დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინიტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-05/4 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/04/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.33.058.016170 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (24/04/2024 - 25/03/2025)
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 23-ე მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1 დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 10 ივლისის №591093 ბრძანება.
მუხლი 3 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულება
თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1 ეს დებულება განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2 დეპარტამენტი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3 დეპარტამენტი თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, შიდა აუდიტის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების, წინამდებარე დებულებისა და სხვა მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობისა და კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპების საფუძველზე.
მუხლი 4 1. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად. 2. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პრევენციული ღონისძიებების გატარება, კანონშეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში კი – შესაბამისი რეაგირება. 3. დეპარტამენტი მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, სტანდარტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 4. დეპარტამენტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს აუდიტის ობიექტებს, მასშტაბს, შემოწმების სიხშირეს, დროს/პერიოდს, ანგარიშის შინაარსს და ა.შ. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება. 5. დეპარტამენტის თანამშრომლები მოქმედებენ პროფესიული ობიექტურობით ინფორმაციის შეგროვების, შეფასებისა და გავრცელების დროს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის შემოწმებასაც ახორციელებენ. შეფასება არის დაბალანსებული, ითვალისწინებს ყველა შესაბამის გარემოებას და გამორიცხავს პირად ან სხვა მხარის მიკერძოებულ ინტერესებს.
თავი II დეპარტამენტის ამოცანები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და ვალდებულებები მუხლი 5 დეპარტამენტი: ა) ახორციელებს დამოუკიდებელ და ობიექტურ საქმიანობას, აანალიზებს და აფასებს სამინისტროს სისტემაში არსებული საქმიანობის პოლიტიკისა და პროცედურების შესრულებას, კანონმდებლობის მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვას, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენებას, ამოცანების ეფექტურ შესრულებას და შედეგად სამინისტროს დასახული მიზნების მიღწევას; ბ) სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას; გ) ახდენს სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებას, კანონშესაბამისი რეაგირებისა და გადაცდომების პრევენციისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
მუხლი 6 დეპარტამენტის ამოცანებს და ფუნქციებს წარმოადგენს: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ე) სამინისტროს სისტემაში (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, საქვეუწყებო დაწესებულებები, ტერიტორიული ორგანოები – რესურსცენტრები, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების მიზნით, აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი; ვ) დაწესებულების საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება; ზ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით; თ) შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები), სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების, ა(ა)იპ-ებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ლ) სამინისტროს სისტემაში ხარვეზების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; მ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; ნ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებების ან/და კორესპონდენციების განხილვა, შესწავლის შედეგად დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; ო) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; პ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით დისციპლინური წარმოების ჩატარება; ჟ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; რ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ს) სამინისტროს „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ტ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 7 დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) განიხილოს სამინისტროში შემოსული განცხადებები და სხვა კორესპონდენციები კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) შიდა აუდიტის, ინსპექტირების ან სხვა სახის სამსახურებრივი ღონისძიებების განხორციელებისას სამინისტროს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული და სხვა), მოითხოვოს ინფორმაციის ადგილზე გაცნობის უზრუნველყოფა, მიიღოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან წერილობითი განმარტება, აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა; გ) გამოიძახოს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან/და წერილობითი ახსნა-განმარტების მიღების მიზნით; დ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება, ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს სისტემის თანამშრომლები, მათი თანხმობის შემთხვევაში; ე) სამსახურებრივი კომპეტენციის განხორციელებისას მოითხოვოს დეპარტამენტის თანამშრომლების დაშვება საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ვ) განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად მოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეების/თანამშრომლების ან/და მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების წარმოებაში მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით; ზ) იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტისათვის მიწოდებული ინფორმაცია კანონდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე არის ბუნდოვანი/დაუსაბუთებელი, მოსთხოვოს კორესპონდენციის ავტორს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განსაზღვროს ვადა, ხოლო განსაზღვრულ ვადაში სათანადო ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში არ დაიწყოს/შეწყვიტოს წარმოება; თ) ზედამხედველობა გაუწიოს მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას; ი) გასცეს მითითებები სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისთვის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დაცვის, სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტების ან/და ხარვეზების გამოსწორების, მათი გამომწვევი ან/და ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე; კ) განახორციელოს დისციპლინური წარმოება სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ლ) მინისტრს წარუდგინოს წინადადება სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების _ რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლების მიმართ პასუხისმგებლობის ზომის, წერილობითი გაფრთხილების გამოყენების შესახებ; მ) მინისტრს წარუდგინოს წინადადება სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლების ხელმძღვანელების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ, სამინისტროს დებულებით დადგენილი წესით; ნ) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს წარუდგინოს მოთხოვნა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ; ო) ითანამშრომლოს სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან; პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 8 დეპარტამენტი ვალდებულია: ა) შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, ხოლო ინსპექტირების შემთხვევაში – ინსპექტირების გეგმა; ბ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის/ინსპექტირების ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების/ინსპექტირების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; გ) არ გახადოს საჯარო შემოწმების ან/და შესწავლის შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) მინისტრს წარუდგინოს ანგარიში დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მოთხოვნისამებრ; ე) წელიწადში ერთხელ, მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე, მინისტრსა და ჰარმონიზაციის ცენტრს წარუდგინოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ; ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მოპოვებული მასალები, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოებს.
თავი III დეპარტამენტის სტრუქტურა მუხლი 9 1. დეპარტამენტში შიდა აუდიტისა და ინსპექტირების ფუნქციები გამიჯნულია სტრუქტურული ერთეულების სახით შემავალ განყოფილებებს შორის. 2. დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის: ა) შიდა აუდიტის განყოფილება; ბ) ინსპექტირების განყოფილება.
მუხლი 10 1. შიდა აუდიტის განყოფილების ფუნქციებია: ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი); ბ) დაწესებულების საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება (შესაბამისობის აუდიტი); გ) შიდა აუდიტის ობიექტის (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, საქვეუწყებო დაწესებულებები, ტერიტორიული ორგანოები – რესურსცენტრები, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი); დ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით (ეფექტიანობის აუდიტი); ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი); ვ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ზ) ფინანსური და სხვა სახის ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; თ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ი) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; კ) მონიტორინგის განხორციელება შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე; ლ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა კორესპონდენციების განხილვა; მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება.
მუხლი 11 ინსპექტირების განყოფილების ფუნქციები და უფლებამოსილებები: ა) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, _ რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების, ა(ა)იპ-ებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; გ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; დ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; ე) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და კორესპონდენციის შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; ვ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; ზ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; თ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ი) დისციპლინური წარმოების განხორციელება სამინისტროს თანამშრომლების, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების თანამშრომლების მიმართ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; კ) მინისტრისთვის წინადადების წარდგენა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, – რესურსცენტრების, სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლების მიმართ პასუხისმგებლობის ზომის, წერილობითი გაფრთხილების გამოყენების შესახებ; ლ) მინისტრისთვის წინადადების წარდგენა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლების ხელმძღვანელების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ, სამინისტროს დებულებით დადგენილი წესით; მ) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისთვის მოთხოვნის წარდგენა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ; ნ) სამინისტროს „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა და შესაბამისი რეაგირება; ო) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი IV ინსპექტირების ჩატარების წესი მუხლი 12 1. სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით დეპარტამენტი ახორციელებს ინსპექტირებას. 2. ინსპექტირება გულისხმობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას. 3. ინსპექტირება შესაძლებელია განხორციელდეს ადგილზე გასვლით ან მის გარეშე. 4. ინსპექტირების ჩატარების, გაგრძელების, შეწყვეტის, ან შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი დეპარტამენტის უფროსის/განყოფილების უფროსის წარდგინებით. 5. ინსპექტირების ობიექტი, ინსპექტირების ჩატარების ვადები და საფუძველი, შესამოწმებელი პერიოდი, მოქმედების სფერო და ინსპექტირების განმახორციელებელ პირთა ვინაობა განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის/განყოფილების უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით (ინსპექტირების გეგმით).
მუხლი 13 1. ინსპექტირების საფუძველი შეიძლება იყოს ინფორმაცია (ზეპირი/წერილობითი) კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შესახებ, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები (გარდა ანონიმური შეტყობინებებისა), დეპარტამენტის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები. 2. ინსპექტირების დროს შესწავლის საგანი აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, შესაძლებელია იყოს ადგილზე წამოჭრილი სხვა საკითხებიც.
მუხლი 14 ინსპექტირების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია: ა) საქმიანობის პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მოითხოვოს მისი ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, მიიღოს დოკუმენტის ასლები, გამოიძახოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების ნებისმიერი საჯარო მოსამსახურე/თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის, დოკუმენტაციის ან/და წერილობითი ახსნა-განმარტების მიღების მიზნით; ბ) ჩამოართვას წერილობითი ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს სისტემის თანამშრომლები, მათი თანხმობის შემთხვევაში; გ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; დ) განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად მოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეების/თანამშრომლების ან/და მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების წარმოებაში მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით; ე) სამსახურებრივი კომპეტენციის განხორციელების პროცესში საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით დაუყოვნებლივ შევიდეს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ვ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებთან; ზ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 15 1. ინსპექტირების განხორციელების ან/და კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დგება დასკვნა. 2. ინსპექტირების დასკვნა უნდა მოიცავდეს შესწავლის შედეგებს, ინსპექტირების პროცესში გამოვლენილ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს ან/და ინსპექტირების ობიექტის საქმიანობის პროცესში აღმოჩენილ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოპოვებული მასალების ანალიზს, მათ სამართლებრივ შეფასებას და კანონშესაბამის მითითებებს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. 3. თუ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი არ დადგინდა, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია აისახება დასკვნაში, რომელშიც მიეთითება განხორციელებული ქმედებები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ან/და შესწავლის შედეგები. 4. ინსპექტირების დასკვნა შესათანხმებლად წარედგინება მინისტრს.
მუხლი 16 1. ინსპექტირების დასკვნა ეგზავნება ობიექტს, რომელშიც ჩატარდა ინსპექტირება. 2. ინსპექტირების დასკვნა შესაძლებელია გადაეგზავნოს სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებს ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს, დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე ან/და ხარვეზებზე სათანადო რეაგირების განხორციელების, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით. 3. ინსპექტირების დასკვნაში მოცემული მითითებები სავალდებულოა შესასრულებლად. 4. დასკვნის საფუძველზე დეპარტამენტი უფლებამოსილია მისცეს მითითება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს, მოახდინონ რეაგირება გამოვლენილ დარღვევებზე, დაიცვან სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, ასევე მოსთხოვოს განხორციელებული ქმედებების თაობაზე დასაბუთებული ანგარიშისა და დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. დეპარტამენტის მითითების/მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. 5. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია დეპარტამენტის მითითების/მოთხოვნის შესრულებასა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სრულყოფილი ანგარიშისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ვადაში წარმოდგენაზე.
მუხლი 17 1. დეპარტამენტი წარმოებას არ დაიწყებს/შეწყვეტს, თუ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის ჩადენიდან შესაბამისი ინფორმაციის დეპარტამენტისათვის მიწოდებამდე/შეტყობინებამდე გასულია 3 წელი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების საჯარო მოსამსახურის/თანამშრომლის ქმედებით არსებითი ზიანი მიადგა სახელმწიფო ინტერესს ან/და არსებითად შეილახა პირის უფლებები.
თავი V აუდიტის ჩატარების წესი
მუხლი 18 1. შიდა აუდიტორული შემოწმება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: ა) აუდიტის დაგეგმვა; ბ) აუდიტის განხორციელება; გ) ანგარიშგება; დ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. 2. დეპარტამენტის საქმიანობა ხორციელდება რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმის საფუძველზე. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს. 3. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმის საფუძველზე, დეპარტამენტის უფროსი შეიმუშავებს შიდა აუდიტის წლიურ გეგმას, რომელიც ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს. 4. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს ამტკიცებს მინისტრი. 5. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის დეპარტამენტის უფროსი შეიმუშავებს და ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა. 6. შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების შედეგად, დეპარტამენტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს და უგზავნის შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში. 7. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გონივრული ვადის მითითებით ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებისა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ აღნიშნული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ, ხოლო მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები - შეთანხმებულად. 8. თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, იგი საპასუხო წერილში მიუთითებს არგუმენტაციას ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად. 9. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით წარდგენილი შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში. 10. შიდა აუდიტორულ ანგარიშს ხელს აწერენ დეპარტამენტის უფროსი, შიდა აუდიტის ჯგუფის უფროსი და ჯგუფის წევრები. 11. შიდა აუდიტის ჯგუფში, გარდა ჯგუფის უფროსისა და შიდა აუდიტორებისა, ასევე შეიძლება შედიოდნენ გარე ექსპერტები, ჰარმონიზაციის ცენტრის წარმომადგენლები და ა.შ. 12. შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრების მიღების შემდეგ შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშს, შიდა აუდიტის ობიექტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად, წარუდგენს მინისტრს შესაბამისი რეაგირებისთვის. 13. თუ დეპარტამენტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის სუბიექტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მინისტრს, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. 14. შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე და მათ შესრულებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. 15. დეპარტამენტის უფროსი მინისტრს წარუდგენს შიდა აუდიტის ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე, ხოლო მისი მოთხოვნის შემთხვევაში მიმდინარე ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს დეპარტამენტის უფროსი ასევე წარუდგენს ჰარმონიზაციის ცენტრს.
მუხლი 19 1. დეპარტამენტის უფროსმა უნდა შეიმუშაოს და შეინარჩუნოს ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა, რაც ითვალისწინებს შიდა აუდიტის საქმიანობის ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებას. 2. დეპარტამენტის უფროსი პერიოდულად აფასებს ხარისხის უზრუნველყოფის და გაუმჯობესების პროგრამას და ახდენს მის განახლებას საჭიროების მიხედვით.
მუხლი 20 1. დასახული ამოცანების შესასრულებლად შიდა აუდიტის განყოფილება ახორციელებს მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობას. 2. მარწმუნებელი საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტორული შემოწმების სახით და მოიცავს დაწესებულების მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების ობიექტური ანალიზის განხორციელებას. 3. საკონსულტაციო საქმიანობა მოიცავს კონსულტაციის ობიექტისთვის რჩევის ან რეკომენდაციის მიცემას ან მისი მხარდამჭერი სხვა, მსგავსი მომსახურების გაწევას, მათ შორის, ტრენინგის ჩატარებას ან/და ფასილიტაციის გაწევას, რომლის შინაარსი და მასშტაბი თანხმდება აღნიშნულ ობიექტთან და რომელიც მიზნად ისახავს დაწესებულების მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების გაუმჯობესებას შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე. 4. საკონსულტაციო საქმიანობის დაგეგმვას, განხორციელებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში ანგარიშგებასა და მონიტორინგს, შიდა აუდიტის განყოფილება უზრუნველყოფს საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 21 1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად. 2. დეპარტამენტი სამინისტროს სისტემის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან ფუნქციურად დამოუკიდებელია. 3. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების და ანგარიშგების პროცესში. 4. შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების შესაბამისად. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება. 5. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შიდა აუდიტორთა შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს დაწესებულების სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. 6. თუკი დამოუკიდებლობა ან ობიექტურობა ფაქტობრივად ან გარეგნულად შეიზღუდა, ეს გამჟღავნებული უნდა იყოს დაწესებულების ხელმძღვანელთან. გამჟღავნების ფორმა დამოკიდებულია შეზღუდვის სახეზე.
მუხლი 22 1. შიდა აუდიტორი არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა: ა) შიდა აუდიტორი შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში; ბ) შიდა აუდიტორის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში; გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს დეპარტამენტის უფროსი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, შიდა აუდიტორი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ. 3. შიდა აუდიტორის შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს, კანონმდებლობის საფუძველზე წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს – მინისტრი.
მუხლი 23 1. დეპარტამენტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2. დეპარტამენტი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და აღნიშნული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს მასთან კოორდინირებულად. 3. დეპარტამენტის თანამშრომლობა სხვა უწყებებთან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VI დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები
მუხლი 24 დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 25 1. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 2. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; დ) ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, ასევე ინსპექტირების გეგმას და წარუდგენს მინისტრს; ე) მინისტრს წარუდგენს წინადადებას საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე შესაბამისი რეაგირების თაობაზე; ვ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; ზ) ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელიც წარედგინება მინისტრსა და ჰარმონიზაციის ცენტრს; თ) დეპარტამენტის განყოფილებებს შორის ანაწილებს მოვალეობებს, აძლევს მათ ზეპირ და წერილობით მითითებებს; ი) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ დაწესებულების შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; კ) დადგენილი წესით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; ხელს აწერს ან ვიზით ადასტურებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ლ) მინისტრს წარუდგენს ინსპექტირების განხორციელების ან/და კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და კორესპონდენციის შესწავლის შედეგად შედგენილ დასკვნას, ასევე, დისციპლინური წარმოების შედეგებს; მ) მინისტრს წარუდგენს შიდა აუდიტორულ ანგარიშს; ნ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე; ო) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმიანობას და ანაწილებს ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; პ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ჟ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; რ) კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დეპარტამენტისა და შემოწმების პროცესში მონაწილე სხვა საჯარო მოსამსახურეთა მიერ განსახილველი და განხილული საკითხების კონფიდენციალურობას და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას; ს) მინისტრს წარუდგენს წინადადებას ინსპექტირების ან/და დისციპლინური წარმოების დაწყების/ჩატარების, გაგრძელების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ; ტ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, მინისტრს წარუდგენს წინადადებას დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ ამ დებულების მე-7 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; უ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე, დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას; ფ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციას; ქ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს; ღ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას; ყ) უზრუნველყოფს შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას; შ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ჩ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის წერილობითი/ზეპირი მითითებების დაცვას, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს; ც) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ძ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ, წერილობით/ზეპირ მითითებებსა და დავალებებს; წ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი.
მუხლი 26 1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. 2. განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შესულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომლებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს მინისტრისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ვ) ხელს აწერს ან ვიზით ადასტურებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) პასუხისმგებელია განყოფილებაში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე. 4. განყოფილების უფროსი განყოფილებისთვის დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას ანგარიშვალდებულია მინისტრისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 27 1. დეპარტამენტის თანამშრომლები კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ინიშნებიან და თავისუფლდებიან მინისტრის ბრძანებით. 2. დეპარტამენტის თანამშრომლები: ა) ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და განყოფილების უფროსის დავალებებს; ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) ვალდებული არიან შიდა აუდიტორული ანგარიშის/ინსპექტირების დასკვნის შედგენამდე არ გახადონ საჯარო შიდა აუდიტის შედეგები; დ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე.
თავი VII დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი მუხლი 28 დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონით დადგენილი წესით. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები