დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მზღვეველის მიერ აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 06/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.60.072.016041 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (07/08/2019 - 21/04/2021)
|
მზღვეველის მიერ აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ
|
,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის და 21-ე მუხლის „ე“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტების, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 02 მაისის №102 დადგენილების მე-3 მუხლის „თ“ და ,,ლ” ქვეპუნქტებისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
მზღვეველის გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით, დამტკიცდეს „მზღვეველის მიერ აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესი“ თანდართული სახით.
|
| მუხლი 2 |
1. მზღვეველებმა დაზღვევის ყველა სახეობაში, გარდა ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობისა, ამ ბრძანების თანდართული წესით დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილონ 2020 წლის 1 იანვრიდან.
2. მზღვეველის მიერ 2020 წლის 1 იანვრამდე დადებული გადაზღვევის ხელშეკრულებების (მიუხედავად მათი მოქმედების ვადისა) ფარგლებში გადაზღვეულ რისკებზე ამ ბრძანებით დამტკიცებული წესით დადგენილი მოთხოვნები გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მოქმედება არ ვრცელდება მზღვეველის მიერ 2020 წლის 1 იანვრამდე დადებული დაზღვევის იმ ხელშეკრულებების ფარგლებში აღებულ რისკებზე, რომლებიც არ არის გადაზღვეული და რომელთა მოქმედების ვადა არ აღემატება 2020 წლის 30 ივნისს. 4. მზღვეველი უფლებამოსილია, გადაზღვევის ის ხელშეკრულებები, რომლებიც ითვალისწინებს გაგრძელებას/განახლებას 2020 წლის 1 იანვრის შემდგომ, გააგრძელოს/განაახლოს მხოლოდ ამ ბრძანებით დამტკიცებული წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №05 „მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის შემოღების თაობაზე“.
|
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მზღვეველის მიერ აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესი |
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
1. ეს წესი ადგენს მზღვეველის მიერ ერთი რისკით აღებული ნეტო ვალდებულების მაქსიმალურ ზღვარს საზედამხედველო კაპიტალთან მიმართებაში და მიზნად ისახავს, ერთმა სადაზღვევო შემთხვევამ არ მოახდინოს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მზღვეველის გადახდისუნარიანობაზე/მის საზედამხედველო კაპიტალზე, მზღვეველის საქმიანობას არ დაემუქროს საფრთხე ერთი რისკის გადაჭარბებული ზემოქმედებით.
2. ამ წესით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება სიცოცხლის დაზღვევის, დაზღვევა (არა-სიცოცხლისა) და გადაზღვევის სახეების მიხედვით სადაზღვევო საქმიანობის ყველა სახეობაზე, გარდა ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობისა. 3. გადაზღვევის ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს მხოლოდ იმ გადამზღვეველ კომპანიასთან, რომლის საკრედიტო რეიტინგი/შესაბამისი გადახდისუნარიანობის კოეფიციენტი აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მინიმალურ კრიტერიუმებს, რაც მიზნად ისახავს გადამზღვეველი კომპანიის გადახდისუუნარობით მზღვეველზე უარყოფითი ფინანსური ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანას. 4. ამ წესით დადგენილი მოთხოვნები საკრედიტო რეიტინგებთან/შესაბამის გადახდისუნარიანობის კოეფიციენტებთან დაკავშირებით, არ ვრცელდება მზღვეველის მიერ ერთი რისკის საკუთარი მაქსიმალური ზღვრული შეკავების ფარგლებში (არაუმეტეს საზედამხედველო კაპიტალის 15%) აღებული ვალდებულებების გადაზღვევისას. 5. ამ წესით დადგენილი მოთხოვნები საკრედიტო რეიტინგებთან/შესაბამის გადახდისუნარიანობის კოეფიციენტებთან დაკავშირებით ფაკულტატური გადაზღვევის ხელშეკრულებების შემთხვევებში არ ვრცელდება საქართველოში ლიცენზირებულ მზღვეველზე/გადამზღვეველ კომპანიაზე, რომელიც ახორციელებს გადაზღვევის საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები
|
ამ წესის მიზნებისთვის ქვემოთ მოცემულ ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მზღვეველი – სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად და რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამის სახეში ლიცენზია; ბ) გადამზღვეველი კომპანია – იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს გადაზღვევის საქმიანობას/სადაზღვევო რისკის მთლიან ან ნაწილობრივ მიღებას; გ) გადაზღვევა – ოპერაცია, რომლის თანახმად მზღვეველი, გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე და თითოეული ასეთი ხელშეკრულების თავისებურების გათვალისწინებით, ახორციელებს სადაზღვევო რისკის და მასთან დაკავშირებული შესაძლო ზარალის მთლიან ან ნაწილობრივ გადაცემას გადამზღვეველისთვის; დ) ობლიგატორული გადაზღვევა – გადაზღვევა, რომლის თანახმად მზღვეველი ვალდებულია გადასცეს, ხოლო გადამზღვეველი კომპანია ვალდებულია მიიღოს გადაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა რისკი; ე) ფაკულტატური გადაზღვევა – გადაზღვევა, რომლის თანახმად მზღვეველი გადასცემს გადამზღვეველ კომპანიას ერთი ცალკეული პოლისით მიღებულ რისკს ან ერთ ცალკეულ რისკს ერთჯერადად; ვ) ნეტო ვალდებულება (რისკის მაქსიმალური ზღვრული შეკავება) – დაზღვევის/მიღებული გადაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო თანხა/სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტი გადამზღვეველი კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების გამოქვითვით; ზ) წამყვანი გადამზღვეველი კომპანია – გადამზღვეველი კომპანია, რომელიც გადაზღვევის ხელშეკრულების თანახმად აღიარებულია ასეთად გადაზღვევის ხელშეკრულების მხარეების მიერ; თ) საკრედიტო რეიტინგი – კვალიფიციური სარეიტინგო სააგენტოს მიერ გადამზღვეველი კომპანიის შეფასება, რომელიც ეფუძნება მისი ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას; ი) კვალიფიციური სარეიტინგო სააგენტო – ორგანიზაცია, რომელიც გადამზღვეველ კომპანიას ანიჭებს საკრედიტო რეიტინგს მისი ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობებიდან გამომდინარე; კ) გადახდისუნარიანობა II-ის (Solvency II) ეკვივალენტური საზედამხედველო რეჟიმი – ქვეყანაში დადგენილი სადაზღვევო საქმიანობის საზედამხედველო რეჟიმი, რომელიც ევროკომისიის მიერ ოფიციალურად იქნა აღიარებული ევროკავშირის გადახდისუნარიანობა II-ის (Solvency II) ეკვივალენტურ საზედამხედველო რეჟიმად; ლ) ერთი რისკი: ლ.ა) სიცოცხლის ან/და უბედური შემთხვევის დაზღვევის მიზნებისთვის – სადაზღვევო პოლისის მაქსიმალური ლიმიტი ერთი ფიზიკური პირისთვის; ლ.ბ) ქონებრივი რისკების დაზღვევის მიზნებისთვის – თითოეული სადაზღვევო პოლისის/ხელშეკრულების მაქსიმალური ლიმიტი, ამასთან, უძრავი ქონების დაზღვევისას „ერთი რისკის“ განსაზღვრისთვის მზღვეველმა უნდა იხელმძღვანელოს ამ წესის დანართი №2-ით დადგენილი ინსტრუქციით; ლ.გ) პასუხისმგებლობის დაზღვევის მიზნებისთვის – თითოეული სადაზღვევო პოლისის/ხელშეკრულების მაქსიმალური აგრეგირებული ლიმიტი; ლ.დ) ქონების და ზოგადი პასუხისმგებლობის ერთობლივად დაზღვევისას, დამოუკიდებლად – ზოგადი პასუხისმგებლობის დაზღვევის სადაზღვევო პოლისის/ხელშეკრულების მაქსიმალური ლიმიტი და დამოუკიდებლად – ქონების დაზღვევის სადაზღვევო პოლისის/ხელშეკრულების მაქსიმალური აგრეგირებული ლიმიტი; ლ.ე) ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების და მასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის ერთობლივად დაზღვევისას – სადაზღვევო პოლისის/პოლისების ჯამური აგრეგირებული ლიმიტი; მ) ურთიერთდაკავშირებულ დამზღვევთა ჯგუფი (ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის მიზნებისთვის) – ორი ან მეტი დამზღვევი/დაზღვეული, რომელთა შორისაც არსებობს შემდეგი კავშირი: მ.ა) დამზღვევი/დაზღვეული მზღვეველისთვის წარმოადგენს ერთ რისკს, ვინაიდან ერთ-ერთი მათგანი ახორციელებს მეორეზე ან დანარჩენებზე კონტროლს პირდაპირი და არაპირდაპირი გზით და/ან მ.ბ) დამზღვევები/დაზღვეულები მზღვეველისთვის განიხილებიან მზღვეველის მიერ ერთ რისკად, ვინაიდან ისინი ერთმანეთთან იმგვარად არიან დაკავშირებული, რომ თუ ერთ-ერთ მათგანს ექმნება ფინანსური პრობლემები, მეორე ან ყველა დანარჩენი აღმოჩნდება ფინანსური სირთულეების წინაშე. |
მუხლი 3.
ნეტო ვალდებულებების ზღვრული თანაფარდობა საზედამხედველო კაპიტალთან
|
1. სადაზღვევო საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, მზღვეველის მიერ აღებული ნეტო ვალდებულების (მათ შორის მიღებული გადაზღვევით) მაქსიმალური ოდენობა ერთ რისკთან მიმართებაში არ უნდა აღემატებოდეს მზღვეველის მიერ უკანასკნელად გაანგარიშებული და სამსახურისთვის შესაბამისი საანგარიშო თარიღისთვის წარდგენილი საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის 15%-ს.
2. მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშებისას გამოიყენება ,,მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის №16 ბრძანებით დადგენილი პრინციპები და განმარტებები. 3. სადაზღვევო საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში (რომელსაც მიეკუთვნება საბაჟო ვალდებულებების შესრულების გარანტიები, ფინანსური რისკების დაზღვევის პოლისები, საბანკო გარანტიები, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გარანტიები და სხვა ნებისმიერი სახის გარანტია): ა) მზღვეველის მიერ აღებული ნეტო ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა ერთ დამზღვევზე და/ან ურთიერთდაკავშირებულ დამზღვევთა ჯგუფზე გაცემულ სადაზღვევო პოლისებზე/გარანტიებზე, არ უნდა აღემატებოდეს მზღვეველის მიერ უკანასკნელად გაანგარიშებული და სამსახურისთვის შესაბამისი საანგარიშო თარიღისათვის წარდგენილი საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის 15%-ს; ბ) მზღვეველის მიერ აღებული ნეტო ვალდებულებების მაქსიმალური ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მზღვეველის მიერ უკანასკნელად გაანგარიშებული და სამსახურისათვის შესაბამისი საანგარიშო თარიღისთვის წარდგენილი საზედამხედველო კაპიტალის ათმაგ ოდენობას. 4. ამ წესის მიზნებისთვის მზღვეველის მიერ ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში გაცემული პოლისები/გარანტიები, ძალაში შესულად/გაცემულად ჩაითვლება მისი ხელმოწერის/გაცემის თარიღიდან, მიუხედავად მათი ძალაში შესვლის თარიღისა. 5. ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში დადებული იმ ხელშეკრულებებისთვის, სადაც ბენეფიციარს წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი და/ან საწარმო, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ზე მეტია, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე დამატებით, მზღვეველის მიერ აღებული მაქსიმალური ნეტო ვალდებულების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთი) მილიონ ლარს თითოეულ გარანტიაზე. |
მუხლი 4.
გადამზღვეველი კომპანიის მინიმალური კრიტერიუმები
|
1. მზღვეველი ვალდებულია გადაზღვევის ხელშეკრულება დადოს მხოლოდ იმ გადამზღვეველ კომპანიასთან, რომელსაც გადაზღვევის ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუმეტეს 18 თვით ადრე გააჩნია:
ა) საკრედიტო რეიტინგის მაჩვენებელი, ამ წესის დანართი №1-ით დადგენილი კვალიფიციური სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგის ის მაჩვენებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს ან ბ) დანართი №1-ით დადგენილი შესაბამისი გადახდისუნარიანობის კოეფიციენტი, რომელიც ვრცელდება ამავე დანართით განსაზღვრული საკრედიტო რეიტინგის არმქონე იმ გადამზღვეველი კომპანიების მიმართ, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ საქმიანობას იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს გადახდისუნარიანობა II-ის (Solvency II) რეჟიმი, ან გადახდისუნარიანობა II-ის (Solvency II) ეკვივალენტური საზედამხედველო რეჟიმი. 2. ამ წესის დანართი №1 ადგენს ციფრებში გამოსახულ საკრედიტო რეიტინგის მაჩვენებლებს, რომელიც შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკრედიტო რეიტინგების მაჩვენებლებს/შესაბამის გადახდისუნარიანობის კოეფიციენტებს. 3. იმ შემთხვევაში, თუ გადაზღვევის ხელშეკრულება ითვალისწინებს წამყვანი გადამზღვეველი კომპანიის არსებობას ან/და გადამზღვეველი კომპანიის ულიმიტო ვალდებულებას, ამ გადამზღვეველი კომპანიის საკრედიტო რეიტინგი არ უნდა აღემატებოდეს ამ წესის დანართ №1-ში მოცემულ 3-ის ტოლ მაჩვენებელს. 4. ობლიგატორული გადაზღვევის ხელშეკრულებებთან მიმართებაში, ამ წესის დანართ №1-ში მოცემული 4-ის ტოლი მაჩვენებლის მქონე თითოეულ გადამზღვეველ კომპანიასთან დასაშვებია გადაზღვევა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაუმეტეს 10%-ისა. ამასთან, ამ გადამზღვეველი კომპანიების მიერ აღებული ჯამური ვალდებულება არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული ვალდებულების 20%-ს. 5. ფაკულტატური გადაზღვევის ხელშეკრულებებთან მიმართებაში, ამ წესის დანართი №1-ში მოცემული 4-ის ტოლი მაჩვენებლის მქონე გადამზღვეველ კომპანიასთან ნებადართულია ისეთი გადაზღვევის ხელშეკრულების დადება, რომლის ფარგლებშიც გადამზღვეველი კომპანიის პასუხისმგებლობის ლიმიტი ერთ რისკზე/ერთ პოლისზე არ აღემატება ამავე გადამზღვეველი კომპანიის საკუთარი კაპიტალის 10%. 6. გადაზღვევა დაუშვებელია იმ გადამზღვეველ კომპანიასთან, რომლის მიმართაც დაწყებულია გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოება ან სხვა საფუძვლით დაიწყო მისი ლიკვიდაცია. 7. გადაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე მზღვეველი ვალდებულია მოიძიოს ინფორმაცია ამ წესის დანართ №1-ში მოცემული 4-ის ტოლი მაჩვენებლის მქონე გადამზღვეველი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რაც, მათ შორის, მოიცავს გადამზღვეველი კომპანიის უკანასკნელ წლიურ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. |
მუხლი 5.
ინფორმაციის წარდგენა
|
1. მზღვეველი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია თითოეული ობლიგატორული გადაზღვევის ხელშეკრულების შესახებ, ხელშეკრულების დადების თარიღიდან ერთი თვის ვადაში, ამ წესის დანართი №3 და/ან დანართი №4-ის შესაბამისად, რომლის მომზადებისას უნდა იხელმძღვანელოს ამ წესის დანართი №6-ით განსაზღვრული შევსების ინსტრუქციით.
2. მზღვეველი ვალდებულია ყოველკვარტალურად, არაუგვიანეს ყოველი კვარტალის დასრულებიდან მომდევნო თვის 20 რიცხვისა, სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში აღებული იმ რისკების შესახებ, რომლებიც ამ წესის მიზნებისთვის განიხილება ერთ რისკად და რომლის ოდენობაც აღემატება საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს, შესაბამისი გადაზღვევის ძირითადი პირობების და გადამზღვეველი კომპანიის დანართი №1-ით დადგენილი საკრედიტო რეიტინგის მაჩვენებლის მითითებით, ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად, რომლის მომზადებისას უნდა იხელმძღვანელოს ამ წესის დანართი №6-ით განსაზღვრული შევსების ინსტრუქციით. 3. მზღვეველი ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ ვადებში სამსახურს ელექტრონული ფორმით წარუდგენს მზღვეველის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან მის მიერ გაცემული შესაბამისი უფლებამოსილების საფუძველზე, ინფორმაციის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებულ ინფორმაციას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: report@insurance.gov.ge. 4. ინფორმაციის მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატით, სამსახურის მიერ დამტკიცებული ელექტრონული ფორმისა და ფორმულების დაცვით, რომლის დარღვევაც დაუშვებელია. |
მუხლი 6.
დასკვნითი დებულებები |
1. მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა საქმიანობის ყველა ეტაპზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მზღვეველი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს. 3. მზღვეველის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები