დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 30/01/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.050.000.22.023.011.457 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (30/01/2008 - 02/07/2008)
სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.011.457
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №97
2008 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის №1612 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის და მათი დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 თებერვლიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ. ჩანტლაძე
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული ადმინისტრაცია.
2. ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულების საფუძველზე. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება და ანგარიში ბანკში.
3. თავისი ამოცანების განხორციელებისას ადმინისტრაცია წარმოადგენს სააგენტოს.
4. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია სააგენტოს წინაშე.
5. ადმინისტრაციას აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომლების დიზაინსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
6. ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, განისაზღვრება „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით.
მუხლი 2. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციებია:
ა) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია (მისამართი – წყალტუბო, სათაფლია);
ბ) ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია (მისამართი – გორი, შინდისის გზატკეცილი 5);
გ) ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
დ) რიწის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ე) ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ვ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია (მისამართი – საგარეჯო, მამისაშვილის 22);
ზ) თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია (მისამართი – მცხეთა, საგურამო);
თ) ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია (მისამართი – დაბა მანგლისი, კურორტის ქ. №4);
ი) ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია (მისამართი – დაბა სტეფანწმინდა, ვაჟა-ფშაველას ქ. №62);
კ) კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია (მისამართი – ქ. ფოთი, გურიის ქ. №222);
ლ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრცია (მისამართი – ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. 23.);
მ) მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია (მისამართი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, დაბა ჩაქვი, ჭავჭავაძის ქ. 13);
ნ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (მისამართი – ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ალვანი);
ო) ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (მისამართი – ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ალვანი);
პ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (მისამართი – ქ. ლაგოდეხი, ვაშლოვანის ქ. №197);
ჟ) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრცია (მისამართი – ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. №5);
რ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (მისამართი – ქ. ქობულეთი, ლესელიძის 4);
ს) ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (მისამართი – ქ. ქობულეთი, ლესელიძის 4);
ტ) აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია (მისამართი – ბაღდათი, ვარციხე);
უ) იორის აღკვეთილის ადმინისტრაცია (მისამართი – სიღნაღი, ნუკრიანი);
ფ) გარდაბნის აღკვეთილის ადმინისტრაცია (მისამართი – გარდაბანი, აღმაშენებლის 127);
ქ) კაცობურის აღკვეთილის ადმინისტრაცია (მისამართი – აბაშა, ჯორჯიკიას 2);
ღ) ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია (მისამართი – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი).
მუხლი 3. ადმინისტრაციის მართვის სფერო
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების გამგებლობაში არსებული დაცული ტერიტორიები:
1. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია:
ა) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი;
ბ) ყუმისთავის მღვიმის ბუნების ძეგლი;
გ) თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი;
დ) ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი;
ე) ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი;
ვ) ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი;
ზ) ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი;
თ) იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი;
ი) საკაჟიის მღვიმის ბუნების ძეგლი;
კ) წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი;
ლ) ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი;
მ) ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი.
2. ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია – ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი.
3. ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია:
ა) ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი;
ბ) მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი.
4. რიწის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია – რიწის სახელმწიფო ნაკრძალი.
5. ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია:
ა) ფსხუს სახელმწიფო ნაკრძალი;
ბ) გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი.
6. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია:
ა) ყორუღის აღკვეთილი;
ბ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი.
7. თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია – თბილისის ეროვნული პარკი.
8. ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია – ალგეთის ეროვნული პარკი.
9. ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია – ყაზბეგის ეროვნული პარკი.
10. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია – კოლხეთის ეროვნული პარკი.
11. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრცია:
ა) ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი;
ბ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი;
გ) ნეძვის აღკვეთილი.
12. მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია – მტირალას ეროვნული პარკი.
13. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია:
ა) თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი;
ბ) თუშეთის ეროვნული პარკი.
14. ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია:
ა) ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი;
ბ) ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი;
გ) ილტოს აღკვეთილი.
15. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია:
ა) ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი;
ბ) ლაგოდეხის აღკვეთილი.
16. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრცია:
ა) ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი;
ბ) ვაშლოვანის ეროვნული პარკი;
გ) ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი;
დ) ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი;
ე) არწივის ხეობის ბუნების ძეგლი.
17. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია:
ა) კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი;
ბ) კინტრიშის დაცული ლანდშაფტი.
18. ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია:
ა) ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი;
გ) ქობულეთის აღკვეთილი.
19. აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია – აჯამეთის აღკვეთილი.
20. იორის აღკვეთილის ადმინისტრაცია – იორის აღკვეთილი.
21. გარდაბნის აღკვეთილის ადმინისტრაცია – გარდაბნის აღკვეთილი.
22. კაცობურის აღკვეთილის ადმინისტრაცია – კაცობურის აღკვეთილი.
23. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია – ჭაჭუნის აღკვეთილი.
მუხლი 4. ადმინისტრაციების ფუნქციები
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციის ფუნქციებია:
ა) დაცული ტერიტორიებისა და მათზე წარმოდგენილი ეკოსისტემების, ფლორისა და ფაუნის სახეობებისა და მათი გავრცელების არეალების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
ბ) ცხოველთა და მცენარეთა განადგურების, მიტაცებისა და დაზიანების აღკვეთა;
გ) ფლორისა და ფაუნის უცხო სახეობათა გავრცელების აღკვეთა;
დ) ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოსახლეობის სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან თანამშრომლობა;
ე) ტერიტორიის (დაცულ ტერიტორიაზე და ბუფერულ ზონაში), ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ვიზიტორთა კონტროლი;
ვ) უკანონოდ შემოჭრილ პირთა და სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სატრანსპორტო საშუალებების დაკავება;
ზ) დაცულ ტერიტორიებზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და გადაცემა შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის;
თ) დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა ეკოტურისტული მომსახურების უზრუნველყოფა;
ი) დაცული ტერიტორიის შესაბამისი სამენეჯმენტო გეგმის შესრულება;
კ) დაცული ტერიტორიების მდგრადი გამოყენება;
ლ) დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის შექმნა;
მ) დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული და სააგენტოსთან შეთანხმებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ზედამხედველობა მათ შესრულებაზე;
ნ) სააგენტოსთან შეთანხმებით ადმინისტრაციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე სამეცნიერო კვლევის წარმართვაზე თანხმობის გაცემა;
ო) ადმინისტრაციის ტერიტორიაზე კანონმდებლობით დაშვებულ საქმიანობათა მონიტორინგი, სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების აღრიცხვა და მონიტორინგი;
პ) ადმინისტრაციის საქმიანობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება. აღნიშნული გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა და მიღებული შედეგების შესაფასებლად სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარდგენა;
ჟ) კვარტალში ერთხელ ან სააგენტოს თავმჯდომარის მოთხოვნით ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;
ს) ადმინისტრაციის ტერიტორიაზე საკადასტრო სამუშაოების წარმოება;
ტ) ადმინისტრაციის ტერიტორიის დაცვის რეჟიმის წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
უ) დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემის დაცვისა და აღდგენისათვის საჭირო ღონისძიებების გეგმების შემუშავება, მისი წარდგენა სააგენტოს თავმჯდომარესთან და შეთანხმებული გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა;
ფ) გამაფრთხილებელი და სამართალდარღვევათა აღკვეთისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ, რომელთა საქმიანობა არღვევს მის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;
ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 5. ადმინისტრაციის დირექტორი
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
2. დირექტორი უფლებამოსილია:
ა) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციაზე მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) იმოქმედოს ადმინისტრაციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში (მათ შორის, სასამართლოში);
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და კონტროლი გაუწიოს მათი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას;
დ) სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მომავალი წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს სამი თვისა;
ე) დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით;
ვ) წარუდგინოს საგენტოს თავმჯდომარეს ადმინისტრაციაში დასანიშნ პირთა კანდიდატურები;
ზ) შუამდგომლობს სააგენტოს თავმჯდომარესთან ადმინისტრაციის თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომების განსაზღვრის მიზნით;
თ) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.
3. დირექტორი პასუხისმგებელია სააგენტოს მიერ ადმინისტრაციისთვის გადაცემულ ქონებაზე.
4. დირექტორის არყოფნის დროს დირექტორის მოვალეობას ასრულებს დაცვის განყოფილების უფროსი.
მუხლი 6. ადმინისტრაციის სტრუქტურა
ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) დაცვის განყოფილება;
ბ) ადმინისტრაციული განყოფილება.
მუხლი 7. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
1. დაცვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) დაქვემდებარებაში მყოფ დაცულ ტერიტორიაზე კანონმდებლობის დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ბ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების (ქონების ჩათვლით) ფიზიკური დაცვა;
გ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კატეგორიების საზღვრების ფარგლებში კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის, აღნიშნულ ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის (ფიზიკური პირები) პირადობის დამადასტურებელი საბუთებისა და საჭიროების შემთხვევაში ახსნა-განმარტების მოთხოვნა; მათი ქმედებების შეჩერება (აღკვეთა), რაც ეწინააღმდეგება ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების დადგენილ რეჟიმს; დამრღვევთათვის დარღვევის იარაღისა და უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ჩამორთმევა;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად და შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის დაცვითი ღონისძიებების გატარება;
ვ) სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელება;
ზ) ტყით სარგებლობის უბნების ნატურაში განსაზღვრა (იდენტიფიკაცია), ტყით სარგებლობის კონკრეტულ ოდენობათა გაანგარიშება და შესაბამისი დოკუმენტაციის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული ტყით სარგებლობის უბნების (ტყეკაფების) გამოყოფა (მათი მატერიალურ-ტექნიკური შეფასების უწყისებისა და ჭრის ტექნოლოგიური რუკების შედგენის ჩათვლით) და ჭრაში ზეზემდგომი ხეების დადგენილი წესით დადამღვა;
თ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობაზე და დაცულ ტერიტორიაზე ჩადენილ სამართალდარღვევათა შესახებ შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა;
ი) საკადასტრო სამუშაოების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
კ) წელიწადში ორჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე) გეგმური და საკონტროლო რევიზიის ჩატარება;
ლ) წელიწადში ერთხელ (1 მაისიდან 1 ივლისამდე) ტყის პათოლოგიური გამოკვლევების ჩატარება;
მ) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კვლევა-მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება;
ნ) კონსერვაციისა და აღდგენითი ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება;
ო) სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა პროექტების შემუშავება;
პ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების განვითარების საგეგმო სამუშაოების (სამენეჯმენტო გეგმისა და ამ გეგმით გათვალისწინებული განვითარების ინტეგრალური პროგრამების პროექტების დამუშავების) განხორციელების ორგანიზება და მათი ხელშეწყობა;
ჟ) ბუნებრივი რესურსების ინვენტარიზაციის სამუშაოების ორგანიზაციის ხელშეწყობა და ამ სამუშაოებში მონაწილეობა;
რ) მუდმივი სანიმუშო ფართობების (სატყეო, ბოტანიკური, გეობოტანიკური, ზოოლოგიური, ორნითოლოგიური და სხვა) მოწყობაში მონაწილეობა და ამ ფართობებზე დაკვირვებების წარმოება;
ს) ეკოლოგიური განათლების პროგრამების ორგანიზება და განხორციელება;
ტ) ბუნების მატიანის შედგენა და სააგენტოში წარდგენა, ასევე ყოველწლიური სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაცია და ორგანიზაცია.
2. ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციის ფუნქციონირების საბუღალტრო საქმიანობისა და აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდური უზრუნველყოფა;
ბ) ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციულ-საოქმო უზრუნველყოფა;
გ) შრომითი დისციპლინის კონტროლი, რეკომენდაციების შემუშავება დარღვევებისა და ხარვეზების გამოვლენის თავიდან ასაცილებლად;
დ) უცხოეთის შესაბამისი პროფილის დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარება და მათთან სათანადო ინფორმაციისა და ლიტერატურის ურთიერთგაცვლა;
ე) ადმინისტრაციის საქმიანობის თაობაზე პრესკონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება;
ვ) ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
ზ) დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა ეკოტურისტული მომსახურების უზრუნველყოფა;
თ) ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრის მუშაობის კოორდინაცია და გაძღოლა;
ი) დაცულ ტერიტორიაზე ეკოტურიზმისა და რეკრეაციის პრობლემებთან დაკავშირებული ორგანიზაციული, ინსტიტუციონალური, მარკეტინგული, საინფორმაციო და საფინანსო-ეკონომიკური საკითხების დამუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
კ) დაცულ ტერიტორიაზე ეკოტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების ორგანიზება.
3. ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (განყოფილება) ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია განყოფილების საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის დირექტორის წინაშე.
მუხლი 8. ადმინისტრაციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
1. დაცული ტერიტორიების მართვაში საუწყებათაშორისო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობისათვის იქმნება ცალკეული დაცული ტერიტორიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობასაც ამტკიცებს მინისტრი.
2. საბჭო შედგება არა უმეტეს 12 წევრისაგან.
3. საბჭო ხელს უწყობს მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ადგილობრივი პრობლემატიკის სრულფასოვან ასახვას დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის პროცესში და ამ მიზნით ადმინისტრაციას უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას და კონსულტაციას.
4. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს რეკომენდაციები:
ა) გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებათა და ვიზიტორთა კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით;
გ) დასაშვები საქმიანობის, რეგულირების და დაცვის წესების (ტერიტორიის გარეთ რეგულირების წესები და დროებითი რეგულირების წესები) საკითხებთან დაკავშირებით;
დ) მართვის, კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარების მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებით.
5. საბჭოს რეკომენდაციები მიიღება საბჭოს სხდომებზე, რომლებიც იმართება ექვს თვეში ერთხელ.
6. გამონაკლის შემთხვევაში საბჭო შეიძლება შეიკრიბოს ადმინისტრაციის ან საბჭოს შემადგენლობის ნახევრის მოთხოვნითაც.
7. ყოველ სხდომაზე საბჭო ირჩევს სხდომის მდივანს. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, როდესაც მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ორი მესამედისა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით.
მუხლი 9. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები