურ პირობებს, როგორც მმართველი კომპანიები ან საინვესტიციო კომპანიები.

7. ფინანსური ბაზრების ტექნიკური განვითარების გათვალისწინებისათვის და მე-6 პუნქტის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, კომისიამ, 27(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, უნდა მიიღოს განმახორციელებელი ზომები, განაცხადებს რა, რომ თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, რეგულაციების ან ადმინისტრაციული დებულებების გამო, მესამე ქვეყანა უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის მოთხოვნების ეკვივალენტურობას, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე დირექტივის და მისი განმახორციელებელი ზომების შესაბამისად.

 

თავი V

ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოები

 

მუხლი 24

ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოები და მათი უფლებამოსილება

1. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა დანიშნოს დირექტივის 2003/71/EC 21(1)-ე მუხლში მითითებული ცენტრალური ხელისუფლების ორგანო, როგორც ცენტრალური კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელა წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე და წინამდებარე დირექტივის შესაბამისად მიღებული დებულებების გამოყენების უზრუნველყოფაზე. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას.აღნიშნულის შესახებ.

ამასთან, მე-4 (თ) პუნქტის მიზნებისათვის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დანიშნონ კომპეტენტური ორგანო, განსხვავებული პირველი ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცენტრალური კომპეტენტური ორგანოსგან.

2. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დართონ ნება ცენტრალურ კომპეტენტურ ორგანოს, რომ მოახდინოს ამოცანების დელეგირება. მე-4 (თ) პუნქტით გათვალისწინებული ამოცანების გარდა, იმ ამოცანების ნებისმიერი დელეგირება, რომლებიც ეხება წინამდებარე დირექტივით და მისი განმახორციელებელი ზომებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, განხილული უნდა იქნეს წინამდებარე დირექტივის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ და დამთავრდეს წინამდებარე დირექტივის ძალაში შესვლიდან 8 წლის შემდეგ. ამოცანების ნებისმიერი დელეგირება განსაზღვრული წესით უნდა მოხდეს, დასახული ამოცანების და პირობების მითითებით, რომელთა შესაბამისადაც უნდა განხორციელდეს ისინი.

ამ პირობებში მოცემული უნდა იყოს პუნქტი, რომლის თანახმადაც შესაბამისი სუბიექტის ორგანიზება ისეთი მეთოდით უნდა მოხდეს, რომ თავიდან იქნეს აცილებული ინტერესთა კონფლიქტი, ხოლო დელეგირებული ამოცანების შესრულების შედეგად მიღებული ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული უსამართლოდ ან კონკურენციისთვის ხელის შესაშლელად. ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოო პასუხისმგებლობა წინამდებარე დირექტივის დებულებების შესრულების ზედამხედველობასა და მის შესაბამისად მიღებული ზომების განხორციელებაზე ეკისრება კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დანიშნულია 1-ლი პუნქტის შესაბამისად.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას და სხვა წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს, მათ მიერ დადებული ნებისმიერი შეთანხმების შესახებ, რომელიც ამოცანების დელეგირებას ეხება, ამგვარი დელეგირების რეგულირების კონკრეტული პირობების ჩათვლით.

4. თითოეულ კომპეტენტურ ორგანოს უნდა ჰქონდეს ყველა უფლებამოსილება, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების შესასრულებლად. მას, სულ მცირე, უნდა ჰქონდეს მინიჭებული შემდეგი უფლებამოსილება:

(ა) მოსთხოვოს აუდიტორებს, ემიტენტებს, აქციების ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მფლობელებს, ან მე-10 ან მე-13 მუხლებში მითითებულ პირებს ან სუბიექტებს და იმ პირებს, რომლებიც აკონტროლებენ მას, ან კონტროლდებიან მის მიერ, რომ მიაწოდონ ინფორმაცია და დოკუმენტები;

(ბ) ემიტენტს მოსთხოვოს (ა) პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გასაჯაროება, ისეთი საშუალებებითა და იმ ვადებში, რომელსაც ხელისუფლების ორგანო ჩათვლის საჭიროდ; მან შეიძლება საკუთარი ინიციატივით გამოაქვეყნოს ასეთი ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტმა ან იმ პირებმა, რომლებიც მას აკონტროლებენ, ან მის მიერ კონტროლირებადი არიან, ვერ გააკეთეს აღნიშნული, აგრეთვე მას შემდეგ, რაც ემიტენტს მოუსმენს;

გ) მოსთხოვოს ემიტენტების მმართველებს, ან აქციების ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მფლობელებს, ან მე-10 ან მე-13 მუხლებში მითითებულ პირებს ან სუბიექტებს, რომ აცნობონ ინფორმაცია, მოთხოვნილი წინამდებარე დირექტივით, ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მიღებულია წინამდებარე დირექტივის თანახმად, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგინონ დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები;

დ) შეაჩეროს ან მოსთხოვოს შესაბამის რეგულირებულ ბაზარს, რომ შეაჩეროს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ზედიზედ მაქსიმუმ ათი დღის განმავლობაში,თუ არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ წინამდებარე დირექტივის დებულებები, ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებები, მიღებული წინამდებარე დირექტივის შესაბამისად, დარღვეული იქნა ემიტენტის მიერ;

ე) აკრძალოს რეგულირებულ ბაზარზე ვაჭრობა, თუ დადგინდა, რომ დარღვეულია წინამდებარე დირექტივის ან წინამდებარე დირექტივის შესაბამისად მიღებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებები, ან თუ მას აქვს გონივრული საფუძველი, იეჭვოს, რომ წინამდებარე დირექტივის დებულებები დაირღვა;

ვ) გააკონტროლოს ემიტენტის მიერ ინფორმაციის დროულად გამოქვეყნება, რათა საზოგადოებისთვის უზრუნველყოს ეფექტიანი და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა წევრ სახელმწიფოში, სადაც ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ხორციელდება, და მიიღოს შესაბამისი ზომები, თუ ეს ასე არ ხდება;

(ზ) გაასაჯაროოს ის ფაქტი, რომ ემიტენტი, ან აქციების ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მფლობელი, ან მე-10 ან მე-13 მუხლებში მითითებული პირი, თუ სუბიექტი ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს;

(თ) შეამოწმოს, რომ წინამდებარე დირექტივაში მითითებული ინფორმაცია შედგენილია შესაბამისი ანგარიშგების ჩარჩოს შესაბამისად და მიიღოს სათანადო ზომები აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში; და

(ი) განახორციელოს თავის ტერიტორიაზე ადგილზე ინსპექტირება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, წინამდებარე დირექტივის დებულებებთან და მისი განმახორციელებელ ზომებთან შესაბამისობის შესამოწმებლად. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურმა ორგანომ ან ორგანოებმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გამოიყენონ ეს უფლებამოსილება შესაბამისი სასამართლო ხელისუფლების ორგანოსადმი მიმართვის გზით ან/და ხელისუფლების სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით.

5. 1-დან მე-4-მდე პუნქტები არ უნდა აყენებდეს ზიანს წევრი სახელმწიფოს შესაძლებლობას, განახორციელოს ცალკეული სამართლებრივი და ადმინისტრაციული ღონისძიებები ევროპის ზღვისიქითა ტერიტორიებისათვის, რომელთა საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელია აღნიშნული წევრი სახელმწიფო.

6. აუდიტორების მიერ კომპეტენტური ორგანოებისათვის ნებისმიერი ფაქტის, ან გადაწყვეტილების გამჟღავნება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც კომპეტენტურმა ორგანომ გააკეთა მე-(4)(ა) პუნქტის შესაბამისად, არ წარმოადგენს ხელშეკრულებით, ან რომელიმე კანონით, რეგულაციით თუ ადმინისტრაციული დებულებით ინფორმაციის გამჟღავნებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევას და არ გამოიწვევს ასეთი აუდიტორებისთვის რაიმე სახის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

მუხლი 25

პროფესიული საიდუმლოება და თანამშრომლობა წევრ სახელმწიფოებს შორის

1. პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც მუშაობს ან მუშაობდა კომპეტენტურ ორგანოში და სუბიექტებში, რომლებზეც კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაძლოა მოახდინეს გარკვეული დავალებების დელეგირება. პროფესიული საიდუმლოებით გათვალისწინებული ინფორმაცია არ შეიძლება გამჟღავნებული იქნეს ნებისმიერი სხვა პირისათვის ან ხელისუფლების ორგანოსათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული გამჟღავნება ხდება წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების საფუძველზე.

2. წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურმა ორგანოებმა საჭიროების შემთხვევაში უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან, თავიანთი მოვალეობების შესრულებისა და უფლებამოსილების გამოყენების მიზნით, იქნება ეს განსაზღვრული წინამდებარე დირექტივაში თუ წინამდებარე დირექტივის შესაბამისად მიღებულ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში. კომპეტენტურმა ორგანოებმა დახმარება უნდა გაუწიონ სხვა წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს.

3. 1-ელმა პუნქტმა ხელი არ უნდა შეუშალოს  კომპეტენტურ ორგანოებს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლაში. ასე გაცვლილ ინფორმაციაზე ვრცელდება პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება, რომელსაც ექვემდებარებიან ინფორმაციის მიმღები კომპეტენტური ორგანოების მიერ დასაქმებული ან ადრე დასაქმებული პირები.

4. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დადონ თანამშრომლობის შეთანხმებები, რომლებიც უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას მესამე ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან ან ორგანოებთან, რომელთაც სათანადო კანონმდებლობა აძლევს შესაძლებლობას, რომ შეასრულონ კომპეტენტური ორგანოებისთვის ამ დირექტივით დაკისრებული ნებისმიერი ამოცანა 24-ე მუხლის შესაბამისად. ინფორმაციის ასეთი გაცვლა ექვემდებარება პროფესიული საიდუმლოების გარანტიებს, რომლებიც, სულ მცირე, იმ გარანტიების ეკივალენტური უნდა იყოს, რომლებიც წინამდებარე მუხლშია მითითებული. ინფორმაციის ასეთი გაცვლა უნდა ემსახურებოდეს ხელისუფლების, ან აღნიშნული ორგანოების საზედამხედველო დავალების შესრულებას. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია მომდინარეობს სხვა წევრი სახელმწიფოდან, ის არ შეიძლება გასაჯაროვდეს კომპეტენტური ორგანოების პირდაპირი შეთანხმების გარეშე, რომელთაც გაამჟღავნეს ეს ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რომელზეც აღნიშნულმა ორგანოებმა გასცეს თანხმობა.

 

მუხლი 26

უსაფრთხოების წინასწარი ზომები

1. თუ მასპინძელი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ დაადგინა, რომ აქციების ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ემიტენტი ან მფლობელი, ან მე-10 მუხლში მითითებული პირი ან სუბიექტი არასწორად მოიქცა, ან დაარღვია თავისი ვალდებულებები, აღნიშნულმა ორგანომ უნდა გადასცეს თავისი დასკვნები რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს.

2. თუ მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს მიერ გატარებული ზომების მიუხედავად, ან იმის გამო, რომ ასეთი ზომები არაადეკვატური აღმოჩნდა, ემიტენტი, ან ფასიანი ქაღალდების მფლობელი განაგრძობს შესაბამისი სამართლებრივი, ან მარეგულირებელი დებულებების დარღვევას, მასპინძელი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს ინფორმირების შემდეგ, უნდა მიიღოს ინვესტორების დასაცავად ყველა შესაბამისი ზომა მე-3(2) მუხლის თანახმად. კომისია მაქსიმალურად სწრაფად უნდა იყოს ინფორმირებული ასეთი ზომების შესახებ.

 

თავი VI

განმახორციელებელი ზომები

 

მუხლი 27

საკომიტეტო პროცედურა

1. კომისიას დაეხმარება ევროპის ფასიანი ქაღალდების კომიტეტი, რომელიც შექმნილია გადაწყვეტილების 2001/528/EC 1-ლი მუხლით.

2. ამ პუნქტზე მითითებისას გამოიყენება გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5 და მე-7 მუხლები, მისი მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით, იმ პირობით, რომ ამ პროცედურის შესაბამისად მიღებული განმახორციელებელი ზომები არ შეცვლის წინამდებარე დირექტივის ძირითად დებულებებს.

გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5(6) მუხლით გათვალისწინებული პერიოდი განისაზღვრება სამი თვით.

3. კომიტეტმა უნდა მიიღოს საპროცედურო წესები.

4. 2009 წლის 20 იანვრისათვის უკვე მიღებული განმახორციელებელი ზომებისათვის ზიანის მიუყენებლად, შეჩერდება წინამდებარე დირექტივის დებულებების გამოყენება ტექნიკური წესებისა და გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით, მე-2 პუნქტში მითითებული პროცედურის შესაბამისად. კომისიის წინადადებით ევროპარლამენტსა და საბჭოს შეუძლიათ განაახლონ შესაბამისი დებულებები დამფუძნებელი ხელშეკრულების 251-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და განიხილონ ისინი ამ მიზნით ოთხწლიანი ვადის გასვლამდე.

 

მუხლი 28

ჯარიმები

1. წევრ სახელმწიფოთა სისხლისსამართლებრივი ჯარიმების დაწესების უფლებისათვის ზიანის მიუყენებლად, წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა უზრუნველყონ შესაძლებლობა, სულ მცირე, ადმინისტრაციული ზომების მისაღებად, ან სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სახდელის დასაკისრებლად პასუხისმგებელ პირებზე, როდესაც არ სრულდება წინამდებარე დირექტივის თანახმად მიღებული დებულებები. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ეს ზომები იყოს ეფექტიანი, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კომპეტენტურ ორგანოს შეეძლოს, საზოგადოებას გააცნოს ყველა მიღებული ზომა, ან დაკისრებული ჯარიმა, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე დირექტივის შესაბამისად მიღებული დებულებების დარღვევასთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი გასაჯაროება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ფინანსურ ბაზრებს ან არაპროპორციულ ზიანს მიაყენებს მონაწილე მხარეებს.

 

მუხლი 29

გასაჩივრების უფლება

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ წინამდებარე დირექტივის მიხედვით მიღებული კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები ექვემდებარებოდეს სასამართლოში გასაჩივრების უფლებას.

 

თავი VII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 30

გარდამავალი დებულებები

1. წინამდებარე დირექტივის მე-5(3) მუხლიდან გამონაკლისის სახით, რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოს, რეგულაციის (EC) No 1606/2002 შესაბამისად, შეუძლია ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროების ვალდებულებისაგან გაათავისუფლოს აღნიშნული რეგულაციის მე-9 მუხლში მითითებული ემიტენტები იმ ფინანსური წლისათვის, რომელიც 2006 წლის 1 იანვარს ან 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ იწყება.

2. 12(2)-ე მუხლის მიუხედავად, აქციონერმა უნდა აცნობოს ემიტენტს, 31(1)-ე მუხლში მოცემული თარიღიდან არაუგვიანეს ორი თვისა, ხმის უფლებისა და კაპიტალის წილის შესახებ, რომელსაც იგი  მე-9, მე-10 და მე-13 მუხლების შესაბამისად ფლობს ემიტენტებთან აღნიშნულ თარიღზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან ამ თარიღზე ადრე გაგზავნა შეტყობინება, რომელიც ეკვივალენტურ ინფორმაციას შეიცავს.

მე-12(6) მუხლის მიუხედავად, ემიტენტმა თავის მხრივ უნდა გაასაჯაროოს ამ შეტყობინებებით მიღებული ინფორმაცია არა უგვიანეს სამი თვისა 31(1)-ე მუხლში მოცემული თარიღის შემდეგ.

3. თუ ემიტენტი მესამე ქვეყანაშია რეგისტრირებული, რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოს შეუძლია გაათავისუფლოს ეს ემიტენტი თავისი ფინანსური ანგარიშგების შედგენისგან. მე-4(3) მუხლის მიხედვით მხოლოდ იმ სავალო ფასიან ქაღალდებთან მიმართებაში, რომლებიც უკვე დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე ევროგაერთიანებაში 2005 წლის 1 იანვრამდე, და თავისი მმართველობითი ანგარიშის შედგენისაგან მე-4(5) მუხლის შესაბამისად, რადგან:

(ა) რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო აცნობიერებს, რომ წლიური ფინანსური ანგარიშგება, მომზადებული ემიტენტის მიერ ამგვარი მესამე ქვეყნიდან, უტყუარ და სამართლიან წარმოდგენას იძლევა ემიტენტის აქტივებისა და ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და შედეგების შესახებ;

ბ) მესამე ქვეყანამ, სადაც ემიტენტია რეგისტრირებული, არ გახადა სავალდებულო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება, რომლებიც მითითებულია რეგულაციის (EC) No 1606/2002 მე-2 მუხლში; და

გ) კომისიას არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება 23(4)(ii)-ე მუხლის შესაბამისად იმის თაობაზე, არის თუ არა ეკვივალენტობა ზემოაღნიშნულ აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებსა და

- ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს შორის, რომლებიც განსაზღვრულია მესამე ქვეყნის კანონმდებლობაში, რეგულაციებსა და ადმინისტრაციულ დებულებებში, სადაც ემიტენტია რეგისტრირებული, ან

- მესამე ქვეყნის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს შორის, რომლებიც ამგვარმა ემიტენტმა აირჩია შესასრულებლად.

4. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ შეიძლება გაათავისუფლოს ემიტენტები, მხოლოდ იმ სავალო ფასიანი ქაღალდებთან მიმართებით, რომლებიც უკვე დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე ევროგაერთიანებაში 2005 წლის 1 იანვრამდე, ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროებიდან მე-5 მუხლის შესაბამისად, 2005 წლის 1 იანვარის შემდეგ10 წლის განმავლობაში, იმ პირობით, რომ რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, მიეცეთ ასეთ ემიტენტებს საშუალება, ისარგებლონ დირექტივის 2001/34/EC 27-ე მუხლის დებულებებით აღნიშნული სავალო ფასიანი ქაღალდების დაშვების დროს.

 

მუხლი 31

ტრანსპოზიცია

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები წინამდებარე დირექტივის შესასრულებლად 2007 წლის 20 იანვრამდე. მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისიას.

როდესაც წევრი სახელმწიფოები იღებენ აღნიშნულ ზომებს, ისინი უნდა შეიცავდეს მითითებას წინამდებარე დირექტივაზე, ან ოფიციალური გამოქვეყნების შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ასეთი მითითება. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ ასეთი მითითებების გაკეთების მეთოდები.

2. როდესაც წევრი სახელმწიფოები იღებენ ზომებს მე-3(1), მე-8(2), მე-8(3), მე-9(6) ან 30-ე მუხლების მიხედვით, მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ აღნიშნული ზომების შესახებ კომისიასა და სხვა წევრ სახელმწიფოებს.

 

მუხლი 32

შესწორებები

31(1)-ე მუხლში მითითებული თარიღიდან დირექტივა 2001/34/EC შემდეგნაირად უნდა შესწორდეს:

(1)      1-ლი მუხლის (ზ) და (თ) პუნქტები ამოღებული უნდა იქნეს;

(2)      მე-4 მუხლი ამოღებული უნდა იქნეს;

(3)      მე-6 მუხლში ამოღებული უნდა იქნეს მე-4 პუნქტი;

(4)     მე-8 მუხლში შემდგენაირად უნდა შეიცვალოს მე-2 პუნქტი:

„2. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დაუშვან ფასიანი ქაღალდების ემიტენტები ოფიციალურ ლისტინგში, მათთვის დამატებითი ვალდებულებების დაკისრების ხარჯზე, იმ პირობით, რომ ეს დამატებითი ვალდებულებები ზოგადად ვრცელდება ყველა ემიტენტზე ან ემიტენტების ცალკეულ კლასებზე“;

(5) 65-დან 97-მდე მუხლები ამოღებული უნდა იქნეს;

(6) 102-ე და103-ე მუხლები ამოღებული უნდა იქნეს;

(7) 107(3)-ე მუხლში ამოღებული უნდა იქნეს მეორე ქვეპუნქტი;

(8) 108-ე მუხლში მე-2 პუნქტი უნდა იქნეს შესწორებული შემდეგნაირად:

(ა) პუნქტში (ა), სიტყვები „პერიოდული ინფორმაცია, გამოსაქვეყნებელი კომპანიების მიერ, რომელთა აქციები დაშვებულია,“ ამოღებულიუნდა იქნეს;

(ბ) (ბ) პუნქტი ამოღებული უნდა იქნეს;

(გ) (გ)(iii) პუნქტი ამოღებული უნდა იქნეს;

(დ) (დ) პუნქტი ამოღებული უნდა იქნეს.

მითითება გაუქმებულ დებულებებზე განიმარტება როგორც მითითება წინამდებარე დირექტივის დებულებებზე.

 

მუხლი 33

გადასინჯვა

კომისიამ 2009 წლის 30 ივნისისათვის მოხსენება უნდა გააკეთოს ევროპარლამენტისა და საბჭოს წინაშე წინამდებარე დირექტივის მოქმედების შესახებ, მათ შორის, 10 წლიანი პერიოდის შემდეგ არსებულ სავალო ფასიან ქაღალდებზე გავრცელებული გამონაკლისების გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ, როგორც ეს გათვალისწინებულია 30(4)-ე მუხლით და აღნიშნულის პოტენციური გავლენის შესახებ ევროპის ფინანსურ ბაზრებზე.

 

მუხლი 34

ძალაში შესვლა

წინამდებარე დირექტივა ძალაში შედის მისი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს.

 

მუხლი 35

ადრესატები

წინამდებარე დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია სტრასბურგში 2004 წლის 15 დეკემბერს.

ევროპარლამენტის სახელით

თავმჯდომარე

ჯ. ბორელ ფონტელესი

ევროსაბჭოს სახელით

თავმჯდომარე

ა. ნიკოლაი

 


[1] ოფიციალური ჟურნალი C 80, 30.03.2004, გვ. 128.

[2] ოფიციალური ჟურნალი C 242, 9.10.2003, გვ. 6.

[3] ევროპარლამენტის 2004 წლის 30 მარტის მოსაზრება (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ჟურნალში) და ევროსაბჭოს 2004 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება.

[4] ოფიციალური ჟურნალი L 345, 31.12.2003, გვ. 64.

[5] ოფიციალური ჟურნალი L 243, 11.09.2002, გვ. 1.

[6] ოფიციალური ჟურნალი L 191, 13.07.2001, გვ. 45. გადაწყვეტილება, რომელშიც ცვლილებები შევიდა გადაწყვეტილების 2004/8/EC შესაბამისად (ოფიციალური ჟურნალი L 03, 07.01.2004, გვ. 33).

[7] ოფიციალური ჟურნალი L 184, 06.07.2001, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შევიდა დირექტივით 2003/71/EC.

[8] ოფიციალური ჟურნალი L 281, 23.11.1995, გვ. 31. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა რეგულაციის (EC) No 1882/2003 (ოფიციალური ჟურნალი L 284, 31.10.2003, გვ. 1) შესაბამისად.

[9] ოფიციალური ჟურნალი L 184, 17.07.1999, გვ. 23.

[10] ოფიციალური ჟურნალი L 145, 30.04.2004, გვ. 1.

[11] ოფიციალური ჟურნალი L 96, 12.04.2003, გვ. 16.

[12]ოფიციალური ჟურნალი L 375, 31.12.1985, გვ. 3. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შესულია დირექტივით 2004/39/EC .

[13]ოფიციალური ჟურნალი L 126, 26.05.2000, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შესულია კომისიის დირექტივით 2004/69/EC (ოფიციალური ჟურნალი L 125, 28.04.2004, გვ. 44).

[14]ოფიციალური ჟურნალი L 204, 21.07.1998, გვ. 37. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა 2003 წლის „მიერთების აქტის“ შესაბამისად.

[15] ოფიციალური ჟურნალი L 193, 18.07.1983, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შესულია ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივით 2003/51/EC (ოფიციალური ჟურნალი L 178, 17.7.2003, გვ. 16).

[16] ოფიციალური ჟურნალი L 222, 14.08.1978, გვ. 11. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შესულია დირექტივით 2003/51/EC.

[17]ოფიციალური ჟურნალი L 141, 11.06.1993 გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შესულია დირექტივით 2004/39/EC.

[18] სარედაქციო შენიშვნა: სათაური შეცვლილია ევროგაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მუხლების ხელახალი ნუმერაციის გასათვალისწინებლად, ამსტერდამის ხელშეკრულების მე-12 მუხლის შესაბამისად;  თავდაპირველი მითითება იყო დამფუძნებელი ხელშეკრულების 58-ე მუხლზე.

[19]ოფიციალური ჟურნალი L 65, 14.03.1968 გვ. 8. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შესულია ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივით 2003/58/EC (ოფიციალური ჟურნალი L 221, 04.09.2003, გვ. 13).