ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის დირექტივა 2014/49/EU ანაბრების უზრუნველყოფის სქემების შესახებ (შეცვლილი რედაქციით)(ტექსტი ვრცელდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე)

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის

დირექტივა 2014/49/EU

ანაბრების უზრუნველყოფის სქემების შესახებ

(შეცვლილი რედაქციით)

(ტექსტი ვრცელდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე)

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ,

ითვალისწინებენ რა ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებას, კერძოდ, ამ ხელშეკრულების 53(1)-ე მუხლს,

ითვალისწინებენ რა ევროკომისიის წინადადებას,

საკანონმდებლო აქტის პროექტის ეროვნული პარლამენტისთვის გადაცემის შემდეგ,

ითვალისწინებს რა ევროპის ცენტრალური ბანკის მოსაზრებას ([1]),

მოქმედებენ რა მიღებული საკანონმდებლო პროცედურის შესაბამისად ([2]),

ვინაიდან:

(1) ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივაში 94/19/EC ([3]) შევიდა მნიშვნელოვანი შესწორებები ([4]).

ვინაიდან საჭიროა შემდგომი შესწორებების შეტანაც, აღნიშნული დირექტივა, სიცხადის მიზნით, უნდა გამოიცეს შეცვლილი რედაქციით.

(2) საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობის წამოწყებისა და განხორციელების გასაადვილებლად, აუცილებელია გარკვეული განსხვავებების აღმოფხვრა იმ წევრი სახელმწიფოების კანონებს შორის ანაბრების უზრუნველყოფის სქემის წესებთან მიმართებით, რომლებსაც ექვემდებარებიან აღნიშნული საკრედიტო დაწესებულებები.

(3) წინამდებარე დირექტივა არის მთავარი ინსტრუმენტი შიდა ბაზრის შესაქმნელად როგორც ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლების, ასევე ფინანსური მომსახურების მიწოდების კუთხით საკრედიტო დაწესებულებების დარგში,საბანკო სისტემის სტაბილურობის გაზრდასა და მეანაბრეების დაცვასთან ერთად. საკრედიტო დაწესებულების მიერ განცდილი მარცხის მთლიანი ეკონომიკური ხარჯების და ფინანსურ სტაბილურობასა და მეანაბრეების ნდობაზე მისი უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, სასურველია არა მხოლოდ მეანაბრეების კომპენსაციით უზრუნველყოფა, არამედ წევრი სახელმწიფოებისთვის საკმარისი მოქნილობის მინიჭება ანაბრების უზრუნველყოფის სქემებით ისეთი ზომების განსახორციელებლად, რაც შეამცირებს მომავალში ანაბრების უზრუნველყოფის სქემებისადმი მოთხოვნების წაყენების ალბათობას. აღნიშნული ზომები მუდამ შესაბამისობაში უნდა იყოს სახელმწიფო დახმარების წესებთან.

(4) შიდა ბაზარზე მზარდი ინტეგრაციის გასათვალისწინებლად, შესაძლებელი უნდა იყოს სხვადასხვა წევრი სახელმწიფოების ანაბრების უზრუნველყოფის სქემების შერწყმა ან ცალკეული ტრანსასაზღვრო სქემების შექმნა ნებაყოფლობით. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ახალი და არსებული ანაბრების უზრუნველყოფის სქემების საკმარისი სტაბილურობა და ბალანსირებული შემადგენლობა. ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითი გავლენა თავიდან უნდა იქნას აცილებული, მაგალითად, როცა მხოლოდ მაღალი რისკის პროფილის მქონე საკრედიტო დაწესებულებები გადაეცემა ტრანსასაზღვრო ანაბრების უზრუნველყოფის სქემას.

(5) დირექტივა 94/19/EC მოითხოვს, რომ კომისიამ, საჭიროების შემთხვევაში, წამოაყენოს წინადადებები აღნიშნულ დირექტივაში შესწორებების შესატანად. წინამდებარე დირექტივა მოიცავს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის დაფინანსების მექანიზმების ჰარმონიზაციას, რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შენატანების დანერგვას, და პროდუქტებისა და დაფარული მეანაბრეების რეგულირების სფეროს ჰარმონიზაციას.

(6) დირექტივა 94/19/EC ეფუძნება მინიმალური ჰარმონიზაციის პრინციპს. შედეგად, ამჟამად ევროკავშირში არსებობს ანაბრების უზრუნველყოფის სქემათა მრავალფეროვნება ძალიან განსხვავებული მახასიათებლებით. წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული ზოგადი მოთხოვნების შედეგად, მეანაბრეებისთვის მთელ ევროკავშირში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დაცვის ერთიანი დონე და ამასთანავე, სტაბილურობის ერთნაირი დონე ანაბრების უზრუნველყოფის სქემებისთვის. ამავდროულად, აღნიშნული ზოგადი მოთხოვნები უმნიშვნელოვანესია ბაზრის დამახინჯების აღმოსაფხველად. ამგვარად, წინამდებარე დირექტივა ხელს უწყობს შიდა ბაზრის ჩამოყალიბების დასრულებას.

(7) წინამდებარე დირექტივის შედეგად, მეანაბრეებს ექნებათ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული წვდომა ანაბრების უზრუნველყოფის სქემებეზე გაფართოებული და დაზუსტებული სადაზღვევო დაფარვის მოქმედების სფეროს, უფრო სწრაფი ანაზღაურების ვადების, გაუმჯობესებული ინფორმირებისა და მძლავრი დაფინანსების მოთხოვნების წყალობით. ეს უფრო განამტკიცებს მომხმარებლის რწმენას მთლიანი შიდა ბაზრის ფინანსური სტაბილურობისადმი.

(8) წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი ანაბრების უზრუნველყოფის სქემას ჰქონდეს კარგი მმართველობის პრაქტიკა და აწარმოოს წლიური ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ.

(9) გადახდისუუნარო საკრედიტო დაწესებულების დახურვის შემთხვევაში, ნებისმიერი იმ ფილიალის მეანაბრეები, რომელიც მდებარეობს არა იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც საკრედიტო დაწესებულებას აქვს თავისი სათავო ოფისი, დაცულები უნდა იყვნენ იმავე ანაბრების უზრუნველყოფის სქემით, რომლითაც საკრედიტო დაწესებულების სხვა მეანაბრეები.

(10) წინამდებარე დირექტივამ ხელი არ უნდა შეუშალოს წევრ სახელმწიფოებს, რომ თავიანთი მოქმედბის სფეროში შეიყვანონ საკრედიტო დაწესებულებები ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EU) No 575/2013 მე-4(1) მუხლის 1-ელი ქვეპუნქტის ([5]) თანახმად, რომელიც სცილდება ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის 2013/36/EU მოქმედების სფეროს ([6]) აღნიშნული დირექტივის მე-2(5) მუხლის შესაბამისად. წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ გადაწყვიტონ, რომ წინამდებარე დირექტივის მიზნისთვის, ცენტრალური ორგანო და ცენტრალურ ორგანოსთან აფილირებული ყველა საკრედიტო დაწესებულება განხილულიქნეს, როგორც ერთი საკრედიტო დაწესებულება.

(11) თეორიულად, წინამდებარე დირექტივა მოითხოვს, რომ ყველა საკრედიტო დაწესებულება ჩაერთოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემაში. წევრმა სახელმწიფომ, რომელიც იღებს იმ საკრედიტო დაწესებულებების ფილიალებს, რომლებსაც სათავო ოფისი მესამე ქვეყანაში აქვთ, უნდა გადაწყვიტოს როგორ მიუსადაგოს წინამდებარე დირექტივა აღნიშნულ ფილიალებს, ამასთანავე მხედველობაში უნდა მიიღოს მეანაბრეების დაცვისა და ფინანსური სისტემის ერთიანობის შენარჩუნების საჭიროება. აღნიშნულ ფილიალებში მეანაბრეებს სავსებით უნდა ჰქონდეთ გააზრებული ის საგარანტიო შეთანხმებები, რომლებიც მათ ეხება.

(12) გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობს ინსტიტუციური დაცვის სქემები, რომლებიც იცავს თვითონ საკრედიტო დაწესებულებებს და, რომლებიც, განსაკუთრებით, უზრუნველყოფს მათ ლიკვიდურობასა და გადახდისუნარიანობას. როცა ამგვარი სქემა ანაბრების უზრუნველყოფის სქემისგან განცალკევებით არსებობს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი, როგორც დამატებითი გარანტის როლი ანაბრების უზრუნველყოფის სქემაში მისი წევრების შენატანების განსაზღვრისას. წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული სადაზღვევო დაფარვის ჰარმონიზებული დონე გავლენას არ ახდენს თვითონ საკრედიტო დაწესებულების დამცავ სქემებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი არ უზრუნველყოფენ მეანაბრეთა ანაზღაურებას.

(13) თითოეული საკრედიტო დაწესებულება უნდა იყოს წინამდებარე დირექტივით აღიარებული ანაბრების უზრუნველყოფი სქემის ნაწილი და, ამგვარად, უზრუნველყოს მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონე, საკრედიტო დაწესებულებს შორის თამაშის თანაბარი პირობები და მარეგულირებელი არბიტრაჟის თავიდან აცილება. ანაბრების უზრუნველყოფის სქემას ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს აღნიშნული დაცვის უზრუნველყოფა.

(14) ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მთავარი ამოცანაა დაიცვას მეანაბრეები საკრედიტო დაწესებულების გადახდისუუნარობის შედეგებისგან. ანაბრების უზრუნველყოფის სქემას უნდა შეეძლოს დაცვის უზრუნველყოფა სხვადასხვა გზით. ანაბრების უზრუნველყოფის სქემა უპირველეს ყოვლისა უნდა გამოიყენებოდეს მეანაბრეებისთვის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად წინამდებარე დირექტივის შესაბამისად (სწრაფი გადახდის აპარატის ფუნქცია).

(15) ანაბრების უზრუნველყოფის სქემა ასევე ხელს უნდა უწყობდეს საკრედიტო დაწესებულებების რეზოლუციის დაფინანსებას ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივის 2014/59/EU შესაბამისად ([7]).

(16) როდესაც ეს ნებადართულია ეროვნული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, ასევე შესაძლებელი უნდა იყოს, რომ ანაბრების უზრუნველყოფის სქემა გასცდეს წმინდა საკომპენსაციო ფუნქციას და გამოიყენოს ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები საკრედიტო დაწესებულებების მარცხის აღსაკვეთად მენაბრეების ანაზღაურებით უზრუნველყოფის ხარჯებისა და სხვა უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით; თუმცა აღნიშნული ზომები უნდა განხორციელდეს მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოში და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო დახმარების წესებს. ანაბრების უზრუნველყოფის სქემებს, მათ შორის, უნდა ჰქონდეთ სათანადო სისტემები და პროცედურები აღნიშნული ზომების შესარჩევად და დასანერგად და მათთან დაკავშირებული რისკების მონიტორინგისთვის. აღნიშნული ზომების განხორციელება ექვემდებარება საკრედიტო დაწესებულებისთვის ისეთი პირობების დაკისრებას, რომლებიც გულისხმობს, სულ მცირე, რისკის უფრო მკაცრ მონიტორინგს და ანაბრების უზრუნველყოფის სქემისთვის გადამოწმების მეტი უფლების მინიჭებას. საკრედიტო დაწესებულების მარცხის თავიდან აცილების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ანაბრების უზრუნველყოფის სქემის კანონით განსაზღვრული ან სახელშეკრულებო მინდობილობების შესრულების ხარჯებს საკრედიტო დაწესებულებებში დაფარული ანაბრების დაცვასთან ან თვითონ საკრედიტო დაწესებულებასთან მიმართებაში.

(17) ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ შეიძლება ასევე მიიღოს ინსტიტუციური დაცვის სქემის სახე. ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს უნდა შეეძლოთ ინსტიტუციური დაცვის სქემის, როგორც ანაბრების უზრუნველყოფის სქემის აღიარება, თუ ის ასრულებს წინამდებარე დირექტივით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს.

(18) წინამდებარე დირექტივა არ ეხება ისეთ სახელშეკრულებო სქემებს ან ინსტიტუციური დაცვის სქემას, რომელიც ოფიციალურად არ არის აღიარებული ანაბრების უზრუნველყოფის სქემად გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ეხება შეზღუდულ მოთხოვნებს რეკლამირებასა და მეანაბრეების ინფორმირებაზე საკრედიტო დაწესებულების გარიცხვის ან გასვლის შემთხვევაში. ნებისმიერ შემთხვევაში, სახელშეკრულებო სქემები და ინსტიტუციური დაცვის სქემა ექვემდებარება სახელმწიფო დახმარების წესებს.

(19) ბოლოდროინდელ ფინანსური კრიზისის ფარგლებში, ევროკავშირში სადაზღვევო დაფარვის შეუთანხმებელმა ზრდამ ზოგიერთ შემთხვევაში განაპირობა მეანაბრეების მიერ საკრედიტო დაწესებულებებისთვის ფულის ისეთ ქვეყნებში გადარიცხვა, სადაც ანაბრების უზრუნველყოფა უფრო მაღალია. ასეთმა შეუთანხმებელმა ზრდამ წაართვა ლიკვიდურობა საკრედიტო დაწესებულებებს სტრესის დროს. სტაბილურობის დროს, სხვადასხვა სადაზღვევო დაფარვა შესაძლებელს ხდის, რომ მეანაბრემ აირჩიოს დეპოზიტის ყველაზე ძლიერი დაცვა მასზე ყველაზე უკეთ მორგებული სადეპოზიტო პროდუქტის ნაცვლად. მსგავსი სხვადასხვა სადაზღვევო დაფარვის შედეგი შეიძლება იყოს შიდა ბაზარზე კონკურენციის დამახინჯება. ამგვარად, აუცილებელია, რომ ანაბრების უზრუნველყოფის ყველა აღიარებული სქემით უზრუნველყოფილი იქნეს დეპოზიტის დაცვის ჰარმონიზებული დონე მიუხედავად იმისა, თუ სად მდებარეობს ანაბარი ევროკავშირში; თუმცა შესაძლებელი უნდა იყოს შეზღუდული დროით გარკვეული ანაბრების უფრო მაღალ დონეზე დაფარვა, რომლებიც უკავშირდება მეანაბრეების პირად მდგომარეობას.

(20) ყველა მეანაბრეზე უნდა გავრცელდეს სადაზღვევო დაფარვის ერთი და იგივე დონე მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამ წევრი სახელმწიფოს ვალუტა ევრო. წევრ სახელმწიფოებს, რომელთა ვალუტაც არ არის ევრო, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაამრგვალონ კონვერსიის შედეგად მიღებული თანხა მეანაბრეთა ეკვივალენტური დაცვისთვის საფრთხის შეუქმნელად.

(21) ერთი მხრივ, წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული სადაზღვევო დაფარვის დონემ დაუცველად არ უნდა დატოვოს ანაბრების მეტისმეტად დიდი წილი, რაც, როგორც მომხმარებლის დაცვის, ისე ფინანსური სისტემის სტაბილურობის ინტერესებშია. მეორე მხრივ, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ანაბრების უზრუნველყოფის სქემის დაფინანსების ხაარჯები. ამგვარად, გონივრულია ჰარმონიზებული სადაზღვევო დაფარვის დონის განსაზღვრა 100 000 ევროთი.

(22) წინამდებარე დირექტივა ინარჩუნებს ჰარმონიზებული ზღვრული ოდენობის პრინციპს ყოველ მეანაბრეზე და არა ანაბარზე. ამგვარად, მიზანშეწონილია იმ მეანაბრეების მიერ გაკეთებული ანაბრების გათვალისწინება, რომლებიც არ მოიხსენიებიანანგარიშის მფლობელებად ან რომლებიც არ არიან ანგარიშის ერთადერთი მფლობელები. ზღვრული ოდენობა ვრცელდება თითოეულ იდენტიფიცირებად მეანაბრეზე. თითოეულ იდენტიფიცირებად მეანაბრეზე გავრცელებული ზღვრული ოდენობის პრინციპი არ ვრცელდება კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელ კომპანიებზე, რომლებიც ექვემდებარებიან სპეციალური დაცვის წესებს, რომლებიც, თავის მხრივ, არ ვრცელდება აღნიშნულ ანაბრებზე.

(23) ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივამ 2009/14/EC ([8]) დაადგინა სადაზღვევო დაფარვის ფიქსირებული დონე 100 000 ევროს ოდენობით, რამაც აიძულა ზოგიერთი წევრი სახელმწიფო დაეწიათ თავიანთი სადაზღვევო დაფარვის დონე მეანაბრეების ნდობის დაკარგვის რისკის ფასად. მართალია, ჰარმონიზაცია უმნიშვნელოვანესია შიდა ბაზარზე თამაშის თანაბარი პირობებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ მეანაბრეების ნდობის დაკარგვის რისკიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. ამგვარად, წევრ სახელმწიფოებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გამოიყენონ სადაზღვევო დაფარვის უფრო მაღალი დონე, თუკი მათ ჰქონდათ ჰარმონიზებულ დონეზე მაღალი სადაზღვევო დაფარვის დონე დირექტივის 2009/14/EC ამოქმედებამდე. სადაზღვევო დაფარვის აღნიშნული უფრო მაღალი დონე უნდა შეიზღუდოს დროისა და მოქმედების სფეროს თვალსაზრისით და დაინტერესებულმა წევრმა სახელმწიფოებმა თანაზომიერად უნდა მოახდინონ მიზნობრივი დონისა და შენატანების ანაბრების უზრუნველყოფის სქემაზე მორგება. იმის გათვალისწინებით, რომ მიზნობრივი დონის მორგება შეუძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც სადაზღვევო დაფარვის დონე შეუზღუდავია, მიზანშეწონილია, რომ ეს არჩევანი მიეცეთ მხოლოდ იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც 2008 წლის 1 იანვარს ჰქონდათ სადაზღვევო დაფარვის დონე 100 000-დან 300 000 ევრომდე ფარგებში. განსხვავებული სადაზღვევო დაფარვის დონეების გავლენის შესაზღუდად და იმის გათვალისწინებით, რომ კომისია განიხილავს წინამდებარე დირექტივის განხორციელებას 2018 წლის 31 დეკემბრისთვის, მიზანშეწონილია, რომ აღნიშნული არჩევანის არსებობა დაშვებულიქნეს ამ თარიღამდე.

(24) ანაბრების უზრუნველყოფის სქემისთვის დაშვებული უნდა იყოს მეანაბრის ვალდებულებათა გაქვითვა აღნიშნული მეანაბრის მიერ ანაზღაურების მოთხოვნაზე სარჩელის წაყენებისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვალდებულებები უნდა შესრულდეს ანაბრის გაცდენის თარიღზე ან აღნიშნულ თარიღამდე. ამგვარმა გაქვითვამ არ უნდა შეაფერხოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მიერ ანაბრების ანაზღაურების უზრუნველყოფა წინამდებარე დირექტივით დადგენილ ვადაში. წევრ სახელმწიფოებს ხელი არ უნდა შეეშალოთ საკრედიტო დაწესებულებების ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცედურებისას ანაბრების უზრუნველყოფის სქემის უფლებებთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღებაში.

(25) შესაძლებელი უნდა იყოს ანაბრების ანაზღაურებაზე უარის თქმა იმ შემთხვევაში, როცა, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, დეპონირებული თანხა არ არის მეანაბრის განკარგულებაში, რადგან მეანაბრე და საკრედიტო დაწესებულება ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ანაბრის ფუნქცია ყოფილიყო მხოლოდ კერძო უძრავი ქონების შესაძენად ხელშეკრულებით გამოტანილი სესხის დაფარვა. აღნიშნული ანაბრები უნდა გაიქვითოს სესხის დაუფარავ თანხაში.

(26) წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ დაცვა გარკვეული ტრანზაქციების შედეგად გახსნილი ანაბრებისა ან იმ ანაბრებისა, რომლებიც გარკვეულ სოციალურ თუ სხვა მიზნებს ემსახურება, აღემატებოდეს 100 000 ევროს მოცემული ვადით. წევრმა სახელწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ აღნიშნული ანაბრებისთვის დროებითი მაქსიმალური სადაზღვევო დაფარვის დონე, ხოლო ამ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინონ მეანაბრეებისთვის დაცვის მნიშვნელობა და წევრ სახელმმწიფოებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები. ყველა ასეთ შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს სახელმწიფო დახმარების წესები.

(27) აუცილებელია ანაბრების უზრუნველყოფის სქემის დაფინანსების მეთოდების ჰარმონიზაცია. ერთი მხრივ, ანაბრების უზრუნველყოფის სქემის დაფინანსების ხარჯები, ზოგადად, უნდა გაიღონ თვითონ საკრედიტო დაწესებულებებმა და, მეორე მხრივ, ანაბრების უზრუნველყოფის სქემის დაფინანსების შესაძლებლობა მათი ვალდებულებების პროპორციული უნდა იყოს. ყველა წევრ სახელმწიფოში მეანაბრეთა დაცვის ერთნაირად მაღალი დონის უზრუნველსაყოფად უნდა მოხდეს ანაბრების უზრუნველყოფის ყველა სქემისთვის ანაბრების უზრუნველყოფის სქემის დაფინანსების მაღალ დონეზე ჰარმონიზება და ერთნაირი ფინანსური მიზნობრივი დონის დადგენა სამომავლოდ.

(28) თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულებები შეიძლება ფუნქციონირებდნენ მაღალკონცენტრირებულ ბაზარზე, სადაც საკრედიტო დაწესებულებების უმეტესობა ისეთი ზომისაა და ურთიერთჩართვის ისეთი დონე აქვს, რომ ნაკლებად შესაძლებელია მოხდეს მათი ლიკვიდაცია ჩვეულებრივი გადახდისუუნარობის საქმისწარმოების პროცესის ფარგლებში ფინანსური სტაბილურობისთვის საფრთხის შეუქმნელად; შესაბამისად, უფრო მოსალოდნელია, რომ ისინი დაექვემდებარონ რეზოლუცის დადგენილ პროცედურებს. ასეთ შემთხვევებში სქემები უნდა დაექვემდებაროს უფრო დაბალ მიზნობრივ დონეს.

(29) ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული ელექტრონული ფული და ფინანსები, ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივის 2009/110/EC შესაბამისად([9]), არ განიხილება როგორც ანაბარი და, ამგვარად, არ ექცევა წინამდებარე დირექტივის მოქმედების სფეროში.

(30) ანაბრების დაცვის იმ დონეზე შესაზღუდად, რაც აუცილებელია მეანაბრეებისთვის სამართლებრივი განსაზღვრულობისა და გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად და საინვესტიციო რისკების ანაბრების უზრუნველყოფის სქემაზე გადატანის თავიდან ასაცილებლად, სადაზღვევო დაფარვის მოქმედების სფეროდან ამოღებული უნდა იქნეს ფინანსური ინსტრუმენტები, გარდა არსებული საანაბრო პროდუქტებისა, რომლებიც დასტურდება დასახელებულ პირზე გაცემული სადეპოზიტო სერტიფიკატით.

(31) ზოგიერთ მეანაბრეს არ უნდა გააჩნდეს ანაბრის დაცვის უფლება, განსაკუთრებით, საჯარო ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს. ყველა სხვა მეანაბრესთან შედარებით მათი შეზღუდული რაოდენობა ამცირებს გავლენას ფინანსურ სტაბილურობაზე საკრედიტო ინსტიტუტის მარცხის შემთხვევაში. გარდა ამისა, ხელისუფლების ორგანოებს მოქალაქეებზე ბევრად უფრო ადვილი წვდომა აქვთ კრედიტებზე. თუმცა წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ გადაწყვეტილების მიღება 500 000 ევროზე მეტი წლიური ბიუჯეტის მქონე ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების ანაბრების დაფარვასთან დაკავშირებით. ზოგადად, არასაფინანსო კომპანიები დაფარულნი უნდა იყვნენ მათი ზომის მიუხედავად.

(32) მეანაბრეები, რომელთა საქმიანობა მოიცავს ფულის გათეთრებას ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის 2005/60/EC 1(2) ან (3) მუხლების თანახმად,([10]) ამოღებულნი უნდა იქნენ ანაბრების უზრუნველყოფის სქემით ანაზღაურებისაგან.

(33) საკრედიტო დაწესებულების ანაბრების უზრუნველყოფის სქემაში მონაწილეობის ხარჯს არანაირი კავშირი არ აქვს იმ ხარჯებთან, რასაც გამოიწვევს ანაბრების მასიური გამოტანა არა მხოლოდ სირთულეების მქონე საკრედიტო დაწესებულებიდან, არამედ ეფექტურად მოქმედი დაწესებულებებიდანაც მეანაბრეების მიერ საბანკო სისტემის საიმედოობის რწმენის დაკარგვის შემდეგ.

(34) აუცილებელია, რომ ანაბრების უზრუნველყოფის სქემების ხელმისაწვდომმა ფინანსურმა საშუალებებმა მიაღწიოს გარკვეულ მიზნობრივ დონეს და შესაძლებელი იქნეს არაგეგმური შენატანების შეგროვება. ნებისმიერ შემთხვევაში, ფინანსური უზრუნველყოფის სქემებს უნდა ჰქონდეს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების შესახებ ადეკვატური შეთანხმებები, რაც მათ საშუალებას მისცემს მოიპოვონ მოკლევადიანი დაფინანსება მათ მიმართ წაყენებულ მოთხოვნებზე რეაგირებისათვის. შესაძლებელი უნდა იყოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ხელმისაწვდომ ფინანსურ საშუალებებში შევიდეს ნაღდი ფული, ანაბრები, გადახდის ვალდებულებები და დაბალრისკიანი აქტივები, რომელთა ლიკვიდაციაც შეიძლება მოხდეს მოკლე დროში. ანაბრების უზრუნველყოფის სქემის შენატანებში სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული საქმიანობის ციკლი, ანაბრების მიმღები სექტორის სტაბილურობა და ანაბრების უზრუნველყოფის სქემის არსებული ვალდებულებები.

(35) ანაბრების უზრუნველყოფის სქემებმა ინვესტიცია უნდა ჩადონ დაბალრისკიან აქტივებში.

(36) შენატანების ოდენობა ანაბრების უზრუნველყოფის სქემაში უნდა ეფუძნებოდეს დაფარული ანაბრების ოდენობას და შესაბამისი წევრის მიერ გაწეული რისკის ხარისხს. ეს ასახავს ინდივიდუალური საკრედიტო დაწესებულებების რისკის პროფილს მათი სხვადასხვა ბიზნესმოდელების ჩათვლით. ამასთანავე, ეს განაპირობებს შენატანების სამართლიან დაანგარიშებას და იქნება წახალისების ფორმა შედარებით ნაკლებად სარისკო ბიზნესმოდელით მუშაობის უზრუნველსაყოფად. ბაზრის მდგომარეობასა და რისკის პროფილებზე შენატანების მოსარგებად ანაბრების უზრუნველყოფის სქემას უნდა შეეძლოს რისკის შეფასებაზე დაფუძნებული საკუთარი მეთოდების გამოყენება. იმისათვის, რომ გათვალისწინებულიქნეს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით რეგულირებადი განსაკუთრებით დაბალრისკიანი სექტორები, წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ შენატანებში შესაბამისი შემცირებების განსაზღვრა თითოეული ანაბრის უზრუნველყოფის სქემის მიზნობრივი დონის დაცვის პარალელურად. ნებისმიერ შემთხვევაში, დაანგარიშების წესი უნდა დაამტკიცოს ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანომ. ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციით (EU) No 1093/2010 დაფუძნებულმა ევროპის საზედამხედველო ორგანომ (ევროპის საბანკო უწყებამ) (EBA) ([11]) უნდა გამოსცეს სახელმძღვანელო მითითებები შენატანების დაანგარიშების მეთოდების განსასაზღვრად.

(37) ანაბრის დაცვა არის უმთავრესი ელემენტი შიდა ბაზრის ჩამოყალებების დასასრულებლად და, ამასთანავე, საკრედიტო დაწესებულებების ზედამხედველობის სისტემის აუცილებელი დამატება იმ სოლიდარობის გამო, რასაც იგი ქმნის მოცემულ ფინანსურ ბაზარში შემავალ ყველა დაწესებულებას შორის ნებისმიერი მათგანის წარუმატებლობის შემთხვევაში. ამგვარად, წევრ სახელმწიფოებმა უნდა დაუშვან, რომ ანაბრების უზრუნველყოფის სქემებმა ერთმანეთს ასესხონ ფული, ნებაყოფლობით.

(38) არსებული ანაზღაურების ვადა წინააღმდეგობაში მოდის მეანაბრის ნდობის შენარჩუნების აუცილებლობასთან და არ აკმაყოფილებს მენაბარეთა საჭიროებებს. ამგვარად, ანაზღაურების ვადა უნდა შემცირდეს შვიდ სამუშაო დღემდე.

(39) თუმცა, ბევრ შემთხვევაში ჯერ არ არსებობს ანაზღაურების მოკლე ვადის განსაზღვრისთვის აუცილებელი პროცედურები. ამიტომაც, წევრ სახელმწიფოებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ანაზღაურების ვადა თანდათანობით შეამცირონ შვიდ სამუშაო დღემდე გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. წინამდებარე დირექტივით განსაზღვრულმა ანაზრაურების მაქსიმალურმა გადავადებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემას მეანაბრეების ნაადრევი ანაზღაურებით უზრუნველყოფაში. იმის უზრუნველსაყოფად, რომ, საკრედიტო დაწესებულების წარუმატებლობის შემთხვევაში, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მეანაბრეებს არ შეექმნეთ ფინანსური სირთულეები, მათ, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა ჰქონდეთ წვდომა მათი დაფარული ანაბრების სათანადო ოდენობაზე ცხოვრების ხარჯების დასაფარად. ამგვარი წვდომა დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ საკრედიტო დაწესებულების მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე. იმის გათვალისწინებით, რომ წევრ სახელმწიფოებში ცხოვრების ხარჯები განსხვავებულია, აღნიშნული თანხა უნდა განსაზღვროს წევრმა სახელმწიფომ.

(40) ანაბრების გადასახდელად საჭირო ვადებში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემთხვევები, როცა სქემით რთულია გადასახდელი თანხის ოდენობისა და მეანაბრეების უფლებების განსაზღვრა, განსაკუთრებით, თუ ანაბარი ეხება საცხოვრებელ შენობებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს ან გარკვეულ ცხოვრებისეულ მოვლენას, ისეთ შემთხვევებს, როდესაც მეანაბრეს მთლიანად არ ეკუთვნის ანგარიშზე არსებული თანხა, როდესაც ანაბარი სამართლებრივი დავის საგანია, როდესაც არსებობს კონკურენტი პრეტენზიები ანგარიშზე განთავსებულ თანხაზე ან ანაბარი არის სახელმწიფო მთავრობის ან საერთაშორისო ორგანოების მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების საგანი.

(41) გადახდის უზრუნველსაყოფად, ანაბრების უზრუნველყოფის სქემას უნდა ჰქონდეს ანაზღაურების მიმღები მეანაბრეების უფლებების სუბროგაციის უფლება წარუმატებელი საკრედიტო დაწესებულებების წინააღმდეგ. წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ შეზღუდონ დრო, რომლის ფარგლებშიც იმ მეანაბრეებს, რომელთა ანაბრებიც არ არის ანაზღაურებული ან არ დამტკიცებულა ანაზღაურების დადგენილ ვადებში, შეეძლებათ თავიანთი ანაბრების გადახდის მოთხოვნა, რათა ანაბრების უზრუნველყოფის სქემას მიეცეს საშუალება განახორციელოს მასზე სუბროგირებული უფლებები იმ თარიღამდე, სანამ აღნიშნული უფლებები გადავა გადახდისუუნარობის საქმისწარმოების პროცესში.

(42) იმ წევრ სახელმწიფოში არსებულმა ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ, სადაც საკრედიტო დაწესებულებამ დააფუძნა ფილიალები, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია და გადაუხადოს თანხა მეანაბრეებს იმ წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ნაცვლად, სადაც არის ეს საკრედიტო დაწესებულებები ავტორიზებული. აუცილებელია გარანტიები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მეანაბრეთათვის თანხის გადამხდელი ანაბრების უზრუნველყოფის სქემა ანაბრების უზრუნველყოფის სათავო სქემიდან მიიღებს აუცილებელ ფინანსურ საშუალებებს და ინსტრუქციებს ამგვარი ანაზღაურების გაცემამდე. იმ ანაბრების უზრუნველყოფის სქემებმა, რომლებიც აღმოჩნდებიან ამგვარ ვითარებაში, წინასწარ უნდა დადონ შეთანხმება, რათა ეს დავალება ადვილად შესრულდეს.

(43) ინფორმირება მეანაბრეების დაცვის უმთავრესი ელემენტია. ამგვარად, მეანაბრეები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ მათ სადაზღვევო დაფარვასა და მათი ანგარიშის ამონაწერზე პასუხისმგებელი ანაბრების უზრუნველყოფის სქემის შესახებ. პირებს, რომლებსაც განზრახული აქვთ მეანაბრეობა, უნდა მიეწოდოთ იგივე ინფორმაცია სტანდარტიზებული საინფორმაციო ბარათების საშუალებით; მათ მოეთხოვებათ აღნიშნული ბარათების მიღების დადასტურება. ამგვარი ინფორმაციის შინაარსი ყველა მეანაბრისთვის იდენტური უნდა იყოს. რეკლამებაში სადაზღვევო დაფარვის დონის და მოქმედების სფეროს დაურეგულირებელმა მითითებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საბანკო სისტემის სტაბილურობაზე ან მეანაბრის ნდობაზე. ამგვარად, რეკლამებში ანაბრების უზრუნველყოფის სქემაზე მითითებები უნდა შემოიფარგლოს მოკლე ფაქტობრივი განცხადებებით.

(44) ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივა 95/46/EC ([12]) ეხება პირადი მონაცემების დამუშავებას, რაც ხორციელდება წინამდებარე დირექტივის შესაბამისად. ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ და შესაბამისმა ორგანოებმა უკიდურესი სიფრთხილით უნდა მართონ ინდივიდუალურ ანაბრებთან დაკავშირებული მონაცემები და შეინარჩუნონ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი წინამდებარე დირექტივის შესაბამისად.

(45) წინამდებარე დირექტივით, წევრ სახელმწიფოებს ან მათ შესაბამის ხელისუფლების ორგანოებს არ უნდა დაეკისროს მეანაბრეების მიმართ პასუხისმგებლობა, თუ მათ უზრუნველყვეს, რომ დაინერგოს და ოფიციალურად დამტკიცდეს ანაბრების ან თვითონ საკრედიტო დაწესებულებების საგარანტიო ერთი ან მეტი სქემა და სქემები, რომლებიც უზრუნველყოფს მეანაბრეების კომპენსაციით უზრუნველყოფას ან მათ დაცვას წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

(46) რეგულაციამ (EU) No 1093/2010 ევროპის საბანკო უწყებას დააკისრა რამდენიმე დავალება დირექტივასთან 94/19/EC დაკავშირებით.

(47) ევროპის საბანკო უწყებამ, წევრი სახელმწიფოების მიერ ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ზედამხედველობის მიმართ პატივისცემის გამოჩენის პარალელურად, წვლილი უნდა შეიტანოს იმ მიზნის მიღწევაში, რომ საკრედიტო დაწესებულებებს გაუადვილდეთ საქმიანობის წამოწყება და განხორციელება, ამავდროულად, უზრუნველყოს მეანაბრეების ეფექტური დაცვა და მინიმუმამდე დაიყვანოს რისკი გადასახადის გადამხდელთათვის. წევრ სახელმწიფებს კომისია და ევროპის საბანკო უწყება ინფორმირებული უნდა ჰყავდეს მათი სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს ვინაობის შესახებ ევროპის საბანკო უწყებასა და წინამდებარე დირექტივით განსაზღვრულ სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოს შორის თანამშრომლობის მოთხოვნის გათვალისწინებით.

(48) არსებობს ფინანსურ მომსახურებაში სახელმძღვანელო მითითებების შემოღების საჭიროება, რათა მთელ ევროკავშირში უზრუნველყოფილიქნეს თამაშის თანაბარი პირობები და მეანაბრეების სათანადო დაცვა. აღნიშნული სახელმძღვანელო მითითებები უნდა გამოიცეს რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შენატანების დაანგარიშების მეთოდების ზუსტად განსაზღვრისათვის.

(49) ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ეფექტიანი და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში მათი პოზიციების ბალანსირებული განხილვის მიზნით, ევროპის საბანკო უწყებას უნდა შეეძლოს მათ შორის უთანხმოებების მოგვარება, რასაც უნდა მიეცეს სავალდებულო ხასიათი.

(50) წევრ სახელმწიფოებში ანაბრების უზრუნველყოფის სქემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პრაქტიკის განსხვავებათა გათვალისწინებით, წევრი სახელმწიფოები თავისუფალნი უნდა იყვნენ იმის გადაწყვეტაში, თუ ხელისუფლების რომელმა ორგანომ უნდა განსაზღვროს ანაბრების ხელმიუწვდომლობა.

(51) ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა, სპეციალურად უფლებამოსილმა ორგანოებმა, სარეზოლუციო მანდატის მქონე ორგანოებმა, შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და ანაბრების უზრუნველყოფის სქემებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან და განახორციელონ სკუთარი უფლებამოსილებები წინამდებარე დირექტივის შესაბამისად. მათ ადრეული სტადიიდანვე უნდა ითანამშრომლონ სარეზოლუციო ზომების მომზადებასა და განხორცილებაში რათა დაადგინონ ის თანხა, რომლითაც განისაზღვრება ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ვალდებულება იმ შემთხვევებში, როცა ფინანსური საშუალებები გამოიყენება საკრედიტო დაწესებულებების რეზოლუციის დასაფინანსებლად.

(52) ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 290-ე მუხლის შესაბამისად აქტების მიღების უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს ევროკომისიას, რათა დადგინდეს ერთი მეანაბრის მთლიანი ანაბრების სადაზღვევო დაფარვის დონე, როგორც გათვალისწინებულია წინამდებარე დირექტივით, სამომხმარებლო ფასების ინდექსში ცვლილებების საფუძველზე ევროკავშირში განვითარებული ინფლაციის შესაბამისად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ სათანადო კონსულტაციები გამართოს მოსამზადებელი სამუშაოების განმავლობაში, მათ შორის, ექსპერტების დონეზე. დელეგირებული აქტების მომზადებისა და შემუშავებისას, ევროკომისიამ უნდა უზრუნველყოს ევროპარლამენტისა და საბჭოსთვის შესაბამისი დოკუმენტების ერთდროულად, დროულად და სათანადო წესით მიწოდება.

(53 ) განმარტებითი დოკუმენტების შესახებ წევრი სახელმწიფოებისა და ევროკომისიის ერთობლივი პოლიტიკური დეკლარაციის შესაბამისად ([13]), წევრ სახელმწიფოებს აღებული აქვთ ვალდებულება, დასაბუთებულ შემთხვევებში, ტრანსპოზიციის ღონისძიებების შესახებ შეტყობინებას თან დაურთონ ერთი ან მეტი დოკუმენტი, რომელშიც განმარტებული იქნება ურთიერთმიმართება დირექტივის კომპონენტებსა და შიდასახელმწიფოებრივი ტრანსპოზიციის ინსტრუმენტების შესაბამის ნაწილებს შორის. წინამდებარე დირექტივასთან დაკავშირებით, კანონმდებელი აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენას გამართლებულად მიიჩნევს.

ვინაიდან წინამდებარე დირექტივის მიზანი, კერძოდ, ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ფუნქციონირების წესების ჰარმონიზაცია, სათანადოდ ვერ მიიღწევა წევრი სახელმწიფოების მიერ, მაგრამ შეიძლება უკეთ იქნეს მიღწეული ევროკავშირის დონეზე, ევროკავშირს შეუძლია მიიღოს ზომები ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბსიდიარობის პრინციპის შესაბამისად. ამავე მუხლით განსაზღვრული პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, წინამდებარე დირექტივა არ სცილდება ამ მიზნის მიღწევისთვის აუცილებელ ფარგლებს.

(55) წინამდებარე დირექტივის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციის ვალდებულება უნდა შემოიფარგლოს იმ დებულებებით, რომლებიც არსებით ცვლილებებს წარმოადგენს წინა დირექტიტივებთან შედარებით. უცვლელი დებულებების ტრანსპოზიციის ვალდებულება განპირობებულია წინა დირექტივებით.

(56) წინამდებარე დირექტივით არ უნდა შეიზღუდოს წევრი სახელმწიფოების ვალდებულებები II დანართით განსაზღვრული დირექტივების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციის ვადებთან დაკავშირებით,

მიიღეს წინამდებარე დირექტივა:

 

მუხლი 1

საგანი და მოქმედების სფერო

1. წინამდებარე დირექტივა ადგენს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის დაწესებასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს.

2. წინამდებარე დირექტივა ვრცელდება:

(a) კანონით განსაზღვრულ ანაბრების უზრუნველყოფის სქემებზე;

(b) სახელშეკრულებო ანაბრების უზრუნველყოფის სქემებზე, რომლებიც ოფიციალურად არის აღიარებული ანაბრების უზრუნველყოფის სქემებად მე-4(2) მუხლის შესაბამისად;

(c) ინსტიტუციური დაცვის სქემებზე, რომლებიც ოფიციალურად არის აღიარებული ანაბრების უზრუნველყოფის სქემებად მე-4(2) მუხლის შესანამისად;

(d) წინამდებარე პუნქტის (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში მითითებულ სქემებთან დაკავშირებულ საკრედიტო დაწესებულებებზე.

3. მე-16(5) და (7) მუხლებისთვის ზიანის მიუყენებლად, წინამდებარე დირექტივას არ ექვემდებარება შემდეგი სქემები:

(a) სახელშეკრულებო სქემები, რომლებიც ოფიციალურად არ არის აღიარებული ანაბრების უზრუნველყოფის სქემებად, იმ სქემების ჩათვლით, რომლებიც მე-6(1) მუხლით განსაზღვრული სადაზღვევო დაფარვის დონის დამატებით დაცვას უზრუნველყოფს;

(b) დაცვის ინსტიტუციური სქემები, რომლებიც ოფიციალურად არ არის აღიარებული ანაბრების უზრუნველყოფის სქემებად.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პირველი აბზაცის (a) და (b) ქვეპუნტებში მითითებულ სქემებს ჰქონდეთ ადეკვატური ფინანსური საშუალებები ან შესაბამისი დაფინანსების მექანიზმები თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად.

 

მუხლი 2

განმარტებები

1. წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

1) „ანაბრების უზრუნველყოფის სქემა“ ნიშნავს 1(2)-ელი მუხლის (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში მითითებულ სქემას;

2) „ინსტიტუციური დაცვის სქემა“ ნიშნავს ინსტიტუციური დაცვის სქემას რეგულაციის (EU) No 575/2013 113(7)-ე მუხლით გათვალისწინებული მნიშვნელობით;

3) „ანაბარი“ ნიშნავს საკრედიტო ნაშთს, რომელიც მიიღება ანგარიშზე დატოვებული თანხიდან ან ჩვეულებრივი საბანკო ტრანზაქციის შედეგად წარმოქმნილი დროებითი სიტუაციებიდან და რომლის გადახდაც ევალება საკრედიტო დაწესებულებებს შესაბამისი სამართლებრივი და სახელშეკრულებო პირობებით, ფიქსირებული ვადიანი ანაბრისა და შემნახველი ანაბრის ჩათვლით, მაგრამ საკრედიტო ნაშთის გამოკლებით იმ შემთხვევებში, როცა:

(a) მისი არსებობა შეიძლება დამტკიცდეს მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტით, როგორც განსაზღვრულია ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივის 2004/39/EC ([14]) მე-4(17) მუხლით, თუ ის არ არის საანაბრო პროდუქტი, რაც მტკიცდება დასახელებულ პირზე გაცემული სადეპოზიტო სერტიფიკატით და რომელიც წევრ სახელმწიფოში არსებობს 2014 წლის 2 ივლისიდან;

(b) მისი ძირითადი თანხის ანაზღაურება შეუძლებელია ნომინალური ღირებულებით;

(c) მისი ძირითადი თანხის ანაზღაურება ნომინალური ღირებულებით შეიძლება მხოლოდ საკრედიტო დაწესებულების ან მესამე მხარის მიერ უზრუნველყოფილი კონკრეტული გარანტიის ან ხელშეკრულების საფუძველზე;

4) „ანაზღაურებადი ანაბარი“ ნიშნავს ანაბარს, რომელიც არ არის ამოღებული დაცვიდან მე-5 მუხლის შესაბამისად;

5) „დაფარული ანაბარი“ ნიშნავს ანაზღაურებადი ანაბრის იმ ნაწილს, რომელიც არ აღემატება მე-6 მუხლით გათვალისწინებულ სადაზღვევო დაფარვის დონეს;

6) „მეანაბრე“ ნიშნავს ანაბრის მფლობელს ან, საერთო ანაბრის შემთხვევაში, ანაბრის თითოეულ მფლობელს;

7) „საერთო ანგარიში“ ნიშნავს ერთი ან მეტი პირის სახელზე გახსნილ ანგარიშს ან ანგარიშს, რომელზეც ორ ან მეტ პირს გააჩნია უფლებები, რომელთა განხორციელებისთვისაც საჭიროა ამ პირებიდან ერთის ან მეტის ხელმოწერა;

8) „ხელმიუწვდომელი ანაბარი“ ნიშნავს ანაბარს, რომელიც გადასახდელია და ექვემდებარება გადახდას, მაგრამ საკრედიტო დაწესებულებას არ გადაუხდია მასზე გავრცელებული სამართლებრივი და სახელშეკრულებო პირობების თანახმად, რადგან:

(a) შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ, მათი აზრით, შესაბამის საკრედიტო დაწესებულებას მოცემული მომენტისთვის არ შეუძლია ანაბრის დაფარვა უშუალოდ მის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო და დაწესებულებას არც ამის პერსპექტივა გააჩნია ამჟამად; ან

(b) სასამართლო ხელისუფლების ორგანომ გამოიტანა განჩინება უშუალოდ საკრედიტო დაწესებულებების ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, რომელსაც გააჩნია მეანაბრეების მიერ მათთვის მოთხოვნების წაყენების უფლების შეჩერების ეფექტი;

9) „საკრედიტო დაწესებულება“ ნიშნავს საკრედიტო დაწესებულებას რეგულაციის (EU) No 575/2013 მე-4(1) მუხლის 1-ელი ქვეპუნქტით გათვალისწინებული განმარტების თანახმად;

10) „ფილიალი“ ნიშნავს საქმიანობის განხორციელების ადგილს იმ წევრ სახელმწიფოში, რომელიც აყალიბებს საკრედიტო დაწესებულების სამართლებრივად დამოკიდებულ ნაწილს და რომელიც უშუალოდ ახორციელებს საკრედიტო დაწესებულების საქმიანობისათვის დამახასიათებელ ყველა ან ზოგიერთ ტრანზაქციას;

11) „მიზნობრივი დონე“ ნიშნავს ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებების ოდენობას, რისი მიღწევაც მოეთხოვება ანაბრების უზრუნველყოფის სქემას მე-10(2) მუხლის შესაბამისად და რომელიც გამოხატულია მისი წევრების დაფარული ანაბრების პროცენტული ოდენობის სახით;

12) „ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები“ ნიშნავს ნაღდ ფულს, ანაბრებს, დაბალრისკიან აქტივებს, რომელთა ლიკვიდაციაც შეიძლება არაუმეტეს მე-8(1) მუხლში მითითებულ ვადაში, და მე-10(3) მუხლით დადგელ ზღვრამდე არსებულ ანაზრაურების ვალდებულებებს;

13) „ანაზღაურების ვალდებულება“ ნიშნავს საკრედიტო დაწესებულების ვალდებულებას ანაზღაურებისა ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მიმართ, რომლებიც მთლიანად უზრუნველყოფილია, იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგანი:

(a) მოიცავს დაბალრისკიან აქტივებს;

(b) დაუტვირთავია ნებისმიერი მესამე მხარის უფლებებით და არის ანაბრების უზრუნველყოფის სქემის განკარგულებაში;

14) „დაბალრისკიანი აქტივები“ ნიშნავს რეგულაციის (EU) No 575/2013 336-ე მუხლის 1-ელი ცხრილის პირველ ან მეორე კატეგორიაში მითითებულ საგნებს ან ნებისმიერ აქტივებს, რომლებსაც ხელისუფლების კომპეტენტური და სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოები მიიჩნევენ თანაბრად უსაფრთხოდ და ლიკვიდურად;

15) „რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო“ ნიშნავს რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოს რეგულაციის (EU) No 575/2013 მე-4(1) მუხლის 43-ე ქვეპუნქტში მოცემული განმარტების შესაბამისად;

16) „მასპინძელი წევრი სახელმწიფო“ ნიშნავს მასპინძელ წევრ სახელმწიფოს რეგულაციის (EU) No 575/2013 მე-4(1) მუხლის 44-ე ქვეპუნქტში მოცემული განმარტების შესაბამისად;

17) „ხელისისუფლების კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს რეგულაციის (EU) No 575/2013 მე-4(1) მუხლის მე-40 ქვეპუნქტში მოცემული განმარტების შესაბამისად;

18) „სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო“ ნიშნავს ორგანოს, რომელიც ადმინისტრირებას უწევს ანაბრების უზრუნველყოფის სქემას წინამდებარე დირექტივის შესაბამისად ან აღნიშნულ სქემაზე ზედამხედველობის გასაწევად დანიშნული საჯარო ხელისუფლების ორგანო, როდესაც ანაბრების უზრუნველყოფის სქემასთან დაკავშირებულ ოპერაციებს ადმინისტრირებას უწევს კერძო სუბიექტი წინამდებარე დირექტივის შესაბამისად.

2. სადაც წინამდებარე დირექტივაში მოცემულია მითითება რეგულაციაზე (EU) No 1093/2010, ორგანო, რომელიც ადმინისტრირებას უწევს ანაბრების უზრუნველყოფის სქემას, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ანაბრების უზრუნველყოფის სქემასთნ დაკავშირებულ ოპერაციებს ადმინისტრირებას უწევს კერძო სუბიექტი, აღნიშნული სქემის ზედამხედველი საჯარო ხელისუფლების ორგანო, ჩაითვლება ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოდ ამ რეგულაციის მიზნებისთვის, აღნიშნული რეგულაციის მე-4(2) მუხლში მოცემული განმარტების შესაბამისად.

3. წილები ირლანდიის და გაერთიანებული სამეფოს სამშენებლო საზოგადოებებში, გარდა კაპიტალური ხასიათი წილებისა, რომლებიც მოცემულია მე-5(1) მუხლის (b) ქვეპუნქტში, განიხილება როგორც ანაბრები.

 

მუხლი 3

შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები

1. წევრი სახელმწიფოები განსაზღვრავენ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს თავიანთ ტერიტორიაზე მე-2(1) მუხლის მე-8(a) ქვეპუნქტის მიზნებისთვის.

2. ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა, სპეციალურად უფლებამოსილმა ორგანოებმა, სარეზოლუციო მანდატის მქონე ორგანოებმა და შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან და განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებები წინამდებარე დირექტივის შესაბამისად.

შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მიიღოს მე-2(1) მუხლის მე-8(a) ქვეპუნქტში მითითებული გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე და ნებისმიერ შემთხვევაში არაუმეტეს ხუთი სამუშაო დღისა მას შემდეგ, რაც პირველად დარწმუნდება, რომ საკრედიტო დაწესებულებამ ვერ გადაიხადა ანაბარი, რომელიც გადასახდელია და ექვემდებარება გადახდას.

 

მუხლი 4

ოფიციალური აღიარება, წევრობა და ზედამხედველობა

1. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მის ტერიტორიაზე დანერგილი და ოფიციალურად აღიარებული იქნეს ანაბრების უზრუნველყოფის ერთი ან მეტი სქემა.

ეს არ გამორიცხავს სხვადასხვა წევრი სახელმწიფოების ანაბრების უზრუნველყოფის სქემების შერწყმას ან ტრანსასასზღვრო ანაბრების უზრუნველყოფის სქემების წარმოქმნას. მსგავსი ტრანსსასაზღვრო ან შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ანაბრების უზრუნველყოფის სქემები უნდა დამტკიცდეს იმ წევრი სახელმწიფოების მიერ, სადაც წარმოიქმნა ეს ანაბრების უზრუნველყოფის სქემა.

2. სახელშეკრულებო სქემა, როგორც მითითებულია წინამდებარე დირექტივის 1(2)-ლი მუხლის (b) ქვეპუნქტში, შეიძლება ოფიციალურად იქნეს აღიარებული ანაბრების უზრუნველყოფის სქემად, თუ ის შეესაბამება წინამდებარე დირექტივას.

დაცვის ინსტიტუციური სქემა შეიძლება ოფიციალურად იქნეს აღიარებული ანაბრების უზრუნველყოფის სქემად, თუ ის ასრულებს რეგულაციის (EU) No 575/2013 113(7)-ე მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და შეესაბამება წინამდებარე დირექტივას.

3. დირექტივის 2013/36/EU მე-8 მუხლის შესაბამისად წევრ სახელმწიფოში ავტორიზებულმა საკრედიტო დაწესებულებამ არ უნდა მიიღოს ანაბრები, თუ ის არ არის მისი რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში ოფიციალურად აღიარებული სქემის წევრი წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.

4. თუკი საკრედიტო დაწესებულება არ ასრულებს მასზე როგორც ანაბრების უზრუნველყოფის სქემის წევრზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს, რომლებმაც, ანაბრების უზრუნველყოფის სქემასთან თანამშრომლობით, სასწრაფოდ უნდა მიიღონ ყველა სათანადო ზომა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სანქციების დაწესებაც, იმის უზრუნველსაყოფად, რომ საკრედიტო დაწესებულებამ შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები.

5. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული ზომები ვერ უზრუნველყოფს საკრედიტო დაწესებულებების მხრიდან ვალდებულებების შესრულებას, ანაბრების უზრუნველყოფის სქემა, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად და ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოხატული თანხმობით, საკრედიტო დაწესებულებას სულ მცირე ერთი თვით ადრე ატყობინებს თავისი განზრახვის შესახებ ანაბრების უზრუნველყოფის სქემის წევრობიდან მისი გარიცხვის თაობაზე. აღნიშნული შეტყობინების ვადის გასვლამდე გახსნილი ანაბრების სრული დაფარვა გრძელდება ანაბრების უზრუნველყოფის სქემით. თუ აღნიშნული შეტყობინების ვადის გასვლისთვის საკრედიტო დაწესებულება არ შეასრულებს ვალდებულებებს, ის გაირიცხება ანაბრების უზრუნველყოფის სქემიდან.

6. იმ ანაბრების დაფარვა, რომლებიც საკრედიტო დაწესებულების ანაბრების უზრუნველყოფი სქემიდან გარიცხვის თარიღისთვის ჯერაც მოქმედია, გაგრძელდება ამავე ანაბრების უზრუნველყოფის სქემით.

7. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოები მუდმივ ზედამხედველობას უწევენ 1-ელ მუხლში მითითებულ ანაბრების უზრუნველყოფის სქემებს წინამდებარე დირექტივის დაცვის ასპექტში.

ტრანსასაზღვრო ანაბრების უზრუნველყოფის სქემებს ზედამხედველობას უწევენ იმ წევრი სახელმწიფოების სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოების წარმომადგენლები, სადაც აფილირებული საკრედიტო დაწესებულებები არის ავტორიზებული.

8. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ წევრი სახელმწიფოსგან ნებისმიერ დროს და ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს ყველანაირი ინფორმაცია, რაც საჭიროა მეანაბრეთათვის ანაზღაურების მიწოდებაში მოსამზადებლად, მათ შორის უზრუნველყონ მე-5(4) მუხლით განსაზღვრული მონიშვნები.

9. ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ უნდა უზრუნველყოს მეანაბრეთა ანგარიშებთან დაკავშირებული მონაცემების კონფიდენციალურობა და დაცვა. აღნიშნული მონაცემების გადამუშავება უნდა განხორციელდეს დირექტივის 95/46/EC შესაბამისად.

10. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ანაბრების უზრუნველყოფის სქემებმა ჩაატარონ თავიანთი სისტემების სტრეს-ტესტები და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო საკრედიტო დაწესებულებაში აღმოაჩენს პრობლემებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემაში ჩარევა, ანაბრების უზრუნველყოფის სქემა ამის შესახებ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს ინფორმირებული.

აღნიშნული ტესტები უნდა ჩატარდეს, სულ მცირე, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო ხშირადაც. პირველი ტესტი უნდა ჩატარდეს 2017 წლის 3 ივლისს.

სტრეს-ტესტის შედეგების საფუძველზე, ევროპის საბანკო უწყებამ, სულ მცირე, ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაატაროს კოლეგა ექსპერტების შეფასება რეგულაციის (EU) No 1093/2010 30-ე მუხლის შესაბამისად, ანაბრების უზრუნველყოფის სქემების გამძლეობის შესამოწმებლად. ანაბრების უზრუნველყოფის სქემა, ევროპის საბანკო უწყებასთან ინფორმაციის გაცვლისას ექვემდებარება პროფესიული საიდუმლოების მოთხოვნებს აღნიშნული რეგულაციის 70-ე მუხლის შესაბამისად.

11. ანაბრების უზრუნველყოფის სქემებმა თავიანთი სისტემების სტრეს-ტესტების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაცია უნდა გამოიყენონ მხოლოდ აღნიშნული ტესტების ჩასატარებლად და არ შეინახონ იგი ამ მიზნებისთვის საჭირო დროზე დიდი ხნით.

12. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათ ანაბრების უზრუნველყოფის სქემებს ჰქონდეს კარგი და გამჭვირვალე მმართველობის პრაქტიკა. ანაბრების უზრუნველყოფის სქემებმა უნდა აწარმოონ ყოველწლიური ანგარიში თავიანთ საქმიანობაზე.

 

მუხლი 5

ანაბრების ანაზღაურებადობა

1. ქვემოთ მოცემული შემთხვევები არ ექვემდებარება ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მიერ ანაზღაურებას:

(a) წინამდებარე დირექტივის მე-7(3) მუხლის თანახმად, ანაბრები, რომლებსაც ხსნიან სხვა საკრედიტო დაწესებულებები თავიანთ სახელზე და თავიანთი სარგებლობისთვის;

(b) საკუთარი ფულადი სახსრები, როგორც განსაზღვრულია რეგულაციის (EU) No 575/2013 მე-4(1) მუხლის (118) ქვეპუნქტით;

(c) ანაბრები, რომლებიც იხსნება იმ ტრანზაქციების შედეგად, რომლებიც უკავშირდება ფულის გათეთრებაში ნასამართლეობას, როგორც განსაზღვრულია დირექტივის 2005/60/EC 1(2)-ელი მუხლით;

(d) საფინანსო ინსტიტუტების ანაბრები, როგორც განსაზღვრულია რეგულაციის (EU) No 575/2013 მე-4(1) მუხლის 26-ე ქვეპუნქტით;

(e) საინვესტიციო კომპანიების ანაბრები, როგორც განსაზღვრულია დირექტივის 2004/39/EC მე-4(1) მუხლის 1-ლი ქვეპუნქტით;

(f) ანაბრები, რომელთა მფლობელების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა დირექტივის 2005/60/EC მე-9(1) მუხლის შესაბამისად მას შემდეგ, რაც ისინი ხელმიუწვდომელი გახდა;

(g) სადაზღვევო და გადამზღვევი კომპანიების ანაბრები, როგორც განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის 2009/138/EC მე-13 მუხლის (1)-(6) პუნქტებით ([15]);

(h) კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიების ანაბრები;

(i) საპენსიო და დაგროვებითი საპენსიო ფონდების ანაბრები;

(j) საჯარო ხელისუფლების ორგანოების ანაბრები;

(j) საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული სავალო ფასიანი ქაღალდები და საკუთარი აქცეპტებისა და სავალო დოკუმენტებისგან წარმოშობილი ვალდებულებები.

2. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტისაგან გადახვევის სახით, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დაუშვან შემდეგი გამონაკლისები მე-6(1) მუხლით განსაზღვრული სადაზღვევო დაფარვის ფარგლებში:

(a) მცირე და საშუალო ზომის საწარმოების პირადი საპენსიო სქემებისა და პროფესიული საპენსიო სქემების ანაბრები;

(b) ადგილობრივი ხელისუფლების ანაბრები 500 000 ევროს ოდენობის წლიური ბიუჯეტით.

3. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება უზრუნველყონ, რომ ანაბრები, რომლებიც შეიძლება დაირღვეს მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად კერძო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გაცემული სესხის დასაფარად, რომელიც გახსნილია ანაბრის მფლობელი საკრედიტო დაწესებულების ან სხვა დაწესებულების მიერ, აღარ დაექვემდებაროს ანაბრების უზრუნველყოფის სქემით ანაზღაურებას.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საკრედიტო დაწესებულებებმა ანაზღაურებადი ანაბრები მონიშნოს იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს მათი დაუყოვნებელი იდენტიფიცირება.

 

მუხლი 6

სადაზღვევო დაფარვის დონე

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თითოეული მეანაბრის ანაბრების საერთო რაოდენობის სადაზღვევო დაფარვის დონე იყოს 100 000 ევრო ანაბრების ხელმიუწვდომლობის შემთხვევაში.

2. 1-ელ პუნქტთან ერთად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ქვემოთ მოცემული 100 000 ევროზე მეტი ოდენობის ანაბრების დაცვა არანაკლებ 3 თვით და არა უმეტეს 12 თვით მას შემდეგ, რაც მოხდება თანხის დაკრედიტება ან იმ წუთიდან, როცა აღნიშნული ანაბრები გახდება კანონიერად მიმოქცევადი:

(a) ანაბრები, რომლებიც იხსნება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შედეგად კერძო საცხოვრებელი დანიშნულების უძრავ ქონებასთან დაკავშირებით;

(b) ანაბრები, რომლებიც ემსახურება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრულ სოციალურ მიზნებს და უკავშირდება მეანაბრის კონკრეტულ ცხოვრებისეულ მოვლენას, როგორებიცაა ქორწინება, განქორწინება, პენსიაში გასვლა, თანამდებობიდან გათავისუფლება, შემცირება, დაინვალიდება ან სიკვდილი;

(c) ანაბრები, რომლებიც ემსახურება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს და დაფუძნებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი დაზიანების მიყენების ან უკანონოდ მსჯავრის დადებისათვის სადაზღვევო ანაზღაურების ან კომპენსაციის გადახდაზე.

3. 1-ელმა და მე-2 პუნქტებმა ხელი არ უნდა შეუშალოს წევრ სახელმწიფოებს იმ სქემების შენარჩუნებაში ან დანერგვაში, რომლებიც იცავს ხანდაზმულთათვის განკუთვნილ პროდუქტებს და პენსიებს იმ პირობით, რომ აღნიშნული სქემები არა მარტო დაფარავს ანაბრებს, არამედ მოახდენს ამ მხრივ შესაბამისი ყველა პროდუქტისა და სიტუაციის ყოვლისმომცველი სადაზღვევო დაფარვის უზრუნველყოფას.

4. წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ანაზღაურება მოხდეს ნებისმიერი ქვემოთ მოცემული საშუალებით:

(a) იმ წევრი სახელმწიფოს ვალუტაში, სადაც მდებარეობს ანაბრების უზრუნველყოფის სქემა;

(b) იმ წევრი სახელმწიფოს ვალუტაში, სადაც ცხოვრობს ანგარიშის მფლობელი;

(c) ევროში;

(d) ანაგარიშის ვალუტაში;

(e) იმ წევრი სახელმწიფოს ვალუტაში, სადაც განთავსებულია აღნიშნული ანგარიში.

მეანაბრეებს უნდა ეცნობოთ ანაზღაურების ვალუტის შესახებ.

თუკი ანგარიში შენახული იყო გადასახდელი ვალუტისაგან განსხვავებულ ვალუტაში, გამოყენებული უნდა იქნეს ის გაცვლითი კურსი, რომელიც დაფიქსირდა მაშინ, როდესაც შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მე-2(1) მუხლის მე-8(a) ქვეპუნქტის შესაბამისად, ან როდესაც სასამართლო ხელისუფლების ორგანომ გამოიტანა განჩინება მე-2(1) მუხლის მე-8(b) ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც 1-ელ პუნქტში მითითებულ თანხას აკონვერტირებენ ეროვნულ ვალუტაში, საწყის ეტაპზე უნდა გამოიყენონ გაცვლითი კურსი, რომელიც პრევალირებდა 2015 წლის 3 ივლისს.

წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დაამრგვალონ კონვერსიის შედეგად მიღებული თანხა იმ შემთხვევაში, თუ დამრგვალებული თანხა არ აღემატება 5 000 ევროს.

მეორე აბზაცის დაურღვევლად, წევრმა სახელმწიფოებმა სხვა ვალუტაში კონვერტირებული სადაზღვევო დაფარვის დონე უნდა მოარგონ წინამდებარე მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებულ თანხას ყოველ ხუთ წელიწადში. წევრმა სახელმწიფოებმა, კომისიასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, უნდა მოახდინონ სადაზღვევო დაფარვის დონეების წინასწარი რეგულირება გაუთვალიწსინებელი მოვლენების შემთხვევაში, როგორებიცაა ვალუტის რყევა.

6. 1-ელ პუნქტში მითითებული რაოდენობა კომისიამ უნდა განიხილოს პერიოდულად, სულ მცირე,ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, კომისიამ ევროპარლამენტსა და საბჭოს უნდა წარუდგინოს წინადადება იმის თაობაზე, რომ დარეგულირდეს დირექტივის 1-ელ პუნქტში მითითებული თანხა განსაკუთრებით საბანკო სექტორში მიმდინარე განვითარებისა და ევროკავშირის ეკონომიკური და სავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. 2020 წლის 3 ივლისამდე არ უნდა მოხდეს პირველი განხილვა, თუ გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო არ შეიქმნება ამის აუცილებლობა.

7. კომისიას უნდა მიეცეს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება მე-18 მუხლის შესაბამისად, რათა, სულ მცირე, ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც მოახდინოს მე-6 პუნქტში მითითებული თანხის რეგულირება ევროკავშირში ინფლაციის შესაბამისად და სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულ ინდექსში ცვლილებების საფუძველზე, რომელსაც გამოსცემს კომისია წინა რეგულირების შემდეგ.

 

მუხლი 7

გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრა

1. მე-6(1) მუხლში მითითებული ზღვრული ოდენობა ეხება ერთსა და იმავე საკრედიტო დაწესებულებაში გათავსებული ანაბრების საერთო ფულად ოდენობას მიუხედავად ანაბრების რაოდენობისა, ვალუტისა და საკრედიტო დაწესებულების მდებარეობისა ევროკავშირში.

2. მე-6(1) მუხლით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის დაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული მეანაბრის წილი საერთო ანგარიშში.

განსაკუთრებული დებულებების არარსებობის შემთხვევაში, მსგავსი ანგარიში მეანაბრეებს შორის თანაბრად უნდა განაწილდეს.

წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება უზრუნველყონ, რომ ანაბრები ისეთ ანგარიშზე, რომელზეც პასუხისმგებელია ორი ან მეტი პირი ბიზნეს-ამხანაგობის, ასოციაციის ან სხვა ამგვარი ჯგუფის წევრთა სახით სამართალსუბიექტობის გარეშე, შეიძლება გაერთიანდეს და განხილულიქნეს როგორც ერთი მეანაბრის მიერ შექმნილი მე-6(1) მუხლით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის დაანგარიშების მიზნით.

3. როცა მეანაბრეს ანგარიშზე არსებულ თანხაზე არ აქვს სრული უფლებამოსილება, სრული უფლებამოსილების მქონე პირი დაფარული უნდა იქნეს გარანტიით იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ან შესაძლებელია მოხდეს ამ პირის იდენტიფიცირება იმ თარიღამდე, როცა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო მიიღებს მე-2(1) მუხლის (8)(a) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას ან სასამართლო ხელისუფლების ორგანო გამოიტანს მე-2(1) მუხლის (8)(b) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განჩინებას. როდესაც რამდენიმე პირი სრულად არის უფლებამოსილი, თანხის განკარგვის შესახებ არსებული შეთანხმების მიხედვით თითოეული მათგანის წილი გათვალისწინებული იქნება მე-6(1) მუხლით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის დაანგარიშებისას.

4. საანგარიშო თარიღი გადასახდელი თანხის დასაანგარიშებლად უნდა იყოს ის თარიღი, როცა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო მიიღებს მე-2(1) მუხლის (8)(a) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოფიციალურ გადაწყვეტილებას ან როცა სასამართლო ხელისუფლების ორგანო გამოიტანს მე-2(1) მუხლის მე-(8)(b) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განჩინებას. მეანაბრის ვალდებულებები საკრედიტო დაწესებულებების მიმართ არ უნდა იქნეს გათვალისწინებული გადასახდელი თანხის დაანგარიშებისას.

5. თუკი მეანაბრეების ვალდებულებები საკრედიტო დაწესებულებების მიმართ გადასახდელია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მე-2(1) მუხლის (8)(a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოს მიერ მე-2(1) მუხლის მე-(8)(b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანის თარიღში ან უფრო ადრე, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ეს ვალდებულებები გათვალისწინებული იქნეს გადასახდელი თანხის დაანგარიშებისას იმ პირობით, რომ ასეთი გადახდა დასაშვებია იმ კანონით განსაზღვრული და სახელშეკრულებო დებულებებით, რომლებიც მართავს საკრედიტო დაწესებულებასა და მეანაბრეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.

ხელშეკრულების დადებამდე მეანაბრეები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმ საკრედიტო დაწესებულებების მიერ, რომელთა მიმართ მათი ვალდებულებების გათვალისწინება უნდა მოხდეს გადასახდელი თანხის დაანგარიშებისას.

6. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ანაბრების უზრუნველყოფის სქემას ნებისმიერ დროს შეეძლოს საკრედიტო დაწესებულებებისგან თითოეული მეანაბრის ანაზღაურებადი ანაბრის საერთო ჯამის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა.

7. პროცენტი ანაბარზე, რომელიც შეგროვდა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მე-2(1) მუხლის (8)(a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების ან სასამართლო ხელისუფლების ორგანო მიერ მე-2(1) მუხლის მე-(8)(b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანის თარიღამდე მაგრამ არ ყოფილა დაკრედიტებული, უნდა ანაზღაურდეს ანაბრების უზრუნველყოფის სქემით. მე-6(1) მუხლში მითითებული ზღვრული ოდენობა არ უნდა იქნეს გადაჭარბებული.

8. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ანაბრების გარკვეული კატეგორია, რომელიც ემსახურება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრულ სოციალურ მიზანს და რომლის სახელმწიფო დახმარების წესებთან შესაბამისობის გარანტი არის მესამე მხარე, არ იქნეს გათვალისწინებული ერთი და იმავე მეანაბრის მიერ ერთ საკრედიტო დაწესებულებაში გახსნილი ანაბრების შეჯამებისას, როგორც გათვალისწინებულია წინამდებარე მუხლის 1-ელი პუნქტით. მსგავს შემთხვევებში, მესამე მხარის გარანტია უნდა შეიზღუდოს მე-6(1) მუხლით გათვალისწინებული სადაზღვევო დაფარვის დონით.

9. როცა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა საკრედიტო დაწესებულებებს აძლევს სხვადასხვა სავაჭრო ნიშნით მუშაობის უფლებას ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივის 2008/95/EC მე-2 მუხლის ([16]) თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მეანაბრეებს გარკვევით მიეწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკრედიტო დაწესებულება ფუნქციონირებს სხვადასხვა სავაჭრო ნიშნით და წინამდებარე დირექტივის მე-6(1), (2) და (3) მუხლებით გათვალისწინებული სადაზღვევო დაფარვის დონე ვრცელდება საკრედიტო დაწესებულებაში მეანაბრის საკუთრებაში არსებული ანაბრების საერთო რაოდენობაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა შევიდეს წინამდებარე დირექტივის მე-16 მუხლსა და I დანართში მითითებულ მეანაბრის შესახებ ინფორმაციაში.

 

მუხლი 8

ანაზღაურება

1. ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ უნდა უზრუნველყოს, რომ ანაზღაურებადი თანხა ხელმისაწვდომი იყოს შვიდ სამუშაო დღეში იმ თარიღიდან, როცა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო მიიღებს მე-2(1) მუხლის მე-8(a) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას ან სასამართლო ხელისუფლების ორგანო გამოიტანს მე-2(1) მუხლის მე-(8)(b) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განჩინებას.

2. თუმცა წევრმა სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ შემდეგი გადახდის ვადები, გარდამავალი პერიოდით, 2023 წლის 31 დეკემბრამდე:

(a) 20 სამუშაო დღემდე 2018 წლის 31 დეკემბრამდე;

(b) 15 სამუშაო დღემდე 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე;

(c) 10 სამუშაო დღემდე 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე.

3. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ მე-7(3) მუხლით გათვალისწინებული ანაბრები დაექვემდებაროს უფრო ხანგრძლივი ანაზღაურების ვადებს, რომლებიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს იმ თარიღიდან, როცა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო მიიღებს მე-2(1) მუხლის მე-8(a) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას ან სასამართლო ხელისუფლების ორგანო გამოიტანს მე-2(1) მუხლის მე-(8)(b) პუნქტით გათვალისწინებულ განჩინებას.

4. გარდამავალ პერიოდში 2023 წლის 31 დეკემბრამდე, თუ ანაბრების უზრუნველყოფის სქემა ვერ უზრუნველყოფს ანაზღაურებად თანხაზე წვდომას შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში, მეანაბრეებს უნდა მიეცეთ წვდომა მათი დაფარული ანაბრების სათანადო თანხაზე ცხოვრების ხარჯების დასაფარად მოთხოვნიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

ანაბრების უზრუნველყოფის სქემა წვდომას იძლევა სათანადო თანხაზე მხოლოდ ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ან საკრედიტო დაწესებულებების მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, როგორც აღნიშნულია პირველ აბზაცში.

პირველი აბზაცით გათვალისწინებული სათანადო თანხა უნდა გამოიქვითოს ასანაზღაურებელი თანხის ოდენობიდან მე-7 მუხლის შესაბამისად.

5. 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შეიძლება მოხდეს ანაზღაურების გადავადება, როდესაც:

(a) გაურკვეველია აქვს თუ არა პირს ანაზღაურების მიღების უფლება ან როცა ანაბარი არის სამართლებრივი დავის საგანი;

(b) ანაბარზე დაკისრებულია სახელმწიფო მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ დაწესებული შეზღუდვის ზომები;

(c) წინამდებარე მუხლის მე-9 პუნქტისგან გამონაკლისის სახით, არ დაფიქსირებულა ანაბართან დაკავშირებული რაიმე სახის ტრანზაქცია ბოლო 24 თვის მანძილზე (ანგარიში პასიურია);

(d) ასანაზღაურებელი თანხა ითვლება დროებითი მაღალი ნაშთის ნაწილად მე-6(2) მუხლის შესაბამისად; ან

(e) ასანაზღაურებელი თანხა უნდა დაიფაროს მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ანაბრის უზრუნველყოფის სქემით მე-14(2) მუხლის შესაბამისად.

6. ასაზღაურებელი თანხა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ისე, რომ არ გახდეს საჭირო ანაბრის უზრუნველყოფის სქემისგან ამის მოთხოვნა. ამ მიზნით, საკრედიტო დაწესებულებებმა ანაბრების და მეანაბრეების შესახებ აუცილებელი ინფორმაცია უნდა გადაგზავნონ ანაბრების უზრუნველყოფის სქემისაგან მოთხოვნის მიღებისთანავე.

7. ნებისმიერი კორესპონდენცია ანაბრების უზრუნველყოფის სქემასა და მეანაბრეს შორის უნდა მომზადდეს:

(a) ევროკავშირის ინსტიტუტების ოფიციალურ ენაზე, რომელსაც დაფარული ანაბრის მქონე საკრედიტო დაწესებულება იყენებს, როცა სწერს მეანაბრეს; ან

(b) იმ წევრი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე ან ენებზე, სადაც დაფარული ანაბარი არის განთავსებული.

თუკი საკრედიტო დაწესებულება მოქმედებს უშუალოდ სხვა წევრ სახელმწიფოში და არ აქვს ფილიალები, ინფორმაცია ამის შესახებ უნდა მიეწოდოს მეანაბრეს ანგარიშის გახსნისას მის მიერ არჩეულ ენაზე.

8. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვადის მიუხედავად, თუ მეანაბრეს ან ანაბარზე უფლების მქონე ან მისით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ბრალად ედება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ან მისგან გამომდინარე დანაშაული, რომელიც განსაზღვრულია დირექტივის 2005/60/EC 1(2)-ე მუხლით, ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ შეიძლება შეაჩეროს აღნიშნულ მეანაბრესთან დაკავშირებული ნებისმიერი გადახდები სასამართლო განაჩენის გამოტანამდე.

9. ანაზღაურება არ მოხდება, თუ ბოლო 24 თვის მანძილზე არ დაფიქსირებულა ანაბართან დაკავშირებული რაიმე სახის ტრანზაქცია და თუ ანაბრის ღირებულება იმ ადმინისტრაციულ ხარჯზე დაბალია, რომლის დაფარვაც ანაბრის უზრუნველყოფის სქემას მოუხდება აღნიშნული თანხის ანაზღაურების შემთხვევაში.

 

მუხლი 9

სარჩელი ანაბრების უზრუნველყოფის სქემების წინააღმდეგ

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კომპენსაციის მიღების უფლების ფარგლებში მეანაბრეებს შეეძლოთ სარჩელის შეტანა ანაბრების უზრუნველყოფის სქემის წინააღმდეგ.

2. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებისთვის ზიანის მიუყენებლად, ანაბრების უზრუნველყოფის სქემას, რომელიც გადახდას აწარმოებს სახელმწიფო ჩარჩოების ფარგლებში არსებული გარანტიით, უნდა ჰქონდეს მეანაბრეების უფლებების სუბროგაციის უფლება ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცედურებისას იმ თანხის ფარგლებში, რომელიც მეანაბრეებისთვის გადახდილი თანხის ტოლია. როცა ანაბრების უზრუნველყოფის სქემით თანხის გადახდა მოხდება სარეზოლუციო საქმისწარმოების კონტექსტში, მათ შორის სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების ან სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების ჩათვლით, ანაბრების უზრუნველყოფის სქემას შეუძლია შეიტანოს სარჩელი შესაბამისი საკრედიტო დაწესებულების წინააღმდეგ მის მიერ გადახდილი თანხის ტოლი ოდენობის ანაზღაურების მოთხოვნით. ეს სარჩელი განეკუთვნება იმავე კატეგორიას, რასაც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში არსებული დაფარული ანაბრები, რომლებიც წარმართავენ გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ჩვეულებრივ პროცესს დირექტივის 2014/59/EU თანახმად.

3. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება შეზღუდონ ვადა, რომელშიც მეანაბრეებს, რომელთა ანაბრებიც არ არის ანაზღაურებული ან არ დამტკიცებულა ანაბრების უზრუნველყოფის სქემით მე-8(1) და (3) მუხლებით განსაზღვრულ ვადებში, შეეძლებათ მოითხოვონ თავიანთი ანაბრების ანაზღაურება.

 

მუხლი 10

ანაბრების უზრუნველყოფის სქემების დაფინანსება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ანაბრების უზრუნველყოფის სქემას გააჩნდეს ადეკვატური სისტემა პოტენციური ვალდებულებების განსაზღვრისათვის. ანაბრების უზრუნველყოფის სქემისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები აღნიშნული ვალდებულებების პროპორციული უნდა იყოს.

ანაბრების უზრუნველყოფის სქემებმა ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები უნდა შეაგროვონ მათი წევრების მიერ, სულ მცირე, ყოველწლიურად გაკეთებული შენატანებისგან. ამან ხელი არ უნდა შეუშალოს დამატებით დაფინანსებას სხვა წყაროებიდან.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ 2024 წლის 3 ივლისისთვის ანაბრების უზრნველყოფის სქემისთვის ხელმისაწვდომმა ფინასურმა საშუალებებმა მიაღწიოს მისი წევრების დაფარული ანაბრების ოდენობის, სულ მცირე, 0.8 %-იან მიზნობრივ დონეს.

როცა დაფინანსების შესაძლებლობა ჩამორჩება მიზნობრივ დონეს, შენატანების გაკეთება უნდა განახლდეს მიზნობრივი დონის ხელახლა მიღწევამდე მაინც.

თუ, მიზნობრივი დონის პირველად მიღწევის შემდეგ, ხელმისაწვრომმა ფინანსურმა საშუალებებმა დაიკლო მიზნობრივი დონის 2/3-ზე მეტად, რეგულარული შენატანი უნდა განისაზღვროს იმ დონით, რომელიც მიზნობრივი დონის მიღწევას ექვს წლიწადში გახდის შესაძლებელს.

რეგულარული შენატანისას სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული საქმიანობის ციკლის ფაზა და პროციკლური შენატანის შესაძლო გავლენა ყოველწლიური შენატანების განსაზღვრისას, წინამდებარე მუხლის კონტექსტში.

წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება პირველ აბზაცში მითითებული საწყისი ვადა გაახანგრძლივონ მაქსიმუმ ოთხი წლით, თუ ანაბრების უზრუნველყოფის სქემაზე დაგროვილი საერთო თანხა შეადგენს დაფარული ანაბრების 0.8 %-ზე მეტს.

3. მიზნობრივი დონის მისაღწევად გასათვალისწინებელ ხელმისაწვდომ საშუალებებში შესაძლოა შევიდეს ანგარიშსწორების ვალდებულებებიც. ანგარიშსწორების ვალდებულებების საერთო წილმა არ უნდა გადააჭარბოს წინამდებარე მუხლის თანახმად შეგროვილი ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებების ჯამური თანხის 30 %-ს.

წინამდებარე დირექტივის თანმიმდევრული გამოყენების უზრუნველსაყოფად, ევროპის საბანკო ორგანომ უნდა გამოსცეს ანგარიშსწორების ვალდებულებების სახელმძღვანელო მითითებები.

4. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის მიუხედავად, მასში მოცემული ვალდებულებების შესრულების მიზნით, წევრმა სახელმწიფომ შეიძლება შეაგროვოს ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები საკრედიტო დაწესებულებების მიერ გაკეთებული იმ სავალდებულო შენატანების საშუალებით, რომელიც განპირობებულია ამ წევრი სახელმწიფოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე დაწესებული სავალდებულო შენატანების უკვე არსებული სქემით, რაც, თავის მხრივ, ემსახურება სისტემური რისკის, წარუმატებლობისა და დაწესებულებების რეზოლუციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას.

ანაბრების უზრუნველყოფის სქემა უფლებამოსილია აღნიშნული შენატანების ოდენობის ტოლ ოდენობაზე იმ პირობით, რომ ის არ აღემატება წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მიზნობრივ დონეს და რომელსაც წევრი სახელმწიფო მოთხოვნისთანავე გახდის ხელმისაწვდომს აღნიშნული ანაბრების უზრუნველყოფის სქემისთვის ექსკლუზიურად მე-11 მუხლით განსაზღვრული მიზნებისთვის გამოსაყენებლად.

ანაბრების უზრუნველყოფის სქემა აღნიშნულ თანხაზე უფლებამოსილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო ჩათვლის, რომ მათ წევრებისგან არ შეუძლიათ არაგეგმური შენატანების შეგროვება. ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ აღნიშნული თანხა უნდა აანაზაუროს მისი წევრებისგან მიღებული შენატანების საშუალებით მე-10(1) და (2) მუხლის შესაბამისად.

5. მიზნობრივი დონის დაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება ის შენატანები სარეზოლუციო ფინანსურ მექანიზმებში, რომლებიც გათვალისწინებულია დირექტივის 2014/59/EU VII კარით, მათ შორის არც ის ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები, რომლებიც დირექტივის 2014/59/EU 102(1)-ე მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ფინანსური მექანიზმების მიზნობრივი დონის მისაღწევად გამოიყენება.

6. მე-2 პუნქტიდან გამონაკლისის სახით, წევრმა სახელმწიფოებმა, როცა გამართლებულია და კომისიის მიერ დადასტურებისას, შეიძლება მოახდინოს იმ მინიმალური მიზნობრივი დონის ავტორიზაცია, რომელიც მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიზნობრივ დონეზე დაბალია, იმ პირობით, თუ:

(a) მიზნობრივი დონის შემცირება ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ ნაკლებად შესაძლებელია ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებების მნიშვნელოვანი წილი გამოყენებულიქნეს დაფარული მეანაბრეების დასაცავი ღონისძიებებისთვის, გარდა მე-11(2) და (6) მუხლით განსაზღვრულისა; და

(b) საბანკო სექტორი, რომელშიც ფუნქციონირებს ანაბრების უზრუნველყოფის სქემასთან აფილირებული საკრედიტი დაწესებულებები, ხასიათდება დიდი რაოდენობის ისეთი აქტივების მაღალი კონცენტრაციით, რომლებიც ეკუთვნის მცირე რაოდენობის საკრედიტო დაწესებულებებს ან საბანკო ჯგუფებს, რომლებიც ექვემდებარებიან ზედამხედველობას კონსოლიდირებულ საფუძველზე და რომლებიც, მათი ზომის გათვალისწინებით, შესაძლებელია დაექვემდებარონ სარეზოლუციო საქმისწარმოებას წარუმატებლობის შემთხვევაში.

შემცირებული მიზნობრივი დონე არ უნდა იყოს დაფარული ანაბრების 0.5 %-ზე ნაკლები.

7. ანაბრების უზრუნველყოფის სქემისთვის ხელმისაწვდომი საფინანსო საშუალებები უნდა ინვესტირდეს დაბალი რისკით და მრავალ სხვადასხვა სექტორში.

8. თუ ანაბრების უზრუნველყოფის სქემისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები არასკმარისი აღმოჩნდება მეანაბრეების დასაკმაყოფილებლად როცა ანაბრები ხელმიუწვდომელი გახდება, მისმა წევრებმა უნდა გადაიხადონ არაგეგმური შენატანი, რომელიც არ აღემატება მათი დაფარული ანაბრების 0.5 %-ს, ყოველ კალენდარულ წელს. განსაკუთრებულ გარემოებებში და ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს თანხმობით, ანარების უზრუნველყოფის სქემამ შესაძლოა მოითხოვოს უფრო მაღალი შენატანი.

ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გადაავადოს საკრედიტო დაწესებულების მიერ ანაბრების უზრუნველყოფის სქემისთვის არსებული არაგეგმური შენატანის ანაზღაურება, თუკი ეს შენატანი საკრედიტო დაწესებულების ლიკვიდურობასა და გადახდისუნარიანობას საფრთხეს შეუქმნის. მსგავსი გადავადება არ უნდა დაიშვას ექვს თვეზე მეტი ვადით, მაგრამ შეიძლება განახლდეს საკრედიტო დაწესებულების მოთხოვნით. ამ პუნქტის შესაბამისად გადავადებული შენატანის ანაზღაურება უნდა მოხდეს, როცა აღნიშნული ანგარიშსწორება საფრთხეს აღარ შეუქმნის საკრედიტო დაწესებულების ლიკვიდურობასა და გადახდისუნარიანობას.

9. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ანაბრების უზრუნველყოფის სქემას ჰქონდეს ალტერნატიული დაფინანსების ადეკვატური მექანიზმები, რაც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ მოკლევადიანი დაფინანსება ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მიმართ წაყენებული სარჩელების დასაკმაყოფილებლად.

10. წევრმა სახელმწიფოებმა, ყოველი წლის 31 მარტისთვის, ევროპის საბანკო ორგანოს უნდა შეატყობინონ თავიანთ წევრ სახელმწიფოში დაფარული ანაბრების ოდენობა და წინა წლის 31 დეკემბერისთვის მათი ანაბრების უზრუნველყოფის სქემაზე ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებების ოდენობა.

 

მუხლი 11

ფულადი სახსრების გამოყენება

1. მე-10 მუხლში მითითებული ფინანსური საშუალებები, უპირველეს ყოვლისა, გამოყენებული უნდა იქნეს მეანაბრეებისათვის ანაზღაურების მისაწოდებლად, წინამდებარე დირექტივის შესაბამისად.

2. ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ფინანსური საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს საკრედიტო დაწესებულებების რეზოლუციის დასაფინანსებლად დირექტივის 2014/59/EU 109-ე მუხლის შესაბამისად. სარეზოლუციო ორგანომ, ანაბრების უზრუნველყოფის სქემასთან კონსულტირების შემდეგ, უნდა განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც ეკისრება ანაბრების უზრუნველყოფის სქემას.

3. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება ანაბრების უზრუნველყოფის სქემას საშუალება მისცენ, გამოიყენოს ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები ალტერნატიული ზომებისთვის, რათა თავიდან აიცილონ საკრედიტო დაწესებულებების წარუმატებლობა იმ პირობით, თუ:

(a) სარეზოლუციო მანდატის მქონე ორგანოს არ განუხორციელებია არანაირი სარეზოლუციო ქმედება დირექტივის 2014/59/EU 32-ე მუხლის შესაბამისად;

(b) ანაბრების უზრუნველყოფის სქემას გააჩნია სათანადო სისტემები და პროცედურები ალტერნატიული ზომების შესარჩევად, განსახორციელებლად და მათთან დაკავშირებული რისკების მონიტორინგისთვის;

(c) აღნიშნული ზომების ხარჯები არ აღემატება ანაბრების უზრუნველყოფის სქემის კანონით განსაზღვრული და სახელშეკრულებო მინდობილობის შესრულების ხარჯებს.

(d) ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მიერ ალტერნატიული ზომების გამოყენება დაკავშირებულია მხარდაჭერილ საკრედიტო დაწესებულებებზე დაკისრებულ პირობებთან, რაც მოიცავს, სულ მცირე, რისკის უფრო მკაცრ მონიტორინგს და გადამოწმების მეტ უფლებებს ანაბრების უზრუნველყოფის სქემისათვის.

(e) ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მიერ ალტერნატიული ზომების გამოყენება დაკავშირებულია მხარდაჭერილი საკრედიტო დაწესებულებების ვალდებულებებთან, რომლის მიზანია დაფარულ ანაბრებზე წვდომის დაცვა;

(f) აფილირებული საკრედიტო დაწესებულებების შესაძლებლობა გააკეთოს საგანგებო შენატანი წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დასტურდება ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს შეფასებაში.

ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ კონსულტაცია უნდა გაუწიოს სარეზოლუციო ორგანოს და ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს საკრედიტო დაწესებულებაზე დაკისრებული ღონისძიებებისა და პირობების შესახებ.

4. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ალტერნატიული ზომები არ იქნება გამოყენებული, თუ ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო, სარეზოლუციო ორგანოსთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, ჩათვლის, რომ დირექტივის 2014/59/EU 27(1) მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ქმედებების პირობები დაკმაყოფილებულია.

5. თუ ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები გამოიყენება წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აფილირებულმა საკრედიტო დაწესებულებებმა ანაბრების უზრუნველყოფის სქემებს მაშინვე უნდა მიაწოდონ ალტერნატიული ზომებისთვის გამოსაყენებელი საშუალებები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დაუგეგმავი შენატანების სახითაც, როცა:

(a) ჩნდება მეანაბრეთათვის ანაზღაურების მიწოდების საჭიროება და ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებების ოდენობა მიზნობრივი დონის 2/3-ზე ნაკლებია;

(b) ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები მინზობრივი დონის 25 %-ზე ნაკლებია.

6. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები გამოყენებულიქნეს იმ ზომების დასაფინანსებლად, რომლებიც უზრუნველყოფს მეანაბრეების წვდომას დაფარულ ანაბრებზე, მათ შორის აქტივებისა და ვალდებულებების თუ სადეპოზიტო წიგნის გადატანას, სახელმწიფო გადახდისუუნარობის საქმისწარმოების პროცესის კონტექსტში, იმ პირობით, რომ ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მიერ გაწეულმა ხარჯებმა არ გადააჭარბოს შესაბამის საკრედიტო დაწესებულებაში დაფარული მეანაბრეების საკონპენსაციო თანხის სუფთა ოდენობას.

 

მუხლი 12

ანაბრების უზრუნველყოფის სქემებს შორის თანხის სესხება

1. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება ანაბრების უზრუნველყოფის სქემებს ევროკავშირის სხვა ანაბრების უზრუნველყოფის სქემებზე თანხის გასესხების ნება მისცენ, ნებაყოფლობით, იმ პირობით, თუ:

(a) სესხის ამღებ ანაბრების უზრუნველყოფის სქემას არ შეუძლია მე-9(1) მუხლით გათვალისწინებული საკუთარი ვალდებულებების შესრულება ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებების ნაკლებობის გამო მე-10 მუხლის თანახმად;

(b) სესხის ამღებმა ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ დახმარებისთვის მიმართა მე-10(8) მუხლში მითითებულ საგანგებო შენატანებს;

(c) სესხის ამღები ანაბრების უზრუნველყოფის სქემა იღებს სამართლებრივ ვალდებულებას, რომ ნასესხები თანხა გამოყენებული იქნება მე-9(1) მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად.

(d) სესხის ამღებ ანაბრების უზრუნველყოფის სქემას ამჟამად არ გააჩნია სხვა ანაბრების უზრუნველყოფის სქემებისთვის სესხის გადახდის ვალდებულება წინამდებარე მუხლის თანახმად;

(e) სესხის ამღები ანაბრების უზრუნველყოფს სქემა ასახელებს მოთხოვნილ თანხას;

(f) გაცემული ვალის მთლიანი რაოდენობა არ აჭარბებს სესხის ამღები ანაბრების უზრუნველყოფის სქემით დაფარული ანაბრების 0.5 %-ს;

(g) სესხის გამცემი ანაბრების უზრუნველყოფის სქემა დაუყოვნებლივ მიაწვდის ინფორმაციას ევროპის საბანკო უწყებას და ასახელებს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზეზებსა და მოთხოვნილ თანხას.

2. სესხი ექვემდებარება შემდეგ პირობებს:

(a) სესხის ამღებმა ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ სესხი უნდა გადაიხადოს ხუთ წელიწადში. მან შეიძლება სესხი გადაიხადოს წლიური შენატანების სახით. პროცენტი გადასახდელია მხოლოდ გადახდის დროს;

(b) დაწესებული საპროცენტო განაკვეთი, სულ მცირე, ევროპის ცენტრალური ბანკის მარგინალური სესხის გამცემი დაწესებულების განაკვეთის ეკვივალენტური მაინც უნდა იყოს საკრედიტო პერიოდში;

(c) სესხის გამცემმა ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ ევროპის საბანკო უწყებას უნდა შეატყობინოს თავდაპირველი საპროცენტო განაკვეთისა და სესხის ვადის შესახებ.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზუნველყონ, რომ სესხის ამღები ანაბრების უზრუნველყოფის სქემისათვის დაწესებული შენატანები იყოს საკმარისი ნასესხები თანხის რაც შეიძლება მალე ასანაზღაურებლად და მიზნობრივი დონის ხელახლა დასაწესებლად.

 

მუხლი 13

ანაბრების უზრუნველყოფის სქემებში შენატანების დაანგარიშება

1. მე-10 მუხლით გათვალისწინებული შენატანები ანაბრების უზრუნველყოფის სქემებში დაფუძნებული უნდა იყოს დაფარული ანაბრების რაოდენობაზე და შესაბამისი წევრის მიერ გაწეულ რისკზე.

წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება უზრუნველყონ უფრო ნაკლები შენატანები უფრო დაბალი რისკის მქონე სექტორებისთვის, რომლებიც რეგულირდებიან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ ინსტიტუციური დაცვის სქემის წევრებმა გააკეთონ უფრო დაბალი შენატანი ანაბრების უზრუნველყოფის სქემაში.

წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დაუშვან, რომ ცენტრალური ორგანო და ყველა ის საკრედიტო დაწესებულება, რომელიც სამუდამოდ არის აფილირებული ცენტრალურ ორგანოსთან რეგულაციის (EU) No 575/2013 მე-10(1) მუხლის შესაბამისად, დაექვემდებაროს ცენტრალური ორგანოსა და მასთან აფილირებული დაწესებულებებისთვის განსაზღვრულ რისკის წონით კოეფიციენტს, როგორც ერთი მთლიანი, კონსოლიდირებულ საფუძველზე.

წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ საკრედიტო დაწესებულებებმა გააკეთონ მინიმალური შენატანი, მიუხედავად მათი დაფარული ანაბრების ოდენობისა.

2. ანაბრების უზრუნველყოფის სქემებმა შეიძლება გამოიყენონ რისკის შეფასებაზე დაფუძნებული საკუთარი მეთოდები მათი წევრების მიერ რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შენატანების დასაანგარიშებლად. შენატანების დაანგარიშება წევრების მიერ გაწეული რისკის პროპორციული უნდა იყოს და სათანადოდ უნდა ითვალისწინებდეს სხვადასხვა ბიზნესმოდელების რისკის პროფილს. აღნიშნულმა მეთოდებმა ასევე მხედველობაში უნდა მიიღოს საბალანსო უწყისის აქტივების მხარე და რისკის ინდიკატორები, როგორებიცაა კაპიტალის ადეკვატურობა, აქტივების ხარისხი და ლიკვიდურობა.

თითოეული მეთოდი უნდა დაამტკიცოს ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანომ სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოსთან თანამშრომლობით. ევროპის საბანკო უწყებას უნდა ეცნობოს დამტკიცებული მეთოდების შესახებ.

3. წინამდებარე დირექტივის თანმიმდევრული გამოყენების უზრუნველსაყოფად, ევროპის საბანკო უწყებამ 2015 წლის 3 ივლისამდე უნდა გამოუშვას სახელმძღვანელო მითითებები რეგულაციის (EU) No 1093/2010 მე-16 მუხლის თანახმად, იმ მეთოდების დასაკონკრეტებლად, რომლებიც საჭიროა ანაბრების უზრუნველყოფის სქემაში შენატანების დასაანგარიშებლად წინამდებარე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.

კერძოდ, მასში უნდა შევიდეს საანგარიშო ფორმულა, კონკრეტული მაჩვენებლები, რისკის კლასები წევრებისთვის, რისკის კლასზე დაკისრებული კონკრეტული რისკის წონითი კოეფიციენტის ზღვრული მნიშვნელობა და სხვა აუცილებელი ელემენტები.

2017 წლის 3 ივლისისთვის და მას შემდეგ, სულ მცირე, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ევროპულმა საბანკო უწყებამ უნდა აწარმოოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემების მიერ გამოყენებული რისკზე დაფუძნებული ან ალტერნატიულ საკუთარ რისკებზე დაფუძნებული მეთოდების განხილვა.

 

მუხლი 14

თანამშრომლობა ევროკავშირში

1. ანაბრების უზრუნველყოფის სქემებით უნდა მოხდეს მეანაბრეების დაფარვა ფილიალებში, რომლებიც დაარსებულია მათი წევრი საკრედიტო დაწესებულების მიერ სხვა წევრ სახელმწიფოში.

2. მეანაბრეები საკრედიტო დაწესებულებების მიერ სხვა წევრ სახელმწიფოში დაარსებულ ფილიალებში იღებენ ანაზღაურებას მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემით რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის სახელით. მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემით ანაზღაურება უნდა მოხდეს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ინსტრუქციების შესაბამისად. მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ არ უნდა აიღოს არავითარი ვალდებულება იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მიერ გაცემული ინსტრუქციებით. რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ, თანხის დაფარვის წინ, უნდა უზრუნველყოს აუცილებელი დაფინასება და უნდა აანაზღაუროს მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მიერ გაწეული ხარჯები.

მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ ასევე უნდა მოახდინოს დაინტერესებული მეანაბრეების ინფორმირება რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის სახელით და ასევე უფლებამოსილია მიიღოს კორესპონდენცია აღნიშნული მეანაბრეებისგან რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს სახელით.

3. თუ საკრედიტო დაწესებულება წყვეტს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის წევრობას და უერთდება სხვა ანაბრების უზრუნველყოფის სქემას, წევრობის შეწყვეტამდე 12 თვით ადრე გაკეთებული შენატანები, მე-10(8) მუხლით გათვალისწინებული არაგეგმური შენატანების გარდა, გადატანილი უნდა იქნეს ამ ანაბრების უზრუნველყოფს სქემაში. ეს არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საკრედიტო დაწესებულება ირიცხება ანაბრების უზრუნველყოფის სქემიდან მე-4(5) მუხლის შესაბამისად.

თუ საკრედიტო დაწესებულების ზოგი საქმიანობა გადავა სხვა წევრ სახელმწიფოში და, ამგვარად, დაექვემდებარება სხვა ანაბრების უზრუნველყოფის სქემას, გადასვლამდე 12 თვით ადრე ამ საკრედიტო დაწესებულების მიერ გაკეთებული შენატანები, მე-10(8) მუხლით გათვალისწინებული საგანგებო შენატანების გარდა, გადაეცემა ამ ანაბრების უზრუნველყოფის სქემას გადაცემული დაფარული ანაბრების თანხის ოდენობის პროპორციულად.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ გაცვალოს მე-4(7), (8) და (10) მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია მასპინძელი წევრი სახელმწიფოების ანაბრების უზრუნველყოფის სქემებთან. მოქმედებს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები.

თუ საკრედიტო დაწესებულება აპირებს, ერთი ანაბრების უზრუნველყოფის სქემიდან მეორეზე გადასვლას წინამდებარე დირექტივის შესაბამისად, მან, სულ მცირე, ექვსი თვით ადრე უნდა გაგზავნოს შეტყობინება თავისი განზრახვის შესახებ. ამ პერიოდის მანძილზე საკრედიტო დაწესებულება ინაარჩუნებს მისი თავდაპირველი ანაბრებების უზრუნველყოფის სქემაში შენატანების გაკეთების ვალდებულებას მე-10 მუხლის შესაბამისად როგორც მომავალ, ისე არსებულ დაფინანსებასთან მიმართებაში.

5. ანაბრების უზრუნველყოფის სქემებს შორის ეფექტური თანამშრომლობის ხელშესაწყობად, განსაკუთრებით ამ მუხლის და მე-12 მუხლის გათვალისწინებით, ანაბრერების უზრუნველყოფის სქემებს ან, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოებს უნდა გააჩნდეთ თანამშრომლობის შესახებ წერილობითი შეთანხმებები. აღნიშნულ შეთანხმებებში გათვალისწინებული უნდა იყოს მე-4(9) მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.

სპეციალურად უფლებამოსილმა ორგანომ ევროპულ საბანკო უწყებას უნდა შეატყობინოს ასეთი შეთანხმებების არსებობისა და მათი შინაარის შესახებ და ევროპულმა საბანკო უწყებამ შეიძლება გამოსცეს მოსაზრებები რეგულაციის (EU) No 1093/2010 34-ე მუხლის შესაბამისად. თუ სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოები ან ანაბრების უზრუნველყოფის სქემები ვერ აღწევენ შეთანხმებას ან არსებობს უთანხმოება შეთანხმების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, ნებისმიერ მხარეს შეუძლია ამ საკითხით მიმართოს ევროპის საბანკო უწყებას რეგულაციის (EU) No 1093/2010 მე-19 მუხლის შესაბამისად და ევროპის საბანკო უწყებამ უნდა იმოქმედოს ამავე მუხლის შესაბამისად.

მსგავსი შეთანხმებების არარსებობამ გავლენა არ უნდა იქონიოს მეანაბრეების მე-9(1) მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე ან საკრედიტო დაწესებულებების წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე.

6. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გატარებული იქნეს სათანადო პროცედურები, რომლებიც საშუალებას მისცემს ანაბრების უზრუნველყოფის სქემებს გაუზიარონ ინფორმაცია და დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია სხვა ანაბრების უზრუნველყოფის სქემებთან, მათთან აფილირებულ საკრედიტო დაწესებულებებთან და შესაბამის ხელისუფლების კომპეტენტურ და სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოებთან მათი იურისდიქციის ფარგლებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სხვა უწყებებთანაც ტრანსსასაზღვრო დონეზე.

7. ევროპის საბანკო უწყებამ და კომპეტენტურმა და სპეციალურად უფლებამოსილმა ორგანოებმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ და განახორციელონ უფლებამოსილებები წინამდებარე დირექტივის დებულებებისა და რეგულაციის (EU) No 1093/2010 თანახმად.

წევრმა სახელმწიფოებმა მათი სპეციაურად უფლებამოსილი ორგანოების საიდენტიფიკაციო მონაცემები უნდა მიაწოდონ კომისიასა და ევროპის საბანკო უწყებას 2015 წლის 3 ივლისამდე.

8. ევროპის საბანკო სისტემამ უნდა ითანამშრომლოს ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციით (EU) No 1092/2010 ([17]) დაფუძნებულ ევროპის სისტემური რისკების საბჭოსთან (ESRB) იმ სისტემატური რისკების ანალიზთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ანაბრების უზრუნველყოფის სქემებს.

 

მუხლი 15

მესამე ქვეყნებში დაფუძნებული საკრედიტო დაწესებულების ფილიალები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეამოწმონ, რომ იმ საკრედიტო დაწესებულების მიერ მათ ტერიტორიაზე დაფუძნებულ ფილიალებს, რომელსაც მთავარი ოფისი აქვთ ევროკავშირის გარეთ, ჰქონდეთ წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული დაცვის ეკვივალენტური დაცვა.

თუ დაცვა არ არის ეკვივალენტური, წევრმა სახელმწიფოებმა, დირექტივის 2013/36/EU 47(1)-ე მუხლის თანახმად, შეიძლება დათქვან, რომ საკრედიტო დაწესებულებების მიერ დაარსებული ფილიალები, რომლებსაც სათავო ოფისი აქვთ ევროკავშირის გარეთ, შეუერთდნენ ანაბრების უზრუნველყოფის სქემას, რომელიც მოქმედებს მათი ტერიტორიის ფარგლებში.

წინამდებარე პუნქტის პირველი აბზაცით გათვალისწინებული შემოწმების ჩატარებისას, წევრმა სახელმწიფოებმა, სულ მცირე, უნდა შეამოწმონ, სარგებლობენ თუ არა მეანაბრეები იმავე სადაზღვევო დაფარვის დონითა და დაცვის მასშტაბებით, როგორც გათვალისწინებულია წინამდებარე დირექტივით.

2. საკრედიტო დაწესებულების მიერ დაარსებულმა თითოეულმა ფილიალმა, რომელსაც სათავო ოფისი აქვს ევროკავშირის გარეთ და რომელიც არ არის წევრ სახელმწიფოში მოქმედი ანაბრების უზრუნველყოფის სქემის წევრი, უნდა წარმოადგინოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია ფილიალის არსებულ და პოტენციურ მეანაბრეთა ანაბრების საგარანტიო შეთანხმებების შესახებ.

3. მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა გახდეს იმ ენაზე, რომელზეც მეანაბრე და საკრედიტო დაწესებულება შეთანხმდნენ ანგარიშის გახსნისას ან იმ წევრი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე ან ენებზე, რომელშიც არის ფილიალი დაფუძნებული, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, და უნდა იყოს ნათელი და გასაგები.

 

მე-16 მუხლი

მეანაბრის შესახებ ინფორმაცია

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საკრედიტო დაწესებულებებმა არსებული და პოტენციური მეანაბრეებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია, რომელიც საჭიროა იმ ანაბრების უზრუნველყოფის სქემის იდენტიფიკაციისთვის, რომლის წევრებიც არიან ეს დაწესებულება და მისი ფილიალები, ევროკავშირის ფარგლებში. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საკრედიტო დაწესებულებებმა არსებულ და პოტენციურ მეანაბრეებს ინფორმაცია მიაწოდონ ანაბრების უზრუნველყოფის სქემის დაცვიდან ამოღებასთან დაკავშირებით.

2. ანაბრის აღებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების დადებამდე, მეანაბრეებს უნდა მიეწოდოთ 1-ელ პუნქტში მითითებული ინფორმაცია. მათ უნდა დაადასტურონ ინფორმაციის მიღება. აღნიშნული მიზნისთვის გამოიყენება I დანართში მოცემული ნიმუში.

3. დასტური იმისა, რომ ანაბარი ანაზღაურებადია მეანაბრეს უნდა მიეთითოს ანგარიშის ამონაწერზე, სადაც ასევე მითითებული უნდა იყოს I დანართით გათვალისწინებული საინფორმაციო ბარათი. ამასთანავე, საინფორმაციო ბარათზე უნდა მიეთითოს შესაბამისი ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ვებგვერდი. I დანართით განსაზღვრული საინფორმაციო ბარათი მეანაბრეს უნდა მიეწოდოს, სულ მცირე, ყოველწლიურად.

ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ვებგვერდზე მოცემული უნდა იყოს მეანაბრისთვის საჭირო ინფორმაცია, კერძოდ ინფორმაცია ანაბრების გარანტიის პირობებისა და პროცესის შესახებ დებულებებზე, როგორც გათვალისწინებულია წინამდებარე დირექტივით.

4. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა გახდეს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი წესით იმ ენაზე, რომელზეც მეანაბრე და საკრედიტო დაწესებულება შეთანხმდა ანგარიშის გახსნისას ან იმ წევრი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე ან ენებზე, რომელშიც ფილიალია დაფუძნებული.

5. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეზღუდონ 1-ელ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული ინფორმაციის რეკლამაში გამოყენება და უნდა შემოიფარგლონ იმ ანაბრების უზრუნველყოფის სქემის უბრალო მითითებით, რომელიც უზრუნველყოფს რეკლამირებული პროდუქტის გარანტიას, და იმ დამატებითი ინფორმაციით, რომელსაც მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

რეკლამაში გამოყენებულ ინფორმაციაში შეიძლება ასევე შევიდეს ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ფუნქციონირების ფაქტობრივი აღწერა, მაგრამ არ უნდა შეიცავდეს მითითებას ანაბრების შეუზღუდავ სადაზღვევო დაფარვაზე.

6. შვილობილი საწარმოების ფილიალებად შერწყმის, კონვერსიის ან სხვა მსგავსი ოპერაციების შემთხვევაში, მეანაბრეებს ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ, სულ მცირე, ერთი თვით ადრე მანამ, სანამ ოპერაცია იურიდიულად შევა ძალაში, თუ ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო არ დაუშვებს უფრო მოკლე ვადას კომერციული საიდუმლოების ან ფინანსური სტაბილურობის საფუძველზე.

შერწყმის ან კონვერსიის ან სხვა მსგავსი ოპერაციის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, მეანაბრეს ეძლევა სამთვიანი პერიოდი მისი ანაზღაურებადი ანაბრების გამოსატანად ან სხვა საკრედიტო დაწესებულებაში გადასატანად დაგროვებული პროცენტითა და სარგებლითურთ, ჯარიმის დაუკისრებლად, იმ პირობით, თუ მათ გადაჭარბებული ჰქონდათ მე-6 მუხლით გათვალისწინებული სადაზღვევო დაფარვის დონე ოპერაციის შესრულების დროს.

7. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ, თუ საკრედიტო დაწესებულება გამოვა ან გაირიცხება ანაბრების უზრუნველყოფის სქემიდან, საკრედიტო დაწესებულებამ თავის მეანაბრეს აღნიშნული გასვლის ან გარიცხვის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ერთი თვის ფარგლებში.

8. თუ მეანაბრე იყენებს ინტერნეტ ბანკს, ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც წინამდებარე დირექტივითაა მოთხოვნილი, შეიძლება გაიცეს ელექტრონული საშუალებებით. მეანაბრის მოთხოვნის შემთხვევაში, ის შეიძლება გაიცეს ქაღალდზე.

 

მუხლი 17

ავტორიზებული საკრედიტო დაწესებულებების სია

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ევროპის საბანკო უწყებისთვის ავტორიზაციის შესახებ შეტყობინებისას დირექტივის 2013/36/EU მე-20(1) მუხლის თანახმად, ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა მიუთითონ, თუ რომელი ანაბრების უზრუნველყოფის სქემის წევრია თითოეული საკრედიტო დაწესებულება.

2. დირექტივის 2013/36/EU მე-20(2) მუხლის თანახმად, ავტორიზებული საკრედიტო დაწესებულებების სიის გამოქვეყნებისა და განახლებისას, ევროპის საბანკო უწყებამ უნდა მიუთითოს, თუ რომელი ანაბრების უზრუნველყოფის სქემის წევრია თითოეული საკრედიტო დაწესებულება.

 

მე-18 მუხლი

დელეგირების განხორციელება

1. ევროკომისიას დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება ენიჭება ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. მე-6(7) მუხლით გათვალისწინებული დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება ევროკომისიას ენიჭება განუსაზღვრელი ვადით.

3. მე-6(7) მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებათა დელეგირება შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს ევროპარლამენტის ან საბჭოს მიერ. გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებით დასრულდება ამ გადაწყვეტილებაში მითითებული უფლებამოსილების დელეგირება. ზემოაღნიშნული ძალაში უნდა შევიდეს გადაწყვეტილების ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს ან მოგვიანებით, როგორც ეს მითითებულია ამ გადაწყვეტილებაში. გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს უკვე მოქმედი დელეგირებული აქტების მოქმედებაზე.

4. დელეგირებული აქტის მიღებისთანავე, ევროკომისიამ იმავდროულად უნდა შეატყობინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს აღნიშნულის შესახებ.

5. მე-6(7) მუხლის თანახმად მიღებული დელეგირებული აქტი ძალაში შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტი ან საბჭო არ გამოხატავს წინააღმდეგობას ამ აქტის შესახებ მათთვის შეტყობინებიდან სამი თვის ვადაში ან თუ ამ ვადის ამოწურვამდე ევროპარლამენტი და საბჭო აცნობებენ ევროკომისიას, რომ არ ეწინააღმდეგებიან ასეთი აქტის მიღებას. ევროპარლამენტის ან საბჭოს ინიციატივით ეს პერიოდი უნდა გაგრძელდეს სამი თვით.

 

მუხლი 19

გარდამავალი დებულებები

1. როცა გარკვეული ანაბრები, ანაბრების კატეგორიები ან სხვა ინსტრუმენტები, მთლიანად ან ნაწილობრივ, აღარ დაიფარება ანაბრების უზრუნველყოფის სქემით, წინამდებარე დირექტივის ან დირექტივის 2009/14/EC შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციის შემდეგ, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დაუშვან, რომ ანაბრები და სხვა ინსტრუმენტები, რომლებსაც აქვთ საწყისი გადახდის თარიღი, დაიფაროს მათი საწყისი გადახდის თარიღამდე, თუ მათი გადახდა ან გაცემა მოხდა 2014 წლის 2 ივლისამდე.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მეანაბრეების ინფორმირება იმ ანაბრების, ანაბრების კატეგორიების ან სხვა ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც 2015 წლის 3 ივლისიდან აღარ დაიფარება ანაბრების უზრუნველყოფის სქემით.

3. მიზნობრივი დონის პირველად მიღწევამდე, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გამოიყენონ მე-11(5) მუხლში მოცემული ზღვრული მნიშვნელობები ხელმისაწვდომ ფინანსურ საშუალებებთან მიმართებაში.

4. მე-6(1) მუხლიდან გამონაკლისის სახით, წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებმაც 2008 წლის 1 იანვარს ჰქონდათ სადაზღვევო დაფარვის დონე 100 000-დან 300 000 ევრომდე ფარგლებში, შეიძლება ისევ გამოიყენონ ეს უფრო მაღალი სადაზღვევო დაფარვის დონე 2008 წლის 31 დეკემბრამდე. ამ შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულებების მიზნობრივი დონე და შენატანები უნდა დარეგულირდეს შესაბამისად.

5. 2019 წლის 3 ივლისისთვის, კომისიამ ევროპარლამენტსა და საბჭოს უნდა წარუდგინოს მოხსენება და, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო წინადადებება, სადაც დადგენილი იქნება, თუ ევროკავშირში ფუნქციონირებადმა ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ როგორ შეიძლება ითანამშრომლოს ევროპული სქემით ტრანსასაზღვრო საქმიანობიდან გამომდინარე რისკების თავიდან ასაცილებლად და მსგავსი რისკებისგან ანაბრების დასაცავად.

6. 2019 წლის 3 ივლისისთვის, ევროპის საბანკო უწყების მიერ მხარდაჭერილმა კომისიამ ევროპარლამენტსა და საბჭოს უნდა წარუდგინოს ანგარიში წინამდებარე დირქტივის განხორციელებასთან დაკავშირებული პროგრესის შესახებ. ანგარიში, განსაკუთრებით, უნდა შეეხოს:

(a) მიზნობრივ დონეს დაფარული ანაბრებების საფუძველზე, დადგენილი პროცენტული რაოდენობის შესაბამისობის შეფასებით და წარსულში საკრედიტო დაწესებულების წარუმატებლობის გათვალისწინებით ევროკავშირში;

(b) მე-11(3) მუხლის შესაბამისი ალტერნატიული ზომების გავლენას მეანაბრეების დაცვაზე და საბანკო სექტორში არსებულ, ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დაწყებულ მოწესრიგებულ სამართალწარმოებასთან შესაბამისობას;

(c) საბანკო მოდელების მრავალფეროვნების გავლენას;

(d) არსებული დაფარვის დონის ადეკვატურობას მეანაბრეებისთვის; და

(e) იმას, მოგვარდა თუ არა წინამდებარე აბზაცში მითითებული საკითხები ისე, რომ შენარჩუნებულიქნა მეანაბრეების დაცვა.

2019 წლის 3 ივლისისთვის ევროპის საბანკო უწყებამ კომისიას ანგარიში უნდა წარუდგინოს დაანგარიშების მოდელებისა და მათი შესაბამისობის შესახებ წევრების კომერციულ რისკთან. ანგარიშის წარდგენისას ევროპის საბანკო უწყებამ სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს სხვადასხვა ბიზნესმოდელის რისკის პროფილი.

 

მუხლი 20

ტრანსპოზიცია

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ 1-4 მუხლებთან, მე-5(1) მუხლის (d)-(k) პუნქტებთან, მე-5 მუხლის (2), (3) და (4) ქვეპუნქტებთან, 6 მუხლის (2)-(7) პუნქტებთან, მე-7 მუხლის (4)-(9) პუნქტებთან, მე-8 მუხლის (1), (2), (3), (5), (6), (7) და (9) პუნქტებთან, მე-9 მუხლის (2)და (3) პუნქტებთან, მე-10-16 მუხლებთან, მე-18, მე-19 მუხლებთან და I დანართთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები 2015 წლის 3 ივლისამდე. მათ მაშინვე უნდა გააცნონ ევროკომისიას ამ ზომების ტექსტი.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ მე-8(4) მუხლთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები 2016 წლის 31 მაისამდე.

თუ სიღრმისეული შემოწმების შემდეგ, შესაბამისი ხელისუფლების ორგანოები დაადგენენ, რომ ჯერ არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ 2015 წლის 3 ივლისამდე შეასრულონ მე-13 მუხლი, შესაბამისი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები ძალაში უნდა შევიდეს 2016 წლის 31 მაისისთვის.

როცა წევრი სახელმწიფოები მიიღებენ აღნიშნულ ზომებს, ისინი უნდა შეიცავდეს მითითებას წინამდებარე დირექტივაზე ან, ოფიციალური გამოქვეყნების შემთხვევაში, მათ თან უნდა დაერთოს ასეთი მითითება. ისინი ასევე უნდა შეიცავდეს განცხადებას იმის შესახებ, რომ არსებულ კანონებში, რეგულაციებსა და ადმინისტრაციულ დებულებებში მოცემული მითითება წინამდებარე დირექტივით გაუქმებულ დირექტივებზე განიმარტება, როგორც მითითება წინამდებარე დირექტივაზე. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ ამგვარი მითითებისა და ამგვარი განცხადების ფორმულირების წესები.

2. წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას უნდა გააცნონ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის იმ ძირითად დებულებათა ტექსტი, რომელსაც ისინი მიიღებენ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ სფეროში.

 

მუხლი 21

ძალადაკარგულად გამოცხადება

II დანართში აღნუსხული დირექტივების საფუძველზე შეცვლილი დირექტივა 94/19/EEC ცხადდება ძალადაკარგულად 2019 წლის 4 ივლისიდან შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციის ვადებთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების ვალდებულებებისთვის და II დანართში მოცემული დირექტივების გამოყენების ვადებისთვის ზიანის მიუყენებლად.

მითითება გაუქმებულ დირექტივაზე განიმარტება, როგორც მითითება წინამდებარე დირექტივაზე და იკითხება II დანართით განსაზღვრული კორელაციის ცხრილის მიხედვით.

 

მუხლი 22

ძალაში შესვლა

წინამდებარე დირექტივა ძალაში შედის მისი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს.

მე-5(1) მუხლის (a), (b) და (c), მე-6 მუხლის (1), მე-7 მუხლის (1), (2) და (3), მე-8 მუხლის (8), მე-9 მუხლის (1) პუნქტები და მე-17 მუხლები გამოიყენება 2015 წლის 4 ივლისიდან.

მუხლი 23

ადრესატები

წინამდებარე დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია სტრასბურგში 2014 წლის 16 აპრილს.

ევროპარლამენტის სახელით

თავმჯდომარე

მ. შულცი

საბჭოს სახელით

თავმჯდომარე

დ. კურკულასი

 

დანართი I

მეანაბრის შესახებ ინფორმაციის ნიმუში

ძირითადი ინფორაცია ანაბრის დაცვის შესახებ

ანაბრები [საკრედიტო დაწესებულების სახელი]  ში დაცულია:

[შესაბამისი ანაბრების უზრუნველყოფის სქემის სახელი]([18]))

დაცვის ზღვრული ოდენობა:

100 000 ევრო თითო მეანაბრეზე თითოეულ საკრედიტო დაწესებულებაში ([19])

[შეიცვალოს სათანადო თანხით, თუ ვალუტა არ არის ევრო]

[საჭიროების შემთხვევაში:] შემდეგი სავაჭრო ნიშნები არის თქვენი საკრედიტო დაწესებულების ნაწილი [ყველა სავაჭრო ნიშანი, რომელიც მოქმედებს ერთი და იმავე ლიცენზიით]

თუ ერთ საკრედიტო დაწესებულებაში გაქვთ მეტი ანაბარი:

ყველა თქვენ ანაბარი ერთ საკრედიტო დაწესებულებაში „ერთიანდება“ და მათი საერთო რაოდენობა ექვემდებარება 100 000 ევროს [შეიცვალოს სათანადო თანხით, თუ ვალუტა არ არის ევრო] ზღვრულ ოდენობას (2)

თუ სხვა პირებთან ერთად გაქვთ საერთო ანაბარი:

100 000 ევროს [შეიცვალოს სათანადო თანხით, თუ ვალუტა არ არის ევრო] ზღვრული ოდენობა ვრცელდება თითოეულ მეანაბრეზე ცალ-ცალკე ([20]))

ანაზღაურების ვადა საკრედიტო დაწესებულების წარუმატებლობის შემთხვევაში:

7 სამუშაო დღე ([21]))

[შეიცვალოს სხვა ვადით, საჭიროების შემთხვევაში]

ანაზღაურების ვალუტა:

ევრო [შეიცვალოს სხვა ვალუტით, საჭიროების შემთხვევაში]

საკონტაქტო ინფორმაცია:

[შესაბამისი ანაბრების უზრუნველყოფის სქემის საკონტაქტო მონაცემები

(მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა და ა.შ.)]

მეტი ინფორმაცია:

[შესაბამისი ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ვებგვერდი]

მეანაბრის მიერ მიღების დადასტურება:

 

დამატებითი ინფორმაცია (ქვემოთ მოცემული ყველა ან ზოგიერთი ინფორმაცია)

 

დანართი II

ნაწილი A

გაუქმებული დირექტივები მათში მოგვიანებით შესულ შესწორებებთან ერთად (მითითებულია 21-ე მუხლში)

ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 94/19/EC

ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2009/14/EC

ნაწილი B

ტრანსპოზიციის საბოლოო ვადები (მითითებულია 21-ე მუხლში)

დირექტივა

ტრანსპოზიციის საბოლოო ვადა

94/19/EC

1.7.1995

2009/14/EC

30.6.2009

2009/14/EC (1-ლი მუხლის 3(i) პუნქტის მეორე ქვეპუნქტი, დირექტივის 94/19/EC მე-7 მუხლის (1a) და (3) პუნქტები და მე-10(1) მუხლი, რომელიც შესწორდა დირექტივით 2009/14/EC)

31.12.2010

 

დანართი III

კორელაციის ცხრილი

დირექტივა 94/19/EC

დირექტივა 2009/14/EC

ეს დირექტივა

მუხლი 1

   

მუხლი 2(1)(1)

მუხლი 1(1)

 

მუხლი 2(1)(3)

   

მუხლი 2(1)(4)

მუხლი 1(2)

 

მუხლი 2(1)(7)

მუხლი 1(3)

მუხლი 1(1)

მუხლი 2(1)(8)

მუხლი 1(4)

 

მუხლი 2(1)(9)

მუხლი 1(5)

 

მუხლი 2(1)(10)

   

მუხლები 2(1) (11)-(18)

   

მუხლი 2(2)

მუხლი 1(1)

 

მუხლი 2(3)

   

მუხლი 3

მუხლი 3(1)

 

მუხლი 4(1)

   

მუხლი 4(2)

მუხლი 3(1)

 

მუხლი 4(3)

მუხლი 3(2)

 

მუხლი 4(4)

მუხლი 3(3)

 

მუხლი 4(5) და (6)

   

მუხლი 4(9)

   

მუხლი 4(10) და (11)

მუხლი 2

 

მუხლი 5(1), (a),(b) და (c)

მუხლი 7(2), დანართი I(1)

 

მუხლი 5(1)(d)

   

მუხლი 5(1)(e)

მუხლი 7(2), დანართი I(10)

 

მუხლი 5(1)(f)

მუხლი 7(2), დანართი I(2)

 

მუხლი 5(1)(g)

მუხლი 7(2), დანართი I(5)

 

მუხლი 5(1)(h)

მუხლი 7(2), დანართი I(6)

 

მუხლი 5(1)(i)

მუხლი 7(2), დანართი I(3), (4)

 

მუხლი 5(1)(j)

მუხლი 7 (2), დანართი I(12)

 

მუხლი 5(1)(k)

მუხლი 7(1)

მუხლი 1(3)(a)

მუხლი 6(1)

   

მუხლი 6(2) და (3)

   

მუხლი 6(4)

 

მუხლი 1(3)(a)

მუხლი 6(5)

მუხლი 7(5)

 

მუხლი 6(6)

 

მუხლი 1(3)(d)

მუხლი 6(7)

მუხლი 8

 

მუხლი 7(1), (2) და (3)

   

მუხლი 7(4)-(9)

მუხლი 10(1)

მუხლი 1(6)(a)

მუხლი 8(1)

   

მუხლი 8(2)-(6)

მუხლი 10(4)

 

მუხლი 8(7)

მუხლი 10(5)

 

მუხლი 8(8)

   

მუხლი 8(9)

მუხლი 7(6)

 

მუხლი 9(1)

მუხლი 11

 

მუხლი 9(2)

   

მუხლი 9(3)

   

მუხლები10-13

მუხლი 4(1)

 

მუხლი 14(1)

   

მუხლი 14(2)-(8)

მუხლი 6

 

მუხლი 15

მუხლი 9(1)

მუხლი 1(5)

მუხლი 16(1), (2) და (3)

მუხლი 9(2)

 

მუხლი 16(4)

   

მუხლი 16(5)

მუხლი 13

 

მუხლი 17

 

მუხლი 1(4)

მუხლი 18

 

 


[1] ოფიციალური ჟურნალი C 99, 31.3.2011, გვ. 1.

[2] ევროპარლამენტის 2012 წლის 16 თებერვლის პოზიცია (ოფიციალური ჟურნალი C 249 E, 30.8.2013, გვ. 81) და საბჭოსპირველი განხილვის 2014 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ჟურნალში). ევროპარლამენტის 2014 წლის 16 აპრილის პოზიცია (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ჟურნალში).

[3] ევროპარლამენტისა და საბჭოს 1994 წლის 30 მაისის დირექტივა 94/19/EC ანაბრების უზრუნველყოფის სქემების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 135, 31.5.1994, გვ. 5).

[4] იხ. დანართი III.

[5] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის რეგულაცია (EU) No 575/2013 „საკრედიტო დაწესებულებებისა და საინვესტიციო კომპანიებისთვის პრუდენციული მოთხოვნების შესახებ“, რომლითაც შესწორებები შედის რეგულაციაში (EU) No 648/2012 (ოფიციალური ჟურნალი L 176, 27.6.2013, გვ. 1).

[6] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის დირექტივა 2013/36/EU „საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობაზე წვდომის და საკრედიტო დაწესებულებებისა და საინვესტიციო კომპანიების პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ“, რომლითაც შესწორებები შედის დირექტივაში 2002/87/EC და უქმდება დირექტივები 2006/48/EC და 2006/49/EC (ოფიციალური ჟურნალი L 176, 27.6.2013, გვ. 338).

[7] ევროპარლამენტის და საბჭოს 2014 წლის 15 მაისის დირექტივა 2014/59/EU ადგენს ჩარჩოს საკრედიტო დაწესებულებებისა და საინვესტიციო კომპანიების გაჯანსაღებისა და რეზოლუციისთვის, რომლითაც შესწორებები შედის საბჭოს დირექტივაში 82/891/EEC და ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივებში 2001/24/EC, 2002/47/EC, 2004/25/EC, 2005/56/EC, 2007/36/EC, 2011/35/EU, 2012/30/EU, 2013/36/EU და რეგულაციებში (EU) No 1093/2010, (EU) No 648/2012 (იხ. ოფიციალური ჟურნალი, გვ 190).

[8] 2009 წლის 11 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2009/14/EC, რომლითაც შესწორებები შედის დირექტივაში 94/19/EC „ანაბრების უზრუნველყოფის სქემების შესახებ“, რომლებიც ეხება სადაზღვევო დაფარვის დონესა და გადახდის ვადის გადაცილებას (ოფიციალური ჟურნალი L 68, 13.3.2009, გვ. 3).

[9] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 16 სექტემბრის დირექტივა 2009/110/EC „ელექტრონული ფულის წარმოების დაწესებულებების საქმიანობის წამოწყების, განხორციელებისა და პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ“, რომლითაც შესწორებები შედის დირექტივებში 2005/60/EC და 2006/48/EC, ხოლო უქმდება დირექტივა 2000/46/EC (ოფიციალური ჟურნალი L 267, 10.10.2009, გვ. 7).

[10]ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 26 ოქტომბრის დირექტივა 2005/60/EC „ფულის გათეთრებისა და ტერორისტთა დაფინანსების მიზნით ფინანსური სისტემის გამოყენების პრევენციის შესახებ“ (ოფიციალური ჟურნალი L 309, 25.11.2005, გვ. 15).

[11] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 24 ნოემბრის რეგულაცია (EU) No 1093/2010 აფუძნებს ევროპის საზედამხედველო ორგანოს (ევროპის საბანკო უწყებას), რომლითაცშესწორებები შედის გადაწყვეტილებაში No 716/2009/EC და უქმდება ევროკომისიის გადაწყვეტილება 2009/78/EC (OJ L 331, 15.12.2010, გვ. 12).

[12]ევროპარლამენტისა და საბჭოს 1995 წლის 24 ოქტომბრის დირექტივა 95/46/EC „პერსონალური მონაცემების დამუშავების კუთხით ინდივიდების დაცვისა და ასეთი მონაცემების თავისუფალი მიმცვლის შესახებ“ (ოფიციალური ჟურნალი L 281, 23.11.1995, გვ. 31).

[13] წევრი სახელმწიფოებისა და კომისიის 2011 წლის 28 სექტემბრის ერთობლივი პოლიტიკური დეკლარაცია განმარტებითი დოკუმენტების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი C 369, 17.12.2011, გვ. 14).

[14] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 21 აპრილის დირექტივა 2004/39/EC „ფინანსურ ინსტრუმენტებში ბაზრების შესახებ“ რომლითაც შესწორებები შედის საბჭოს დირექტივებში 85/611/EEC, 93/6/EEC და ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივაში 2000/12/EC, ხოლო უქმდება საბჭოს დირექტივა 93/22/EEC (ოფიციალური ჟურნალი L 145, 30.4.2004, გვ. 1).

[15] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 25 ნოემბრის დირექტივა 2009/138/EC „დაზღვევისა და გადაზღვევის საქმიანობის წამოწყებისა და განხორციელების შესახებ“ (გადახდისუნარიანობა II) (ოფიციალური ჟურნალი L 335, 17.12.2009, გვ. 1).

[16] 2008 წლის 22 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2008/95/EC „წევრი სახელმწიფოების სავაჭრო ნიშნებთან დაკავშირებული კანონების დასაახლოებლად“ (ოფიციალური ჟურნალი L 299, 8.11.2008, გვ. 25).

[17] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 24 ნოემბრის რეგულაცია (EU) No 1092/2010 „ფინანსური სისტემის ევროკავშირის მაკროპრუდენციული ზედამხედველობისა და ევროპული სისტემური რისკის საბჭოს დაფუძნების შესახებ“ (ოფიციალური ჟურნალი L 331, 15.12.2010, გვ. 1).

[18] [მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში:] თქვენი ანაბარი დაფარულია სახელშეკრულებო სქემით, რომელიც ოფიციალურად არის აღიარებული ანაბრების უზრუნველყოფის სქემად. თუ თქვენი საკრედიტო დაწესებულება გადახდისუუნარო გახდა, მოხდება თქვენი ანაბრების ანაზღაურება 100 000 ევრომდე [შეიცვალოს სათანადო თანხით, თუ ვალუტა არ არის ევრო] ოდენობით.

[მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში:] თქვენი საკრედიტო დაწესებულება არის ინსტიტუციური დაცვის სქემის ნაწილი, რომელიც ოფიციალურად არის აღიარებული ანაბრების უზრუნველყოფის სქემად. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა საკრედიტო დაწესებულება, რომელიც არის ამ სქემის წევრი, ერთობლივად უჭერს მხარს ერთმანეთს გადახდისუუნარობის თავიდან ასაცილებლად. თუ თქვენი საკრედიტო დაწესებულება გადახდისუუნარო გახდა, მოხდება თქვენი ანაბრების ანაზღაურება 100 000 ევრომდე [შეიცვალოს სათანადო თანხით, თუ ვალუტა არ არის ევრო] ოდენობით.

[მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში:] თქვენი ანაბარი დაფარულია კანონით განსაზღვრული ანაბრების უზრუნველყოფის სქემით და სახელშეკრულებო ანაბრების უზრუნველყოფის სქემით. თუ თქვენი საკრედიტო დაწესებულება გადახდისუუნარო გახდა, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება თქვენი ანაბრების ანაზღაურება 100 000 ევრომდე [შეიცვალოს სათანადო თანხით, თუ ვალუტა არ არის ევრო] ოდენობით.

[მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში:] თქვენი ანაბარი დაფარულია კანონით განსაზღვრული ანაბრების უზრუნველყოფის სქემით. ამასთანავე, თქვენი საკრედიტო დაწესებულება არის ინსტიტუციური დაცვის სქემის ნაწილი, რომელშიც ყველა წევრი ერთობლივად უჭერს მხარს ერთმანეთს გადახდისუუნარობის თავიდან ასაცილებლად. თუ თქვენი საკრედიტო დაწესებულება გადახდისუუნარო გახდა, მოხდება თქვენი ანაბრების ანაზღაურება 100 000 ევრომდე [შეიცვალოს სათანადო თანხით, თუ ვალუტა არ არის ევრო] ოდენობით ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მიერ.

[19] თუ ანაბარი არ არის ხელმისაწვდომი იმიტომ, რომ საკრედიტო დაწესებულებას არ შეუძლია მისი ფინანსური ვალდებულებების შესრულება, მეანაბრისთვის ანაზღაურების მიწოდება ხდება ანაბრების უზრუნველყოფის სქემით. აღნიშნული ანაზღაურება მოიცავს მაქსიმუმ 100 000 ევროს [შეიცვალოს სათანადო თანხით, თუ ვალუტა არ არის ევრო] თითოეული საკრედიტო დაწესებულებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ანაბარი ერთსა და იმავე საკრედიტო დაწესებულებაში ჯამდება სადაზღვევო დაფარვის დონის განსასაზღვრად. მაგალითად, თუ მეანაბრეს აქვს შემნახველი ანგარიში, რომელზეც განთავსებულია 90 000 ევრო და მიმდინარე ანგარიში, რომელზეც განთავსებულია 20 000 ევრო, მას აუნაზღაურდება მხოლოდ 100 000 ევრო.

[მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში:] აღნიშნული მეთოდი გამოიყენება მაშინაც, თუ საკრედიტო დაწესებულება ფუნქციონირებს სხვადასხვა სავაჭრო ნიშნით. [ანგარიშის მქონე საკრედიტო დაწესებულების სახელი] სავაჭრო ოპერაციებს აწარმოებს [იმავე საკრედიტო დაწესებულების ყველა სხვა სავაჭრო ნიშანი]. ეს ნიშნავს, რომ ყველა ანაბარი, ერთი ან მეტი ამგვარი სავაჭრო ნიშნით, მთლიანობაში დაფარულია 100 000 ევრომდე ოდენობით.

[20] საერთო ანგარიშების შემთხვევაში, 100 000 ევროს ზღვრული ოდენობა ვრცელდება თითოეულ მეანაბრეზე.

[მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში:] თუმცა ანაბრები ანგარიშზე, რომელზეც პასუხისმგებელია ორი ან მეტი პირი ბიზნეს-ამხანაგობის, ასოციაციის ან სხვა ამგვარი ჯგუფის წევრთა სახით სამართალსუბიექტობის გარეშე, ერთიანდება და განიხილება, როგორც ერთი მეანაბრის მიერ შექმნილი, 100 000 ევროს [შეიცვალოს შესაბამისი თანხით, თუ ვალუტა არ არის ევრო] ზღვრული ოდენობის დაანგარიშების მიზნით.

ზოგიერთ შემთხვევაში, [ჩაიწეროს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევები] ანაბრები დაცულია 100 000 ევროს [შეიცვალოს ადეკვატური თანხით, თუ ვალუტა არ არის ევრო] ზემოთ. დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია [ჩაიწეროს შესაბამისი ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ვებგვერდი]-ზე.

[21] ანაზღაურება

პასუხისმგებებელი ანაბრების უზრუნველყოფის სქემა არის [სახელი, მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი]. ის უზრუნველყოფს თქვენი ანაბრების (100 000 ევრომდე [შეიცვალოს სათანადო თანხით, თუ ვალუტა არ არის ევრო] ოდენობით) დაფარვას [შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაფარვის ვადა]-ში არაუგვიანეს [2023 წლის 31 დეკემბრისა] [7 სამუშაო დღეში].

[დაემატოს ინფორმაცია დაუგეგმავ/შუალედურ გადახდაზე, თუ ანაზღაურებული თანხა არ იქნება ხელმისაწვდომი 7 სამუშაო დღეში.]

თუ თქვენ ანაზღაურებას ვერ მიიღებთ ამ ვადებში, უნდა დაუკავშირდეთ ანაბრების უზრუნველყოფის სქემას, რადგან ანაზღაურების მოთხოვნის ვადა შეიძლება ამოიწუროს გარკვეული დროის შემდეგ. დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია [პასუხისმგებელი ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ვებგვერდი]-ზე.

სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ზოგადად, ყველა საცალო მეანაბრე და ბიზნესი იფარება ანაბრების უზრუნველყოფის სქემით. გარკვეულ მეანაბრეებთან დაკავშირებული გამონაკლისი შემთხვევები მოცემულია პასუხისმგებელი ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ვებგვერდზე. თქვენი საკრედიტო დაწესებულება, მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, ეხება თუ არა დაფარვა კონკრეტულ პროდუქტებს. ანაბრების დაფარვის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ამას ასევე ადასტურებს ანგარიშის ამონაწერზე.