„საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების“ დამტკიცების შესახებ

  • Word
„საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 736
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 133, 18/11/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 200220050.22.033.006818
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
736
09/11/2004
სსმ, 133, 18/11/2004
200220050.22.033.006818
„საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/11/2004 - 07/04/2005)

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 200.220.050.22.033.006.818

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №736

2004 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების“ დამტკიცების შესახებ

„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის  №39 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესები.“

 მუხლი 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 4 ოქტომბრის  №186 ბრძანება „საქართველოში იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ.“

 მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

                                                                                          ზ. ნოღაიდელი

 

საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის

წესები

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველი

წინამდებარე წესები შემუშავებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის „ტარიფებსა და ვაჭრობაზე 1994 წლის გენერალური შეთანხმების“, „ტარიფებსა და ვაჭრობაზე 1994 წლის გენერალური შეთანხმების VII მუხლის განხორციელების შესახებ შეთანხმების“, „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს საბაჟო კოდექსის საფუძველზე.

    მუხლი 2. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნები

1. საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ითვალისწინებს საბაჟო მიზნებისათვის საქონლის შეფასებას საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მომენტისათვის.

2. საბაჟო ღირებულების განსაზღვრა არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ანტიდემპინგური მიზნით, ანუ საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ღირებულება არ უნდა გაიზარდოს ხელოვნურად შემცირებული ფასების გადასაფარავად.

    მუხლი 3. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულები განსაზღვრის მეთოდები

1. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული (შემდგომში _ იმპორტირებული) საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება შემდეგი მეთოდებით:

ა) გარიგების ფასის მიხედვით (პირველი მეთოდი);

ბ) იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მეორე მეთოდი);

გ) მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მესამე მეთოდი);

დ) საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით (მეოთხე მეთოდი);

ე) შედგენილი ღირებულების მიხედვით (მეხუთე მეთოდი);

ვ) სარეზერვო მეთოდი (მეექვსე მეთოდი).

2. ყოველი მომდევნო მეთოდი გამოიყენება მაშინ, როცა ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება. დეკლარანტს უფლება აქვს, შეცვალოს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მე-4 და მე-5 (საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით და შედგენილი ღირებულების მიხედვით) მეთოდების გამოყენების რიგითობა.

თავი II

საბაჟო ღირებულების განსაზღვრა გარიგების ფასის მიხედვით

    მუხლი 4. გარიგების ფასი

1. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება წარმოადგენს გარიგების ფასს ანუ იმპორტიორ ქვეყანაში საექსპორტოდ გაყიდულ საქონელში გადახდილ ან გადასახდელ ფასს, რომელიც შესაბამისობაშია მოყვანილი წინამდებარე წესების მე-6 მუხლის მოთხოვნებთან.

2. გარიგების ფასის განსაზღვრის საფუძვლად მიიღება ხელშეკრულებაში და ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული ფასი საქონლის მიწოდების („ინკოტერმსის“) და გარიგების ფასის გადახდის პირობების გათვალისწინებით.

3. გარიგების ფასის გადახდა შეიძლება განხორციელდეს პირდაპირი გზით (ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით) ან არაპირდაპირი გზით (მყიდველის მიერ გამყიდველის ვალის ჩამოწერა მთლიანად ან ნაწილობრივ და სხვა).

    მუხლი 5. გარიგების ფასის მიხედვით საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის გამოყენებისათვის აუცილებელი პირობები

1. გარიგების ფასის მიხედვით საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი აუცილებელი პირობების დაცვით:

ა) არ უნდა არსებობდეს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან (გამოყენებასთან), გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც:

ა.ა) დადგენილია ან მოითხოვება საქართველოს კანონმდებლობით;

ა.ბ) ადგენენ იმ გეოგრაფიული რაიონების ჩამონათვალს, სადაც დაშვებულია საქონლის ხელახალი გაყიდვა;

ა.გ) არსებით გავლენას არ ახდენენ საქონლის ღირებულებაზე;

ბ) საქონლის გაყიდვა ან ფასი არ უნდა წარმოადგენდეს რაიმე პირობის საგანს, რომლის გაუთვალისწინებლობაც შეუძლებელს გახდის შესაფასებელი საქონლის ღირებულების განსაზღვრას;

გ) მყიდველის მიერ საქონლის გამოყენების, გადაცემის ან შემდგომი გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლის არც ერთი ნაწილი არც პირდაპირ და არც ირიბად არ გადავა გამყიდველზე, ვიდრე შესაძლებელი არ გახდება საბაჟო ღირებულების სათანადო კორექტირება;

დ) მყიდველი და გამყიდველი არ უნდა იყვნენ ურთიერთდაკავშირებული პირები, ან ასეთმა ურთიერთკავშირმა გავლენა არ უნდა იქონიოს გარიგების ფასზე.

2. ამ წესების მიზნებისათვის ურთიერთდაკავშირებულ პირებად ითვლებიან მყიდველი და გამყიდველი, თუ მათ შორის შემდეგი ხასიათის კავშირია:

ა) ისინი არიან ერთმანეთის ბიზნესების ხელმძღვანელი პირები ან დირექტორები;

ბ) ისინი არიან ბიზნესში კანონიერად აღიარებული პარტნიორები;

გ) ისინი არიან დამსაქმებელი (დამქირავებელი) და დასაქმებული (დაქირავებული);

დ) ესა თუ ის პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, აკონტროლებს ან აქვს ორივე მათგანის ხმის უფლების მქონე აქციების ან წილის 5 ან მეტი პროცენტი;

ე) ერთ-ერთი მათგანი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორეს;

ვ) ორივეს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;

ზ) ისინი ერთად პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;

თ) ისინი არიან ნათესავები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

ი) ისინი არიან ბიზნესით დაკავშირებული პირები, რომელთაგან ერთი არის მეორის აგენტი, დისტრიბუტორი ან კონცესიონერი, თუკი ეს პირები შეესაბამებიან ამ პუნქტში მითითებულ ერთ-ერთ პირობას.

    მუხლი 6. საბაჟო ღირებულების კორექტირება

1. საბაჟო ღირებულების კორექტირება ფორმდება საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით (აქტით).

2. საბაჟო ღირებულების კორექტირება ხდება გარიგების ფასზე იმ ხარჯების დამატებით, რომლებიც მყიდველს რეალურად გაწეული აქვს, მაგრამ არ არის ჩათვლილი გარიგების ფასში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გარიგების ფასს ემატება შემდეგი ხარჯები:

ა) საკომისიო და საბროკერო ხარჯები, გარდა შესყიდვაზე გაწეული საკომისიო ხარჯებისა;

ბ) იმ კონტეინერების ღირებულება, რომლებიც საბაჟო მიზნებისათვის განიხილება შესაფასებელ საქონელთან ერთობლიობაში;

გ) შეფუთვის ღირებულება, გაწეული შრომისა და შესაფუთი მასალების ჩათვლით;

დ) იმპორტირებული საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის საწყობში შენახვის) ხარჯები საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე. თუ სხვადასხვა საქონლის პარტია ერთი და იგივე ტრანსპორტით არის შემოტანილი, მაშინ ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად გადანაწილდება;

ე) იმ საქონლისა და მომსახურების პროპორციულად განაწილებული ღირებულება, რომელიც მყიდველის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, უფასოდ ან ფასდაკლებით მიეწოდება და რომელიც გამოიყენება იმპორტირებული საქონლის წარმოებისა და საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით ისე, რომ ეს ღირებულება არ არის ჩათვლილი ნამდვილად გადახდილ ან გადასახდელ ფასში. საქონელი ან მომსახურება, რომელიც უფასოდ ან ფასდაკლებით მიეწოდება გამყიდველს მყიდველის მიერ შეიძლება იყოს: მასალები, ნაწილები, კომპონენტები, ინსტრუმენტები, შტამპები, ფორმები, საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-დიზაინერული საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, გეგმები, ესკიზები და სხვა. ამასთან, საქონლისა და მომსახურების ღირებულება, რომელიც უნდა შევიდეს საბაჟო ღირებულებაში, უნდა განისაზღვროს იმ ფასით, რომლითაც იგი შეძენილია მყიდველის მიერ. თუ ეს საქონელი ნაწარმოებია თვით მყიდველის მიერ, მაშინ მისი ფასი განისაზღვრება მყიდველის საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. იმ შემთხვევაში, როცა მოცემული საქონელი ამორტიზებულია, მაშინ მისი ღირებულება განისაზღვრება ამორტიზაციის ხარისხის გათვალისწინებით;

ვ) შესაფასებელ საქონელთან დაკავშირებული საავტორო ჰონორარი ან სალიცენზიო გადასახდელები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა გადაიხადოს მყიდველმა, როგორც შესაფასებელი საქონლის გაყიდვის პირობა, ისე, რომ ეს გადასახდელები არ ჩათვლილა გადახდილ ან გადასახდელ ფასში. მასში შედის გადასახდელები პატენტებზე, სავაჭრო მარკებზე, საავტორო უფლებებზე, „ნოუ-ჰაუზე.“ ამასთან, სალიცენზიო და ინტელექტუალური საკუთრების გადასახდელები ჩაირთვება საბაჟო ღირებულებაში მაშინ, როდესაც ინტელექტუალური საკუთრების ნიმუშები განუყრელ კავშირშია იმპორტირებულ საქონელთან და ეს პირობები დაფიქსირებულია კონტრაქტში. თუ მყიდველი სალიცენზიო გადასახდელებს უხდის მესამე პირს, მაშინ ეს შეთანხმებული უნდა იყოს გამყიდველთან;

ზ) იმპორტირებული საქონლის ნებისმიერი შემდგომი გაყიდვის, განკარგვის ან გამოყენების შედეგად მიღებული მოგების ნაწილის ღირებულება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის გამყიდველს;

თ) დაზღვევის ღირებულება.

4. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს დაუშვებელია გარიგების ფასზე დამატებები, თუ ეს არ არის გათვალისწინებული ამ მუხლით.

    მუხლი 7. თანხები, რომლებიც არ ექვემდებარება საბაჟო ღირებულებაში  შეტანას

იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულებაში არ უნდა იყოს ჩართული შემდეგი ხარჯები, თუ ისინი გამოყოფილია გადახდილი ან გადასახდელი ფასიდან:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები და მოსაკრებლები;

ბ) ექსპორტიორი ქვეყნის არაპირდაპირი გადასახადები, რომელიც გამოყოფილია გარიგების ფასიდან;

გ) ქვეყნებს შორის ორმაგი დაბეგვრისაგან თავის არიდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული არაპირდაპირი გადასახადები;

დ) საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდგომი ტრანსპორტირების ხარჯები;

ე) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, საწყობის, მომსახურების ან გაწეული ტექნიკური დახმარების ხარჯები, რასაც ადგილი ჰქონდა საქონლის შემოტანის შემდეგ;

ვ) მყიდველის მიერ იმპორტირებული საქონლის ყიდვასთან დაკავშირებით დადებული საფინანსო შეთანხმების საპროცენტო განაკვეთი, თუ:

ვ.ა) ეს საპროცენტო განაკვეთი განცალკევებულია საქონელში გადახდილი ან გადასახდელი ფასისაგან;

ვ.ბ) საფინანსო შეთანხმება დაიდო წერილობითი ფორმით;

ვ.გ) საჭიროების შემთხვევაში მყიდველს შეუძლია დაადასტუროს, რომ საქონელი ფაქტობრივად გაყიდულია იმ ფასად, რომლიც დეკლარირებულია, როგორც გადახდილი ან გადასახდელი ფასი, ხოლო მის მიერ მითითებული საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება იმ დონეს, რომელიც გამოიყენება დაფინანსების ქვეყანაში.

    მუხლი 8. ფასდაკლების („დისქაუნთის“) გათვალისწინება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს

1. გარიგების ფასის მიხედვით საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის გამოყენების დროს საბაჟო ორგანო ითვალისწინებს გარიგებით განსაზღვრულ შესაბამის ფასდაკლებას, თუ იგი გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით:

ა) შესყიდული საქონლის რაოდენობის ფაქტორი;

ბ) ექსკლუზიური აგენტის ფაქტორი;

გ) მუდმივი მყიდველის ფაქტორი;

დ) ახალი საქონლის (ან სეზონის) ფაქტორი;

ე) გადახდის დროის ფაქტორი.

2. მოცემული მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ფასდაკლება გაითვალისწინება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს შესაბამისი გამომწვევი ფაქტორების საფუძვლიანი შესწავლის შემთხვევაში.

3. იმ საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს, რომლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები არ შეესაბამება საკონტრაქტო პირობებს, არ გაითვალისწინება შესაბამისი ფასდაკლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დეკლარანტის მიერ წარმოდგენილია ახალი ხელშეკრულება და/ან ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც შეესაბამება წარმოდგენილი საქონლის მაჩვენებლებს.

    მუხლი 9. მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების საბაჟო  ღირებულების განსაზღვრა

1. მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს გაითვალისწინება მხოლოდ ამ პროგრამის მატარებლების ფასი.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის ცნება „მატარებელი“ არ მოიცავს ინტეგრირებულ სქემებს, ნახევარგამტარებს და იმ მოწყობილობებს ან ნაწილებს, რომლისგანაც შედგება ზემოაღნიშნული სქემები, ნახევარგამტარები ან მოწყობილობები, ხოლო ცნებები „მონაცემები“ და „სასწავლო პროგრამები“ არ მოიცავს აუდიო, კინო და ვიდეო ჩანაწერებს.

    მუხლი 10. უცხოური ვალუტის კონვერტაცია

საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს უცხოური ვალუტა გადაიყვანება საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე საბაჟო დეკლარაციის გაფორმების დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად.

    მუხლი 11. კონფიდენციალური ინფორმაცია

საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით საბაჟო ორგანოებისათვის გადაცემული ინფორმაციის დაცვა და გამოყენება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად.

თავი III

საბაჟო ღირებულების განსაზღვრა იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით

    მუხლი 12. იდენტური საქონლის ცნება

„იდენტური საქონელი“ ამ წესების მიზნებისათვის ნიშნავს საქონელს, რომელიც ყოველმხრივ, ფიზიკური მახასიათებლების, ხარისხისა და რეპუტაციის ჩათვლით, ერთნაირია. უმნიშვნელო გარეგნული განსხვავებები არ უნდა აბრკოლებდეს იმას, რომ საქონელი ითვლებოდეს იდენტურად, თუ სხვა მაჩვენებლებით იგი შეესაბამება მოცემულ განსაზღვრებას.

    მუხლი 13. იდენტური საქონლის ნიშნები

1. საქონელი ჩაითვლება იდენტურად შესაფასებელ საქონელთან მიმართებაში, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი საიდენტიფიკაციო ნიშნები:

ა) ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლები;

ბ) ერთნაირი რეპუტაცია (სავაჭრო ნიშანი);

გ) ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყანა;

დ) ერთი და იგივე მწარმოებელი პირი (ან სხვადასხვა მწარმოებელი პირი, თუ არ მოიპოვება მონაცემები შესაფასებელი საქონლის მწარმოებელი პირის მიერ წარმოებულ იდენტურ საქონელზე).

2. იდენტურ საქონლად არ ჩაითვლება ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში.

    მუხლი 14. იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს აუცილებელი პირობები

იმისათვის, რომ საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მოხდეს ზემოაღნიშნული მეთოდის გამოყენებით, უნდა არსებობდეს შემდეგი აუცილებელი პირობები:

ა) განსასაზღვრელ საბაჟო ღირებულებად უნდა ჩაითვალოს იმ იდენტური საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც საქართველოში იქნა იმპორტირებული და გაყიდული იმავე ან თითქმის იმავე დროს (არაუადრეს 90 დღისა შესაფასებელი საქონლის იმპორტირებიდან), რაც შესაფასებელი საქონელი;

ბ) იდენტური საქონელი უნდა იყიდებოდეს საქართველოში იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორც შესაფასებელი საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი).

    მუხლი 15. კომერციული და რაოდენობრივი დონეების გავლენა საბაჟო ღირებულებაზე

1. თუ იდენტური საქონლის გაყიდვის კომერციული დონე და რაოდენობრივი მაჩვენებლები განსხვავებულია შესაფასებელი საქონლის ანალოგიური მაჩვენებლებისაგან, მაშინ საბაჟო ღირებულების კორექტირება უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენა იქონია ზემოაღნიშნულმა მაჩვენებლებმა იდენტური საქონლის გარიგების ფასზე.

2. საბაჟო ღირებულების დასადგენად გამოიყენება იმ იდენტური საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც გაიყიდა იმავე კომერციულ დონეზე და არსებითად იმავე რაოდენობით, როგორც შესაფასებელი საქონელი. თუ ასეთი გაყიდვა არ განხორციელდა, გამოიყენება იმ იდენტური საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე და/ან სხვა ოდენობით და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით და/ან რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად წარმოსახავენ კორექტირების მიზანშეწონილობას და სიზუსტეს, იმის მიუხედავად, კორექტირება ზრდის ღირებულებას თუ ამცირებს მას.

    მუხლი 16. უმცირესი ღირებულება, როგორც საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველი

თუ გამოვლინდა იდენტური საქონლის მრავალი (ერთზე მეტი) გარიგების ფასი, მაშინ იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, როგორც კორექტირების საფუძველი, გამოყენებული უნდა იქნეს უმცირესი ღირებულება.

    მუხლი 17. იდენტური საქონლის გარიგების ფასის კორექტირება

იდენტური საქონლის გარიგების ფასის კორექტირება ხორციელდება ამ წესების მე-6 მუხლის შესაბამისად.

თავი IV

საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით

    მუხლი 18. მსგავსი საქონლის ცნება

მსგავსი საქონელი ნიშნავს საქონელს, რომელიც თუმცა არ არის ზუსტად ისეთი, როგორიც შესაფასებელი საქონელი, მაგრამ აქვს მსგავსი მახასიათებლები და შემადგენელი მასალები, რომელთა საფუძველზედაც ამ საქონელს შეუძლია შეასრულოს იგივე ფუნქციები და იყოს კომერციული თვალსაზრისით ჩანაცვლებადი.

    მუხლი 19. მსგავსი საქონლის ნიშნები

1. საქონელი ჩაითვლება მსგავსად შესაფასებელ საქონელთან მიმართებაში, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი საიდენტიფიკაციო ნიშნები:

ა) მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები;

ბ) მსგავსი ხარისხი;

გ) მსგავსი რეპუტაცია (სავაჭრო ნიშანი);

დ) ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყანა;

ე) ერთი და იგივე მწარმოებელი პირი (ან სხვადასხვა მწარმოებელი პირი, თუ არ მოიპოვება მონაცემები შესაფასებელი საქონლის მწარმოებელი პირის მიერ წარმოებულ მსგავს საქონელზე).

2. მსგავს საქონლად არ ჩაითვლება ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში.

    მუხლი 20. მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს აუცილებელი პირობები

მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს აუცილებელი პირობები იგივეა, რაც ამ წესების მე-15 მუხლით იდენტური საქონლისათვის განსაზღვრულ შემთხვევაში.

    მუხლი 21. მსგავსი საქონლის გარიგების ფასის კორექტირება

მსგავსი საქონლის გარიგების ფასის კორექტირება ხორციელდება ამ წესების მე-6 მუხლის შესაბამისად.

თავი V

საბაჟო ღირებულების განსაზღვრა საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით

    მუხლი 22. საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველი

შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება ერთეულის ფასის მიხედვით უნდა განისაზღვროს იგივე კლასის ან ტიპის საქონლის (შემდგომში– საბაზო საქონელი) მიწოდების ფასის საფუძველზე.

    მუხლი 23. საბაზო საქონელი

საბაზო საქონელი ძირითადი ფიზიკური მახასიათებლებით უნდა იყოს ერთგვაროვანი შესაფასებელ საქონელთან მიმართებაში. იგი მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს შესაფასებელი საქონლის მახასიათებლებთან და მიეკუთვნებოდეს შესაფასებელი საქონლის სახეობის ვიწრო ჯგუფს, რიგს და ნომენკლატურას. ამასთან, საბაზო საქონლად შეიძლება ჩაითვალოს საქონელი, რომლის შემოტანა ხორციელდება როგორც შესაფასებელი საქონლის ქვეყნიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან.

    მუხლი 24. ერთეულის ფასის მიხედვით საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს აუცილებელი პირობები

ერთეულის ფასის მიხედვით საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს აუცილებელია დაცულ იქნეს შემდეგი პირობები:

ა) საბაზო საქონელი, რომლის ერთეულის ფასიც გამოიყენება შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულების დასადგენად, უნდა იყოს იმპორტირებული (და არა სამამულო);

ბ) საბაზო საქონელი, რომლის საფუძველზეც გაითვლება ერთეულის ფასი, შესაფასებელი საქონლის შემოტანის იმავე ან თითქმის იმავე დროს (არა უადრეს 90 დღისა შესაფასებელი საქონლის იმპორტირებიდან) უნდა მიეყიდებოდეს მყიდველს უდიდესი ერთობლივი ოდენობით, ანუ მაქსიმალურად დიდ პარტიებად;

გ) მყიდველი და გამყიდველი არ უნდა იყვნენ ურთიერთდაკავშირებული პირები იმპორტის შემდგომ პირველ კომერციულ დონეზე, ანუ პირველი მიწოდების დროს;

დ) საბაზო საქონელი უნდა მიეწოდებოდეს უცვლელ მდგომარეობაში, ე.ი. იგივე სასაქონლო სახით (უდიდესი ერთობლივი ოდენობით ურთიერთდაკავშირებულ პირებს შორის), რა სახითაც იგი იქნა იმპორტირებული. შესაძლებელია, საბაზო საქონელი არ მიეწოდებოდეს უცვლელ მდგომარეობაში, რამდენადაც იგი შეიძლება იყოს ადგილობრივი გადამუშავების პროდუქტი. ამ შემთხვევაში, ერთეულის ფასის დადგენის მიზნით, გადამუშავების პროდუქტის ღირებულებას აკლდება ის დამატებული ღირებულება, რომელიც წარმოიშვა გადამუშავების შედეგად.

    მუხლი 25. საქონლის ერთეულის ფასის კორექტირება

საქონლის ერთეულის ფასის კორექტირება ხდება ამ ფასიდან იმ ხარჯების (მოგების) თანხების გამოქვითვით, რაც გაწეულია (მიღებულია) ამ საქონლის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდან იმპორტირებასა და მიწოდებასთან დაკავშირებით. ეს თანხებია:

ა) საკომისიო გადასახადები, მოგება და საერთო ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის რეალიზაციასთან;

ბ) სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის საქართველოში გადაადგილებასთან და შესაძლო დაზღვევასთან;

გ) საფინანსო შეთანხმების საპროცენტო განაკვეთი, თუ იგი გამოყოფილია ინვოისში განცალკევებულად;

დ) მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლებში არსებული ინფორმაციის ფასი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო გადასახდელები, სხვა გადასახადები და მოსაკრებლები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის იმპორტირებასთან ან მიწოდებასთან.

თავი VI

საბაჟო ღირებულების განსაზღვრა შედგენილი ღირებულების მიხედვით

    მუხლი 26. შედგენილი ღირებულების მიხედვით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველი

შედგენილი ღირებულების მიხედვით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ხორციელდება აღნიშნული საქონლის წარმოებასა და ექსპორტირებაზე გაწეული ხარჯებისა და მოგების შეჯამების გზით.

    მუხლი 27. საქონლის შედგენილი ღირებულების ელემენტები

შედგენილი ღირებულების გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი მონაცემების შეჯამებით:

ა) იმპორტირებული საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მასალების, დამზადებისა თუ დამუშავების ღირებულება;

ბ) მოგებისა და საერთო ხარჯების რაოდენობა, რომელსაც ადგილი აქვს ექსპორტიორ ქვეყანაში მწარმოებლის მიერ იმავე კატეგორიის და კლასის საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვისას;

გ) საკომისიო და საბროკერო ხარჯები, გარდა შესყიდვაზე გაწეული საკომისიო ხარჯებისა;

დ) იმ კონტეინერების ღირებულება, რომლებიც საბაჟო მიზნებისათვის განიხილება შესაფასებელ საქონელთან ერთობლიობაში;

ე) შეფუთვის ღირებულება, გაწეული შრომისა და შესაფუთი მასალების ჩათვლით;

ვ) იმპორტირებული საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (საწყობში შენახვის) ხარჯები საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე;

ზ) დაზღვევის ღირებულება;

თ) საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-დიზაინერული საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, გეგმები და ესკიზები, რომლებიც საჭიროა იმპორტირებული საქონლის წარმოებისათვის;

ი) შესაფასებელ საქონელთან დაკავშირებული საავტორო ჰონორარი ან სალიცენზიო გადასახდელები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა გადაიხადოს მყიდველმა, როგორც შესაფასებელი საქონლის გაყიდვის პირობა, ისე, რომ ეს გადასახდელები არ ჩათვლილა გადახდილ ან გადასახდელ ფასში;

კ) იმპორტირებული საქონლის ნებისმიერი შემდგომი მნიშვნელოვანი გაყიდვის, განკარგვის ან გამოყენების შედეგად მიღებული მოგების ნაწილის ღირებულება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის გამყიდველს.

    მუხლი 28. შედგენილი ღირებულების მიხედვით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის პირობები

1. შედგენილი ღირებულების მიხედვით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მწარმოებელი საქართველოს საბაჟო ორგანოს წარუდგენს საჭირო ინფორმაციას ამ საქონლის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ და შემდგომში, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის დადასტურებას.

2. საბაჟო ორგანოს არ შეუძლია, იმ პირს, რომელიც არ არის საქართველოს რეზიდენტი, შედგენილი ღირებულების დადგენის მიზნით მოსთხოვოს ან აიძულოს, რომ მან შესამოწმებლად წარმოადგინოს ნებისმიერი ანგარიში ან სხვა ჩანაწერი, ან მისი რომელიმე ანგარიში ხელმისაწვდომი გახადოს საბაჟოსათვის, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია საქონლის მწარმოებლის მიერ საბაჟო ღირებულების დასადგენად, შეიძლება საბაჟო ორგანოების მიერ შემოწმებულ იქნეს სხვა ქვეყანაში მწარმოებელთან შეთანხმებით.

თავი VII

საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სარეზერვო მეთოდი

    მუხლი 29. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სარეზერვო მეთოდის  გამოყენება

თუ ვერ ხერხდება იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ წესებით განსაზღვრული პირველი – მეხუთე მეთოდების მიხედვით, საბაჟო ღირებულება განისაზღვრება მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენების გზით, რომლებიც შეესაბამება „ტარიფებსა და ვაჭრობაზე 1994 წლის გენერალური შეთანხმების VII მუხლის განხორციელების შესახებ შეთანხმება“-ს, აგრეთვე საქართველოში არსებული მონაცემების საფუძველზე.

    მუხლი 30. საქონელთა ფასების სისტემა

1. სარეზერვო მეთოდის გამოყენება ეფუძნება საქონელთა ფასების შესახებ მონაცემთა სისტემას. თითოეული ფასი მკაცრად უნდა იყოს ადრესირებული კონკრეტული საქონლისადმი, რაც იძლევა მოცემული საქონლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. საქონლის იდენტიფიცირება მოიცავს საქონლის დასახელებას (სესსნ-ის მიხედვით), ტექნიკურ პარამეტრებს, მწარმოებელი ფირმის მონაცემებს, საქონლის წარმოშობის ქვეყანას და საქონლის ექსპორტიორ ქვეყანას.

2. სარეზერვო მეთოდის დროს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად არ გამოიყენება:

ა) საქართველოში წარმოშობილი საქონლის შიდა გასაყიდი ფასი;

ბ) სხვა ქვეყნებში საექსპორტოდ გასატანი საქონლის ფასი;

გ) საქონლის ფასი ექსპორტიორი ქვეყნის შიდა ბაზარზე;

დ) საქონლის ორ ღირებულებას შორის უდიდესი ღირებულების მიღების პრინციპი;

ე) საქონლის თვითნებურად შერჩეული ან ფიქტიური ღირებულებები;

ვ) საქონლის მინიმალური საბაჟო ღირებულებები;

ზ) წარმოების ხარჯები, გარდა ამ წესების 27-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული შედგენილი ღირებულებისა.

    მუხლი 31. სარეზერვო მეთოდის გამოყენების პირობები

1. ამ მეთოდის მიზნებისათვის შეფასების მეთოდებად გამოიყენება პირველი _ მეხუთე მეთოდების დებულებები, მაგრამ მათი მისაღები მოქნილობა უნდა შეესაბამებოდეს ამ მეთოდის მიზნებსა და დებულებებს.

2. შეფასების მეთოდების მოქნილობა გულისხმობს წინა მეთოდების ლიბერალურად გამოყენებას, რაც შემდეგში მდგომარეობს:

ა) გარიგების ფასის მიხედვით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის გამოყენება: თუ არ არსებობს დეკლარანტის მიერ გაცხადებული საბაჟო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტები, მაშინ შესაძლებელია მოცემული საქონლის შეფასება მოხდეს იმ კონკრეტული ფასების შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომელიც გააჩნია დეკლარანტს ან საბაჟო ორგანოს. ამავე დროს თუ რაიმე ხარჯის დოკუმენტალური დადასტურება არ ხდება, მაშინ იგი შეიძლება გაანგარიშებულ იქნეს საექსპერტო შეფასებით;

ბ) იდენტური და/ან მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის გამოყენება: ამ შემთხვევაში მოქნილობა გულისხმობს იდენტური ან მსგავსი საქონლის შემოტანის ვადების თავისუფალ ინტერპრეტაციას. ამასთან, იდენტური ან მსგავსი საქონელი შეიძლება წარმოებულ იყოს სხვა ქვეყანაში და სხვა მწარმოებლების მიერ, ვიდრე ეს ხდება შესაფასებელი საქონლის დროს;

გ) საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით და შედგენილი ღირებულების მიხედვით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის გამოყენება: ამ შემთხვევაში მოქნილობა გულისხმობს საბაზო საქონლის უცვლელ მდგომარეობაში მიწოდების თაობაზე მოთხოვნისა და შიდა ბაზარზე გაყიდვის ვადების თავისუფალ ინტერპრეტაციას, აგრეთვე შემოტანილი საქონლის შესაძლო გადამუშავების დაშვებას განსაკუთრებული პირობების გარეშე. იდენტური ან მსგავსი საქონლის არარსებობისას შეიძლება გამოყენებულ იქნას იმავე კლასისა და ტიპის საქონელი, რომელიც შეტანილია სხვა ქვეყნებიდანაც. აგრეთვე არ გაითვალისწინება მყიდველსა და გამყიდველს შორის ურთიერთდაკავშირებულობის ფაქტი, თუკი ასეთი არსებობს.

თავი VIII

საბაჟო ღირებულების განსაზღვრა სხვადასხვა საბაჟო რეჟიმების დროს

    მუხლი 32. საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ექსპორტის საბაჟო რეჟიმის დროს

ექსპორტის საბაჟო რეჟიმით გასატანი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ წესების 27-ე მუხლით გათვალისწინებული შედგენილი ღირებულების გაანგარიშების პრინციპების შესაბამისად.

    მუხლი 33. საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის დროს

ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის დროს საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საქონლის საკონტრაქტო ღირებულების შესაბამისად.

    მუხლი 34. საბაჟო ღირებულების განსაზღვრა საქონლის დროებითი შემოტანა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმის დროს

საქონლის დროებითი შემოტანა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმის დროს გამოიყენება გარიგების ფასის მიხედვით საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდი.

    მუხლი 35. საბაჟო ღირებულების განსაზღვრა რეიმპორტის საბაჟო რეჟიმის დროს

რეიმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ საქონლის ექსპორტის დროს განსაზღვრული საბაჟო ღირებულებისა და იმპორტის დროს გაწეული ხარჯების გათვალისწინებით.

    მუხლი 36. საბაჟო ღირებულების განსაზღვრა რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის დროს

რეექსპორტის საბაჟო რეჟიმით გასატანი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ საქონლის იმპორტის საბაჟო ღირებულების მიხედვით.

    მუხლი 37. საბაჟო ღირებულების განსაზღვრა საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავების საბაჟო რეჟიმით გატანილი საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების საქართველოში შემოტანის დროს

საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავების რეჟიმით გატანილი საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს მათ საბაჟო ღირებულებას აკლდება გადასამუშავებლად გატანილი და დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება.

    მუხლი 38. სხვა საბაჟო რეჟიმებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა

ამ წესების 32-37 მუხლებით გათვალისწინებულის გარდა სხვა საბაჟო რეჟიმებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის ამ წესებით დადგენილი მეთოდების შესაბამისად.

თავი IX

საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სამართლებრივი ასპექტები

    მუხლი 39. დეკლარანტის უფლებები საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს

დეკლარანტს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსათვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მიიღოს წერილობითი განმარტება მის მიერ დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე.

    მუხლი 40. საბაჟო ორგანოს უფლებები საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს

1. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, ეჭვი შეიტანოს დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი საბაჟო ღირებულების სისწორეში. აღნიშნული უფლების რაიმე მექანიზმით შეზღუდვა დაუშვებელია.

2. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საბაჟო ორგანომ უნდა აცნობოს (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) დეკლარანტს საკუთარი საფუძვლიანი ეჭვებისა და მოსაზრებების შესახებ, რომელიც მას გაუჩნდა წარმოდგენილი დოკუმენტების მიმართ.

3. საბაჟო ღირებულების სისწორეში ეჭვის შეტანის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად მოსთხოვოს დეკლარანტს დამატებითი მტკიცებულებებისა და დოკუმენტების წარმოდგენა მის მიერ დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების უტყუარობის დასამტკიცებლად.

4. საბაჟო ღირებულების დადგენის (კორექტირების) თაობაზე საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს.

5. საბოლოო გადაწყვეტილება, მოთხოვნის შემთხვევაში, წერილობითი ფორმით ეცნობება დეკლარანტს.

    მუხლი 41. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების გადავადება

1. როდესაც იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას საჭირო ხდება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გადავადება, დეკლარანტს ეძლევა საქონლის საბაჟოდან გატანის საშუალება, თუ იგი წარმოადგენს საკმარის გარანტიას, თავდებობის, დეპოზიტის ან სხვა ნებისმიერი ფორმით, რომელიც მოიცავს საქონლის მაქსიმალური ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების თანხას.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული საგარანტიო უზრუნველყოფით საქონლის გატანის მოთხოვნის თაობაზე დეკლარანტი წერილობით მიმართავს იმ საბაჟო ორგანოს, სადაც წარმოებს ამ საქონლის საბაჟო გაფორმება.

3. საქონლის მაქსიმალურ საბაჟო ღირებულებას სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საბაჟო ორგანო.

4. თუ დეკლარანტი საქართველოს საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლით განსაზღვრულ ვადებში ვერ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან/და წარმოდგენილ მტკიცებულებებს საბაჟო ორგანო არ ჩათვლის საფუძვლიანად, მაშინ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო თანხები ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანოს მიერ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს.

    მუხლი 42. გასაჩივრება

საბაჟო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 43. „ტარიფებსა და ვაჭრობაზე 1994 წლის გენერალური შეთანხმების VII მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმების დანართების გამოყენება

„ტარიფებსა და ვაჭრობაზე 1994 წლის გენერალური შეთანხმების VII მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმების პირველი დანართის შენიშვნები წარმოადგენს ამ წესების განუყოფელ ნაწილს და ამ წესების მუხლები წაკითხულ და გამოყენებულ უნდა იქნეს შესაბამის განმარტებებთან ერთად. შეთანხმების მე-2 და მე-3 დანართები ასევე წარმოადგენენ ამ წესების განუყოფელ ნაწილებს.