“სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ”

  • Word
“სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 241/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 120, 21/12/2000
სარეგისტრაციო კოდი 470.120.000.11.119.004.531
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
241/ნ
05/12/2000
სსმ, 120, 21/12/2000
470.120.000.11.119.004.531
“სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/12/2000 - 04/02/2014)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.120.000.11.119.004.531

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №241/ნ

2000 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ

სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის მიზნით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის XXI თავის და „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ” საქართველოს კანონის III თავის მე-12 მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს შემდეგი დებულებები:

ა) სისხლის, პლაზმის, სისხლის უჯრედების დონორობის სამედიცინო შემოწმების შესახებ (დანართი 1);

ბ) სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორობის ჯანმრთელობის დაცვისათვის სათანადო ღონისძიებების შემუშავების და მათი განხორციელებისათვის საჭირო გზების განსაზღვრის შესახებ (დანართი 2).

2. დაევალოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალურ დეპარტამენტებს, ქ. ფოთის და დაბა მესტიის მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამმართველოებს, ქ. თბილისის მერიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურს უზრუნველყონ ბრძანების დაყვანა სამედიცინო დაწესებულებებამდე და უზრუნველყონ მისი შესრულების კოორდინაცია.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ა. გამყრელიძეს.

ა. ჯორბენაძე

დანართი 1

სისხლის, პლაზმის, სისხლის უჯრედების დონორების სამედიცინო შემოწმების შესახებ დებულება

I. ზოგადი დებულებანი

დებულება შემუშავებულია „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის საფუძველზე, რომელიც აღიარებს, რომ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა ნებაყოფლობითია. დონორობა შეუძლია საქართველოს ყველა ქმედუნარიან მოქალაქეს 18-დან 60 წლამდე (აუცილებლობის შემთხვევაში ასაკობრივი საზღვრები შეიძლება გაფართოებულ იქნეს ექიმის შეხედულებისამებრ), რომელიც გაივლის სამედიცინო შემოწმებას და არ აღმოაჩნდება საწინააღმდეგო ჩვენებანი. მოქალაქეს სისხლის ჩაბარება შეუძლია, როგორც ქველმოქმედების წესით (უგასამრჯელოდ), ასევე ნათესავებისათვის, ფულადი ანაზღაურებით (კადრის დონორი), დაზღვევის, საკუთარი სისხლის შენახვის მიზნით.

1. დონორები კლასიფიცირდებიან შემდეგ ჯგუფებად:

ა) აქტიური დონორი (ფასიანი, უგასამრჯელო);

ბ) რეზერვის დონორები (უგასამრჯელო);

გ) დონორი – ნათესავები.

2. აქტიური დონორები არიან პირები, რომლებიც მიმართავენ სისხლის სამსახურის დაწესებულებებს თავისი ინიციატივით და რეგულარულად აბარებენ სისხლს.

ა) აქტიურ დონორთა რიგებში ჩარიცხვა და მათგან სისხლის, პლაზმის და სისხლის უჯრედების აღება ხდება მხოლოდ სათანადო ლიცენზიის მქონე სისხლის სამსახურის დაწესებულებებში, არსებულ ინსტრუქციაში მოცემული წესების შესაბამისად. აქტიურ დონორებს თავისი სურვილისამებრ შეუძლიათ ჩააბარონ სისხლი, პლაზმა და სისხლის უჯრედები უგასამრჯელოდ ან მიიღონ ფულადი კომპენსაცია მოქმედი ფინანსური დოკუმენტების შესაბამისად.

3. რეზერვის დონორები არიან პირები, რომლებიც მოზიდულნი არიან დონორობისათვის ორგანიზებულად ან ინდივიდუალურად, ერთჯერადად ნებაყოფლობით აბარებენ სისხლს, პლაზმას და სისხლის უჯრედებს და აღრიცხვაზე იმყოფებიან სისხლის სამსახურის დაწესებულებაში. რეზერვის დონორებიდან სისხლის აღება ხდება სისხლის სამსახურის სპეციალური ბრიგადების გასვლის დროს სხვადასხვა საწარმოებში, დაწესებულებებსა და სასწავლებლებში, აგრეთვე უშუალოდ სისხლის სამსახურში დონორის მისვლისას, რომელმაც გამოთქვა სურვილი სისხლის პლაზმისა და სისხლის უჯრედების ჩაბარებაზე.

ა) რეზერვის დონორები სისხლსა და მის კომპონენტებს უგასამრჯელოდ აბარებენ;

ბ) რეზერვის დონორები შეიძლება ჩარიცხულ იქნენ აქტიურ დონორებად მათი სურვილისამებრ, მოზიდულ იქნენ სისხლის სამსახურის მიერ მათი თანხმობით, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი დონორს აღმოაჩნდება სისხლის იშვიათი ჯგუფი, იზოიმუნური და ანტიმიკრობული ანტისხეულების მაღალი ტიტრით, პლაზმის სპეციალური ცილების მნიშვნელოვნად მომატებული ან შემცირებული დონე და სხვა ბიოლოგიური მაჩვენებლები, რომლებიც განსაზღვრავენ გაზრდილ მოთხოვნილებას ასეთ სისხლზე, პლაზმისა და სისხლის უჯრედებზე სამკურნალო, სადიაგნოსტიკო და სხვა მიზნებისათვის.

4. დონორ-ნათესავები არიან პირები, რომლებიც აბარებენ სისხლს, პლაზმას და სისხლის უჯრედებს იმ სამკურნალო დაწესებულებების სისხლის გადასხმის განყოფილებებში, რომლებშიც მათი ახლობელი ადამიანები წვანან ან სისხლის გადასხმის სადგურებში. დონორი ნათესავები, როგორც წესი, სისხლს აბარებენ უგასამრჯელოდ, მაგრამ თუკი მოითხოვენ გასამრჯელოს გადახდას, ის განხორციელდება საერთო საფუძველზე.

5. არსებობს დონორების შემდეგი სახეები:

ა) სისხლის დონორები;

ბ) ერითროციტების დონორები;

გ) პლაზმის დონორები;

დ) იმუნური პლაზმის დონორები, მათ რიცხვში აქტიურად იმუნიზირებული პლაზმის დონორები;

ე) სისხლის უჯრედების დონორები (თრომბოციტები, ლეიკოციტები, ერითროციტები);

ვ) იშვიათი ჯგუფის სისხლის დონორები (სენსიბილიზაციის იშვიათი ფორმის მქონე რეციპიენტებისათვის);           

ზ) დონორები, რომელთაც დადგენილი აქვთ ერითროციტებისა და ლეიკოციტების ანტიგენური სტრუქტურა და რომლებიც სისხლს აბარებენ მცირე დოზებით სტანდარტული ერითროციტებისა და ლეიკოციტების დასამზადებლად;

თ) ძვლის ტვინის დონორები.

6. იშვიათი ჯგუფის დონორების დაკომპლექტება, რომლებიც მცირე დოზებით აბარებენ სისხლს სტანდარტული ერითროციტების დასამზადებლად, აგრეთვე იმუნური პლაზმის, სიხლის უჯრედების, ძვლის ტვინის დონორების დაკომპლექტება ხდება აქტიური დონორებისაგან ან დონორ-ნათესავებისაგან. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორების დაკომპლექტება ხდება აგრეთვე რეზერვის დონორებისაგან (უგასამრჯელო) და დონორ-ნათესავებისაგან.         

II. დონორობის აღრიცხვიანობის წესი

7. სისხლის სამსახურის დაწესებულებაში აქტიური დონორების აღრიცხვაზე აყვანის დროს ივსება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული „აქტიური დონორის სამედიცინო ბარათი” და „დონორის სააღრიცხვო ბარათი” და „დონორის სააღრიცხვო ბარათი (აქტიურის, რეზერვის, ნათესავის)”, რომელშიც დონორი იძლევა ხელწერილს.

დონორის ხელწერილის ტექსტი: “ვიძლევი ხელწერილს მასზედ, რომ მე არ ვიყავი და არ ვარ დაავადებული სიფილისით, ტუბერკულოზით, ჰეპატიტით, არ ვარ შიდსის ვირუსის მატარებელი. მითითებული ინფექციებით დაავადების შემთხვევაში ვალდებული ვარ სასწრაფოდ ვაცნობო სისხლის სამსახურის დაწესებულებას. ჩემთვის ცნობილია, რომ მოცემული დაავადების დამალვისათვის მე ვექვემდებარები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას”.

ხელმოწერა

8. ყოველ სარეზერვო დონორზე ივსება ”დონორის სააღრიცხვო ბარათი”.

9. „დონორის სააღრიცხვო ბარათი” ივსება ყოველი სისხლის გაღების დროს როგორც სტაციონარში, ისევე გასვლით პირობებში, ერთიანი დონორის ცენტრისათვის ან იმ დასახელებული პუნქტის სისხლის სამსახურის დაწესებულების კარტოთეკისათვის, სადაც არ არის ერთიანი დონორის ცენტრი.

ა) იმ შემთხვევაში, როცა დონორი სისხლს აბარებს პირველად, „დონორის სააღრიცხვო ბარათზე” აღინიშნება წარწერა “პირველადი”.

10. აქტიური დონორების აღრიცხვა წარმოებს სისხლის სამსახურის დაწესებულებებში “აქტიური დონორის სამედიცინო ბარათის” საფუძველზე, რომელიც ინახება დონორების რეგისტრატურაში ჯანმრთელობის სამინისტროს შესაბამისი ბრძანებით. თუ დონორი არ აბარებს სისხლს ორი წლის მანძილზე, ბარათი გადაეცემა იმავე დაწესებულების არქივს, სადაც ინახება 5 წლის მანძილზე. იმ შემთხვევაში, თუ დონორი გამოთქვამს სურვილს ისევ ჩააბაროს სისხლი, არქივიდან ამოაქვთ „აქტიური დონორის სამედიცინო ბარათი” დონორის შემდგომი სამედიცინო შემოწმების გაფორმებისათვის სისხლის გაცემის, პლაზმაფერეზის ან ციტაფერეზის დროს.

11. სარეზერვო დონორის აღრიცხვა წარმოებს სისხლის გადასხმის სამსახურში კარტოთეკის მონაცემების მიხედვით, რაც შედგენილია „დონორის სააღრიცხვო ბარათის” საფუძველზე აღნიშვნით „პირველადი”, რომელიც კლასიფიცირდება სისხლის ჯგუფისა და ანბანის, აგრეთვე წარმოებებისა ან დაწესებულებების მიხედვით. აუცილებელია ამ ბარათებში შეტანილ იქნეს მონაცემები: შემდგომი პროცედურების (სისხლის გაღება, პლაზმაფერეზი, ციტაფერეზი, ძვლის ტვინის გაცემა) დოზისა და რიცხვის მითითებით. დონორის აღრიცხვიდან მოსახსნელად ბარათზე აღინიშნება მიზეზი (სამედიცინო მონაცემები ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და სხვა), რის შემდეგ აღრიცხვის ბარათი ინახება კარტოთეკაში 5 წელი, იმ პირობით, რომ მონაცემები გადაეცემა ერთიანი დონორის ცენტრს.

12. ნათესავ დონორების აღრიცხვა, რომელთაც ერთჯერადად ჩააბარეს სისხლი, წარმოებს სამედიცინო დაწესებულების სისხლის გადასხმის განყოფილებაში. ბარათი ინახება ერთი წლით.

III. დონორისაგან სისხლის მიღების წესი

13. სისხლის გაღების დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ, რომელიც აწარმოებს დონორის სამედიცინო შემოწმებას. სისხლის გაღების ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მლ. მთლიან სისხლს, ანალიზებისათვის გამოყენებული სისხლის ჩაუთვლელად (40 მლ.). სისხლის ჩაბარების სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს სისხლის ერთჯერად ჩაბარებას 60 დღეში. სისხლის გაცემის დროს აუცილებელია დონორის წონის გათვალისწინება. თუ ის 50 კგ-ზე ნაკლებია, თავისუფლდება სისხლის ჩაბარებისაგან.

14. დიდ ქალაქებში, სადაც არსებობს ერთზე მეტი სისხლის გადასხმის სადგური და სისხლის გადასხმის განყოფილებები, უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული კარტოთეკა ამ ქალაქის ყველა დონორისათვის – ერთიანი დონორის ცენტრი, რომლის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს გამოირიცხოს დონორის მიერ სისხლის სხვადასხვა ადგილზე ჩაბარება.

15. სისხლის გაღების წინ დონორი ღებულობს უფასოდ საუზმეს (ჩაი შაქრით და 150 გრ. პურით), სისხლის გაღების შემდეგ დონორს ეძლევა სადილის ტალონი ან ფულადი კომპენსაცია კვებაზე, რომლის ოდენობას ადგენენ ადგილობრივი მმართველობითი ორგანოები.

16. დაწესებულება, რომელიც ამზადებს სისხლს, ვალდებულია მისცეს დონორს „ცნობა სისხლის გაღების დღეს სამსახურიდან გათავისუფლებისა და მისთვის დამატებით დასვენების დღის მიცემის შესახებ”, რომელიც ადასტურებს სისხლის, პლაზმის, სისხლის უჯრედების გაღების სისწორეს სამუშაოზე წარსადგენად ან გამოკვლევის ცნობა გახარჯული დროის ჩვენებით.

17. ზემოხსენებული კანონის შესაბამისად სახელმწიფო გარანტიას იძლევა დონორის უფლებებისა და მისი ჯანმრთელობის დაცვაზე. სისხლის ჩაბარების წინ დონორის სამედიცინო გამოკვლევა და ცნობების გაცემა მისი ჯანმრთელობის შესახებ წარმოებს უფასოდ.

IV. სისხლის დონორების სამედიცინო შესწავლა

18. დონორების გამოკვლევა ექიმ-თერაპევტის მიერ შეიცავს: ანამნეზის შეკრებას, პირის ღრუს ლორწოვანის, თვალის სკლერების, კანის საფარის დათვალიერებას, ლიმფური კვანძების პალპაციას, არტერიული წნევის, სხეულის ტემპერატურის გაზომვას, პულსის სიხშირის დათვლას, ატარებს გულმკერდის ორგანოების აუსკულტაციას, მუცლის ღრუს ორგანოების პალპაციას, საჭიროების დროს აგზავნის კონსულტაციაზე სხვა სპეციალისტებთან პოლიკლინიკაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მედსანნაწილში სამუშაო ადგილის (სამხედრო სამსახურის) მიხედვით.

19. აქტიურმა დონორებმა ექიმ-თერაპევტების შეხედულებისამებრ სისხლის სამსახურის დაწესებულებების ოფიციალური შეკითხვით (მიმართვა პოლიკლინიკისადმი, სანეპიდსადგურისადმი) დონორთა სამედიცინო შემოწმების კომისიას უნდა წარუდგინონ:

ა) ცნობა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებებიდან (პოლიკლინიკიდან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მედსანნაწილიდან სამუშაო ადგილის მიხედვით) გადატანილი დაავადებების მითითებით;

ბ) ცნობა ექიმ-ეპიდემიოლოგისაგან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომ დონორი არ ყოფილა დაავადებული ვირუსული ჰეპატიტით და არ ჰქონია კონტაქტი ამ დაავადებასთან (3 თვის მანძილზე ჰეპატიტ A-სათვის, 6 თვის მანძილზე ჰეპატიტ B და C-სათვის) და არც სხვა ინფექციურ დაავადებებთან. ცნობა ვარგისია 7 დღის განმავლობაში);

გ) დერმატოვენეროლოგის დასკვნა;

დ) გინეკოლოგის დასკვნა უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე გადატანილი დაავადებების, მშობიარობის და ოპერატიული ჩარევის შესახებ მონაცემებით;

ე) დასკვნა გულმკერდის ორგანოთა რენტგენოსკოპიისა და ფლუროგრაფიის შესახებ;

ვ) შარდის ანალიზის შედეგები;

ზ) ბრუცელიოზის გამოკვლევის შედეგები (ბრუცელიოზის ენდემიის ადგილებში).

20. სისხლის სამსახურის დაწესებულებაში აქტიურ დონორს ექიმის დანიშნულების მიხედვით წელიწადში ერთხელ მაინც უტარდება მთლიანი კლინიკური ანალიზი. სისხლის შემადგენლობა დონორის სისხლისა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

ჰემოგლობინის შემადგენლობა:

ქალებს – არა უმდაბლეს 120,0 გ/ლ

მამაკაცებს – არა უმდაბლეს 130.0 გ/ლ

ერითროციტების რაოდენობა:

ქალებს – არა უმდაბლეს 3,9 X 1012 /ლ

მამაკაცებს – არა უმდაბლეს 4,0 X 1012 /ლ

რეტიკულოციტების რაოდენობა: 2-10%

თრომბოციტების რაოდენობა:

2(180-320) X 109

ერიტროციტების დალექვის სიჩქარე:

ქალებს – არა უმეტეს 15 მმ/სთ.

მამაკაცებს – არა უმეტეს 10 მმ/სთ.

ლეიკოციტების რაოდენობა (4,0 - 9,0) X 109

ლეიკოციტური ფორმულა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

ჩხირბირთვიანი ნეიტროფილები : 1,0 - 6,0%

სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილები : 47,0 - 72,0%

ბაზოფილები 0,0 - 1,0%

ეოზინოფილები 0,5 - 5,0%

მონოციტები 2,0 - 10,0%

ლიმფოციტები 18,0 - 38,0%.

21. სისხლის ყოველი ჩაბარებისას დონორებს აუცილებლად უტარდებათ შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები:

ა) სისხლის ჯგუფის განსაზღვრა;

ბ) რეზუს კუთვნილების განსაზღვრა;

გ) ჰემოგლობინის შემადგენლობის განსაზღვრა;

დ) ათაშანგზე სეროლოგიური გამოკვლევები;

ე) ალანინამინოტრანსფერაზას აქტიურობის განსაზღვრა (ALAT);

ვ) ჰეპატიტ B (HBA) ვირუსის მარკერებზე გამოკვლევა;

ზ) ჰეპატიტ C-ს ვირუსისადმი ანტისხეულებზე გამოკვლევა;

თ) ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისადმი ანტისხეულებზე გამოკვლევა (აივ).

ეს გამოკვლევები (გარდა ჰემოგლობინის განსაზღვრისა) ტარდება თანამგზავრ ფლაკონიდან ამოღებულ სისხლში, ე.ი. დასაკონსერვებლად. ჰემოგლობინის სისხლის განსაზღვრა კი ხდება წინასწარ (სისხლის დამზადებამდე) სინჯარაში და თითიდან აღებულ სისხლში.

22. ექიმ-თერაპევტის დანიშნულებით დონორს შეიძლება განესაზღვროს ერითროციტებისა და ლეიკოციტების რაოდენობა, ფერადობის მაჩვენებელი, ედსი.

V. დონორობის უკუჩვენებები

დონორობის წინააღმდეგ ჩვენებები იყოფა 2 ჯგუფად:

ა) აბსოლუტური წინააღმდეგჩვენებები;

ბ) შეფარდებითი ანუ დროებითი წინააღმდეგჩვენებები.

დონორობის აბსოლუტური წინააღმდეგჩვენებები

23. შიდსი – აივ მატარებლობა.

24. შიდსის რისკ ჯგუფებისადმი მიკუთვნება (ჰომოსექსუალიზმი, ნარკომანია, პროსტიტუცია, ალკოჰოლიზმი, ტატუირება, ნემსის ჩხვლეტა).

25. ვირუსული ჰეპატიტები, მიუხედავად ავადმყოფობის ხანდაზმულობისა.

26. ათაშანგი, შეძენილი ან თანდაყოლილი, მკურნალობის შედეგების მიუხედავად.

27. ტუბერკულოზი.

28. ბრუცელოზი, ტულარემია, ტოქსოპლაზმოზი, მიუხედავად ავადმყოფობის ხანდაზმულობისა.

29. ჰიპერტონული დაავადება II - III სტადიაში.

30. გულის იშემიური დაავადებანი, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, ენდარტერიტი, კორონაროკარდიოსკლეროზი.

31. ენდოკარდიტი, მიოკარდიტი, გულის მანკები, გულის რითმის დარღვევა (არითმია), ათეროსკლეროზი.

32. ავთვისებიანი სიმსივნეები.

33. მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტი, მიუხედავად ავადმყოფობის ხანდაზმულობისა.

34. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ანაციდური გასტრიტი.

35. ქრ. ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, ღვიძლის ციროზი.

36. ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, მათ შორის ტოქსიკური ბუნების მქონე და უცნობი ეტიოლოგიით.

37. ნეფრიტი, ნეფროზი, თირკმლის კენჭოვანი დაავადება, თირკმლის კეროვანი და დიფუზური დაზიანებები.

38. გადატანილი ოპერაციები ავთვისებიანი სიმსივნეების და ექინოკოკის გამო, ამავე დროს რომელიმე ორგანოს ამოკვეთა (კუჭის, თირკმლების, ნაღვლის ბუშტის, ელენთის, საკვერცხეების, საშვილოსნოს, თვალების, ფარისებრი ჯირკვლების, კიდურების ამპუტაცია).

39. ექინოკოკი.

40. მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები, მათი გამწვავების სტადიაში, მიუხედავად მათი ლოკალიზაციისა.

41. შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და ნივთიერებათა ცვლის გამოხატული მოშლა.

42. ფსიქიკური დაავადებები, ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება და ფუნქციური მოშლილობა.

43. ცხვირის დამატებითი ღრუების ემპიება, პოლიპოზი.

44. ყრუ-მუნჯობა, ოტოსკლეროზი.

45. ირიტი, ირიდოციკლიტი, მიოპია, კერატიტი, ტრახომა, ხორიოდიტის ნარჩენი მოვლენები, 6 დიოპტრზე მეტი მიოპია.

46. კანის გავრცელებული ანთებითი დაავადებები, განსაკუთრებით ინფექციური და ალერგიული ხასიათის: ფსორიაზი, ეგზემა, სიკოზი, წითელი მგლურა, ჩირქოვანი გამონაყარი, ტრიქოფიტია, მიკროსპორია, მიკოზები, ფაკუსი, ერითროდერმია, ეპიდერმოფიტია, პიოდერმია, ფურუნკულოზი.

47. ბრონქული ასთმა, სხვა ალერგიული დაავადებები.

48. ნარკომანია, ალკოჰოლიზმი.

დონორობის შეფარდებითი წინააღმდეგჩვენებები

(უკუჩვენებები)

49. მალარია, ბოლო სამი წლის განმავლობაში მალარიის შეტევებით, პირები რომლებიც იმყოფებიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში (აზია, აფრიკა, სამხრეთ ამერიკა) არ დაიშვებიან სისხლის ჩასაბარებლად სამი წლის განმავლობაში.

50. მუცლის ტიფი – სისხლის ჩაბარება დასაშვებია არა უადრეს ვიდრე ერთი წლის გასვლისა, სრული კლინიკური გამოკვლევის შემდეგ, გამოხატული ფუნქციური დარღვევების არარსებობის შემთხვევაში.

51. ანგინა, გრიპი, მწვავე რესპირაციული, ვირუსული ინფექციები – სისხლის აღება ნებადართულია გამოჯანმრთელებიდან ერთი თვის შემდეგ.

52. სხვა ინფექციური დაავადებები – სისხლის აღება ნებადართულია გამოჯანმრთელებიდან 6 თვის შემდეგ.

53. სისხლის ჩაბარება არაა ნაჩვენები, სისტოლური წნევა სინდიყის სვეტის 180 მმ-ზე მაღალი ან 100-ზე დაბალია, ხოლო დიასტოლური 100 მმ-ზე მაღალი ან 60 მმ-ზე დაბალი.

54. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი – დონორი შეიძლება დაშვებულ იქნ ს სისხლის ჩასაბარებლად მშობიარობიდან 1 წლის შემდეგ და ლაქტაციის პერიოდის დამთავრებიდან 3 თვის შემდეგ.

55. მენსტრუაციის პერიოდი. სისხლის ჩაბარება დასაშვებია ციკლის დამთავრებიდან 5 დღის შემდეგ.

56. აცრები – მკვდარი ვაქცინებით პროფილაქტიკური აცრიდან 10 დღის შემდეგ. ცოცხალი ვაქცინებით (ბრუცელოზი, შავი ჭირი, ტულარემია, ტუბერკულოზი, ანტიტეტანური შრატის შეყვანის შემდეგ, სისხლის აღება ნებადართულია აცრიდან ერთი თვის შემდეგ, თუ არ აღინიშნება აცრის ადგილზე გამოხატული ანთებითი პროცესი, ცოფის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ სისხლის აღება შეიძლება ერთი წლის შემდეგ.

57. პირკეს და მანტუს რეაქციის შემდეგ სისხლის აღება ნებადართულია 2 კვირის შემდეგ, თუ არ განვითარდა ადგილობრივი ანთებითი პროცესი.

58. თვითაბორტი, მკვდარი ნაყოფით მშობიარობა– ხელოვნური აბორტიდან 6 თვის შემდეგ.

59. ნებისმიერი ეტიოლოგიის ცხელება.

60. ჰიპოტონია

61. მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები ლოკალიზაციის მიუხედავად.

62. ანემია – ნებისმიერი ეტიოლოგიის, (ჰემოგლობინის მაჩვენებელი უნდა იყოს ქალებში 120 გ/ლ-ზე ზემოთ, მამაკაცებში 124 გ/ლ-ზე ზემოთ).

63. გადატანილი ოპერაციები (ტონზილექტომია, აპენდექტომია, თიაქრის ოპერაცია და სხვა) – ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ.

64. 1 წლის განმავლობაში ჩატარებული ჰემოტრანსფუზია.

65. ინფექციურ ავადმყოფებთან კონტაქტი.

VI. დონორობის გამოკვლევის თანმიმდევრობა

66. სისხლის სამსახურის დაწესებულებებში სისხლის ჩაბარების დღეს დონორებმა უნდა წარმოადგინონ პასპორტი ან პირადობის მოწმობა.

რეგისტრატორი აფორმებს დონორის სააღრიცხვო ბარათს”. ამ ბარათით დონორი მიდის ჯერ ლაბორანტთან ჰემოგლობინის განსაზღვრისათვის, შემდეგ კი ექიმ-თერაპევტთან გამოკვლევაზე. ექიმს გამოკვლევის შედეგები (წნევა, პულსის სიხშირე, დასკვნა დონორად ვარგისიანობაზე და სისხლის ჩაბარების დოზა) შეაქვს დონორის ბარათში.

ამ პროცედურის შემდეგ დონორი მიდის ლაბორანტთან, რომელიც განსაზღვრავს სისხლის ჯგუფს და მასში ჰემოგლობინის შემცველობას. გამოკვლევების შედეგები ლაბორანტს შეაქვს დონორის სააღრიცხვო ბარათში, სადაც სისხლის ჯგუფი აღინიშნება შესაბამისი ფერის მარკების ჩაკვრით, ხოლო ჰემოგლობინის შემცველობა იწერება ხელით. სისხლის ჩაბარების შემდეგ რეგისტრატორი დონორს აძლევს ცნობას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ (სისხლის ჩაბარებასთან დაკავშირებით) და დონორის “პირადობის მოწმობაში” აკეთებს სისხლის ჩაბარების აღნიშვნას.

67. აქტიური დონორების გამოკვლევის თანმიმდევრობა. დონორების დაკომპლექტების განყოფილებაში დონორზე დასკვნებისა და ცნობების არსებობის (პირველადი მიმართვისას) შემთხვევაში ფორმდება აქტიური დონორის სამედიცინო ბარათი”, რომელშიც დონორი იძლევა ხელწერილს და დონორის სააღრიცხვო ბარათი”.

სისხლის ხელმეორედ ჩაბარებისას რეგისტრატორი დონორის პასპორტის მონაცემების საფუძველზე, სპეციალურ კარტოთეკაში პოულობს “აქტიური დონორის სამედიცინო ბარათს”.

სისხლის გამოკვლევა და აღების პროცესი რეზერვის დონორებში ისეთივეა, როგორც აქტიურ დონორებში.

68. ნათესავი დონორების გამოკვლევა და სისხლის აღების თანმიმდევრობა ისეთივეა, როგორც აქტიურის, გარდა ცნობებისა და დასკვნების წარდგენისა, რომელიც “მე-19” პუნქტშია მოცემული.

აქტიური დონორები, რომლებსაც ალტ-ს ერთჯერადი მომატება აღენიშნება, სისხლის ჩასაბარებლად დაიშვებიან საკონტროლო გამოკვლევის შემდეგ, რომელიც სისხლში ალტ-ს ნორმალურ შემცველობას აჩვენებს. სისხლის ჩაბარება შესაძლებელია ალტ-ს მომატების გამოვლინებიდან 3 თვის შემდეგ. ალტ-ს კვლავ გადიდებისას დონორს 6 თვის მანძილზე ეკრძალება სისხლის ჩაბარება.

VII. პლაზმის, იმუნური პლაზმის, სისხლის უჯრედების და ძვლის ტვინის დონორების სამედიცინო შემოწმება

69. პლაზმის დონორების სამედიცინო შემოწმება.

ერთი დონორის მიერ ჩაბარებული პლაზმის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ლიტრს წელიწადში.

70. პლაზმის, მათ შორის, პლაზმაფერეზის I ხარისხის ინტესივობის რეზერვის დონორების სამედიცინო გამოკვლევა ხდება სისხლის რეზერვის დონორების გამოკვლევის ანალოგიურად, რომელსაც ამ ინსტრუქციის 1-6 პუნქტებში ითვალისწინებენ.

71. პლაზმაფერეზის II ხარისხის ინტენსივობის პლაზმის აქტიური დონორების, აგრეთვე ნათესავი დონორების სამედიცინო შემოწმება ხდება ამ ინსტრუქციის 1-6 პუნქტების შესაბამისად.

დონორების შერჩევისას იკვლევენ:

ა) პერიფერიული სისხლის შემადგენლობას (ჰემოგლობინი, ერითროციტები, თრომბოციტები, ედს, და ლეიკოციტალური ფორმულა). შესაძლებელია ჰემატოკრიტის განსაზღვრა, ჰემოგლობინის მაგიერ.

ბ) საერთო ცილისა და ცილების ფრაქციის შემადგენლობის განსაზღვრა.

72. ყოველი განმეორებითი პლაზმოფერეზის დროს ხდება ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის დონის, ედს-ის და საერთო ცილის შემცველობის განსაზღვრა.

73. დონორების საკონტროლო გამოკვლევა მრავალჯერადი პლაზმაფერეზების დროს ხდება 4 თვეში ერთხელ მაინც. მორიგი პლაზმოფერეზების დღეს მისი ჩატარების შესაძლებლობაზე დასკვნას ექიმი-თერაპევტი იძლევა ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც მიღებული იქნა წინა პლაზმაფერეზის ჩატარების დროს სისხლის შემოწმებისას, მაგრამ ამ პროცედურებს შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს.

74. რომელიმე გამოკვლეული მაჩვენებლის გადახრის შემთხვევაში დონორი დროებით მოიხსნება პლაზმოფერეზიდან. მისი ხელახალი დონორობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი-თერაპევტი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში.

75. იმუნური პლაზმის დონორების სამედიცინო შემოწმება.

76. საერთო დებულებები.

77. კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება მიმართული მოქმედების სპეციალური იმუნოგლიბულინები (ჰიპერიმუნური იმუნოგლობულინები). იმუნოგლობულინების მისაღებ საწყის მასალად გამოიყენება ბუნებრივი მაღალი ანტიბაქტერიული ანტისხეულების შემცვლელი ამა თუ იმ ანტიგენით აქტიურად იმუნიზირებული დონორის სისხლის პლაზმა.

78. ამჟამად ორგანიზებულია ტეტანუსის საწინააღმდეგო იმუნოგლიბულინის, ანტისტაფილოკოკური პლაზმისა და გლობულინის, გრიპის საწინააღმდეგო იმუნოგლიბულინის, ენცეფალიტის საწინააღმდეგო იმუნოგლიბულინის გამოშვება. შემუშავებულია იმუნური პრეპარატები აეროვანი განგრენის, პროტეის წინააღმდეგ. დონორების შერჩევა აქტიური იმუნიზაციისათვის, მიმართული მოქმედების იმუნური პრეპარატების მისაღებად, ხდება 20-40 წლამდე მამაკაცთა შორის. შესაბამისი ანტიგენის მქონე დონორების შერჩევისათვის საჭიროა შესაბამისი ინსტრუქციით სარგებლობა.

79. სისხლის უჯრედების დონორების სამედიცინო შენოწმება.

80. ციტოპენიური მდგომარეობის ეფექტური მკურნალობის საშუალებად გამოიყენება სისხლის უჯრედული კომპონენტების კონცენტრატი (კერძოდ. თრომბოციტების და ერითროციტებისა), რომლებიც მიიღება ციტაფერეზის ჩაბარებისას.

81. სისხლის უჯრედის დონორი შეიძლება იყოს ყოველი ჯანმრთელი ადამიანი 20-დან 40-წლამდე, რომლებიც ნებაყოფლობით აცხადებს “თანხმობას ციტაფერეზზე”.

82. გამონაკლისს წარმოადგენენ დონორ-ნათესავები, რომელთა დაშვებას ასაკის მიხედვით წყვეტს ექიმი-თერაპევტი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში.

83. სისხლის უჯრედების დონორების დაკომპლექტება ხდება სისხლის სამსახურის თანამშრომლების მიერ აქტიური დონორების რიცხვიდან, ხოლო დონორ-ნათესავების დაკომპლექტება ხდება სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ექიმების მიერ.

84. ციტაფერეზის ჩასატარებლად საჭიროა მოზიდულ იქნენ პირველ რიგში ავადმყოფის ნათესავები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – აქტიური ან რეზერვის დონორები.

85. ხალხის აგიტაციას სისხლის უჯრედების დონორებაზე აწარმოებს ექიმი ინდივიდუალური საუბრებით. საუბრის თემა ეხება იმ სარგებლობას, რომელიც სისხლის უჯრედების გადასხმას მოაქვს ავადმყოფისათვის.

86. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დონორის გათვითცნობიერებას პლაზმაფერზის მექანიზმში.

87. ციტაფერეზი ხორციელდება სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, რომელიც უზრუნველყოფს დონორობის შერჩევას და პროცედურის ჩატარებას, რაც დაკავშირებულია სისხლის უჯრედების გამოყოფასთან (პოლიმერული კონტეინერებისა ან სისხლის სეპარატორის დახმარებით).                                 

88. სამედიცინო შემოწმება და დონორის შერჩევა ხორციელდება ამ ინსტრუქციის შესაბამისად (72 და 73 პუნქტები). დამატებით წარმოებს ტემპერატურის გასინჯვა, დონორის წონის განსაზღვრა და გამოკვლევა:

ა) სისხლის შედედების დრო (გამოიყენება მხოლოდ სისხლის ავტომატური სეპარატორის გამოყენების შემთხვევაში);

ბ) ელექტროკარდიოგრამა (ეკგ).

89. ეკგ-ს გამოკვლევა ტარდება ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებებში ან სტაციონარში, სადაც გამოიყენება სისხლის უჯრედები.

90. დასკვნას დონორისათვის ციტაფერეზის ჩატარების შესახებ იძლევა ექიმი-თერაპევტი, რომელიც ახორციელებს სამედიცინო შემოწმებას კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე. ეს მონაცემები შეაქვთ აქტიური დონორის სამედიცინო ბარათში”, სადაც თავფურცელზე, ზემოთ მარჯვენა კუთხეში აღინიშნება სისხლის უჯრედების დონორი”.

91. ციტაფერეზის პროცედურის წინ დონორს ათვალიერებს ციტაფერეზის ჩამტარებელი ექიმი, რომელიც აღრიცხავს პულსის სიხშირეს და არტერიულ წნევას. ეს მონაცემები შეაქვს “აქტიური დონორის სამედიცინო ბარათში”. მასში აგრეთვე ფიქსირდება ინფორმაცია ჩატარებული ციტაფერეზის შესახებ, დონორის მდგომარეობა პროცედურის მსვლელობისას და მის შემდეგ, აღებული სისხლის უჯრედების რაოდენობა.

92. დონორი ციტაფერეზის შემდეგ სახლში გაიშვება იმ შემთხვევაში, თუ საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პულსის, არტერიული წნევის და სხეულის ტემპერატურის მაჩვენებლები ნორმალურია.

93. ციტაფერეზის გამეორება შეიძლება 14 დღის შემდეგ. დონორ-ნათესავებს აუცილებლობის შემთხვევაში ეს ინტერვალი შეიძლება შეუმცირდეს 3-5 დღემდე.

94. დონორების გამოკვლევა თრომბოციტოფერეზის განმეორებით ჩატარებისას მიზნად ისახავს ჰემოგლობინის რაოდენობის და თრომბოციტების რიცხვის განსაზღვრას.

95. თუ დონორს არ უტარდება თრომბოციტოფერეზი განმეორებით, ის შეიძლება დაშვებულ იქნეს პლაზმაფერეზზე ან სისხლის ჩაბარებაზე 14 დღის მერე. ამ შემთხვევაში დონორების გამოკვლევა ტარდება ამ ინსტრუქციით (1-7 პუნქტები). დონორების დაშვება ციტაფერეზზე, სისხლის ჩაბარების შემდეგ შეიძლება 60 დღეში, პლაზმაფერეზის შემდეგ – 14 დღეში.

96. სისხლის უჯრედების დონორობაზე ვრცელდება ყველა შეღავათები, გათვალისწინებული სისხლისა და პლაზმის დონორებისათვის.

დანართი 2

სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორობის ჯანმრთელობის დაცვისათვის სათანადო ღონისძიებების შემუშავებისა და მათი განხორციელებისათვის საჭირო გზების განსაზღვრის შესახებ დებულება

1. დონორობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოდ არ ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკაცრად იქნება დაცული დონორობის ინსტრუქციით გათვალისწინებული წინააღმდეგჩვენებები და დონორისაგან სისხლის მიღების წესი.

2. სისხლის ჩაბარების დროს აუცილებელია დონორის წონის გათვალისწინება, 50 კგ-ზე ნაკლები წონის ადამიანი თავისუფლდება სისხლის ჩაბარებისაგან. დიდ ქალაქებში, სადაც არსებობს ერთზე მეტი სისხლის გადასხმის სადგური ან განყოფილება, უნდა შეიქმნას ერთიანი დონორის ცენტრი, რათა გამოირიცხოს დონორის მიერ სისხლის სხვადასხვა ადგილზე ჩაბარება. სისხლის გაღების წინ დონორი იღებს უფასო საუზმეს, სისხლის გაცემის შემდეგ კი სადილის – ქვითარს ან შესაბამის ფულად კომპენსაციას.

3. დაწესებულება, სადაც მზადდება სისხლი, ვალდებულია მისცეს დონორს “ცნობა სისხლის გაღების დღეს სამსახურიდან გათავისუფლების და დამატებითი დასვენების დღის მიცემის შესახებ”. ყველა გამოკვლევა, რომელიც უტარდება დონორს მისი ჯანმრთელობის შესამოწმებლად და ასევე ცნობა, რომელიც გაიცემა დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უფასოა.

4. დონორისაგან სისხლის მიღების წესის თანახმად, სისხლის გაღების დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ, რომელიც აწარმოებს დონორის სამედიცინო შემოწმებას. პირველ რიგში დაცულ უნდა იქნეს დონორობისათვის მიღებული ასაკი 18 წლიდან – 60 წლამდე. სისხლის გაღების ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 450 მლ. მთლიან სისხლს 20-დან 55 წლამდე დონორებისათვის, ხოლო 20-მდე ასაკის და 55 წლის ზემოთ დონორებისათვის – 250-300 მლ-ს. სისხლის ჩაბარების სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს ერთ ჩაბარებას 60 დღეში, წელიწადში 5–6-ჯერ. მეექვსედ ჩაბარებისას ინტერვალი მეხუთე ჩაბარებიდან უნდა გაიზარდოს 3 თვემდე. ამავე დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჰემატოლოგიური მაჩვენებლები და ჰემოპოეზის მდგომარეობა. ინდივიდუალურ მიდგომას და დიფერენცირებას მოითხოვს დონორთა სხვადასხვა სახეობათა ჯანმრთელობის დაცვა. ვინაიდან ისინი უნდა შემოწმდნენ სხვადასხვა სახის გამოკვლევებით. მაგალითად, როგორიცაა პლაზმის დონორებისათვის ჰემატოკრიტის განსაზღვრა.

5. სისხლის გაღება ჯანმრთელი ადამიანისათვის უსაფრთხოა, მაგრამ აუცილებელია იმ გართულებების ცოდნა, რომლებიც მოსალოდნელია სისხლის ჩაბარების დროს, გართულებები იყოფა 2 ჯგუფად: ადგილობრივი და ზოგადი ხასიათის გართულებები.

I. ადგილობრივი გართულებები

6. ადგილობრივი გართულებებიდან პირველ ადგილზეა იდაყვის ვენის არასწორი ჩხვლეტისას განვითარებული ჰემატომა, რომელიც უვითარდება დონორთა დაახლოებით 10 %-ს, იგი ქრება რამდენიმე დღეში მკურნალობის გარეშე. იშვიათ შემთხვევაში იდაყვის ნერვის ზეწოლის გამო შეიძლება განვითარდეს ხელის დროებითი დამბლა. ასევე ჩხვლეტით დონორის ინფიცირებისას ვითარდება აბცესი ან ფლეგმონა. ხოლო ვენაში მოხვედრილი დაბინძურებული ნაწილაკებით შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი თრომბოფლებიტი. იშვიათ შემთხვევაში თრომბოფლებიტი მიმდინარეობს იდაყვის სახსრის რეაქტიულ ართროზთან ერთად. თუ, დონორს იოდის მიმართ ახასიათებს იდიოსინკრაზია, იოდით იდაყვის ფოსოს გაწმენდისას ვითარდება კანის ადგილობრივი რეაქცია: (კანის) გაწითლება, შეშუპება, ზოგიერთ შემთხვევაში დამახასიათებელია გამონაყარი და ტემპერატურის აწევა. შეცდომით ნერვის ჩხვლეტისას ვითარდება ხელის დამბლა.

II. ზოგადი გართულებები

7. სისხლის ჩაბარებისას განვითარებული ზოგადი ხასიათის გართულებებიდან აღსანიშნავია:

ა) სისხლის ჩაბარებით გამოწვეული რეაქცია, რაც გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: საერთო სისუსტე, სიფერმკრთალე, ოფლიანობა, ღებინება. აღნიშნული სიმპტომები გაივლის სწრაფად, მკურნალობის გარეშე;

ბ) სისხლის ჩაბარების დროს ცთომილი ნერვის გაღიზიანების შედეგად, მუცლის ღრუს სისხლძარღვები სწრაფად ფართოვდება, რაც იწვევს თავის ტვინის მწვავე ჰიპოქსიას, რის შედეგად ვითარდება ე.წ. სინკოპური მდგომარეობა (სინკოპე), რაც გამოიხატება შემდეგში: ფერის დაკარგვა, ოფლიანობა, ღებინება, ეცემა არტერიული წნევა, დონორი კარგავს გონებას, ზოგჯერ უვითარდება კრუნჩხვები და უნებლიე შარდვა. სინკოპური მდგომარეობის დროს დონორი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მოეხაროს ქვემო კიდურები მუხლის სახსარში, მიეცეს ყავა, კოფეინი. იშვიათ შემთხვევაში სინკოპე ვითარდება მოგვიანებით, ან რამდენჯერმე დღე-ღამის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში დონორს უტარდება მწვავე გულსისხლძარღვთა უკმარისობის საწინააღმდეგო ინტენსიური მკურნალობა. საინტერესოა “ეპიდემიური სინკოპეს” ფაქტი, როდესაც სინკოპე უვითარდება ერთდროულად რამდენიმე დონორს ნერვული სტრესის გამო.

8. “სინკოპე” ვითარდება უფრო ხშირად ახალგაზრდა ასაკის დონორებში პირველი ჩაბარებისას. სინკოპეს განვითარების ხელშემწყობია ცუდი გარემო პირობები (კლიმატური). ასევე მტკივნეული ჩხვლეტა ვენაში და ჩაბარების დროის გახანგრძლივება იწვევს დონორზე სტრესულ ზემოქმედებას, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი პათოლოგიური რეაქციის განვითარებისა. სინკოპეს განვითარებას ხელს უწყობს აგრეთვე დონორის უძილობა, შიმშილი, უეცარი წამოხტომა სისხლის ჩაბარების შემდეგ. მიზანშეწონილია სისხლის ჩაბარების შემდეგ დონორი იწვეს 5 წთ. კოლაფსის პროფილაქტიკისათვის შესანიშნავი საშუალებაა ცივი სასმელის მიღება, რომელიც იწვევს მუცლის მიდამოში სისხლძარღვების შევიწროებას. სისხლის ჩაბარებისას ძალზე იშვიათად, მაგრამ მაინც ვითარდება მწვავე გულსისხლძარღვთა უკმარისობა და თავის ტვინის თრომბოემბოლია, რაც დონორის სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს.

9. ზოგადი ხასიათის გართულებებიდან აღსანიშნავია ტეტანია. დონორის სტრესული მდგომარეობის გამო სისხლის ჩაბარებისას ადგილი აქვს სუნთქვის გახშირებას, რაც იწვევს ფილტვების ჰიპერვენტილაციის შედეგად სუნთქვით ალკალოზს და სპაზმს. ამ გართულების სამკურნალოდ გამოიყენება ნახშირორჟანგით გამდიდრებული საინგალაციო ნარევი და კალციუმის გლუკონატის ვენაში შეყვანა.

10. აიროვანი ემბოლია – მიეკუთვნება ტექნიკური შეცდომის დაშვების შედეგად განვითარებულ გართულებას. დონორს უვითარდება ციანოზი, ქოშინი, ძლიერი ტაქიკარდია, ხველა, დონორის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ვენაში შესული ჰაერის რაოდენობა 30 მლ-ზე მეტია. სისხლის აღების დროს აიროვანი ემბოლიის განვითარებისას დონორი უნდა დაწვეს მარცხენა გვერდზე, მიეცეს ჟანგბადი, ნეიროლეპტიკური და საგულე საშუალებები.

სახელმწიფო ვალდებულია მკაცრი კონტროლი გაუწიოს და უზრუნველყოს იმ შეღავათების შესრულება, რომელიც დაწესებულია დონორთათვის ქვეყანაში.