დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2645-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 450090050.05.001.017494
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2645-რს
01/08/2014
ვებგვერდი, 18/08/2014
450090050.05.001.017494
დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (18/08/2014 - 21/04/2017)

 

საქართველოს კანონი

 

 

დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

  ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის ფორმირების სფეროში და საქართველოს სხვა კანონებთან ერთად საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდის დაკომპლექტების საფუძველია; უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის წარმოებასა და განვითარებას, საქართველოს მატერიალური დოკუმენტური მემკვიდრეობის დაცვას, შენახვასა და საყოველთაო ხელმისაწვდომობას; ადგენს დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის სახეობებს, დოკუმენტის მწარმოებლისა და დოკუმენტის მიმღების კატეგორიებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდის ფორმირების წესს და პასუხისმგებლობას განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის.

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

        მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

  ამ კანონის მოქმედება ვრცელდება დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის მწარმოებელზე, დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის ეროვნულ და ადგილობრივ მიმღებებზე, აგრეთვე ფიზიკურ და  იურიდიულ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის მიღებაში, გავრცელებაში, წარმოებაში, გადაცემასა და დაცვაში.

 

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

   დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ამ კანონისაგან და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

 

     მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

     ამ  კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

   ა) ეროვნული ბიბლიოგრაფია – ბიბლიოგრაფია, რომელიც აღწერს, არეგისტრირებს და აღრიცხავს შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოცემულ ყველა სახეობის დოკუმენტს, აგრეთვე ამ ქვეყნის შესახებ უცხოურ პუბლიკაციებს და ქვეყნის ფარგლების გარეთ გამოცემულ თანამემამულეთა ნაშრომებს;

   ბ) დოკუმენტი – მატერიალური ობიექტი მასზე მოცემული ნებისმიერი ფორმის ინფორმაციით, რომელიც წარმოდგენილია ტექსტის, ხმოვანი ჩანაწერის, გამოსახულების ან მათი კომბინაციის სახით, რომლის რეკვიზიტებით ხორციელდება მისი იდენტიფიცირება და რომელიც განკუთვნილია დროსა და სივრცეში საზოგადოებრივი გამოყენების მიზნით გადასაცემად და შესანახად;

   გ) ელექტრონული დოკუმენტი – დოკუმენტი, რომლის დაცვა, გადაცემა, ნახვა, წაკითხვა ან მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონულ (მაგნიტურ, ოპტიკურ და სხვ.) მატარებელზე, ელექტრონული საშუალების გამოყენებით. ელექტრონული დოკუმენტი შეიძლება იყოს 2 სახის: ავტონომიური და ქსელური;

   დ) ავტონომიური ელექტრონული დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც გამოცემულია ინფორმაციის ელექტრონულ (მაგნიტურ, ოპტიკურ და სხვ.) მატარებელზე (CD, DVD და სხვ.) და რომლით სარგებლობა შესაძლებელია ავტონომიურად, ელექტრონული საშუალების გამოყენებით;

  ე) ქსელური ელექტრონული დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნებულია ინტერნეტში, იმის მიუხედავად, შეზღუდულია თუ არა მისი ხელმისაწვდომობა, და რომელიც შესაძლებელია შეიცავდეს მთლიან ვებგვერდს ან მის ნაწილს ან ელექტრონული დოკუმენტის გავრცელების ნებისმიერი ფორმატის (HTML, PDF და სხვ.) ფაილს;

   ვ) ეგზემპლარი – ტირაჟირებული დოკუმენტის ნიმუში, რომელიც ორიგინალის იდენტურია;

   ზ) დოკუმენტის მწარმოებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის მომზადებასა და პუბლიკაციას (გამოშვებას). დოკუმენტების მწარმოებლები არიან გამომცემლები, საგამომცემლო-პოლიგრაფიული და პოლიგრაფიული საწარმოები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა რედაქციები, მუსიკალურ გამოცემათა მწარმოებელი ორგანიზაციები, ტელე- და რადიოკომიტეტები, კინოსტუდიები, ვიდეო- და კინემატოგრაფიული საწარმოები, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, სახელმწიფო სტრუქტურები, უმაღლესი სასწავლებლები, საპროექტო, საკონსტრუქტორო და სხვა დაწესებულებები და ორგანიზაციები, აგრეთვე კერძო პირები, რომლებიც ამზადებენ და გამოსცემენ სხვადასხვა სახეობის დოკუმენტებს;

   თ) დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარი (შემდგომ – სავალდებულო ეგზემპლარი) – სხვადასხვა სახეობის, არანაკლებ 100 ერთეულის ოდენობით ტირაჟირებული დოკუმენტის ნიმუში, რომელიც დოკუმენტის მწარმოებელმა შესაბამის ბიბლიოთეკას ამ კანონით დადგენილი წესითა და რაოდენობით უსასყიდლოდ უნდა გადასცეს;

  ი) ეროვნული სავალდებულო ეგზემპლარი – სხვადასხვა სახეობის დოკუმენტის ეგზემპლარი, რომელიც დამზადებულია საქართველოს  ტერიტორიაზე ან მისი ფარგლების გარეთ, საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციების ან პირების შეკვეთით, აგრეთვე დოკუმენტი, რომელიც იმპორტირებულია საქართველოში საზოგადოებრივი გავრცელებისათვის და რომელიც შესაბამის ორგანიზაციებს ამ კანონით დადგენილი წესით უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს. ეროვნული სავალდებულო ეგზემპლარებით კომპლექტდება დოკუმენტების ეროვნული მიმღებები;

   კ) ავტონომიური სავალდებულო ეგზემპლარი – სხვადასხვა სახეობის დოკუმენტის ეგზემპლარი, რომელიც დამზადებულია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე ან მათი ფარგლების გარეთ, ამ ავტონომიურ რესპუბლიკებში რეგისტრირებული ორგანიზაციების ან პირების შეკვეთით და რომელიც შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ბიბლიოთეკას ამ კანონით დადგენილი წესით უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს;

  ლ) ადგილობრივი სავალდებულო ეგზემპლარი – სხვადასხვა სახეობის დოკუმენტის ეგზემპლარი, რომელიც დამზადებულია საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე ან მისი ფარგლების გარეთ, ამ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრირებული ორგანიზაციების ან პირების შეკვეთით და რომელიც დოკუმენტის მწარმოებელმა აღნიშნული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის  შესაბამის ბიბლიოთეკებს ამ კანონით დადგენილი წესით უსასყიდლოდ უნდა გადასცეს;

  მ) დოკუმენტის მიმღები – ამ კანონით განსაზღვრული ეროვნული ბიბლიოგრაფიის მწარმოებელი;

   ნ) სავალდებულო ეგზემპლარის სისტემა – სავალდებულო ეგზემპლარების სახეობების ერთობლიობა, აგრეთვე მათი შეგროვების, დანაწილებისა და გამოყენების დადგენილი წესი;

   ო) საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი – ყველა სახეობის დოკუმენტების ფონდი, რომელიც დაკომპლექტებულია ეროვნული სავალდებულო ეგზემპლარებით, დანაწილებულია ამ კანონის შესაბამისად და განკუთვნილია მუდმივი შენახვისა და საზოგადოებრივი გამოყენებისათვის. ეს ფონდი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია;

   პ) ადგილობრივი საბიბლიოთეკო ფონდი – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე ორგანიზებული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი, რომელსაც ქმნის დოკუმენტის ადგილობრივი მწარმოებელი ამ კანონით განსაზღვრული დოკუმენტების ადგილობრივი მიმღებებისათვის გადაცემის, დაცვისა და საყოველთაო ხელმისაწვდომობისათვის. ადგილობრივი საბიბლიოთეკო ფონდი კომპლექტდება ავტონომიური და ადგილობრივი სავალდებულო ეგზემპლარებით.

 

     მუხლი 4. სავალდებულო ეგზემპლარის სისტემის შექმნის მიზანი

    სავალდებულო ეგზემპლარის სისტემის შექმნის მიზანია:

  ა) საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის, დაკომპლექტების სრულყოფა;

  ბ) ამ კანონით განსაზღვრულ სავალდებულო ეგზემპლარის ეროვნულ, ავტონომიურ და ადგილობრივ მიმღებებში სავალდებულო ეგზემპლარების მუდმივი დაცვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

  გ) მისი  მომხმარებელთა  საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული და საბიბლიოთეკო მომსახურების მიზნით გამოყენება;

  დ) დოკუმენტების სახელმწიფო რეგისტრაცია (ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური), სახელმწიფო ბიბლიოგრაფიული აღრიცხვა, სახელმწიფო ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება;

  ე) მიმდინარე და რეტროსპექტული სახელმწიფო სარეგისტრაციო ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლებისა და სტატისტიკური ცნობარების გამოცემის უზრუნველყოფა;

  ვ) სასიგნალო და რეფერატული ინფორმაციის გაერთიანებული კატალოგების მომზადება და გამოცემა მიღებული დოკუმენტების სახეობათა შესაბამისად;

  ზ) საზოგადოების ინფორმირება ყველა სახეობის სავალდებულო ეგზემპლარების მიღების შესახებ;

  თ) ცენტრალიზებული კატალოგის წარმოება მიღებული დოკუმენტების სახეობათა შესაბამისად;

  ი) მიღებული დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის, საინფორმაციო-ტელესაკომუნიკაციო ქსელების საშუალებით.

 

  მუხლი 5. დოკუმენტების სახეობები, რომლებიც სავალდებულო ეგზემპლარებს განეკუთვნება

   სავალდებულო ეგზემპლარებს განეკუთვნება დოკუმენტების შემდეგი სახეობები:

   ა) ბეჭდური დოკუმენტები (ტექსტური – წიგნები, ბროშურები, ჟურნალები, გაზეთები, სანოტო გამოცემები, გეოგრაფიული რუკები, ატლასები და სხვ.; გაგრძელებადი გამოცემები – შრომები, ალმანახები, წელიწდეულები; ფურცლოვანი გამოცემები – აფიშები, ბუკლეტები, პროგრამები და სხვ.; სახვითი გამოცემები – პლაკატები, ესტამპები, რეპროდუქციების კომპლექტები, კალენდრები, ეტიკეტები, საფოსტო ბარათები,  ფილატელიური კატალოგები და სხვ.), რომლებმაც გაიარა სარედაქციო-საგამომცემლო დამუშავება, პოლიგრაფიულად დამოუკიდებლადაა გაფორმებული და ახლავს სარედაქციო გამოსასვლელი ცნობები;

  ბ) უსინათლოთათვის და სუსტი მხედველობის მქონეთათვის განკუთვნილი გამოცემები – გამოცემები, დამზადებული რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტით, ბრაილის სისტემის მიხედვით, რელიეფურ-გრაფიკული გამოცემები, ხმოვანი წიგნები, მსხვილშრიფტიანი გამოცემები სუსტი მხედველობის მქონეთათვის, ელექტრონული გამოცემები უსინათლოთათვის (ადაპტირებული გამოცემები ბრაილის დისპლეისა და მეტყველების სინთეზატორის გამოყენებით);

  გ) აუდიოვიზუალური ნაწარმოებები – კინო-, ვიდეო-, ფონო-, ფოტოპროდუქცია და მათი კომბინაციები, შექმნილი და რეპროდუცირებული ინფორმაციის ნებისმიერ მატარებელზე;

  დ) ელექტრონული დოკუმენტები – დოკუმენტები, რომლებშიც ინფორმაცია მოცემულია ელექტრონულ-ციფრული ფორმით და რომლებმაც გაიარა სარედაქციო-საგამომცემლო დამუშავება, ახლავს გამოსასვლელი ცნობები და რომელთა ტირაჟირება და გავრცელება ხორციელდება ელექტრონული საშუალებებით;

   ე) გამოუცემელი დოკუმენტები – დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს სამეცნიერო-კვლევით, საცდელ-საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიურ ნაშრომებს (დისერტაციები, ავტორეფერატები, დეპონირებული სამეცნიერო შრომები);

   ვ) კომბინირებული დოკუმენტები – მულტიმედია – დოკუმენტების ერთობლიობა, შესრულებული ინფორმაციის სხვადასხვა მატარებელზე (ბეჭდური, აუდიოვიზუალური, ელექტრონული);

   ზ) საფოსტო მარკები.

 

  მუხლი 6. დოკუმენტების სახეობები, რომლებიც სავალდებულო ეგზემპლარებს არ განეკუთვნება

     სავალდებულო ეგზემპლარებს არ განეკუთვნება დოკუმენტების შემდეგი სახეობები:

  ა) შესავსები ფორმები და ბლანკები, კონვერტები და საფოსტო გზავნილების მასალები, მოსაწვევები, მენიუები, ბილეთები, დოკუმენტების ნაწილები, თამაშები;

   ბ) სახელმწიფო და პირადი საიდუმლოებების შემცველი, აგრეთვე საწარმოო დოკუმენტები;

   გ) საპატენტო დოკუმენტები – პატენტების აღწერილობები და განაცხადები სამრეწველო საკუთრების შესახებ;

  დ) პროგრამები ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანებისათვის და მონაცემთა ბაზები ინფორმაციის მატერიალურ მატარებელზე;

  ე) ლარის ბანკნოტები და მონეტები და მათ დამზადებასთან დაკავშირებული ბეჭდური და ელექტრონული დოკუმენტები.

 

თავი II

დოკუმენტის მწარმოებლის უფლებები და მოვალეობები

 

 მუხლი 7. სავალდებულო ეგზემპლარის მომზადების, პუბლიკაციისა (გამოშვებისა) და დანაწილების (გადაცემის, მიწოდების) ხარჯები

     1. დოკუმენტის მწარმოებელი ვალდებულია სავალდებულო ეგზემპლარი უსასყიდლოდ გადასცეს დოკუმენტის მიმღებს. დოკუმენტის მწარმოებელი  სავალდებულო ეგზემპლარის მომზადების, პუბლიკაციისა (გამოშვებისა) და დანაწილების (გადაცემის, მიწოდების) ხარჯებს ასახავს წარმოებული საგამომცემლო პროდუქციის თვითღირებულებაში, რომელსაც სავალდებულო ეგზემპლარი მოიცავს.

   2. დეფექტიან სავალდებულო ეგზემპლარს დოკუმენტის მიმღების მოთხოვნით დოკუმენტის მწარმოებელი 1 თვის ვადაში ჩაანაცვლებს.

 

  მუხლი 8. სავალდებულო ეგზემპლარის ეროვნული და ადგილობრივი საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდების შექმნის მიზანი

  საქართველოს ტერიტორიაზე გამოცემული ყველა სახეობის დოკუმენტის დაცვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იქმნება სავალდებულო ეგზემპლარის ეროვნული და ადგილობრივი საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდები.

 

    მუხლი 9. ბეჭდური დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემა

   1. დოკუმენტის მწარმოებელი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცემს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 2 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს.

   2. დოკუმენტის მწარმოებელი პოლიგრაფიული საწარმოს საშუალებით გადასცემს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალურ ბიბლიოთეკებს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 1 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს.

   3. დოკუმენტის მწარმოებელი პოლიგრაფიული საწარმოს საშუალებით გადასცემს შესაბამის დოკუმენტის ადგილობრივ მიმღებს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 1 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს ამ კანონის მე-18 მუხლში ჩამოთვლილ სავალდებულო ეგზემპლარების მიმღებთა მიხედვით.

 

   მუხლი 10. გამოუცემელი დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემა

   დისერტაციებს, ავტორეფერატებსა და დეპონირებულ სამეცნიერო შრომებს სავალდებულო ეგზემპლარის უფლებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცემენ საქართველოს შესაბამისი სამეცნიერო საბჭოები. ამასთანავე:

   ა) დისერტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა 1 ეგზემპლარის ოდენობით და ელექტრონული ვერსიის სახით, სამეცნიერო ხარისხის მინიჭებიდან 30 დღის განმავლობაში;

  ბ) ავტორეფერატი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა 2 ეგზემპლარის ოდენობით და ელექტრონული ვერსიის სახით, სამეცნიერო ხარისხის მინიჭებიდან 30 დღის განმავლობაში;

  გ) დეპონირებული სამეცნიერო შრომა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა შესაბამისი სამეცნიერო საბჭოს მიერ დეპონირებულ ნაშრომად აღიარებიდან 30 დღის განმავლობაში.

 

  მუხლი 11. უსინათლოთათვის განკუთვნილი სავალდებულო ეგზემპლარების გადაცემა

   ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი დოკუმენტი და ხმოვანი წიგნი გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას თითო ეგზემპლარის ოდენობით, ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში.

 

    მუხლი 12. აუდიოვიზუალური ნაწარმოების სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემა

   აუდიოვიზუალური ნაწარმოები გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და საქართველოს ეროვნულ არქივს ორ-ორი ეგზემპლარის ოდენობით. ამასთანავე, აუდიონაწარმოები მათ გადაეცემა გამოსვლის დღეს, ფილმი და ვიდეოდოკუმენტი კი –  კოპირებისთანავე.

 

   მუხლი 13. სათამაშო, მულტიპლიკაციური, დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სავალდებულო ეგზემპლარების გადაცემა

   სათამაშო, მულტიპლიკაციური, დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმები ასლების (პოზიტივების) სახით გადაეცემა საქართველოს ეროვნულ  არქივს თითო ეგზემპლარის ოდენობით, მათი დამონტაჟებიდან და დუბლირებიდან 1 თვის ვადაში.

 

    მუხლი 14. ავტონომიური ელექტრონული დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემა

    1. ავტონომიური ელექტრონული დოკუმენტი გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას 2 ეგზემპლარის ოდენობით, თუ გამოცემულია მისი არანაკლებ 20 ეგზემპლარი.

   2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ავტონომიურ ელექტრონულ დოკუმენტზე, რომლის ელექტრონული საშუალების გარეშე გამოყენება შეუძლებელია, გარდა კომპიუტერული პროგრამისა და კომპიუტერული თამაშისა.

  3. დოკუმენტის მწარმოებელმა ავტონომიური ელექტრონული დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარი დოკუმენტის მიმღებს უნდა გადასცეს ისეთი სახით, როგორითაც ის საზოგადოებრივი გამოყენებისათვის ვრცელდება.

 

  მუხლი 15. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხოეთში გამოცემული დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემის წესი

   1. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხოეთში გამოცემული და დოკუმენტის მწარმოებლის მიერ გამავრცელებლის საშუალებით საქართველოში შემოტანილი დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემის ვალდებულება ვრცელდება ყველა სახეობის დოკუმენტზე, რომლის არანაკლებ 100 ეგზემპლარია შემოტანილი.

     2. უცხოეთში გამოცემული და საქართველოში შემოტანილი დოკუმენტი გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას 2 ეგზემპლარის ოდენობით, საქართველოში შემოტანის დღიდან 2 კვირის ვადაში.

 

     მუხლი 16. დოკუმენტის მწარმოებლის უფლებები

   დოკუმენტის მწარმოებელს უფლება აქვს, მოსთხოვოს დოკუმენტის მიმღებს:

  ა) გადაცემული სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ ინფორმაცია უფასოდ, გადაცემიდან 1 თვის ვადაში გამოაქვეყნოს სახელმწიფო ბიბლიოგრაფიულ, სასიგნალო და რეფერატულ გამოცემებში;

   ბ) სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია შეიტანოს ელექტრონულ კატალოგებსა და მონაცემთა ბაზებში;

   გ) მიიღოს გადაცემული დოკუმენტის ასლი, აგრეთვე სტატისტიკური და ფაქტოგრაფიული ცნობები მის მიერ გამოცემული პროდუქციის შესახებ;

   დ) ასახოს სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემის ხარჯები შესაბამისი დოკუმენტის მთლიანი ტირაჟის თვითღირებულებაში.

 

თავი III

სავალდებულო ეგზემპლარის  მიმღები, მისი უფლებები და მოვალეობები

 

    მუხლი 17. საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდების მფლობელები

   საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდები იქმნება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (შემდგომ – ეროვნული ბიბლიოთეკა) და საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

   მუხლი 18. ავტონომიური და ადგილობრივი სავალდებულო ეგზემპლარების გადაცემა

  დოკუმენტების მწარმოებლები შესაბამისად ავტონომიურ და ადგილობრივ სავალდებულო ეგზემპლარებს გადასცემენ შემდეგ ბიბლიოთეკებს:

   ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა – პაპასკირის სახელობის აფხაზეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას;

   ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – ა. წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას;

   გ) ქალაქ ქუთაისის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები – ქუთაისის სამეცნიერო-უნივერსალურ ბიბლიოთეკას;

  დ) ქალაქ ფოთის, ქალაქ ზუგდიდის, ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, მესტიის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას;

  ე) ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას;

  ვ) ქალაქ ამბროლაურის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები – ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას;

   ზ) ქალაქ თელავის, თელავის, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები – თელავის ცენტრალურ საქალაქო ბიბლიოთეკას;

   თ) ქალაქ ახალციხის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები – ახალციხის საბიბლიოთეკო გაერთიანების ცენტრალურ ბიბლიოთეკას;

  ი) ქალაქ გორის, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები – გორის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკას;

   კ) ქალაქ რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები – რუსთავის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას;

  ლ) ქალაქ მცხეთის, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები – მცხეთის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას;

   მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი – საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.

 

    მუხლი 19. სავალდებულო ეგზემპლარის მიმღების უფლებები

   სავალდებულო ეგზემპლარის მიმღებ ბიბლიოთეკას უფლება აქვს:

   ა) მოითხოვოს არასრულყოფილი სავალდებულო ეგზემპლარის უფრო სრულყოფილი ეგზემპლარით შეცვლა;

   ბ) მოითხოვოს ის ეგზემპლარი, რომელიც მას არ გადასცა მწარმოებელმა ორგანიზაციამ.

 

    მუხლი 20. სავალდებულო ეგზემპლარის მიმღების მოვალეობები

   სავალდებულო ეგზემპლარის მიმღები დაწესებულება და ორგანიზაცია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან:

  ა) აწარმოონ სავალდებულო ეგზემპლარის ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური რეგისტრაცია;

   ბ) გამოსცენ მიმდინარე სარეგისტრაციო ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლები ამ კანონით დადგენილი დოკუმენტების სახეობების მიხედვით;

  გ) გააკონტროლონ სავალდებულო ეგზემპლარის მიღება და დაცვა მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;

  დ) უზრუნველყონ სავალდებულო ეგზემპლარის საყოველთაო ხელმისაწვდომობა მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით;

  ე) მიღებული სავალდებულო ეგზემპლარების ბაზაზე შექმნან მონაცემთა ინტეგრალური ბიბლიოგრაფიული ბაზები და ამ მიმართულებით კოორდინირებულად იმუშაონ საქართველოს სხვა ბიბლიოთეკებთან;

   ვ) დაიცვან ავტონომიური ელექტრონული დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარი მომავალი თაობებისათვის გამოსაყენებელ მდგომარეობაში; უზრუნველყონ ფასიანი ავტონომიური ელექტრონული დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის ხელმისაწვდომობა  თავიანთ სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტის ეროვნული მიმღების რეგისტრირებული მკითხველებისთვის საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

      მუხლი 21. ეროვნული ბიბლიოთეკის უფლებამოსილებები

     ეროვნული ბიბლიოთეკის უფლებამოსილებებია:

  ა) ბეჭდური დოკუმენტების სახელმწიფო რეგისტრაცია (ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური);

    ბ) ბეჭდური დოკუმენტების სახელმწიფო ბიბლიოგრაფიული აღრიცხვის წარმოება;

   გ) საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდის  ბეჭდური დოკუმენტებით დაკომპლექტება;

   დ) ბეჭდური დოკუმენტების დაცვისა და გამოყენების უზრუნველყოფა ეროვნული სავალდებულო ეგზემპლარების მიღების საფუძველზე;

  ე) ელექტრონული დოკუმენტების მიღების, შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

    ვ) მიღებული სავალდებულო ეგზემპლარების სისრულის კონტროლი;

  ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

 

      მუხლი 22. სავალდებულო ეგზემპლარით სარგებლობის უფლება

   ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება, ისარგებლოს სავალდებულო ეგზემპლარით იმ წესების შესაბამისად, რომლებიც მოქმედებს სავალდებულო ეგზემპლარის მიმღებ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში.

 

თავი IV. კონტროლი და პასუხისმგებლობა

 

     მუხლი 23. კონტროლის განმახორციელებელი ორგანო

   1. სავალდებულო ეგზემპლარის დოკუმენტის მიმღებისთვის გადაცემას აკონტროლებს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის წიგნის (ISBN), სერიული (ISSN) და მუსიკალური გამოცემების (ISMN) საერთაშორისო სტანდარტული ნომრის განყოფილება.

   2. მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს  ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდის მფლობელი ან დოკუმენტის ადგილობრივი მიმღები დოკუმენტის მწარმოებელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას დარღვევის შესახებ, რომელიც დოკუმენტის მწარმოებელმა უნდა გამოასწოროს შეტყობინებიდან 1 თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტის მწარმოებელს დაეკისრება სავალდებულო ეგზემპლარის გადაუცემლობისათვის ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

      მუხლი 24. დოკუმენტის მწარმოებლის პასუხისმგებლობა

  1. ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დოკუმენტის მწარმოებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

   2. ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი), ხოლო საქმეს განიხილავს სასამართლო.

  3. დოკუმენტის მწარმოებლის მიერ სავალდებულო ეგზემპლარის გადაუცემლობა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით და იურიდიული პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

 

თავი V. დასკვნითი დებულებანი

 

    მუხლი 25. კანონის ამოქმედება

   1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის 24-ე მუხლისა, ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.

   2. ამ კანონის 24-ე მუხლი ამოქმედდეს 2015 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 აგვისტო 2014 წ.

N2645-რს