მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 143/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016319
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
143/04
05/07/2018
ვებგვერდი, 06/07/2018
220090000.18.011.016319
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/07/2018 - 30/05/2019)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №143/04

2018 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი



მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ამ წესის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში ეროვნული ბანკი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობასა და რეგულირებას ახორციელებს მათთვის ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების დადგენით და მათი შესრულების კონტროლის განხორციელებით.

 


მუხლი 2. წესში გამოყენებულ ცნებათა და ტერმინთა განმარტებანი
ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მიკროკრედიტი/მიკროსესხი – (შემდგომში სესხი) არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა;

ბ) მსესხებელთა ჯგუფი – ორ ან მეტ მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც მსესხებლები მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის წარმოადგენენ ერთ რისკს, აქვთ საერთო მიზნობრიობა ან/და უზრუნველყოფა ან/და ერთ-ერთი მათგანი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ახორციელებს კონტროლს მეორეზე ან დანარჩენებზე ან/და ისეთი ფინანსური კავშირი, როდესაც ერთი მათგანის ფინანსური პრობლემები გამოიწვევს მეორე ან ყველა დანარჩენი მსესხებლის ფინანსურ სირთულეებს;

გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან/და ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახელით აიღოს ვალდებულებები;

დ) ინსაიდერი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შვილობილი/მშობელი საწარმოები, ადმინისტრატორები, პარტნიორები/აქციონერები/ბენეფიციარი მესაკუთრეები, მათთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან ან მათთან დაკავშირებული პირები;

ე) აუტსაიდერი – პირი, რომელიც არ არის ინსაიდერი;

ვ) შვილობილი საწარმო – იურიდიული პირი ან იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აკონტროლებს სათავო საწარმო ან იურიდიული პირი, რომელშიც სათავო საწარმო ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს;

ზ) კონტროლი – საწარმოს (ორგანიზაციის) ფინანსური და სამეურნეო პოლიტიკის მართვის უფლებამოსილება, ამ საქმიანობიდან ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით;

თ) საბლანკო სესხი – სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს უზრუნველყოფა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან/და ღირებულების მიუხედავად იგი არ არის აღსრულებადი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი რეგისტრაციით ან სხვა მიზეზით. აგრეთვე სესხი, რომელიც გაცემულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საკუთარი აქციების, ან/და შვილობილი საწარმოს წილის/აქციების უზრუნველყოფით;

ი) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქმნის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის განეიტრალებისათვის და სხვადასხვა სახის რისკისაგან დასაცავად;

კ) მთლიანი კაპიტალი სხვაობა მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის;

ლ) განაღდებული კაპიტალი (საწესდებო კაპიტალი) – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორთა/აქციონერთა მიერ დათქმული და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი;

მ) მთლიანი აქტივები – აქტივების კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხის ჯამს გამოკლებული აქტივების დაგროვილი ცვეთის და აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები;

ნ) ძირითადი საშუალებები – მატერიალური აქტივები, რომლებიც იმყოფება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განკარგულებაში, გამოიყენება ძირითადი საქმიანობის გასაწევად, ადმინისტრაციული მიზნებისათვის და გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ხნით სარგებლობისათვის;

ო) ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება – ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება დაგროვილი ცვეთის გამოკლებით;

პ) არამატერიალური აქტივები – ისეთი აქტივები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ღირებულება და არ აქვთ მატერიალური ფორმა: პატენტი, ნოუ-ჰაუ, გუდვილი და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტები;

ჟ) არამატერიალური აქტივების ნარჩენი ღირებულება – არამატერიალური აქტივების საბალანსო ღირებულება დაგროვილი ამორტიზაციის გამოკლებით;

რ) მთლიანი ვალდებულებები – ვალდებულებების კლასის საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხების ჯამი;

ს) სუბორდინირებული ვალი – ისეთი ვალი, რომელსაც სხვა მოზიდულ სახსრებთან შედარებით აქვს გადახდის (დაფარვის) უფრო დაბალი პრიორიტეტი - ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები თანხმდებიან, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მძიმე ფინანსური მდგომარეობის, გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, სუბორდინირებული ვალის კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება მხოლოდ ყველა სხვა არააქციონერ/არაპარტნიორ კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ;

ტ) კონვერტირებადი ვალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისას ან ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალში უპირობოდ კონვერტირებადი ვალი;

უ) სარეზერვო ფონდი ფონდი, რომელიც შექმნილი უნდა იყოს წინა წლების გაუნაწილებელი მოგებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განკარგულებაშია და გამოიყენება წარმოშობილი ზარალის დასაფარავად.


მუხლი 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალის ადეკვატურობა
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელებისა და მისი სტაბილური ზრდის, საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფის საშუალება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფინანსური დანაკარგებისა და ზარალის დაფარვის ძირითადი წყარო.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალის მიზანია:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში კრედიტორთა ფულადი სახსრების შესაბამისი გამოყენების საიმედოობა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის რისკებით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე დაყვანა, რათა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფინანსური დანაკარგების, ზარალისა და გადახდისუუნარობის შედეგებით გამოწვეული პროცესები არ გავრცელდეს სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებზე, არ მიიღოს სისტემური ხასიათი და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სისტემური კრიზისის წარმოქმნის ალბათობა;

ბ) უზრუნველყოფილ იქნეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელება, გაიზარდოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოპერაციების გაფართოების შესაძლებლობები როგორც მიმდინარე ეტაპზე, ისე სამომავლოდ. ამასთან, იგი უნდა იძლეოდეს მოსალოდნელი და მოულოდნელი ფინანსური დანაკარგებისა და ზარალის განეიტრალების საშუალებას.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფინანსური სიძლიერის, გადახდისუნარიანობის, საიმედოობისა და მდგრადობის შეფასების ძირითადი კომპონენტია კაპიტალის ადეკვატურობა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალის არსსა და მიზნებს.


მუხლი 4. საზედამხედველო კაპიტალი და მისი გაანგარიშება
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალი უნდა იყოს არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი.
2. საზედამხედველო კაპიტალი გაიანგარიშება, როგორც მთლიანი კაპიტალის, სუბორდინირებული ვალდებულებების და კაპიტალში კონვერტირებადი ვალის ჯამს გამოკლებული დაქვითვის ელემენტები ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. საზედამხედველო კაპიტალში ჩართვის მიზნით სუბორდინირებული ვალდებულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) მიღებული მინიმუმ 5 წლით სარგებლობის ვადით;

ბ) ყოველგვარი უზრუნველყოფისა და გამოყენების შეზღუდვების გარეშე;

გ) ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება შეთანხმებული უნდა იყოს ეროვნულ ბანკთან.

4. ბოლო 5 წლის განმავლობაში სუბორდინირებული სესხი ამორტიზირდება ყოველწლიურად 20%-ით და კაპიტალში ჩაირთვება არაამორტიზირებული ნაწილი.

5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება სუბორდინირებული და კონვერტირებადი ვალის მოზიდვა ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმე ფიზიკური პირისაგან), გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორი/აქციონერისა/ბენეფიციარი მესაკუთრისა.

6. სუბორდინირებული ვალის ჩასართავად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია თანხმობა მიიღოს ეროვნული ბანკისგან, რომელსაც ეროვნული ბანკი გასცემს ხელშეკრულების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

7. საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშებაში სუბორდინირებული ვალდებულება მონაწილეობას მიიღებს საწესდებო კაპიტალისა და სარეზერვო ფონდის ჯამური ოდენობის არაუმეტეს 100%-ისა.


მუხლი 5. ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის დადგენილია შემდეგი ნორმატივები და ლიმიტები:
ა) კკ (კაპიტალის კოეფიციენტი) – საზედამხედველო კაპიტალის თანაფარდობა დაქვითვის შემდგომ მთლიან აქტივებთან 18%, ხოლო იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომელთა ფიზიკური და არასაფინანსო იურიდიული პირებისგან მოზიდული სახსრები აღემატება საზედამხედველო კაპიტალის 50%-ს - 24%;

ბ) ლკ – (ლიკვიდობის კოეფიციენტი) საანგარიშგებო თვის საშუალო ლიკვიდური აქტივების საშუალო ვალდებულებებთან თანაფარდობა 18%, ხოლო იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომელთა ფიზიკური და არასაფინანსო იურიდიული პირებისგან მოზიდული სახსრები აღემატება საზედამხედველო კაპიტალის 50%-ს - 25%;

გ) იკ (ინვესტიციების კოეფიციენტი) – იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალში განხორციელებული წილების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალის 15%-ს;

დ) ქკ (ქონებრივი ინვესტიციის კოეფიციენტი) – ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება და იურიდიულ პირთა კაპიტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ინვესტიციების ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთლიანი კაპიტალის 40%-ს;

ე) ისკ (ინსაიდერების საკრედიტო კოეფიციენტი) – ყველა ინსაიდერის მიმართ არსებული მოთხოვნების ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს;

ვ) დაკ (დაგირავებული აქტივების კოეფიციენტი) – დაგირავებული ან/და იპოთეკით დატვირთული აქტივების მთლიან კაპიტალთან თანაფარდობის კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს 90%-ს. გირავნობა/იპოთეკა უნდა განხორციელდეს იმ აქტივის მოცულობით, რის უზრუნველყოფასაც წარმოადგენს გირავნობის/იპოთეკის საგანი. აღნიშნული კოეფიციენტის გაანგარიშებაში არ მიიღებს მონაწილეობას აქტივების გადაფასების რეზერვი და ფულადი სახსრები, რომლებიც დაგირავებულია სვოპ ოპერაციის მიზნობრიობით.

2. კოეფიციენტების გაანგარიშების მიზნებისათვის:

ა) საზედამხედველო კაპიტალისა და მთლიანი აქტივების დაქვითვის ელემენტებს წარმოადგენს: აქტივების გადაფასების რეზერვი, არამატერიალური აქტივების ნარჩენი ღირებულება და ინვესტიციები შვილობილი საწარმოს საწესდებო კაპიტალში;

ბ) ლიკვიდური აქტივები გაიანგარიშება, როგორც ფულადი სახსრების და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე რიცხული ნაშთების ჯამი. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში მონაწილეობას არ მიიღებს დაჯავშნული/დაგირავებული ფულადი სახსრები და განთავსებული გამოუთხოვადი დეპოზიტები;

გ) ვალდებულებები – მთლიან ვალდებულებებს გამოკლებული:

გ.ა) 6 თვეზე მეტი ნარჩენი დაფარვის ვადის მქონე სუბორდინირებული /კონვერტირებადი ვალდებულებები, კომერციული ბანკებიდან და სხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული ნასესხები სახსრები;

გ.ბ) გაცვლილი ფულადი სახსრების სანაცვლოდ კომერციული ბანკებიდან და ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული სახსრები;

გ.გ) ვალდებულებები, ფულადი გზავნილების მიხედვით იმ ოდენობით, რაც არ აღემატება იგივე შინაარსის მოთხოვნებს ერთი კონტრაგენტის მიმართ;

3. ერთ მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული სესხების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 (ასი ათას) ლარს.


მუხლი 6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებები

 

1. ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან:
ა) განუხრელად დაიცვან ამ წესით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) აწარმოონ გამჭვირვალე, უტყუარი და სრული ფინანსური ანგარიშგება, დაიცვან საჯაროობის პრინციპი და უზრუნველყონ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმა, წარდგენის ვადა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის“ მოთხოვნების შესულება;

გ) ეროვნულ ბანკს წარუდგინონ სუბორდინირებული და კონვერტირებადი ვალის მიღების თაობაზე ხელშეკრულება მისი გაფორმებიდან 10 დღის განმავლობაში;

დ) არ დაუშვან თავიანთი განაღდებული კაპიტალის და სარეზერვო ფონდის შემცირება ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

ე) არ დაუშვან ინსაიდერთა სასარგებლოდ კრედიტებისა და ვალდებულებების გაცემა და მომსახურების გაწევა აუტსაიდერებთან შედარებით უფრო ხელსაყრელი და შეღავათიანი პირობებით და დაიცვან გაშლილი მკლავის პრინციპი.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ნაღდ ფულთან დაკავშირებულ ოპერაციებს, ვალდებულია არამეწარმე ფიზიკური პირისგან ყოველგვარი საზღაურის და შეფერხების გარეშე განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით დამტკიცებული „ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრული I და II კატეგორიის ლარის ბანკნოტების და მონეტების გამოცვლა ან გადაცვლა სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებზე ან მონეტებზე (გარდა ყალბი ლარის ბანკნოტების და მონეტებისა).

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია არ დაუშვას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით დამტკიცებული „ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრული II კატეგორიის ლარის ბანკნოტების და მონეტების მიმოქცევაში დაბრუნება და უზრუნველყონ მათი კომერციულ ბანკში ჩაბარება ან გამოცვლა.

4. საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია შეადგინოს ცნობა (დანართი N1-ის შესაბამისად ) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი – ეძლევა კლიენტს, მეორე – რჩება სალაროს, მესამე – ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 10 დღის განმავლობაში ატყობინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ექსპერტიზის შედეგად ნამდვილი და გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება კლიენტს, ყალბი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება. გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება და მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება შემომტანს.


მუხლი 7. სანქციები და შეზღუდვები 
ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები და შეზღუდვები.

მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი
1. ამ წესის ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა შეავსონ შემდეგი თანმიმდევრობით:
 

ა) არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარისა – 2018 წლის 31 დეკემბრამდე;

ბ) არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარისა – 2019 წლის 30 ივნისამდე.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კაპიტალის კოეფიციენტი უნდა დაიცვან შემდეგი თანმიმდევრობით: 16% 2018 წლის 31 დეკემბრამდე და 18% 2019 წლის 30 ივნისამდე. ხოლო იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, რომელთა ფიზიკური და არასაფინანსო იურიდიული პირებისგან მოზიდული სახსრები აღემატება საზედამხედველო კაპიტალის 50%-ს: 16% 2018 წლის 31 დეკემბრამდე, 20% 2019 წლის 30 ივნისამდე და 24% 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

3. მ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიკვიდობის კოეფიციენტი უნდა დაიცვან შემდეგი თანმიმდევრობით: 16% 2018 წლის 31 დეკემბრამდე და 18% 2019 წლის 30 ივნისამდე. ხოლო იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, რომელთა ფიზიკური და არასაფინანსო იურიდიული პირებისგან მოზიდული სახსრები აღემატება საზედამხედველო კაპიტალის 50%-ს: 16% 2018 წლის 31 დეკემბრამდე, 20% 2019 წლის 30 ივნისამდე და 25% 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული მსხესხებელთა ჯგუფების სასესხო დავალიანების შეკრება და მათი შემდგომი დაკრედიტება განახორციელოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.