მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 111/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 21/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016692
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
111/04
21/06/2023
ვებგვერდი, 22/06/2023
220010000.18.011.016692
მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/06/2023 - 06/12/2024)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №111/04

2023 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

 

მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, გაკოტრების რისკების შემცირებისათვის მიკრობანკების ადეკვატური კაპიტალიზაციის, აგრეთვე, კაპიტალის ადეკვატურობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოვების მიზნით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, ასევე, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის და 26-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ  დებულება თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი



მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულება

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ დებულების მიზანია ხელი შეუწყოს  მიკრობანკების გაკოტრების რისკების შემცირებასა და მთლიანი საბანკო სექტორის ფინანსურ სტაბილურობას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (შემდგომში – ეროვნული ბანკი) უნდა უზრუნველყოს საბანკო სექტორში ეფექტიანი, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გარემოს ფუნქციონირება, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას.

2. მიკრობანკების საქმიანობის ზედამხედველობის მთავარი ბერკეტია მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მინიმალური მოთხოვნების დადგენა და მათი შესრულების კონტროლი.

3. ამ დებულებით დგინდება მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა მიკრობანკისათვის და უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალისთვის და შვილობილი მიკრობანკისთვის (შემდგომში – მიკრობანკი).

4.  ამ დებულებით დადგენილი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები ეფუძნება სამ „პილარს“, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისოდ აღიარებული „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოში.  თუ ამ დებულებაში მოცემული არ არის კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი წესი ან ტერმინის განმარტება, მიკრობანკმა ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უნდა იხელმძღვანელოს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სტანდარტებითა და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის 575/2013 რეგულაციითა და 2013/36/EU დირექტივით.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ზოგადი რეზერვი – სამომავლო, მიმდინარე მდგომარეობით დაუდგენელი დანაკარგების დასაფარად შექმნილი რეზერვი რისკის პოზიციების გარკვეული ჯგუფისათვის, რომელთა მიმართაც დამდგარი დანაკარგის შესახებ მიკრობანკს არ აქვს არანაირი მტკიცებულება. ზოგადი რეზერვი სრულად და თავისუფლად ხელმისაწვდომია, იმ დანაკარგების დასაფარად, რომელიც არ არის მატერიალიზებული და არ მოიცავს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (შემდგომში – ფასს) 9-ის შესაბამისად შექმნილ მოსალოდნელ საკრედიტო ზარალს;

ბ) მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი – ფასს 9-ის შესაბამისად განმარტებული მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი;

გ) სხვა სრული შემოსავალი – ფასს-ით განმარტებული სხვა სრული შემოსავალი;

დ) გაუნაწილებელი მოგება – ფასს-ით განმარტებული გაუნაწილებელი მოგება;

ე) არამატერიალური აქტივები – ფასს-ით განმარტებული არამატერიალური აქტივები;

ვ) ძირითადი საშუალებები – ფასს-ით განმარტებული ძირითადი საშუალებები;

ზ) ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვი – ფასს-ით განმარტებული ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვი;

თ) ფინანსური ინსტიტუტი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საფინანსო სექტორის წარმომადგენელი  და სალიზინგო კომპანიები, ასევე, ანალოგიური ორგანიზაციები, რომლებიც დაფუძნებული არიან საზღვარგარეთ;

ი) საჯარო დაწესებულება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება, ასევე ამ დებულების მიზნებისათვის საჯარო დაწესებულებად მიიჩნევა  სხვა ქვეყნების ცენტრალური, რეგიონული ან ადგილობრივი მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი არაკომერციული ადმინისტრაციული ორგანოები ან სტრუქტურები, რომლებიც კომპეტენტური ორგანოების მიერ მიჩნეულია იმავე პასუხისმგებლობების მქონე ერთეულებად, რაც რეგიონულ და ადგილობრივ მთავრობებს აქვთ, ან ცენტრალური მთავრობის კუთვნილებაში მყოფი არაკომერციული იურიდიული პირები, რომელთაც აქვთ პირდაპირი საგარანტიო შეთანხმებები, მათ ასევე შეიძლება მიეკუთვნებოდეს თვითმმართველი ორგანოებიც, რომლებიც რეგულირდება შესაბამისი ქვეყნის  კანონმდებლობით;

კ) კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფა – საკრედიტო რისკის მიტიგაციის ფორმა, რომლის დროსაც  საკრედიტო რისკის შემცირება ხდება მიკრობანკის უფლებით, მეორე მხარის დეფოლტის ან საკრედიტო რისკთან დაკავშირებული სხვა მოვლენის დადგომის შემთხვევაში, დაიწყოს მეორე მხარის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება ან ამოიღოს/დაისაკუთროს მისი კონკრეტული აქტივები ან თანხები ან შეამციროს/ჩაანაცვლოს მისი რისკის პოზიცია რისკის პოზიციასა და მიკრობანკის მიმართ მოთხოვნის თანხებს შორის სხვაობით;

ლ) კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფა – საკრედიტო რისკის მიტიგაციის ფორმა, რომლის დროსაც საკრედიტო რისკის შემცირება ხდება მსესხებლის დეფოლტის ან საკრედიტო რისკთან დაკავშირებული სხვა  მოვლენების დადგომის შემთხვევაში, გადახდის ვალდებულების მესამე მხარის მიერ თავის თავზე აღებით;

მ) ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტი – მიკრობანკის მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატი ან სხვა ანალოგიური ინსტრუმენტი;

ნ) ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი – „მიკრობანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი;

ო) მონათესავე საწარმო – იურიდიული პირის კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოები;

პ) საზედამხედველო კონსოლიდირება – რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების კალკულაციაში საწარმოს აქტივების გათვალისწინება, რომელშიც მიკრობანკს  განხორციელებული აქვს ინვესტიცია;

ჟ) რისკის პოზიცია – აქტივი და/ან გარესაბალანსო ელემენტი;

რ) რისკის მიხედვით შეწონილი მთლიანი რისკის პოზიციები – საკრედიტო, საბაზრო და საოპერაციო რისკების მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების ჯამი;

ს) კომბინირებული ბუფერის მოთხოვნა – კაპიტალის კონსერვაციისა და კონტრციკლურობის ბუფერების მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის საჭირო ძირითადი პირველადი კაპიტალი;

ტ) გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი;

უ) საჯარო ფასიანი ქაღალდები – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებული საჯარო ფასიანი ქაღალდები;

ფ) ფულადი გასაცემელი – კანონმდებლობით განსაზღვრული უვადო ფულადი გასაცემელი, მათ შორის, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია და სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემი ნებისმიერი სხვა გასაცემელი ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით. ფულად გასაცემელში არ შედის ფულადი სახის სოციალური დახმარება – საარსებო შემწეობა, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობა;

ქ) დასაკუთრებული უძრავი ქონება – უძრავი ქონება, რომელიც დასაკუთრებულია  მიკრობანკის მიერ მსესხებლის მიკრობანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დავალიანების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით;

ღ) შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტი (POCI) – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკებისათვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“  შესაბამისად განმარტებული ფინანსური ინსტრუმენტი.


თავი II
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები – საზედამხედველო კაპიტალი (პილარ 1) 

მუხლი 3. საზედამხედველო კაპიტალი
1. მიკრობანკის კაპიტალის ადეკვატურობა განისაზღვრება მისი საზედამხედველო კაპიტალით. მასში არ უნდა იყოს ჩართული ისეთი ინსტრუმენტები, რომელთა შესახებ შეთანხმება, ხელშეკრულება ან დაპირება ვერ უზრუნველყოფს მიკრობანკის სტაბილურობისა და მდგრადობის პრინციპებს.

2. მიკრობანკის საზედამხედველო კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისაგან:

ა) პირველადი კაპიტალი, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:

ა.ა) ძირითადი პირველადი კაპიტალი;

ა.ბ) დამატებითი პირველადი კაპიტალი;

ბ) მეორადი კაპიტალი (სალიკვიდაციო კაპიტალი).

3. პირველადი კაპიტალი  შედგება ისეთი ინსტრუმენტებისაგან, რომელთაც შეუძლია ზარალის უპირობოდ მათი წარმოქმნისთანავე დაფარვა ისე, რომ მიკრობანკმა შეძლოს თავისი საქმიანობის შეფერხების გარეშე გაგრძელება. პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები მიკრობანკს უნდა აძლევდეს გადახდების განხორციელებას შესაძლებლობას მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ (მათი გადაუხდელობა არ უნდა იწვევდეს მიკრობანკის დეფოლტს) და ზარალის დაფარვისათვის მათი სრულად გამოყენების შესაძლებლობას.

4. მეორადი კაპიტალი არის სალიკვიდაციო კაპიტალი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მიკრობანკის ზარალის დაფარვა დეპოზიტორებამდე და არაუზრუნველყოფილ კრედიტორებამდე მიკრობანკის ლიკვიდაციისას და/ან მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების დროს.


მუხლი 4. ძირითადი პირველადი კაპიტალი
1. ძირითადი პირველადი კაპიტალი არის საზედამხედველო კაპიტალის უმთავრესი წყარო და უდრის ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტების ჯამს გამოკლებული ძირითადი პირველადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებები.

2. ძირითადი პირველადი კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისგან:

ა) ჩვეულებრივი აქციები, რომლებიც სრულად განაღდებულია და აკმაყოფილებს ამ დებულების IX თავში მოცემულ კრიტერიუმებს;

ბ) დამატებითი სახსრები, რომლებიც წარმოიქმნება ძირითადი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების ემისიით;

გ) აკუმულირებული  სხვა სრული შემოსავალი და სხვა რეზერვები;

დ) გაუნაწილებელი მოგება (ზარალი).


მუხლი 5. დამატებითი პირველადი კაპიტალი
1. მიკრობანკის დამატებითი პირველადი კაპიტალი უდრის დამატებითი პირველადი კაპიტალის ელემენტების ჯამს გამოკლებული დამატებითი პირველადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებები.

2. დამატებითი პირველადი კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისგან:

ა) ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ დებულების IX თავში მოცემულ დამატებითი პირველადი კაპიტალის კრიტერიუმებს და არ არის ძირითადი პირველადი კაპიტალის ნაწილი;

ბ) დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები.


მუხლი 6. მეორადი კაპიტალი
1. მეორადი კაპიტალი არის საზედამხედველო კაპიტალის დამატებითი წყარო და უდრის მეორადი კაპიტალის ელემენტების ჯამს გამოკლებული მეორადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებები.

2. მეორადი კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისგან:

ა) ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ დებულების IX თავში მოცემულ მეორადი კაპიტალის კრიტერიუმებს და არ არის  პირველადი კაპიტალის ნაწილი;

ბ) მეორად კაპიტალში შემავალი ინსტრუმენტების ემისიით მიღებული  დამატებითი სახსრები;

გ) ზოგადი რეზერვები, მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების მაქსიმუმ 1.25%-ის ოდენობით.


მუხლი 7. საზედამხედველო კორექტირებები
1. კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებისათვის საზედამხედველო კომპონენტებს უნდა გამოაკლდეს ამ მუხლით განსაზღვრული საზედამხედველო კორექტირებები.

2. საზედამხედველო კაპიტალის დათვლისას  გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი კორექტირებები:

ა) აქტივების გადაფასების დადებითი რეზერვის დაქვითვა უნდა მოხდეს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან;

ბ) მოგებასა და ზარალში აქტივების არარეალიზებული გადაფასების შედეგად მიღებული აკუმულირებული მოგების ის ნაწილი (იგულისხმება ისტორიულად აკუმულირებული და არა მხოლოდ მიმდინარე წლის მოგება), რომელიც აღემატება მოგებასა და ზარალში არარეალიზებული გადაფასების შედეგად ასახულ აკუმულირებულ ზარალს (იგულისხმება ისტორიულად აკუმულირებული და არა მხოლოდ მიმდინარე წლის ზარალი), უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის მიკრობანკებმა არ უნდა გაითვალისწინონ მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივები, რომლებიც ივაჭრება ლიკვიდურ ბაზრებზე. ეროვნულ ბანკს შეუძლია მოსთხოვოს მიკრობანკს, კონკრეტული აქტივები არ მიიჩნიოს მაღალი ლიკვიდურობის მქონედ და კაპიტალიდან დაქვითოს მათი გადაფასების შედეგად აკუმულირებული მოგება, რომელიც აღემატება აკუმულირებულ ზარალს;

გ) გუდვილი და სხვა არამატერიალური აქტივები უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. დაქვითვა უნდა მოხდეს შესაბამის გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებებთან გაქვითვის შემდეგ;

დ) გადავადებული საგადასახადო აქტივები, რომელთა რეალიზება დამოკიდებულია  მიკრობანკის სამომავლო მომგებიანობაზე უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. გადავადებული საგადასახადო აქტივი შეიძლება გაიქვითოს მასთან დაკავშირებულ გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე, გადავადებული საგადასახადო აქტივიც და ვალდებულებაც, გადაიხდება ერთსა და იმავე საგადასახადო ორგანოში და გაქვითვა დაშვებულია შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ. დროებითი სხვაობების (მაგ.: შესაძლო დანაკარგების რეზერვები) შედეგად წარმოშობილი გადავადებული საგადასახადო აქტივების თანხის დაქვითვა უნდა მოხდეს „ზღვრული დაქვითვის“ მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, აღიარებას ექვემდებარება დროებითი სხვაობების შედეგად წარმოშობილი გადავადებული საგადასახადო აქტივები არაუმეტეს ძირითადი პირველადი კაპიტალის (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა” -„თ“ ქვეპუნქტების ჩათვლით ყველა საზედამხედველო კორექტირების გათვალისწინების შემდეგ) 10%-ის ოდენობით. ყველა სხვა ასეთი აქტივი, როგორიცაა საოპერაციო დანაკარგებთან დაკავშირებული მომავალ პერიოდზე გადატანილი  გამოუყენებელი ზარალი ან გამოუყენებელი საგადასახადო კრედიტები, სრულად უნდა დაიქვითოს გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებებთან გაქვითვის შემდეგ, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი. გადავადებული საგადასახადო ვალდებულება, რომელიც შეიძლება გაიქვითოს გადავადებულ საგადასახადო აქტივთან, არ უნდა შეიცავდეს თანხას, რომელიც უკვე გაიქვითა გუდვილის და სხვა არამატერიალური აქტივების კორექტირებისას და უნდა გადანაწილდეს გადავადებული საგადასახადო აქტივის სრულად და ზღვრული დაქვითვის პროპორციულად;

ე) ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვის თანხა, რომელიც დაკავშირებულია საბალანსო უწყისის იმ ელემენტების ჰეჯირებასთან, რომლებიც არ არის აღიარებული სამართლიანი ღირებულებით (მათ შორის, დაგეგმილი ფულადი ნაკადები), არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ძირითადი პირველადი კაპიტალის დათვლისას  (დადებითი თანხა უნდა გამოაკლდეს, ხოლო უარყოფითი  თანხა უნდა დაემატოს). ამგვარი მიდგომით, ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვი არ უნდა იქნეს აღიარებული პრუდენციული მიზნებისთვის. ელემენტები, რომლებიც იწვევენ ხელოვნურ მერყეობას ძირითად კაპიტალში არ აღიარდება;

ვ) ინვესტიციები საკუთარ აქციებში უნდა დაიქვითოს საზედამხედველო კაპიტალიდან. მიკრობანკის პირდაპირ თუ არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული ინვესტიციები საკუთარ ჩვეულებრივ აქციებში  მთლიანად დაიქვითება ძირითადი პირველადი კაპიტალიდან (თუ უკვე არ მოხდა მათი აღიარების შეწყვეტა შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებით).  გარდა ამისა, ნებისმიერი საკუთარი აქცია, რომელიც მიკრობანკმა უნდა გამოისყიდოს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების თანახმად, უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. დამატებითი პირველადი კაპიტალის დათვლისას უნდა დაიქვითოს მიკრობანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციები  საკუთარ დამატებით პირველად კაპიტალში და მეორადი კაპიტალის დათვლისას უნდა დაიქვითოს მიკრობანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციები საკუთარ მეორად კაპიტალში;

ზ) მიკრობანკის, კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალში ჯვარედინი მფლობელობა (ურთიერთმფლობელობა), რომელიც კაპიტალის ხელოვნურ გაზრდას იწვევს, სრულად დაიქვითება საზედამხედველო კაპიტალიდან. მიკრობანკებმა უნდა დაქვითონ სხვა მიკრობანკების, კომერციული ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისა და სადაზღვევო ორგანიზაციების კაპიტალში  აღნიშნული ტიპის ინვესტიციები „შესაბამისი დაქვითვის მეთოდის“ გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ დაქვითვა უნდა მოხდეს კაპიტალის იმ კომპონენტიდან, რომლის ნაწილიც ის იქნებოდა ამ დებულების შესაბამისად, თუ იგი თავად მიკრობანკის მიერ იქნებოდა გამოშვებული. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის კაპიტალი წარმოადგენს ამ დებულებით განსაზღვრულ პირველად და მეორად კაპიტალს;

თ) ინვესტიციები მიკრობანკების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალში, რომლებიც არ ექვემდებარება საზედამხედველო კონსოლიდირებას უნდა დაიქვითოს საზედამხედველო კაპიტალიდან. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის კაპიტალი წარმოადგენს ამ დებულებით განსაზღვრულ პირველად და მეორად კაპიტალს. თუ მოცემული ორგანიზაციის კაპიტალის ინსტრუმენტი, რომელშიც მიკრობანკს აქვს ინვესტიცია განხორციელებული, არ აკმაყოფილებს ამ დებულების IX თავში განსაზღვრულ ძირითადი პირველადი, და მეორადი კაპიტალის კრიტერიუმებს,  ამ საზედამხედველო კორექტირების მიზნებისთვის ინსტრუმენტი უნდა მიეკუთვნოს ჩვეულებრივ აქციებს (ძირითადი პირველადი კაპიტალი), ხოლო თუ ინსტრუმენტი გამოშვებულია მიკრობანკის მიერ  და არ მიეკუთვნება საზედამხედველო კაპიტალს, იგი არ უნდა დაიქვითოს საზედამხედველო კაპიტალიდან;

ი) ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ინვესტიციები, რომლებიც არ წარმოადგენს ჩვეულებრივ აქციებს, სრულად უნდა დაიქვითოს  შესაბამისი დაქვითვის მეთოდის გამოყენებით. შესაბამისი დაქვითვის მეთოდის მიხედვით, დაქვითვა უნდა მოხდეს კაპიტალის იმ კომპონენტიდან, რომლის ნაწილიც ის იქნებოდა ამ დებულების შესაბამისად, თუ იგი თავად  მიკრობანკის მიერ იქნებოდა გამოშვებული. თუ კაპიტალის კონკრეტული კომპონენტიდან დაქვითვის მოთხოვნის შემთხვევაში მიკრობანკს არ აქვს აღნიშნული კომპონენტის საკმარისი ოდენობა, დარჩენილი თანხა უნდა დაიქვითოს  მომდევნო (უფრო მაღალი) რანგის კაპიტალიდან;

კ) აქციების ფლობა და სხვა სახით 10%-ზე მეტი წილის ფლობა კომერციული იურიდიული პირების კაპიტალში დაიქვითება ძირითადი პირველადი კაპიტალიდან.


თავი III
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური დონე და რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები (პილარ 1)

მუხლი 8. საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური დონე
1. ყველა მიკრობანკი ვალდებულია, გააჩნდეს საზედამხედველო კაპიტალის ის ოდენობა, რომელიც ყოველთვის მეტი ან ტოლი იქნება  კაპიტალის შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებზე:

ა) ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი – მიკრობანკის ძირითადი პირველადი კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან, უნდა იყოს 4.5%-ზე მეტი ან ტოლი;

ბ) პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი – მიკრობანკის პირველადი კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან, უნდა იყოს 6%-ზე მეტი ან ტოლი;

გ) საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი – მიკრობანკის საზედამხედველო კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან, უნდა იყოს 8%-ზე მეტი ან ტოლი.

2. ძირითადი პირველადი კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტების დათვლისათვის გამოყენებული რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები წარმოადგენს ამ დებულების VI-VIII თავებით განსაზღვრული საკრედიტო, საბაზრო და საოპერაციო რისკების მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების ჯამს.

3. ამ მუხლით განსაზღვრული კოეფიციენტების დათვლის მიზნებისათვის მიკრობანკებმა უნდა ისარგებლონ ფასს-ის საფუძველზე გაანგარიშებული რიცხვებით.

4. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს შეუზღუდოს მიკრობანკს ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ისეთი ინსტრუმენტების გამოშვება ან/და კაპიტალში ჩართვა, რომლებიც ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის წარმოადგენს ვალდებულებას, რათა ასეთი ინსტრუმენტების პორტფელი არ იყოს ზედმეტად გრანულარული.


მუხლი 9. კაპიტალის კონსერვაციის ბუფერი
ყველა მიკრობანკი ვალდებულია, ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პილარ 1-ის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ მოთხოვნებთან და მე-15 მუხლით განსაზღვრულ პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერებთან  ერთად, დამატებით დაიცვას კაპიტალის კონსერვაციის ბუფერი რისკის მიხედვით შეწონილი მთლიანი რისკის პოზიციების 2.5%-ის ოდენობით.

მუხლი 10. კონტრციკლური კაპიტალის ბუფერი 
1. ამ დებულების მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და მე-15 და მე-16 მუხლით განსაზღვრულ პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერებთან ერთად, ეროვნული ბანკი ყველა მიკრობანკისათვის ადგენს კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის დაცვის მოთხოვნას.

2. კონტრციკლური კაპიტალის ბუფერი დგინდება რისკის მიხედვით შეწონილი მთლიანი რისკის პოზიციების 0%-დან 2.5%-მდე შუალედის ფარგლებში. განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაც უნდა დასტურდებოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოყვანილი გარემოებებით, შესაძლებელია კონტრციკლური კაპიტალის განაკვეთი აღემატებოდეს 2.5%-ს. ბუფერის ცვლილება უნდა მოხდეს 0.25 პროცენტული პუნქტით ან მისი ჯერადით.

3. კონტრციკლური ბუფერის განაკვეთი გადაიხედება ყოველკვარტალურად და მისი დადგენისას გაითვალისწინება ისეთი ფაქტორების ანალიზი, როგორიცაა, სესხების მშპ-სთან ფარდობის და მისი გრძელვადიანი ტრენდიდან გადახრის შესაბამისი ინდიკატორები, საკრედიტო ტენდენციები, ფინანსური სექტორის ციკლური პოზიციის სხვა მახასიათებლები, შინამეურნეობებისა და კომპანიების ფინანსური მდგრადობის მაჩვენებლები, ქვეყნის შიდა და საგარეო მაკროფინანსური მდგომარეობის მაჩვენებლები და სხვა.

4. მიკრობანკებმა კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის მოთხოვნა უნდა დაიცვან კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის განაკვეთის ზრდის შემთხვევაში მისი გაზრდიდან 1 წლის ვადაში, ხოლო შემცირების შემთხვევაში – დაუყოვნებლივ. განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაც უნდა დასტურდებოდეს ამ მუხლის მე-3 პუნტში მოყვანილი გარემოებებით, შესაძლებელია გაზრდილი კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის ამოქმედების ვადა ნაკლები იყოს 1 წელზე.

5. კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სადაც სულ მცირე წარმოდგენილი უნდა იყოს კონტრციკლური ბუფერის დადგენილი განაკვეთი, მისი ამოქმედების ვადა და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი. 


მუხლი 11. კომბინირებული ბუფერის მოთხოვნა
1. კომბინირებული ბუფერი, რომელიც წარმოადგენს კონსერვაციის, და კონტრციკლური ბუფერების ჯამს, დაცული უნდა იყოს ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტების მეშვეობით.

2. მიკრობანკის მიერ კომბინირებული ბუფერის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, მიკრობანკს ეკრძალება ძირითადი პირველადი კაპიტალის განაწილება, დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტებზე გადახდების განხორციელება, ცვალებადი ანაზღაურების (ბონუსების) გადახდის ვალდებულების შექმნა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული სხვა გადახდების განხორციელება იმ პერიოდისათვის, როდესაც მიკრობანკი ვერ აკმაყოფილებს კომბინირებული ბუფერის დაცვის მოთხოვნას.

3. მიკრობანკის მიერ კომბინირებული ბუფერის მოთხოვნის მოცულობაზე მეტად კაპიტალის მოთხოვნების დარღვევა მიკრობანკის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა, ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილი უფრო მკაცრი საზედამხედველო ღონისძიებების გატარებას.

4. კომბინირებული ბუფერის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, მიკრობანკმა, ბუფერის დარღვევის იდენტიფიცირებისას, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს და ხუთი დღის ვადაში უნდა წარუდგინოს კაპიტალის შევსების გეგმა. ცალკეულ შემთხვევებში, მიკრობანკის საქმიანობის მასშტაბებისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა აღნიშნული ვადა გაახანგრძლივოს 10 დღემდე.

5. კაპიტალის შევსების გეგმა უნდა მოიცავდეს:

ა) ფინანსური მაჩვენებლების შეფასებასა და პროგნოზს;

ბ) კაპიტალის კოეფიციენტების გაზრდის გზებს;

გ) კომბინირებული ბუფერის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისთვის საჭირო კაპიტალის მოზიდვის გეგმებსა და ვადებს;

დ) დამატებით ინფორმაციას, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს კაპიტალის შევსების გეგმის შესაფასებლად.

6. ეროვნული ბანკი აფასებს მიკრობანკის მიერ წარმოდგენილი კაპიტალის გეგმას და მისაღებად მიიჩნევს მას იმ შემთხვევაში, თუ მისი შეფასებით, გეგმის განხორციელება უზრუნველყოფს კაპიტალის იმგვარად შენარჩუნებას ან ზრდას, რომ მიკრობანკი შეძლებს დააკმაყოფილოს კომბინირებული ბუფერის მოთხოვნა ეროვნული ბანკისათვის მისაღებ გონივრულ პერიოდში.

7. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის შეფასების შედეგად, კაპიტალის გეგმა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) მოსთხოვოს მიკრობანკს მითითებულ ვადაში კაპიტალის შევსება განსაზღვრულ დონემდე, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს ამ დებულებით განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს;

ბ)  გამოიყენოს „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).

8. ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტების განაწილებამდე, მიკრობანკმა უნდა შეაფასოს აღნიშნული განაწილების შედეგი მისი კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელზე და უზრუნველყოს მისი განაწილება იმგვარად, რომ არ დაირღვეს კომბინირებული ბუფერის მოთხოვნა. 


მუხლი 12. საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები
ამ დებულების მე-8-მე-10 მუხლების მიზნებისათვის საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების თანხების დასათვლელად მიკრობანკებმა უნდა გამოიყენონ ამ დებულების VI თავში მოცემული სტანდარტიზებული მიდგომა. 

თავი IV
მიკრობანკების შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესი (პილარ 2)

მუხლი 13. მოთხოვნები შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესზე
1. ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, მიკრობანკი ვალდებულია დაიცვას კაპიტალის დამატებითი ბუფერის მოთხოვნები იმ რისკებისათვის, რომელსაც არ მოიცავს პილარ 1 (მათ შორის, იმ საკრედიტო, საოპერაციო და საბაზრო რისკებისთვის, რომელიც არ შედის პილარ 1-ში, ასევე კონცენტრაციის რისკებისთვის, საპროცენტო, ლიკვიდობის, სტრატეგიული და რეპუტაციის რისკებისთვის და სხვა). აღნიშნული რისკების შეფასების და მათ საპასუხოდ შიდა კაპიტალის ადეკვატურობის საკმარისი დონის განსაზღვრის მიზნით, მიკრობანკმა უნდა უზრუნველყოს ძლიერი, ეფექტიანი და ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და პროცესების დანერგვა.

2. ამ  მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, მიკრობანკს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი მმართველობის სისტემა, რომელიც მოიცავს მკაფიოდ განსაზღვრულ ორგანიზაციულ სტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს პასუხისმგებლობების განსაზღვრას, რისკების ეფექტიანი იდენტიფიცირების, მართვის, მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესებს, ადეკვატურ შიდა კონტოლის მექანიზმებს, მათ შორის, ჯანსაღ ადმინისტრირებისა და სააღრიცხო პროცედურებს, ეფექტიანი რისკების მართვის შესაბამის საინფორმაციო სისტემებსა და კონტროლებს, ანაზღაურების პოლიტიკა-პროცედურებს.

3. მიკრობანკში დანერგილი შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის ფარგლებში, უნდა ხორციელდებოდეს მიკრობანკის მიერ დანერგილი სტრატეგიებისა და პროცესების რეგულარულად გადახედვა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი ყოვლისმომცველობა და მიკრობანკის ტიპთან, საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობასთან შესაბამისობა.

4. მიკრობანკებმა პილარ 2-ის ფარგლებში უნდა გამოიყენონ ფასს-ის მიხედვით გაანგარიშებული რიცხვები.  


მუხლი 14. საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესის მახასიათებლები
1. ეროვნული ბანკი განიხილავს მიკრობანკების მიერ დანერგილი ღონისძიებების, სტრატეგიების, პროცესებისა და მექანიზმების ამ დებულებასთან  შესაბამისობასა და აფასებს მიკრობანკების რისკებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის“ ფარგლებში. 

2 ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული განხილვისა და შეფასების პროცესზე დაყრდნობით ეროვნული ბანკი ადგენს, რამდენად უზრუნველყოფს მიკრობანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, სტრატეგიები, პროცესები და მექანიზმები, ასევე, მფლობელობაში არსებული საზედამხედველო კაპიტალი მიკრობანკის რისკების ჯანსაღ მართვასა და მიკრობანკის წინაშე არსებული რისკების სათანადოდ მიტიგაციის შესაძლებლობას.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული განხილვისა და შეფასების პროცესის პერიოდულობასა და ინტენსიურობას ეროვნული ბანკი განსაზღვარავს მიკრობანკის ზომის, ტიპის, კომპლექსურობისა და სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებზე დაყრდნობით.


მუხლი 15. საზედამხედველო ზომები და პილარ 2-ის ბუფერები
1. ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ან ამ დებულების მე-14 მუხლით განსაზღვრული საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესში გამოვლენილ რისკებზე საპასუხოდ, ეროვნული ბანკი მიკრობანკს მოსთხოვს სათანადო ზომების მიღებას. აღნიშნული მიზნებისათვის ეროვნულ ბანკს შუძლია მიიღოს „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზომები,  მათ შორის, მიკრობანკს დაავალდებულოს ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრულ მინიმალურ დონეზე მეტი საზედამხედველო კაპიტალის ფლობა პილარ 2-ის ფარგლებში.  

2. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული ბუფერები მოიცავს შემდეგ ბუფერებს:

ა) წმინდა GRAPE ბუფერი – ეროვნული ბანკის მიერ რისკების შეფასების საერთო პროგრამის რისკის კატეგორიების შეფასებისა და ბანკის შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის შედეგების განხილვის ფარგლებში დაწესებული ბუფერი ამ  მუხლის შესაბამისად;

ბ) საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი ამ დებულების მე-16 მუხლის შესაბამისად.

3. პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის ბუფერების მოთხოვნების დაწესებისა და გაანგარიშებისას მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ერთი და იმავე რისკისთვის კაპიტალის ორმაგად/მრავალჯერადად მოთხოვნა.

4. მიკრობანკები ვალდებული არიან ბიზნესსაქმიანობისა და კაპიტალის დაგეგმვის პროცესებში გაითვალისწინონ პილარ 2-ის ფარგლებში კაპიტალის ბუფერის დაცვის მოთხოვნები მათი ამოქმედების პერიოდულობის შესაბამისად და მიიღონ ყველა ზომა მათი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ეროვნული ბანკი მიკრობანკებს უწესებს წმინდა GRAPE ბუფერის მოთხოვნას პილარ 2-ის ფარგლებში.

6. წმინდა GRAPE ბუფერის დაწესების მიზანია კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა GRAPE-ის ფარგლებში იდენტიფიცირებული იმ რისკებისათვის, რომლებსაც არ მოიცავს ან არასათანადოდ ასახავს ამ დებულებით განსაზღვრული პილარ 1-ის კაპიტალის ბუფერები.

7. წმინდა GRAPE ბუფერის დაწესებისას გაითვალისწინება რისკის კატეგორიების მიხედვით შეფასებული ინჰერენტული რისკები და შესაბამისი მიტიგანტები.

8. წმინდა GRAPE ბუფერის ფარგლებში მიკრობანკისათვის კაპიტალის მოთხოვნების განსაზღვრისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს მიკრობანკის გეგმებს რისკის პროფილის შემცირების კუთხით, სტრესულ სიტუაციაში დამატებითი კაპიტალის მოზიდვის უნარს, მიკრობანკის მიერ დანერგილი შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების გამართულ პროცესსა და მისი განვითარების გეგმას.

9. წმინდა GRAPE ბუფერის დაწესება შესაძლებელია განხორციელდეს  უწყვეტი საზედამხედველო ციკლის ნებისმიერ ფაზაში, იქნება ეს მიკრობანკის საერთო რისკის შეფასება, თუ ცალკეული რისკის კატეგორიის შეფასება, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მიღების შედეგად, რასაც ეროვნული ბანკი ჩათვლის დროული რეაგირების საგნად.

10. წმინდა GRAPE ბუფერი ექვემდებარება გადახედვას ყოველწლიურად, ხოლო საბანკო სექტორში ან მიკრობანკში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, რასაც ეროვნული ბანკი ჩათვლის დროული რეაგირების საგნად, აღნიშნული ბუფერი შესაძლოა შეიცვალოს უფრო ხშირი ინტენსივობით.


მუხლი 16. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი პილარ 2-ის ფარგლებში
1. ეროვნული ბანკი პილარ 2-ის ფარგლებში მიკრობანკებს უწესებს საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერს, რომლის დაწესების მიზანია აქტივებისათვის შექმნილი არასაკმარისი მოსალოდნელი საკრედიტო ზარალით გამოწვეული საკრედიტო რისკის შემცირება და კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.

2. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი განისაზღვრება თითოეული მიკრობანკისათვის ინდივიდუალურად ამ მუხლის მე-3, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტების ჯამის გაყოფით მიკრობანკის მთლიანი რისკი  მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციებთან.

3. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დაანგარიშების მიზნებისათვის მიკრობანკმა უნდა გამოიყენოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკებისთვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრული საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის საკრედიტო რისკის კატეგორიების მიხედვით ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სცენარის რეზერვის მოცულობასა და მიკრობანკის მიერ ფასს-ზე დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული შესაბამისი დონის ფინანსური ინსტრუმენტებისთვის შექმნილი მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობას შორის მხოლოდ დადებითი სხვაობების ჯამი.

4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული   „მიკრობანკებისთვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრული საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის   საკრედიტო რისკის კატეგორიების მიხედვით სცენარის რეზერვი განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების  მოცულობის 2%-ზე გამრავლებით;

ბ) მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების მოცულობის 8%-ზე გამრავლებით;

გ) მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებულ და POCI სტატუსის მქონე თითოეული ფინანსური ინსტრუმენტისთვის უნდა შეირჩეს უდიდესი შემდეგ ორ სიდიდეს შორის:

გ.ა) მიკრობანკის მიერ ფასს-ის საფუძველზე დათვლილი ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი;

გ.ბ) იგივე ფინანსური ინსტრუმენტის მოცულობა გამრავლებული 30%-ზე.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის დათვლის მიზნებისთვის, ბანკმა უნდა აიღოს:

ა) მაქსიმალური, ერთი მხრივ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დათვლილ რეზერვის მოცულობასა და ბანკის მიერ ფასს-ზე დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული პირველი დონის ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობის სხვაობასა და, მეორე მხრივ, ნულს შორის;

ბ) მაქსიმალური, ერთი მხრივ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დათვლილ რეზერვის მოცულობასა და ბანკის მიერ ფასს-ზე დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული მე-2 დონის ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობის სხვაობასა და, მეორე მხრივ, ნულს შორის.

6. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დათვლის მიზნებისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფინანსურ ინსტრუმენტში მოიაზრება ყველა ის საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ექვემდებარება კლასიფიცირებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკებისთვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ მიხედვით, გარდა შემდეგი ფინანსური ინსტუმენტებისა:

ა) რეპო გარიგების ფარგლებში წარმოშობილი და სესხის სახით აღრიცხული აქტივი, რეპო გარიგებით მიღებული ფასიანი ქაღალდის მონეტარულ ოპერაციებში ეროვნულ ბანკთან დაგირავების შემთხვევაში მისაღები სესხის მაქსიმალური თანხის ოდენობით;

ბ) იმავე მიკრობანკში განთავსებული დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის ნაწილი, როდესაც სესხის ვალუტა და დეპოზიტის ვალუტა არის ერთი და იგივე, სესხის ვადა არ აღემატება დეპოზიტის ვადას და დეპოზიტი უპირობოდ აღსრულებადია მიკრობანკის სასარგებლოდ. დეპოზიტის სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებისათვის მიკრობანკს უნდა გააჩნდეს ეროვნული ბანკის თანხმობა ამ დებულების შესაბამისად;

გ) ამ დებულების 39-ე და მე-40 მუხლებით გათვალისწინებული მრავალმხრივი განვითარების ბანკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიმართ და მათ მიერ გარანტირებული მოთხოვნები, ასევე მათი ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხები, უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების ფარგლებში და როდესაც უზრუნველყოფის საშუალება უპირობოდ აღსრულებადია მიკრობანკის სასარგებლოდ;

დ) ეროვნული ბანკის და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და მათ მიერ გარანტირებული მოთხოვნები, ასევე მათი ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხები უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების ფარგლებში და როდესაც უზრუნველყოფის საშუალება უპირობოდ აღსრულებადია მიკრობანკის სასარგებლოდ.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის, თუ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყოფილი დეპოზიტის, ფასიანი ქაღალდის რეალიზაციის ვალუტა და სესხის ვალუტა არის სხვადასხვა, დეპოზიტის, ფასიანი ქაღალდის ღირებულება გადაანგარიშებული სესხის ვალუტაში ანგარიშგების თარიღისათვის 20%-ით უნდა აღემატებოდეს სესხის თანხას.

8. მიკრობანკის მიერ ფასს-ის საფუძველზე დათვლილი ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურ მოსალოდნელ საკრედიტო ზარალში მოიაზრება ყველა საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალისა.

9.  საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის მეორე კომპონენტს წარმოადგენს დასაკუთრებული  უძრავი ქონება და სხვა უძრავი ქონება, რაც წარსულში მიკრობანკის შენობებად გამოიყენებოდა, თუმცა საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დათვლის მომენტში ამ მიზნით აღარ გამოიყენება, შემდეგი ოდენობებით:

ა) უძრავი ქონების ღირებულების 30%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში, ბალანსზე აღრიცხვიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო სხვა უძრავი ქონების შემთხვევაში – მათი მიკრობანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში;

ბ) უძრავი ქონების ღირებულების 50%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში – თუ ქონების მიკრობანკის ბალანსზე აღრიცხვიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი და არაუმეტეს სამი წელი, ხოლო სხვა უძრავი ქონების შემთხვევაში – მათი მიკრობანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი და არაუმეტეს სამი წელი;

გ) უძრავი ქონების ღირებულების 100%-ის ოდენობით, დასაკუთრებული უძრავი ქონების შემთხვევაში – თუ ქონების მიკრობანკის ბალანსზე აღრიცხვიდან გასულია სულ მცირე სამი წელი, ხოლო სხვა უძრავი ქონების შემთხვევაში – მათი მიკრობანკის შენობებად გამოუყენებლობის მომენტიდან გასულია სულ მცირე სამი წელი.

10. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის მესამე კომპონენტს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის“ ფარგლებში განხორციელებული უწყვეტი საზედამხედველო ციკლის ნებისმიერ ფაზაში ეროვნული ბანკის შეფასების შესაბამისად გამოვლენილი სხვა საზედამხედველო კორექტირებები. აღნიშნული საზედამხედველო კორექტირებები, მათ შორის მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ფინანსური ინსტრუმენტებისთვის გამოვლენილ არასაკმარის მოსალოდნელ საკრედიტო ზარალს, ინვესტიციების, დასაკუთრებული და სხვა უძრავი თუ მოძრავი ქონების  გაუფასურებას.


მუხლი 17. პილარ 2-ის კაპიტალის ბუფერების დაწესება
1. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული წმინდა GRAPE ბუფერის სულ მცირე 56%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით, 75%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს დამატებითი პირველადი კაპიტალის ელემეტებით, ხოლო დარჩენილი წილი (არაუმეტეს 25%-ისა) შესაძლოა დაცული იყოს მეორადი კაპიტალის ელემენტებით. ხოლო, საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი სრულად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით.

2. ეროვნული ბანკი, მიკრობანკისათვის დაწესებულ ბუფერებს, საკუთარი შეხედულებისამებრ, პერიოდულად ცვლის მიკრობანკის რისკის პროფილისა და სხვადასხვა სტრესული სიტუაციების ალბათობისა და/ან რეალიზაციის შედეგად.


თავი V
მიკრობანკების მიერ ინფორმაციის გამჟღავნება (პილარ 3)

მუხლი 18. ინფორმაციის გამჭვირვალობაზე მოთხოვნები

 

ამ დებულების მიზნებისათვის  მიკრობანკებმა საჯარო უნდა გახადონ  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესით“ დადგენილი ინფორმაცია. 

თავი VI
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება. სტანდარტიზებული მიდგომა (პილარ 1) 

მუხლი 19. რისკის პოზიციები
1. რისკის პოზიციის ღირებულება საბალანსო ელემენტებისათვის წარმოადგენს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალით და ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული კაპიტალის კორექტირებებით შემცირებულ ძირითად თანხას, შესაბამის დარიცხულ მისაღებ პროცენტებსა და ჯარიმებს და მხარის მიმართ ნებისმიერ სხვა სახის მოთხოვნებს,  დებიტორული მოთხოვნების ჩათვლით, ხოლო ამ დებულების X თავში ჩამოთვლილი გარესაბალანსო ელემენტების რისკის პოზიციის ღირებულება არის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალით შემცირებული მათი ღირებულების შემდეგი პროცენტი (კრედიტ-კონვერსიის ფაქტორი): თუ მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 100%, თუ საშუალო რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 50%, თუ საშუალო/დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 20%, თუ დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთნება – 0%. აღნიშნულ გარესაბალანსო ელემენტებს უნდა მიენიჭოთ რისკის კატეგორიები ამ დებულების X თავის მიხედვით.

2. სავალუტო ან საპროცენტო განაკვეთის წარმოებული ინსტრუმენტების რისკის პოზიციის ღირებულება, რომელიც ექვემდებარება კონტრაგენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას, განისაზღვრება ამ დებულების XII თავის შესაბამისად.

3. თუ რისკის პოზიცია უზრუნველყოფილია  დაფინანსებული უზრუნველყოფით, მისი ღირებულება შეიძლება შეიცვალოს ამ დებულების XIII თავის შესაბამისად.


მუხლი 20. რისკის პოზიციის კლასები
1. თითოეული რისკის პოზიცია უნდა მიეკუთვნოს რისკის პოზიციის შემდეგი კლასებიდან ერთ-ერთს:

ა) უპირობო და პირობითი  მოთხოვნები ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ;

ბ) უპირობო  და პირობითი მოთხოვნები რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ;

გ) უპირობო და პირობითი მოთხოვნები საჯარო დაწესებულებების მიმართ;

დ) უპირობო და პირობითი მოთხოვნები მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ;

ე) უპირობო და პირობითი მოთხოვნები საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიმართ;

ვ) უპირობო და პირობითი მოთხოვნები კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიმართ;

ზ) უპირობო და პირობითი მოთხოვნები კორპორატიული კლიენტების მიმართ;

თ) უპირობო და პირობითი საცალო მოთხოვნები;

ი) უპირობო და პირობითი მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფილია საცხოვრებელი უძრავი ქონებით;

კ) ვადაგადაცილებული სესხები;

ლ) მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულები;

მ) მოკლევადიანი მოთხოვნები კორპორატიული კლიენტების მიმართ;

ნ) მოთხოვნები კოლექტიური ინვესტიციების სახით;

ო) სხვა ერთეულები.

2.  მიკრობანკებმა უნდა შეიმუშაონ და დანერგონ პოლიტიკები, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა სახის რისკის პოზიციის სათანადოდ და თანმიმდევრულად იდენტიფიკაციასა და  კლასიფიკაციას. რისკის პოზიციების კლასიფიკაციის პოლიტიკაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რისკის პოზიციის კლასის მიკუთვნებისათვის, უმაღლესი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულების კლასს. შემდგომი რიგის პრიორიტეტი ენიჭება ვადაგადაცილებული სესხების კლასს. დარჩენილი რისკის პოზიციებიდან პრიორიტეტი ენიჭება ყველაზე დაბალი რისკის წონის მქონე კლასს. რისკის პოზიცია შეიძლება გაიყოს სხვადასხვა რისკის კლასებად.


მუხლი 21. რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება
1. რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დასათვლელად უნდა მოხდეს ყველა რისკის პოზიციისთვის წონის მინიჭება ამ დებულების XI თავის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება მათი საზედამხედველო კაპიტალიდან დაქვითვა. რისკის წონის მინიჭება ხდება რისკის პოზიციის კლასისა და კრედიტის ხარისხის მიხედვით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ დებულების XI თავის  36–ე-49-ე მუხლებით. კრედიტის ხარისხი შეიძლება დადგინდეს საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტების (შემდგომში – სშგი) საკრედიტო შეფასებაზე დაყრდნობით ამ დებულების 22-ე, 23-ე, 51-ე და 52-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული რისკის წონის მისანიჭებლად რისკის პოზიციის ღირებულება უნდა გამრავლდეს ამ თავის მიხედვით განსაზღვრულ და მითითებულ რისკის წონაზე.

3. უზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შემთხვევაში მისანიჭებელი წონა შეიძლება შეიცვალოს ამ დებულების XIII თავის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება მათი საზედამხედველო კაპიტალიდან დაქვითვა. 


მუხლი 22. რისკის პოზიციისათვის მისანიჭებელი რისკის წონის დადგენა
1. ამ დებულების 21-ე მუხლის მიხედვით რისკის პოზიციის რისკის წონის დასადგენად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სშგი-ების საკრედიტო შეფასება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ინსტიტუტი ამ მიზნებისთვის აღიარებულია ეროვნული ბანკის მიერ (შემდგომში – აღიარებული სშგი).

2. ამ მუხლის მიზნებისთვის ეროვნული ბანკის მიერ სშგი-ს აღიარება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მისი შეფასების მეთოდოლოგია აკმაყოფილებს ობიექტურობის, დამოუკიდებლობის, უწყვეტი განხილვისა და გამჭვირვალობის მოთხოვნებს, ხოლო მის მიერ გაკეთებული საკრედიტო შეფასებები აკმაყოფილებს სანდოობისა და გამჭვირვალობის მოთხოვნებს.

3. ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტებია:

ა) Fitch;      

ბ) Moody’s; და

გ) Standard&Poor’s. 


მუხლი 23. საკრედიტო ხარისხის შეფასების ბიჯები და შეფასებების გამოყენება
1. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ამ დებულების XI თავის მითითებულ საკრედიტო შეფასების თუ რომელ ბიჯს შეესაბამება აღიარებული სშგი-ს საკრედიტო შეფასებები ამ დებულების დანართი №2-ის შესაბამისად.

2. მიკრობანკის რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას გამოყენებული სშგი-ების მიერ გაკეთებული საკრედიტო შეფასება უნდა აკმაყოფილებდეს ამ დებულების 24 – 27–ე მუხლებით გასაზღვრულ მოთხოვნებს. საკრედიტო შეფასება არ უნდა ხდებოდეს შერჩევით.

3. მიკრობანკებმა უნდა გამოიყენონ დაკვეთილი საკრედიტო შეფასებები. ეროვნული ბანკის ნებართვით მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ არადაკვეთილი საკრედიტო შეფასებები.


მუხლი 24. რისკის წონების განსაზღვრისათვის სშგი-ის საკრედიტო შეფასებების გამოყენება
1. მიკრობანკს შეუძლია ერთი  ან ერთზე მეტი აღიარებული სშგი-ის ნომინირება აქტივებისა და გარესაბალანსო ელემენტების რისკის წონის განსაზღვრაში გამოყენებისათვის.

2. თუ მიკრობანკი აირჩევს კონკრეტული აღიარებული სშგი-ის გამოყენებას რისკის პოზიციების გარკვეული კლასისთვის, მან მისი საკრედიტო შეფასებები უნდა გამოიყენოს ამ კლასში შემავალი ყველა რისკის პოზიციის მიმართ.

3. თუ მიკრობანკი გადაწყვეტს რომელიმე კონკრეტული აღიარებული სშგი-ის საკრედიტო შეფასების გამოყენებას, მაშინ მან იგივე საკრედიტო შეფასებები უნდა გამოიყენოს მუდმივად და თანმიმდევრულად.

4. მიკრობანკს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ იმ სშგი-ების შეფასებები, რომლებიც ითვალისწინებს მთლიან თანხას, როგორც ძირს, ასევე დარიცხულ პროცენტს.

5. თუ რომელიმე შესაფასებელი ერთეულისათვის არსებობს მხოლოდ ერთი ნომინირებული სშგი-ის საკრედიტო შეფასება,  მაშინ იგი გამოიყენება ამ ერთეულის რისკის წონის განსაზღვრისათვის.

6. თუ არსებობს ნომინირებული სშგი-ების ორი საკრედიტო შეფასება, რომლებიც  შეესაბამება განსხვავებული რისკის წონებს შეფასებული ერთეულისათვის, გაითვალისწინება უმაღლესი რისკის წონა.

7. თუ არსებობს ორზე მეტი საკრედიტო შეფასება ნომინირებული სშგი-ების მიერ შეფასებული ერთეულისათვის, გაითვალისწინება  ის ორი მათგანი, რომლებიც შეესაბამებიან უმცირეს რისკის წონებს. თუ ეს ორი უმცირესი რისკის წონა ერთმანეთისგან განსხვავებულია, გაითვალისწინება მათ შორის უდიდესი და თუ ისინი ერთმანეთის ტოლია, აიღება თავად ეს რისკის წონა.


მუხლი 25. ემიტენტებისა და გამოშვებული ინსტრუმენტების შეფასება
1. თუ საკრედიტო შეფასება არსებობს კონკრეტულ ინსტრუმენტთა კლასზე, რომელსაც მიეკუთვნება რისკის პოზიციის ერთეული, აღნიშნული საკრედიტო შეფასება უნდა იქნეს გამოყენებული მოცემული ერთეულისათვის რისკის წონის მინიჭებისას.

2. თუ არ არსებობს კონკრეტული ინსტრუმენტის საკრედიტო შეფასება, ამასთან, არსებობს იმ ინსტრუმენტის საკრედიტო შეფასება, რომელთაც არ მიეკუთვნება მოცემული ერთეული ან არსებობს ემიტენტის ზოგადი საკრედიტო შეფასება, მიკრობანკმა უნდა გამოიყენოს ზემოთხსნებული არსებული საკრედიტო შეფასებებიდან ის, რომელიც უფრო მაღალ რისკის წონას იძლევა.  ამასთან, შეფასება, რომელიც უფრო დაბალ რისკის წონას იძლევა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ მოცემული რისკის პოზიცია  მოთხოვნის უფლების რიგითობით უპირატესია, ვიდრე მოცემული შეფასებული ინსტრუმენტი ან შეფასებული ემიტენტის არაუზრუნველყოფილი რისკის პოზიციები.

3. ერთ კორპორატიულ ჯგუფში მყოფი ემიტენტის საკრედიტო შეფასება არ უნდა იქნას გამოყენებული ამავე ჯგუფში შემავალი სხვა ემიტენტების საკრედიტო შეფასებად.


მუხლი 26. მოკლევადიანი და გრძელვადიანი საკრედიტო შეფასებები
1. მოკლევადიანი საკრედიტო შეფასებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოკლევადიანი აქტივებისა და გარესაბალანსო ელემენტების შეწონვისათვის, რომლებიც წარმოადგენენ რისკის პოზიციებს  მიკრობანკებისა და კორპორატიული კლიენტების მიმართ.

2. მოკლევადიანი საკრედიტო შეფასება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ ერთეულებზე, რომლებზეც ეს მოკლევადიანი საკრედიტო შეფასება ვრცელდება და არ უნდა გამოიყენებოდეს სხვა ერთეულებისათვის რისკის წონის მინიჭებისას, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ორი შემთხვევისა:

ა) თუ მოკლევადიანი რეიტინგის მქონე ინსტრუმენტს შეესაბამება 150% რისკის წონა, მაშინ აღნიშნული კონტრაგენტის მიმართ ყველა შეფასების არმქონე არაუზრუნველყოფილი მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი რისკის პოზიციები უნდა შეიწონოს ასევე 150% რისკის წონით;

ბ)  თუ მოკლევადიანი რეიგინტის მქონე ინსტრუმენტს შეესაბამება 50% რისკის წონა, მაშინ შეფასების არმქონე მოკლევდიან რისკის პოზიციებს მოცემული კონტრაგენტის მიმართ არ უნდა მიენიჭოს 100%-ზე დაბალი რისკის წონა.


მუხლი 27. ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ერთეულები
საკრედიტო შეფასება, რომელიც გამოიყენება კონტრაგენტის მიმართ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული რისკის პოზიციებისთვის, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმავე კონტრაგენტის მიმართ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული რისკის პოზიციების შეწონვისთვის.

თავი VII
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საბაზრო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება (პილარ 1) 

მუხლი 28. საბაზრო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები
1. ამ თავის მიზნებისათვის საბაზრო რისკში ჩაითვლება მხოლოდ სავალუტო რისკი.

2. სავალუტო რისკის მიხედვით შეწონვას დაქვემდებარებული რისკის პოზიცია უდრის „მიკრობანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესით“ განსაზღვრულ კრებსით საერთო ღია სავალუტო პოზიციას.


თავი VIII
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საოპერაციო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება (პილარ 1) 

მუხლი 29. საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის გაანგარიშების მეთოდები
1. მიკრობანკები ვალდებულნი არიან ჰქონდეთ საოპერაციო რისკებისთვის მინიმალური  დონის კაპიტალი.

2. მიკრობანკის ზომისა და სირთულიდან გამომდინარე მიკრობანკმა უნდა შეინარჩუნოს კაპიტალი საოპერაციო რისკისათვის ამ დებულების 30-ე მუხლის შესაბამისად.

3. საოპერაციო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები წარმოადგენს საოპერაციო რისკისთვის გამოყოფილი კაპიტალის თანაფარდობას ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრულ საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნილ დონესთან.


მუხლი 30. ძირითადი ინდიკატორის მეთოდით საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის გაანგარიშება
1. ძირითადი ინდიკატორის მეთოდით  საოპერაციო რისკის კაპიტალის მოთხოვნა უნდა შეადგენდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი ინდიკატორის 15%-ს, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით. 

2. შესაბამისი ინდიკატორის განმარტება:

ა) ეროვნული ბანკი ადგენს შესაბამის ინდიკატორს კაპიტალის დათვლის მიზნებისთვის;

ბ) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი ინდიკატორი განისაზღვრება, როგორც წმინდა საპროცენტო და წმინდა არასაპროცენტო შემოსავლების ჯამის საშუალო მაჩვენებელი ბოლო სამი წლის მანძილზე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში;

გ) სამი წლის საშუალო  გამოითვლება ფინანსური წლის ბოლოს მდგომარეობით ბოლო სამი თორმეტთვიანი დაკვირვებებით. აუდიტირებული შედეგების არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ბიზნეს  შეფასების გამოყენება;

დ) თუ რომელიმე ინდიკატორისთვის წმინდა საპროცენტო და წმინდა არასაპროცენტო შემოსავლების ჯამი უარყოფითი ან ნულის ტოლია, ზემოთხსენებული შედეგი სამი წლის საშუალოს დათვლისას არ გაითვალისწინება. შესაბამისად, საოპერაციო რისკის კაპიტალის დათვლისათვის აიღება შედეგი, რომელიც ტოლია დადებითი ინდიკატორების ჯამის თანაფარდობისა იმ წლების რაოდენობაზე, როდესაც ეს ინდიკატორი იყო დადებითი;

ე) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი ინდიკატორი შედგება №1 დანართის მე-8 ცხრილში არსებული ელემენტების ჯამისგან. თითოეული ელემენტი შეყვანილი უნდა იქნეს ელემენტთა ჯამის გამოთვლაში ელემენტის დადებითი ან უარყოფითი ნიშნის მიუხედავად;

ვ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ინდიკატორი (ამ დებულების №1 დანართის მე-8 ცხრილი) დაითვლება საოპერაციო ხარჯებისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების დაქვითვამდე. მესამე მხარის მიერ შესრულებულ მომსახურებასთან  დაკავშირებული ხარჯები მიეკუთვნება საოპერაციო ხარჯებს. მესამე მხარეში მოიაზრება ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც არ არის მიკრობანკის მშობელი ან შვილობილი საწარმო ან არ არის მიკრობანკის მშობელი კომპანიის შვილობილი საწარმო;

ზ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ინდიკატორის დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული შემდეგი ელემენტები:

ზ.ა) არასავაჭროდ განკუთვნილი საბალანსო ერთეულების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები/ხარჯები;

ზ.ბ) განსაკუთრებული ან არარეგულარული ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი;

ზ.გ) დაზღვევიდან მიღებული შემოსავლები.

თ) როდესაც სავაჭრო საბალანსო ელემენტების გადაფასების აღიარება ხდება მოგება-ზარალის უწყისში, გადაფასება გათვალისწინებული უნდა იქნეს ინდიკატორის დათვლისას.


თავი IX
კაპიტალის განმარტება

მუხლი 31. ეროვნული ბანკის დასტური
ნებისმიერი ახლად გამოშვებული ინსტრუმენტის საზედამხედველო კაპიტალის დათვლაში ჩართვამდე მიკრობანკს სჭირდება ეროვნული ბანკის დასტური. ეროვნული ბანკი განიხილავს საკითხს მიკრობანკის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც მკაფიოდ უნდა აღწერდეს ინსტრუმენტის შესაბამისობას ამ თავის შესაბამის მუხლებში მითითებულ კრიტერიუმებთან.

მუხლი 32. ძირითად პირველად კაპიტალში შემავალ ჩვეულებრივ აქციებად კლასიფიკაციის კრიტერიუმები
ძირითად პირველად კაპიტალში ჩასართავად კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) მიკრობანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში წარმოადგენს ყველაზე სუბორდინირებულ მოთხოვნას;

ბ) მასზე ვრცელდება მოთხოვნის უფლება ლიკვიდაციის დროს უპირატესი ვალდებულებების დაფარვის შემდეგ დარჩენილ აქტივებზე გამოშვებულ კაპიტალში წილის პროპორციულად;

გ) ძირი თანხა არის უვადო და მისი ანაზღაურება არასდროს ხდება, გარდა ლიკვიდაციის შემთხვევისა (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხორციელდება ნებაყოფლობით გამოსყიდვა ან სხვა საშუალებით კაპიტალის ნებაყოფლობითი შემცირება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთვევებში);

დ) ინსტრუმენტების გამოშვებისას მიკრობანკის რაიმე ქმედება არ ქმნის მოლოდინს, რომ მოხდება გამოშვებული ინსტრუმენტების გამოსყიდვა, დაფარვა ან გაუქმება, ასევე, არც კანონით განსაზღვრული ან სახელშეკრულებო პირობები  არ უნდა იძლეოდეს ასეთი მოლოდინის შექმნის საფუძველს;

ე) განაწილება ხდება განაწილებადი ელემენტებიდან (გაუნაწილებელი მოგების ჩათვლით). განაწილების ოდენობა არ არის დამოკიდებული გამოშვების დროს გადახდილ თანხაზე და ხელშეკრულებით დადგენილ ზღვარზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიკრობანკი ვერ იხდის გასანაწილებელ ოდენობას, რადგან იგი მეტია გასანაწილებელი ელემეტების დონეზე);

ვ) არ არსებობს განაწილების სავალდებულო გარემოებები. შესაბამისად, განაწილებული თანხის გადაუხდელობა არ ითვლება დეფოლტად;

ზ) განაწილება ხდება მხოლოდ ყველა კანონისმიერი და სახელშეკრულებო და უპირატესი კაპიტალის ინსტრუმენტების მიმართ ვალდებულების გადახდის შემდეგ. აღნიშნული ნიშნავს, რომ არ არსებობს პრივილეგირებული განაწილების ვალდებულება, მათ შორის, კაპიტალის იმ ელემენტების მიმართ, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც ყველაზე მაღალი ხარისხის კაპიტალი; 

თ) არის კაპიტალი, რომელიც პირველ რიგში და პროპორციულად უდიდესი წილით ფარავს ზარალს. ყველაზე მაღალი ხარისხის კაპიტალის ელემენტებს შორის თითოეული ინსტრუმენტი მიმდინარე დანაკარგებს ფარავს ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპის მიხედვით პროპორციულად და ერთდროულად;

ი) საბალანსო უწყისით გადახდისუუნაროდ აღიარების მიზნებისათვის განაღდებული თანხა ითვლება სააქციო კაპიტალად და არა ვალდებულებად;

კ) განაღდებული თანხა ითვლება კაპიტალად შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტით;

ლ) ინსტრუმენტი არის პირდაპირი გზით გამოშვებული და განაღდებული და პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით მის შესყიდვას მიკრობანკი არ აფინანსებს;

მ) განაღდებული თანხა არ არის უზრუნველყოფილი და მასზე არ ვრცელდება ინსტრუმენტის გამომშვების ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გაცემული გარანტია, ასევე, მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის იურიდიული ან ეკონომიკური პირობები, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს;

ნ) მისი გამოშვება ხდება მხოლოდ მიკრობანკის აქციონერების თანხმობით, ხოლო თუ ეს ნებადართულია „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების თანხმობით სხვა უფლებამოსილი პირების თანხმობით;

ო) ის გარკვევით და ცალკე აისახება მიკრობანკის საბალანსო უწყისში.


მუხლი 33. დამატებით პირველად კაპიტალად კლასიფიკაციის კრიტერიუმები
დამატებით პირველად კაპიტალად კლასიფიკაციისათვის კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის გამოშვებული და განაღდებული;

ბ) სუბორდინირებულია დეპოზიტორების,  არაუზრუნველყოფილი კრედიტორებისა და მიკრობანკის სუბორდინირებული ვალის მიმართ;

გ) არ არის უზრუნველყოფილი და მასზე არ ვრცელდება ინსტრუმენტის გამომშვების ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გაცემული გარანტია. ასევე, მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის იურიდიული ან ეკონომიკური პირობები, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს მიკრობანკის კრედიტორებთან მიმართებაში;

დ) არის უვადო, საპროცენტო განაკვეთი არ იზრდება და არ არსებობს სხვა რაიმე მოტივაცია დაფარვისათვის;

ე) ის შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ინსტრუმენტის გამომშვების მიერ გამოშვებიდან მხოლოდ მინიმუმ ხუთი წლის შემდეგ:

ე.ა) გამოთხოვის უფლების გამოყენებისათვის მიკრობანკმა უნდა მიიღოს წინასწარი თანხმობა ეროვნული ბანკისაგან;

ე.ბ) მიკრობანკმა არ უნდა შექმნას გამოთხოვის უფლების გამოყენების მოლოდინი;

ე.გ) მიკრობანკმა არ უნდა გამოიყენოს გამოთხოვის უფლება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოთხოვილი ინსტრუმენტის ჩანაცვლება ხდება იგივე ან უკეთესი ხარისხის კაპიტალით და აღნიშნული კაპიტალის ჩანაცვლება ხდება ისეთი პირობებით, რომელიც შეესაბამება მიკრობანკის შემოსავლის მასშტაბებს, ან მიკრობანკს შეუძლია დემონსტრირება, რომ თანხის გამოთხოვის უფლების გამოყენების შემთხვევაში, მიკრობანკის კაპიტალი საკმარისად აღემატება მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებს;

ვ) ძირი თანხის (მაგ.: გამოსყიდვის ან დაფარვის გზით) გადახდისათვის საჭირო უნდა იყოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობა, ამასთან, მიკრობანკმა არ უნდა ჩათვალოს ან შექმნას ბაზარზე ეროვნული ბანკისგან თანხმობის მიღების მოლოდინი;

ზ) დივიდენდის/კუპონის გადახდის შეჩერების უფლებამოსილება:

ზ.ა) მიკრობანკს უნდა ჰქონდეს თანხის განაწილების/გადახდის შეჩერების სრული უფლებამოსილება;

ზ.ბ) ამ პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდის შეჩერება არ უნდა იყოს დეფოლტის გამომწვევი მიზეზი;

ზ.გ)  მიკრობანკს უნდა ჰქონდეს სრული წვდომა შეჩერებულ გადახდებზე, რათა დაფაროს სხვა დავალიანება მისი დაფარვის ვადის დადგომისას;

ზ.დ) განაწილების/გადახდების შეჩერებამ მიკრობანკს არ უნდა შეუქმნას შეზღუდვები, გარდა ჩვეულებრივი აქციების მფლობელი აქციონერებისათვის გადასახდელ წილთან მიმართებაში;

თ) დივიდენდები/კუპონები გადახდილი უნდა იქნეს განაწილებადი ელემენტებიდან;

ი) ინსტრუმენტზე დივიდენდის გაცემა არ უნდა იყოს მიკრობანკის საკრედიტო მდგომარეობაზე დამოკიდებული, რაც გამოიწვევს დივიდენდის/კუპონის ცვლილებას მიკრობანკის საკრედიტო მდგომარეობის/რეიტინგის მიხედვით;

კ) მიკრობანკის გადახდისუუნარობის განსაზღვრისას, თუკი აღნიშნული ითვალისწინებს ვალდებულებების აქტივებზე მეტობის შეფასებას, ინსტრუმენტი არ იქნება ვალდებულებების ნაწილი;

ლ) ინსტრუმენტს, რომელიც ბუღალტრული მიზნებისთვის კლასიფიცირდება  ვალდებულებად, უნდა შეეძლოს ზარალის დაფარვა წინასწარ განსაზღვრულ ამოქმედების მომენტში ჩვეულებრივ აქციებში კონვერტაციის ან ჩამოწერის მექანიზმით, რომლის საშუალებითაც ზარალს ფარავს მოცემული ინსტრუმენტი. ჩამოწერას ექნება შემდეგი ეფექტები:

ლ.ა) ინსტრუმენტის მფლობელის მოთხოვნის შემცირება ლიკვიდაციის დროს;

ლ.ბ) გამოთხოვის უფლების გამოყენების დროს გადასახდელი თანხის შემცირება;

ლ.გ) ინსტრუმენტის მფლობელის მიმართ კუპონის/დივიდენდის გადახდის ნაწილობრივ ან მთლიანად შემცირება.

მ) მიკრობანკს ან მასთან დაკავშირებულ პირს, რომელზეც მიკრობანკს აქვს კონტოლი ან მნიშვნელოვანი ზეგავლენა, არ აქვს შესყიდული მოცემული ინსტრუმენტი, ასევე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მიკრობანკს არ აქვს დაფინანსებული ინსტრუმენტის ყიდვის ოპერაცია;

ნ) ინსტრუმენტს არ უნდა ჰქონდეს ისეთი თვისებები, რომლებიც ხელს შეუშლის რეკაპიტალიზაციას, როგორიცაა მაგალითად, განსაზღვრულ დროში ახალი ინსტრუმენტის უფრო დაბალ ფასად გამოშვების შემთხვევაში  ინვესტორის ანაზღაურების ვალდებულებები;

ო) ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტები, რომლებიც ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის წარმოადგენს ვალდებულებას, გარდა საჯარო ფასიანი ქაღალდებისა, საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუმენტის დაფინანსების ნომინალური მინიმალური სახელშეკრულებო თანხაა (ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში მისი მინიმალური ნომინალური ღირებულება) 1 000 000 ლარი. საჯარო ფასიანი ქაღალდები საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ინსტრუმენტი დაფინანსებულია გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორის მიერ და ინსტრუმენტის მინიმალური ნომინალური ღირებულება ან ასეთი ინსტრუმენტის ყოველი შესყიდვის გარიგების მინიმალური თანხა ერთ ინვესტორზე 100 000 ლარს აღემატება.


მუხლი 34. მეორად კაპიტალად კლასიფიკაციის კრიტერიუმები
1. მეორად კაპიტალად კლასიფიცირებისათვის კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის გამოშვებული და განაღდებული;

ბ) სუბორდინირებულია დეპოზიტორებისა და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების მიმართ;

გ) არ არის უზრუნველყოფილი და მასზე არ ვრცელდება ინსტრუმენტის გამომშვების ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გაცემული გარანტია. ასევე, მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის იურიდიული ან ეკონომიკური პირობები, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს მიკრობანკის არაუზრუნველყოფილ კრედიტორებთან მიმართებაში;

დ) დაფარვის ვადა:

დ.ა) თავდაპირველი ვადიანობა უნდა იყოს მინიმუმ ხუთი წელი;

დ.ბ) დაფარვის ვადამდე დარჩენილი 5-წლიანი პერიოდის განმავლობაში მისი აღიარება საზედამხედველო კაპიტალში უნდა მოხდეს ამორტიზებული ღირებულებით წრფივად;

დ.გ) საპროცენტო განაკვეთი არ იზრდება და არ არსებობს წინასწარ დაფარვის სხვა წამახალისებელი მოტივაცია.

ე) შეიძლება გამოთხოვილ იქნეს გამომშვების მიერ მინიმუმ ხუთი წლის შემდეგ:

ე.ა) გამოთხოვის უფლების გამოყენებისათვის მიკრობანკმა უნდა მიიღოს წინასწარი თანხმობა ეროვნული ბანკისაგან;

ე.ბ) მიკრობანკმა არ უნდა შექმნას გამოთხოვის უფლების გამოყენების მოლოდინი;

ე.გ) მიკრობანკმა არ უნდა გამოიყენოს გამოთხოვის უფლება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოთხოვილი ინსტრუმენტის ჩანაცვლება ხდება იგივე ან უკეთესი ხარისხის კაპიტალით და აღნიშნული კაპიტალის ჩანაცვლება ხდება ისეთი პირობებით, რომელიც შეესაბამება მიკრობანკის შემოსავლის მასშტაბებს ან მიკრობანკს შეუძლია დემონსტრირება, რომ თანხის გამოთხოვის უფლების გამოყენების შემთხვევაში მიკრობანკის კაპიტალი საკმარისად აღემატება მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებს;

ვ) ინვესტორს არ აქვს მომავალი გადახდების (კუპონი ან ძირი თანხა) დაჩქარების უფლება, გაკოტრებისა და ლიკვადაციის შემთხვევების გარდა;

ზ) ინსტრუმენტზე დივიდენდის გაცემა არ უნდა იყოს მიკრობანკის საკრედიტო მდგომარეობაზე დამოკიდებული, რაც გამოიწვევს დივიდენდის/კუპონის ცვლილებას მიკრობანკის საკრედიტო მდგომარეობის/რეიტინგის მიხედვით;

თ) მიკრობანკს ან მასთან დაკავშირებულ პირს, რომელზეც მიკრობანკს აქვს  კონტოლი ან მნიშვნელოვანი ზეგავლენა, არ უნდა ჰქონდეს შესყიდული მოცემული ინსტრუმენტი, ასევე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მიკრობანკს არ უნდა ჰქონდეს დაფინანსებული ინსტრუმენტის ყიდვის ოპერაცია;

ი) ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტები, რომლებიც ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის წარმოადგენს ვალდებულებას, გარდა საჯარო ფასიანი ქაღალდებისა, საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუმენტის დაფინანსების ნომინალური მინიმალური სახელშეკრულებო თანხაა (ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში მისი მინიმალური ნომინალური ღირებულება) 1 000 000 ლარი. საჯარო ფასიანი ქაღალდები საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ინსტრუმენტი დაფინანსებულია გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორის მიერ და ინსტრუმენტის მინიმალური ნომინალური ღირებულება ან ასეთი ინსტრუმენტის ყოველი შესყიდვის გარიგების მინიმალური თანხა ერთ ინვესტორზე 100 000 ლარს აღემატება.

2. თუ ინსტრუმენტი დაყოფილია ტრანშებად, ზემოთ მოცემული პირობები უნდა დააკმაყოფილოს თითოეულმა მათგანმა ცალ-ცალკე.


თავი X
გარესაბალანსო ელემენტების კლასიფიკაცია

მუხლი 35. გარესაბალანსო ელემენტების კლასიფიკაცია
1. მაღალი რისკის (როცა ინსტრუმენტი არის კრედიტის პირდაპირი შემცვლელი და საკრედიტო რისკი ტოლფასია იგივე მხარის მიმართ საბალანსო რისკის პოზიციის საკრედიტო რისკისა და როცა მიკრობანკს საკრედიტო რისკი აქვს მთლიან ნომინალურ ღირებულებაზე) კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი გარესაბალანსო ელემენტები:

ა) კრედიტის მახასიათებლების მქონე გარანტიები;

ბ) საკრედიტო დერივატივები;

გ) აქცეპტები;

დ) ინდოსამენტები ჩეკებზე, რომლებზეც მითითებული არ არის სხვა მიკრობანკის დასახელება;

ე) ტრანზაქციები რეგრესის უფლებით;

ვ) კრედიტის მახასიათებლების მქონე შეუქცევადი სთენდბაი აკრედიტივები;

ზ) ფორვარდული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილი აქტივები;

თ) ნაწილობრივ განაღდებული აქციებისა და ფასიანი ქაღალდების გადაუხდელი ნაწილი;

ი) აქტივების გაყიდვისა და გამოსყიდვის ხელშეკრულებები;

კ) სხვა მაღალი რისკის  მქონე გარესაბალანსო ელემენტები, მათ შორის,  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი.

2. საშუალო რისკის (როცა ინსტრუმენტი ხასიათდება მნიშვნელოვანი საკრედიტო რისკით, მაგრამ გარკვეული გარემოებები, როგორიცაა სხვა ტრანზაქციების განხორციელებაზე დამოკიდებულება და სხვა, გვაძლევს მაღალ რისკზე ნაკლებ რისკს) კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი გარესაბალანსო ელემენტები:

ა) გაცემული და დამტკიცებული დოკუმენტური აკრედიტივები;

ბ) გარანტიები (შეპირებები) და ზარალის კომპენსაცია (ტენდერზე დამოკიდებული, შედეგებზე დამოკიდებული) და კრედიტის შემცვლელთა მახასიათებლების არმქონე გარანტიები;

გ) კრედიტის შემცვლელთა მახასიათებლების არმქონე შეუქცევადი სთენდბაი აკრედიტივები;

დ) ერთ წელზე მეტი თავდაპირველი ვადიანობის მქონე აუთვისებელი საკრედიტო ინსტრუმენტები (ხელშეკრულებები სესხის გაცემაზე, ფასიანი ქაღალდების შესყიდვაზე, გარანტიებისა და აქცეპტების გაცემაზე, საკრედიტო ბარათები და ოვერდრაფტები).

ე) სხვა საშუალო რისკის  გარესაბალანსო ელემენტები, მათ შორის,  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი.

3.  საშუალო/დაბალი რისკის (როცა უზრუნველყოფის ან/და თვითვლიკვიდირების შესაძლებლობის ან ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის პირობა გვაძლევს საშუალოზე დაბალ საკრედიტო რისკს) კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი გარესაბალანსო ელემენტები:

ა) დოკუმენტური აკრედიტივები, რომელთა უზრუნველყოფას წარმოადგენს  გადასაზიდი საქონელი და სხვა თვითლიკვიდირებადი  ტრანზაქციები;

ბ) ერთი და ერთ წელზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის მქონე აუთვისებელი  საკრედიტო ინსტრუმენტები (ხელშეკრულებები სესხის გაცემაზე, ფასიანი ქაღალდების  შესყიდვაზე, გარანტიებისა და აქცეპტების გაცემაზე), რომელთა ნებისმიერ დროს  უპირობოდ გაუქმება შეტყობინების გარეშე შეუძლებელია ან რომლებიც მსესხებლის  საკრედიტო მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში რეალურად ვერ  უზრუნველყოფს მისი ავტომატური გაუქმების შესაძლებლობას;

გ) სხვა საშუალო/დაბალი რისკის  გარესაბალანსო ელემენტები, მათ შორის,  ეროვნული ბანკის  მიერ დადგენილი.

4. დაბალი რისკის (როცა შესაძლებელია საკრედიტო რისკის უგულებელყოფა, რადგან სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე ის ძალიან შემცირებულია) კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი გარესაბალანსო ელემენტები:

ა) აუთვისებელი საკრედიტო ინსტრუმენტები (ხელშეკრულებები სესხის გაცემაზე, ფასიანი ქაღალდების შესყიდვაზე, გარანტიებისა და აქცეპტების გაცემაზე), რომლებიც შეიძლება  უპირობოდ გაუქმდეს ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე ან/და რომლებიც მსესხებლის საკრედიტო მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში რეალურად უზრუნველყოფს მისი ავტომატურად გაუქმების შესაძლებლობას. საცალო საკრედიტო ხაზები შეიძლება ჩაითვალოს უპირობოდ გაუქმების შესაძლებლობის მქონედ თუ ხელშეკრულების სრულად გაუქმების უფლების პირობის ხელშეკრულებაში ჩადება ნებადართულია მომხმარებელთა დაცვისა და სხვა შესაბამისი კანონმდებლობით;

ბ) სხვა დაბალი რისკის  გარესაბალანსო ელემენტები, მათ შორის,  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი.


თავი XI
სტანდარტიზებული მიდგომა. რისკის წონები და სშგი-ის საკრედიტო შეფასების გამოყენება

მუხლი 36. რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ
1. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობების და ცენტრალური ბანკების მიმართ უნდა შეიწონოს 100%-ით.

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობის გათვალისწინებით, იმ ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ რისკის პოზიციებს, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი-ის საკრედიტო შეფასებები, უნდა მიენიჭოს რისკის წონები ამ დებულების №1 დანართის პირველი ცხრილის შესაბამისად სშგი-ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების  ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით.

3. ეროვნული ბანკის და საქართველოს მთავრობის მიმართ  ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული და განთავსებული  რისკის პოზიციები უნდა შეიწონოს 0%-ით.


მუხლი 37. რისკის პოზიციები რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ
1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რისკის პოზიციები რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ უნდა შეიწონოს ამ დებულების №1 დანართის მე-2 ცხრილის შესაბამისად სშგი-ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების  ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით. რეიტინგის არმქონე რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების  მიმართ რისკის პოზიციები  უნდა შეიწონოს 100% რისკის წონით.

2. რისკის პოზიციები რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ, უნდა შეიწონოს ისევე, როგორც რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობების მიმართ თუ ასეთი რისკის პოზიციების რისკებს შორის არ არსებობს განსხვავება პირველი მათგანის (რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების) მიერ შემოსავლების მიღების სპეციფიკური  შესაძლებლობიდან გამომდინარე და ისეთი ინსტიტუციონალური გარიგებების არსებობიდან გამომდინარე, რაც ამცირებს დეფოლტის რისკს. ეროვნული ბანკი გამოაქვეყნებს რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩამონათვალს, რომელთა მიმართ რისკის პოზიციებიც უნდა შეიწონოს ისევე, როგორც რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობების მიმართ.

3. ეროვნული ბანკის ნებართვით მიკრობანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა.


მუხლი 38. რისკის პოზიციები საჯარო დაწესებულებების მიმართ
1. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, რისკის პოზიციებს საჯარო დაწესებულებების მიმართ უნდა მიენიჭოს 100% რისკის წონა, თუ მოცემული რისკის პოზიცია უკვე არ არის კლასიფიცირებული რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ რისკის პოზიციების კლასში.

2. გამონაკლის შემთხვევებში, საჯარო დაწესებულებების მიმართ რისკის პოზიციებს უნდა მიენიჭოს ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციებისათვის მინიჭებული რისკის წონები თუ ეროვნული ბანკი თვლის, რომ არ არსებობს აღნიშნული რისკის პოზიციების რისკებს შორის განსხვავება ცენტრალური მთავრობის მიერ გაცემული გარანტიების არსებობიდან გამომდინარე. ეროვნული ბანკი გამოაქვეყნებს საჯარო დაწესებულებების ჩამონათვალს, რომელთა მიმართ რისკის პოზიციებიც შეიწონება ისევე, როგორც რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობების მიმართ.

3. ეროვნული ბანკის ნებართვით მიკრობანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას საჯარო დაწესებულებების მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა.


მუხლი 39. რისკის პოზიციები მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ
1. ამ დებულების  III თავის მიზნებისთვის მრავალმხრივი განვითარების ბანკებად ითვლება ინტერამერიკული საინვესტიციო კორპორაცია, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი და ცენტრალური ამერიკის ბანკი ეკონომიკური ინტეგრაციისათვის, საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი; საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია; ინტერამერიკული განვითარების ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; აფრიკის განვითარების ბანკი; ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი; ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკი; კარიბის განვითარების ბანკი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი; ევროპის საინვესტიციო ფონდი; მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო; იმუნიზაციის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი; ისლამური განვითარების ბანკი.

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, რისკის პოზიციები მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ უნდა შეიწონოს ისევე, როგორც რისკის პოზიციები  მიკრობანკების მიმართ, ამ დებულების 41-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.

3. შემდეგი მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ რისკის პოზიციები უნდა შეიწონოს 0% რისკის წონით:

ა) მსოფლიო ბანკის ჯგუფის (WBG) რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი;

ბ) საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია;

გ) ინტერამერიკული განვითარების ბანკი;

დ) აზიის განვითარების ბანკი;

ე) აფრიკის განვითარების ბანკი;

ვ) ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი;

ზ) ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკი;

თ) კარიბის განვითარების ბანკი;

ი) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი;

კ) ევროპის საინვესტიციო ბანკი;

ლ) ევროპის საინვესტიციო ფონდი;

მ) მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო;

ნ) იმუნიზაციის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი;

ო) ისლამური განვითარების ბანკი;

პ) აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი;

ჟ) საერთაშორისო განვითარების ასოციაცია.

4. ეროვნული ბანკის ნებართვით მიკრობანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა.


მუხლი 40. რისკის პოზიციები საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიმართ
1. რისკის პოზიციები შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების  მიმართ უნდა შეიწონოს 0% რისკის წონით:

ა) ევროპის ცენტრალური ბანკი;
ბ) საერთაშორისო სავალუტო ფონდი;
გ) საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი.

2. ეროვნული ბანკის ნებართვით მიკრობანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიმართ მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა.


მუხლი 41. რისკის პოზიციები კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიმართ
1. რისკის პოზიციებს კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი-ის საკრედიტო შეფასება, ამ დებულების №1 დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად უნდა მიენიჭოს რისკის წონები სშგი-ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების  ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით.

2. რეიტინგის არმქონე კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიმართ რისკის პოზიციები  უნდა შეიწონოს 50% რისკის წონით. აღნიშნული რისკის წონა არ უნდა იყოს იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციისათვის მისანიჭებელ რისკის წონაზე ნაკლები, რომლის იურისდიქციაშიც არის დაფუძნებული მოცემული კომერციული ბანკი/მიკრობანკი.

3. მოკლევადიან რისკის პოზიციებს კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი-ის საკრედიტო შეფასება, ამ დებულების №1 დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად უნდა მიენიჭოს რისკის წონები სშგი-ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების  ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით.

4. სამი ან სამ თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის რისკის პოზიციები რეიტინგის არმქონე კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიმართ უნდა შეიწონოს 20% რისკის წონით. აღნიშნული რისკის წონა არ უნდა იყოს იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციისათვის მისანიჭებულ რისკის წონაზე ნაკლები, რომლის იურისდიქციაშიც არის დაფუძნებული მოცემული კომერციული ბანკი/მიკრობანკი.

5. სამი ან სამ თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული და განთავსებული რისკის პოზიციები კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიმართ შეიწონება 20% რისკის წონით.

6. როდესაც მოსალოდნელია, რომ სამი ან სამ თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის რისკის პოზიციის ვადა გაგრძელებული იქნება წარმოქმნის დღიდან სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რეალური/მოსალოდნელი ვადიანობა აღემატება სამ თვეს, რისკის პოზიცია არ უნდა ჩაითვალოს სამი ან სამ თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის რისკის პოზიციად ამ მუხლის მიზნებისათვის.

7. ეროვნული ბანკის ნებართვით მიკრობანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა.


მუხლი 42. რისკის პოზიციები კორპორატიული კლიენტების მიმართ
1. რისკის  პოზიციებს კორპორატიული კლიენტების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი-ის საკრედიტო შეფასება,  უნდა მიენიჭოს რისკის წონები ამ დებულების №1 დანართის მე-4 ცხრილის მიხედვით სშგი-ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების  ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით.

2. იმ რისკის პოზიციებს, რომელთათვისაც ნომინირებული სშგი-ების საკრედიტო შეფასებები ხელმისაწვდომი არაა, უნდა მიენიჭოთ 100% რისკის წონასა და ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციის რისკის წონას შორის უმაღლესი.

3. ეროვნული ბანკის ნებართვით მიკრობანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას კორპორატიული კლიენტების მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა გარე შეფასებების მხედველობაში მიღების გარეშე.


მუხლი 43. საცალო რისკის პოზიციები
1. რისკის პოზიციები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, უნდა შეიწონოს 75% რისკის წონით.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, საცალო კლიენტების მიმართ უპირობო და პირობითი მოთხოვნების კლასში მიკუთვნებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:

ა) რისკის პოზიცია უნდა იყოს ფიზიკური პირის/პირების ან მცირე/საშუალო ბიზნესის მიმართ;
ბ) რისკის პოზიცია უნდა მიეკუთვნებოდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის რისკის პოზიციებს, რისკის პოზიცია საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების გარეშე ერთი მხარის მიმართ არ უნდა აჭარბებდეს  საცალო მოთხოვნების კლასის 0.2%-ს და ასეთი რისკის პოზიციებს უნდა ჰქონდეთ ისეთი მსგავსი მახასიათებლები, რომლებიც არსებითად ამცირებს გასესხებასთან დაკავშირებულ რისკებს;

გ) მოვალე მხარის (რომელშიც იგულისხმება ურთიერდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი) მიმართ რისკის პოზიცია საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი უპირობო ან პირობითი მოთხოვნების გამოკლებით, არ უნდა აჭარბებდეს 1,000,000 ლარს. მიკრობანკებმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად;

დ) ფასიანი ქაღალდები არ უნდა მიეკუთვნოს საცალო რისკის პოზიციების კლასს.

3. ფულადი გასაცემლების ბენეფიციარების მიმართ არსებული რისკის პოზიციები, რომელთა დაფარვის პირდაპირი წყარო არის ფულადი გასაცემლები, უნდა შეიწონოს 35% რისკის წონით, თუკი კმაყოფილდება შემდეგი პირობები:

ა) მსესხებელს ფულადი გასაცემლები უნდა ერიცხებოდეს გამსესხებელ მიკრობანკში და მიკრობანკს უნდა ჰქონდეს უპირობო წვდომა (მათ შორის, მსესხებლის ნებართვა), რომ ყოველთვიური გადახდები ავტომატურად ჩამოაჭრას მსესხებელს შესაბამისი ანგარიშიდან;

ბ) მსესხებლის გარდაცვალების რისკი დაზღვეული უნდა იყოს მიკრობანკის სასარგებლოდ ან მიკრობანკს შექმნილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეზერვები აღნიშნული რისკიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგებისთვის;

გ) სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის დაცული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ განსაზღვრული დასაშვები ნორმები;

დ) სესხის მაქსიმალური ვადა უნდა განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების“ შესაბამისად.


მუხლი 44. საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციები
1. რისკის პოზიციები ან რისკის პოზიციების ნაწილი, რომლებიც სრულად და სრულყოფილად არის უზრუნველყოფილი საცხოვრებელი უძრავი ქონებით, რაც დამაკმაყოფილებელია ეროვნული ბანკისთვის და რომელშიც ცხოვრობს ან იცხოვრებს მესაკუთრე ან რომელსაც აქირავებს მესაკუთრე, უნდა შეიწონოს 35% რისკის წონით.

2. რისკის პოზიცია საცხოვრებელი უძრავი ქონების დამქირავებლის/ლიზინგის მიმღების (მაცხოვრებლის) მიმართ,  უნდა შეიწონოს 35%-ით, თუ გამქირავებელს/ლიზინგის გამცემს წარმოადგენს მიკრობანკი და დამქირავებელს/ლიზინგის მიმღებს აქვს ყიდვის უფლება და იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკისათვის დამაკმაყოფილებელია მიკრობანკის რისკის პოზიციის სრულად და სრულყოფილად უზრუნველყოფა ქონებაზე მისი საკუთრების გზით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების  მიზნებისთვის ეროვნული ბანკის დასკვნა იქნება დამაკმაყოფილებელი, თუ სრულდება შემდეგი პირობები:

ა) ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული მსესხებლის  საკრედიტო ხარისხზე. ეს მოთხოვნა არ ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მხოლოდ მაკროეკონომიკური ფაქტორები ახდენს გავლენას, როგორც ქონების ღირებულებაზე,  ასევე მსესხებლის მდგომარეობაზე/ფინანსურ შესაძლებლობებზე;
ბ) მსესხებლის რისკი მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული ქონების ან პროექტის შედეგიანობაზე, არამედ დამოკიდებულია მსესხებლის უნარზე ვალი დაფაროს სხვა წყაროებიდან. გადახდები არ უნდა იყოს  მნიშვნელოვნად დამოკიდებული უზრუნველყოფაში მყოფი ძირითადი ქონებიდან გენერირებულ ფულად სახსრებზე;
გ) კმაყოფილდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული  მინიმალური მოთხოვნები და მე-6 პუნქტით დადგენილი შეფასების წესები.

4. საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციების კლასზე მიკუთვნებისათვის რისკის პოზიციის ღირებულების უზრუნველყოფის ღირებულებასთან თანაფარდობა არ უნდა აღემატებებოდეს 80%-ს. შესაბამისად, აღნიშნულ კლასს უნდა მიეკუთვნოს სესხი ან მისი მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეადგენს საცხოვრებელი ქონების ღირებულების 80%-ს.

5. საცხოვრებელი უძრავი ქონების აღიარებისათვის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები:

ა) სამართლებრივი ნამდვილობის პირობა: საკრედიტო ხელშეკრულების დადების დროს იპოთეკის ხელშეკრულება უნდა იყოს სათანადოდ და დროულად დადებული და ყველა  შესაბამის იურისდიქციაში სამართლებრივად აღსრულებადი. ხელშეკრულება უნდა ასახავდეს მასზე უპირატეს უფლებას (ყველა სამართლებრივი მოთხოვნა იპოთეკით დატვირთისათვის უნდა იყოს შესრულებული). უზრუნველყოფის ხელშეკრულება და დამხმარე სამართლებრივი პროცესები მიკრობანკს უნდა აძლევდეს უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაციით ღირებულების მიღების შესაძლებლობას დროის გონივრულ ფარგლებში;
ბ) ქონების ღირებულების მონიტორინგი: ქონების ღირებულების მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს საკმარისი სიხშირით, მინიმუმ წელიწადში ერთხელ. როდესაც საბაზრო პირობები ხასიათდება მნიშვნელოვანი ცვალებადობით, მონიტორინგი უნდა განხორციელდეს უფრო მეტი სიხშირით. ქონების ღირებულების მონიტორინგისა და გადასაფასებელი ქონების იდენტიფიცირებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სტატისტიკური მეთოდები. თუ არსებობს ქონების საბაზრო ღირებულების მნიშვნელოვანი შემცირების ეჭვი, ქონების შეფასება უნდა გადაიხედოს დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ.  სესხებისთვის, რომლებიც აჭარბებს 200 000 ლარს ან მიკრობანკის საზედამხედველო კაპიტალის 5%-ს, ქონების შეფასება უნდა გადაიხედოს დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ. დამოუკიდებელ შემფასებლად მიიჩნევა პირი, რომლსაც აქვს შეფასებისათვის საჭირო  კვალიფიკაცია, უნარები და გამოცდილება და დამოუკიდებელია საკრედიტო გადაწყვეტილების პროცესებისგან;
გ) დოკუმენტირება: მიკრობანკის მიერ დაშვებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ტიპები და მასთან დაკავშირებული გასესხების პოლიტიკა მკაფიოდ უნდა იყოს დოკუმენტირებული.

6. საცხოვრებელი ქონების შეფასების პროცედურა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სესხის გაცემამდე ქონება უნდა შეფასდეს დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ საბაზრო ღირებულებით;
ბ) საბაზრო ღირებულება არის შეფასებული თანხა, რომლითაც შეფასების თარიღისთვის გაშლილი მკლავის პრინციპით განხორციელდებოდა ქონების გაყიდვა დაინტერესებულ მყიდველსა და დაინტერესებულ გამყიდველს შორის სათანადო მარკეტინგის განხორციელების შედეგად იმ პირობით, რომ მონაწილე მხარეები მოქმედებენ გათვითცნობიერებულად, წინდახედულად და იძულების გარეშე.  საბაზრო ღირებულების დოკუმენტირება უნდა მოხდეს გამჭვირვალე და მკაფიო გზით;
გ) უზრუნველყოფის ღირებულება ტოლია ქონების საბაზრო ღირებულებისა. საჭიროების შემთხვევაში, მან უნდა ასახოს ამ მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის შედეგები და ღირებულებაზე სხვა მოთხოვნების არსებობით გამოწვეული ზეგავლენა.

7. ამ მუხლის მიზნებისათვის უზრუნველყოფად ჩაითვლება მხოლოდ მაღალი ლიკვიდურობის მქონე საცხოვრებელი უძრავი ქონება. მიკრობანკებმა უნდა შეიმუშაონ რისკის პოზიციების საცხოვრებელი უძრავი ქონების იპოთეკით უზრუნველყოფილ აქტივებად კლასიფიკაციის იმგვარი პოლიტიკა, რომელიც ადეკვატურად ითვალისწინებს საცხოვრებელი უძრავი ქონების ლიკვიდურობას. ლიკვიდურობის კრიტერიუმებთან დაკავშირებული მიკრობანკის მიდგომები სათანადოდ უნდა იყოს ასახული ეროვნული ბანკისგან საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციების კლასის გამოყენების ნებართვაზე წარდგენილ განაცხადში.

8. საცხოვრებელი ქონების რეალური ფართობი უნდა ემთხვეოდეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ფართობს. საცხოვრებელი ქონების იპოთეკით უზრუნველყოფილ აქტივებად კლასიფიკაციის პოლიტიკა უნდა განსაზღვრავდეს დასაშვები ცდომილების ზღვარს.


მუხლი 45. ვადაგადაცილებული სესხები
1. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, 90 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში, ნებისმიერი რისკის პოზიციის არაუზრუნველყოფილ  ნაწილს, უნდა მიენიჭოს შემდეგი რისკის წონები:

ა) 150%, თუ სესხების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი არის მთლიანი რისკის პოზიციის (მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გამოკლების გარეშე) 20%-ზე ნაკლები;
ბ) 100%, თუ სესხების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი  არის მთლიანი რისკის პოზიციის (მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გამოკლების გარეშე) არანაკლებ 20%.

2. ვადაგადაცილებული სესხების უზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისთვის გამოიყენება ამ დებულებით განსაზღვრული საკრედიტო რისკის მიტიგაციისათვის ნებადართული უზრუნველყოფის საშუალებები. ამასთან, მიკრობანკს უნდა ჰქონდეს ეროვნული ბანკის თანხმობა საკრედიტო რისკის მიტიგაციის გამოყენებაზე ამ დებულების 62-ე მუხლის შესაბამისად.

3. უპირობო და პირობითი მოთხოვნები, რომლებიც მიეკუთვნება საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ კლასს ამ დებულების 44-ე მუხლის მიხედვით, 90-ზე მეტი დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში უნდა შეიწონოს 100%-ით. ამასთან, თუ სესხების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი  მთლიანი რისკის პოზიციის 20%-ზე ნაკლები არ არის, რისკის პოზიცია შეიწონება 50% რისკის წონით.

4. თუ კლიენტის რისკის პოზიცია ვადაგადაცილებულია 90-ზე მეტი დღით, მაშინ კლიენტის  ყველა სხვა რისკის პოზიციაც უნდა მიეკუთვნოს ვადაგადაცილებული სესხების კლასს და შეიწონოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.


მუხლი 46. მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულები
1. რისკის პოზიციები, რომლებიც ასოცირდება განსაკუთრებით მაღალ რისკთან, როგორიცაა  ინვესტიციები ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდებში მაქსიმუმ 10%-იანი წილის ფლობით, ან  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სხვა მაღალი რისკის მატარებელი რისკის პოზიციები, უნდა შეიწონოს 150% რისკის წონით.

2. ეროვნულმა ბანკმა შესაძლებელია ნება დართოს მიკრობანკს, რისკის ის პოზიციები, რომლებიც არ იმყოფება ვადაგადაცილებაში, შეწონოს 100% რისკის წონით, თუ მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი მთლიანი რისკის პოზიციის (მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გამოკლების გარეშე) 20%-ზე ნაკლები არ არის.

3. იჯარით გაცემის მიზნით საკუთრებაში არსებული ქონება უნდა შეიწონოს 250 % რისკის წონით.


მუხლი 47. მოკლევადიანი რისკის პოზიციები კორპორატიული კლიენტების მიმართ
1. სამი ან სამ თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის რისკის პოზიციებს კორპორატიული კლიენტების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი-ის საკრედიტო შეფასება, ამ დებულების №1 დანართის მე-5 ცხრილის შესაბამისად უნდა მიენიჭოს რისკის წონები სშგი-ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების  ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის რისკის პოზიცია არ უნდა ჩაითვალოს სამი ან სამ თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის რისკის პოზიციად, როდესაც მოსალოდნელია, რომ სამი ან სამ თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის რისკის პოზიციის ვადა გაგრძელებული იქნება სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რეალური/მოსალოდნელი ვადიანობა აღემატება 3 თვეს.


მუხლი 48. რისკის პოზიციები საპაიო საინვესტიციო ფონდის (კოლექტიური საინვეტიცო სქემების) სახით
1. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა რისკის პოზიციები საპაიო საინვესტიციო ფონდების სახით უნდა შეიწონოს 100% რისკის წონით.

2. რისკის პოზიციებს საპაიო საინვესტიციო ფონდების სახით, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომია სშგი-ის საკრედიტო შეფასება, უნდა მიენიჭოს რისკის წონები ამ დებულების №1 დანართის მე-6 ცხრილის მიხედვით სშგი-ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების  ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით.

3. როდესაც ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ კოლექტიურ საინვესტიციო სქემებში პოზიცია დაკავშირებულია განსაკუთრებით მაღალ რისკებთან, რისკის წონა უნდა განისაზღვროს 150%-ით.


მუხლი 49. სხვა ერთეულები
1. ძირითადი საშუალებები უნდა შეიწონოს 100%-ით.

2. ნაღდი ფული სალაროში და მისი ეკვივალენტები მიკრობანკში უნდა შეიწონოს 0%-ით, ხოლო ნაღდი ფული სხვა სახით 20%-ით.

3. გადავადებული საგადასახადო აქტივები, რომლებიც არ გამოიქვითა ძირითადი პირველადი კაპიტალიდან, უნდა შეიწონოს 250%-ით.

4. აქციების ფლობა და/ან სხვა სახით 10%-ზე ნაკლები წილით მონაწილეობა კომერციული იურიდიული პირების კაპიტალში უნდა შეიწონოს 100% რისკის წონით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება მათი დაქვითვა საზედამხედველო კაპიტალიდან.

5. მიკრობანკის მიერ მფლობელოში არსებული ოქროს ზოდი, საცავში ან გადანაწილებული ვალდებულების უზრუნველყოფის სახით, უნდა შეიწონოს 0% რისკის წონით.

6. აქტივის გაყიდვისა და გამოსყიდვის და ვალუტის ფორვარდული  შესყიდვის  შემთხვევაში, შეწონვისათვის რისკის წონა უნდა მიენიჭოს აქტივს და არა კონტრაგენტ მხარეს.

7. სხვა აქტივები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული მე-20 მუხლის მიხედვით უნდა შეიწონოს 100%-ით.


თავი XII
კონტრაგენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკი

მუხლი 50. კონტრაგენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკი
1. კონტრაგენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკი არის ტრანზაქციის განხორციელებამდე კონტრაგენტის დეფოლტის რისკი.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის გაითვალისწინება კონტრაგენტთან დაკავშირებული მხოლოდ ის რისკები, რომელსაც მოიცავს საპროცენტო განაკვეთისა და სავალუტო კურსის წარმოებული ინსტრუმენტები (ფიუჩერსები, ფორვარდები, სვოპები, ოფციონები და სხვა ანალოგიური ხელშეკრულებებით წარმოშობილი გარესაბალანსო ვალდებულებები).

3. თუ საპროცენტო განაკვეთისა და სავალუტო კურსის წარმოებული ინსტრუმენტების ხელშეკრულების ვადა არ აღემატება 14 კალენდარულ დღეს, იგი არ გაითვალისწინება  რისკის მიხედვით შეწონვის მიზნებისათვის.

4. საპროცენტო განაკვეთისა და სავალუტო კურსის წარმოებული ინსტრუმენტების ხელშეკრულებით განსაზღვრული რისკის პოზიციის ღირებულება განისაზღვრება ამ დებულების №1 დანართის მე-7 ცხრილის მიხედვით.


თავი XIII
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება. საკრედიტო რისკის მიტიგაცია

მუხლი 51. სტანდარტიზებული მიდგომის გამოყენებისას ნებადართული საკრედიტო რისკის მიტიგაცია
1. ამ თავის მიზნებისათვის გამსესხებელი მიკრობანკი არის მიკრობანკი, რომელიც ფლობს რისკის პოზიციებს მიუხედავად იმისა, აღნიშნული რისკის პოზიციები წარმოქმნილია თუ არა სესხის გაცემიდან.

2. ამ დებულების მე-8-მე-10 მუხლების მიზნებისათვის რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას მიკრობანკებს, რომლებიც ამ დებულების VI თავის შესაბამისად იყენებენ სტანდარტიზებულ მეთოდს, შეუძლიათ გამოიყენონ ამ თავში აღწერილი საკრედიტო რისკის მიტიგაციის დებულებები.


მუხლი 52. მოთხოვნები საკრედიტო რისკის მიტიგაციის გამოყენებისათვის
1. გამსესხებელი მიკრობანკების მიერ გამოყენებული კრედიტის უზრუნველყოფის მექანიზმები, შესაბამისი ქმედებები და მათთან დაკავშირებული დანერგილი პროცედურები და პოლიტიკები უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ მიტიგაციას, რომელიც არის სავალდებულო ძალის მქონე და ყველა შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი.

2. გამსესხებელი მიკრობანკი ვალდებულია მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რათა უზრუნველყოს კრედიტის უზრუნველყოფის ეფექტიანობა და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირება.

3. კრედიტის დაფინანსებულ უზრუნველყოფად აღიარებისთვის,  გამოყენებული აქტივები უნდა იყოს საკმარისად ლიკვიდური, ხოლო დროის განმავლობაში მათი ღირებულება საკმარისად სტაბილური, რათა რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას ნებადართულ ფარგლებში უზრუნველყოფის აღიარებამ განაპირობოს შესაბამისი რწმუნება საკრედიტო რისკის შემცირების შესახებ. ნებადართული ინსტრუმენტები განისაზღვრება ამ დებულების 54-ე და 55-ე მუხლებით.

4. კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის შემთხვევაში გამსესხებელ მიკრობანკს უფლება უნდა ჰქონდეს, მოვალის დეფოლტის შემთხვევაში, მოახდინოს უზრუნველყოფაში არსებული აქტივების დროული რეალიზაცია და/ან დასაკუთრება. უზრუნველყოფაში არსებული აქტივის ღირებულებასა და მოვალის საკრედიტო ხარისხს შორის არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი დადებითი კორელაცია.

5. კრედიტის დაუფინანსებელ უზრუნველყოფად აღიარებისთვის, უზრუნველყოფის მიმწოდებელი უნდა იყოს საკმარისად საიმედო, ხოლო უზრუნველყოფის ხელშეკრულება – სავალდებულო ძალის მქონე და შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი, რათა რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისა და ნებადართული რაოდენობით აღიარებისთვის გამოყენებული მეთოდით მიღებულ იქნეს შესაბამისი რწმუნება კრედიტის უზრუნველყოფის შესახებ. ნებადართული უზრუნველყოფის ხელშეკრულებები და უზრუნველყოფის მიმწოდებლები განისაზღვრება/შემოიფარგლება ამ დებულების  54-ე და 55-ე მუხლებით.

6.  კრედიტის უზრუნველყოფად აღიარებისათვის დაკმაყოფილებული უნდა იყოს ამ დებულების  56-ე-58-ე მუხლებით განსაზღვრული მინიმალური მოთხოვნები.


მუხლი 53. საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გაანგარიშება
1. ამ დებულების 52-ე მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების თანხა შეიძლება შეიცვალოს ამ დებულების 59-ე – 61-ე მუხლების შესაბამისად. 

2. რისკის პოზიციებიდან, რომლებზეც ვრცელდება საკრედიტო რისკის მიტიგაცია, არ შეიძლება მიღებულ იქნეს უფრო მაღალი რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიცია, ვიდრე მიიღებოდა  ამავე რისკის პოზიციაზე საკრედიტო რისკის მიტიგაციის გარეშე.

3. იმ შემთხვევაში, თუ რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას უკვე გათვალისწინებულია  კრედიტის უზრუნველყოფა, აღნიშნული აღარ უნდა ჩაითვალოს საკრედიტო რისკის მიტიგაციად ამ თავის მიზნებისათვის.


მუხლი 54. ჩართვის უფლება. კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფა
ნებადართულია უზრუნველყოფის შემდეგი სახეების კრედიტის დაფინანსებულ უზრუნველყოფად აღიარება:

ა) ფინანსური უზრუნველყოფის შემდეგი სახეები:

ა.ა) გამსესხებელ მიკრობანკში სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები; ან გამსესხებელი მიკრობანკის მიერ გამოშვებული ფულთან გათანაბრებული ფინანსური ინსტრუმენტები;

ა.ბ) ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების, რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების, საჯარო დაწესებულებების, მრავალმხრივი განვითარების ბანკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდების შემდეგი ჯგუფი:

ა.ბ.ა) ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომელთა საკრედიტო შეფასება ხდება ამ დებულების VI თავის მიზნებისთვის აღიარებული სშგი-ის მიერ და რომლის საკრედიტო ხარისხი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვის წესით შეესაბამება მე-4 ან უკეთეს ბიჯს;

ა.ბ.ბ) რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ამ დებულების VI თავის მიხედვით შეიწონება იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციების ანალოგიურად, რომლის იურისდიქციაშიც ისინი დაარსდნენ;

ა.ბ.გ) საჯარო დაწესებულებების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ამ დებულების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით შეიწონება ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციების ანალოგიურად;

ა.ბ.დ) მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომელთაც ამ დებულების VI თავის მიხედვით ენიჭებათ 0% რისკის წონა;

ა.ბ.ე) საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომელთაც ამ დებულების VI თავის მიხედვით ენიჭებათ 0% რისკის წონა.

ბ) ოქრო (სტანდარტული ზოდი ან მისი ეკვივალენტი).


მუხლი 55. ჩართვის უფლება. კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფა
კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფის მომწოდებლად შეიძლება ჩაითვალოს:

ა) ცენტრალური მთავრობები და ცენტრალური ბანკები;

ბ) რეგიონული მთავრობები და ადგილობრივი თვითმმართველობები;

გ) მრავალმხრივი განვითარების ბანკები;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციები/ინსტიტუტები, რომელთა მიმართ რისკის პოზიციები ამ დებულების VI თავის მიხედვით შეიწონება 0% რისკის წონით;

ე) საჯარო დაწესებულებები, რომელთა მიმართ მოთხოვნები ამ დებულების VI თავის მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ განიხილება, როგორც მოთხოვნები მიკრობანკებისა და ცენტრალური მთავრობების მიმართ;

ვ) კომერციული ბანკები და მიკრობანკები;

ზ) სხვა კორპორატიული პირები, მათ შორის, მიკრობანკის მშობელი კომპანია, შვილობილი და მონათესავე საწარმო, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია საკრედიტო შეფასება ამ დებულების VI თავის მიზნებისთვის აღიარებული სშგი-ის მიერ და საკრედიტო ხარისხი კორპორატიული კლიენტების მიმართ რისკის პოზიციების ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეწონვის წესით შეესაბამება მე-2 ან უკეთეს ბიჯს.


მუხლი 56. მინიმალური მოთხოვნები
1. მიკრობანკმა ეროვნულ ბანკს უნდა დაუსაბუთოს, რომ იგი იყენებს მართვისა და კონტროლის ადეკვატურ პროცესებს იმ რისკებისათვის, რომლებიც წარმოიქმნება საკრედიტო რისკის მიტიგაციის გამოყენების შედეგად.

2. საკრედიტო რისკის მიტიგაციის გამოყენების პარალელურად, მიტიგაციის შედეგად რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციისა და მოსალოდნელი ზარალის ცვლილების/შემცირების მიუხედავად, მიკრობანკებმა უნდა განაგრძონ აღნიშნული რისკის პოზიციის საკრედიტო რისკის სრულად შეფასება და ნათლად უნდა შეძლონ ეროვნული ბანკისათვის აღნიშნული მოთხოვნის შესრულების დემონსტრირება.


მუხლი 57. მინიმალური მოთხოვნები. კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფა
ფინანსური უზრუნველყოფისა და ოქროს აღიარებისთვის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები:

ა) დაბალი კორელაცია: მსესხებლის საკრედიტო ხარისხსა  და უზრუნველყოფის ღირებულებას შორის არ უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი დადებითი კორელაცია. მსესხებლის ან მის ჯგუფთან დაკავშირებული ნებისმიერი საწარმოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები არ ჩაითვლება ფინანსურ უზრუნველყოფად;

ბ) სამართლებრივი ნამდვილობის პირობა: მიკრობანკმა უნდა უზრუნველყოს სახელშეკრულებო და საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება, რათა მოხდეს  უზრუნველყოფის ხელშეკრულების აღსრულებადობა. მიკრობანკს ჩატარებული უნდა ჰქონდეს სათანადო სამართლებრივი კვლევა, რაც ადასტურებს უზრუნველყოფის ხელშეკრულების აღსრულებადობას შესაბამის იურისდიქციაში. საჭიროების შემთვევაში, მან ხელახლა უნდა ჩაატაროს მსგავსი კვლევა აღსრულებადობაში დარწმუნების მიზნით;

გ) საოპერაციო მოთხოვნები: უზრუნველყოფის ხელშეკრულებები უნდა იყოს სათანადოდ დოკუმენტირებული უზრუნველყოფის დროული რეალიზაციისათვის ნათელი და მკაფიო პროცედურებით. მიკრობანკებმა უნდა შეიმუშავონ უზრუნველყოფის გამოყენებით წარმოშობილი რისკების კონტროლის პოლიტიკა და პროცედურები, მათ შორის, კრედიტის უზრუნველყოფის შემცირების ან საერთოდ გაუქმების რისკები, მისი ღირებულების შეფასების რისკები, კრედიტის უზრუნველყოფის შეწყვეტასთან დაკავშირებული რისკები, უზრუნველყოფის გამოყენების შედეგად წარმოშობილი კონცენტრაციის რისკები და უნდა განსაზღვრონ მათი დამოკიდებულება მიკრობანკის რისკის პროფილთან. მიკრობანკს უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფის ნებადართული სახეებისა და თანხების შესახებ დოკუმენტირებული პოლიტიკა და პროცედურები. მიკრობანკმა უნდა დაითვალოს უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულება და მოახდინოს მისი გადაფასება მინიმუმ ექვს თვეში ერთხელ  და, ასევე, როდესაც მიკრობანკს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაზრო ფასის მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ. როდესაც უზრუნველყოფის საგანს ფლობს მესამე მხარე, მიკრობანკმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ მესამე მხარის მიერ უზრუნველყოფის საგანი განცალკავებულ იქნეს საკუთარი აქტივებისგან;

დ) სტანდარტული ზოდის ეკვივალენტი ოქროს აღიარებისთვის, მიკრობანკებმა ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან  ერთად უნდა შეიმუშავონ სტანდარტული ზოდის ეკვივალენტი ოქროს ღირებულების ადეკვატურად შეფასებისა და დისკონტირების პოლიტიკა და პროცედურები. სტანდარტული ზოდის ეკვივალენტი ოქროს უზრუნველყოფად აღიარებისათვის აღნიშნული პოლიტიკა და პროცედურები დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს ეროვნული ბანკისათვის;

ე) ამ მუხლის მოთხოვნებთან ერთად კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის აღიარებისათვის  უზრუნველყოფის დარჩენილი ვადა უნდა იყოს სულ მცირე მოთხოვნის დარჩენილი ვადის ტოლი.


მუხლი 58. მინიმალური მოთხოვნები. კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფა
1. მოთხოვნები გარანტიების მიმართ:

ა) გარანტიები აღიარებულ იქნება უზრუნველყოფად თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:

ა.ა) საკრედიტო უზრუნველყოფა უნდა იყოს პირდაპირი;

ა.ბ) საკრედიტო უზრუნველყოფის პირობები  უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული და უდავო;

ა.გ) საკრედიტო უზრუნველყოფის ხელშეკრულება არ უნდა შეიცავდეს ისეთ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც სცდება გამსესხებლის პირდაპირი კონტროლის ფარგლებს, მათ შორის:

ა.გ.ა) საშუალებას აძლევს გარანტიის გამცემს (გარანტს) ცალმხრივად გააუქმოს უზრუნველყოფა;

ა.გ.ბ) უზრუნველყოფილი რისკის პოზიციის საკრედიტო ხარისხის გაუარესების შედეგად ზრდის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ ხარჯს;

ა.გ.გ) მსესხებლის  მიერ  გადასახდელების დროულად ვერ დაფარვის შემთხვევაში საშუალებას აძლევს გარანტიის გამცემს (გარანტს) დროულად არ გადაიხადოს გადასახდელები;

ა.გ.დ) გარანტიის გამცემს (გარანტს) უზრუნველყოფის ვადის შემცირების საშუალებას აძლევს;

ა.გ.ე) საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას იგი  სავალდებულო  ძალის მქონე და აღსრულებადი უნდა იყოს ყველა შესაბამის იურისდიქციაში.

ბ) მიკრობანკში გარანტიების გამოყენების შედეგად  წარმოშობილი პოტენციური კონცენტრაციის რისკის მართვისათვის არსებული სისტემები ეროვნული ბანკისათვის დამაკმაყოფილებებლი უნდა იყოს. მიკრობანკმა უნდა შეძლოს დემონსტრირება, თუ როგორ შესაბამისობაშია და რა გავლენას ახდენს გარანტიების გამოყენების სტრატეგია მისი საერთო რისკის პროფილზე.

გ) გარანტიის აღიარებისთვის დამატებით უნდა სრულდებოდეს შემდეგი პირობები:

გ.ა) პრინციპალის დეფოლტის შემთხვევაში მიკრობანკს უნდა ჰქონდეს უფლება, დროულად მიიღოს გარანტიის გამცემისგან (გარანტისგან) ყველა ის თანხა, რაზე მოთხოვნაც აქვს მიკრობანკს და რომელზეც უზრუნველყოფა ვრცელდება. გარანტიის გამცემისგან (გარანტისგან) თანხის მიღება არ უნდა იყოს დამოკიდებული პირველ რიგში მიკრობანკის მიერ მსესხებლის (პრინციპალის) მიმართ მოთხოვნის წაყენებაზე;

გ.ბ) გარანტია უნდა იყოს მკაფიოდ დოკუმენტირებული ვალდებულება, რომელსაც იღებს გარანტიის გამცემი (გარანტი);

გ.გ) გარანტია უნდა ფარავდეს მოთხოვნასთან დაკავშირებულ მსესხებლის (პრინციპალის) ყველა სახის გადასახდელებს. როდესაც გარანტია არ ითვალისწინებს გარკვეული სახის გადასახდელებს, გარანტიის აღიარებული ღირებულება უნდა დაკორექტირდეს ისე, რომ ასახავდეს გარანტიის გავრცელების ლიმიტირებულ ნაწილს.

2. სამთავრობო და სხვა საჯარო ორგანოების კონტრგარანტიები:

ა) როდესაც რისკის პოზიცია უზრუნველყოფილია გარანტიით, რომელიც კონტრგარანტირებულია ცენტრალური მთავრობის ან ცენტრალური ბანკის, ადგილობრივი მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის, საჯარო დაწესებულების მიერ, რომლის მიმართ მოთხოვნებიც ამ დებულების VI თავის თანახმად მიიჩნევა ამავე იურისდიქციაში მოქმედი ცენტრალური მთავრობის მიმართ არსებული მოთხოვნების ანალოგიურად, ან მრავალმხრივი განვითარების ბანკის მიერ, რომლის მიმართ რისკის პოზიციებიც ამ დებულების VI თავის თანახმად იწონება 0% რისკის წონით,  ის შეიძლება ჩაითვალოს გარანტიის გამცემის მიერ უზრუველყოფილ მოთხოვნად, თუ:

ა.ა) კონტრგარანტია ფარავს მოთხოვნის საკრედიტო რისკის ყველა ელემენტს;

ა.ბ) თავდაპირველი გარანტიაც და კონტრგარანტიაც აკმაყოფილებს ამ დებულების 58-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  მოთხოვნებს, გარდა აღნიშნული პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნისა;

ბ) ეროვნული ბანკისათვის დამაკმაყოფილებელია უზრუნველყოფის სიმყარე და ისტორიული ფაქტები, რომლებიც არ მეტყველებს კონტრ-გარანტიის უფრო ნაკლებად ეფექტიანობაზე პირდაპირ გარანტიასთან შედარებით;

გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პირობები ასევე ვრცელდება რისკის პოზიციებზე, რომლებიც არ არის კონტრგარანტირებული აღნიშნულ ქვეპუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ, თუ ამ რისკის პოზიციის კონტრგარანტია თავის მხრივ პირდაპირ გარანტირებულია ჩამოთვლილი სუბიექტების მიერ და ამ პუნქტში მითითებული პირობები დაკმაყოფილებულია.


მუხლი 59. საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გამოთვლა
1. ამ დებულების 54-ე–58-ე მუხლების პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში,  ამ დებულების VI თავით გასაზღვრული რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლა შეიძლება შეიცვალოს ამ დებულების ამავე მუხლისა და მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად.

2. ფინანსური უზრუნველყოფით საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გამოთვლისათვის მიკრობანკები გამოიყენებენ ამ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკრედიტო რისკის მიტიგაციის მარტივ მეთოდს. ამ შემთხვევაში მსესხებლის რისკი ნაცვლდება უზრუნველყოფის რისკით რისკის პოზიციის უზრუნველყოფილი ნაწილის პროპორციულად (მინიმუმ 20% რისკის წონით და გამონაკლის შემთვევებში, 0%-ით). ნაწილობრივი უზრუნველყოფა დასაშვებია, ხოლო ვადების შეუთავსებლობა არ დაიშვება.

3. კრედიტის დაუფინანსებული უზრუნველყოფის შემთხვევაში, უზრუნველყოფილ ნაწილს ენიჭება გარანტიის გამცემისგან (გარანტის) რისკის წონა, ხოლო არაუზრუნველყოფილ ნაწილს – პრინციპალის რისკის წონა. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფა და რისკის პოზიცია დენომინირებულია სხვადასხვა ვალუტაში (ადგილი აქვს ვალუტის შეუთავსებლობას) მოხდება რისკის პოზიციის უზრუნველყოფილი ნაწილის შემცირება.


მუხლი 60. საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გამოთვლა. კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფა
1. ფინანსური უზრუნველყოფის მარტივი მეთოდი:

ა) მარტივი მეთოდის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ მაშინ, თუ უზრუნველყოფის შეფასება ხდება ამ დებულების VI თავის შესაბამისად;

ბ) ამ მეთოდით ნებადართული ფინანსური უზრუნველყოფა განისაზღვრება მისი საბაზრო ღირებულების თანხით ამ დებულების 57-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების  დაცვით;

გ) რისკის პოზიციის იმ ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფილია ნებადართული კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულებით, მიენიჭება რისკის წონა 20%-ის ოდენობით, გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღწერილი შემთხვევისა. რისკის პოზიციის დარჩენილი ნაწილი კი უნდა შეიწონოს რისკის პოზიციის იმ კლასის მიხედვით, რომელსაც იგი მიეკუთვნება ამ დებულების VI თავის შესაბამისად. გარესაბალანსო ელემენტების მიტიგაციის ეფექტის გამოთვლის მიზნით, გარესაბალანსო რისკის პოზიციების ღირებულების დასათვლელად კრედიტ-კონვერსიის ფაქტორად აიღება 100%, ნაცვლად ამ დებულების მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღირებულებისა;

დ) შესაძლებელია 0% რისკის წონის მინიჭება, თუ რისკის პოზიცია და უზრუნველყოფა დენომინირებულია ერთსა და იმავე ვალუტაში და დაკმაყოფილებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

დ.ა) უზრუნველყოფა წარმოადგენს დეპოზიტზე განთავსებულ ფულად სახსრებს ან ფულთან გათანაბრებულ სხვა ინსტრუმენტს;

დ.ბ) უზრუნველყოფის  საბაზრო ღირებულება დადისკონტებულია 20%-ით და წარმოადგენს:
დ.ბ.ა) იმ ცენტრალური მთავრობების და ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებულ სავალო ფასიან ქაღალდებს, რომლებიც ამ დებულების VI თავის მიხედვით უნდა შეიწონოს 0%-ით;
დ.ბ.ბ) იმ რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოშვებულ სავალო ფასიან ქაღალდებს, რომელთა მიმართ რისკის პოზიციები ამ დებულების VI თავის თანახმად უნდა შეიწონოს ისევე, როგორც რისკის პოზიციები აღნიშნულ იურისდიქციებში ცენტრალური მთავრობების მიმართ;
დ.ბ.გ) იმ მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიერ გამოშვებულ სავალო ფასიან ქაღალდებს, რომელთა მიმართ რისკის პოზიციები ამ დებულების VI თავის თანახმად უნდა შეიწონოს 0%-ით;
დ.ბ.დ) იმ საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ სავალო ფასიან ქაღალდებს, რომელთა მიმართ რისკის პოზიციები ამ დებულების VI თავის თანახმად უნდა შეიწონოს 0%-ით.

2. სტანდარტული ოქროს ზოდის ეკვივალენტით უზრუნველყოფილი რისკის პოზიცია უნდა შემცირდეს უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულების 50%-ით.


მუხლი 61. საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გამოთვლა. კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფა
1. შეფასება:

ა) კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფის თანხა (G) არის მსესხებლის დეფოლტის/გადაუხდელობის ან სხვა კონკრეტული საკრედიტო მოვლენის შემთხვევაში  უზრუნველყოფის მიმწოდებლის მიერ გადახდილი თანხა:

ბ) იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფა და რისკის პოზიცია დენომინირებულია სხვადასხვა ვალუტაში, კრედიტის უზრუნველყოფის თანხა უნდა შემცირდეს შემდეგნაირად: G* = G x (1-HFX), სადაც:

ბ.ა) G – კრედიტის უზრუნველყოფის ნომინალური ღირებულებაა;

ბ.ბ) G* არის სავალუტო რისკით კორექტირებული G;

ბ.გ) Hfx – კრედიტის უზრუნველყოფისა და ძირითადი ვალდებულების ვალუტებს შორის სხვაობით გამოწვეული მერყეობების კორექტირება;

ბ.დ) როდესაც კრედიტის უზრუნველყოფა და ძირითადი ვალდებულება დენომინირებულია ერთსა და იმავე ვალუტაში: G* = G;

გ) ვალუტებს შორის განსხვავებების გამო წარმოშობილი მერყეობების კორექტირება უნდა იყოს 8%.

2.  რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების ღირებულების დათვლა:

ა) სრული უზრუნველყოფა: g არის რისკის წონა, რომელიც მიენიჭება რისკის პოზიციას, რომელიც სრულად უზრუნველყოფილია დაუფინანსებელი უზრუნველოფით (GA), სადაც g არის ამ დებულების VI თავით განსაზღვრული რისკის წონა უზრუნველყოფის გარანტის მიმართ რისკის პოზიციებზე და GA არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით დათვლილი G*;
ბ) ნაწილობრივი უზრუნველყოფა – თანაბარი უპირატესობა: როდესაც უზრუნველყოფის თანხა ნაკლებია რისკის პოზიციის თანხაზე და უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი ნაწილები თანაბარი უპირატესობისაა, ანუ მიკრობანკი და უზრუნველყოფის მიმწოდებელი (გარანტი) დანაკარგებს პროპორციულად ინაწილებენ, კაპიტალის მოთხოვნა შესაბამისი პროპორციულობით უნდა იქნეს შემსუბუქებული. ამ დებულების 21-ე მუხლის მიზნებისათვის რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლა უნდა მოხდეს შემდეგი ფორმულის შესაბამისად: (E-GA) x r + GA x g, სადაც:
ბ.ა) E – რისკის პოზიციის ღირებულება;
ბ.ბ) GA – პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით დათვლილი G*;
ბ.გ) r – VI თავით განსაზღვრული მსესხებლის მიმართ რისკის პოზიციების რისკის წონა;
ბ.დ) g – VI თავით განსაზღვრული გარანტორის მიმართ რისკის პოზიციების რისკის წონა.
გ) სახელმწიფო გარანტიები: ამ დებულების 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიდგომა ვრცელდება რისკის პოზიციებზე ან მათ ნაწილზე, რომლებიც გარანტირებულია ცენტრალური მთავრობისა ან ცენტრალური ბანკის მიერ და ასევე, გარანტია დენომინირებულია მსესხებლის ეროვნულ ვალუტაში და რისკის პოზიცია განთავსებულია ამავე ვალუტაში.


თავი XIV
გარდამავალი დებულებები

მუხლი 62. გარდამავალი დებულებები
1. ყველა მიკრობანკმა უნდა დააკმაყოფილოს ამ დებულებით დადგენილი მინიმალური კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები ლიცენზიის მიღების მომენტისათვის.

2. მიკრობანკებმა ეროვნულ ბანკს უნდა მიმართონ და თანხმობა  მიიღონ იმისათვის, რომ გამოიყენონ:

ა) 75% რისკის წონა უპირობო და პირობითი საცალო მოთხოვნებისათვის;

ბ) 35% რისკის წონა უპირობო და პირობითი მოთხოვნებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფილია საცხოვრებელი უძრავი ქონებით;

გ) სშგი-ს მიერ დადგენილი რეიტინგები;

დ) საკრედიტო რისკის მიტიგაცია;

ე) 35% რისკის წონა რისკის პოზიციებისათვის, რომელთა დაფარვის წყარო არის ფულადი გასაცემლები.

3. ეროვნული ბანკი განიხილავს თანხმობის მიცემის  საკითხს მიკრობანკის მიერ მოწოდებული დოკუმენტების საფუძველზე, რომელშიც ახსნილი და დასაბუთებული უნდა იყოს  ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისათვის დანერგილი პოლიტიკები და მიკრობანკის მიერ გატარებული ღონისძიებები. ამ პუნქტით განსაზღვრული მეთოდების გამოყენებამდე მიკრობანკმა იგი უნდა  წარუდგინოს ეროვნულ ბანკს სულ მცირე 2 თვით ადრე.



 

დანართი №1


 

ცხრილი 1

ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვა

კრედიტის ხარისხის ბიჯი

1

2

3

4

5

6

რისკის წონა

0%

20%

50%

100%

100%

150%

 

ცხრილი 2

რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვა

კრედიტის ხარისხის ბიჯი

1

2

3

4

5

6

რისკის წონა

20%

50%

100%

100%

100%

150%

 

ცხრილი 3

კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვა

კრედიტის ხარისხის ბიჯი

1

2

3

4

5

6

რისკის წონა

20%

50%

50%

100%

100%

150%

კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიმართ 3 ან 3 თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის რისკის პოზიციების შეწონვა

კრედიტის ხარისხის ბიჯი

1

2

3

4

5

6

რისკის წონა

20%

20%

20%

50%

50%

150%

 

ცხრილი 4

კორპორატიული კლიენტების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვა

კრედიტის ხარისხის ბიჯი

1

2

3

4

5

6

რისკის წონა

20%

50%

100%

100%

150%

150%

 

ცხრილი 5

კორპორატიული კლიენტების მიმართ 3 ან 3 თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის მქონე რისკის პოზიციების შეწონვა

კრედიტის ხარისხის ბიჯი

1

2

3

4

5

6

რისკის წონა

20%

50%

100%

150%

150%

150%

 

ცხრილი 6

საპაიო საინვესტიციო ფონდების (კოლექტიური საინვესტიციო სქემების) სახით რისკის პოზიციების შეწონვა

კრედიტის ხარისხის ბიჯი

1

2

3

4

5

6

რისკის წონა

20%

50%

100%

100%

150%

150%

 

ცხრილი 7

ვადა ხელშეკრულების მიხედვთ

ხელშეკრულებები საპროცენტო განაკვეთზე

ხელშეკრულებები სავალუტო კურსზე

1 წელზე ნაკლები

0.5%

2.0%

1-დან 2 წლამდე

1.0%

5.0%

ყოველ დამატებით წელზე

+1.0%

+3.0%

 

ცხრილი 8

  1. საპროცენტო და მასთან დაკავშირებული შემოსავლები
  1. საპროცენტო და მასთან დაკავშირებული ხარჯები
  1. აქციებიდან მიღებული შემოსავალი და სხვა ცვალებადი და ფიქსირებული განაკვეთის მქონე ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლები
  1. საკომისიო შემოსავლები
  1. საკომისიო ხარჯები
  1. წმინდა მოგება ან წმინდა ზარალი ფინანსური ოპერაციებიდან
  1. სხვა საოპერაციო შემოსავალი

 

 

დანართი №2

საკრედიტო ხარისხის შეფასების 6-ბიჯიანი შკალა

 

 

Fitch

Moody's

Standard&Poor's

საკრედიტო ხარისხის შეფასების ექვსბიჯიანი შკალა

1

AAA to AA-

Aaa to Aa3

AAA to AA-

2

A+ to A-

A1 to A3

A+ to A-

3

BBB+ to BBB-

Baa1 to Baa3

BBB+ to BBB-

4

BB+ to BB-

Ba1 to Ba3

BB+ to BB-

5

B+ to B-

B1 to B3

B+ to B-

6

CCC+ და უფრო დაბალი

Caa1 და უფრო დაბალი

CCC+ და უფრო დაბალი

საკრედიტო ხარისხის შეფასების ექვსბიჯიანი შკალა მოკლევადიანი საკრედიტო შეფასებებისათვის

1

F1+, F1

P-1

A-1+, A-1

2

F2

P-2

A-2

3

F3

P-3

A-3

4

უფრო დაბალი, ვიდრე F3

NP

B-1, B-2, B-3, C

5

 

 

 

6