დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/08 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016076 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/05/2025 - 19/08/2025)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებისა და „საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №05/04 ბრძანება. 3. სსიპ – შემოქმედებითმა საქართველომ უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციული ცვლილებებისა და ამ დებულების ამოქმედებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების განხორციელება. 4. ეს ბრძანება, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 5. ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისს. |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოქმედებითი საქართველო (შემდგომ – შემოქმედებითი საქართველო) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ფუნქციონირებს „საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების შესაბამისად. 2. შემოქმედებითი საქართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 3. შემოქმედებითი საქართველოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად შემოქმედებითი საქართველო საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 5. შემოქმედებით საქართველოს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, ბიუჯეტი და სათანადო ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, საბანკო ანგარიშები, ლოგო და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. შემოქმედებითი საქართველოს ინგლისურენოვანი სახელწოდებაა – „CREATIVE GEORGIA“. 7. შემოქმედებითი საქართველოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, დოლიძის ქ. №28. მუხლი 2. შემოქმედებითი საქართველოს მიზნები და ფუნქციები 1. შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობის მიზნებია: ა) საქართველოში მოქმედი შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა; ბ) კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების მხარდაჭერა; გ) შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და კულტურის სფეროს შესაძლებლობების პოპულარიზაცია და გაძლიერება; დ) შემოქმედებითი პროდუქტისა და მომსახურების ბაზრის გაძლიერება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. 2. შემოქმედებითი საქართველოს ფუნქციებია: ა) მინისტრის მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, პროგრამების/ქვეპროგრამების დამტკიცება და აღნიშნული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური ხელშეწყობა; ბ) შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა; გ) შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების სახელმწიფო პროგრამების შექმნასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა; დ) „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის შესახებ ცნობადობის ამაღლება და მასში მონაწილეობა; ე) „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ეროვნულ დონეზე განხორციელება და ამ მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება; ვ) შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორთაშორისი თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა; ზ) შემოქმედებითი პროდუქტისა და მომსახურების ბაზრის გაძლიერების ხელშეწყობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე; თ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოქმედებითი ინდუსტრიების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, კვლევების განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება, მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სექტორული კვლევების განხორციელების ხელშეწყობა და საჭიროებების შეფასება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პროგრამების/პროექტების შექმნა და მხარდაჭერა; ლ) ქართული კულტურის სექტორის წარმომადგენლებისთვის პარტნიორების მოძიებისა და უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა; მ) კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ქართული კულტურის სექტორის წარმომადგენლების ინფორმირება საერთაშორისო პროგრამების შესახებ; ო) კულტურული ღონისძიებების (გამოფენები, ფესტივალები, სიმპოზიუმები, კონცერტები და სხვა) ჩატარება/ჩატარების ხელშეწყობა; პ) საქართველოში არსებული შემოქმედებითი სექტორების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიწოდება; ჟ) პერიოდული სახელოვნებო გამოცემების მომზადება, გამოცემა და განკარგვა; რ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3. შემოქმედებითი საქართველოს მართვა 1. შემოქმედებით საქართველოს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომ – დირექტორი), რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობას, ანაწილებს მოვალეობებს შემოქმედებითი საქართველოს თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ბ) ზედამხედველობას უწევს შემოქმედებითი საქართველოს სტრუქტურულ ერთეულებს, მათ მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, საქმიანობის კანონიერებასა და მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობას; გ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოქმედებითი საქართველოს თანამშრომლებს და სტაჟიორებს; ე) შემოქმედებითი საქართველოს სახელით დებს გარიგებებს, კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს მემორანდუმებს, ხელშეკრულებებს, მათ შორის, შრომით ხელშეკრულებებს; ვ) ამტკიცებს შემოქმედებითი საქართველოს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს; ზ) ამტკიცებს შემოქმედებითი საქართველოს შრომის შინაგანაწესს; თ) დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას შემოქმედებითი საქართველოს თანამშრომლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ; ი) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს შემოქმედებითი საქართველოს ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; კ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს შემოქმედებითი საქართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის ზღვრულ ოდენობას; ლ) პასუხისმგებელია შემოქმედებითი საქართველოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლების მიზნობრივ გამოყენებაზე; მ) ხელს აწერს შემოქმედებითი საქართველოს ოფიციალურ დოკუმენტებს; ნ) შემოქმედებითი საქართველოს სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, გასცემს მინდობილობებს; ო) უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის მოადგილეებსა და შემოქმედებითი საქართველოს სტრუქტურული ერთეულების უფროსებზე მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ; პ) მინისტრის მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, ამტკიცებს შემოქმედებითი საქართველოს პროგრამებს/ქვეპროგრამებს და იღებს გადაწყვეტილებას ამ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური ხელშეწყობის შესახებ; ჟ) უფლებამოსილია შექმნას კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები; რ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უფლებამოსილია გასცეს თანამშრომლებზე სახელფასო დანამატი; ს) წარმოადგენს შემოქმედებით საქართველოს მესამე პირებთან ურთიერთობაში; ტ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 4. დირექტორის მოადგილე: ა) კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს შემოქმედებითი საქართველოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ავიზებს შემოქმედებით საქართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) ასრულებს ამ დებულებით, კანონმდებლობითა და დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. დირექტორის არყოფნის, მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის, გათავისუფლების ან გადადგომის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო დირექტორისა და მისი მოადგილეების ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა პირი. მუხლი 4. შემოქმედებითი საქართველოს სტრუქტურა 1. შემოქმედებითი საქართველოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების და ლოგისტიკის სამმართველო; ბ) საფინანსო, შესყიდვებისა და პროექტების მონიტორინგის სამმართველო; გ) იურიდიული სამმართველო; დ) პროექტებისა და პროგრამების სამმართველო; ე) „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამების სამმართველო; ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო. 2. შემოქმედებითი საქართველოს სტრუქტურული ერთეულები, მათი სტრუქტურა და ფუნქციები, მათში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები (მათი არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი. მუხლი 5. შემოქმედებითი საქართველოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა და თანამშრომლები 1. შემოქმედებითი საქართველოს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა შორის და აძლევს მათ დავალებებს/მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს და ავიზებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ანგარიშვალდებულია და პასუხს აგებს სტრუქტურული ერთეულის გამართულ მუშაობაზე; ვ) ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ; ზ) ინფორმაციას აწვდის დირექტორს სამმართველოს თანამშრომლის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და შემოქმედებითი საქართველოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ; თ) დირექტორს მიმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით თანამშრომლის წახალისების თაობაზე; ი) შუამდგომლობს დირექტორისა და შესაბამისი დირექტორის მოადგილის წინაშე სამმართველოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყოფის თაობაზე; კ) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს დირექტორისა და შესაბამისი დირექტორის მოადგილის დავალებებს; ლ) ასრულებს სამმართველოს დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. 3. შემოქმედებითი საქართველოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი. 4. შემოქმედებითი საქართველოს თანამშრომლებს საშტატო და არასაშტატო პოზიციებზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი. მათი ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით ან/და სამუშაო აღწერილობით. მუხლი 6. ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების და ლოგისტიკის სამმართველო ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების და ლოგისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) შემოქმედებით საქართველოში კორესპონდენციის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების, ასეთის არსებობის შემთხვევაში) უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით, საარქივო საქმიანობის წარმართვა; ბ) შემოქმედებითი საქართველოს ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა; გ) ადამიანური რესურსების მართვის პროცესის უზრუნველყოფა, მათ შორის, ადამიანური რესურსების მოზიდვა, მათი შერჩევის/სამსახურში მიღების და სტაჟირების პროცესის ორგანიზება და მართვა; დ) შემოქმედებითი საქართველოს საშტატო თანამდებობათა სამუშაო აღწერილობების შემუშავება და დირექტორისთვის წარდგენა; ე) თანამშრომელთა კარიერული განვითარების (დაწინაურების), კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასების, წახალისების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურების და სისტემების შემუშავება, დანერგვა და გაუმჯობესება; ვ) შემოქმედებითი საქართველოს აქტივების/ვალდებულებების, ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის, ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საფინანსო, შესყიდვებისა და პროექტების მონიტორინგის სამმართველოსთან ერთად; ზ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების სწორად ხარჯვისა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების კონტროლი; თ) შემოქმედებითი საქართველოს საინფორმაციო ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ი) შემოქმედებით საქართველოში ლოგისტიკური საქმიანობის განხორციელება, მათ შორის – შემოქმედებითი საქართველოს სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფა; კ) შემოქმედებით საქართველოში შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა; ლ) სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა; მ) შემოქმედებითი საქართველოს სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში; ნ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ო) სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიური ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; პ) სამმართველოს დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 7. საფინანსო, შესყიდვებისა და პროექტების მონიტორინგის სამმართველო საფინანსო, შესყიდვებისა და პროექტების მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) შემოქმედებითი საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; ბ) შემოქმედებითი საქართველოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვა, ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვა და ანალიზი; გ) ფინანსური ანგარიშგების წარდგენა; დ) შემოქმედებითი საქართველოს საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა; ე) შემოქმედებითი საქართველოს შესყიდვების დაგეგმვა, წლიური გეგმის შედგენა, ანგარიშგება; ვ) შემოქმედებითი საქართველოს შესყიდვების განხორციელება, მათ შორის, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელშეკრულებების რეგისტრაცია და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ზ) კომპეტენციის შესაბამისად, პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური ხელშეწყობის მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, პროექტების მონიტორინგი; თ) შემოქმედებითი საქართველოს აქტივების/ვალდებულებების, ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) შემოქმედებითი საქართველოს მიზნობრივი პროგრამების შემუშავების პროცესში მონაწილეობა და ამ პროგრამების ფინანსური ანალიზის განხორციელება; კ) სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიური ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ლ) სამმართველოს დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 8. იურიდიული სამმართველო იურიდიული სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; სხვა უწყებების მიერ შემუშავებული და შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, შესაბამისი დასკვნების მომზადება; გ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; დ) შემოქმედებითი საქართველოს სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების შემუშავება ან/და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში შემოქმედებითი საქართველოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ვ) შემოქმედებითი საქართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და მათზე რეაგირება; ზ) კომპეტენციის შესაბამისად, პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური ხელშეწყობის მიზნით, საჭირო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; თ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა და მისი პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა; ი) სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიური ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; კ) სამმართველოს დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 9. პროექტებისა და პროგრამების სამმართველო პროექტებისა და პროგრამების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით სხვადასხვა პროგრამების/პროექტების მართვა, კოორდინაცია და განხორციელება; ბ) შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ამ მიზნით შესაბამისი პროექტების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) კულტურის სფეროსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროექტების შემუშავება, მათი განხორციელებისათვის კონკურსებისა და სხვა პროცესების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ამ პროექტების განხორციელების მონიტორინგი; დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიზნით შესაბამისი პროგრამების მომზადება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა; ე) საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინაცია, განხორციელება, მონიტორინგი და საერთაშორისო ღონისძიებებში შემოქმედებითი საქართველოს მონაწილეობის უზრუნველყოფა; ვ) ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსურ ხელშეწყობასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება; ზ) კომპეტენციის შესაბამისად, პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური ხელშეწყობის მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, კონკურსების ორგანიზება, შესაბამისი დოკუმენტების განხილვა და საკონკურსო/არასაკონკურსო პროექტების მართვა; თ) კულტურული ღონისძიებების (გამოფენები, ფესტივალები, სიმპოზიუმები, კონცერტები და სხვა) ჩატარება/ჩატარების ხელშეწყობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში კვლევების განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება, მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სექტორული კვლევების განხორციელების ხელშეწყობა და საჭიროებების შეფასება; კ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში შემოქმედებითი საქართველოს ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; მ) სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიური ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ნ) სამმართველოს დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 10. „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამების სამმართველო „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მონაწილეობისა და ეროვნულ დონეზე მისი განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა; ბ) „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში პროექტების წარდგენის პროცესში პოტენციური აპლიკანტებისთვის პროექტების განვითარებისთვის საჭირო მიმართულებებისა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; გ) „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ბენეფიციარებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით შესაბამისი პლატფორმის უზრუნველყოფა; დ) „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ეროვნულ დონეზე განხორციელების მიზნით სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიის, მათ შორის, ფორუმების, კონფერენციების, პრეზენტაციების, სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა, მათ შორის, ბეჭდვითი და ციფრული მედიის საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება; ე) „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში პროფესიონალების, ორგანიზაციებისა და ქსელების საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა; ვ) „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ევროკომისიის დახმარება, ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება; ზ) „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების, მიმართულებების და ევროპული ქსელის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; თ) ქართული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების შესახებ „შემოქმედებითი ევროპის“ წევრ ქვეყნებში ინფორმაციის გავრცელება; ი) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; კ) სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიური ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ლ) სამმართველოს დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 11. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) შემოქმედებითი საქართველოს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ბ) შემოქმედებითი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება, განახლება, განხორციელება და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა; გ) კომპეტენციის ფარგლებში შემოქმედებითი საქართველოს ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; დ) შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობას მიკუთვნებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიების დაგეგმვა და წარმოება; ე) შემოქმედებითი საქართველოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელის გვერდ(ებ)ის ადმინისტრირება, მუდმივი განახლება და დახვეწა; ვ) შემოქმედებითი საქართველოს მიერ ორგანიზებული ან/და განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების ფოტო/ვიდეოგადაღების უზრუნველყოფა და აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით გავრცელება; ზ) სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიური ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; თ) სამსახურის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 12. პროგრამებისა და პროექტების საკონსულტაციო საბჭო 1. შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობის სათანადოდ და ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით იქმნება პროგრამებისა და პროექტების საკონსულტაციო საბჭო, რომელიც იკრიბება პერიოდულობით (არანაკლებ წელიწადში ოთხჯერ), დირექტორის გადაწყვეტილებით. საბჭოს წევრთა საქმიანობა ანაზღაურებადია. 2. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას, დებულებასა და საქმიანობის წესს ამტკიცებს დირექტორი. 3. საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეირჩევიან არაუმეტეს 10 თვის ვადით. 4. საკონსულტაციო საბჭო უფლებამოსილია შეიმუშაოს და წარუდგინოს დირექტორს რეკომენდაციები პროგრამებისა და პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით. 5. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეა დირექტორი. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო დირექტორის და მისი მოადგილეების ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა პირი. 6. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით. მუხლი 13. შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს შემოქმედებითი საქართველოს მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 4. შემოქმედებით საქართველოს, მხოლოდ სამინისტროს თანხმობით, შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შემოქმედებითი საქართველოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები შემოქმედებითი საქართველოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 14. შემოქმედებითი საქართველოს ფინანსები და ქონება, აღრიცხვა და ანგარიშგება 1. შემოქმედებითი საქართველოს დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება მხოლოდ შემოქმედებითი საქართველოს მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, მისი უფლებამოსილებისა და ფუნქციების აღსრულებას. 3. დასახული მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად შემოქმედებით საქართველოს აქვს ქონება. შემოქმედებითი საქართველოს ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომლებიც შემოქმედებით საქართველოს გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. შემოქმედებითი საქართველო პასუხისმგებელია საკუთარ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 5. შემოქმედებითი საქართველო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს. 6. შემოქმედებითი საქართველოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი და ამტკიცებს სამინისტრო. მუხლი 15. შემოქმედებითი საქართველოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია შემოქმედებითი საქართველოს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. მუხლი 16. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები