საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 77/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 200090000.18.011.016687
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
77/04
01/05/2023
ვებგვერდი, 02/05/2023
200090000.18.011.016687
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/05/2023 - 27/12/2023)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №77/04

2023 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 482 მუხლის და 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის, 51 მუხლის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის, 42-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანება.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის, მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-14 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი, მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-12 მუხლის პირველი პუნქტი, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-14 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი (პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი)პაპუნა ლეჟავა



საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესი

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მოქმედების სფერო
1.   საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესი (შემდგომში  წესი) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებთან ერთად, განსაზღვრავს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის (შემდგომში – პროვაიდერი) საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ რეგისტრაციისა და რეგულირების საკითხებს, კერძოდ:

ა) ეროვნული ბანკის მიერ პროვაიდერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების პირობებსა და პროცესს;

ბ) საგადახდო მომსახურების საქმიანობიდან გამომდინარე პროვაიდერის ვალდებულებებს;

გ) მნიშვნელოვანი პროვაიდერის დამატებით ვალდებულებებს;

დ) პროვაიდერის ურთიერთობას მის აგენტებთან და სხვა მესამე პირებთან;

ე) პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულად სახსრებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკრობანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, გარდა ამ წესის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტისა.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1.   ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გადახდის თვითმომსახურების კიოსკი – პროგრამულ-ტექნიკური მოწყობილობა, რომლის მეშვეობით უშუალოდ მომხმარებელი ახორციელებს გადახდის ოპერაციის ინიციირებას პროვაიდერის/აგენტის თანამშრომლის ჩარევის გარეშე;

ბ) ფულადი გზავნილების სქემა – საერთო წესებისა და სტანდარტული პროცედურების (მათ შორის, აგენტებს შორის ანგარიშსწორებისა და კლირინგის პროცესის) ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი გზავნილის შესრულებას ამ მიზნით შექმნილი ელექტრონული სისტემის საშუალებით;

გ) ფულადი გზავნილების სქემის ოპერატორი – იურიდიული პირი, რომელიც შეიმუშავებს ფულადი გზავნილების სქემას და პასუხისმგებელია მის მართვაზე დამოუკიდებლად ან სხვა იურიდიულ პირებთან ერთად;

დ) პროვაიდერის აგენტი (შემდგომში – „აგენტი“) – პირი, რომელიც პროვაიდერთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საგადახდო მომსახურების მიწოდებისას მოქმედებს ამ პროვაიდერის სახელით;

ე) საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგი – პროვაიდერის მიერ საგადახდო მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობის გადაცემა მესამე მხარისთვის, მათ შორის, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული საქმიანობა არ უნდა წარმოადგენდეს უშუალოდ მომხმარებლისათვის საგადახდო მომსახურების მიწოდებას;

ვ) შუამავალი პროვაიდერი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შუამავალი პროვაიდერი;

ზ) ადმინისტრატორი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან/და ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად პროვაიდერის სახელით აიღოს ვალდებულებები. შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს პროვაიდერის უფლებამოსილი ორგანო ამტკიცებს;

თ) დაკავშირებული პირი – პროვაიდერის ადმინისტრატორი, პარტნიორი/აქციონერი, მასთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხება ან/და მათთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირი, ასევე პროვაიდერის ჯგუფის წევრი;

ი) ინციდენტი – პროვაიდერისთვის მოულოდნელი ერთჯერადი მოვლენა ან ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენების სერია, რომელსაც პროვაიდერის საგადახდო მომსახურების მთლიანობაზე, ხელმისაწვდომობაზე, კონფიდენციალურობაზე ან/და ავთენტურობაზე აქვს ან მოსალოდნელია ჰქონდეს უარყოფითი/საზიანო გავლენა;

კ) ჯგუფი – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ32“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯგუფი;

ლ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და რომელსაც ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი ხელმძღვანელი ორგანოს წევრი;

მ) მნიშვნელოვანი წილი – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ9“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მნიშვნელოვანი წილი;

ნ) მნიშვნელოვანი გავლენა – კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის არსებობის მიუხედავად, საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა ან/და მონაწილეობის უფლება, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის შესრულების/შესაბამისობის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი;

ო) გადასათვლელი ფულადი სახსრები – პროვაიდერის მიერ კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში შეტანილი ნაღდი ფული, რომელიც არ არის ასახული პროვაიდერის ანგარიშზე და რომელიც კომერციულ ბანკში/მიკრობანკში გადათვლის შემდეგ განთავსდება პროვაიდერის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე;

პ) საგადახდო მომსახურების განხორციელებისათვის გამოყენებული ელექტრონული სისტემა – ტექნიკური საშუალებების ან/და პროგრამული უზრუნველყოფის ერთობლიობა, რომლის საშუალებით პროვაიდერს შეუძლია გადახდის ოპერაციის განხორციელებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გადახდის ოპერაციის შესრულებაში ჩართულ სხვა პირებთან გაცვლა, აგრეთვე, გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვის უზრუნველყოფა; პროვაიდერის ელექტრონულ სისტემად არ ჩაითვლება მხოლოდ ისეთ ელექტრონულ სისტემაზე წვდომა, რომელიც გამოიყენება სხვა პროვაიდერის მიერ საკუთარი საგადახდო მომსახურების განხორციელებისთვის;

ჟ) რეგისტრირებული მისამართი - დაინტერესებული პირის, პროვაიდერის სათავო ოფისის მისამართი (შემდგომში - „საკონტაქტო მისამართი“) და იურიდიული მისამართი;

რ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აკონტროლებს სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია);

ს) კონტროლი - საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 და 50-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და მასთან დადებული ხელშერკულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე, საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს ანიჭებს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას;

ტ) მაკონტროლებელი პირი  კონტროლის განმახორციელებელი პირი.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელობები.


თავი II
ეროვნული ბანკის მიერ პროვაიდერის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება

 


მუხლი 3. პროვაიდერის რეგისტრაცია და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები
1. დაუშვებელია საგადახდო მომსახურების, მათ შორის, ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად ფულადი გზავნილების, იმ პირის მიერ განხორციელება, რომელიც არ არის ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული პროვაიდერი. ამასთან, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებულ და რეგისტრირებულ იურიდიულ პირს აქვს უფლება, ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრაციის შემდეგ საქართველოში განახორციელოს საგადახდო მომსახურება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებზე, მიკრობანკებზე, ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე.

2. დაინტერესებულმა პირმა პროვაიდერად რეგისტრაციის მიზნით ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) სრულად შევსებული პროვაიდერის სარეგისტრაციო ფორმა (დანართი №1);

ბ) პროვაიდერის მიერ გასაწევი საგადახდო მომსახურების ჩამონათვალი (დანართი №2);

გ) ინფორმაცია პროვაიდერის თითოეული ადმინისტრატორის შესახებ (დანართი №3);

დ) ინფორმაცია პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრეების/მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირის შესახებ (დანართი №4);

ე) დოკუმენტაციის შესაბამისობის ცხრილი (დანართი №5);

ვ) „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

ზ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების განხორციელების სქემატური აღწერა, რომელიც მოიცავს მომსახურების პროცესში ინფორმაციისა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გადახდის ოპერაციის ინიციირებიდან მის დასრულებამდე, ყველა მონაწილის  გადამხდელის, გადამხდელის პროვაიდერის, მიმღების, მიმღების პროვაიდერის, შუამავალი პროვაიდერის და აგენტის მითითებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ დაინტერესებული პირი გეგმავს რამდენიმე საგადახდო მომსახურების განხორციელებას, მაშინ თითოეულ საგადახდო მომსახურებაზე წარდგენილი უნდა იქნეს ცალკე სქემა. თუ გადახდის ოპერაციის შესრულების პროცესში ჩართულია უცხო ქვეყნის პროვაიდერი, მაშინ წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი პროვაიდერების სია, მათი ზედამხედველი ორგანოების მითითებით; თუ დაინტერესებული პირი გეგმავს ამ წესის დანართი №2-ის მხოლოდ „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების განხორციელებას, მან უნდა წარადგინოს ინფორმაციის მოძრაობის სქემატური აღწერა ამ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით;

თ) თუ დაინტერესებული პირი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგადახდო მომსახურებასთან ერთად გეგმავს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნებადართულ საქმიანობას, აღნიშნულმა პირმა უნდა წარადგინოს შესაბამისი საქმიანობის დეტალური აღწერა;

ი) საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ელექტრონული სისტემის მწარმოებლის შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს ამონაწერი, ასევე შემდეგი ინფორმაცია: ელექტრონული სისტემის დასახელება, ელექტრონული სისტემის მწარმოებლის ვებგვერდის მისამართი, ელექტრონული სისტემის, მასში აღსარიცხი მომხმარებლების მიმართ ვალდებულებების და გადახდის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის განთავსების ადგილი, ასევე თითოეული მომხმარებლის მიმართ ვალდებულებების აღრიცხვის სარეზერვო ასლების განთავსების ადგილი და ფორმატი, აგრეთვე, სარეზერვო ასლების შენახვის პერიოდულობა (ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად); ელექტრონული სისტემის ფუნქციონალი უნდა შეესაბამებოდეს დაგეგმილ საგადახდო მომსახურებას, რომლის დემონსტრაციაც უნდა განხორციელდეს ეროვნული ბანკში პროვაიდერად რეგისტრაციამდე;

კ) საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ვებგვერდის/ვებგვერდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ვებგვერდის/ვებგვერდების საკუთრების/სარგებლობის უფლებას და ამავე ვებგვერდის/ვებგვერდების მისამართი/მისამართები;

ლ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ასახავს დაინტერესებული პირის მიერ ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის თარიღისათვის არსებულ ყველა ცვლილებას. თუ დაინტერესებული პირი სააქციო საზოგადოებაა, მაშინ დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ამონაწერი შესაბამისი აქციათა რეესტრიდან;

მ) ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრეების/მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირის შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან (არარეზიდენტი პირების შემთხვევაში), რომელიც ასახავს პროვაიდერის მიერ ეროვნული ბანკისთვის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის თარიღისათვის არსებულ ყველა ცვლილებას, ხოლო თუ იურიდიული პირი სააქციო საზოგადოებაა, მაშინ დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ამონაწერი შესაბამისი აქციათა რეესტრიდან);

ნ) დოკუმენტაცია, რომელიც ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის საშუალებას იძლევა;

ო) ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;

პ) ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების), ასევე საგადახდო მომსახურების საქმიანობის მართვაზე პასუხისმგებელი პირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნულ პირებს გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა ან/და გამოცდილება საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად;

ჟ) ცნობა (ცნობები) ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) და მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების)/მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირის ნასამართლობის შესახებ ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენდა პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში. ეროვნულ ბანკში წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს;

რ) ინფორმაცია ადმინისტრატორის/ადმინისტრატორების და მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების)/მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირის მიერ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებში წილობრივი მონაწილეობის შესახებ (კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, წილის მოცულობა);

ს) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც განთავსებული იქნება პროვაიდერის სათავო ოფისი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლება უნდა დასტურდებოდეს წარმოდგენილი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერით. სათავო ოფისის მისამართი უნდა მიეთითოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილ სარეგისტრაციო ფორმაში, როგორც საკონტაქტო მისამართი;

ტ) რეგულირებას/ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირის შემთხვევაში (გარდა ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირისა), შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა/ნებართვა იმის თაობაზე, რომ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს განახორციელოს შესაბამისი საგადახდო მომსახურება;

უ) ბიზნესგეგმა (სულ მცირე მომდევნო 3 წლის ბიუჯეტის პროგნოზით), რომელიც ადასტურებს, რომ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს დანერგოს სათანადო და შესაბამისი სისტემები, ასევე გააჩნია შესაბამისი რესურსები და პროცედურები საქმიანობის განსახორციელებლად. ამასთან, ბიზნესგეგმა უნდა ადასტურებდეს, რომ დაინტერესებული პირი გეგმავს საქმიანობის განხორციელებას საქართველოს ტერიტორიაზე;

ფ) სატარიფო პოლიტიკა თითოეული საგადახდო მომსახურებისთვის, რომელიც განსაზღვრავს მომსახურების ტარიფებს და დამატებით საფასურებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ქ) დაინტერესებული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

ქ.ა) სათავო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩამონათვალს, მათი ფუნქციების და დასაქმებულთა რაოდენობის მითითებით, ასევე, სათავო ოფისის სტრუქტურული განვითარების გეგმას რეგისტრაციის შემდეგ საქმიანობის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში;

ქ.ბ) თუ დაინტერესებული პირი საქმიანობას განახორციელებს ფილიალების ან/და სერვისცენტრების მეშვეობით  ამ ფილიალების/სერვისცენტრების ფუნქციების აღწერას;

ქ.გ) თუ დაინტერესებული პირი საქმიანობას განახორციელებს აგენტების მეშვეობით  საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მათი ფუნქციების აღწერას;

ქ.დ) თუ დაინტერესებული პირი განახორციელებს საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგს, პროვაიდერის საქმიანობაში აუთსორსინგული კომპანიის როლის აღწერას, აგრეთვე, ასეთი კომპანიის სათავო ოფისის მისამართს, აუთსორსინგული კომპანიის გამოყენების რისკების შეფასებას და მათი ადეკვატური კონტროლის მექანიზმებს;

ღ) ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ/რეგისტრირებულ ან/და უცხო ქვეყანაში ლიცენზირებულ/რეგისტრირებულ პროვაიდერებთან დაინტერესებული პირის სახელშეკრულებო ურთიერთობის შესახებ.

3. დაინტერესებულმა პირმა ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის ან/და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის მიზნით უნდა წარადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით (იმავე პუნქტის „თ“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტების გარდა) გათვალისწინებული და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ღია ბანკინგში ჩართვის წესით“ ღია ბანკინგში ჩართვაზე თანხმობის მისაღებად განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით დამტკიცებული „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის“ II თავთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა, თუ გასაწევი საგადახდო მომსახურების ფარგლებში კმაყოფილდება ხსენებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, აგრეთვე, ხსენებული წესის III თავით განსაზღვრული გამონაკლისების შემთხვევაში ამავე გამონაკლისებთან შესაბამისობის აღწერა. გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს განაღდებული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესის“ შესაბამისად.

4. თუ დაინტერესებული პირი გეგმავს ამ წესის დანართი №2-ის „დ.ა“, „დ.ბ“ ან/და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საგადახდო მომსახურებების განხორციელებას, იგი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან ერთად, დამატებით წარადგინოს:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით დამტკიცებული „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის“ II თავთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა, თუ გასაწევი საგადახდო მომსახურების ფარგლებში კმაყოფილდება ხსენებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. აგრეთვე, ხსენებული წესის III თავით განსაზღვრული გამონაკლისების შემთხვევაში ამავე გამონაკლისებთან შესაბამისობის აღწერა;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების“ მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა და იმავე დებულების პირველი მუხლით განსაზღვრული გამონაკლისების შემთხვევაში ამავე გამონაკლისებთან შესაბამისობის აღწერა;

გ) საბარათე ინსტრუმენტის გამოშვების სურვილის შემთხვევაში, საბარათე ინსტრუმენტის დასახელება, საბარათე სქემის და ინსტრუმენტის დეტალური აღწერა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უნდა მოიცავდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების“ II თავთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმას;

დ) ექვაირინგის და სუბ-ექვაირინგის მომსახურების სურვილის შემთხვევაში, მომსახურების დეტალური აღწერა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უნდა მოიცავდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების“ III თავთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმას.

5. თუ დაინტერესებული პირი გეგმავს ამ წესის დანართი №2-ის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურებების განხორციელებას, იგი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან ერთად, დამატებით წარადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების“ მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა და იმავე დებულების პირველი მუხლით განსაზღვრული გამონაკლისების შემთხვევაში ამავე გამონაკლისებთან შესაბამისობის აღწერა.

6. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 იანვრის №1/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული თითოეული მომსახურების ჭრილში.

7. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). ამასთან, წარდგენილი უნდა იქნეს დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

8. პირს ეკრძალება იყოს პროვაიდერის ადმინისტრატორი, თუ:

ა) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ბ) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი არღვევდა/არღვევს სამეწარმეო, საბანკო ან/და საფინანსო კანონმდებლობას ან/და ახორციელებდა/ახორციელებს ისეთ სამეწარმეო პრაქტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა/უქმნის ან/და რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას;

გ) იგი ამავე დროს არის სხვა პროვაიდერის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი არის ერთი ჯგუფის წევრი პროვაიდერების ადმინისტრატორი;

დ) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით, მან ფინანსურ ინსტიტუტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაარღვია ფიდუციური მოვალეობები, რომელზეც არსებობს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება;

ე) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ფინანსურ ინსტიტუტს, ან შელახა ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან გამოიწვია ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;

ვ) მას არ აქვს პროვაიდერის საქმიანობის სამართავად სათანადო ცოდნა ან/და გამოცდილება. პროვაიდერის ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა, სამართალმცოდნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რაოდენობრივი მეთოდები ან სხვა შესაბამისი განათლება ან/და საფინანსო სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება, რომელიც საჭიროა მათზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.

9. პირს ეკრძალება იყოს პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრე, მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

10. დაინტერესებული იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს მხოლოდ ერთი აქციონერი/პარტნიორი, რომელიც იმავდროულად ამ იურიდიული პირის დირექტორია, ვალდებულია ჰყავდეს სულ მცირე 2 დირექტორი.

11. თუ დაინტერესებული პირის მიერ დაგეგმილი საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია საგადახდო სისტემის ან/და სქემის მიერ ნებართვის გაცემა ან/და რეგისტრაცია ან/და მათ მიერ მითითებულ სტანდარტებთან შესაბამისობა, ან/და სხვა პროვაიდერის მონაწილეობა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაინტერესებული პირის რეგისტრაციამდე მოითხოვოს აღნიშნულ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან/და სხვა პროვაიდერის თანხმობა (მათ შორის, პირობითი) საგადახდო მომსახურების სქემაში მონაწილეობაზე. ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია დაინტერესებული პირის პროვაიდერად რეგისტრაციის შემდეგ მის მიერ საგადახდო მომსახურების განხორციელებამდე ან განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს ამ პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია და საგადახდო სისტემის ან/და სქემის შესაბამისი ნებართვა.

12. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია და განუსაზღვროს მას აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია სარეგისტრაციო განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ელექტრონული სისტემის დემონსტრირება ან/და ეროვნული ბანკის თანამშრომლების დაშვება დაინტერესებული პირის სათავო ოფისში.

13. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი განუსაზღვრავს მას 30 კალენდარული დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად. აღნიშნული ვადის დინება იწყება ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის დადგენილი ხარვეზების წერილობითი ფორმით წარდგენის დღიდან.

14. თუ დაინტერესებული პირი წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიხედვით ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის ან/და გადახდის ინიციირების მომსახურებასთან ერთად გეგმავს განახორციელოს სხვა საგადახდო მომსახურებაც, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერად რეგისტრაციაზე თანხმობა გასცეს მხოლოდ აღნიშნული სხვა საგადახდო მომსახურების ფარგლებში, თუ ამავე საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ სარეგისტრაციო მოთხოვნებს.

15. დაინტერესებული პირისათვის პროვაიდერად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში, დაინტერესებული პირის მიერ იმავე პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა;

ბ) წარდგენილ დოკუმენტაციაში მცდარი ინფორმაციის არსებობა;

გ) წარდგენილი სქემატური აღწერით დგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობა არ არის საგადახდო მომსახურება ან წარმოადგენს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებებს ან ამ წესის დანართი №2-ის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების განხორციელების შემთხვევაში  წარდგენილი სქემატური აღწერა არ შეესაბამება ამ წესის მე-9 მუხლის მოთხოვნებს;

დ) ხარვეზების გამოსწორების ან/და დამატებით წარდგენილი ინფორმაციის შედეგად მიღებული საგადახდო მომსახურების სქემა არსებითად განსხვავდება სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში თავდაპირველად წარდგენილი საგადახდო მომსახურების სქემისგან;

ე) საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ელექტრონული სისტემა არ არის ეროვნულ ბანკში წარდგენილი საგადახდო მომსახურების სქემის (გამოსწორებული ხარვეზების და დამატებითი ინფორმაციის გათვალისწინებით) შესაბამისი, რაც დასტურდება ეროვნულ ბანკში ელექტრონული სისტემის დემონსტრირების შედეგად;

ვ) სათავო ოფისი (მათ შორის, მისი ფართი ან/და მოწყობა) ვერ უზრუნველყოფს ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ზ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები.

16. ეროვნული ბანკი, ამ წესით და დანართი №5-ით განსაზღვრული, პროვაიდერის შესაბამისი სარეგისტრაციო ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენიდან 60 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პროვაიდერის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-11-მე-13 პუნქტების საფუძველზე შესაბამისი წერილის გაგზავნის დღიდან (წერილის ეროვნული ბანკის კანცელარიაში რეგისტრაციის თარიღიდან) და იგი განახლდება დაინტერესებული პირის მიერ წერილით განსაზღვრულ მოთხოვნაზე შესაბამისი რეაგირების (შესაბამისი წერილობითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის, ელექტრონული სისტემის დემონსტრაციის, სათავო ოფისში ეროვნული ბანკის წარმომადგენლის დაშვების) დღიდან.

17. თუ პროვაიდერის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ხარვეზების ან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-11–მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული წერილი ორი მცდელობის მიუხედავად ვერ ჩაბარდა დაინტერესებულ პირს, პირველი მცდელობისას მის საკონტაქტო მისამართზე, ხოლო მეორე მცდელობისას რეგისტრირებულ მისამართზე/მისამართებზე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია წერილის მეორედ ჩაბარების მცდელობის დღიდან 10 კალენდარული დღის ვადის გასვლის შემდეგ უარი განაცხადოს პროვაიდერის რეგისტრაციაზე.

18. ეროვნული ბანკი პროვაიდერის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება პროვაიდერის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, პროვაიდერის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი/საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი, შესაბამისი საგადახდო მომსახურებები. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი გადაეცემა დაინტერესებულ პირს.

19. ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, პროვაიდერის რეგისტრაციის თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აღინიშნება ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის მისამართი, სადაც განთავსებულია რეგისტრირებული პროვაიდერების ჩამონათვალი შესაბამისი საგადახდო მომსახურებების მითითებით, ასევე იმ პროვაიდერების ჩამონათვალი, რომელსაც გაუუქმდა რეგისტრაცია, ასევე იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.

20. რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი წერილობით აცნობებს აღნიშნულის თაობაზე დაინტერესებულ პირს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზის მითითებით.

21. ეროვნული ბანკი აწარმოებს პროვაიდერების უწყებრივ სარეგისტრაციო რეესტრს ელექტრონული ფორმით და პროვაიდერის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მასში შეაქვს პროვაიდერის სარეგისტრაციო ინფორმაცია.

22. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მათ შორის, საგანგებო/საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ასევე ეპიდემიის/პანდემიის დროს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დროებით შეაჩეროს პროვაიდერად რეგისტრაციისათვის ეროვნულ ბანკში პირის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება.

23. ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება შეჩერების საფუძველი და ვადა. სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.


მუხლი 4. წილობრივი მონაწილეობის კონტროლი
1. ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძინოს მნიშვნელოვანი წილი ან გაზარდოს თავისი წილი მნიშვნელოვან წილამდე ან გაზარდოს თავისი მნიშვნელოვანი წილი პროვაიდერში, რის შედეგადაც კაპიტალის ან ხმის უფლების წილობრივი მაჩვენებელი მიაღწევს ან გადააჭარბებს 20%, 30% ან 50%-ს, ან ეს პროვაიდერი გახდება მისი შვილობილი საწარმო, აღნიშნული განზრახვის შესახებ უნდა შეატყობინოს ეროვნულ ბანკს. ამასთან, ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილება განიხილება იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნა ასევე ვრცელდება იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება პირდაპირ ან არაპირდაპირ გაასხვისოს ან შეამციროს მისი მნიშვნელოვანი წილობრივი მაჩვენებელი იმგვარად, რომ კაპიტალის ან ხმის უფლების წილობრივი მაჩვენებელი გახდება 20%, 30% ან 50%-ზე ნაკლები, ან იმგვარად, რომ პროვაიდერი აღარ იქნება აღნიშნული პირის შვილობილი საწარმო.  

3. ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, როდესაც აღნიშნულმა პირმა იცოდა ან მისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა სცოდნოდა მნიშვნელოვანი წილის შეძენის/გაზრდის შესახებ და მას შესაძლებლობა ჰქონდა გავლენა მოეხდინა, შეწინააღმდეგებოდა ან/და თავიდან აეცილებინა აღნიშნული ტრანზაქცია, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

4. ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია უნდა წარედგინოს დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდება აღნიშნული ფაქტის შესახებ. მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე ეროვნული ბანკის მიერ დასაბუთებული უარის/თანხმობის გაცემამდე, პირმა არ უნდა გამოიყენოს მნიშვნელოვანი წილის ფლობასთან დაკავშირებული ხმის უფლებები და სხვა უფლებამოსილებები. ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენისას, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არსებობს მიუხედავად იმისა, გეგმავს თუ არა შემძენი იმ ოდენობის წილის გასხვისებას, რომ მის მფლობელობაში არსებული წილი ზღვრულ ოდენობას დაუბრუნდეს.

5. წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენა გულისხმობს შემდეგ შემთხვევებს:

ა) პროვაიდერის მიერ აქციონერების მფლობელობაში არსებული წილის გამოსყიდვა, რომელიც პირდაპირ იწვევს წილების ოდენობის ცვლილებას;

ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წილის მიკუთვნება;

გ) წილის შეძენა სამკვიდროს მიღების გზით;

დ) სხვა შემთხვევა, როდესაც შემძენისათვის არ არის ან/და არ შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო წილის შეძენის ფაქტი.


მუხლი 5. საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მინიჭება და გაუქმება
1. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ პროვაიდერს შესაძლებელია მიენიჭოს მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსი, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ კრიტერიუმს:

ა) პროვაიდერის მიერ/მეშვეობით ბოლო 12 თვის განმავლობაში განხორციელებული გადახდის ოპერაციების მოცულობის (მათ შორის, პროვაიდერის აგენტის მეშვეობით განხორციელებული) საშუალო თვიური მაჩვენებელი აღემატება 9 000 000 (ცხრა მილიონ) ლარს;

ბ) ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ ბოლო 6 თვის საშუალო დღიური გამოშვებული ელექტრონული ფული (ნაშთი) აღემატება 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათას) ლარს;

გ) ეროვნული ბანკი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პროვაიდერს მიიჩნევს მნიშვნელოვნად.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერის მიმართვის საფუძველზე მას მიანიჭოს მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კრიტერიუმებისგან დამოუკიდებლად, თუ იგი აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მქონე სუბიექტისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მიღების მიზნით პროვაიდერმა ან მნიშვნელოვან პროვაიდერად რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს განაღდებული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესის“ შესაბამისად.

3. თუ პროვაიდერი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი პროვაიდერის კრიტერიუმებს და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით წარმოადგენს მნიშვნელოვან პროვაიდერს, იგი ვალდებულია დააკმაყოფილოს „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დადგენილი საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი მნიშვნელოვან პროვაიდერს განუსაზღვრავს ვადას დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსვლის მიზნით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის გადახდის ოპერაციების მოცულობაში შედის ანგარიშგების თარიღამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში პროვაიდერის მიერ/მეშვეობით განხორციელებულ გადახდის ოპერაციებს (გარდა ელექტრონული ფულის ოპერაციებისა) დამატებული ამავე პერიოდში პროვაიდერის მიერ გამოშვებული და დაფარული ელექტრონული ფულის მოცულობას შორის უდიდესი მაჩვენებელი.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერს გაუუქმოს მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსი, თუ:

ა) იგი ბოლო 6 თვის განმავლობაში ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (თანხობრივ ჭრილში) ან/და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს. ამასთან, პროვაიდერი უფლებამოსილია ეროვნულ ბანკს მიმართოს მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის შენარჩუნების შესახებ;

ბ) აღარ არსებობს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

6. თუ საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიმართავს ეროვნულ ბანკს მისთვის მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის შენარჩუნების თაობაზე, ეროვნული ბანკის თანხმობის შემთხვევაში, იგი ვალდებული იქნება დააკმაყოფილოს საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.


მუხლი 6. ცვლილებების რეგისტრაცია
1. პროვაიდერი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) პროვაიდერის დასახელების, სამართლებრივი ფორმის ცვლილების შესახებ;

ბ) რეგისტრირებული მისამართის ცვლილების შესახებ;

გ) ადმინისტრატორის და/ან მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის, მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირის ცვლილების ან/და დამატების შესახებ;

დ) არსებული საგადახდო მომსახურების შეწყვეტის შესახებ;

ე) დაგეგმილი ახალი სახის საგადახდო მომსახურების სქემა;

ვ) წარდგენილი საგადახდო მომსახურების სქემის ცვლილების ან/და მისი შემადგენელი კომპონენტის (რგოლის) სხვა კომპონენტით (რგოლით) ჩანაცვლების შესახებ;

ზ) პროვაიდერის მიერ საგადახდო მომსახურების განხორციელებისათვის გამოყენებული ვებგვერდის მისამართის ცვლილების, გაუქმების და/ან ვებგვერდის ახალი მისამართის დამატების შესახებ;

თ) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის პირველი პუნქტით ნებადართული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის შესახებ.

2. პროვაიდერი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ამ ცვლილებების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი ფორმით, ხოლო იმავე პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაგეგმილი ცვლილებების შესახებ წერილობითი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ცვლილებების განხორციელებამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, ასევე „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეთანხმების ფარგლებში წერილობითი ინფორმაციის/დოკუმენტების სრულად მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა ეროვნული ბანკი გასცემს თანხმობას ან დასაბუთებულ უარს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით დაგეგმილი ცვლილების შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ წესით და დანართი №6-ით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის წარდგენიდან 60 კალენდარული დღის ვადაში ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას ახალი საგადახდო მომსახურების განხორციელებაზე თანხმობის ან უარის შესახებ ამ წესის მე-3 მუხლის მე-11-მე-13 პუნქტების შესაბამისად. ამასთან, ვადის დინება ჩერდება ეროვნული ბანკის მიერ წერილის გაგზავნის დღიდან (წერილის ეროვნული ბანკის კანცელარიაში რეგისტრაციის თარიღიდან) და იგი განახლდება დაინტერესებული პირის მიერ წერილით განსაზღვრულ მოთხოვნაზე შესაბამისი რეაგირების (შესაბამისი წერილობითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის, ელექტრონული სისტემის დემონსტრაციის, სათავო ოფისში ეროვნული ბანკის წარმომადგენლის დაშვების) დღიდან.

3. ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ცვლილების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს ცვლილების განხორციელებამდე 30 კალენდარული დღით ადრე.

4. თუ პროვაიდერის სისტემაში არსებული ხარვეზები მოითხოვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული ცვლილების დაუყოვნებლივ განხორციელებას, პროვაიდერი ვალდებულია ამ ცვლილებების განხორციელებისთანავე აცნობოს ამის თაობაზე ეროვნულ ბანკს.

5. ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პროვაიდერის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე და გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში განაახლოს სარეგისტრაციო რეესტრი.

6. პროვაიდერის მიერ განსახორციელებელი/განხორციელებული ცვლილებები შესაბამისი უნდა იყოს სარეგისტრაციო მოთხოვნებთან.

7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერს მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია და განუსაზღვროს მას ვადა აღნიშნული ინფორმაციის წარსადგენად.


მუხლი 7. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს პროვაიდერის რეგისტრაცია, თუ:

ა) პროვაიდერი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე წერილობითი განცხადებით მიმართავს ეროვნულ ბანკს;

ბ) პროვაიდერის მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

გ) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩნდა მცდარი ინფორმაცია;

დ) უფლებამოსილი ორგანოსგან მიღებულია შეტყობინება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან პროვაიდერის ამოღების თაობაზე;

ე) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და/ან ვადაში პროვაიდერმა ეროვნულ ბანკს ზედიზედ სამჯერ არ წარუდგინა ანგარიშგება ნებისმიერი ფორმით;

ვ) პროვაიდერის მიერ ხორციელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის, ეროვნული ბანკის წესების, მოთხოვნების, მითითებების სისტემატური ან/და მნიშვნელოვანი დარღვევა;

ზ) პროვაიდერის მიერ ხორციელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წესების, მოთხოვნების, მითითებების დარღვევა;

თ) პროვაიდერმა ეროვნული ბანკის თანამშრომელი შემოწმებაზე არ დაუშვა;

ი) პროვაიდერმა ეროვნულ ბანკს შემოწმების მიზნით მოთხოვნილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია არ მიაწოდა, ან პროვაიდერის ადგილზე შემოწმებისას, პროვაიდერი ან/და პროვაიდერის ადმინისტრატორი ან/და საქმიანობის მართვაზე პასუხისმგებელი პირი/პირები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ეროვნული ბანკის თანამშრომელს არ დახვდა სამუშაო საათებში სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე;

კ) პროვაიდერის სათავო ოფისი არ მოიძებნა მის მიერ ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე ან აღნიშნულ მისამართზე არსებული ოფისი არ შეესაბამება სათავო ოფისისთვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

ლ) პროვაიდერმა რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში არ განახორციელა საგადახდო მომსახურება, რაც დასტურდება მის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგებით ან/და პროვაიდერის ადგილზე შემოწმებით;

მ) პროვაიდერმა შეწყვიტა საქმიანობა 6 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში, რაც დასტურდება საგადახდო მომსახურების მიღების შეუძლებლობით ან/და ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგებით ან/და პროვაიდერის ადგილზე შემოწმებით;

ნ) პროვაიდერმა არ წარადგინა ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვილი დოკუმენტაცია და/ან ინფორმაცია;

ო) პროვაიდერი არ ახორციელებს საგადახდო მომსახურებას მის მიერ წარდგენილი საგადახდო მომსახურების სქემის მიხედვით;

პ) პროვაიდერი აღარ შეესაბამება სარეგისტრაციო მოთხოვნებს;

ჟ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი პროვაიდერად რეგისტრირებული იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე;

რ) პროვაიდერის მიერ საგადახდო მომსახურების გაგრძელებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საგადახდო სისტემის სტაბილურობას და მისადმი ნდობას;

ს) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის ან/და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ღია ბანკინგში ჩართვის წესის“ მოთხოვნებს;

ტ) სახეზეა აუთსორსინგის ამ წესის მე-12 მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამობა;

უ) პროვაიდერი არ ახორციელებს ფულადი გზავნილის მომსახურებას ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად;

ფ) დაირღვა ადმინისტრატორის და/ან მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის, მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირის ცვლილების ან/და დამატების, ასევე ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ცვლილების ამავე წესის მე-6 მუხლის შესაბამისად შეტყობინების ვალდებულება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს პროვაიდერის წერილობითი განცხადება, ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:

ა) პროვაიდერს განცხადების წარდგენის თარიღისათვის მომხმარებლების მიმართ აღერიცხება დაუფარავი ვალდებულებები. პროვაიდერს ეკრძალება ეროვნული ბანკის მიერ განცხადების განხილვის პერიოდში მომხმარებლების მიმართ ახალი ვალდებულებების აღება;

ბ) პროვაიდერს განცხადების წარდგენის თარიღისათვის არ აქვს გადახდილი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა;

გ) განცხადების წარდგენის თარიღისათვის მიმდინარეობს ეროვნული ბანკის მიერ პროვაიდერის შემოწმება ან შემოწმების დასრულებიდან არ გასულა 30 კალენდარული დღე.

3. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების და ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აქტის გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აახლებს რეესტრის შესაბამის მონაცემებს.

4. პროვაიდერს/დაინტერესებულ პირს ან/და მის უშუალო ან ბენეფიციარ მესაკუთრეს ან მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირს უფლება არ აქვს ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს უშუალოდ ან დაკავშირებული პირის მეშვეობით:

ა) შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ან წერილის გაცნობიდან მომდევნო 3 (სამი) წლის განმავლობაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „ე“–„კ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მცდარი ინფორმაციის არსებობისას ამ წესის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად დაინტერესებული პირისათვის პროვაიდერის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში;

ბ) შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ან წერილის გაცნობიდან შემდეგი 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში და ამ წესის მე-3 მუხლის მე-17 პუნქტით მითითებული საფუძვლით დაინტერესებული პირისათვის პროვაიდერის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეამციროს დაინტერესებული პირის დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე.


თავი III
პროვაიდერის ვალდებულებები

მუხლი 8. პროვაიდერის სათავო ოფისის, საოპერაციო საქმიანობისათვის განკუთვნილი ფართის და ელექტრონული სისტემის მიმართ მოთხოვნები
1. პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე განათავსოს სათავო ოფისი, საიდანაც მისი ადმინისტრატორი/ადმინისტრატორები განახორციელებენ პროვაიდერის საქმიანობის ფაქტობრივ მართვას.

2. სათავო ოფისი, როგორც უძრავი ქონება, ასევე მისი აღჭურვილობა, უნდა იძლეოდეს საგადახდო მომსახურების ეფექტურად მართვის და კონტროლის, ასევე ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად შემოწმების საშუალებას. პროვაიდერის სათავო ოფისი ფიზიკურად გამიჯნული უნდა იყოს სხვა პირის მიერ ნებისმიერი დანიშნულებით გამოყენებული ფართისგან.

3. პროვაიდერის საოპერაციო საქმიანობისთვის განკუთვნილი ფართი, როგორც უძრავი ქონება, ასევე მისი აღჭურვილობა, უნდა იძლეოდეს საგადახდო მომსახურების და მასთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესების ეფექტურად განხორციელების, ასევე ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად შემოწმების საშუალებას. პროვაიდერის საოპერაციო საქმიანობისთვის განკუთვნილი ფართი ფიზიკურად გამიჯნული უნდა იყოს სხვა პირის მიერ ნებისმიერი დანიშნულებით გამოყენებული ფართისგან.

4. პროვაიდერის მიერ შესრულებული გადახდის ოპერაციები მის სისტემაში სრულად უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს პროვაიდერის სათავო ოფისიდან მათ შესახებ ინფორმაციის უმოკლეს ვადაში მოძიება და ამოღება.

5. პროვაიდერი ვალდებულია ელექტრონული სისტემაში აღრიცხული თითოეული მომხმარებლის მიმართ ვალდებულებების ჩანაწერების სარეზერვო ასლები განათავსოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მონაცემთა სანახში/სანახებში, დამატებითი ხარჯის გარეშე წაკითხვადი ფორმით. სარეზერვო ასლის შენახვა უნდა განხორციელდეს არანაკლებ დღეში ერთხელ. სარეზერვო ასლები ისე უნდა იქნეს შენახული, რომ საჭიროების შემთხვევაში, სათავო ოფისიდან შესაძლებელი იყოს თითოეული მომხმარებლის მიმართ ვალდებულების შესახებ სრული ინფორმაციის გონივრულ ვადაში მოძიება და ამოღება.

6. პროვაიდერს უნდა გააჩნდეს თავის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხული თითოეული მომხმარებლის მიმართ ვალდებულებების ჩანაწერების სარეზერვო ასლების შენახვის და აღდგენის ყოვლისმომცველი და კარგად დოკუმენტირებული პროცედურები.

7. პროვაიდერი ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები ეროვნულ ბანკს წარუდგინოს რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 4 თვისა. ხოლო ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგინოს მესამე მხარის მიერ განხორციელებული შეფასების დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს წარდგენილი პროცედურების მიხედვით ინფორმაციის ამოღების შესაძლებლობას.

8. პროვაიდერი ვალდებულია მის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვით უზრუნველყოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის წვდომა მის შიდა სისტემაზე სათავო ოფისში, პროვაიდერის ადგილზე სრულფასოვანი შემოწმების მიზნით.

9. პროვაიდერის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ერთ-ერთი პირი კალენდარული თვის განმავლობაში არანაკლებ 14 კალენდარული დღისა უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე. მისი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის შესაძლო დარღვევის შემთხვევაში პროვაიდერის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა წინასწარ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს შესაბამისი მიზეზი და მიაწოდოს საქართველოში არყოფნის პერიოდში მისი საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა).

10. ეროვნული ბანკი პროვაიდერთან მიმოწერას აწარმოებს პირველ რიგში სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე.


მუხლი 9. პროვაიდერის მიერ ფულადი გზავნილების მომსახურების განხორციელება
ფულადი გზავნილების მომსახურების განმახორციელებელი პროვაიდერი უფლებამოსილია აღნიშნული მომსახურება განახორციელოს მხოლოდ ერთ-ერთი შემდეგი გზით:

ა) საკუთარი ფულადი გზავნილების სქემის ან საქართველოში რეგისტრირებული სხვა პროვაიდერის (ფულადი გზავნილების სქემის ოპერატორის) მეშვეობით;

ბ) უშუალოდ უცხოური ფულადი გზავნილის სქემის ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;

გ) საქართველოში მოქმედი პროვაიდერის მეშვეობით, რომელიც უშუალო სახელშეკრულებო ურთიერთობაშია უცხოური ფულადი გზავნილების სქემის ოპერატორთან.


მუხლი 10. შიდა პოლიტიკა და რისკების მართვა
1. საგადახდო მომსახურების საიმედოობის, მდგრადობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, პროვაიდერს უნდა გააჩნდეს ნათლად ჩამოყალიბებული კომპანიის ბიზნეს-გეგმა, გამართული მმართველობითი სტრუქტურა და შიდა პოლიტიკა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ საკითხებს:

ა) კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურას ნათლად ჩამოყალიბებული მოვალეობების და პასუხისმგებლობების განაწილებით;

ბ) შიდა კონტროლის ადეკვატურ მექანიზმებს;

გ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას;

დ) სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების ეფექტიან სისტემას;

ე) ინციდენტების აღრიცხვის სათანადო სისტემას.

2. მნიშვნელოვანი პროვაიდერის შიდა პოლიტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებთან ერთად, დამატებით, უნდა ითვალისწინებდეს:

ა) ყოვლისმომცველ და სათანადოდ დოკუმენტირებულ საოპერაციო და ტექნიკურ პროცედურებს;

ბ) საინფორმაციო უსაფრთხოების ზომებს;

გ) ფინანსური ანგარიშგების წარმოებას და აუდიტს.

3. მნიშვნელოვან პროვაიდერს საგადახდო მომსახურების სქემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დამატებით უნდა გააჩნდეს:

ა) წესები და პროცედურები, რომელშიც ნათლად იქნება განსაზღვრული პროვაიდერის, აუთსორსინგული კომპანიის, აგენტის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის, მომხმარებლის და სხვა მონაწილე მხარის უფლებები და ვალდებულებები;

ბ) საგადახდო მომსახურების უწყვეტობის (ბიზნესის უწყვეტობის გეგმა), უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველყოფის პროცედურები, რომლებიც ითვალისწინებს განსაკუთრებულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში პროცესების კონტროლის, მართვისა და აღდგენის ღონისძიებებს, რომლებიც ფარავს ყველა შესაბამის სისტემასა და პლატფორმას (როგორც შიდა, ასევე გარე – აგენტის/აუთსორსინგის შემთხვევაში);

გ) საგადახდო მომსახურების საქმიანობის სუსტი და არაეფექტიანი მხარეების აღმოჩენის, ანალიზის და აღმოფხვრის პროცედურები;

დ) საგადახდო მომსახურების საქმიანობაში მოსალოდნელი რისკების იდენტიფიცირების, მართვისა და მონიტორინგის პროცედურები.

4. პროვაიდერს უფლება არ აქვს გადახდის ოპერაციის შესრულებისას გამოიყენოს უცხო ქვეყნის პროვაიდერი, თუ ეს პროვაიდერი:

ა) საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით არ ახორციელებს მასთან ურთიერთობაში მყოფი პირის იდენტიფიკაციას და ვინაობის გადამოწმებას (ვერიფიკაციას) და თუ მის მიმართ არ ხორციელდება ზედამხედველობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. პროვაიდერის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით საქართველოს კანონმდებლობის იდენტურ ან უფრო მკაცრ მოთხოვნებს;

ბ) არ ექვემდებარება რეგულირებას, როგორც საგადახდო მომსახურების განმახორციელებელი პირი.

5. პროვაიდერი ვალდებულია უცხო ქვეყნის პროვაიდერთან ხელშეკრულების გაფორმებამდე მოიძიოს საკმარისი ინფორმაცია პროვაიდერის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნებისთვის შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით და შეაფასოს კონტროლის ხარისხი.


მუხლი 11. მომხმარებლის საჩივრების მიღებისა და განხილვის უზრუნველყოფა
1. პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის საჩივრების მიღება და განხილვა უზრუნველყოს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 411 მუხლის მოთხოვნების დაცვით.

2. პროვაიდერს უნდა ჰქონდეს მიღებული საჩივრების შესახებ ყოველდღიურად განახლებული ჩანაწერები, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას:

ა) საჩივრის განმცხადებელი მომხმარებლის მონაცემები:

ა.ა) არამეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ა.ბ) მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში: დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი ან/და პირადი ნომერი;

ა.გ) სხვა დანარჩენი მომხმარებლების, მათ შორის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების შემთხვევაში: დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი. საიდენტიფიკაციო კოდის არქონისას  გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ასევე, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) საჩივრის დეტალური შინაარსი (მათ შორის, სადავო ოპერაციის უნიკალური იდენტიფიკატორი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) საჩივარში დაფიქსირებულ პრობლემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შინაარსი, გადაჭრისათვის განხორციელებული ღონისძიებები და საბოლოო შედეგი.

3. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები უნდა წარედგინოს ეროვნულ ბანკს.

4. პროვაიდერი ვალდებულია საჩივრის შესახებ ჩანაწერები ელექტრონული ფორმით შეინახოს მისი მიღებიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, გარდა იმ ჩანაწერებისა, რომელთა განხილვა ხდება საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ ან მიმდინარეობს სასამართლო დავა აღნიშნულის შესახებ.


თავი IV
აუთსორსინგი და აგენტები

 


მუხლი 12. აუთსორსინგი
1. თუ მნიშვნელოვანი პროვაიდერი გეგმავს საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგს, ის ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წინასწარ (30 კალენდარული დღით ადრე) მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია ეროვნულ ბანკს.

2. პროვაიდერებისთვის დაუშვებელია საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგი იმგვარად, რომ აღნიშნულმა გააუარესოს ან შეასუსტოს პროვაიდერის შიდა კონტროლის მექანიზმები ან შეამციროს ეროვნული ბანკის შესაძლებლობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეაფასოს პროვაიდერის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

3. აუთსორსინგის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პირობა, რომ ეროვნულ ბანკს, როგორც პროვაიდერის ზედამხედველ ორგანოს, უფლება აქვს უშუალოდ აუთსორსინგული კომპანიისაგან გამოითხოვოს პროვაიდერთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ამასთან, დაუშვებელია აუთსორსინგი იმ იურისდიქციებში, სადაც ეროვნულ ბანკს შესაძლოა არ გააჩნდეს სრული და შეუფერხებელი წვდომა პროვაიდერის ინფორმაციაზე, ინფორმაციის მიმოქცევასთან დაკავშირებით იურიდიული ან/და ადმინისტრაციული შეზღუდვების გამო.

4. საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგმა არ უნდა გამოიწვიოს:

ა) პროვაიდერის ადმინისტრატორის/ადმინისტრატორების პასუხისმგებლობების დელეგირება აუთსორსინგულ კომპანიაზე;

ბ) მომხმარებლის წინაშე პროვაიდერის ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის შემცირება;

გ) პროვაიდერის სარეგისტრაციო პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა.

5. პროვაიდერს უნდა გააჩნდეს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, აგრეთვე განსაკუთრებულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში სამოქმედო გეგმა ისეთი საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგისას, რომელთა ჩავარდნამ ან არასწორად განხორციელებამ შესაძლოა:

ა) მნიშვნელოვნად შეზღუდოს პროვაიდერის ფინანსური შესაძლებლობები;

ბ) საფრთხე შეუქმნას პროვაიდერის მიერ საგადახდო მომსახურების განხორციელების უწყვეტობასა და საიმედოობას;

გ) გამოიწვიოს პროვაიდერის რეგისტრაციის პირობების დარღვევა ან კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა.

6. პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგზე გატანილი საქმიანობის ადეკვატური კონტროლის მექანიზმების არსებობა, მათ შორის, უშუალოდ მის მიერ შემოწმების გზით ან გარე აუდიტის მეშვეობით.


მუხლი 13. პროვაიდერის მიერ აგენტების გამოყენება
1. თუ პროვაიდერი გეგმავს საგადახდო მომსახურების განხორციელებას აგენტების მეშვეობით, იგი ვალდებულია წინასწარ (30 კალენდარული დღით ადრე) მიაწოდოს ეროვნულ ბანკს შემდეგი ინფორმაცია:

ა) საგადახდო მომსახურების ჩამონათვალი, რომლებსაც შეასრულებს აგენტების მეშვეობით;

ბ) აგენტთან გაფორმებული/გასაფორმებელი ჩარჩოხელშეკრულების ნიმუში.

2. პროვაიდერი ვალდებულია აგენტთან გააფორმოს ჩარჩოხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროვაიდერისა და აგენტის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილ ჩარჩოხელშეკრულებას.

3. პროვაიდერი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აგენტებთან ჩარჩოხელშეკრულების ისეთი პირობების ცვლილება, რომელიც იწვევს პროვაიდერისა და აგენტის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შეცვლას. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება პროვაიდერსა და აგენტს შორის დაწესებული საკომისიოებისა და სხვა მსგავსი გადასახდელების ოდენობის ცვლილებაზე.

4. თუ მნიშვნელოვანი პროვაიდერი საგადახდო მომსახურებას ახორციელებს აგენტების მეშვეობით, მას უნდა გააჩნდეს სათანადო პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ა) აგენტებთან აგებული საკომუნიკაციო არხებისა და გამოყენებული ტექნოლოგიების აღწერას;

ბ) საგადახდო მომსახურების განხორციელებისას აგენტების გამოყენებიდან გამომდინარე (მათ შორის, საკომუნიკაციო არხებისა და მონაცემების უსაფრთხოების თვალსაზრისით) საოპერაციო რისკების შეფასებას და ამ რისკების შესამცირებელი ზომების აღწერას;

გ) აგენტის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე შესაძლო რისკების შეფასებას და ამ რისკების შესამცირებელი ზომების აღწერას;

დ) აგენტების მიერ კანონმდებლობითა და პროვაიდერთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმებს.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს აგენტის ჩარჩოხელშეკრულებაში გარკვეული შესწორებების/დამატებების შეტანა.

6. აგენტს უფლება აქვს იყოს ერთზე მეტი პროვაიდერის აგენტი. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია თითოეულ პროვაიდერთან ცალკე გააფორმოს ხელშეკრულება და უზრუნველყოს სხვადასხვა პროვაიდერის სახელით შესრულებული საგადახდო მომსახურების ერთმანეთისაგან გამიჯვნა (როგორც ელექტრონულად, ასევე დოკუმენტურად).

7. პროვაიდერმა, რომელიც ხელშეკრულებას აფორმებს ისეთ აგენტთან, რომელიც უკვე ახორციელებს სხვა პროვაიდერის საგადახდო მომსახურებას, უნდა შეაფასოს აგენტის მიერ სხვადასხვა პროვაიდერებისთვის ტრანზაქციების მართვის შესაძლებლობა. ამ მიზნით, პროვაიდერმა უნდა შეამოწმოს აგენტის მომსახურების სივრცე, ტექნოლოგიური შესაძლებლობები და შეაფასოს აგენტის ფულადი სახსრების ნაკადები.

8. აგენტთან ხელშეკრულების გაფორმებამდე და ასევე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროვაიდერმა უნდა შეისწავლოს და გაითვალისწინოს:

ა) საკრედიტო საინფორმაციო ბიუროებიდან ან სხვა სანდო წყაროებიდან მიღებული აგენტის შესახებ ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც არ არის გაბათილებული (ჩანაცვლებული დადებითი ინფორმაციით);

ბ) აგენტის საშუალებით ისეთი მომსახურების განხორციელებისას, რომელიც მიეკუთვნება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე მაღალი რისკის მქონე მომსახურებებს, აგენტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ნასამართლობის არსებობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

გ) აგენტის სხვა საქმიანობიდან გამომდინარე კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვა, რომელიც კრძალავს ამ პირის მიერ საგადახდო მომსახურების განხორციელებას.

9. პროვაიდერი ვალდებულია აგენტის შეფასების საფუძველზე, განუსაზღვროს მას საგადახდო მომსახურების ჩამონათვალი და დაუწესოს ცალკეული ტრანზაქციის ან/და ტრანზაქციების ჯამური ლიმიტები.

10. პროვაიდერს უფლება არ აქვს აგენტთან გააფორმოს ისეთი ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომელიც საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას, საგადახდო სისტემების ეფექტიან და გამართულ ფუნქციონირებას ან ზღუდავს კონკურენციას ქვეყანაში ან/და ბაზრის რომელიმე სეგმენტზე. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს პროვაიდერს მის მიერ აგენტთან გაფორმებული ნებისმიერი ექსკლუზიური ხელშეკრულების წარდგენა. პროვაიდერი ვალდებულია ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში შეაჩეროს ან შეწყვიტოს ექსკლუზიური ხელშეკრულება ან მისი ცალკეული პირობები.

11. აგენტს უფლება არ აქვს:

ა) განახორციელოს ისეთი საგადახდო მომსახურება, რომელიც არ არის განსაზღვრული პროვაიდერთან გაფორმებული ხელშეკრულებით;

ბ) დააწესოს მომხმარებლისთვის პროვაიდერის მომსახურების საკომისიოსგან განსხვავებული მომსახურების საკომისიო;

გ) პროვაიდერის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეაჩეროს საქმიანობა ან დახუროს ან/და გადაიტანოს თავისი ოფისი სხვა მისამართზე. აგენტის მიერ პროვაიდერის ინფორმირება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადისა და ფორმის დაცვით.

12. აგენტმა თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს ან სხვაგვარად გახადოს ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის შემდეგი ინფორმაცია:

ა) პროვაიდერის დასახელება, რომლის სახელითაც მოქმედებს აგენტი და პროვაიდერის ლოგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) პროვაიდერის საკონტაქტო ინფორმაცია (სათავო ოფისის მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტა და სხვა);

გ) აგენტის მიერ შეთავაზებული პროვაიდერის საგადახდო მომსახურებების სია;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 იანვრის №1/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესით“ განსაზღვრული ინფორმაცია.

13. ეროვნული ბანკი აწარმოებს პროვაიდერების აგენტების რეესტრს პროვაიდერების მიერ წარდგენილი ანგარიშგების საფუძველზე და აქვეყნებს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.


მუხლი 14. პროვაიდერის ვალდებულება და პასუხისმგებლობა აგენტის საქმიანობაზე
1. პროვაიდერი სრულად არის პასუხისმგებელი მისი აგენტების საშუალებით საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ქმედებაზე ან უმოქმედობაზე. ეს პასუხისმგებლობა ვრცელდება აგენტის საშუალებით განხორციელებულ საგადახდო მომსახურების იმ ნაწილზეც, რომელიც არ არის დარეგულირებული პროვაიდერსა და აგენტს შორის დადებული ხელშეკრულებით, მაგრამ დარეგულირებულია მოქმედი კანონმდებლობით.

2. პროვაიდერი პასუხისმგებელია აგენტის მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების დაცვაზე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ ამცირებს, ცვლის ან აუქმებს აგენტის პასუხისმგებლობას პროვაიდერის წინაშე.

4. მნიშვნელოვანი პროვაიდერის ბიზნესის უწყვეტობის გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს აგენტების გამოყენებით საგადახდო მომსახურების განხორციელებიდან გამომდინარე საფრთხეები.

5. მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებულია გააჩნდეს შესაბამისი მართვის სისტემები და კვალიფიციური პერსონალი, რათა დროის ნებისმიერ მომენტში მოახდინოს აგენტების მიმდინარე საგადახდო მომსახურების, აგენტის მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის (მათ შორის, ტექნოლოგიური პლატფორმის) უსაფრთხოების, დაცულობის და ეფექტიანობის ადეკვატური მონიტორინგი, აგრეთვე ამ მიზნით განახორციელოს აგენტის პერიოდული და/ან ერთჯერადი ადგილზე შემოწმება.

6. პროვაიდერი უფლებამოსილია შეწყვიტოს საგადახდო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება აგენტთან, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე, ადმინისტრატორი ან/და უფლებამოსილი პირი პროვაიდერს მიაწვდის არასწორ/არასრულ ინფორმაციას.

7. პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს აგენტის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მისი უსაფრთხოდ შენახვა. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია მიაწოდოს მას აღნიშნული ინფორმაცია.


მუხლი 15. აგენტის ხელშეკრულება
1. პროვაიდერსა და აგენტს შორის გაფორმებული ჩარჩოხელშეკრულება უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

ა) აგენტის მიერ გასაწევი საგადახდო მომსახურების/მომსახურებების დასახელებასა და აღწერას;

ბ) აგენტისა და პროვაიდერის უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას;

გ) ჩანაწერს, რომელიც ავალდებულებს აგენტს ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მის იმ შიდა სისტემებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დოკუმენტაციაზე, ანგარიშგებებზე და ჩანაწერებზე, შეუზღუდავი, თავისუფალი და დროული წვდომა, რომლებიც დაკავშირებულია საგადახდო მომსახურების განხორციელებასთან;

დ) აგენტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებას;

ე) აგენტის მეშვეობით განხორციელებულ საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირების ზომებს, მათ შორის, გადახდის ოპერაციებისა და საგადახდო ინსტრუმენტების (მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტების) ლიმიტებს, მომხმარებლის ფულადი სახსრების შენახვისა და უსაფრთხოების დაცვის ზომებს და სხვა;

ვ) აგენტის მიერ მომხმარებლისგან მიღებული ნაღდი ფულის ლიმიტის შესახებ;

ზ) ჩანაწერს იმის შესახებ, რომ აგენტის მიერ გაწეული საგადახდო მომსახურების პროცესში მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია, მიღებული როგორც მომხმარებლისგან, ასევე პროვაიდერისგან ან სხვა ნებისმიერი წყაროდან, წარმოადგენს პროვაიდერის საკუთრებას და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს მას ან კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს;

თ) პროვაიდერის უფლებამოსილებას განახორციელოს აგენტის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ადგილზე შემოწმება;

ი) აკრძალვას აგენტის მიერ მომხმარებლისათვის რაიმე დამატებითი ან პროვაიდერის მიერ დაწესებული საკომისიოსაგან განსხვავებული საკომისიოს დაკისრების თაობაზე;

კ) აგენტის სამუშაო დღეებისა და საათების შესახებ;

ლ) ჩანაწერს მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ;

მ) გამოყენებული ელექტრონული საშუალებების ტექნიკურ აღწერას;

ნ) ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ აგენტთან ინიციირებული ყველა გადახდის ოპერაცია უნდა აღირიცხოს პროვაიდერთან შესრულებისთანავე, ხოლო საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დროულად მიეწოდოს პროვაიდერს;

ო) აგენტის მიერ სხვადასხვა პროვაიდერისთვის წარმოებული მომსახურებების განცალკევებით აღრიცხვის შესახებ;

პ) აგენტის ანაზღაურების შესახებ;

ჟ) ხელშეკრულების შეცვლის ან შეწყვეტის პირობებს;

რ) ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ ეროვნულ ბანკს მისი უფლებამოსილებების ფარგლებში უფლება აქვს მოსთხოვოს პროვაიდერს აგენტთან ხელშეკრულების პირობების ცვლილება ან/და გაუქმება;

ს) აგენტის ხელშეკრულების შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში პროვაიდერის და აგენტის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.

2. აგენტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გარდა, პროვაიდერი ვალდებულია შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ:

ა) განხორციელდა აგენტის ლიკვიდაცია;

ბ) აგენტი პროვაიდერს აწვდის ყალბ ან არასწორ/არასრულ ინფორმაციას;

გ) უფლებამოსილი ორგანოსგან მიღებულია შეტყობინება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან აგენტის ამოღების თაობაზე;

დ) აგენტის მიერ ხორციელდება ხელშეკრულების პირობების სისტემატური დარღვევა;

ე) აგენტმა არ დაუშვა ეროვნული ბანკის ან პროვაიდერის თანამშრომელი შემოწმებაზე;

ვ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი პროვაიდერად რეგისტრირებული იურიდიული პირისთვის ან აგენტისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე;

ზ) აგენტი გარდაიცვალა ან გახდა მხარდაჭერის მიმღები;

თ) პროვაიდერის წინასწარი ინფორმირების გარეშე, აგენტმა შეიცვალა ან დახურა მომსახურების ოფისი;

ი) არსებობს ეროვნული ბანკის მოთხოვნა პროვაიდერის მიმართ აგენტთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

3. აგენტთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს აღნიშნული ინფორმაცია.


თავი V
მომხმარებლის ფულადი სახსრები და მათი განთავსება

 


მუხლი 16. პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრები
1. მომხმარებლის ფულადი სახსრები წარმოადგენს:

ა) გადამხდელის პროვაიდერის და/ან მისი აგენტის მიერ მიღებული იმ საგადახდო დავალებების ჯამურ თანხას, რომლებიც ინიციირებულია გადამხდელის ან მიმღების მიერ ან მიმღების მეშვეობით და რომელთა შესაბამისი თანხა არ არის გადაცემული მიმღებისათვის ან მიმღების პროვაიდერისათვის ან გადახდის ოპერაციის შესრულებაში ჩართული შუამავალი პროვაიდერისთვის. ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის, არ აქვს მნიშვნელობა საგადახდო დავალება შესრულდება მომხმარებლის საკუთარი სახსრების თუ საკრედიტო რესურსის ფარგლებში;

ბ) ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ გამოშვებულ ელექტრონულ ფულს;

გ) გადახდის ოპერაციის შესრულების მიზნით შუამავალი პროვაიდერის მიერ გადამხდელის პროვაიდერისაგან ან/და სხვა შუამავალი პროვაიდერისაგან მიღებულ ფულადი სახსრებს, რომელთა შესაბამისი თანხა არ არის გადაცემული მიმღებისათვის, ან/და მიმღების პროვაიდერისათვის ან/და სხვა შუამავალი პროვაიდერისათვის.

2. პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის ფულადი სახსრების საკუთარი ფულადი სახსრებისაგან განცალკევებულად აღრიცხვა.

3. პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის ფულადი სახსრები განათავსოს საკუთარი სახსრებისაგან განცალკევებით ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში/მიკრობანკში გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ან ანგარიშებზე. დაუშვებელია ამ ანგარიშებზე სხვა ფულადი სახსრების განთავსება, გარდა მომხმარებლის ფულადი სახსრებისა.

4. პროვაიდერი ვალდებულია ამ წესის მე-17 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით შესაბამისი თანხა ჰქონდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე/ანგარიშებზე, ნაღდი ფულის სახით ან/და საბანკო გარანტიის ფარგლებში, რომელიც გაცემული არ უნდა იყოს პროვაიდერის ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ. პროვაიდერი ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს ეროვნულ ბანკთან გარანტიის შინაარსი, საგარანტიო თანხის ოდენობა და გარანტორი ბანკი (ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან/და მიკრობანკი).

5. პროვაიდერის მიერ ანგარიშსწორების მიზნით მომხმარებლის ფულადი სახსრების გადარიცხვა დასაშვებია მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის და მიკრობანკის ანგარიშებზე, ასევე შემდეგი პირების (შუამავალი და მიმღების პროვაიდერების):

ა) ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული პროვაიდერის ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე;

ბ) უცხო ქვეყნის პროვაიდერის ანგარიშებზე, რომელიც ჩართულია გადახდის ოპერაციის შესრულების პროცესში ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით წარდგენილი საგადახდო მომსახურების სქემატური აღწერის შესაბამისად;

გ) ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე, მისი საშუალებით განხორციელებული ფულადი გზავნილების და მის მიერ გამოშვებული საკრედიტო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების ოდენობის ფარგლებში.


მუხლი 17. მომხმარებლის ფულადი სახსრების განთავსება
1. შუამავალმა პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს, რომ ყოველი საბანკო დღის ბოლოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე განსათავსებელი ფულადი სახსრები შეადგენდეს მომხმარებლის ფულადი სახსრების 100%-ს.

2. გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია ყოველი საბანკო დღის ბოლოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე განათავსოს მასთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრების:

ა) 100%-ის ოდენობით, თუ ეს ფულადი სახსრები არ არის მიღებული ნაღდი ფულის სახით;

ბ) 80%-ის ოდენობით, თუ ეს ფულადი სახსრები მიღებულია ნაღდი ფულის სახით, გარდა პროვაიდერის ან მისი აგენტის გადახდის თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით მიღებული ფულადი სახსრებისა;

გ) 100%-ის ოდენობით, თუ ეს ფულადი სახსრები მიღებულია ნაღდი ფულის სახით, აგენტის მიერ პროვაიდერთან წინასწარ განთავსებული ავანსის ფარგლებში.

3. ყოველი კალენდარული დღის ბოლოს გადამხდელის პროვაიდერის ან/და მისი აგენტის სალაროში და გადახდის თვითმომსახურების კიოსკში არსებული ნაღდი ფულისა და კომერციულ ბანკში/მიკრობანკში პროვაიდერის გადასათვლელი ფულადი სახსრების ჯამი ნაკლები არ უნდა იყოს მომხმარებლის იმ ფულად სახსრებზე, რომელიც არ არის განთავსებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. ელექტრონული ფულის პროვაიდერი ვალდებულია ყოველი საბანკო დღის ბოლოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე განათავსოს მასთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრების (გამოშვებული ელექტრონული ფულის) 100%-ის ოდენობით.

5. პროვაიდერი თავისუფლდება ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვისაგან იმ თანხის ოდენობით, რომელზეც წარადგენს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებულ საბანკო გარანტიას.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ცალკეულ პროვაიდერს მოსთხოვოს საბანკო გარანტიის წარდგენა ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ თანხაზე.

7. პროვაიდერის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე არსებულ სახსრებად ითვლება დღის ბოლოს ამ ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული თანხა.

8. ფულადი სახსრები, რომელიც გამოყენებულია პროვაიდერის ვალდებულების უზრუნველყოფისთვის, ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაანგარიშების მიზნობრიობით, არ ჩაითვლება ანგარიშზე არსებულ მომხმარებლის ფულად სახსრებად.

9. პროვაიდერის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე, სადაც განთავსებულია მომხმარებლის ფულადი სახსრები, დაუშვებელია უარყოფითი ნაშთის არსებობა.


თავი VI
გარდამავალი დებულებები

 


მუხლი 18. გარდამავალი დებულებები
1. ამ წესის ამოქმედების მომენტისთვის რეგისტრირებულმა პროვაიდერებმა, უნდა უზრუნველყონ:

ა) ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“, „პ“, „ფ“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით, მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით, მე-8 მუხლით, მე-10 მუხლის პირველი პუნქტით, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება 2024 წლის 1 იანვრამდე;

ბ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანართების ეროვნული ბანკისთვის წარდგენა 2023 წლის 1 ივნისამდე.

2. ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე ეროვნულ ბანკში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით. ამასთან, დაინტერესებული პირები ვალდებულნი არიან ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანართების ეროვნული ბანკისთვის წარდგენა უზრუნველყონ ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში, პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ხოლო პროვაიდერად რეგისტრაციის შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“, „პ“, „ფ“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით, მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით, მე-8 მუხლით, მე-10 მუხლის პირველი პუნქტით, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება უზრუნველყოს 2024 წლის 1 იანვრამდე.

3. ამ ბრძანების მოქმედება მიკრობანკებზე გავრცელდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.