საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-109/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016677
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-109/ნ
31/10/2019
ვებგვერდი, 31/10/2019
470230000.22.035.016677
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/10/2019 - 16/01/2020)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-109/ნ

2019 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანდართული დებულება.
2. სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წარმოადგენს:
ა) სსიპ – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფლებამონაცვლეს;
ბ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეს დევნილთა და ეკომიგრანთა საკითხების მიმართულებით;
გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლეს როგორც ყოფილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში მიმდინარე, დასრულებულ ან აღსასრულებელ სასამართლო საქმეებზე (მათი აღსრულების ჩათვლით).
3. ბრძანება, გარდა ბრძანების მე-2 პუნქტისა და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბრძანების მე-2 პუნქტი და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე



დანართი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 

2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

3. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.

5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, შესაძლოა ჰქონდეს ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0186, თამარაშვილის 15ა.

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები

1. სააგენტოს მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილი) და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (შემდგომში – ეკომიგრანტი) მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და მათთვის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, მათ შორის, საარსებო წყაროების შექმნის გზით.

2. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციისა და ბაზების წარმოება;

ბ) ეკომიგრანტის დაზარალების ფაქტის დადგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

გ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

დ) დევნილთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევისა და დროებითი განსახლების ორგანიზება;

ე) დევნილთა ყოველთვიური შემწეობის ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფიზიკური პირების კუთვნილი უძრავი ქონების აღრიცხვა-დეკლარირება კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) დევნილთა და ეკომიგრანტთა ერთიანი მონაცემთა ბაზ(ებ)ის წარმოება და მისი ადმინისტრირება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

კ) საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე,  დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა საარსებო წყაროების შექმნის გზით;

ლ) დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომაროების გაუმჯობესებისა და ინტეგრაციის მიზნით, მიზნობრივი  პროექტების/პროგრამების შემუშავება, განხორციელება და შეფასება, ასევე პროექტების/პროგრამების განხორციელებისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების მოძიება და მართვა;

მ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საჭიროებებზე მორგებული საარსებო წყაროების პროექტების/პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების უზრუნველყოფა;

ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა;

ო) დევნილთა და ეკომიგრანტთა ჩართულობის ხელშეწყობა სახელმწიფო პროგრამებში და მათი ინფორმირება იმ სახელმწიფო დაწესებულებების და საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავენ საარსებო წყაროების ხელშეწყობას;

პ) განათლებისა და გადამზადების კურსებში დევნილთა და ეკომიგრანტთა ჩართულობის ხელშეწყობა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;

რ) სააგენტოს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით, დონორ, საერთაშორისო ან ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება;

ს) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.

3. სააგენტო, დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

ა) დისკრიმინაციის ყველა ფორმის გამორიცხვა;

ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა;

გ) დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა კანონით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას;

დ) კანონმდებლობის დაცვა და საქმიანობის საჯაროობა.

მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – სააგენტოს დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. სააგენტოს დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.

3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით. დირექტორის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხით.

4. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე, თუ მინისტრის ბრძანებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

5.  სააგენტოს დირექტორის არყოფნის (უფლებამოსილების შეწყვეტის ან შეჩერების) შემთხვევაში, სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრი უფლებამოსილია სააგენტოს დირექტორის უფლება-მოვალეობები დროებით დააკისროს სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთ მოადგილეს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს დირექტორი.

მუხლი 4. სააგენტოს დირექტორი:

სააგენტოს დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;

გ) უძღვება სააგენტოს საქმიანობას, ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;

ე) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე;

ვ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;

ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სააგენტოს დირექტორის მოადგილეთა კანდიდატურას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

თ) კანონმდებლობის  შესაბამისად,  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ი) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის ან შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, სამინისტროსთან შეთანხმებით დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

მ) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;

ო) სამინისტროში წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;

პ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, განსაზღვრავს სააგენტოს საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;

ჟ) სააგენტო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები და საბჭოები) და სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

რ) სააგენტოს  საქმიანობის ორგანიზების სრულყოფის მიზნით უფლებამოსილია დაამტკიცოს შესაბამის ინსტრუქციები/წესები;

ს) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა

სააგენტოს სტრუქტურასა და თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს დირექტორი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები

1. სააგენტო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სააგენტოს საქმიანობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

3. სამინისტრო უფლებამოსილია, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.

მუხლი 7. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები

1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.

3. სააგენტოს დაფინანსების წყარო შესაძლოა იყოს:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და სახელფასო დანამატის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებსა და ფუნქციების განხორციელებას.

7. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

მუხლი 8. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

მუხლი 9. დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.