საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ

საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 2, 31/12/1992
ძალის დაკარგვის თარიღი 08/10/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
-
29/12/1992
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 2, 31/12/1992
000000000.00(0).000.000000
საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 17.09.1997, №860)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის კანონი საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდის წესს.

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე ვალდებულია გაიაროს საყოველთაო სამხედრო სამსახური.

მუხლი 2. საქართველოს რესპუბლიკის შეირაღებული ძალები შედგება არმიისაგან, სასაზღვრო ჯარისაგან და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარისაგან.

მუხლი 3. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, პროფესიულ და რეზერვის სამხედრო სამსახურებად.

სამხედრო სამსახურში მყოფნი იწოდებიან სამხედრო მოსამსახურეებად, ხოლო რეზერვში მყოფნი ‒ რეზერვისტებად.

სარეზერვო და სათადარიგო ფორმირებები კომპლექტდება და მათი პირადი შემადგენლობა გადის სათანადო სამხედრო მომზადებას თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო გეგმის მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

მუხლი 4. სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქე დებს სამხედრო ფიცს.

მუხლი 5. წოდების მიხედვით სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები იყოფიან რიგითებად (მატროსებად), სერჟანტებად, ზემდეგებად (მიჩმანებად) და ოფიცერთა შემადგენლობად.

საქართველოს რესპუბლიკის შეირაღებული ძალების ოფიცერთა შემადგენლობა იყოფა:

ა) უმცროს ოფიცერთა შემადგენლობად:

სახმელეთო ძალებში – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

სამხედრო-საზღვაო ძალებში – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტან-ლეიტენანტი.

ბ) უფროს ოფიცერთა შემადგენლობად:

სახმელეთო ძალებში – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

სამხედრო-საზღვაო ძალებში – III რანგის კაპიტანი, II რანგის კაპიტანი, I რანგის კაპიტანი.

გ) უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობად:

სახმელეთო ძალებში – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი;

სამხედრო-საზღვაო ძალებში – ვიცე-ადმირალი, ადმირალი.

საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 4 მაისის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №7, 31.05.1993წ. მუხ.104

მუხლი 6. რიგითები (მატროსები), სერჟანტები, ზემდეგები (მიჩმანები), რომლებიც კანონით დადგენილ სამხედრო ვალდებულებას იხდიან, ითვლებიან ვადიან სამხედრო სამსახურში, ისინი კი, ვინც ვადაზე მეტს მსახურობს ‒ ზევადიან სამხედრო სამსახურში მყოფებად.

მუხლი 7. ყოველ სამხედრო მოსამსახურეს და რეზერვისტს ენიჭება შესაბამისი სამხედრო წოდება.

თავი II

საყოველთაო სამხედრო ვალდებულების მოხდის წესი

მუხლი 8. ახალგაზრდები, რომელთაც გაწვევის დღისათვის შეუსრულდათ 18 წელი, გაიწვევიან სამხედრო ვალდებულების მოსახდელად. გაწვევის ზღვრული ასაკია 25 წელი.

მუხლი 9. სამხედრო სასწავლებლებში ჩაირიცხებიან საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდები სათანადო მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ და იწოდებიან კურსანტებად.

სამხედრო სასწავლებლების კურსანტები ითვლებიან სამხედრო სამსახურში მყოფებად. ისინი და მათი ოჯახის წევრები სარგებლობენ კანონით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით, რაც გათვალისწინებულია სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეთათვის.

მუხლი 10. საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ჯარებში გაწვეული ყველა კატეგორიის წვევამდელთათვის სამხედრო სამსახურის ვადაა 24 თვე.

მუხლი 11. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად ახალგაზრდების გაწვევა ხდება წელიწადში ორჯერ ‒ გაზაფხულსა და შემოდგომაზე,

მუხლი 12. სინდისისა და რწმენის თავისუფლების მოტივით მოქალაქეთა მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შემთხვევაში, ისინი შეიძლება გაიწვიონ არასამხედრო ალტერნატიულ სამსახურში, თანახმად საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონისა. ალტერნატიული სამსახურის ვადაა 36 თვე.

თავი III

ახალგაზრდების მიწერა გასაწეევ უბნებთან და მათი მომზადება შეიარაღებულ ძალებში სამსახურისათვის

მუხლი 13. შეიარაღებული ძალებისათვის წვევამდელ ახალგაზრდებს სპეციალისტებად ამზადებენ:

ა) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პროფორიენტაციისა და სპეციალისტების მომზადების დაწესებულებებში;

ბ) სპორტულ ტექნიკურ სკოლებში, კლუბებში, აგრეთვე სპეციალურ შეკრებებზე.

მუხლი 14. შეიარაღებული ძალებისათვის ახალგაზრდების ორგანიზებული მომზადებისა და გაწვევისათვის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორია იყოფა რაიონულ (საქალაქო) გასაწვევ უბნებად.

მუხლი 15. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით ყოველი წლის იანვარ-მარტში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გასაწვევ უბნებში ხდება ახალგაზრდების აღრიცხვა, თუ მათ მიწერის წელს უსრულდებათ 17 წელი.

მუხლი 16. ახალგაზრდებს გასაწვევ უბნებში აღრიცხავენ რაიონულ (საქალაქო) სამხედრო განყოფილებათა კომისიები. კომისიებს ხელმძღვანელობენ სამხედრო განყოფილებათა უფროსები.

აღრიცხული ახალგაზრდების სამედიცინო შემოწმებას აწარმოებენ ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მიერ გამოყოფილი ექიმი-სპეციალისტები. თუ რომელიმე გასაწვევ უბანში არ აღმოჩნდება სათანადო სპეციალობის ექიმი, მაშინ სამხედრო უწყების მოთხოვნით საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ვალდებულია დროებით მიავლინოს იქ ექიმი-სპეციალისტი ხარჯების ანაზღაურებით, მუდმივი სამსახურისა და ხელფასის შენარჩუნებით.

აღრიცხულ ახალგაზრდებს მათი სამხედრო სამსახურისათვის ვარგისობის დასადგენად დამატებით სამედიცინო გამოკვლევებს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში უტარებენ უფასოდ.

ქალაქის, სოფლის (დაბის) გამგეობებს, გამგებლებს, სახლმმართველობებს, კერძო ბინათმფლობელებს, დაწესებულებებს, საწარმოებს, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დაწესებულებებს ევალებათ რეზერვისტებისა და წვევამდელების აღრიცხვა. ყოველი წლის 1 დეკემბრამდე ისინი რაიონის (ქალაქის) სამხედრო განყოფილების გასაწვევ უბანში წარუდგენენ აღსარიცხი ახალგაზრდების სიას.

მუხლი 17. ახალგაზრდები, რომლებიც ექვემდებარებიან გასაწვევ უბანში აღრიცხავს, ვალდებულნი არიან გარკვეულ ვადაში გამოცხადდნენ სამხედრო განყოფილებაში. ვადა აღინიშნება სამხედრო განყოფილების უფროსის ბრძანებასა და პერსონალურ უწყებაში.

გასაწვევ უბანში აღრიცხული ახალგაზრდები იწოდებიან წვევამდელებად.

თავი IV

წვევამდელთა გაწვევა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში

მუხლი 18. ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა ხდება საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ‒ სახელმწიფოს მეთაური თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე.

როდესაც გასაწვევ მოქალაქეთა დადგენილი რაოდენობა ნაკლებია იმ მოქალაქეთა რიცხვზე, რომლებიც ექვემდებარებიან გაწვევას, გაწვევის გარეშე დარჩენილი ყოველი წვევამდელი გაიწვევა შემდეგი უახლოესი გაწვევის დროს.

გასაწვევ უბნებში მოქალაქეთა გამოცხადების ვადებს აწესებენ რაიონების (ქალაქების) სამხედრო განყოფილებათა უფროსები.

მუხლი 19. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ დადგენილებისა და ბრძანებების გამოქვეყნების შემდეგ ყოველი წვევამდელი ვალდებულია გამოცხადდეს გასაწვევ უბანში პერსონალურ უწყებაში აღნიშნულ ვადაში.

თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან გასული წვევამდელები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ გასაწვევ უბანში, სადაც არიან აღრიცხულნი.

ორგანიზაციათა, საწარმოთ^ა და დაწესებულებათა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ წვევამდელების გამოცხადებას გასაწვევ უბნებში.

მუხლი 20. გასაწვევ უბანში გამოცხადება სავალდებულოა.

გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი შეიძლება იყოს გასაწვევის ავადმყოფობა, მძიმე ოჯახური პირობები, სტიქიური ხასიათის წინაღობანი და სხვა მსგავსი გარემოებები, დადასტურებული სათანადო დოკუმენტით. გამოუცხადებლობის შემთხვევაში წვევამდელი ისჯება კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 21. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის ადგილზე იქმნება საქალაქო და რაიონული გამწვევი კომისიები.

გამწვევ კომისიებში შედიან:

კომისიის თავმჯდომარე ‒ რაიონის (ქალაქის) სამხედრო განყოფილების უფროსი;

გამწვევი კომისიის წევრები ‒ რაიონების (ქალაქების) გამგეობების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა და სამხედრო განყოფილებების წარმომადგენლები.

გამწვევ კომისიებთან იქმნება სამედიცინო კომისიები.

სამედიცინო კომისიებში შედიან: ქირურგი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი და სტომატოლოგი.

სამედიცინო კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.

გამწვევი კომისიების გადაწყვეტილებით ავადმყოფ წვევამდელებს გაწვევა გადაუვადდებათ ექსი თვიდან სამ წლამდე.

გამწვევი კომისიის თავმჯდომარე და წევრები პასუხისმგებელნი არიან გამოტანილ გადაწყვეტილებათა კანონიერებისათვის.

მუხლი 22. რაიონებისა და ქალაქების გამწვევი კომისიების ხელმძღვანელობისა და მათი საქმიანობის კონტროლისათვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ქმნის რესპუბლიკურ გამწვევ კომისიას.

რესპუბლიკურ გამწვევ კომისიაში შედიან:

კომისიის თავმჯდომარე ‒ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ადგილობრივი სამხედრო ორგანოების სამმართველოს უფროსი;

კომისიის წევრები ‒ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგენლები.

რაიონებისა და ქალაქების გამწვევ სამედიცინო კომისიებს ხელმძღვანელობს და აკონტროლებს რესპუბლიკური სამედიცინო კომისია.

მუხლი 23. სამხედრო სამსახურის მოხდისათვის ვარგისად ცნობილი წვევამდელები სათანადო გეგმის მიხედვით გაიგზავნებიან სამხედრო ნაწილებში (ხომალდებზე) სამხედრო სამსახურის გასავლელად. მათ ეძლევათ სამხედრო ბილეთები.

მუხლი 24. საქართველოს რესპუბლიკის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს ევალებათ:

ა) გაწვევის პერიოდში სამხედრო განყოფილებებს მოქალაქეების მიწერისა და გაწვევისთვის გამოუყონ შენობები, სათანადო აღჭურვილობა, ავტოტრანსპორტი და ექიმი-სპეციალისტები სამედიცინო შემოწმებისათვის.;

ბ) აღმოუჩინონ დახმარება რაიონების (ქალაქების) სამხედრო განყოფილებების გასაწვევ უბნებში მოქალაქეთა დროულ გამოცხადებისათვის.

მუხლი 25. სამედიცინო კომისიების მუშაობაში მონაწილე წევრ-ექიმების ძირითადი სამუშაო ადგილზე უნარჩუნდებათ ხელფასი, ხოლო სხვა რაიონებში მივლინებულთ უნაზღაურდებათ სამივლინებო ხარჯები.

თავი V

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება

მუხლი 26. მშვიდობიან დროს ოჯახური მდგომარეობის გამო სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას არ ექვემდებარება:

ა) შრომისუუნარო მშობლების ერთადერთი მარჩენალი ვაჟი;

ბ) შრომისუუნარო და-ძმების მარჩენალი ძმა;

გ) ერთადერთი შვილიშვილი, რომელიც პატრონობს შრომისუუნარო ბებიას ან პაპას, თუ მათ სხვა მარჩენალი არ ჰყავთ;

დ) ცოლშვილიანი წვევამდელი.

აღნიშნული წვევამდელები სამხედრო მომზადებას გადიან სწავლას და წარმოებას მოუწყვეტლად.

ოჯახური მდგომარეობის გამო გადავადება წვევამდელებს ეძლევათ 25 წლის ასაკამდე, თუ ამ დროისათვის მათ არ დაკარგეს შეღავათის უფლება, ისინი მშვიდობიან დროს სავალდებულო სამხედრო სამსახურში არ გაიწვევიან და ჩაირიცხებიან რეზერვში.

მუხლი 27. მშვიდობიან დროს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა სწავლის გამო გადაუვადდებათ:

ა) უმაღლესი სასწავლებლების დასწრებული სწავლების სტუდენტებს, რომლებიც გადიან სამხედრო სწავლება შესაბამის სამხედრო კათედრებზე ‒ სასწავლებლის დამთავრებამდე. გამოცდების ჩაბარების შემდეგ მათ ენიჭებათ რეზერვის ოფიცრის წოდება;

ბ) საშუალო სასწავლებლის მოსწავლეებს ‒ საშუალო და საშუალო სპეციალური სასწავლებლის დამთავრებამდე, ოღონდ არა უმეტეს 20 წლის ასაკისა.

თავი VI

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლება

მუხლი 28. ამ კანონით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები თავისუფლდებიან შეიარაღებულ ძალებში სამსახურიდან.

მათი გათავისუფლება ხდება სამხედრო ნაწილის მეთაურის ბრძანებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებისა და თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს და შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოს ნება ეძლევათ გასათავისუფლებელი სამხედრო მომსახურეები და რეზერვისტები ნებაყოფლობის წესით აიყვანონ შეიარაღებული ძალების ზევადიან სამსახურში. მათი ზევადიანი სამსახურის გავლის წესს განსაზღვრავს სქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

მუხლი 29. სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურენი სამხედრო სამსახურიდან შეიძლება დაითხოვონ ვადაზე ადრე:

ა) თუ ისინი სამხედრო-სამედიცინო კომისიამ ვარგისად არ ცნო სამხედრო სამსახურისათვის;

ბ) თუ სამხედრო სამსახურის გავლისას სამხედრო მოსამსახურეს შეეცვალა ოჯახური პირობები და ეს პირობები მიესადაგება ამ კანონის 26-ე მუხლს, მისი დათხოვნა ხდება საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსის ბრძანებით.

მუხლი 30. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს გამოუნახონ პროფესიის შესაბამისი სამსახური. ის პირნი კი, ვინც სამხედრო სამსახურში გაწვევამდე სწავლობდნენ, სასწავლო დაწესებულებებში დაბრუნებული იქნებიან იმავე კურსზე, რომლიდანაც გაიწვიეს.

მუხლი 31. სამხედრო სამსხურიდან დათხოვნილი პირები სამხედრო აღრიცხვაზე დგებიან სამხედრო განყოფილებაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი მათ ეთვლებათ საერთო შრომის სტაჟში.

მუხლი 32. რიგითები (მატროსები), სერჟანტები, ზემდეგები (მიჩმანები) რეზერვში რჩებიან 45 წლამდე.

მუხლი 33. შეიარაღებული ძალების რეზერვი იყოფა პირველ და მეორე კატეგორიებად.

პირველი კატეგორიის რეზერვს ეკუთვნიან:

ა) ისინი, ვინც სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა თუნდაც ერთწლიანი სამსახურის ვადით;

ბ) ისინი, ვინც მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებაში სამსახურის ვადის მიუხედავად;

მეორე კატეგორიის რეზერვს ეკუთვნიან:

ა) ისინი, ვინც სამხედრო სამსახურში ერთ წელზე ნაკლები იმსახურა;

ბ) ყველა, ვისაც რაიმე მიზეზით სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუვლია;

გ) სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი ქალები.

მუხლი 24. ასაკის მიხედვით რეზერვი იყოფა სამ თანრიგად:

პირველი თანრიგი                              ‒ 30 წლამდე

მეორე თანრიგი                                   ‒ 40 წლამდე

მესამე თანრიგი                                   ‒ 45 წლამდე.

რეზერვისტები სასწავლო შეკრებას გადიან საჭიროების შემთხვევაში.

თავი VII

ოფიცერთა სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ

მუხლი 35. ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო სამსახურის გავლის წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

ოფიცრები გადიან სამხედრო სამსახურს და არიან შეიარაღებული ძალების რიგებში შემდეგ ზღვრულ ასაკამდე:

 

სამხედრო წოდება (ყველა სახეობის ჯარებისათვის, გარდა საზღვაო ძალებისა)

სამხედრო-საზღვაო ძალები

კადრის სამსახური

ზღვრული ასაკი

I თანრიგის რეზერვში

II თანრიგის რეზერვში

III თანრიგის რეზერვში

1. უმცროსი ლეიტენანტი. ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი

უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტან-ლეიტენანტი

 

40

 

40

 

45

 

50

 

2. მაიორიდან პოლკოვნიკამდე

მე-3 რანგის კაპიტანი

მე-2 რანგის კაპიტანი

50

 

50

 

55

 

 

55

 

 

3. პოლკოვნიკი

I რანგის კაპიტანი

55

 

55

 

60

 

60

 

4. გენერალი

ადმირალი

60

60

65

65

 

მუხლი 36. ზღვრულ ასაკს მიღწეული კადრის ოფიცერი ექვემდებარება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას. საჭიროების შემთხვევაში ზოგიერთი მათგანი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შეიძლება დატოვონ კადრში 3 წლის ვადით. განსაკუთრებულ ვითარებაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 5 წლით.

მუხლი 37. ზღვრული ასაკის შესრულებამდე ოფიცერი შეიძლება დაითხოვონ სამხედრო სამსახურიდან შემდეგ შემთხვევებში:

ა) ავადმყოფობის გამო;

ბ) სამსახურებრივი შეუფერებლობისთვის;

გ) შტატების შემცირების გამო;

დ) ოფიცრის ღირსების დამამცირებელი საქციელისათვის.

მუხლი 38. ოფიცერთა შემადგენლობის რეზერვი იქმნება:

ა) შეიარაღებული ძალების კადრიდან გათავისუფლებული გენერლებისა (ადმირალების) და ოფიცრებისაგან;

ბ) უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში სამხედრო კათედრებზე კურსგავლილი რეზერვის ოფიცრებისაგან.

მუხლი 39. საჭიროების შემთხვევაში რეზერვში მყოფ ოფიცერთა შემადგენლობისათვის ეწყობა სასწავლო მეცადინეობა.

მუხლი 40. მშვიდობიან დროს, საჭიროების შემთხვევაში, რეზერვში მყოფი ოფიცრები შეიძლება გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში ოფიცრის თანამდებობაზე. გაწვევა შეიძლება მოხდეს:

ა) ნებაყოფლობით;

ბ) მთავრობის დადგენილებით;

გ) 30 წლის ასაკამდე თადარიგის ოფიცრებისა ‒ 24 თვით. რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებისას გაწვევას ექვემდებარებიან დეფიციტური სპეციალობის თადარიგის ოფიცერ-მეკავშირეები, ტანკისტები, არტილერისტები, მესანგრეები, ავტომობილისტები, ექიმები, ჯავშანტრანსპორტიორებისა და ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანების ოცეულთა მეთაურები, რომლებმაც მიიღეს სამხედრო სპეციალობა უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრებზე სწავლისას.

მუხლი 41. რეზერვში მყოფი ზღვრული ასაკის ან რეზერვის ოფიცრები, რომლებიც სამხედრო სამსახურისათვის არ არიან ვარგისნი, მოიხსნებიან სამხედრო აღრიცხვიდან და იწოდებიან გადამდგარ ოფიცრებად, გენერლებად (ადმირალებად).

თავი VIII

სამხედრო მოსამსახურეთა და რეზერვისტთა უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა

მუხლი 42. სამხედრო მოსამსახურენი და სასწავლო შეკრებაზე გაწვეული რეზერვისტები სარგებლობენ რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით.

სამხედრო მოსამსახურეებისა და შეკრებაზე გაწვეული რეზერვისტების უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება სამხედრო წესდებებით.

მუხლი 43. სამხედრო მოსამსახურეები და შეკრებაზე გაწვეული რეზერვისტები სახელმწიფო კმაყოფაზე არიან.

მუხლი 44. სამხედრო აღრიცხვიანობის მოსაგვარებლად მოქალაქენი სამსახურიდან გათავისუფლდებიან საჭირო დროით და მათ უნარჩუნდებათ სრული ხელფასი.

სასწავლო შეკრებაზე გაწვეული პირი, თუ ის დაავადდა შეკრების გავლის დროს და ვერ გამოჯანმრთელდა შეკრების შემდეგაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოსაგან იღებს ანაზღაურებას როგორც შრომისუუნარო.

სასწავლო შეკრებებზე გაწვეულ პირებს ენახებათ სრული ხელფასი თავიანთი სამუშაო ადგილისა და თანამდებობის მიხედვით, სასწავლო შეკრების დროს კი სამხედრო ნაწილებში მათ ეძლევათ ხელფასი დაკავებული თანამდებობის გათვალისწინებით.

წვევამდელები და რეზერვისტები სამხედრო სამსახურში ვარგისობის დასადგენად სამედიცინო შემოწმებას და გამოკვლევას გადიან უფასოდ. მგზავრობის ხარჯები, თუ ეს დაკავშირებულია რაიონიდან გასვლასთან, უნაზღაურდებათ სახელმწიფო ხარჯზე.

მუხლი 45. კადრის ოფიცრები და ზევადიან სამხედრო სამსახურში მყოფნი, აგრეთვე პენსიაზე გასული ზემოაღნიშნული პირები იხდიან ბინის ქირის, ტელეფონის, განათების და კომუნალური მომსახურების ღირებულების 50 პროცენტს, ხოლო დანარჩენ 50 პროცენტს გაიღებს სახელმწიფო.

მუხლი 46. სამხედრო სამსახურის გასავლელად გაწვეული პირები ამანათებსა და წერილებს გზავნიან უფასოდ. საფოსტო ხარჯებს ანაზღაურებს თავდაცვის სამინისტრო.

მუხლი 47. სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში დაინვალიდებულ სამხედრო მოსამსახურეებს ენიშნებათ სამხედრო პენსია. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ ოფიცრებს, ნამსახურობის წელთა მიხედვით, ენიშნებათ მუდმივი სამხედრო პენსია.

მუხლი 48. მოქმედ სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს სამხედრო მოსამსახურეებს ეკრძალებათ:

ა) პოლიტიკური პარტიის წევრობა;

ბ) ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობა;

გ) შეთავსებით სამსახური.

მუხლი 49. სამხედრო მოსამსახურენი და შეკრებაზე გაწვეული რეზერვისტები სამხედრო დისციპლინისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის პასუხს აგებენ შეირაღებული ძალების სადისციპლინო წესდების თანახმად, ხოლო დანაშაულის ჩადენისათვის ‒ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი IX

სამხედრო აღრიცხვიანობა

მუხლი 50. წვევამდელთა და რეზერვისტთა სამხედრო აღრიცხვა წარმოებს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

მუხლი 51. საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა აღრიცხვა წარმოებს საქართველოს რესპუბლიკის საელჩოებსა და საკონსულოებში. ისინი ვალდებულნი არიან გამოძახების შემთხვევაში უზრუნველყონ სამხედრო განყოფილებებში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იმ პირთა გამოცხადება, რომელნიც გაწვევას ექვემდებარებიან.

მუხლი 52. საცხოვრებელი ადგილის გამოცვლისას გასაწვევნი და რეზერვისტები მოვალენი არიან სულ ცოტა ერთი კვირის ვადაში პირადად გამოცხადდნენ სამხედრო განყოფილებებში და დადგნენ სამხედრო აღრიცხვაზე ან მოიხსნან აღრიცხვიდან.

მუხლი 53. წვევამდელები და რეზერვისტები მოვალენი არიან ოჯახური მდგომარეობის რაიმე ცვლილებები ‒ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ბინის მისამართის გამოცვლა ან სხვა შემთხვევა ‒ შეატყობინონ სამხედრო განყოფილებას.

მუხლი 54. წვევამდელები და რეზერვისტები სამხედრო აღრიცხვის წესების დარღვევის, სამხედრო საბუთის განზრახ გაფუჭებისათვის სამხედრო განყოფილების უფროსის მიერ ჯარიმდებიან 5-დან 10-მდე მინიმალური ხელფასით.

მუხლი 55. სამხედრო განყოფილების მოთხოვნისას ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, წარმოება-დაწესებულებების, სასწავლებლების და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები მოვალენი არიან გამოძახების შესახებ შეატყობინონ წვევამდელებსა და რეზერვისტებს.

მუხლი 56. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, სოფლის (დაბის), საკრებულოების, საბინაო-საექსპლუატაციო უბნების, წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ევალებათ აწარმოონ სამხედრო აღრიცხვა და მონაცემები პერიოდულად შეადარონ სამხედრო განყოფილების მონაცემებს.

მუხლი 57. შრომით სამედიცინო-საექსპორტო კომისიებს ევალებათ სოციალური უზრუნველყოფის ორგანოების მეშვეობით შეატყობინონ სამხედრო განყოფილებებს დაინვალიდებული წვევამდელებისა და რეზერვისტების შესახებ.

მუხლი 58. მმაჩის ორგანოებს ევალებათ აცნობონ სამხედრო განყოფილებებს წვევამდელთა და რეზერვისტთა მიერ გვარის, სახელის, მამის სახელის, დაბადების წლის, თვის, მოქალაქეობრივი მდგომარეობის შეცვლის და აგრეთვე მათი გარდაცვალების შესახებ.

მუხლი 59. საგამოძიებო ორგანოებმა 5 დღის ვადაში უნდა შეატყობინონ შესაბამის სამხედრო განყოფილებებს წვევამდელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, ხოლო სასამართლოებმა ‒ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე.

მუხლი 60. ადგილობრივ შინაგან საქმეთა ორგანოებს ევალებათ:

ა) (ამოღებულია - 27.06.1996წ.);

ბ) ადგილობრივ სამხედრო განყოფილებებს დაეხმარონ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევაში.

საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ. გვ.45

თავი X

მობილიზაციით გაწვევა განსაკუთრებულ შემთხვევაში

მუხლი 61. მობილიზაციას განსაკუთრებულ შემთხვევაში აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ‒ სახელმწიფო მეთაური.

მობილიზაციით გაწვევა და ომიანობის დროს შემდგომი გაწვევები ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ‒ სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილებით და რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით.

მუხლი 62. მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში:

ა) იკრძალება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და მიტოვება სამხედრო განყოფილების თანხმობის გარეშე;

ბ) ჩერდება, განსაკუთრებულ განკარგულებამდე, ყველა სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება;

გ) მობილიზაციის გამოცხადებისთანავე რეზერვისტები მოვალენი არიან დადგენილ ვადაში დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სამხედრო განყოფილებაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მუხლი 63. ის წვევამდელები და რეზერვისტები, რომლებიც თავს არიდებენ მობილიზაციის დროს სამხედრო განყოფილებებში გამოცხადებას, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე                                   სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                                              ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1992 წლის 29 დეკემბერი