საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010140010.10.003.017223
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
59
15/03/2013
ვებგვერდი, 21/03/2013
010140010.10.003.017223
საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/03/2013 - 05/09/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №59

2013 წლის 15 მარტი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა და საქმი­ან­ო­ბის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე” ქვეპუ­ნქ­ტის შესა­ბამისად, დამტკიცდეს საქართველოს მიგრაციის თანდართული სტრა­ტეგია.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



საქართველოს მიგრაციის სტრატეგია

2013-2015 წწ.


1. შესავალი

 მიგრაცია გლობალური ფენომენია და თანამედროვეობის გამოწვევას წარმოადგენს. იგი გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ასევე, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, მიგრაციული პროცესების მართვა არის ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი.

 საქართველო მიგრაციული პროცესების განვითარების კუთხით წარმოადგენს, როგორც წარმოშობის, ასევე დანიშნულებისა და სატრანზიტო მნიშვნელობის ქვეყანას. ბოლო წლებში, საფუძველი ჩაეყარა ისეთ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ რეფორმებს (ეკონომიკა, განათლება, პოლიცია, ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან, ზრუნვა ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე და სხვ.), რამაც შედარებით სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური პირობები შექმნა ქვეყანაში. შესაბამისად, 2006-2008 წლების უარყოფითი მაჩვენებლის შემდეგ, 2009-2011 წლებში წმინდა მიგრაციის მაჩვენებელი გახდა დადებითი. გარდა ამისა, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა იმიგრანტთა უფლებების დაცვის კუთხით, კერძოდ, შრომითი მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებისას, გამოყენებულია მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფორმატი.

 ზემოაღნიშნულის გარდა, სათანადოდ შექმნილი ინსტიტუტებისა და მექანიზმების მეშვეობით, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა არალეგალური მიგრაციის პრევენციის საქმეში. თანამედროვე ინფრასტრუქტურის დანერგვის შედეგად მოხდა საზღვრის ეფექტიანი მართვის გაუმჯობესება, ასევე შემოღებული იქნა დაცული პირადობის დამადასტურებელი და სამგზავრო დოკუმენტები (მეორე თაობის ბიომეტრული პასპორტი და დაცული ელექტრონული პირადობის მოწმობა), შემუშავდა და დაინერგა ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემა. საქართველო შევიდა ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე წარმატებული 32 ქვეყნის რიცხვში1. ამასთან, ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, ვითარდება თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და სხვა ქვეყნებთან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზოგადოების ინფორმირებას იმ საფრთხეებისა და რისკების შესახებ, რაც თან ახლავს არალეგალურ მიგრაციას.

 ნიშანდობლივია, რომ დღეისათვის მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად, სახელმწიფო იყენებს ლიბერალურ სავიზო პოლიტიკას. თუმცა, გასათვალისწინებელია ის შესაძლო გამოწვევებიც, რომლებიც თან ახლავს მიგრანტების რიცხვის ზრდას. საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ამ პროცესს, რათა იგი სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის სასარგებლო ფაქტორად იქცეს და ამავდროულად, აცილებულ იქნეს უკონტროლო მიგრაციის უარყოფითი შედეგები.

 სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს ის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა განვითარება გაზრდის დასაქმების შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის პრევენციას. მსგავსი მიმართულებები, როგორებიცაა რეგიონული განვითარების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა უკვე ასახულია სახელმწიფოს სხვადასხვა სტრატეგიებსა და კონკრეტულ უწყებათა სამოქმედო გეგმებში.

 საქართველოს მთავრობის მიზანია, წარმართოს მიგრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცესი საქართველოს მოქალაქეების ინტერესის შესაბამისად და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესების დაცვით. სტრატეგიის ამოცანები განხორციელდება საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ასევე, გათვალისწინებული იქნება არსებული გენდერული პოლიტიკა და უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური სფეროს წარმომადგენელთა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა. ღონისძიებები მიმართული იქნება, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან შემდგომი დაახლოებისაკენ. განხორციელდება ღონისძიებები მობილურობის წახალისებისათვის, ცირკულარული მიგრაციისა, თუ სხვა მექანიზმების მეშვეობით. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა მიგრაციის დადებითი ეფექტის გამოყენებას ქვეყნის განვითარებისთვის. მოხდება საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. სტრატეგიის ფარგლებში, გაგრძელდება ეფექტიანი ღონისძიებები არალეგალურ მიგრაციასთან და ტრეფიკინგთან ბრძოლის თვალსაზრისით. დამატებითი ღონისძიებები დაიგეგმება თავშესაფრისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სისტემის განვითარების, დახვეწისა და ლტოლვილთა ინტეგრაციისათვის.

 მიგრაციის პროცესების მართვის ეფექტიანობისთვის, აუცილებელია ინსტი–ტუციური მექანიზმის განვითარება, რაც გულისხმობს შესაბამისი პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების შიგნით ქმედუნარიანი ინსტიტუტების შექმნას უფლებამოსილებებისდა მიხედვით, რომლებიც, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან კოორდინაციით, პასუხისმგებელნი იქნებიან საქართველოში მიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაზე, მიგრაციული პროცესების მართვასა და რეგულირებაზე და „საქართველოს მიგრაციის სტრატეგიით“ გათვალისწინებული საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებასა და სტრატეგიაში მითითებული მიგრაციის ფუნქციების განხორციელებაზე.

2. სტრატეგიის მიზანი და პრინციპები

2.1 მიგრაციის სტრატეგიის მიზანი:

 მიგრაციის სტრატეგიის მიზანია, მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არალეგალურ მიგრაციასა და ტრეფიკინგთან ბრძოლას, მიგრანტთა უფლებებისა და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფას და მიგრაციის დადებითი ეფექტის გამოყენებას ქვეყნის განვითარებისათვის. წინამდებარე სტრატეგიის მიზანია, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, განისაზღვროს სახელმწიფო პოლიტიკა მიგრაციის სფეროში. ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს არალეგალურ მიგრაციასთან და ტრეფიკინგთან ბრძოლას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა დაცვას, მიგრაციის პროცესების მართვას საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას მიგრაციის სფეროში.

 დოკუმენტით გათვალისწინებული ამოცანები ხელს შეუწყობს მიგრაციული პროცესების წარმართვას ქვეყნის განვითარებისთვის, მიგრანტთა უფლებებისა და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფას. სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება მიგრანტთა უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა გათვალისწინებით.

2.2. სტრატეგია ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:

· სახელმწიფოს წამყვანი როლი მიგრაციული პროცესების მართვაში;

· კანონის უზენაესობა;

· ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა განსაკუთრებული აქცენტით არაიძულებითი დაბრუნების ვალდებულებაზე, რაც გამომდინარეობს ლტოლვილთა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან;

· ნულოვანი ტოლერანტობა ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგისა და მიგრანტთა სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის მიმართ;

· თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე, მათ შორის ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო ინსტრუმენტებისადმი მიერთებასთან დადებითი მიდგომა, რამაც შეუძლია ხელი შეუწყოს მიგრაციის სახელმწიფო სისტემის მართვას;

· გამჭვირვალობა;

· დისკრიმინაციის დაუშვებლობა რასობრივი, ეროვნული, ენობრივი, რელიგიური, გენდერული, ეთნიკური, პოლიტიკური, სოციალური ან სხვა რაიმე ნიშნით;

· საერთაშორისო ხელშეკრულებების ჯეროვანი შესრულება;

· თანამშრომლობა საერთაშორისო რეგიონულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

· რასიზმთან და ქსენოფობიასთან ბრძოლა;

· საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტების განხორციელების ხელშეწყობა.

3. ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ჩარჩო, საერთაშორისო ინსტრუმენტები

3.1 სტრატეგიის დამტკიცებისას მიგრაციის მართვაში მონაწილე ძირითადი ინსტიტუტების აღწერა

საქართველოს პრეზიდენტი

 საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეობისა და თავშესაფრის მინიჭების საკითხებზე. გარდა ამისა, პრეზიდენტი განსაზღვრავს საქართველოში ვიზების გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების შეჩერების პროცედურებსა და უცხოელთა ბინადრობის საკითხებს.

იუსტიციის სამინისტრო/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (სსგს)

 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად პასუხისმგებელია საქართველოს ტერიტორიაზე იმიგრანტთათვის ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების გაცემაზე, ისევე როგორც მოქალაქეობის არმქონე პირებისა და ლტოლვილების სამგზავრო დოკუმენტებით უზრუნველყოფაზე. გარდა ამ კატეგორიებისა, სსგს-ს ფუნქციებში შედის საქართველოს მოქალაქეთათვის სამგზავრო დოკუმენტების გაცემა, ერთიანი რეესტრის წარმოება და შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციებისთვის სათანადო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მხოლოდ მათი ინფორმაციაზე წვდომის დონისა და საჭიროების შესაბამისად. ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ამზადებს დასკვნებს საქართველოს მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო პასუხისმგებელია სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს, ლტოლვილებს, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს, თავშესაფრის მაძიებლებს, რეპატრირებულ პირებს, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულებსა და საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულებს. სამინისტრო განიხილავს განცხადებებს თავშესაფრის შესახებ, არეგისტრირებს თავშესაფრის მაძიებელ პირებს, ანიჭებს ლტოლვილის და ჰუმანიტარულ სტატუსებს, უზრუნველყოფს დროებით საცხოვრებელს თავშესაფრის მაძიებელთათვის და ხელს უწყობს ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის პროცესს. კოორდინაციას უწევს ლტოლვილთა და ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა ინტეგრაციას საზოგადოებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს)/ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და სასაზღვრო პოლიცია

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ჩართულნი არიან მიგრაციის მართვაში. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტრო სახელმწიფო საზღვარზე უზრუნველყოფს ლეგალური გადაადგილების კონტროლს, ხელშეწყობასა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე კონტროლის წარმოება, რომელიც მოიცავს საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სამგზავრო დოკუმენტების შემოწმებას, ვიზების გაცემის უზრუნველოყოფასა და სამართლებრივი რეჟიმის დაცვას. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ასევე წარმოადგენს კომპეტენტურ ორგანოს რეადმისიის ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცედურულ და ორგანიზაციულ საკითხებში. სასაზღვრო პოლიცია პასუხისმგებელია აწარმოოს მიგრაციასთან დაკავშირებული სამართალდამცავი საქმიანობა, როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო საზღვარზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია თავიდან აიცილოს და აღმოფხვრას ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაული, არალეგალური მიგრაცია და ადამიანით ვაჭრობა, მოახდინოს კონტრაბანდის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობების დაკავება, აღკვეთოს ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების ბრუნვა და განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო წარმომადგენლობების მეშვეობით ახორციელებს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვას, გასცემს საქართველოში დასაბრუნებელ მოწმობებს და ვიზებს. აქტიურად არის ჩართული რეადმისიისა და ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების ხელშეკრულებების განხორციელების პროცესში, ერთობლივი კომიტეტების შეხვედრებში მონაწილეობის კუთხით. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ხელს უწყობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას, როგორც საქართველოში ნებაყოფლობითი დაბრუნების, ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მხარდამჭერი პროგრამების შესახებ. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებენ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემას და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადაგზავნის მიზნით იღებენ საქართველოს მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებულ განცხადებებს.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი კოორდინაციას უწევს საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელებას, მათ შორის თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სამართლის საკითხებს; ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობისა და მასთან დაკავშირებულ მიგრაციის საკითხებს. ასევე, კოორდინაციას უწევს ევროკავშირის „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

 დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ხელს უწყობს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს სამშობლოსთან კავშირისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში, ხოლო მათი დაბრუნების შემთხვევაში ამზადებს წინაპირობას აღნიშნული პირების საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციისათვის. სახელმწიფო მინისტრის აპარატი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

· უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და ერთიან ბაზაში განთავსებას;

· საზღვარგარეთ არსებული ქართული საგანმანათლებლო კერებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის გაცნობასა და გაზიარებას. ამავე დროს მათი საქართველოს განათლების სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანას;

· საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ქართული კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას;

· საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და გაძლიერებას „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემოღებული თანამემამულის მოწმობის საშუალებით;

· დაინტერესებული მხარეებისათვის ინფორმაციის წარდგენას ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია

 საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, რომლის კომპეტენციაში შედის მიგრაციის ეროვნული სტრატეგიის ფორმულირება, მიგრაციის მართვის გაუმჯობესება და წინადადებების შემუშავება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. კომისია უფლებამოსილია, მთავრობისთვის მოამზადოს წინადადებები მიგრაციის მართვასთან და ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, ისევე როგორც რეკომენდაციები საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ. ფუნქციების განხორციელებისას, კომისიას შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია, როგორც საქართველოში არსებული უწყებებიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სხვა ქვეყნის სტრუქტურებიდან, და შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები.

3.2 ეროვნული კანონმდებლობა

ძირითადი კანონმდებლობის მიმოხილვა

 საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით: „ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება”, ასევე „შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან”.2

 კონსტიტუცია ასევე მიუთითებს, რომ „საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა“.3 ამასთან, „შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე, სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ”4. ამ დებულების მიზანია ტრეფიკინგის, მონობისა და ექსპლუატაციის პრევენცია.

საქართველოს ორგანული კანონი „ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“

 ეს კანონი არეგულირებს მოქალაქეობის მიღების, მინიჭებისა და დაკარგვის წესებს.

საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს უცხოელთათვის საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტისა და საქართველოდან გასვლის შესახებ, ასევე დეპორტაციის წესებს, ფორმებსა და პროცესში მონაწილე ინსტიტუტების კომპეტენციებს.

საქართველოს კანონი „ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“

 ეს კანონი არეგულირებს ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსების მინიჭების წესს და ადგენს ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის საკითხებთან დაკავშირებულ კომპეტენტურ ორგანოს.

საქართველოს კანონი „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“

 ეს კანონი ადგენს საქართველოს საზღვრის პოლიტიკას, განსაზღვრავს სახელმწიფოს სახმელეთო საზღვარს, შიდა და ტერიტორიულ წყლებს, საჰაერო სივრცეს, განსაკუთრებულ ტერიტორიულ ზონებსა და ტერიტორიულ შელფს. კანონი, ასევე არეგულირებს საზღვრის გადაკვეთის წესებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვრცელდება ადამიანით ვაჭრობაზე (ტრეფიკინგი), მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანასა და საზღვრის უკანონო კვეთაზე.

საქართველოს კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

 „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ტრეფიკინგის მსხვერპლთა სამართლებრივ სტატუსს და უზრუნველყოფს მათი დაცვის სამართლებრივ და სოციალურ გარანტიებს. 

3.3 საერთაშორისო თანამშრომლობა

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები

 საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“, რომელსაც ხელი 1996 წელს მოეწერა და ძალაში 1999 წელს შევიდა. ხელშეკრულება არეგულირებს ურთიერთობებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა პოლიტიკური დიალოგი, ვაჭრობა, ინვესტიციები, ეკონომიკა, კანონმდებლობა და კულტურა.

 2003 წელს შემუშავდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთდაახლოების პროცესის მხარდაჭერას.

 საქართველოზე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა გავრცელდა 2004 წლიდან, ხოლო 2006 წლის 14 ნოემბერს ხელი მოეწერა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმას, რომელშიც ასახულია თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნები და პრიორიტეტები, მათ შორის სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხები. საქართველო წარმატებით ახორციელებს ზემოხსენებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ რეფორმებს.

 2007 წლის ნოემბერში შეიქმნა სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტი.

 2009 წლის 7 მაისს, ქ. პრაღაში გამართულ სამიტზე საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივას და ხელი მოეწერა შესაბამის ერთობლივ დეკლარაციას. „აღმოსავლეთ პარტნიორობა” არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და მისი ევროპელი მეზობელი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა, რომლის მიზანია ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება და უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაცია, ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება და ხალხთა შორის კონტაქტების განვითარება.

 ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მოიცავს თანამშრომლობის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებს. თანამშრომლობის მრავალმხრივი ფორმატი მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების დამატებით შესაძლებლობებს იძლევა. საქართველო ახორციელებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ორმხრივ და მრავალმხრივ საგზაო რუკებს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად წარმოდგენილია რეფორმები მიგრაციასთან დაკავშირებულ სფეროებში.

 2009 წლის ნოემბერში, ევროკავშირის 16 სახელმწიფომ და საქართველომ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ევროკავშირის „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ. „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ინიციატივა მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ერთობლივ ბრძოლასა და ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობას. შესაბამისად, იგი ითვალისწინებს თანამშრომლობას მიგრაციასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა შრომითი მიგრაცია, რეადმისია, რეინტეგრაცია, დიასპორა, დოკუმენტების უსაფრთხოება, შრომის ბაზარი და პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების საკითხები. „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის განვითარება ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებას, მათ შორის ე.წ. „ცირკულარული მიგრაციის“ საშუალებით.

 საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ცირკულარული მიგრაციის შესაძლებლობების გამოყენების მიზნით ორმხრივი ხელშეკრულებითი ურთიერთობების განვითარება. ცირკულარული მიგრაცია იძლევა ერთი მხრივ, ქვეყნიდან ინტელექტუალური რესურსის გადინებისა და მეორე მხრივ, მათი ადგილზე არაეფექტიანად გამოყენების თავიდან არიდების შესაძლებლობას. ამასთან, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის განვითარება ევროკავშირის 2011 წლის ინიციატივის - „გლობალური მიდგომა მიგრაციისა და მობილურობის შესახებ“ ფარგლებში (Global Approach to Migration and Mobility) შემდეგი მიმართულებებით: ლეგალური მიგრაციის მართვის გაუმჯობესება და მობილურობის ხელშეწყობა, არალეგალური მიგრაციის პრევენცია და შემცირება, მიგრაციისა და განვითარების ურთიერთკავშირის გაძლიერება.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელშეკრულება უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ

 ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის ხელშეკრულება მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ რა პროცედურების დაცვით უნდა მოხდეს ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ მცხოვრები პირების სამშობლოში რეადმისია. ხელშეკრულება ეფუძნება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში ასახულ პრინციპებს.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებები

 2011 წლის 1 მარტიდან ძალაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებები. სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიებს უმარტივებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ვიზის მიღებას, ამცირებს ან აუქმებს ვიზის საფასურს, ასევე აწესებს უვიზო მიმოსვლას დიპლომატებისათვის. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაცია.

 2012 წლის ივნისში ევროკავშირმა და საქართველომ დაიწყეს თანამშრომლობა ე.წ. „სავიზო დიალოგის“ ფარგლებში, რომლის საბოლოო მიზანია სავიზო პროცედურების ლიბერალიზაცია და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. „სავიზო დიალოგის“ ფარგლებში საქართველო განახორციელებს ორ ეტაპიან სამოქმედო გეგმას, რომელიც ძირითადად მიმოსვლის უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.

საქართველოს სავიზო რეჟიმი

 საქართველოს კანონი  ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ განსაზღვრავს იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქენიც თავისუფალნი არიან საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში სავიზო ვალდებულებისაგან (მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი).

4. მიგრაციის სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები

4.1. ლეგალური მიგრაცია

 ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის ერთ–ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს, როგორც ლეგალური ემიგრაციის, ასევე იმიგრაციის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას (მოსახლეობის ინფორმირება, როგორც ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების, ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკების შესახებ). აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის პრევენციას.

4.1.1. საქართველოს მოქალაქეების დახმარება ლეგალური ემიგრაციის მიმართულებით

 ლეგალური ემიგრაციისათვის შესაბამისი მექანიზმების განვითარება, მნიშვნელოვანია როგორც გადაადგილების ლეგალური შესაძლებლობების შექმნის, ასევე არალეგალური ემიგრაციის პრევენციის თვალსაზრისით. ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფომ გადადგა ლეგალური ემიგრაციის ხელშემწყობი ქმედითი ნაბიჯები. დაინერგა და განვითარდა საზღვრის ინტეგრირებული მართვა, 2010 წლიდან საქართველომ დაიწყო უსაფრთხო, დაცული ბიომეტრული პასპორტების გაცემა, რამაც აამაღლა საზღვარგარეთ შესაბამისი სტრუქტურების ნდობა საქართველოს უწყებების მიერ გაცემული დოკუმენტების მიმართ. ლეგალური ემიგრაციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობა მიმართავს ძალისხმევას სამი ძირითადი მიმართულებით: საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების განვითარება, საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა, მოსახლეობის ინფორმირება ლეგალური ემიგრაციის შესაძლებლობების შესახებ.

4.1.1.1 საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმება

 საქართველოს მთავრობის მიზანია განავითაროს სამართლებრივი ჩარჩო/მექანიზმები ლეგალური, დროებითი, შრომითი ემიგრაციის დადებითი ეფექტის უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო არ გეგმავს უშუალოდ ჩაერიოს საზღვარგარეთ დასაქმების სურვილის მქონე პირთა შერჩევის პროცესში, ის ქმნის შესაბამის წესებსა და პირობებს, რითაც უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალედ, სამართლიანად და შეუფერხებლად მიმდინარეობას.

 ლეგალური დასაქმების ხელშეწყობით, სახელმწიფო ქმნის ნიადაგს, რათა შრომითი მიგრანტების უფლებები და მათი სოციალური უსაფრთხოება სათანადოდ იყოს დაცული.

 ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, მნიშვნელოვანია კონკრეტულ ქვეყნებთან ცირკულარული მიგრაციის ხელშეკრულებების გაფორმება და მათი ეფექტიანი განხორციელებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო და ორგანიზაციული ზომების გატარება. ასევე, დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების განვითარება.

 მსგავსი ხელშეკრულებების ხელმოწერა და შესაძლებლობების გამორკვევა უზრუნველყოფს შრომით ბაზარზე სამუშაო ძალის უნარების განვითარებასა და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებას.

 საქართველოში დაბრუნებისას საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილებისგან სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მთავრობა განავითარებს მექანიზმებს, რათა ხელი შეუწყოს დაბრუნებულთა ინტეგრაციას ადგილობრივ შრომით ბაზარზე შესაბამის დოკუმენტებში ასახული სახელმწიფო პრიორიტეტების თანახმად.

4.1.1.2 საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა

 ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნების ცოდნის, გამოცდილებისა და კულტურული ღირებულებების გაზიარება. ამ მიზნით, სახელმწიფო პრიორიტეტულად მიიჩნევს საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ სწავლისა და გამოცდილების შეძენის ხელშეწყობას. 

 აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მნიშვნელოვანია გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ერთობლივი პროგრამების შექმნის ხელშეწყობას. ასევე, ხელი შეეწყობა ისეთი სასტიპენდიო პროგრამების განვითარებას და გავრცობა/გაფართოვებას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს საშულებას მისცემს საზღვარგარეთ შეიძინონ ან გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება.

 საგანმანათლებლო პროგრამები განისაზღვრება ისე, რომ შეავსოს საქართველოს შრომით ბაზარზე არსებული კვალიფიკაციისა და უნარების ნაკლოვანებები, რაც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მსგავსი პროგრამების მონაწილეთა ეფექტიან დასაქმებას დაბრუნების შემდეგ.

4.1.1.3 დიასპორის ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში

 ლეგალური ემიგრაციის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნული დადებით გავლენას ახდენს ადამიანთა გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფაზე და წარმოადგენს თვითრეალიზაციისა და განვითარების ერთ-ერთ საშუალებას. შესაბამისად დიასპორის ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში არის ძალზედ მნიშნელოვანი. მათი ჩართულობის მხარდასაჭერად მოხდება რიგი ღონისძიებების გატარება შემდეგი მიმართულებებით: დიასპორის ინტელექტუალური რესურსის გამოყენება ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით, მათი მხრიდან ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის დაწყების საკითხებში ცნობიერების ამაღლებით, ფულადი გზავნილების ეფექტიანად გამოყენებისთვის საინფორმაციო კამპანიის წარმოებით.

4.1.1.4 მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება

 მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება მნიშვნელოვანია, როგორც ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის, ასევე არალეგალური ემიგრაციის პრევენციისათვის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მთავრობა უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას ლეგალური ემიგრაციის შესაძლებლობების, მოქმედი ზოგადი წესებისა და პროცედურების, ასევე არალეგალური ემიგრაციის შესაძლო საფრთხეების შესახებ. აღნიშნული უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ცალკეული პროექტებით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებით გათვალისწინებული საინფორმაციო კამპანიების კოორდინირების გზით.

4.1.2 ლეგალური იმიგრაციის ხელშეწყობა

 საქართველოში არსებული ლიბერალური სავიზო პოლიტიკა, დღეის მდგომარეობით დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაზე. თუმცა, საქართველოს მთავრობა ხედავს, რა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ შესაძლო გამოწვევებს, ცვლილებებზე ადეკვატური რეაგირებისათვის გეგმავს გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

4.1.2.1 მიგრაციის მონაცემთა ერთიანი სისტემის შექმნა

 მიგრაციის პროცესების მართვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად მნიშნელოვანია მონაცემთა შეგროვება მიგრანტთა სტატუსის შესახებ. ამ საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნება მიგრაციის მონაცემთა ერთიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში არსებული მონაცემების შეგროვებას. სისტემა შესაძლებელს გახდის, სტატისტიკის ანალიზის საფუძველზე, მოხდეს მიგრაციის ტენდენციების დადგენა, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას.

4.1.2.2 კანონმდებლობის გადახედვა და შესაძლო ცვლილებები

 საქართველოს ლიბერალური სავიზო სისტემა ეფუძნება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოთხოვნებს. ეს პროცესი არის დინამიური და მისი გავლენა იცვლება დროთა განმავლობაში. აქედან გამომდინარე, პერიოდულად მოხდება სავიზო პოლიტიკის, კანონმდებლობისა და პროცედურების შესწავლა–ანალიზი. შედეგებზე დაყრდნობით და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, მოხდება გამოვლენილი შესაძლო ცვლილებების ასახვა.

4.1.2.3 იმიგრანტთათვის ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესება

 უცხოელთათვის მომსახურების გაუმჯობესება და საინფორმაციო თუ სხვა სახის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის. აქედან გამომდინარე, დამატებითი ძალისხმევა იქნება მიმართული ლეგალური იმიგრაციისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისკენ, მათ შორის, საჯარო მომსახურების გაუმჯობესებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით.

4.2 არალეგალური მიგრაცია

 არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა წარმოადგენს საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებების მიერ მოხდება ადეკვატური ღონისძიებების განხორციელება, როგორც არალეგალური ემიგრაციის, ასევე არალეგალური იმიგრაციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

4.2.1 არალეგალური ემიგრაცია

 არალეგალურ ემიგრაციასთან ბრძოლის, მისი აღკვეთისა და პრევენციის მიზნით მთავრობა განახორციელებს ღონისძიებებს შემდეგი მიმართულებებით:

4.2.1.1 ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგისა და მიგრანტთა სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება

 საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის მექანიზმების გაუმჯობესების მიმართულებით. ღონისძიებები გატარდება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეშვეობით, შეიქმნება და განვითარდება არალეგალური ემიგრაციის გამოვლენის მექანიზმები და პრიორიტეტი მიენიჭება ტრეფიკინგის დანაშაულის გამოვლენისადმი პროაქტიულ მიდგომას.

4.2.1.2 მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება

 არალეგალური ემიგრაციის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ადამიანთა ნაკლები ინფორმირებულობა იმ საფრთხეების შესახებ, რაც შესაძლოა თან ახლდეს აღნიშნულ პროცესს. შესაბამისად, არალეგალური ემიგრაციის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისთვის, მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიის წარმოება, როგორც არალეგალური ემიგრაციის საფრთხეების შესახებ, ასევე ლეგალური შესაძლებლობების გაცნობის მიზნით. შედეგად, ადამიანებს მიეცემათ საშუალება მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება, გააცნობიერონ არსებული ლეგალური ალტერნატივები, რაც თავისთავად ატარებს პრევენციულ ხასიათს.

4.2.2.  უცხოელთა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში შესაძლებლობების გაუმჯობესება

 მიგრაციის მართვა და ბრძოლა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. არალეგალური იმიგრაცია ხშირად საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს და ისეთი დანაშაულის საფუძველი ხდება, როგორიცაა ადამიანით ვაჭრობა/ტრეფიკინგი, მიგრანტთა სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადაყვანა და სხვა. საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს რა აღნიშნულ სფეროში არსებულ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს, ქვეყნის სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ (სადაც მიგრაციის მართვა და არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია) მიიჩნევს, რომ აუცილებელია შემდეგი საკითხების ინიციირება და განხორციელება:

4.2.2.1. საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება და მისი აღმოფხვრა

 აღნიშნული კუთხით, მნიშვნელოვანია იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის შემდგომი დახვეწა. ასევე, აუცილებელია იმ უწყების/უწყებების კომპეტენციების განსაზღვრა, რომელიც პასუხიმგებელი იქნება არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი არალეგალი მიგრანტების გამოვლენასა და მათ მიმართ შემდგომი პროცედურების განხორციელებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვას.

4.2.2.2. ინსტიტუციური განვითარება

 არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლის სფეროში მეტად მნიშვნელოვანი და საჭიროა ინსტიტუციური მექანიზმის განვითარება, რაც გულისხმობს არსებული ორგანოსთვის/ორგანოებისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ არალეგალ მიგრანტთა ყოფნასა და დაბრუნებაზე (განსაკუთრებული აქცენტით ნებაყოფლობით დაბრუნებაზე). აღნიშნული მექანიზმი უნდა გულისხმობდეს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად არალეგალთა განთავსების ცენტრის ეტაპობრივ შექმნასა და შემდგომ ფუნქციონირებას.

 აღნიშნული კუთხით მნიშნელოვან როლს შეასრულებს მიგრაციის მონაცემთა ერთიანი სისტემა, რომელიც შესაძლებელს გახდის როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური მიგრაციის მონიტორინგს. 

4.2.2.3. უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესება

 არალეგალური იმიგრაციის პრევენციის და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უწყებათაშორის და საერთაშორისო თანამშრომლობას გააძლიერებს ისეთი ქმედებები, როგორიც არის არსებული უწყებათაშორისი თანამშრომლობის პროცედურების გაუმჯობესება, ან ახალი პროცედურების შექმნა, სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის დამყარება, რეადმისიის შეთანხმებების დადება და მათი განხორციელება.

4.2.2.4. პრევენციული ღონისძიებების გატარება

 როგორც საერთო პრევენციის ნაწილი, არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამ კუთხით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით, მოხდება ინფორმაციის გავრცელება საქართველოში ლეგალურად შემოსვლის, ყოფნისა და საქმიანობის შესახებ. პრევენციული საქმიანობის დაგეგმვისა და გატარების კუთხით, ასევე, აუცილებელია რისკის ქვეყნების გამოვლენა, საიდანაც ხდება არალეგალი მიგრანტების შემოდინება.

4.3 თავშესაფრის სისტემის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის პროცესის გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

 საქართველოს მთავრობა გამოხატავს მზადყოფნას ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაერო-ს 1951 წლის კონვენციისა და მისი 1967 წლის ოქმის შესაბამისად, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა. 

4.3.1. თავშესაფრის სისტემის სფეროში სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ჩარჩოს განვითარება

 სახელმწიფო გეგმავს თავშესაფრის სისტემის სამართლებრივი ჩარჩოს სრულყოფას საერთაშორისო ნორმების შესაბამისად და ასევე, ეფექტიანი ინსტიტუციონალური ინსტრუმენტის შექმნას ახალ გამოწვევებზე საპასუხოდ. ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოხდება პროცედურების და სტანდარტების გადახედვა თავშესაფრის ეროვნული სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნულ სფეროში, მთავრობა ითანამშრომლებს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უზრუნველყოფს უწყებათაშორის კოორდინაციას.

4.3.2. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის ქმედითი სისტემის განვითარება

 თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ ადეკვატური გადაწყვეტილების მისაღებად მნიშნელოვანია წარმოშობის ქვეყნის გაანალიზება. ამის უზრუნველსაყოფად, კომპეტენტური უწყების ფარგლებში განვითარდება სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელი იქნება წარმოშობის ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე, დამუშავებაზე, ანალიზსა და მუდმივ განახლებაზე. 

4.3.3 ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის მექანიზმის შემდგომი განვითარება

 საქართველოს მთავრობა გააგრძელებს საჭირო ღონისძიებების გატარებას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. ამ მიმართულებით განხორციელდება ღონისძიებები დასაქმების, განათლების, ჯანდაცვისა და მიმღები ცენტრის დატოვების შემდგომ მხარდაჭერის კუთხით.

4.3.3.1 დასაქმება, განათლება და ჯანდაცვა

 ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციისათვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს შრომის ბაზარის, საგანმანათლებლო პროცესისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამ პროცესს, თავის მხრივ, ხელს უწყობს არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა.

 ამ კატეგორიის პირთა შრომის ბაზარზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით და საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის ხელშესაწყობად, საქართველოს კომპეტენტური უწყება გაატარებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიც არის პროფესიული გადამზადების კურსების ორგანიზება, ქართული ენისა და კულტურის შესწავლის წახალისება და ინფორმაციის მიწოდება საქართველოს კანონმდებლობის შესახებ. ამასთანავე, დაინერგება საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის აღიარების მექანიზმები. 

4.3.3.2. მხარდაჭერა მიმღები ცენტრის დატოვების შემდეგ

 ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება მიმღები ცენტრის დატოვების შემდეგაც კომპეტენტური უწყების ხელშეწყობით. საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ მხარდაჭერაში მოიაზრება განთავსების შესაძლებლობების შეთავაზება, საქართველოს კანონმდებლობით ამ კატეგორიისათვის განკუთვნილი შემწეობით უზრუნველყოფა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შემოსავლის გენერირების პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობა.

 საქართველოს მთავრობა, ასევე ეტაპობრივად განავითარებს მექანიზმებს, რათა ხელი შეეწყოს ნებაყოფლობითი დაბრუნების პრინციპზე დაფუძნებით, წარმოშობის ქვეყნებში იმ უცხოელთა დაბრუნებას, რომელთაც უარი ეთქვათ თავშესაფრის განაცხადზე, ან სხვა მიგრანტებს, ვისაც სურვილი აქვთ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში.

4.4.  საქართველოს მოქალაქეთა ღირსეული დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობა

4.4.1. საქართველოს მოქალაქეების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებების დებულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის შესრულების უზრუნველყოფა

 საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულია სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დაცვა მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა. არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, სხვა ქვეყნებში უკანონოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესახებ.

 აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანია დანიშნულების ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობა. საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი მიზანია სხვა სახელმწიფოებთან რეადმისიის შეთანხმებების დადება და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან რეადმისიის საიმპლემენტაციო ოქმების გაფორმება. შესაბამისი უწყებები განავითარებენ რეადმისიის შეთანხმებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, გააუმჯობესებენ იდენტიფიკაციის პროცესს და შექმნიან რეადმისიის ფარგლებში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების მონაცემთა ბაზას.

4.4.2 საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაცია

 საქართველოს მთავრობა გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა ღირსეულ რეინტეგრაციას. დასახული ამოცანების წარმატებით განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ამ პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობების გაზრდასა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, ისევე როგორც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებას. გაგრძელდება ღონისძიებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდოს ინფორმაცია სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ.

4.4.2.1 სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებისა და რეინტეგრაციის პროცესში ჩართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კოორდინირებისა და შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობა

 ერთობლივი შეფასების შედეგებზე დაყრდნობით და ახალ გამოწვევებზე საპასუხოდ, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება.

 მთავრობა ხელს შეუწყობს იმ უწყებების ინსტიტუციონალურ შესაძლებლობათა ზრდას, რომლებიც მონაწილეობენ რეინტეგრაციის სამუშაო ჯგუფში. გატარდება ღონისძიებები ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოთა რეინტეგრაციის პროცესში ჩართვის მიზნით. 

 რეინტეგრაციის სამუშაო ჯგუფის კოორდინაციით, გაძლიერდება თანამშრომლობა ყველა იმ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ დაბრუნებულთა რეინტეგრაციის საკითხებზე. აღნიშნული გამორიცხავს პროექტების დუბლირებასა და ამავე დროს, ხელს შეუწყობს გამოყოფილი ფინანსური რესურსებიდან ბენეფიციართათვის მაქსიმალური სარგებლის მიღებას.

4.4.2.2 რეინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობის ზრდა

 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, ასევე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეებს მუდმივად მიეწოდებათ ინფორმაცია საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნებისა და შემდგომი სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ. საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საქართველოში დასაბრუნებლად შესაბამისი პირობების შექმნას.

 საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ნაყოფიერად თანამშრომლობენ უცხო ქვეყნის იმ შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩართულნი არიან რეადმისიის, დეპორტაციისა და ნებაყოფლობითი დაბრუნების პროცედურების განხორციელებაში.

 საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ითანამშრომლებენ დანიშნულების ქვეყნების იმ უწყებებთან, რომლებიც ჩართულნი არიან რეადმისიის, დეპორტაციისა თუ ნებაყოფლობითი დაბრუნების პროცედურების განხორციელებაში. აღნიშნული უზრუნველყოფს სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირებას.

4.4.2.3 საზღვარგარეთ მიღებული პროფესიული უნარ-ჩვევებისა და განათლების აღიარება

 საქართველოს დაბრუნებულ მოქალაქეთა წარმატებული რეინტეგრაციისათვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს შრომის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება და აღიარება. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ შეიქმნება კონკრეტული მექანიზმები.

5. განხორციელების მექანიზმი

 მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული მიგრაციის სტრატეგიის დოკუმენტი დასამტკიცებლად გადაეცემა საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას შეიმუშაოს კონკრეტული პროგრამები და ხელი შეუწყოს მათ წარმატებულ განხორციელებას სახელმწიფო უწყებების, პარტნიორი ქვეყნების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობის გზით. მიგრაციის სტრატეგიის დოკუმენტში დასახული მიზნების შესრულება მოხდება შემდეგი საშუალებებით:

· თანადაფინანსების უზრუნველყოფით სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ფონდებიდან;

· ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით.

 მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია კოორდინაციას გაუწევს სტრატეგიის განხორციელების პროცესს. კომისია უფლებამოსილია განიხილოს და დაამტკიცოს მიგრაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმა. კომისია ასევე უფლებამისილია განიხილოს და დაამტკიცოს წლიური ანგარიში სტრატეგიის განხორციელების შესახებ.

 მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებას მოახდენს სტრატეგიის სამუშაო ჯგუფი. მიგრაციის სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესრულების პერიოდულ ანგარიშს, კომპეტენტური უწყებების კოორდინაციის საფუძველზე, შეიმუშავებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 აშშ - ის სახელმწიფო დეპატრამენტის 2012 წლის ანგარიში ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის შესახებ.

2 საქართველოს კონსტიტუცია თავი II, მუხლი 22 (მიღებულია 1995 წლის 24 აგვსიტოს).

3 იქვე მუხლი 47.

4 იქვე მუხლი 30.