სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5361-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 430080000.05.001.018149
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5361-IIს
08/06/2016
ვებგვერდი, 17/06/2016
430080000.05.001.018149
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (05/07/2018 - 20/09/2019)

 

საქართველოს კანონი

 

 

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აწესრიგებს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ ლიცენზიის გამცემს და სააღმზრდელო საქმიანობის დამატებით სალიცენზიო პირობებს.

2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, გარდა მინდობით აღზრდისა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებისა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლა-პანსიონისა, აგრეთვე ისეთი დაწესებულებისა, რომელშიც ბავშვი იმყოფება წელიწადში არაუმეტეს 3 თვისა.

საქართველოს 2018 წლის  5   ივლისის   კანონი №3108  – ვებგვერდი,  11 .07.2018წ.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პერსონალი – აღმზრდელი, აგრეთვე ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სააღმზრდელო პროცესში;

ბ) სააღმზრდელო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაკავშირებულია ბავშვის შემეცნებით, ემოციურ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე სისტემურ ზრუნვასთან და სადღეღამისო მომსახურების განხორციელებასთან და რომლის მიზანია ბავშვის პიროვნული, ზნეობრივი, ინტელექტუალური, უნარ-ჩვევებისა და ადაპტაციური ქცევის ჩამოყალიბება;

გ) ლიცენზიის მაძიებელი − სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მიღების მსურველი პირი;

დ) ლიცენზიის მფლობელი − პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტით მინიჭებული აქვს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება;

ე) ფილიალი − ლიცენზიის მფლობელის მიერ ადმინისტრირებადი სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი, დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ობიექტი;

ვ) ლიცენზიის გამცემი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) შესაბამისი სამსახური, რომელიც გასცემს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას.

საქართველოს 2018 წლის  5   ივლისის   კანონი №3108  – ვებგვერდი,  11 .07.2018წ.

 

მუხლი 3. სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების სპეციალური წესი

1. სამინისტრო შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების ტერიტორიას და რაოდენობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირის შერჩევის წესსა და პირობებს.

2. აკრძალულია ამ მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით, სხვა ტერიტორიაზე და სხვა რაოდენობის სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელება. 

3. სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში სამინისტროს/სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის დაშვება მის მიერ სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების ტერიტორიაზე და ხელი შეუწყოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ლეგიტიმური უფლებამოსილების განხორციელებას.

4. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 4. ლიცენზიის გამცემი

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს სამინისტროს შესაბამისი სამსახური. ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით.

 

მუხლი 5. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

ლიცენზიის მაძიებელმა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის გამცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარუდგინოს:

ა) სააღმზრდელო პროგრამა. იგი უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილ სააღმზრდელო საქმიანობის დამატებით სალიცენზიო პირობებს;

ბ) ინფორმაცია პერსონალის რაოდენობის, პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე პერსონალის ძირითადი და დამატებითი სამუშაო ადგილების შესახებ. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ ინფორმაციას უნდა ერთოდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის ლიცენზიის მიღების პირობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილ სააღმზრდელო საქმიანობის დამატებით სალიცენზიო პირობებს;

გ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. იგი უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილ სააღმზრდელო საქმიანობის დამატებით სალიცენზიო პირობებს;

დ) იმ შენობა-ნაგებობების გეგმა სართულების მიხედვით, სადაც უნდა განხორციელდეს სააღმზრდელო საქმიანობა.

 

მუხლი 6. სააღმზრდელო საქმიანობის დამატებითი სალიცენზიო პირობები ლიცენზიის მფლობელისათვის/ლიცენზიის მაძიებლისათვის

1. ლიცენზიის მაძიებელი/ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) უნდა ჰქონდეს ფართობი. ამ ფართობის არანაკლებ 6 წლის ვადით ფლობის და მისით სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ფართობის იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში მისი ფლობის და მისით სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. ეს ფართობი აღსაზრდელთა რაოდენობის შესაბამისად უნდა მოიცავდეს:

ა.ა) საძინებელ ოთახს (ოთახებს);

ა.ბ) სამზარეულოს/სასადილოს;

ა.გ) ტუალეტს (ტუალეტებს), საშხაპეს (საშხაპეებს), პირსაბანს (პირსაბნებს);

ბ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ასაკის შესაბამისი სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემეცნებითი დანიშნულების ნივთები;

გ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა საჭიროების შესაბამისი საძინებელი ინვენტარი;

დ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ერთდროულად კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობი და შესაბამისი ინდივიდუალური ინვენტარი;

ე) უნდა ჰქონდეს თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთათვის;

ვ) უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს.

2. ის შენობა-ნაგებობანი, სადაც უნდა განხორციელდეს სააღმზრდელო საქმიანობა, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.

3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააღმზრდელო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი წესით.

 

მუხლი 7. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა

1. ლიცენზიის გამცემი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად.

2. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემისას ადმინისტრაციული წარმოების ვადა 3 თვემდე გაზარდოს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი.

3. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე ლიცენზიის გამცემის უარი ლიცენზიის მაძიებელმა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.

4. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია სააღმზრდელო საქმიანობა ფილიალის მეშვეობით განახორციელოს. ფილიალს სააღმზრდელო საქმიანობის განსახორციელებლად ცალკე ლიცენზია არ სჭირდება, თუმცა ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის გამცემს წინასწარ აცნობოს ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ფილიალის მიერ სალიცენზიო საქმიანობის დაწყებამდე შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა იგი სალიცენზიო პირობებს. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ფილიალი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს სალიცენზიო პირობების დასაკმაყოფილებლად გონივრული ვადა განუსაზღვროს. ასეთ შემთხვევაში სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებამდე ფილიალს არ აქვს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება.

 

მუხლი 8. სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება

1. ლიცენზიის მაძიებლის/ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად ლიცენზიის გამცემი, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ლიცენზიის გამცემის მოთხოვნით, უფლებამოსილი არიან, ადგილზე შეამოწმონ ლიცენზიის მაძიებლის/ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო პირობები.

2. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია შეამოწმოს ლიცენზიის მფლობელი, თუ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია ლიცენზიის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების დარღვევის შესახებ.

3. ლიცენზიის გამცემი ადგენს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს.

4. სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 9. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება.

2. ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულად ჩაითვალონ ის სააღმზრდელო დაწესებულებები, რომლებსაც შესაბამისი ლიცენზია მიღებული აქვთ „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ. 72) შესაბამისად.

3. დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ითვლებიან სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონედ.

4. იმ სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია, 2018 წლის 1 სექტემბრამდე არ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 46 2 მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომა.

5. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ. 72).

6. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის   კანონი №1230 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივნისი 2016 წ.

N5361-IIს