სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ

  • Word
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 366
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 83, 12/09/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 29/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000310.01(2).004.000415
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
366
30/08/2000
სსმ, 83, 12/09/2000
000000310.01(2).004.000415
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (12/09/2000 - 12/03/2001)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.012.004.415

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №366

2000 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების, მძღოლის მოწმობის გაცემის წესების შემდგომი სრულყოფისა და ამ საქმიანობაში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების და “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს “სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესები”.

2. საგზაო პოლიციის მთავარმა სამმართველომ უზრუნველყოს წინამდებარე წესების შესწავლა და ჩათვლების მიღება საგზაო პოლიციის რეგიონალურ საგამოცდო სამსახურებში მისი ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1996 წლის 9 აგვისტოს №681 ბრძანებით დამტკიცებული №7 დანართი “სატრანსპორტო საშუალებათა სამართავად დაშვების, გამოცდების მიღების და მძღოლის მოწმობების გაცემის წესების შესახებ”.

4. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.

კ. თარგამაძე

 

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესები

თავი I

ზოგადი ნაწილი

მუხლი 1

1. ეს წესები სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, არეგულირებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღებად გამოცდების ჩატარების და მძღოლების სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების სამართავად დაშვების საკითხებს.

იგი გამომდინარეობს საერთაშორისო კონვენციიდან “საგზაო მოძრაობის შესახებ”, საქართველოს კანონებიდან: “პოლიციის შესახებ”, “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ”, “განათლების შესახებ” და “დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”.

2. ყველა სატრანსპორტო საშუალება მათი ტიპის, დანიშნულებისა და მართვის თავისებურებების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად: “A”, “B”, “C”, “D”, “E”, “ტრამვაი”, “ტროლეიბუსი”, ხელით სამართავი ავტომობილი და “მოტოეტლი”, რომელთა სამართავად გაიცემა ნებადართული კატეგორიის აღნიშვნით როგორც მძღოლის ერთიანი ნიმუშის ეროვნული, ისე საერთაშორისო მოწმობა.

3. “A”, “B”, “C”, “D”, “E” კატეგორიების მართვის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ მართონ:

ა) “A” – მოტოციკლები, მოტოროლერები, მოტონარტები და სხვა მოტოსატრანსპორტო საშუალებები;

ბ) B”– ავტომობილები, რომელთა სრული მასა არ აღემატება 3500 კგ-ს, ხოლო საჯდომი სავარძლების რაოდენობა, მძღოლის სავარძლის გარდა 8-ს;

გ) C”– სატვირთო ავტომობილები, რომელთა სრული მასა აღემატება 3500 კგ-ს;

დ) D”– ავტომობილები, განკუთვნილი მგზავრების გადასაყვანად, რომლებსაც მძღოლის სავარძლის გარდა აქვთ 8-ზე მეტი საჯდომი ადგილი;

ე) E”– სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობები საწევრებით, განკუთვნილი C”, BC” ან D” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის;

ვ) ტრამვაის” მძღოლს ნებართვა აქვს მართოს მხოლოდ ტრამვაი;

ზ) ტროლეიბუსის” მძღოლს ნებართვა აქვს მართოს მხოლოდ ტროლეიბუსი;

თ) მოტოეტლის” მძღოლს ნებართვა აქვს მართოს მხოლოდ მოტოეტლი.

შენიშვნა:

I. სრული მასა – მაქსიმალურად დასაშვები სატრანსპორტო საშუალების წონა ტვირთით, მძღოლით და მგზავრებით, რომელიც განისაზღვრება ქარხანა-დამამზადებლის მიერ;

II. მგზავრების გადასაყვან ავტომობილებს განეკუთვნება ავტობუსები და მიკროავტობუსები, ქარხანა-დამამზადებლის მიერ სერიულად დამზადებული მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოფურგონები, აგრეთვე ხალხის გადასაყვანად მოწყობილი სატვირთო ავტომობილები.

4. B”, C” და D” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს ნება ეძლევათ აგრეთვე მართონ ავტომობილი მისაბმელით, რომლის სრული მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ხოლო 750 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე მისაბმელის, შეპირაპირებული ავტობუსის სამართავად, მძღოლს უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობაში E” კატეგორიის ნებადამრთველი აღნიშვნა.

შენიშვნა:

B” კატეგორიის ავტომობილს შეუძლია ბუქსირით წაიყვანოს მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური წონა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება დაუტვირთავი ავტომობილის წონას, თუ ამგვარი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური წონა 3560 კგ-ზე მეტი არ არის.

    მუხლი 2. სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებზე ერთიანი ნიმუშის ეროვნული და საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემის წესი

1. ტრამვაის, ტროლეიბუსის, ხელით სამართავი ავტომობილის, მოტოეტლის, აგრეთვე “A”, “B”, “C”, “D” და “E” კატეგორიების მძღოლების ერთიანი ნიმუშის ეროვნული მოწმობების გაცემას, შეცვლას, დაკარგულის აღდგენას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს და რეგიონალური საგზაო პოლიციის მძღოლების მომზადებაზე კონტროლისა და კვალიფიკაციის მინიჭების სამსახურები (შემდგომში – საგამოცდო სამსახური).

იმავე კატეგორიებზე საერთაშორისო მძღოლის მოწმობას არასავალდებულო წესით გასცემს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს შესაბამისი სამსახური.

2. მძღოლის ერთიანი ნიმუშის ეროვნული, აგრეთვე საერთაშორისო მოწმობები წარმოადგენს “საგზაო მოძრაობის შესახებ” ვენის კონვენციის №6 და №7 დანართების შესაბამისად დამზადებულ დოკუმენტებს.

მძღოლის მოწმობები მზადდება და ივსება კომპიუტერის მეშვეობით ქართული და ლათინური შრიფტით.

მძღოლის საერთაშორისო მოწმობა დამატებით, როგორც მინიმუმი შეიცავს სავალდებულო ენებს: ფრანგულს, ინგლისურს, ესპანურს, რუსულს, გერმანულს (სურვილის მიხედვით შეიძლება სხვა ენების დამატებაც).

მძღოლის ერთიანი ნიმუშის ეროვნული მოწმობა გაიცემა უვადოთ, ხოლო საერთაშორისო მოწმობა ერთიდან სამ წლამდე ვადით, ეროვნული მოწმობის საფუძველზე და მოქმედებს საქართველოს გარეთ, ნებისმიერ ქვეყანაში.

3. “A”, “B”, “C”, “D”, “E” კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების პროფესიული მომზადება-გადამზადება (კვალიფიკაციის ამაღლება) ხორციელდება განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული და შინაგან საქმეთა, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, თავდაცვის სამინისტროებთან შეთანხმებული, იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტით, ნორმატიული დოკუმენტებით, სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით.

4. პირები, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ “A”, “B”, “C”, “D”, “E” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებები, ვალდებულნი არიან გაიარონ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსები შესაბამისი პროგრამებით ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ანალოგიურად ხორციელდება ხელით სამართავი ავტომობილის, მოტოეტლის, ტრამვაისა და ტროლეიბუსის მძღოლთა პროფესიული მომზადება და გადამზადება, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

5. მძღოლების პროფესიული მომზადებისა და გადამზადების (კვალიფიკაციის ამაღლება) სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული მოწმობები, რომლის შინაარსი (რეკვიზიტები) დადგენილია სტანდარტით და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.

6. რეგიონალური საგამოცდო სამსახურები მძღოლის მოწმობების გაცემას, შეცვლას, დაკარგულის აღდგენასა და გამოცდების მიღებას აწარმოებენ რეგიონალური პრინციპით მოქალაქეთა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

შენიშვნა:

საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო შენაერთების მოსამსახურეები გამოცდებზე დაიშვებიან რეგიონალურ საგამოცდო სამსახურებში მათი დისლოკაციის ადგილის მიხედვით.

7. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ საკვალიფიკაციო გამოცდებზე კატეგორიების მიხედვით დაიშვებიან შემდეგი ასაკის პირები:

ა) “A”, “B”, “C”, “ BC” – კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების, მოტოეტლების და ხელით სამართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სამართავად – 18 წელი;

ბ) “ტრამვაისათვის” – 20 წელი;

გ) “D” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისა და “ტროლეიბუსისათვის” – 21 წელი;

დ) “E” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისა – 21 წელი.

შენიშვნა:

საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო შენაერთების მოსამსახურეები, რომლებსაც აქვთ “C” ან “ BC” კატეგორიის მძღოლის მოწმობა და ავტომანქანაზე მუშაობის ერთი წლის სტაჟი, “D” ან “ E” კატეგორიის მისაღებად გამოცდებზე დაიშვებიან 19 წლის შესრულების შემდეგ, შესაბამისი სამხედრო შენაერთის ხელმძღვანელობის შუამდგომლობის საფუძველზე.

8. მოსწავლეები, საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრებისა და ავტოსაქმის სწავლების სრული კურსის გავლისას, გამოცდაზე დაიშვებიან 18 წლის ასაკის შესრულების შემდეგ.

9. უმაღლესი და საშუალო სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრებისას, სადაც გათვალისწინებულია საავტომობილო საქმის სწავლება, გაიცემა “A” ან “B” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ.

უმაღლესი და სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრებისა და ავტოსაქმის შესწავლის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება დიპლომის ასლი და მისი დანართი (ამონაწერი საგამოცდო უწყისიდან).

10. “A” და “B” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად დასაშვებია მძღოლობის კანდიდატთა დამოუკიდებელი მომზადება.

11. “A” და “B” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე დამოუკიდებლად მომზადებულ მძღოლ-კანდიდატთა დაშვების საკითხს განიხილავს მხოლოდ საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოსა და ამავე სამმართველოს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელობა.

12. “D” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება მიეცემათ მძღოლებს, რომლებსაც მოწმობაში აქვთ “B”, “C” ან “BC” კატეგორიის ნებადამრთველი აღნიშვნა, ინდივიდუალურ ან სახელმწიფო ავტოტრანსპორტზე მძღოლად მუშაობის არანაკლები 1 წლის სტაჟი და საგამოცდო სამსახურში ჩააბარეს თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.

13. “E” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება მიეცემათ მძღოლებს, რომლებსაც მოწმობაში აქვთ “C”, “BC”, “D”, “CD” ან “BCD” კატეგორიის ნებადამრთველი აღნიშვნა, 3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე ინდივიდუალურ ან სახელმწიფო ავტოტრანსპორტზე მძღოლად მუშაობის არანაკლები 1 წლის სტაჟი და საგამოცდო სამსახურში ჩააბარეს თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.

შენიშვნა:

ა) სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტად ითვლება ცნობა სამსახურიდან მძღოლად მუშაობის შესახებ ან საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა ან მინდობილობა სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად.

14. “C” ან “D” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირებს, “A” ან “B” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიეცემა ამ კატეგორიის შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ (მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით).

15. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე:

ა) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება აკრძალულ პირებს (1 წელი და მეტი), მძღოლის მოწმობა უბრუნდებათ თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ;

ბ) არაფხიზელ, ნარკოტიკულ ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ ტრანსპორტის მართვისათვის მართვის უფლებააკრძალულ პირებს მძღოლის მოწმობა უბრუნდებათ მოქალაქის ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენისა და თეორიული გამოცდების ჩაბარების შემდეგ;

გ) სასამართლოს მიერ თავისუფლებააღკვეთილ პირებს, რომელთაც არა აქვთ აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციის შუამდგომლობის საფუძველზე მძღოლის მოწმობა გადაეგზავნებათ სასჯელის მოხდის ადგილზე.

    მუხლი 3. სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მოსამზადებელი (გადასამზადებელი) ჯგუფების რეგისტრაციის წესი

სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მოსამზადებელი და გადასამზადებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლების დაწყებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, საგზაო პოლიციის რეგიონალურ საგამოცდო სამსახურებში რეგისტრაციისათვის წარადგენენ განაცხადს მსმენელთა (მოქალაქეთა) სიებთან ერთად.

აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე მუშავდება მომდევნო თვის გამოცდების ჩატარების გეგმა-გრაფიკი, რომელსაც წარადგენენ საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოში.

ქ. თბილისის საგზაო პოლიციის საგამოცდო სამსახურისათვის დასაშვებია შემუშავდეს წლიური საგამოცდო გეგმა-გრაფიკი, რომლის კორექტირება შეიძლება წლის განმავლობაში.

    მუხლი 4. გამომცდელის უფლება-მოვალეობანი

1. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების (მძღოლის მოწმობის) მისაღებ გამოცდებს ატარებს საგამოცდო სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც შეუსრულდა 23 წელი და გააჩნია პოლიციის თანამშრომლის სპეციალური წოდება (შემდგომში “გამომცდელი”).

2. გამომცდელს უნდა გააჩნდეს:

ა) უმაღლესი ტექნიკური (საავტომობილო) ან იურიდიული განათლება;

ბ) შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

გ) ავტოტრანსპორტის პრაქტიკული მართვის მინიმუმ სამი წლის სტაჟი.

    მუხლი 5. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებისა და სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების წესი

1. ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად თეორიული და პრაქტიკული გამოცდები ტარდება (გამოცდების ჩატარების მეთოდიკის შესაბამისად) საგამოცდო სამსახურის უფროსის მითითებით შექმნილი კომისიის მიერ, რომელსაც თავმჯდომარეობს თვითონ ან ამავე სამსახურის თანამშრომელი.

2. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით გამოცდები შეიძლება მიღებულ იქნეს როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე საგზაო პოლიციის საგამოცდო სამსახურებში.

3. მძღოლის მოწმობის მისაღებად მძღოლობის კანდიდატებმა უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) სატრანსპორტო საშუალების იმ კატეგორიის სწავლების დამადასტურებელი მოწმობა, რომელზეც გაიარეს პროფესიული მომზადება ან გადამზადება;

გ) ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა;

დ) დაწესებული საურავის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

ე) მოქალაქის პირადობის მოწმობა (რეგისტრაციის მოწმობასთან ერთად).

შენიშვნა:

კადრის (საკონტრაქტო) სამხედრო სამსამსახურში მყოფმა სამხედრო მოსამსახურემ უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო გაწვევით ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფმა მოსამსახურემ სამხედრო ბილეთი, ცნობა სამხედრო ნაწილიდან სამსახურისა და საცხოვრებელი ადგილის ჩვენებით.

4. პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის დაეჭვების შემთხვევაში, საგამოცდო სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გააგზავნოს იგი საკონფლიქტო კომისიაზე ხელმეორედ გადასამოწმებლად.

5. მძღოლის მოწმობის მისაღები ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა (ან მისი ასლი), რჩება მასალებში.

6. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო შემოწმების ცნობას აქვს შეზღუდული ვადა, მძღოლის მოწმობის გრაფაში “ძალაშია” კეთდება ჩანაწერი “სამედიცინო ცნობის წარმოდგენის შემდეგ”.

7. თეორიული გამოცდები ტარდება საგზაო მოძრაობის წესებსა და მოძრაობის უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნაში, ხოლო პრაქტიკული გამოცდა ავტომანქანის პრაქტიკულ ტარებაში. პირმა, რომელმაც ვერ ჩააბარა თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე არ დაიშვება.

8. თეორიულ გამოცდაში მიღებული დადებითი შეფასება მოქმედია სამი თვის განმავლობაში.

9. გამოცდების შედეგები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

10. პირებს, რომლებმაც ჩააბარეს თეორიული და პრაქტიკული გამოცდები, საგამოცდო ოქმის საფუძველზე გამოეწერებათ მძღოლის მოწმობები, რომელთა რეკვიზიტები ფიქსირდება კომპიუტერში და აისახება შესაბამის რეესტრში.

11. გასვლითი გამოცდების ჩატარების შემდეგ მძღოლ-კანდიდატებზე მძღოლის მოწმობების გაცემა უნდა მოხდეს არა უგვიანეს სამი დღისა.

12. სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების შესაბამისი ნებადამრთველი აღნიშვნები და სხვა რეკვიზიტების ჩაწერა ხორციელდება კომპიუტერის მეშვეობით ქართულ და ლათინურ ენაზე.

13. მძღოლის მოწმობაში ჩანაწერთა სისწორე და გაცემის საფუძვლიანობა მოწმდება საგამოცდო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

14. ტრამვაის, ტროლეიბუსის, ხელით სამართავი ავტომობილის, მოტოეტლის მართვის უფლებაზე ნებართვის მიღებისას მძღოლის მოწმობაში ნებადამრთველი კატეგორიების აღნიშვნების ქვემოთ კეთდება ჩანაწერი შესაბამისად: “ტრამვაი”, “ტროლეიბუსი”, “ხელით სამართავი ავტომობილი”, “მოტოეტლი”.

    მუხლი 6. მძღოლის მოწმობის შეცვლისა და დაკარგულის აღდგენის წესი

1. მძღოლის მოწმობის შეცვლა წარმოებს მოქალაქის პირადობის მოწმობის, განცხადების, მძღოლის ბარათის (დასტურის), ავტომანქანის ტექნიკური პასპორტის (მინდობილობის) წარმოდგენისა და დაწესებული საურავის გადახდის შემდეგ.

შენიშვნა:

“C”, “D” ან “E” კატეგორიის მინიჭებით მოწმობის შეცვლისას მძღოლმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინოს მოქალაქის ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა.

2. პირებს, რომლებიც მართავენ სატრანსპორტო საშუალებას, მძღოლის მოწმობა შეეცვლებათ უგამოცდოდ.

3. სატრანსპორტო საშუალებების მართვის დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს:

ა) მძღოლად მომუშავე პირთათვის ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან ცნობა სამსახურიდან;

ბ) კერძო მფლობელისათვის სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;

გ) მინდობილობით ავტომობილის ტარების უფლების მქონე პირისათვის მინდობილობა და სარეგისტრაციო მოწმობა.

4. პირებს, რომლებიც ბოლო 12 თვის განმავლობაში არ მართავენ ავტომობილს, მძღოლის მოწმობა შეეცვლებათ თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ.

5. დაკარგულის ნაცვლად გაიცემა დროებითი მოწმობა 1-დან 3 თვემდე ვადით პიროვნების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: განცხადების, მძღოლის ბარათის (დასტურის), საცხოვრებელი ადგილის საგზაო პოლიციიდან სათანადო ცნობის (მოქალაქეს მძღოლის მოწმობა ჩამორთმეული არა აქვს) წარდგენის შემდეგ, ხოლო დაკარგული მოწმობის აღდგენა ხდება მოქალაქის მიერ საგზაო პოლიციაში განცხადების შეტანიდან არანაკლებ 1 თვის შემდეგ განმეორებით ანალოგიური ცნობის (რაიმე დარღვევებზე მასალები არ შემოსულა) წარდგენისას.

ორივე შემთხვევაში ბარდება თეორიული გამოცდა.

ა) დაკარგულის ნაცვლად გაცემული დროებითი მოწმობა ფიქსირდება ცალკე წიგნში, ხოლო ახალი მოწმობის გაცემის შემდეგ იგი დაერთვის აღდგენის მასალებს;

ბ) ხანძრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიური უბედურების დროს, მძღოლის მოწმობის განადგურებისას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით, აგრეთვე დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მძღოლის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, თუ იგი დადასტურებულია ცნობით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, მოწმობის აღდგენა ხდება გამოცდების ჩაბარების გარეშე;

გ) ნაპოვნი მოწმობა ბარდება საგამოცდო სამსახურს და ითვლება ძალადაკარგულად, თუ მის სანაცვლოდ გაცემულია ახალი.

6. მძღოლის ძველი ნიმუშის მოწმობა ახლით იცვლება საერთო წესების საფუძველზე. ამასთან, მძღოლის ახალ მოწმობაში ნებადართული კატეგორიები აღინიშება შემდეგნაირად:

ა) მოტოციკლის მძღოლი კატეგორია “A”;

ბ) “მძღოლ-მოყვარული” კატეგორია “B”;

გ) მესამე კლასის მძღოლ-პროფესიონალი კატე-გორია “BC”;

დ) მეორე კლასის მძღოლი (პიროვნების სურვილისამებრ) კატეგორია “BCD” ან “BCE” ან “BCDE”;

ე) პირველი კლასის მძღოლი კატეგორია “BCDE”.

7. მესამე კლასის მძღოლ-პროფესიონალებს, რომლებსაც აქვთ 1977 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული მოწმობა (საკვალიფიკაციო ტალონი) პირველი ან მეორე კლასის მძღოლის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ, ძველი მართვის მოწმობა შეეცვლებათ:

ა) პირველი კლასის შემთხვევაში “BCDE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებით;

ბ) მეორე კლასის შემთხვევაში (პიროვნების სურვილისამებრ) “BCD” ან “BCE” ან “BCDE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებით.

8. მესამე კლასის მძღოლ-პროფესიონალებს, რომლებსაც აქვთ 1977 წლის 1 სექტემბრის შემდეგ გაცემული მეორე ან პირველი კლასის მოწმობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ, “D” ან “E” კატეგორიის აღნიშვნა ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ კატეგორიაზე გადამზადების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ:

ა) “D” კატეგორიის მინიჭების შემთხვევაში ბარდება თეორიული და პრაქტიკული, ხოლო “E” კატეგორიის მინიჭებისას პრაქტიკული გამოცდა.

9. მძღოლის გაუქმებული მოწმობები ნადგურდება საგამოცდო სამსახურის შემოწმების პროცესში სათანადო აქტის შედგენით.

განადგურებას ექვემდებარება:

ა) მძღოლის მოწმობები, რომელთა მფლობელებს სამედიცინო კომისიის დასკვნით აეკრძალათ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება;

ბ) ნაპოვნი მძღოლის მოწმობები, რომელთა ნაცვლად გაცემულია ახალი;

გ) მძღოლის მოწმობები, რომელთა მფლობელებმაც სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების აკრძალვის ვადის გასვლის შემდეგ 1 წლის განმავლობაში არ მიაკითხეს საგამოცდო სამსახურებს. მძღოლის მოწმობის გაცემის რეესტრში კომპიუტერის მეშვეობით კეთდება აღნიშვნა მძღოლის მოწმობის გაუქმების შესახებ.

საგამოცდო სამსახურის მიერ განადგურებული მოწმობის აღდგენა ხდება თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ.

10. მძღოლის მოწმობის სიყალბის გამოვლენის მიზნით შემოწმება ხდება ულტრაიისფერი გამოსხივების მქონე ხელსაწყოთი (ოლდ-41).

შენიშვნა:

მძღოლის საერთაშორისო მოწმობის განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მისი აღდგენა ხორციელდება ამ წესებისა და ვენის კონვენციის “საგზაო მოძრაობის შესახებ” მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 7. უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე მძღოლის მოწმობების გაცემისა და შეცვლის წესი

1. უცხო ქვეყნის ეროვნული და საერთაშორისო მძღოლის მოწმობა, მოქმედია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩამოსვლის დღიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ იგი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო მოძრაობაში (ტურისტული მოგზაურობა, საერთაშორისო ტვირთის გადაზიდვა, მივლინება ერთ წლამდე ვადით), ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ მძღოლის უცხოური მოწმობები უნდა შეიცვალოს მძღოლის საქართველოს ეროვნული მოწმობებით.

2. საქართველოში უცხო ქვეყნის დიპლომატიურ თანამშრომლებს, პრესის, რადიოს, ტელევიზიის და სხვა ორგანიზაციების მუდმივ წარმომადგენლებს, მათი ოჯახის წევრებს, ეროვნული მძღოლის მოწმობები შეეცვლებათ გამოცდების ჩაბარების გარეშე:

ა) მითითებულ პირებზე, რომლებსაც არა აქვთ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, მძღოლის მოწმობები გაიცემა არსებული წესის საფუძველზე;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის აღნიშვნით (გარდა იმ პირებისა, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური იმუნიტეტით);

გ) უცხო ქვეყნის ენაზე შესრულებული მძღოლის მოწმობა ითარგმნება საქართველოს სახელმწიფო ენაზე და მოწმდება ნოტარიალურად საქართველოში დადგენილი ლეგალიზაციის წესის შესაბამისად;

დ) უცხოელ მოქალაქეებს, საქართველოს ეროვნული მძღოლის მოწმობის მიღებისას, თავიანთი ქვეყნის მძღოლის მოწმობა უკან უბრუნდებათ.

3. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არამქონე პირებს, რომლებსაც აქვთ ეროვნული მძღოლის მოწმობა და მიიღეს საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება, მძღოლის მოწმობა შეეცვლებათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენისა (რეგისტრაციის ადგილის ჩანაწერის ასლი) და დადგენილი საურავის გადახდის შემდეგ, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე:

ა) მძღოლის მოწმობის არმქონე პირებს ან დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში მძღოლის მოწმობები მიეცემათ საერთო წესის საფუძველზე:

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის პერიოდში მიღებული ძველი ნიმუშის მძღოლის მოწმობები შეეცვლებათ პირადი პასპორტის წარმოდგენისა და დადგენილი საურავის გადახდის შემდეგ.

4. საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ ყოფნისას მიღებული მძღოლის მოწმობები შეეცვლებათ შესაბამისი კატეგორიის მძღოლის მოწმობებით.

    მუხლი 8. მძღოლის მოწმობისა და სხვა დოკუმენტების დამზადება-შენახვის წესი

1. მძღოლის მოწმობები მზადდება კომპიუტერული სისტემების მეშვეობით.

2. მძღოლის მოწმობის ბლანკებისა და პაუჭების მიღება ხდება შსს საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან.

3. მძღოლის მოწმობის ბლანკები, პაუჭები, ბეჭდები და შტამპები ინახება საგამოცდო სამსახურში.

4. საგამოცდო სამსახურში არსებული დოკუმენტაციის (ოქმები, წიგნები, პირველადი მასალები) შენახვის ვადები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) მძღოლის მოწმობის შეცვლის პირველადი მასალები (განცხადება, მძღოლის მოწმობა, ქვითარი და სხვა) ორი წელი;

ბ) საგამოცდო კომისიის ოქმების ჟურნალი, აგრეთვე რეგისტრირებული სასწავლო ორგანიზაციების მომართვები და სასწავლო ჯგუფების სიები 5 წელი;

გ) მძღოლის მოწმობების გაცემის რეესტრები 60 წელი.

5. პრაქტიკული დახმარების მიზნით რეგიონალური საგამოცდო სამსახურების საქმიანობის შემოწმება ხორციელდება საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს შესაბამისი სამსახურის მიერ წლის განმავლობაში არანაკლებ ერთისა.

თავი II

გამოცდების ჩატარების მეთოდიკა

    მუხლი 9. თეორიული გამოცდის შინაარსი

1. თეორიულ გამოცდაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მსმენელთა მთელი ჯგუფი ან მისი ნაწილი შემდეგი მეთოდით:

საგზაო პოლიციის მიერ შემუშავებული ბილეთებით ტესტური გამოკითხვის წესით.

2. გამოცდის ფორმა უნდა იყოს ისეთი, რომ შეიძლებოდეს განსაზღვრა, მძღოლობის კანდიდატმა კარგად იცის და ერკვევა თუ არა გზებზე მოძრაობის წესებში, მოძრაობის უსაფრთხოებისა და პირველადი (ექიმამდელი) სამედიცინო დახმარების საფუძვლებში.

3. თეორიული გამოცდის ჩატარების შედეგად ირკვევა, იცის თუ არა მძღოლობის კანდიდატმა:

ა) მძღოლის მუშაობის ხანგრძლივობისა და დასვენების რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ბ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის მოქმედების წესი;

გ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შედეგად დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მეთოდები.

4. საგამოცდო ბილეთი შეიცავს 10 კითხვას. თავის მხრივ კითხვას გააჩნია 2-დან 5-მდე პასუხი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი.

5. მძღოლ-კანდიდატებისაგან საგამოცდო ბილეთების დაზეპირების შემთხვევების გამორიცხვის მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბილეთების რამდენიმე მოქმედი ვარიანტი.

6. გამოცდების შედეგების გაფორმებისათვის გამოიყენება სპეციალური საგამოცდო ბარათი, რომლებშიც გამომცდელი აღნიშნავს თითოეულ შეკითხვაზე სწორი პასუხის ნომერს (გამოცდების ჩატარების მეთოდიკის №1 დანართი).

    მუხლი 10. თეორიული გამოცდის ჩატარება

1. გამოცდა მიიღება რამდენიმე პირისაგან ერთდროულად, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება საგამოცდო ოთახის ფართობისა და აღჭურვილობის, აგრეთვე ყველა გამოსაცდელის ქცევისადმი ზედამხედველობის შესაძლებლობის გათვალისწინებით. გამოცდის დაწყებამდე, გამოსაცდელთა ყველა აუცილებელი დოკუმენტის შემოწმების შემდეგ, მათ ხელზე მიეცემათ საგამოცდო ბილეთები. მძღოლობის კანდიდატებს ბილეთების პასუხები შეაქვთ საგზაო მოძრაობის წესების საგამოცდო ბარათში (დანართი №1).

2. საგამოცდო ბილეთებისა და ბარათების ხმარების წესის განმარტების შემდეგ, გამოსაცდელებს აუცილებელია შესთავაზონ ბილეთის არჩევა. გამოსაცდელის მიერ ბილეთის მიღებიდან იწყება დროის აღრიცხვა და განისაზღვრება 15 წუთის ოდენობით.

3. გამოსაცდელის მიერ ბილეთზე მუშაობა გამოიხატება შემდეგში:

ა) წაიკითხოს თითოეული დასმული კითხვა და შემოთავაზებულ პასუხთაგან ამოირჩიოს ყველაზე სწორი და სრული პასუხი;

ბ) თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხის ნომერი გამოსაცდელს შეაქვს საგამოცდო ბარათში;

გ) ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა, აგრეთვე ტრამვაის, ტროლეიბუსის და მოტოციკლების მძღოლებმა უნდა უპასუხონ 10 შეკითხვას;

დ) საგამოცდო ბილეთში დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ გამოსაცდელი საგამოცდო ბარათს აბარებს გამომცდელს;

ე) დადებითი შეფასება “ჩააბარა” იწერება იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა შემოთავაზებული კითხვებიდან ვერ უპასუხა მხოლოდ ერთ შეკითხვაზე. ერთზე მეტი არასწორი პასუხისათვის იწერება შეფასება “ვერ ჩააბარა” და ინიშნება ვადა ხელმეორედ გამოცდისათვის;

ვ) გამოცდის დამთავრებისას საგამოცდო კომისიის წევრები საგამოცდო ბარათებს ამოწმებენ ხელმოწერით.

4. საკონტროლო მოწყობილების ან საგამოცდო აპარატების დახმარებით თეორიული გამოცდების ჩატარების წინ საგამოცდო სამსახურის მუშაკმა უნდა განუმარტოს გამოსაცდელებს ამ მოწყობილობების და აპარატების ხმარების წესები.

    მუხლი 11. პრაქტიკული გამოცდის შინაარსი

1. მძღოლობის კანდიდატებისაგან პრაქტიკული გამოცდის მიღება წარმოებს სატრანსპორტო საშუალების იმ კატეგორიაზე, რომელზეც გავლილი აქვს სწავლების სრული კურსი:

ა) “B” ავტომობილებზე, რომელთა სრული მასა არ აღემატება 3500 კგ-ს, დასაჯდომი სავარძლების რაოდენობა მძღოლის სავარძლის გარდა 8-ს;

ბ) “C” 3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო ავტომობილებზე;

დ) ავტომობილებზე, განკუთვნილი მგზავრების გადასაყვანად, რომლებსაც მძღოლის სავარძლის გარდა აქვთ რვაზე მეტი საჯდომი ადგილი.

2. “E” სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაზე, რომელთა საწევარა წარმოადგენს “C” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებას, ნახევარმისაბმელით და მისაბმელით, აქვს არანაკლებ ორი ღერძი, რომელთა შორის დაშორება 1 მეტრზე მეტია, “D” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის შეპირაპირებულ ავტობუსებზე.

3. პრაქტიკული გამოცდის მიღებისათვის განკუთვნილი ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს დამატებითი გადაბმულობის სატერფულებით (გარდა ავტომატური ტრანსმისიის მქონე სატრანსპორტო საშუალებისა) და მუხრუჭებით, გამომცდელისათვის მოწყობილი უკანა ხედვის სარკით.

    მუხლი 12. სატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდების მიღების ორგანიზაცია

გამოცდების მიღება ხორციელდება ორ ეტაპად:

1. გამოცდის პირველი ეტაპი ავტოდრომზე ან დახურულ მოედანზე.

2. ავტოდრომი ან დახურული მოედანი წარმოადგენს ტრანსპორტის მოძრაობიდან იზოლირებულ და გამოცდების მისაღებად შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვილ მყარსაფარიან ტერიტორიას. ავტოდრომის ან დახურული მოედნის ზომები და მათი მოწყობილობის ელემენტები განისაზღვრება არსებული დებულების მოთხოვნით:

ა) იზოლირებულ ტერიტორიაზე გამოცდების პირველი ეტაპის ჩატარების მიზანია მძღოლობის კანდიდატთა მიერ ავტომობილის ტარების ელემენტების შესრულების უნარისა და ჩვევების შემოწმება, რათა შემდგომ ეტაპზე საგზაო მოძრაობის რეალურ პირობებში მოხდეს მათ მიერ მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ მოთხოვნათა შეფასება;

ბ) ტერიტორიებს, რომლებიც გამოიყენება “B”, “C”, “D” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდების პირველი ეტაპის ჩასატარებლად, უნდა გააჩნდეს შემდეგი აუცილებელი პირობები:

– აღმართიანი უბანი (დახრა არანაკლები 16%);

– შემოსაბრუნებელი უბანი შეზღუდული სიგანის სავალი ნაწილის არსებობისას;

– ბოქსი ავტომობილის უკუსვლით სადგომზე დასაყენებლად;

გ) როცა არ არის სტაციონარული ავტოდრომები ან დახურული მოედნები, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოძრაობისაგან იზოლირებული სხვა ტერიტორიები, რომელთა მოწყობა წარმოებს გადატანითი საშუალებების დახმარებით, კერძოდ:

– მსუბუქი ავტომობილებისათვის, “სავალი ნაწილის შეზღუდული სიგანის არსებობისას შემოსაბრუნებელი უბნის ელემენტები და ბოქსი ავტომობილის უკუსვლით სადგომზე დასაყენებლად” აღიჭურვება ხასხასა ფერებით შეღებილი მტკიცესადგარიანი 1,2 მეტრის სიმაღლის სადგარებით, რომელთა წვერზე დამაგრებულია ალმები;

– სატვირთო ავტომობილებისათვის აღნიშნული ელემენტები აღიჭურვება სადგარებით და მათ შორის დაჭიმული ფერადალმებიანი გვარლების საშუალებით, გვარლის დაჭიმვის სიმაღლე უნდა შეესაბამებოდეს სატვირთო ავტომობილის პლატფორმის დონეს;

დ) “აღმართიანი უბნის” ელემენტი ყველა ტიპის ავტომობილებისათვის შეიძლება აღიჭურვოს ესტაკადით, რომელიც უზრუნველყოფს მასზე გასვლის უსაფრთხოებას;

ე) დახურულ მოედანზე მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნს ელემენტების იმგვარი განლაგება, რომლის დროსაც შეიქმნება ორი ან მეტი ავტომობილით მინიმალურ დროში მათ მიერ შესაბამისი მანევრირების ერთდროული შესრულების შესაძლებლობა;

ვ) გადაადგილების წესის ორგანიზება წარმოებს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების დახმარებით შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით;

ზ) საგზაო პოლიციის დანაყოფებში მძღოლ-კანდიდატებისათვის წინასწარი გაცნობის მიზნით, რეკომენდირებულია თვალსაჩინო, მოხერხებულ ადგილზე მოეწყოს დახურულ მოედანზე მოძრაობის სქემა მასზე აღნიშნული საგამოცდო ელემენტებით.

3. მეორე ეტაპი – გამოცდების მიღება საგამოცდო მარშრუტზე ინტენსიური საგზაო მოძრაობის პირობებში:

ა) საგამოცდო მარშრუტი უნდა ითვალისწინებდეს მძღოლობის კანდიდატთა მოქმედების აუცილებელი შემოწმების შესაძლებლობას შემდეგ პირობებში:

– “დაუთმოთ გზა” ან 2.5 “მოძრაობა შეუჩერებლად აკრძალულია” ნიშნებიანი გზაჯვარედინების გავლა;

– გზის მონაკვეთების გავლა, რომლებიც აღჭურვილია სხვადასხვა გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნებით ან მძღოლისათვის განკუთვნილი სხვა ინფორმაციით;

– ორი მარცხნივ მოხვევის ან გზაჯვარედინზე ერთი შემობრუნების შესრულება;

– ორი მარჯვნივ მოხვევის შესრულება;

– გასვლა გზაზე, რომელსაც გააჩნია ორი ან მეტი სამოძრაო რიგი ერთი მიმართულებით;

ბ) საგზაო პოლიციის დანაყოფებისათვის საგამოცდო მარშრუტების რაოდენობა განისაზღვრება საგზაო ქსელის სიგრძის, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის მხრივ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით შემდეგნაირად:

– ხუთასი ათასზე მეტი მცხოვრებით 5-დან 10 მარშრუტამდე, ხოლო ხუთასი ათასზე ნაკლები მცხოვრებით – 3-დან 5-მდე.

გ) რეკომენდებულია მარშრუტის სიგრძე თითოეული გამოსაცდელისათვის ამ მეთოდიკის მე-3 თავის “ა” პუნქტში მითითებული მოთხოვნების დაცვით;

დ) საგამოცდო მარშრუტი ფორმდება 200მმ X 300მმ ფორმატის სამარშრუტო რუის სახით. თითოეულ მარშრუტს ენიჭება რიგითი ნომერი;

ე) მძღოლ-კანდიდატთა საგამოცდო დროის შემოკლების მიზნით მიზანშეწონილია, რომ თითოეული მარშრუტი დაიწყოს და დამთავრდეს ერთსა და იმავე ადგილზე (მაგალითად, საგამოცდო პუნქტთან);

ვ) რეკომენდებულია არსებობდეს საგამოცდო მარშრუტების პერიოდული შეცვლისათვის მათი სარეზერვო ვარიანტები;

ზ) გამოცდების მეორე ეტაპის დაწყების წინ გამომცდელი მძღოლობის კანდიდატს გამოცდის მიღებამდე აცნობს სამარშრუტო რუას საგამოცდო მარშრუტზე მოძრაობისათვის.

4. გამოცდის ჩატარების ხანგძლივობა უნდა იყოს საკმარისი შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის მძღოლობის კანდიდატის ცოდნის სრულყოფილად განსაზღვრისათვის:

– პირველ ეტაპზე გამოცდის ხანგრძლივობა 5 წუთამდეა, ხოლო მეორეზე – 10 წუთი. სულ გამოსაცდელისათვის გამოცდის საერთო ხანგრძლივობა – 15 წუთი;

5. პირველი ეტაპის გამოცდის ელემენტების შესრულებაზე კონტროლს გამომცდელი აწარმოებს ვიზუალურად ან ტექნიკური საშუალებების დახმარებით. ამასთან, გამომცდელი შეიძლება იმყოფებოდეს საგამოცდო ავტომობილში ან მის გარეთ (გამოცდის მსვლელობაზე მეთვალყურეობისათვის მოსახერხებელ ადგილზე).

შენიშვნა:

პირველ ეტაპზე გამოცდისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა განისაზღვრება ავტოდრომის ან დახურული მოედნის ფართობისა და კონტროლის ტექნიკური საშუალებების არსებობის შესაბამისად.

6. მეორე ეტაპზე კონტროლს გამომცდელი ახორციელებს ვიზუალურად, საგამოცდო ავტომობილში მყოფი იმგვარად, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ჩაერიოს ავტომობილის მართვაში.

    მუხლი 13. სატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდების მიღების ეტაპები

მძღოლობის კანდიდატის მომზადების დონის განსაზღვრისათვის ითვალისწინებენ მის მიერ საგამოცდო ეტაპების შესაბამისად განსაზღვრული ელემენტების შესრულებას. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს:

1. პირველ ეტაპზე:

ა) აღმართზე ავტომობილის დაძვრა-გაჩერება, რის შემდეგ უნდა განაგრძოს მოძრაობა, ამასთან, დაძვრა უნდა შესრულდეს მდორედ, ძრავა არ უნდა გამოირთოს, ხოლო ავტომობილი არ უნდა დაგორდეს 20 სმ-ზე მეტად;

ბ) სიგანეშეზღუდულ სავალ ნაწილზე შემობრუნება. შეზღუდლი ზომის უბანზე შესვლა, შემობრუნება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვისას. შემობრუნების დროს ავტომობილი არ უნდა გასცდეს შეზღუდვის ფარგლებს;

გ) ავტომობილის უკუსვლით დაყენება ბოქსში;

დ) უკუსვლისას მოხვევით შესვლა მოძრაობის მიმართულებისადმი პერპენდიკულარულად განლაგებულ ბოქსში, უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით. გაჩერების შემდეგ, ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მოექცეს ბოქსის შიდა არეალში.

2. მეორე ეტაპზე:

პუნქტი №1

ა) მოძრაობის დაწყებისათვის მომზადება, სხვა სატრანსპოტრო საშუალებებისადმი ყურადღების გამოჩენა, კერძოდ:

– გამაფრთხილებელი სიგნალების დროული ჩართვა;

– უკანა ხედვის სარკეებით სარგებლობა;

– ადგილიდან დაძვრის სინარნარე;

– გაქანება და გადაცემის გადართვა;

– სწორზე მოძრაობა;

– სავალ ნაწილზე სწორი განლაგების შერჩევა.

პუნქტი №2

ა) მოძრაობის დროს რეკომენდებული სიჩქარის დაცვა, კერძოდ:

– სატრანსპორტო საშუალებებს შორის დისტანციისა და ინტერვალის დაცვა;

ბ) მანევრირება გზაზე, რომელსაც აქვს ორი ან მეტი სამოძრაო ზოლი ერთი მიმართულებით;

– გამაფრთხილებელი სიგნალების დროული გამოყენება;

– გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, საერთო სარგებლობის ავტოტრანსპორტისა და სხვა წინაღობათა შემოვლის სისწორე;

– ერთი ზოლიდან მეორეში გადაადგილების წესის დაცვა;

– მოძრაობის სხვა მონაწილეთა მიერ მიცემულ სიგნალებზე შესაბამისი რეაგირება.

პუნქტი №3

ა) მოწესრიგებული გზაჯვარედინის გავლისას მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეასრულოს:

– გზაჯვარედინთან მიახლოებისას საგზაო სიტუაციის სწორი შეფასება, აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი სიგნალების ჩართვა;

– გზაჯვარედინთან გაჩერების სისწორე;

– გაჩერების შემდეგ ადგილიდან დაძვრის სინარნარე;

– შუქნიშნის ან მომწესრიგებლის სიგნალების მოთხოვნათა შესრულება;

ბ) მოუწესრიგებელი გზაჯვარედინის გავლისას მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეასრულოს:

– გზაჯვარედინთან მიახლოებისას საგზაო სიტუაციის სწორი შეფასება, საგზაო ნიშნების, მონიშვნების, სხვა მოთხოვნების გათვალისწინება;

– გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებთან პრიორიტეტის დაცვა;

– სიჩქარის შერჩევა გზაჯვარედინთან მიახლოებისას, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელების უსაფრთხოდ გავლა.

პუნქტი №4

ა) მოხვევის (შემობრუნების) შესრულებისას:

– მოსახვევში შესვლის სიჩქარის შერჩევა;

– მოსახვევში შესვლისა და გამოსვლის სინარნარე და ტრაექტორია;

ბ) გასწრების შესრულებისას:

– გასწრების დაწყების წინ საგზაო სიტუაციის სწორი შეფასება, საგზაო ნიშნების მონიშვნების მოთხოვნებისა და მოძრაობის სხვა მონაწილეთა მოქმედების გათვალისწინება;

– გამაფრთხილებელი სიგნალების დროული ჩართვა;

– სიჩქარის რეჟიმის შერჩევა გასწრებისას კონკრეტული პირობების გათვალისწინებით;

– გასწრების დაწყებისა და დასრულების ტრაექტორია მოძრაობის უსაფრთხოების პირობების დაცვით.

პუნქტი №5

ა) სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას:

– გამაფრთხილებელი სიგნალების დროული ჩართვა და ზოლიდან ზოლში გადასვლის წესების დაცვა;

– მოძრაობის სიჩქარის მდორედ შეცვლა;

– სავალ ნაწილზე (გვერდულზე) ავტომობილის სწორად გაჩერება.

    მუხლი 14. მძღოლობის კანდიდატის მომზადების შეფასება

1. მომზადების დონეს გამომცდელი აფასებს ამ მეთოდიკის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ავტომობილის მართვის ელემენტების შესრულებისას დაშვებული შეცდომებისა და დარღვევების შესაბამისად, კერძოდ:

ა) საგამოცდო ეტაპების მიხედვით მძღოლობის კანდიდატის შეფასებას გამომცდელი აღნიშნავს ავტომობილის მართვის საგამოცდო ბარათში (დანართი №2);

– პირველი ეტაპის გავლის შემდეგ გამომცდელი საგამოცდო ბარათში შეფასებას აღნიშნავს ჩანაწერით “ჩააბარა” ან “ვერ ჩააბარა”;

ბ) მეორე ეტაპის ჩაბარება ხდება შემდეგნაირად:

– ავტომობილის ტარების საგამოცდო ბარათის 1-2-3-4-5 პუნქტებში შეფასება ხორციელდება ამ მეთოდიკის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიხედვით;

– ყველა პუნქტის უშეცდომოდ გავლის შემთხვევაში მძღოლობის კანდიდატი ღებულობს შეფასებას “ჩააბარა”, ავტომობილის მართვის ელემენტების შესრულების დროს დაშვებული ორი ან მეტი შეცდომისა და დარღვევის შემთხვევაში ღებულობს შეფასებას “ვერ ჩააბარა”;

– გამოცდის დამთავრებისას გამომცდელი განუმარტავს მძღოლობის კანდიდატს მის მიერ დაშვებულ შეცდომებს და აცნობს საბოლოო შედეგს;

– მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს გამომცდელის მოთხოვნა, რომელიმე ელემენტის განმეორებით შესრულებაზე;

– ავტომობილის მართვის საგამოცდო ბარათი (დანართი №2) განეკუთვნება მძღოლის მოწმობის გაცემის ერთ-ერთ საფუძველს და ინახება პირველად მასალებთან ერთად დადგენილი წესით.

    მუხლი 15. მოტოციკლის მართვის უფლების მისაღები გამოცდების ორგანიზაცია და მოთხოვნები

1. მართვის უნარი და ჩვევები, როგორც წესი, მოწმდება უეტლო მოტოციკლზე ან მოტოროლერზე.

2. მძღოლობის კანდიდატს უნდა შეეძლოს შემდეგი მანევრების შესრულება:

ა) მოძრაობა სწორზე გადაცემის გადართვით დაბლიდან-მაღალზე და პირიქით;

ბ) მოტოციკლის მართვა მინიმალური სიჩქარის დროს, საფეხურიდან ფეხის აუღებლად;

გ) მცირე რადიუსის მოხვევისა და მობრუნების (“საგაბარიტო წრე”, “ზიგზაგი”, “რვიანი”) შესრულება.

3. გამოცდა აღარ გრძელდება, თუ გამოსაცდელმა ვერ შეასრულა “ზიგზაგი” ან “რვიანი”.

4. მოტოციკლების მართვის ელემენტების შესრულებისას ორი და მეტი შეცდომის დაშვების შემთხვევაში კეთდება შეფასება “ვერ ჩააბარა”:

ა) “წრის” ან “ზიგზაგის”, ან “რვიანის” შესრულებისას შეეხო საგზაო ვაკისს;

ბ) გაჩერებისას, როცა ძრავ მუშაობდა, ვერ შესძლო გადაცემის გამორთვა.

    მუხლი 16. მოტოეტლების მართვის უფლების მისაღები გამოცდების ორგანიზაცია და მოთხოვნები

1. მოტოეტლების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვებიან ინვალიდები, რომლებმაც ისწავლეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სპეციალურ კურსებზე.

2. საგამოცდო კომისიას თუ არ გააჩნია დამატებითი სატერფულებით აღჭურვილი სასწავლო ეტლი, გამოცდა ტარდება მფლობელის ეტლის გამოყენებით.

3. ქუჩაში (გზაში) გამოცდის ჩატარებას წინ უსწრებს სპეციალურ მოედანზე პრაქტიკული ცოდნის შემოწმება:

ა) ძრავის ამუშავება;

ბ) მოძრაობა სწორზე, გადაცემების დაბალიდან-მაღალზე და მაღალიდან-დაბალზე გადართვით;

გ) მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევა;

დ) წინა და უკუსვლით შემობრუნება;

ე) უკუსვლით მოძრაობა პირობით ჭიშკარში შესვლით.

4. მოტოეტლების მართვის ელემენტების შესრულების დროს დაშვებული ორი ან მეტი შეცდომის დაშვების შემთხვევაში კეთდება შეფასება “ვერ ჩააბარა”:

ა) აღმართზე ადგილიდან დაძვრისას მოტოეტლის უკან დაგორება;

ბ) მოტოეტლის სადგომზე დაყენებისას არ ამუხრუჭებდა ხელის მუხრუჭით.

შენიშვნა: საგამოცდო სამსახურის მიერ ექვს თვეში ერთხელ კეთდება ანალიზი ჩატარებული გამოცდების შედეგების შესახებ.

 

დანართი 1

საგზაო მოძრაობის წესების საგამოცდო ბარათი

გამოცდის თარიღი

ბილეთის

კითხვებზე გაცემული პასუხები

საერთო შედეგი

კომისიის წევრების ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოსაცდელის ხელმოწერა ––––––––––––                         ––– ––––––––––– 200– წ.

 

დანართი 2

ავტომობილის მართვის საგამოცდო ბარათი

გამოცდის თარიღი

ეტაპები

საერთო შედეგი (ჩააბარა)

(ვერ ჩააბარა)

გამომცდელის ხელმოწერა

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

1

2

3

4

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოსაცდელის ხელმოწერა ––––––––––––                         ––– ––––––––––– 200– წ.