საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 995
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016246
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
995
31/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
140130000.22.034.016246
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2013 - 21/01/2014)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №995

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი თანდართული რედაქციით. 
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 30 დეკემბრის N1032 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. 

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე



დანართი 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო 
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს  სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.

2. სამინისტროში სამსახური წარმოადგენს საჯარო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, კანონიერებისა და პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფისაკენ.

3. სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.

             


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
   ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამინისტროს მოსამსახურე – პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე;

ბ) სსიპ-ის მოსამსახურე – სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე;

გ) პოლიციელი – საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი;

დ) სამხედრო მოსამსახურე – საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სამხედრო წოდება და დადებული აქვს სამხედრო ფიცი;

ე) საჯარო მოხელე – სამინისტროში დასაქმებული წოდების არმქონე საჯარო მოხელე;  

ვ) სამოქალაქო პირი – სსიპ-ში დასაქმებული წოდების არმქონე პირი, რომელიც ინიშნება შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, გარდა დამხმარე მოსამსახურისა;

ზ) შტატგარეშე მოსამსახურე – პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიიღება გარკვეული ვადით სამინისტროში ან სსიპ-ში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად;

თ) დამხმარე მოსამსახურე – ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით ან/და დანიშვნით მიიღება სამინისტროს ან სსიპ-ის საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე.


მუხლი 3. სამინისტროში სამსახურის გავლის პრინციპები 
1. სამინისტროში სამსახურს საფუძვლად უდევს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და გამჭვირვალობის პრინციპები.

2. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები განურჩევლად რასისა,  კანის ფერისა,  ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მახასიათებლებისა.


მუხლი 4. სამინისტროს საშტატო განრიგი და საშტატო თანამდებობა 
1. საშტატო განრიგი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სსიპ-ების საშტატო ერთეულთა ნუსხას.

2. საშტატო ერთეული წარმოადგენს სამინისტროს მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურეებისა) შესაბამის საშტატო თანამდებობას.

3.   საშტატო განრიგში მიეთითება თითოეული საშტატო ერთეულის შესაბამისი ზღვრული სპეციალური ან/და სამხედრო წოდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საშტატო ერთეული ასევე ითვალისწინებს წოდების არმქონე პირის დანიშვნას, დამატებით მიეთითება - საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი.

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში - მინისტრი), ხოლო სსიპ-ების საშტატო განრიგს მინისტრთან შეთანხმებით – სსიპ-ის ხელმძღვანელი.  

5. სამინისტროს მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება საშტატო განრიგით განსაზღვრული საშტატო ერთეულების მიხედვით, რომელსაც შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, სამსახურებრივი რეგლამენტის/ინსტრუქციის სახით ამტკიცებს:

ა) სამინისტროს მოსამსახურეებისათვის (გარდა სსიპ-ის მოსამსახურის და სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურისა) - მინისტრი;

ბ) სსიპ-ის მოსამსახურეებისათვის (გარდა სსიპ-ის შტატგარეშე მოსამსახურისა) - სსიპ-ის ხელმძღვანელი.

6. სამსახურებრივი ინსტრუქციის/რეგლამენტის საფუძველზე სამინისტროს მოსამსახურეებს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში განუსაზღვრავს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს  ან სსიპ-ის ხელმძღვანელი.

 


მუხლი 5. სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმა და სპეციალური ჟეტონი 
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამინისტროს მოსამსახურეები ატარებენ  სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელს, რომლის ნიმუშებსაც ამტკიცებს მინისტრი.

2. სამინისტროს მოსამსახურეს სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში – სპეციალური ჟეტონი).

3. სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ფორმის ტანსაცმლის ტარებისა და სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (სპეციალური ჟეტონი) გამოყენების წესი განისაზღვრება პოლიციის ეთიკის კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით.

4. სსიპ-ებში შტატგარეშე მოსამსახურეთა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნიმუშს ამტკიცებს სსიპ-ის ხელმძღვანელი.


მუხლი 6. სამინისტროში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები 
 სამინისტროში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები და  სხვა ნორმატიული აქტები.  სსიპ-ში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძველია აგრეთვე სსიპ-ის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტები.

მუხლი 7. სამინისტროს მოსამსახურეთა კომპეტენცია 
1. სამინისტროს მოსამსახურეები მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის  შესაბამისად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და სარგებლობენ განსაზღვრული უფლებებით.

2. სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვა და შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა.

3. სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების წევრობა.

4. სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეს, ასევე საჯარო მოხელეს  უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან  ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, ეკავოს რაიმე თანამდებობა უცხო ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.         

5. სამინისტროს მოსამსახურეს (გარდა სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირებისა) შეუძლია შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება მხოლოდ იმავე დაწესებულების სისტემაში.

6. სამინისტროს მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. სამინისტროს მოსამსახურეთა შორის ურთიერთობები ემყარება განსაზღვრულ იერარქიულ წესრიგს, დისციპლინას, სუბორდინაციას, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთდახმარებას, სოლიდარობას, ტოლერანტობას, ნდობასა და ღირსებას.

8. პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ შეინახონ, ატარონ ან/და გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და სპეციალური საშუალებები, აგრეთვე დამატებითი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. ცივი იარაღის შენახვის, ტარებისა ან/და გამოყენების უფლება აქვს სამინისტროს იმ მოსამსახურეს, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება.

 9. სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევებზე რეაგირება ხორციელდება  მინისტრის მიერ დამტკიცებული დისციპლინური წესდების მიხედვით.


მუხლი 8. სამინისტროს მოსამსახურის უფლებები 
1. სამინისტროს მოსამსახურე,  მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, სარგებლობს განსაზღვრული უფლებებით.

2. სამინისტროს მოსამსახურეს „პოლიციის შესახებ“, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა  ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვს:

ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;

ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რომლებიც საჭიროა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის;

გ) მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში დადგენილი წესით;

დ) დაწინაურდეს დადგენილი წესით სამინისტროს შესაბამის თანამდებობაზე;

ე) გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები, რომლებიც, სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;

ვ) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება თავისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების ბათილობის მიზნით;

ზ) გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებანი, თუ იგი თვლის, რომ ამით იზღუდება მისი კანონიერი უფლებები და ილახება ღირსება;

თ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით.


მუხლი 9. სამინისტროს მოსამსახურის მოვალეობები 
1. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია:

ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესითა და სამსახურებრივი რეგლამენტით/ინსტრუქციებით, მინისტრის ან უფლებამოსილი პირის  ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განუხრელად შეასრულოს ხელმძღვანელობის (ასევე უშუალო უფროსის) დავალებები, გარდა ისეთი დავალებებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დროულად განიხილოს  მიმართვები, საჩივრები და განცხადებები;

დ) დაიცვას სამინისტროში სამსახურებრივი ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები;

ე) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;

ვ) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას. აკრძალულია სამსახურეობრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის კერძო ინტერესებისათვის გამოყენება;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან პირადი ინტერესების დაპირისპირებისას, თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი.

2. დაუშვებელია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება სარგებლის მისაღებად.  

3. სამინისტროს მოსამსახურემ არასამუშაო დროსაც უნდა აღმოუჩინოს დახმარება საფრთხეში ჩავარდნილ ადამიანს და მიიღოს ზომები კანონდარღვევის თავიდან ასაცილებლად.

4. სამინისტროს მოსამსახურე კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია დაიცვას დაზარალებულთა და მოწმეთა, აგრეთვე დაკავებულთა, დაპატიმრებულთა, დაკითხვაზე მყოფ პირთა კონსტიტუციური უფლებები, ღირსება და უზრუნველყოს მათი და აგრეთვე დაკავებულთა, დაპატიმრებულთა და დაკითხვაზე მყოფ პირთა უსაფრთხოება.

5. სამინისტროსთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას სამინისტროს მოსამსახურემ იძულების ღონისძიებები შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ „პოლიციის შესახებ“ და „საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. სამინისტროს მოსამსახურე უნდა შეეცადოს მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი, პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, პირველივე შესაძლებლობისთანავე უზრუნველყოს იძულების ღონისძიების განხორციელების შედეგად დაზიანებული პირისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.

6. სამინისტროს მოსამსახურემ არ უნდა წამოიწყოს, წააქეზოს ან დაუშვას წამების ან სხვაგვარი სისასტიკის ნებისმიერი აქტი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.

7. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, დაეხმაროს  მედიის წარმომადგენლებს თავისი პროფესიული მოვალეობების განხორციელებაში.

8. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ასევე შედის მინისტრის ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით მონაწილეობის მიღება სამსახურებრივ შეკრებებში, სასწავლო და სპორტულ შეჯიბრებებში, ასევე საერთაშორისო შეჯიბრებებში.

9. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მოთხოვნის გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ან უკავშირდება მის სამსახურებრივ ადგილს.

10. იარაღის ტარების უფლების მქონე სამინისტროს მოსამსახურის მიერ დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, თვალსაჩინოდ ტარება.

11. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს უშუალო უფროსის ან სხვა ზემდგომი პირების  დავალება სამსახურებრივ საკითხებზე, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს (გარდა ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ზემდგომი უფროსის დავალება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უშუალო უფროსს.

12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულება გამოიწვევს გარკვეული წინააღმდეგობას სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია მოახსენოს დავალების მიმცემს და დავალების განმეორების შემთხვევაში აღასრულოს იგი.

13. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით სამინისტროს მოსამსახურის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურემ უარი უნდა თქვას ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. სამინისტროს მოსამსახურეზე, რომელიც უარს ამბობს შეასრულოს უკანონო ბრძანება ან განკარგულება, არ გავრცელდება არანაირი დისციპლინური ან სხვა სახის სანქცია.

14. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება სამინისტროს მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამასთან, დგება უკანონო ბრძანების ან მითითების გამცემი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. 


მუხლი 10. განკარგულებები, რომელთა გაცემა იკრძალება 
1. ხელმძღვანელი პირების მიერ აკრძალულია განკარგულების (დავალება) გაცემა, თუ იგი:

ა) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას;

ბ) სცილდება განკარგულების (დავალება) გამცემის უფლებამოსილებას;

გ) საჭიროებს ისეთ ქმედებათა შესრულებას, რისი უფლებაც განკარგულების (დავალების) გამცემს არ გააჩნია.

2. განკარგულების (დავალება) კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს განკარგულების გამცემს ან/და ზემდგომ უფროსს. განკარგულების (დავალება)  წერილობითი ფორმით განმეორებისას იგი უნდა შესრულდეს, გარდა იმ შემთხვევისა (რაც ასევე წერილობით უნდა ეცნობოს განკარგულების /დავალება/ გამცემს), თუ მათი შესრულება:

ა) მიმართულია მისი მეუღლის, მშობლების, ძმის, დის, შვილის ან სხვა ოჯახის წევრის წინააღმდეგ;

ბ) მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციას და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.

 


მუხლი 11. პროფესიული მომზადება 
1. სამინისტროს მოსამსახურეთა განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამინისტრო ახორციელებს:

ა) შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს და პროფესიულ მომზადებას, რომელშიც შედის სპეციალური მომზადება-გადამზადება და სამსახურის გავლის სხვადასხვა ეტაპზე მისი პერიოდული შემოწმება;

ბ) საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის მე-2 საფეხურს.

2. სამინისტროს მოსამსახურეთა საგანმანათლებლო პროგრამები, კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული მომზადება ხორციელდება სსიპ – სამინისტროს  აკადემიაში (შემდგომში – აკადემია), სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოში, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფებში, სამინისტროს სხვა დანაყოფებში, ასევე სხვა ლიცენზირებულ/აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელთანაც სამინისტროს შეიძლება გაფორმებული ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება.

3. სამინისტროს მოსამსახურეთა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული ნიშნის მიხედვით მომზადების ან/და გადამზადების წესს განსაზღვრავს მინისტრი.


თავი II
სამსახურში მიღება

მუხლი 12. სამსახურში მიღების წესი 
1. სამინისტროს მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება/დაინიშნება 18 წლის ასაკიდან (გარდა სამინისტროს საჯარო მოხელისა, რომელიც მიიღება 21 წლის ასაკიდან) საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების,  ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია  შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები.

2. სამინისტროს ცალკეულ დანაყოფებში პირთა მიღება ხდება სპეციალური მომზადების შემდეგ, რომლის  წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი.

3. სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურში მიღებისთვის ან/და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:

ა) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უმცროს სპეციალურ წოდებას ან რიგითების, კაპრალების ან/და სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს საშუალო სპეციალურ წოდებას ან/და უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

ბ.ა) უმაღლესი განათლება; ან

ბ.ბ)  სრული ზოგადი განათლება და აკადემიაში დადგენილი წესით გავლილი ჰქონდეს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო ან სპეციალური მომზადების პროგრამა ან კურსი;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სპეციალურ წოდებას, უმაღლეს სპეციალურ წოდებას, უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას ან/და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება.

4. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანამდებობა ითვალისწინებს როგორც სპეციალური ან სამხედრო წოდებით, ასევე საჯარო მოხელედ ან სამოქალაქო პირად მიღების შესაძლებლობას, მაშინ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული, განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო მოხელის და სამოქალაქო პირის მიმართაც.

5. სახანძრო-სამაშველო, საბრძოლო ან/და ობიექტების დაცვის (გარდა სსიპ – სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა/შემდგომში – დაცვის პოლიცია/) დანაყოფებში განყოფილების უფროსის თანამდებობის ჩათვლით შესაძლებელია დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი.

6. სამინისტროს მოსამსახურის თანაბარ (ტოლფას) ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული განათლების მოთხოვნები (განათლების ცენზი).

7. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, მინისტრის მიერ ან უშუალოდ მისი თანხმობით, პირი შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშეც.

8. საქართველოს მოქალაქეთა პოლიციაში მიღება ხდება სპეციალური კონკურსის წესით. ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის გარეშე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც უკვე მიღებულია პოლიციაში (მსახურობს სამინისტროში ან აყვანილია კადრების განკარგულებაში) და გააჩნია შესაბამისი სპეციალური ან სამხედრო წოდება.


მუხლი 13. საჯარო მოხელედ, სამოქალაქო პირად, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურედ სამსახურში მიღების წესი 
1. საშტატო ერთეულით გათვალისწინებული საჯარო მოხელის და სამოქალაქო პირის თანამდებობაზე მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც  თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად  შეუძლიათ   დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

2. დამხმარე მოსამსახურედ და შტატგარეშე მოსამსახურედ მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები (ხოლო სსიპ-ებში ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები), რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები სსიპ-ის მოსამსახურეებისათვის შესაძლებელია განისაზღვროს მინისტრის ან/და სსიპ-ის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით.

4. სსიპ - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურსა (შემდგომში - ჯანმრთელობის დაცვის სამსახური) და აკადემიაში მოსამსახურეთა მიღება/თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება ასევე სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

 5. სსიპ – სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა (შემდგომში - მომსახურების სააგენტო) და დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირის თანამდებობაზე მიიღებიან/თანამდებობაზე დაინიშნებიან 60 წლამდე ასაკის პირები (ზღვრული ასაკი).

 


მუხლი 14. გამოსაცდელი ვადა 
1. მინისტრს ან სხვა უფლებამოსილ პირს შეუძლია, არა უმეტეს 6 თვისა, პირი მიიღოს გამოსაცდელი ვადით.

2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება  პირის  კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგების შეფასება. შეფასების აქტი დგება წერილობითი ფორმით უშუალო უფროსის მიერ და დაერთვება პირის პირად საქმეს.

3. გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში   გამოიცემა სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე მიღების შესახებ. გამოსაცდელი ვადის  არადამაკმაყოფილებელი შედეგების  ან გამოსაცდელი ვადის გასვლის შემთხვევაში პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით  თავისუფლდება სამსახურიდან.

4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება დროებით არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.

5. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის:

 ა) თანამდებობრივი გადაადგილება (გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების დროს) ან დაწინაურება, აგრეთვე მოვალეობის შესრულების დაკისრება;

ბ) დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, გარდა მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობისა.

6. გამოსაცდელ ვადაში არ ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაეთვლება საერთო შრომით სტაჟში.


მუხლი 15. სამინისტროში დანიშვნის/მიღების გაფორმება 
1. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში მიღება ფორმდება მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

2. სამსახურში მიღების შესახებ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) პირის სახელს, მამის სახელს და  გვარს;

ბ) მოქალაქის პირად ნომერს;

გ) შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს ან სსიპ-ის დასახელებას, რომელშიც  მიიღება/ინიშნება პირი;

დ) თანამდებობის დასახელებას;

ე) ფუნქცია-მოვალეობების აღწერას (დასაშვებია მხოლოდ შტატგარეშე მოსამსახურის შემთხვევაში);

ვ) მიღების თარიღს;

ზ) თანამდებობის დაკავების ვადას (ამოცანის შესრულების ვადა) – თუ პირი განსაზღვრული ვადით არის მიღებული;

თ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობას – თუ პირი გამოსაცდელი ვადით არის მიღებული;

ი) საფუძველს.

3. სამსახურში მიღების/თანამდებობაზე დანიშვნის ან სამსახურიდან/თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. აღნიშნული წესით გამოცემული აქტი ჩაბარებულად ითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში იმ პირის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება სამსახურში მიღების/თანამდებობაზე დანიშვნის ან სამსახურიდან/თანამდებობიდან გათავისუფლების (მათ შორის, თანამდებობიდან გადაყენება) სამართლებრივი აქტი.

 


მუხლი 16. სამსახურის ვადა 
1. სამინისტროს მოსამსახურე სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. განსაზღვრული ვადით მიიღება:

ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი  მოხელის/სამოქალაქო პირის შემცვლელი – მოხელის/სამოქალაქო პირის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;

ბ) შტატგარეშე მოსამსახურე - დავალების შესრულების ვადით;

გ) გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი;

დ) აკადემიაში კონკურსის წესით აკადემიურ თანამდებობაზე მიღებული/დანიშნული პირი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

 


მუხლი 17. სამხედრო მოსამსახურეთა ასაკობრივი შეზღუდვა (ზღვრული ასაკი)
1. სამხედრო მოსამსახურეებისათვის ზღვრული ასაკია:

ა) რიგითების, კაპრალებისა და სერჟანტების შემადგენლობისთვის – 50 წელი;

ბ) უმცროს ოფიცერთა შემადგენლობისთვის – 45 წელი;

გ) უფროს ოფიცერთა შემადგენლობისათვის:

გ.ა) პოლკოვნიკამდე – 50 წელი;

გ.ბ) პოლკოვნიკი – 55 წელი;

დ) უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრებისთვის – 60 წელი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურეებს  პოლკოვნიკამდე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი შეიძლება გაუგრძელდეთ 5 წლამდე ვადით მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

3. პოლკოვნიკისა და უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცერთათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი მინისტრის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოში წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

4. სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება გადადგომით.


მუხლი 18. პოლიციელთა ასაკობრივი შეზღუდვა
1. პოლიციელთათვის ზღვრული ასაკია:

ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი.

2. დაცვის პოლიციაში დასაცავი ობიექტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობისთვის წესდება შემდეგი ზღვრული ასაკი:

ა) საშუალო  სპეციალური წოდების მქონე პოლიციელთათვის - 50 წელი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე პოლიციელთათვის (ვიცე-პოლკოვნიკის ჩათვლით) – 55 წელი.

შენიშვნა: ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ  დაცვის პოლიციაში, დასაცავი ობიექტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებულ/დანიშნულ პირებზე.

3. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის  დადებითი სამედიცინო დასკვნისას უფროსი (მხოლოდ პოლკოვნიკი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, მინისტრის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით.

 


მუხლი 19. შეზღუდვები სამინისტროში მიღებისას 
1. სამინისტროში არ მიიღება:

ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის  სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;

ი) სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი;

 კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;

ლ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრის ან სხვა უფლებამოსილი პირის თანხმობით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშე პირის მიღება სამინისტროში.

 


მუხლი 20. სამინისტროს მოსამსახურეთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა 
პირველადი სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭებისა და სამინისტროს პირად შემადგენლობაში ჩარიცხვის შემდეგ პირი იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან, რის შემდეგაც მოსამსახურე იმყოფება სამინისტროს სპეციალურ აღრიცხვაზე. 

თავი III
სპეციალური კონკურსი

მუხლი 21. სპეციალური კონკურსის ორგანიზება
1. სპეციალური კონკურსი ტარდება სამინისტროს სისტემაში მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის.

2. სპეციალური კონკურსის ორგანიზებას უზრუნველყოფენ შემდეგი მუდმივმოქმედი სპეციალური საკონკურსო კომისიები:

ა) სამინისტროს სპეციალური საკონკურსო კომისია;

ბ) სამინისტროს ტერიტორიული სპეციალური  საკონკურსო კომისიები;

გ) სსიპ-ების სპეციალური საკონკურსო კომისიები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სპეციალურ საკონკურსო კომისიებს ქმნის და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.

4. ამ მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ საკონკურსო კომისიებს ქმნის და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი სსიპ-ის ხელმძღვანელი.

5. სამინისტროს სპეციალური საკონკურსო კომისია ორგანიზებას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეების (პოლიციელები), სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების (მთავარი სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსი და მათი მოადგილეები) და სსიპ-ების ხელმძღვანელების (უფროსი და მოადგილეები) თანამდებობაზე სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსის ჩატარებას. სტრუქტურულ და ტერიტორიულ ქვედანაყოფებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებისას სამინისტროს სპეციალურ საკონკურსო კომისიაში დამატებით ხმის უფლებით მონაწილეობს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი (ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი).

6. სამინისტროს ტერიტორიული სპეციალური საკონკურსო კომისიები ორგანიზებას უწევენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეების  (პოლიციელები) თანამდებობაზე, სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსის ჩატარებას.

7. სსიპ-ების სპეციალური საკონკურსო კომისიები ორგანიზებას უწევენ სსიპ-ების მოსამსახურეების თანამდებობაზე, სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსის ჩატარებას.

8. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.

9. სამინისტროს სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარებას საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო.


მუხლი 22. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის ხმა.

2. სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ  კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. სხდომის ოქმი პირის თანამდებობაზე დანიშვნის (პოლიციაში მიღება) შემთხვევაში განთავსდება მის პირად საქმეში.

3. სპეციალური საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია კონკურსის დაწყებამდე, წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. ასეთი შემთხვევისას კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. აღნიშნული კომისიის წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას კანდიდატის შეფასებაში და მის მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში.

 


მუხლი 23. სპეციალური კონკურსის გამოცხადების საფუძველი
1. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ სპეციალური კონკურსის გამოცხადების საფუძველია პოლიციელის თანამდებობაზე (საშტატო ერთეული, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის სპეციალური წოდებით მიღების შესაძლებლობას)  ვაკანტური ადგილის არსებობა.

2. სპეციალური საკონკურსო კომისიები სპეციალურ კონკურსს აცხადებენ შესაბამისი საკადრო დანაყოფების მიმართვის საფუძველზე. სპეციალური კონკურსის ჩატარების მიზნით:

ა) სამინისტროს სპეციალურ საკონკურსო კომისიას  მიმართავს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო;

ბ) სამინისტროს ტერიტორიულ სპეციალურ  საკონკურსო კომისიას მიმართავს სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს (მთავარი სამმართველო) საკადრო დანაყოფი;

გ) სსიპ-ის სპეციალურ  საკონკურსო კომისიას მიმართავს სამინისტროს შესაბამისი სსიპ-ის საკადრო დანაყოფი.

3. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სპეციალურ საკონკურსო კომისიაში საკადრო დანაყოფების მიმართვის საფუძველია:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიმართვა, რომელშიც შედის ვაკანტური თანამდებობა;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - იმ მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მიმართვა, რომელშიც შედის ვაკანტური თანამდებობა;

გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - იმ სსიპ-ის შესაბამისი სტრუქტურული ან ტერიტორიული ქვედანაყოფის/დანაყოფის ხელმძღვანელის მიმართვა, რომელშიც შედის ვაკანტური თანამდებობა.

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს/მთავარი სამმართველოს უფროსის, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სამმართველოს უფროსის, სსიპ-ის ხელმძღვანელის და მათი მოადგილეების ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის ორგანიზების მიზნით სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოს დავალებას აძლევს მინისტრი ან/და შესაბამისი დანაყოფის კურატორი მინისტრის მოადგილე. სსიპ – „112“-ის დირექტორის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ დავალებას შესაბამის საკადრო დანაყოფს აძლევს აღნიშნული სსიპ-ის დირექტორი.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ სათანადო მიმართვის/დავალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება მათი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროში ან/და შესაბამის დანაყოფში არსებული ვითარების, სათანადო აუცილებლობის, კანონმდებლობის მოთხოვნების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.

 


მუხლი 24. სპეციალური კონკურსის გამოცხადების წესი
1. სპეციალური საკონკურსო კომისია შესაბამისი საკადრო დანაყოფის მომართვის საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური კონკურსის გამოცხადებას.

2. სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს:

ა) სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეების (პოლიციელები), აგრეთვე სსიპ-ების ხელმძღვანელების ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში;

ბ) სსიპ-ების ოფიციალურ ვებგვერდზე (თუ სსიპ-ებს თავისი ოფიციალური ვებგვერდი არა აქვს - სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე) - სსიპ-ების მოსამსახურეების (პოლიციელები) ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში.

3. შეტყობინება სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;

ბ) კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს (სათანადო ცოდნა, გამოცდილება, ძირითადი უნარ-ჩვევები და სხვ.);

გ) თანამდებობისთვის გათვალისწინებულ ძირითად ფუნქცია-მოვალეობათა ჩამონათვალს;

დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ე) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს, მათი წარდგენის ვადასა და ფორმას;

ვ) სპეციალური საკონკურსო კომისიისა და ელექტრონული ფოსტის მისამართს.


მუხლი 25. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა
1. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საწყის ეტაპზე უნდა წარადგინოს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს მიერ შემუშავებული ფორმის განცხადება (შემდგომში – აპლიკაცია). კანდიდატებს აპლიკაციის წარდგენისთვის, როგორც წესი, ეძლევათ 10-დღიანი ვადა სპეციალური კონკურსის გამოცხადების დღიდან. კანდიდატები აპლიკაციას აგზავნიან კონკურსის შესახებ შეტყობინებაში განსაზღვრული ფორმით, მითითებულ მისამართზე.

2. ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც  მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით გავლილი  აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი. ეს თანამდებობებია:

ა) დეტექტივ–გამომძიებელი და დეტექტივის თანაშემწე–გამომძიებელი;

ბ) უბნის უფროსი ინსპექტორ–გამომძიებელი და უბნის ინსპექტორ–გამომძიებელი;

გ) პატრულ–ინსპექტორი და მესაზღვრე-კონტროლიორი;

დ) სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი (მაშველი), ინსპექტორი (მაშველი) და უმცროსი ინსპექტორი (მაშველი).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება, ამავე პუნქტით დადგენილი პროგრამის ან/და კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, შეიძლება მიეცეს საქართველოს მოქალაქეს მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი პირის თანხმობით, ამ პირის - სპეციალური ცონდის, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, გამოცდილების ან/და სხვა განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი  სპეციალური მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამა ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი. ამ მიზნით, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნული პირი პოლიციაში მიღებიდან (სამინისტროში ჩარიცხვიდან) არა უგვიანეს 6 თვის ვადაში წარადგინოს სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში, რომელიც თავის მხრივ, გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გასავლელად აღნიშნული პირის აკადემიაში წარდგენას.  

 5. ამ მუხლის მე–4 პუნქტით განსაზღვრული პირი უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ იგი წარმატებით ვერ გაივლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსს.

6. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს.

7. სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ სამინისტროს სისტემაში დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული სამინისტროს მოსამსახურე გადაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე.

8. სამინისტროს საჯარო მოხელის ან სამოქალაქო პირის (იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულია სპეციალური წოდების მქონე პირის დანიშვნის შესაძლებლობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე) სურვილის შემთხვევაში, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე შეიძლება გამოცხადდეს სპეციალური კონკურსი. ამ შემთხვევაში,  მოსამსახურე თავისი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე იმავე  თანამდებობაზე დაინიშნება დროებით მოვალეობის შემსრულებლად. 


მუხლი 26. სპეციალური კონკურსის ეტაპები
1. სპეციალური კონკურსის ეტაპებია:

ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა;

ბ) გასაუბრება;

გ) სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;

დ) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;

ე) სპეციალური შემოწმება;

ვ) გამოსაცდელი ვადით დანიშვნა;

ზ) პოლიციაში მიღება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას არ ექვემდებარება:

ა) პირი, რომელსაც დადგენილი წესით გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - თუ აკადემიაში მსმენელად ჩარიცხვის პერიოდში მას გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპები (გარდა „ე“ ქვეპუნქტისა) და აღნიშნული პროგრამის გავლიდან არ არის გასული ერთი წელი;  

ბ)  სამინისტროს მოსამსახურე, რომელსაც გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპები (გარდა „ე“ ქვეპუნქტისა).  

შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირები ექვემდებარებიან ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ ან/და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავლილი არა აქვთ აღნიშნული ეტაპები.

3. კანდიდატების მიერ წარდგენილი აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. სპეციალური საკონკურსო კომისია გამოგზავნილი აპლიკაციებიდან არჩევს და გონივრულ ვადაში გადაწყვეტილებით ამტკიცებს იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული კანდიდატები გადადიან კონკურსის გასაუბრების ეტაპზე. აღნიშნული ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების მიღების დამთავრებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.

4. კომისიამ გასაუბრების დროს კანდიდატისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია მისი განათლების, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, გამოცდილების, დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის და სხვა გარემოებების შესახებ,  რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. გასაუბრების შედეგად სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას ერთი ან რამდენიმე კანდიდატის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების გავლის შესახებ. აღნიშნული ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების გადარჩევიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.

5. კანდიდატმა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება უნდა გაიაროს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას დადგენილი წესით უზრუნველყოფს სპეციალური კომისია (ჯანმრთელობის დაცვის სამსახური), ხოლო ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას:

ა) სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო;

ბ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში დასანიშნი კანდიდატების შემთხვევაში - შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო.

6. კანდიდატის/კანდიდატების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სპეციალური საკონკურსო კომისია, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის  შემოწმების შესახებ შეტყობინების (რომელსაც უზრუნველყოფს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო) მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატის სპეციალური შემოწმების დაწყების, აგრეთვე მისი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ან გამოსაცდელი ვადის გარეშე პოლიციაში მიღების შესახებ.  აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს.

შენიშვნა: აკადემიაში აკადემიურ თანამდებობაზე დასანიშნი პირის პოლიციაში მიღება ხდება გამოსაცდელი ვადით დანიშვნის გარეშე.

7. პოლიციაში მისაღები პირი ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება სამ თვემდე გამოსაცდელი ვადით. მითითებულ ვადაში მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი სპეციალური შესწავლა. აღნიშნული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას პირის პოლიციაში მიღების (სამინისტროში ჩარიცხვა) შესახებ, რომელიც შესაბამისი რეაგირების მიზნით დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს.

შენიშვნა: 21 წლამდე პირის, წვევამდელის, ასევე სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული პირის პოლიციაში მიღება ხდება სპეციალური შემოწმების შემდეგ, გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ეტაპის გამოყენების გარეშე. 

8. ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ეტაპის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში პოლიციაში პირის მიღების საკითხი ავტომატურად წყდება, რის შესახებაც  კომისიის გადაწყვეტილება აღარ გამოიცემა.

 


მუხლი 27. ჩაშლილი სპეციალური კონკურსი
სპეციალური კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი აპლიკაცია ან სპეციალური საკონკურსო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.

თავი IV
თანამდებობრივი გადაადგილება, სამსახურებრივი გადაადგილება და მივლინება

მუხლი 28. თანამდებობრივი გადაადგილება 
1. სამინისტროს მოსამსახურის გადაყვანა ზემდგომ, თანაბარ და დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია:

ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას;

ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას;

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;

დ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;

ე) პირადი განცხადებით (პატაკი);

ვ) ატესტაციის შედეგების შესაბამისად;

ზ) დადებული დისციპლინური სახდელის გამო.

2. თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს სამინისტროს მოსამსახურის თანხმობა, ხოლო სხვა შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას.

3. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს სამინისტროს მოსამსახურის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაცია), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების  და გამოცდილების გათვალისწინებით.

4. სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება ფორმდება მინისტრის ან  უფლებამოსილი პირის ბრძანებით, გადაადგილების  საფუძვლის მითითებით. ბრძანება უნდა გაეცნოს აღნიშნულ მოსამსახურეს. დასაშვებია ბრძანების გაცნობა ელეტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით.

5. უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება  შესაბამის (ტოლფასი) ან მისი თანხმობით – სხვა თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, გათავისუფლდება დაკავებული/აღდგენილი თანამდებობიდან.

6. თანამდებობა ტოლფასია, თუ ითვალისწინებს მოსამსახურის ადრე დაკავებული თანამდებობის თანაბარ ზღვრულ წოდებას (წოდების არსებობის შემთხვევაში) და თანამდებობრივ სარგოს.

 


მუხლი 29. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება ტერიტორიულად სხვა ადგილზე (მივლენა)
1. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება ხდება სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე  უშუალო ან ზემდგომი უფროსის მიერ:

ა) სამუშაოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას ან/და სხვა სტრუქტურულ დანაყოფში, ტერიტორიულ ორგანოში, საქვეუწყებო დაწესებულებაში ან  სსიპ-ში არა უმეტეს 6 თვისა;

ბ) სამინისტროს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, კანონით მათთვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა, ტერიტორიულად სხვა ადგილას, მუშაობის რეჟიმის შეცვლით, თუ სამინისტროს მოსამსახურის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის.

2. სამინისტროს მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში დასტურდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნით.

3. სამინისტროს მოსამსახურეს სამივლინებო ხარჯები შესაძლოა აუნაზღაურდეს მხოლოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას სამსახურებრივი გადაადგილებისას.

 


მუხლი 30. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა შესრულება
1. პირს, რომელსაც აქვს თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დროებით არმყოფი მოხელის შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოხელის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, შეუძლია:

ა) გადაუნაწილოს არმყოფი მოხელის მოვალეობანი სხვა მოხელეებს მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;

ბ) დააკისროს არმყოფი მოხელის მოვალეობანი სხვა მოხელეს და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.

2. სამინისტროს მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში დასტურდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნით.

3. მოხელეს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ამავე დაწესებულებაში შეასრულოს არმყოფი მოხელის მოვალეობა არა უმეტეს 5 თვისა კალენდარული წლის განმავლობაში. არმყოფი მოხელის მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ მოხელის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა.

4. მოხელეებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლიან მოხელეს, თავიანთი ხელფასის გარდა ეძლევათ დანამატი არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

5. მოხელეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლის არმყოფ მოხელეს, ეძლევა არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგო, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს; თუ არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ მოხელეს უნარჩუნდება თავისი სარგო.

 


მუხლი 31. სამსახურებრივი მივლინება 
1. სამსახურებრივი მივლინება ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ „შსს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში“ „მივლინების“ შესაბამისი გრაფის შევსებით, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში - სათანადო პატაკის/მატერიალური დოკუმენტის წარდგენით. მივლინების პერიოდში მივლინების ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი კანონმდებლობით. მივლინების პერიოდში სამინისტროს მოსამსახურეს  უნარჩუნდება შესაბამისი თანამდებობა, გარდა საშტატო-საორგანიზაციო  ღონისძიებისა.

2. საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებისას მივლინებაში მყოფ მოსამსახურეს  შეუწყდება მივლინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინიშნება იმავე თანამდებობაზე ან დანაყოფში.

3. მოსამსახურის  მივლინების გაფორმების წესი განისაზღვრება მინისტრის მიერ.


თავი V
სამინისტროს მოსამსახურის  სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა

მუხლი 32. სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერება 
1. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.

2. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით შეჩერდება:

ა) სამინისტროს მოსამსახურის წერილობითი პატაკის საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი (არა უმეტეს 5 დღისა);

ბ) შვებულების დროს;

გ) მისი კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;

დ) დროებითი შრომისუუნარობის დროს;

ე) დისციპლინური წარმოებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში;

ვ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

3. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც სამსახურში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში, სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს უშუალო უფროსი.  მას არ ეძლევა ხელფასი სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში.

4. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერება ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის სათანადო სამართლებრივი აქტით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სამართლებრივი აქტი ფორმდება მხოლოდ მოკლევადიანი შვებულების, ანაზღაურების გარეშე შვებულების, აგრეთვე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების გაფორმების შემთხვევებში.

5. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში სამინისტროს მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო), დანამატები და სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.


მუხლი 33. თანამდებობიდან დროებით გადაყენება 
1. სამინისტროს მოსამსახურე საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს  გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ან დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

2.  თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე,  ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ პირს შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის/დანიშვნის თაობაზე.

3. თანამდებობიდან გადაყენებულ პირს ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სპეციალური საშუალებები და სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება. თანამდებობიდან გადაყენების მთელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ პირს ეკრძალება სამინისტროს შესაბამისი ფორმის ტანსაცმლის ტარება.

 


მუხლი 34. პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის  კადრების განკარგულებაში აყვანა 
1. პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე  და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით:

ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე;

ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება;

გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.

2. კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს   შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება არა უმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით, რა დროსაც ეძლევა ფულადი სარგო (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო), ასევე დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს პრემიაც.

3. კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი  განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლებიან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

4. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს  2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი (მხოლოდ ფულადი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

5. კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს  ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას.

6. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, მისივე თანხმობით უნდა გადაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ აღნიშნული პირი აიყვანება სამინისტროს კადრების განკარგულებაში. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი პირი, ასევე დროებითი შრომისუუნარობის გამო არმყოფი პირი კადრების განკარგულებაში აყვანიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში მისი თანხმობით უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში - ტოლფას თანამდებობაზე. 


მუხლი 35. სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლები 
1. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.

2. სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს:

ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე;

ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებები დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება;

გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს;

დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;

ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;

ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო;

ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო;

თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;

ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო;

კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან გამო;

ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;

მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო;

ნ) გარდაცვალების გამო;

ო) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნას;

პ) გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო;

ჟ) აკადემიაში აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით განსაზღვრული ვადით დანიშნული პირის სამსახურის ვადის გასვლის გამო;

რ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული განრიდების გამო;

ს) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

3. დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ხდება სამსახურის ვადის გასვლის გამო, ასევე ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით, გარდა  „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებისა.

4. სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

 


მუხლი 36. დათხოვნა პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე 
1. სამინისტროს მოსამსახურე პირადი განცხადებით (პატაკი) თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი უარს არ აცხადებს მისი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე. უარი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე დასაშვებია, თუ მოსამსახურის გათავისუფლებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს  სახელმწიფო ინტერსებს.

2. განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში, ეს პატაკი უნდა დაკმაყოფილდეს არა უგვიანეს ერთი თვისა, უარის განცხადების დღიდან.   


მუხლი 37. დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო 
 კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის  დათხოვნა სამინისტროდან. 

მუხლი 38. დათხოვნა ზღვრული ასაკის გამო 
სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი თავისუფლდება  დაკავებული თანამდებობიდან სამსახურში დადგენილი ზღვრული ასაკის გამო, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

მუხლი 39. დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის გათავისუფლება სამსახურის ვადის გასვლის გამო 
1. სამსახურის ვადის გასვლის გამო გათავისუფლდება დამხმარე მოსამსახურე და შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც განსაზღვრული ამოცანის შესასრულებლად იყო მიღებული  გარკვეული ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი ურთიერთობა წყდება სამსახურის ვადის გასვლის მეორე დღეს.

3. განსაზღვრული ვადით მიღებული პირის გათავისუფლება არ ხდება ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.


მუხლი 40. დათხოვნა  წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო 
სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირი, მისივე თანხმობის შემთხვევაში შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო, თუ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნული პირისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობას.

მუხლი 41. დათხოვნა დისციპლინური გადაცდომისათვის
 1. სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის.

2. დისციპლინური გადაცდომის გამო მოსამსახურეთა დათხოვნის საკითხებს აწესრიგებს სამინისტროს დისციპლინური წესდება.


მუხლი 42. დათხოვნა  კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გამო 
სამინისტროს მოსამსახურე თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც შეეფარდა სასჯელი ჩადენილი დანაშაულისათვის. სამინისტროს მოსამსახურე თავისუფლდება სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს. 

მუხლი 43. სამსახურიდან დათხოვნა თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო 
სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს/გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ წესის მე-7 მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტით  გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო,  ასევე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევებში.

მუხლი 44. დათხოვნა  მოქალაქეობის შეცვლის გამო 
სამინისტროს მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ, თუ მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან საკუთარი ნებით მიიღო სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა. 

მუხლი 45. დათხოვნა  სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით 
1. სამინისტროს მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება, თუ იგი აირჩიეს ან დანიშნეს სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამინისტროს მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება სხვა თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის დღიდან.


მუხლი 46. დათხოვნა  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 
1. სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის მანძილზე 6 თვის გამოუცხადებლობის შემთხვევაში (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

2. სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდშიც, თუ გასულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ვადა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამინისტროს მოსამსახურე თავისუფლდება სამსახურიდან ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დასკვნაში  მითითებული დღიდან.

 


მუხლი 47. გათავისუფლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო 
 სამინისტროს მოსამსახურეს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის მეორე დღიდან სამსახური ეთვლება შეწყვეტილად. 

მუხლი 48. გათავისუფლება გარდაცვალების გამო 
სამინისტროს მოსამსახურეს გარდაცვალების მეორე დღიდან სამსახური ეთვლება შეწყვეტილად. 

მუხლი 49. დათხოვნა შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო 
სამინისტროს მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ ეს წესი ან მინისტრის სხვა სამართლებრივი აქტი პირდაპირ ითვალისწინებს სამინისტროს მოსამსახურის  დათხოვნას ასეთ შემთხვევებში.

მუხლი 50. დათხოვნა გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო
გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო მოსამსახურის დათხოვნა ხდება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების  ან სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში.  

მუხლი 51. აკადემიაში კონკურსის წესით განსაზღვრული ვადით აკადემიურ თანამდებობაზე დანიშნული პირის დათხოვნა სამსახურის ვადის გასვლის გამო

 

აკადემიაში კონკურსის წესით განსაზღვრული ვადით აკადემიურ თანამდებობაზე დანიშნული პირის დათხოვნა ხდება სამსახურის ვადის გასვლის გამო. 

მუხლი 52. დათხოვნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული განრიდების გამო
მოსამსახურის დათხოვნა ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული განრიდების გამო განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს.

თავი VI
ატესტაცია, კონკურსი და სტაჟირება

მუხლი 53. სტაჟირება და პრაქტიკა 
1. მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევისა და მომზადების მიზნით, სამინისტროში პირი შეიძლება მიღებულ იქნეს სტაჟიორად.

2. პირის სტაჟიორად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლებელია განხილულ იქნეს მისი თანამდებობაზე დანიშვნის ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიღების საკითხი.

3. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე სამინისტრო უზრუნველყოფს სტუდენტთა პრაქტიკის გავლას.

4. სტაჟიორის მიღებისა და პრაქტიკის გავლის წესს განსაზღვრავს მინისტრი სამართლებრივი აქტით. 


მუხლი 54. კონკურსი და ატესტაცია 
1. კონკურსის მიზანია შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე კანდიდატთა შერჩევა სამინისტროში ან სსიპ-ში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

2. მოსამსახურეთა ატესტაციის მიზანია სამინისტროს საქმიანობის სრულყოფა და მის სისტემაში დასაქმებულ მოსამსახურეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებული თანამდებობის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.

3. კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

 


თავი VII
წოდებების მინიჭება

მუხლი 55. სამინისტროს მოსამსახურეთა შემადგენლობა და წოდებები 
1. კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში დაწესებულია სპეციალური და სამხედრო წოდებები.

2. სამინისტროს მოსამსახურეს სპეციალური ან სამხედრო წოდება (მორიგი ან ვადაზე ადრე) ენიჭება, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი წოდება.

3. სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭება წარმოებს მხოლოდ თანამიმდევრობით. სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით დაუშვებელია, გარდა უკანონოდ დათხოვნილი პირის აღდგენის შემთხვევისა.

4. წოდებების მინიჭება:

ა) პირველად და მორიგ სპეციალურ ან სამხედრო წოდებას ანიჭებს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

ბ) უმაღლეს სპეციალურ ან სამხედრო წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, სამინისტროს მოსამსახურეს ენიჭება  ლეიტენანტის სამხედრო ან უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება.

6. სპეციალური და სამხედრო წოდების მინიჭებისთვის განათლების ცენზი დადგენილია ამ წესის მე-13 მუხლით.

7 სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭების უფლებამოსილება აქვს მინისტრს ან სხვა უფლებამოსილ პირებს.

8. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულ პირებს მათი თანხმობის შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოთ შესაბამისი სპეციალური ან სამხედრო წოდება.

 


მუხლი 56. წოდებები სამსახურში მიღებისას 
1. იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც გათვალისწინებულია საშუალო, უფროსი და უმაღლესი ზღვრული სპეციალური წოდება,  პირს ენიჭება  პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის წოდება, თუ კანონმდებლობით სხვა რამე არ არის დადგენილი.

2. იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სამხედრო წოდება, პირს ენიჭება რეზერვის წოდების შესაბამისი სამხედრო წოდება.

3. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი სამსახურში მიღებისას თანამდებობაზე ინიშნება ადრე მინიჭებული ყველაზე უფრო მაღალი სპეციალური ან სამხედრო წოდებით.  

4. სამინისტროდან, სამხედრო და სხვა სახელმწიფო სამსახურიდან სამხედრო და სპეციალური წოდებით დათხოვნილ მოსამსახურეებს, სამინისტროში მიღების შემდეგ, მორიგ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე წოდებაში ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში.

5. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელმაც სამსახურიდან დათხოვნამდე იმსახურა მინიჭებული წოდებით დადგენილი ვადა და მისანიჭებელი წოდება დაკავებული თანამდებობის ზღვრულ წოდებას აღემატებოდა, მაშინ მას სამინისტროში შესაბამის თანამდებობაზე მიღებისას შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება (უარყოფითი მოტივით დათხოვნის შემთხვევის გარდა). მორიგ წოდებას ანიჭებს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.


მუხლი 57. სამინისტროს მოსამსახურეთა მორიგი წოდებები 
1. მორიგი სპეციალური ან სამხედრო წოდება სამინისტროს მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ.

2. სამინისტროს მოსამსახურის მორიგი წოდების მისანიჭებლად სამინისტროს შესაბამისი საკადრო დანაყოფი მოსამსახურის უშუალო უფროსის წარდგინების საფუძველზე ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს.

3. სპეციალური წოდებებისა და სამხედრო წოდების ვადაზე ადრე  მინიჭებამდე სამინისტროს მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელისშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.

4. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სპეციალური ან/და სამხედრო წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა,  მორიგი წოდება არ მიენიჭება.

5. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში პოლიციელს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.

6. უკანონოდ გათავისუფლებულ პოლიციელს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში.  

 


მუხლი 58. სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად 
1. ყოველი სპეციალური ან სამხედრო წოდებით სამინისტროში სამსახურის გავლისათვის დადგენილია ვადა,  გარდა უმცროსი სპეციალური წოდებებისა.

2. საომარი მდგომარეობის დროს ოფიცერთა შემადგენლობისათვის წოდების მისანიჭებლად სამსახურის გავლის ვადები  მცირდება 6 თვის ვადით და ვრცელდება იმ პირებზე, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ამგვარ მოქმედებებში.

3. სპეციალური ან სამხედრო წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება წოდების მინიჭების შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან.

4. უმაღლესი სპეციალური ან უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამინისტროში სამსახურის ვადა არ წესდება. აღნიშნული წოდებების მინიჭება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინისტრის წარდგინებით.

5. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი სამინისტროს მოსამსახურეს ეთვლება მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში.


მუხლი 59. წოდებების ვადამდე მინიჭება 
1. განსაკუთრებული დამსახურების ან ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით ვადამდე წოდების მინიჭების უფლება აქვს მინისტრს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს.

2. ოფიცერთა  შემადგენლობას სამხედრო წოდებებს ვადამდე ანიჭებს:

ა) ვიცე-პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით –მინისტრი;

ბ) პოლკოვნიკს – მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი.


მუხლი 60. წოდების ჩამორთმევა, ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა 
1. სამინისტროს მოსამსახურეს სპეციალური ან სამხედრო წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ.

2. გამართლების შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სპეციალური ან სამხედრო წოდება უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ წოდების მინიჭების უფლება.

3. გამართლებულ პირებს სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება ადრინდელ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღლა, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება.  

4. დისციპლინური გადაცდომისათვის წოდებაში ჩამოქვეითება ერთი საფეხურით შეუძლია მხოლოდ მინისტრს.

5. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, წოდების აღდგენა ხდება მინისტრის ბრძანებით, პირის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. ჩამოქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა არ შედის აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში.

 


თავი VIII
სამსახურის გავლის პირობები

მუხლი 61. სამინისტროს შინაგანაწესი 
1. სამინისტროს ერთიან შინაგანაწესს ადგენს მინისტრი.

 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები შესაბამის შინაგანაწესს განსაზღვრავენ საქმიანობის განსხვავებული თავისებურების და სპეციფიკის გათვალისწინებით, მინისტრის მიერ განსაზღვრული ერთიანი შინაგანაწესის შესაბამისად.

 3. სსიპ-ის შინაგანაწესს განსაზღვრავს სსიპ-ის  ხელმძღვანელი.

 


მუხლი 62. სამუშაო დრო 
1. სამინისტროს მოსამსახურეებისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე. 

2. სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაო დროის ხანგრძლივობა განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით ან შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

3. სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაოს დაწყების, დასრულებისა და შესვენების დრო, ასევე დასვენების დღეები განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით/შინაგანაწესით. ცვლაში მომუშავე მოსამსახურეების სამუშაო დრო ასევე განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით ან სხვა აქტებით. 


მუხლი 63. შვებულება 
1. სამინისტროს მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი  შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე.  შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ.

            2. სამინისტროში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 კალენდარული დღით, 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე პირთათვის - 40 კალენდარული დღით.

3. სამინისტროს მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არა უმეტეს ერთი წლისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამინისტროს მოსამსახურეს 5 წელიწადში ერთხელ თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება 3 თვემდე ვადით.

5. მოსამსახურეს შვებულების უფლება წარმოეშობა სამსახურში მიღებიდან/დანიშვნიდან 11 თვის შემდეგ. უშუალო უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ამ უფლებით სარგებლობა აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

6. შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს დანაყოფის ხელმძღვანელი. იმ დანაყოფებში, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, დაუშვებელია ერთდროულად პირადი შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტი მოსამსახურის შვებულებაში გაშვება. 

7. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შვებულების შეწყვეტა და მოსამსახურის გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად. გამოძახების შემთხვევაში მოსამსახურეს შეიძლება აუნაზღაურდეს ტრანსპორტირების ხარჯები, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ასევე შვებულებიდან დარჩენილი დღეები მიეცემა იმავე წელს.

8. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს შვებულება არ მიეცემა.

9. შვებულების გაფორმება ხორციელდება მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

10. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები არ ვრცელდება შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებზე. 


მუხლი 64. მოკლევადიანი შვებულება 
გადაუდებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების, დაქორწინების, ოჯახური პირობების და სხვა საპატიო მიზეზების გამო სამინისტროს მოსამსახურეს  შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი (ანაზღაურებადი) შვებულება 10 დღის ხანგრძლივობით. მოკლევადიანი შვებულების დღეები არ შედის მორიგ ყოველწლიურ შვებულებაში.  

მუხლი 65. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება დროებითი შრომისუუნარობის გამო
1. სამინისტროს მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო შეიძლება შეუჩერდეს სამსახურებრივი ურთიერთობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვის მანძილზე შრომისუუნარობის შემთხვევებში, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. 

2. მკურნალობის დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში (ავადმყოფობის გამოსავლიდან გამომდინარე) მოსამსახურე შემდგომი სამსახურებრივი ვარგისიანობის დადგენას ახდენს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური.

3.  დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი არ შედის ყოველწლიური  შვებულების ანგარიშში.


მუხლი 66. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და  ბავშვის მოვლის გამო
1. მოსამსახურისათვის ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილების გამო შვებულების მიცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. სამინისტროს მოსამსახურე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო.

 

 


მუხლი 67. სოციალური უზრუნველყოფა 
მოსამსახურის სოციალური უზრუნველყოფა ხორციელდება კანონმდებლობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 68. სამსახურში და წოდების აღდგენის საფუძვლები 
1. სამინისტროს მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება.

2. წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებულის განცხადება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე.

3. აღდგენილ სამინისტროს მოსამსახურეებს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.

 


მუხლი 69. სამსახურის გავლა განსაკუთრებული რეჟიმის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს 
1. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამინისტროს მოსამსახურე მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს გამოძახებისთანავე გამოცხადებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს დადასტურებული ობიექტური ხელშემშლელი გარემოება.

2. სამინისტროს სისტემაში ან მის ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულში, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით, შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. განსაკუთრებული რეჟიმის დროს სამინისტროს მოსამსახურეები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ, სამსახურებრივი ფუნქციის განხორციელების ადგილას. სამუშაო ადგილის დატოვება შეიძლება მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვის საფუძველზე.

3.  საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს სამინისტრო გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რომლის დროსაც:

ა) უფლებამოსილ პირს შეუძლია არ დააკმაყოფილოს მოსამსახურის პატაკი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე;

ბ) წყდება ყველა სახის შვებულება (გარდა ავადმყოფობისა, ასევე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა).

 


მუხლი 70. სამინისტროს მოსამსახურეთა წახალისება და დიციპლინური პასუხისმგებლობა
1. სამინისტროს მოსამსახურეთა წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული დისციპლინური წესდებით.

2. ფასიანი საჩუქრის სახით – სასაჩუქრე მედლის, მედალიონის ან/და სამკერდე ნიშნის ნიმუშებს განსაზღვრავს მინისტრი.


თავი IX
სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ

მუხლი 71. სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირები
1. მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და სსიპ-ების ხელმძღვანელები, აგრეთვე მათი მოადგილეები.

2. მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და სამხარეო მთავარი სამმართველოების საქალაქო და რაიონული სამმართველოს უფროსები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს  მინისტრის ან მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანებით, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში –მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და სამხარეო მთავარი სამმართველოების საქალაქო და რაიონული სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული პირის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს მთავარი სამმართველოს უფროსის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით.

5. სამინისტროს სისტემაში უმცროს და უფროს ოფიცერთა სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების, უმცროს და უფროს ოფიცერთა მორიგი სამხედრო წოდებისა და უფროსი სპეციალური წოდების, აგრეთვე, სამხედრო და სპეციალური წოდების ვადაზე ადრე მინიჭება (გარდა პოლკოვნიკის სამხედრო წოდებისა, რომელსაც ვადაზე ადრე ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი) ხდება მინისტრის ბრძანებით.

6. სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეების (გარდა სსიპ-ების შტატგარეშე მოსამსახურეებისა) თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის მოადგილეების მიერ საკურატორო სფეროების მიხედვით, ხოლო მინისტრის საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფების შტატგარეშე მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის პირველი მოადგილე.

7. სამინისტროს მოსამსახურის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, თანამდებობაზე დანიშვნა, თანამდებობიდან გათავისუფლება, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭება  ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, თუ არ განხორციელდა ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებები. 


მუხლი 72. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილება 
1. მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების (საკურატორო სფეროების მიხედვით) მიერ თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამდებობის პირები (სამსახურის უფროსის მოადგილის ჩათვლით). 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებით, მათი არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ბრძანებით.

3. მინისტრის საკურატორო სფეროში შემავალ დანაყოფებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში მოვალეობის დაკისრება ხდება მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანებით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში –  მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ბრძანებით.

4. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარ სამმართველოებში, ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსა და სამხარეო მთავარ სამმართველოებში შემავალი ნუსხის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს ამავე მთავარი სამმართველოს უფროსის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით.

5.  სამინისტროს სისტემაში რიგითი, კაპრალებისა და სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, მათთვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება, აგრეთვე, საშუალო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება მინისტრის პირველი მოადგილის და მინისტრის მოადგილეების მიერ, საკურატორო სფეროების მიხედვით, ამ წესით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების გარდა.

6. მინისტრის საკურატორო სფეროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ყველა მოსამსახურეს (71-ე და 73-ე მუხლებით გათვალისწინებული თანამდებობის პირების გარდა) თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დაითხოვს, ამასთან რიგითი, კაპრალისა და სერჟანტის შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ჩარიცხავს, სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს, მათთვის მორიგ სამხედრო წოდებას მიანიჭებს, აგრეთვე, საშუალო სპეციალურ წოდებას მიანიჭებს მინისტრის პირველი მოადგილე.

7. 73-ე მუხლით  განსაზღვრული პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა პირს შეიძლება დაევალოს სტრუქტურული ქვედანაყოფის და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით. სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის მოსამსახურეებს დროებით მოვალეობას აკისრებს კურატორი მინისტრის მოადგილე.

8. სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ყველა მოსამსახურეს (73-ე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობების გარდა) თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დაითხოვს,  რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ჩარიცხავს, სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს, რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას მორიგ სამხედრო წოდებას მიანიჭებს, აგრეთვე, უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებას მიანიჭებს კურატორი მინისტრის მოადგილე.

9. მინისტრის მოადგილის საკურატორო სფეროში შემავალ დანაყოფებში სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება (დანიშვნა-გათავისუფლება) განხორციელდეს კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, თუ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა და/ან გათავისუფლება ამ ბრძანებით ერთდროულად განეკუთვნება კურატორი მინისტრის მოადგილისა და მის საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფის ხელმძღვანელის ან სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელების კომპეტენციას (ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობების გარდა).

10. მინისტრის ერთი მოადგილის საკურატორო დანაყოფიდან მინისტრის მეორე მოადგილის საკურატორო დანაყოფში სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილებისას, შესაბამის ბრძანებას გამოსცემს მინისტრის ის მოადგილე, რომლის საკურატორო დანაყოფშიც ხდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა.

11. მინისტრის საკურატორო სფეროში მყოფი ერთი დანაყოფიდან მეორე დანაყოფში ან მინისტრის საკურატოროში შემავალ ერთ-ერთ დანაყოფში სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფიდან, ტერიტორიული ორგანოდან, სსიპ-იდან მოსამსახურეთა (ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობების გარდა) თანამდებობრივი გადაადგილება (დანიშვნა-გათავისუფლება) ხდება მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანებით, ხოლო მისი არყოფნისას – მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ბრძანებით.

12. მინისტრის საკურატორო სფეროში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და სსიპ-ებში მოსამსახურეთა (ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა გარდა) თანამდებობრივი გადაადგილებისას (დანიშვნა-გათავისუფლება) შესაბამის ბრძანებას გამოსცემს მინისტრის ის მოადგილე, რომლის საკურატორო სფეროშიც ხდება პირის თანამდებობაზე დანიშვნა.

13. მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანა და კადრების განკარგულებიდან დათხოვნა ხდება კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებით,  მინისტრის საკურატორო სფეროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის და ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეების - მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანებით, ხოლო დაცვის პოლიციის მოსამსახურეების შემთხვევაში - მათი ხელმძღვანელის  ბრძანებით.

 


მუხლი 73. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელების უფლებამოსილება  
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელების მიერ თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან აღნიშნულ დანაყოფებში შემავალი განყოფილების უფროსი და უფრო დაბალი თანამდებობის პირები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეებისათვის უმცროსი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება შესაბამისად, სტრუქტურული ქვედანაყოფის ან სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელების ბრძანებით. 

 

 


მუხლი 74. სპეციალური ნორმები სსიპ-თან დაკავშირებით
1. სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, თავისი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლება (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. სსიპ „112“-ის დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ამავე სსიპ-ის დირექტორი.

2. სსიპ-ების სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესს, კომპეტენციის ფარგლებში ადგენს სსიპ-ის ხელმძღვანელი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. დაცვის პოლიციაში ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად მოქალაქეებს ჩარიცხავს, უმცროს სპეციალურ წოდებას მიანიჭებს, ვადიანი საკონტრაქტო სამსახურიდან ამორიცხავს, სამსახურიდან დათხოვნისას „რიგითის“ სამხედრო წოდებას მიანიჭებს და  შემდგომში სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხავს დაცვის პოლიციის კურატორი მინისტრის მოადგილე.

4. სსიპ-ის სპეციალური წოდების მქონე პირს (გარდა ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეებისა) უმცროს და პირველად საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი (გარდა დაცვის პოლიციისა). დაცვის პოლიციაში უმცროს და მორიგ საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს დაცვის პოლიციის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, ხოლო სხვა სპეციალურ წოდებებს - კურატორი მინისტრის მოადგილე.

5. დამატებით მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაცვის პოლიციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, განსაზღვრავს მინისტრი.  სპეციალური წოდების მქონე დაცვის პოლიციის მოსამსახურე, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს, ექვემდებარება თანამდებობრივ გადაადგილებას ან სამსახურიდან დათხოვნას.

 

 

 

 

 

 



78. 02/04/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 26 - ვებგვერდი, 03/04/2024 77. 02/04/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 23 - ვებგვერდი, 03/04/2024 76. 25/09/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 75 - ვებგვერდი, 26/09/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 75. 20/07/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 47 - ვებგვერდი, 21/07/2023 74. 02/06/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 35 - ვებგვერდი, 05/06/2023 73. 19/04/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 22 - ვებგვერდი, 20/04/2023 72. 29/12/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 138 - ვებგვერდი, 30/12/2022 71. 26/12/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 129 - ვებგვერდი, 27/12/2022 70. 17/11/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 112 - ვებგვერდი, 17/11/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 69. 04/11/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 103 - ვებგვერდი, 04/11/2022 68. 12/10/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 99 - ვებგვერდი, 13/10/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 67. 01/08/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 77 - ვებგვერდი, 02/08/2022 66. 21/06/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 56 - ვებგვერდი, 22/06/2022 65. 03/06/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 54 - ვებგვერდი, 06/06/2022 64. 21/04/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 41 - ვებგვერდი, 26/04/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 63. 22/03/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 33 - ვებგვერდი, 23/03/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 62. 16/02/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 17 - ვებგვერდი, 17/02/2022 61. 28/01/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 7 - ვებგვერდი, 31/01/2022 60. 29/12/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 83 - ვებგვერდი, 29/12/2021 59. 13/12/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 76 - ვებგვერდი, 14/12/2021 58. 16/11/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 67 - ვებგვერდი, 17/11/2021 57. 16/10/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 63 - ვებგვერდი, 16/10/2021 56. 24/09/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 56 - ვებგვერდი, 27/09/2021 55. 02/07/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 39 - ვებგვერდი, 02/07/2021 54. 01/09/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 131 - ვებგვერდი, 02/09/2020 53. 29/07/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 110 - ვებგვერდი, 30/07/2020 52. 06/05/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 51 - ვებგვერდი, 07/05/2020 51. 03/04/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 27 - ვებგვერდი, 03/04/2020 50. 11/12/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 101 - ვებგვერდი, 12/12/2019 49. 16/09/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 83 - ვებგვერდი, 17/09/2019 48. 16/07/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 61 - ვებგვერდი, 16/07/2019 47. 02/07/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 56 - ვებგვერდი, 02/07/2019 46. 12/06/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 48 - ვებგვერდი, 13/06/2019 45. 30/05/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 43 - ვებგვერდი, 30/05/2019 44. 15/05/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 41 - ვებგვერდი, 17/05/2019 43. 17/04/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 32 - ვებგვერდი, 17/04/2019 42. 17/04/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 31 - ვებგვერდი, 17/04/2019 41. 27/02/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 19 - ვებგვერდი, 27/02/2019 40. 11/02/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 13 - ვებგვერდი, 12/02/2019 39. 27/11/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 134 - ვებგვერდი, 27/11/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 21/11/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 132 - ვებგვერდი, 22/11/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 37. 13/11/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 128 - ვებგვერდი, 14/11/2018 36. 06/11/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 126 - ვებგვერდი, 06/11/2018 35. 02/11/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 125 - ვებგვერდი, 05/11/2018 34. 31/10/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 123 - ვებგვერდი, 01/11/2018 33. 24/10/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 121 - ვებგვერდი, 26/10/2018 32. 24/09/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 112 - ვებგვერდი, 25/09/2018 31. 19/09/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 99 - ვებგვერდი, 20/09/2018 30. 20/08/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 92 - ვებგვერდი, 20/08/2018 29. 03/08/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 87 - ვებგვერდი, 03/08/2018 28. 16/07/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 82 - ვებგვერდი, 17/07/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 12/07/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 79 - ვებგვერდი, 12/07/2018 26. 12/07/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 78 - ვებგვერდი, 12/07/2018 25. 14/06/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 66 - ვებგვერდი, 14/06/2018 24. 19/02/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 16 - ვებგვერდი, 20/02/2018 23. 07/02/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 13 - ვებგვერდი, 07/02/2018 22. 26/01/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 6 - ვებგვერდი, 26/01/2018 21. 30/06/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 333 - ვებგვერდი, 30/06/2017 20. 14/06/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 297 - ვებგვერდი, 14/06/2017 19. 17/05/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 261 - ვებგვერდი, 18/05/2017 18. 30/11/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 669 - ვებგვერდი, 01/12/2016 17. 09/09/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 513 - ვებგვერდი, 12/09/2016 16. 02/09/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 495 - ვებგვერდი, 05/09/2016 15. 28/07/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 408 - ვებგვერდი, 28/07/2016 14. 15/07/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 391 - ვებგვერდი, 18/07/2016 13. 20/04/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 200 - ვებგვერდი, 21/04/2016 12. 06/07/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 488 - ვებგვერდი, 07/07/2015 11. 06/04/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 269 - ვებგვერდი, 08/04/2015 10. 31/03/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 244 - ვებგვერდი, 01/04/2015 9. 22/12/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1031 - ვებგვერდი, 23/12/2014 8. 05/12/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 961 - ვებგვერდი, 05/12/2014 7. 29/08/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 663 - ვებგვერდი, 01/09/2014 6. 30/06/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 484 - ვებგვერდი, 01/07/2014 5. 23/05/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 388 - ვებგვერდი, 27/05/2014 4. 18/03/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 217 - ვებგვერდი, 21/03/2014 3. 19/03/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 219 - ვებგვერდი, 19/03/2014 2. 07/02/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 102 - ვებგვერდი, 11/02/2014 1. 21/01/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 43 - ვებგვერდი, 23/01/2014