საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 119
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025010
119
15/04/2025
ვებგვერდი, 16/04/2025
040030000.10.003.025010
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №119

2025 წლის 15 აპრილი

 ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო.

2. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს დებულება“.

3. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთან არსებული საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭო.

 

მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ.
მუხლი 3
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის დანიშვნა.
მუხლი 4
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური და სხვა სახის ადმინისტრაციული უზრუნველყოფა შესაძლებელია, განხორციელდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს  დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განისაზღვრება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნით გრანტის გამცემად.

2. სააგენტო, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

3. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სააგენტო  საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში და ბანკში.

5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.

მუხლი 2. სააგენტოს საქმიანობის მიზანი და ფუნქციები

1. სააგენტოს საქმიანობის მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა და ხელშეწყობა. ამ დებულების მიზნებისთვის „სახელმწიფო გრანტად“ მიიჩნევა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ, სამოქალაქო ინიციატივების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის“ კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, სააგენტოს მიერ გაცემული ფულადი სახსრები.

2. სააგენტო:

ა) საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად;

ბ) საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭოს მიერ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების განსაზღვრისთვის ახორციელებს წინასწარ მოკვლევასა და ანალიზს, რა მიზნითაც მართავს კონსულტაციებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან/საჯარო დაწესებულებებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;

გ) მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში, დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო გრანტის გაცემის მიზნით, უზრუნველყოფს საჯარო კონკურსის გამოცხადებას;

დ) უზრუნველყოფს გამოცხადებული  საჯარო კონკურსის  საფუძველზე საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას;

ე) ახორციელებს გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს;

ვ) საგრანტო თანხის არამიზნობრივი გამოყენების ან ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევის შემთხვევაში, ახდენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას;

ზ) მართავს კონსულტაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან, საგანმანათლებლო და სხვა შესაბამის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მხარდამჭერი პროგრამების შემუშავების მიზნით;

თ) ახორციელებს მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგს, ანალიზსა და შეფასებას, პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად.

მუხლი 3. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა

1. სააგენტოს ჰყავს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. თავმჯდომარე, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას;

ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭოს შემადგენლობას და თავმჯდომარეობს მას;

გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, წელიწადში ორჯერ, მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში, სახელმწიფო გრანტის გაცემის მიზნით, აცხადებს საჯარო კონკურსს;

დ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკით­ხებზე;

ე) განსაზღვრავს სააგენტოს აპარატის თანამშრომლების ფუნქციებს, ახორციელებს ზედამხედველობას მათ მიერ უფლებამოსი­ლების შესრულების მიმდინარეობაზე, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზან­შეწონილობაზე;

ვ) მოქმედებს სააგენტოს სახელით და წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; კომპეტენციის ფარგლებში, დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს სახელით;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია სააგენტოსათვის დასახული ამოცანების განხორციელებაზე;

თ) ხელს აწერს სახელმწიფო გრანტის გაცემის შესახებ ხელშეკრულებაზე;

ი) საგრანტო განაცხადების განმხილველ საბჭოსთან კონსულტაციით, შეიმუშავებს და ნორმატიული აქტით – ბრძანებით ამტკიცებს, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესს;

კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს აპარატის თანამშრომლებს;

ლ) საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;

მ) განსაზღვრავს სააგენტოს აპარატის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ნ) წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს;

ო) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშავებს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააგენტოს საქმიანობის მიზნებისთვის, განკარგავს სააგენტოს შემოსავლებს;

რ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით.

3. თავმჯდომარეს ჰყავს  მოადგილე, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.

4. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების (აპარატის) მეშვეობით.

2. სააგენტოს აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სახელმწიფო გრანტის მართვის დეპარტამენტი;

ბ) სახელმწიფო გრანტის მონიტორინგის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

3. სააგენტოს თანამშრომელთა ფუნქციური მოვალეობები განისაზღვრება თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.

მუხლი 5. საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭო და მისი უფლებამოსილება

1. საგრანტო განაცხადების  განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, იქმნება საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭო.

2. საბჭო შედგება 19 წევრისგან, რომელთაგანაც ერთი წევრი არის თავმჯდომარე, ხოლო დანარჩენი წევრები წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ.

3. საბჭოს თავმჯდომარეა სააგენტოს თავმჯდომარე, საკუთარი უფლებამოსილების ვადით.

4. საბჭო:

ა) სააგენტოს მიერ განხორციელებული მოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე, განსაზღვრავს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების დოკუმენტს;

ბ) კონსულტაციას უწევს თავმჯდომარეს სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის შემუშავების პროცესში;

გ) იხილავს საჯარო კონკურსის საფუძველზე შემოსულ განაცხადებს და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი განაცხადის დაფინანსების თაობაზე;

დ) საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის მიზნით.

5. საბჭო უფლებამოსილია იმ შემთხვევაში, თუკი სხდომას ესწრება მინიმუმ 10 წევრი. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია საბჭოს მინიმუმ 7 წევრის თანხმობა.

მუხლი 6. სააგენტოს დაფინანსება

სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება, იყოს:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

მუხლი 7. სააგენტოს ქონება

საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით სააგენტოსთვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, სააგენტოს გადაეცემა შესაბამისი ქონება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

2. საქართველოს მთავრობის თანხმობითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

ბ) სესხის აღება, თავდებობა;

გ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

დ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება თავის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალის­წინე­ბულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფი­ნანს­თა სამინისტროს თანხმობა.

მუხლი 9. საბუღალტრო ანგარიშგება

1. სააგენტო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს მაკონტროლებელ ორგანოს.

2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა, რომლის ხარჯებს ანაზღაურებს სააგენტო.

მუხლი 10. სააგენტოს ლიკვიდაცია

სააგენტოს ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 11. სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.