საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 298
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 81, 11/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 09/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.010.427
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
298
07/06/2007
სსმ, 81, 11/06/2007
120.340.000.22.026.010.427
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/06/2007 - 17/12/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.010.427

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №298

2007 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

დ. კეზერაშვილი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 2

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 3

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.

    მუხლი 4

დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 5

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) მშვიდობიანობის, საომარი და/ან საგანგებო მოქმედებების დროს შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და სურსათ-სანოვაგით უზრუნველყოფა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის (შემდგომში – J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტი) დაგეგმვის საფუძველზე;

ბ) თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებული მიწის რესურსების, საბინაო ფონდებისა და უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა და მისი არსებული მდგომარეობის კონტროლი;

გ) თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირებისათვის, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მოთხოვნების გათვალისწინებით, შეიარაღებული ძალებისათვის საჭირო მარაგების განსაზღვრა და შემდგომში წარდგენა J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტში;

დ) შეიარაღებულ ძალებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ეტაპობრივი შეკეთების განხორციელება;

ე) შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობით;

ვ) შეიარაღებული ძალებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა და შესაბამისი აღჭურვა ავეჯით, საყაზარმო ინვენტარით, სანივთე საქონლით, სათბობით, საკვებით, საწვავით, კომუნალური და საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფა;

ზ) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოქმედებების, წვრთნისა და სასწავლო პროცესების ლოგისტიკური უზრუნველყოფა;

თ) შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი პრაქტიკული რეალიზება;

ი) მატერიალურ ფასეულობათა საჯარისო მარაგების შექმნა და განახლება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ჯარის სახეობებისათვის საჭირო მატერიალური ტექნიკის აღრიცხვა და რაციონალური გამოყენება.

    მუხლი 6

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტისა და დაქვემდებარებული სამხედრო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის, საბრძოლო და ოპერატიული მომზადების გეგმების შედგენა;

ბ) შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ჯარის სახეობების დროული და სრული უზრუნველყოფა შეიარაღებითა და ტექნიკით, საბრძოლო და საწვავ-საპოხი მასალებით, კავშირგაბმულობითა და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით, სათადარიგო ნაწილებით, ასევე სურსათ-სანოვაგით, საინჟინრო, სამედიცინო და სანივთე ქონებით;

გ) თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით პირადი შემადგენლობის, ტექნიკისა და სამხედრო ტვირთების გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზება და კონტროლი;

დ) მატერიალურ-ტექნიკური ქონების ტექნიკური დათვალიერება/შემოწმება, გაუმართავი (დაზიანებული) შეიარაღებისა და ტექნიკის სწრაფი და ხარისხიანი ტრანსპორტირება, აღდგენა, მწყობრში მოყვანა და საბრძოლო გამოყენებისათვის შენარჩუნება;

ე) უზრუნველყოფის დანაყოფების მიხედვით მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვის, შენახვის, დაცვის, მათი სწორად და მიზნობრივად ხარჯვის ორგანიზება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება, კომუნალური დანახარჯების აღრიცხვა;

ზ) შიდა საკომუნიკაციო ქსელების გამართული მუშაობისა და შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის აბანო-სამრეცხაო მომსახურებით უზრუნველყოფა;

თ) თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებული ობიექტების ელექტრო, თბომეურნეობის, წყალგაყვანილობის, საკანალიზაციო, ბუნებრივი აირისა და სხვა საინჟინრო ქსელების გამართულ ექსპლუატაციაზე კონტროლი;

ი) თავდაცვის სამინიტროს სარგებლობაში არსებულ შესაბამის ობიექტებზე მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო, საავარიო სამუშაოების ინსპექტირება და ტექნიკური ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში;

კ) შესყიდული სანივთე ქონების, საწვავ-საპოხი მასალების, სურსათ-სანოვაგის, შეიარაღებისა და ტექნიკის ხარისხის სისტემატური კონტროლი, აგრეთვე შესყიდული შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის ხარისხობრივი შესაბამისობის განსაზღვრა დადგენილ ნორმებთან.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

    მუხლი 7

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

    მუხლი 8

დეპარტამენტის უფროსს, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 9

დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 10

დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.

    მუხლი 11

დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

    მუხლი 12.

დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;

გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;

ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე;

თ) კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჭიროების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან;

ი) პასუხს აგებს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაზე.

    მუხლი 13

სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები და ფუნქციები

    მუხლი 14

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (შემდგომში – ქვედანაყოფი):

ა) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის აპარატი;

ბ) ტექნიკისა და შეიარაღების სამმართველო;

გ) მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო;

დ) ინფრასტრუქტურის სამმართველო;

ე) ხარისხის კონტროლის სამმართველო;

ვ) სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველო;

ზ) საფინანსო განყოფილება;

თ) საქმისწარმოების განყოფილება.

    მუხლი 15

ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის აპარატი, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დავალებებისა და მითითებების დროულ და სრულყოფილ შესრულებაზე კონტროლს, ახორციელებს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებებს შორის სამხედრო-ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინირებას, უზრუნველყოფს დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საჭირო რესურსებით დაკომპლექტების დაგეგმვას, არაკომპლექტაციის დადგენასა და სამობილიზაციო გათვლების გაანგარიშებას. ასევე, მშვიდობიანი, საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის დროს ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანისა და მობილიზაციის უზრუნველსაყოფად, სამობილიზაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, ახორციელებს დაქვემდებარებული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის საშტატო რაოდენობის უწყისების შედგენას და საჯარისო სამსახურის დაგეგმარებას. აკონტროლებს და შეისწავლის ქვედანაყოფებში საწესდებო მოთხოვნათა შესრულების ხარისხს, შემდგომი ანალიზისა და სტატისტიკური აღრიცხვის მიზნით.

    მუხლი 16

ტექნიკისა და შეიარაღების სამმართველოს ქვედანაყოფებია:

ა) სატრანსპორტო და ჯავშანსატანკო ტექნიკის განყოფილება;

ბ) მცურავი საშუალებების და საფრენი აპარატების აღრიცხვის განყოფილება;

გ) შეიარაღების და საბრძოლო მასალების აღრიცხვის განყოფილება;

დ) კავშირგაბმულობისა და რადიოლოკაციური სისტემების აღრიცხვის განყოფილება;

ე) სამხედრო-ტექნიკური და საინჟინრო ქიმიური შეიარაღების აღრიცხვის განყოფილება;

ვ) სამხედრო გადაზიდვების განყოფილება.

    მუხლი 17. ტექნიკისა და შეიარაღების სამმართველო

1. ტექნიკისა და შეიარაღების სამმართველო J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დაგეგმვის საფუძველზე, ახორციელებს შეიარაღებული ძალების შეიარაღებით, ტექნიკით, კავშირგაბმულობის საშუალებებით, საბრძოლო მასალებით, ფეთქი ნივთიერებებით, მარაგ ნაწილებით დაკომპლექტებასა და შევსებას. ასევე, უზრუნველყოფს შეიარაღებულ ძალებს საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით, საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობის შედეგად.

2. სატრანსპორტო და ჯავშანსატანკო ტექნიკის განყოფილება ახორციელებს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებებით, ჯავშანტექნიკითა და მარაგ ნაწილებით დაკომპლექტების უზრუნველყოფას, ლოგისტიკის დეპარტამენტის დაგეგმვის საფუძველზე. უზრუნველყოფს ტექნიკისა და სხვა სახის მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვა-განთავსებას, შენახვასა და მიწოდებას, შეიარაღებული ძალების საავტომობილო და ჯავშანსატანკო ტექნიკის, ტექნიკური მომსახურების და მათი ეტაპობრივი შეკეთების ჩატარების ორგანიზებას. მონაწილეობას ღებულობს მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი მატერიალური ქონების საუტილიზაციო დოკუმენტაციის მომზადებაში.

3. მცურავი საშუალებების და საფრენი აპარატების აღრიცხვის განყოფილება ახორციელებს შეიარაღებული ძალების მცურავი საშუალებებით, საფრენი აპარატებითა და მარაგ ნაწილებით დაკომპლექტების უზრუნველყოფას, J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დაგეგმვის საფუძველზე. ახორციელებს მატერიალური ფასეულობების მიღებასა და შენახვას, ორგანიზებას უწევს სარემონტო სამუშაოების წარმოებას და მონაწილეობას ღებულობს მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი მატერიალური ქონების საუტილიზაციო დოკუმენტაციის მომზადებაში.

4. შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვის განყოფილება ახორციელებს შეიარაღებული ძალების სარაკეტო-საარტილერიო სისტემებით, საბრძოლო მასალებით, სპეციალური შეიარაღებითა და დანადგარებით დაკომპლექტებას, მარაგების შექმნას და გადანაწილებას J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დაგეგმვის საფუძველზე. უზრუნველყოფს შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ტექნიკური მიღების, რემონტის, განთავსების და შენახვის ორგანიზებასა და კონტროლს. მონაწილეობას ღებულობს მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების საუტილიზაციო დოკუმენტაციის მომზადებაში.

5. კავშირგაბმულობისა და რადიოლოკაციური სისტემების აღრიცხვის განყოფილება ახორციელებს კავშირგაბმულობის საშუალებების, სანავიგაციო სისტემების, ორგტექნიკისა და მარაგ ნაწილების დაკომპლექტების უზრუნველყოფას J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დაგეგმვის საფუძველზე. აგრეთვე, ახორციელებს სწორ, უწყვეტ, საერთო აღრიცხვის წარმოებასა და კონტროლს მათ შენახვაზე, ორგანიზებას უწევს სარემონტო სამუშაოების წარმოებას, მონაწილეობას ღებულობს მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი მატერიალური ქონების საუტილიზაციო დოკუმენტაციის მომზადებაში.

6. სამხედრო ტექნიკური და საინჟინრო ქიმიური შეიარაღების აღრიცხვის განყოფილება უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებას სამხედრო ტექნიკური ქონებით, საინჟინრო-ქიმიური შეიარაღებით, საბრძოლო მასალებით (მათ შორის, რადიაციული გამოსხივების წყაროებით, ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებებით) და მარაგ ნაწილებით J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დაგეგმვის საფუძველზე. აგრეთვე, აწარმოებს მათ მიღებას, აღრიცხვას, შენახვის ორგანიზებასა და სარემონტო სამუშაოების წარმოებას. მონაწილეობას ღებულობს მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი მატერიალური ქონების საუტილიზაციო დოკუმენტაციის მომზადებაში. ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობს სამხედრო სფეროში გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ღონისძიებების ორგანიზებაში.

7. სამხედრო გადაზიდვების განყოფილება ახორციელებს საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებულ სიტუაციებში დასახული ღონისძიებებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოებისა და გადაზიდვების დაგეგმვის ორგანიზებას სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტის გამოყენებით, საჭიროების შემთხვევაში – სამოქალაქო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობით.

    მუხლი 18

მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს ქვედანაყოფებია:

ა) სანივთე ქონების აღრიცხვის განყოფილება;

ბ) საწვავ-საპოხი მასალების აღრიცხვის განყოფილება;

გ) სურსათ-სანოვაგის აღრიცხვის განყოფილება.

    მუხლი 19. მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო

1. მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დაგეგმვის საფუძველზე ახორციელებს შეიარაღებული ძალების სანივთე ქონებით, საწვავ-საპოხი მასალების, სურსათ-სანოვაგით დაკომპლექტებას, შევსებას და ხარისხობრივ კონტროლს.

2. სანივთე ქონების აღრიცხვის განყოფილება ახორციელებს დაქვემდებარებული სამხედრო ქვედანაყოფების უზრუნველყოფას სალოგინე მოწყობილობით და სანივთე საქონლით. აგრეთვე, უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტროს ფლობა-სარგებლობაში არსებული რესურსების აღრიცხვას, მათი მდგომარეობის კონტროლს, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ჯარის სახეობებისათვის საჭირო მატერიალური ფონდების აღრიცხვასა და რაციონალურ გამოყენებას.

3. საწვავ-საპოხი მასალების აღრიცხვის განყოფილება ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა და დაქვემდებარებული სამხედრო ქვედანაყოფების უზრუნველყოფას საწვავ-საპოხი მასალებით J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დაგეგმვის საფუძველზე, აწარმოებს მათ აღრიცხვას დადგენლი წესის შესაბამისად.

4. სურსათ-სანოვაგის აღრიცხვის განყოფილება ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფას სურსათ-სანოვაგითა და სამზრეულო ინვენტარით J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დაგეგმვის საფუძველზე, აწარმოებს მათ აღრიცხვას, განაწილებას. ასევე, კონტროლს უწევს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის საკვები პროდუქტებით მომარაგებას.

    მუხლი 20

ინფრასტრუქტურის სამმართველოს ქვედანაყოფებია:

ა) უძრავი ქონების აღრიცხვის განყოფილება;

ბ) კომუნალური მომსახურებისა და სათბობ-ენერგეტიკული ინსპექტირების განყოფილება.

    მუხლი 21. ინფრასტრუქტურის სამმართველო

1. ინფრასტრუქტურის სამმართველო ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს ფლობა-სარგებლობაში არსებული მიწის რესურსებისა და უძრავ-მოძრავი ქონების, საბინაო ფონდების აღრიცხვასა და მათ რაციონალურ გამოყენებაზე ზედამხედველობას, თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებულ ობიექტებზე მშენებლობის, კაპიტალური რემონტის და საავარიო სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის კონტროლს. დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ტერიტორიულ განთავსებას J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დაგეგმვის საფუძველზე. ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების უზრუნველყოფას ავეჯით, საყაზარმო-საოფისე ინვენტარით, საკანცელარიო საქონლით, სათბობ-ენერგეტიკული რესურსებითა და აბანო-სამრეცხაო მომსახურებით. ასევე უზრუნველყოფს კომუნალური დანახარჯების აღრიცხვას, შიდა საკომუნიკაციო ქსელების გამართულ მუშაობას.

2. უძრავი ქონების აღრიცხვის განყოფილება ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს ფლობა-სარგებლობაში არსებული მიწის რესურსებისა და უძრავ-მოძრავი ქონების, საბინაო ფონდების აღრიცხვასა და მათ რაციონალურ გამოყენებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში. უზრუნველყოფს, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ავეჯით, საყაზარმო ინვენტარით, სანივთე, საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით, ასევე ახორციელებს საჭირო შესაბამისი ინფრასტუქტურის შექმნას J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დაგეგმვის საფუძველზე.

3. კომუნალური მომსახურებისა და სათბობ-ენერგეტიკული ინსპექტირების განყოფილება ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს ფლობა-სარგებლობაში არსებული ობიექტების ელექტრო, თბომეურნეობის, წყალგაყვანილობის, საკანალიზაციო, ბუნებრივი აირისა და სხვა საინჟინრო ქსელების ექსპლუატაციას. ასევე, უზრუნველყოფს არსებული ყაზარმების საქვაბეების, თბოქსელების, წყალსადენების, სატრანსფორმატორო ქვესადგურების სეზონური მომზადების ორგანიზებას. კონტროლს უწევს პირადი შემადგენლობის აბანო-სამრეცხაო მომსახურების ორგანიზებასა და საინჟინრო განყოფილებების მუშაობას. ასევე, აკონტროლებს კომუნალური დანახარჯების (წყალი, ელ.ენერგია, ბუნებრივი აირი) ეკონომიურ ხარჯვას J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დაგეგმვის საფუძველზე.

    მუხლი 22

ხარისხის კონტროლის სამმართველოს ქვედანაყოფებია:

ა) სანივთე ქონების, საწვავ-საპოხი მასალებისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილება;

ბ) მშენებლობის, სათბობ-ენერგეტიკული რესურსებისა და რემონტის ტექნიკური ზედამხედველობის ხარისხის კონტროლის განყოფილება;

გ) შეიარაღებისა და ტექნიკის ხარისხის კონტროლის განყოფილება.

    მუხლი 23. ხარისხის კონტროლის სამმართველო

1. ხარისხის კონტროლის სამმართველო ახორციელებს შეიარაღებული ძალების სანივთე ქონების, საწვავ-საპოხი მასალების, სურსათ-სანოვაგის, შეიარაღებისა და ტექნიკის ხარისხის სისტემატურ კონტროლს. ასევე, განსაზღვრავს შესყიდული შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის ხარისხობრივ შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან. ახორციელებს, თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე მშენებლობის, კაპიტალური რემონტის და საავარიო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას, შიდა საკომუნიკაციო ქსელების გამართულ მუშაობაზე კონტროლს.

2. სანივთე ქონების, საწვავ-საპოხი მასალების და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილება განსაზღვრავს შეძენილი ქონების დადგენილ ნორმებთან შესაბამისობას, ახორციელებს საწვავ-საპოხი მასლების, სანივთე ქონების, სურსათ-სანოვაგის ხარისხის სისტემატურ კონტროლს. უზრუნველყოფს განყოფილებაში არსებულ ლაბორატორიაში კვების პროდუქტების სინჯების აღებას, მისი ვარგისიანობისა და ხარისხის განსაზღვრას ლაბორატორიული მეთოდებით. ასევე, ახორციელებს ვეტერინარული თანმხლები დოკუმენტების გაფორმების სისწორის შემოწმებას, დაქვემდებარებული სამხედრო ქვედანაყოფების კვების ბლოკებში ნედლეულის შენახვის, გადამუშავებისა და გამოყენების წესების დაცვასა და კვების პროდუქტების ტრანსპორტირების წესების დაცვაზე ზედამხედველობას.

3. მშენებლობისა და სათბობ-ენერგეტიკული რესურსის კონტროლის განყოფილება ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებული ობიექტების ელექტრო, თბომეურნეობის, წყალგაყვანილობის, საკანალიზაციო, ბუნებრივი აირისა და სხვა საინჟინრო ქსელების გამართულ ექსპლუატაციაზე კონტროლს. აგრეთვე, უზრუნველყოფს შესაბამის ობიექტებზე მშენებლობისა და კაპიტალური შეკეთების სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას.

4. შეიარაღებისა და ტექნიკის ხარისხის კონტროლის განყოფილება ახორციელებს შეიარაღებისა და ტექნიკის სისტემატურ კონტროლს. აგრეთვე, განსაზღვრავს შეძენილი შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის ხარისხის შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან.

    მუხლი 24.

სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველოს ქვედანაყოფებია:

ა) სამკურნალო პრფილაქტიკური განყოფილება;

ბ) სამედიცინო მომარაგებისა და აღრიცხვის განყოფილება;

გ) პრევენციული მედიცინისა და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განყოფილება.

    მუხლი 25. სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველო

1. სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს შეიარაღებული ძალებისთვის სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ტექნიკის, შესახვევი მასალების და სხვა სამედიცინო ქონების მიღებას, აღრიცხვას, შენახვას, სამხედრო ქვედანაყოფებებისა და შენაერთებისათვის გადაცემას. ასევე, შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისათვის დაქვემდებარებულ სამხედრო ქვედანაყოფებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამოქალაქო ორგანიზაციებთან ურთიერთობით.

2. სამკურნალო-პროფილაქტიკური განყოფილება ახორციელებს შეიარაღებული ძალების სამედიცინო ქვედანაყოფებში სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზებას, დაავადებული კონტინგენტის გამოვლენას, შეიარაღებული ძალების სამედიცინო ქვედანაყოფებში და დაქვემდებარებული სამხედრო ქვედანაყოფების სამედიცინო პუნქტებში მიმდინარე სამკურნალო-პროფილაქტიკურ, ფარმაცევტულ, სანიტარიულ-ჰიგიენურ და ეპიდსაწინაღმდეგო ღინისძიებებზე კონტროლსა და ზედამხედველობას.

3. სამედიცინო მომარაგებისა და აღრიცხვის განყოფილება ახორციელებს შეიარაღებული ძალებისათვის სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო აპარატურისა და ტექნიკის, სხვა სამედიცინო ქონების მიღებას, აღრიცხვას, შენახვას, დაქვემდებარებული სამხედრო ქვედანაყოფებისათვის გაცემას, ხელშეუხებელი მარაგების შექმნას J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დაგეგმვის საფუძველზე. აგრეთვე, უზრუნველყოფს მარაგების შეუფერხებელ, დროულ, სრულ შევსებასა და ზედამხედველობის გაწევას მის რაციონალურ ხარჯვაზე. ახორციელებს, ვადაგასული და შემდგომი ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი სამედიცინო ქონების შემდგომი ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაზე კონტროლს.

4. პრევენციული მედიცინისა და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განყოფილება ახორციელებს შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებულ სამხედრო ქვედანაყოფებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლას, სანიტარიული ზედამხედველობისა და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას, გადამდები და არაგადამდები დაავადებების მონიტორინგს, ეპიდემიოლოგიურ დაზვერვას, ინფექციური დაავადებების კერებში მუშაობას, პირადი შემადგენლობის იმუნიზაციას, სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მავნე ფაქტორების ზემოქმედების შესწავლასა და მათ პრევენციას. ასევე, სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

    მუხლი 26. საფინანსო განყოფილება

1. საფინანსო განყოფილება აკონტროლებს შესყიდვების დეპარტამენტის მიერ შეძენილი მატერიალური ფასეულობების სააღიცხვო პროცედურის დროულ და სრულ განხორციელებას. ყოველკვარტალურად აწარმოებს შეძენილი მატერიალური ფასეულობების საფინანსო აღრიცხვას.

2. ხელმძღვანელობასთან ერთად შეიმუშავებს დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების ფინანსური უზრუნველყოფის გეგმას.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტთან შუამდგომლობს მის საფინანსო კმაყოფაზე არსებული ქვედანაყოფებისათვის საჭირო ფულადი სახსრების გამოყოფაზე. აგრეთვე, ახორციელებს დეპარტამენტისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფებისათვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის მომზადებას.

    მუხლი 27

საქმისწარმოების განყოფილება აწარმოებს დეპარტამენტში, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან შემოსულ საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღებას, მათ აღრიცხვას და სააღრიცხვო ჟურნალებში შენახვას ნომენკლატურის მიხედვით.

    მუხლი 28

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს ახორციელებენ შემდეგი დაქვემდებარებული ბაზების მეშვეობით:

ა) შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა, რომლის ძირითადი ფუნქციაა შეიარაღების, ტექნიკის, საბრძოლო მასალების, საინჟინრო საბრძოლო მასალების, სამხედრო-ტექნიკური ქონების, კავშირგაბმულობის, მარაგ ნაწილების მიღება, შენახვა, აღრიცხვა, პერიოდული განახლება და დაქვემდებარებული სამხედრო ქვედაყოფებისათვის გაცემა. ასევე, სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღებისა და ტექნიკის, ოპტიკური ხელსაწყოების, რადიოლოკაციური სადგურების, კავშირგაბმულობის საშუალებების, საინჟინრო ტექნიკისა და სატვირთო ავტომობილების ეტაპობრივი შეკეთება;

ბ) საავტომობილო ბაზა, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს იმ ავტომანქანების ექპლუატაციის მოწესრიგება, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს. ასევე, საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციების სატრანსპორტო მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში, შეიარაღებულ ძალებში არსებული მსუბუქი და მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილების გეგმური ტექნიკური დათვალიერება და შეკეთება;

გ) ლოგისტიკის ბატალიონის ბაზა, რომლის ძირითადი ფუნქციაა საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ტრანსპორტირება და მიწოდება უზრუნველყოფის დანაყოფებისათვის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მარაგების მიღება და მისი საველე პირობებში შენახვა, დაზიანებული შეიარაღებისა და ტექნიკის გადაზიდვა-გადატანა;

დ) შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკური ქონების ბაზა, რომლის ძირითადი ფუნქციაა შეიარაღების, საბრძოლო მასალების, საინჟინრო საბრძოლო მასალების, სამხედრო-ტექნიკური ქონების, ოპერატიული და სტრატეგიული მარაგების მიღება, შენახვა, აღრიცხვა, პერიოდული განახლება და დაქვემდებარებული სამხედრო გაცემა;

ე) ვადაგასული, გამოუსადეგარი და ჩამოწერილი ქონების შესაკრები დროებითი ბაზა, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ვადაგასული, გამოუსადეგარი და ჩამოწერილი ქონების მიღება, შენახვა და შემდგომი რეალიზებისათვის გაცემა;

ვ) საავიაციო საბრძოლო მასალების ბაზა, რომლის ძირითადი ფუნქციაა საავიაციო საბრძოლო მასალების ოპერატიული და სტრატეგიული მარაგების მიღება, შენახვა, აღრიცხვა, პერიოდული განახლება და დაქვემდებარებული სამხედრო ქვედანაყოფებისათვის გაცემა;

ზ) სტაციონარული ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის რეგიონალური ბაზები, რომელთა ძირითად ფუნქციას წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციებისა და ტერიტორიების აღრიცხვა, მათ ტექნიკურ მდგომარეობასა და ექსპლუატაციაზე კონტროლი. დაქვემდებარებული სამხედრო ქვედანაყოფების მიერ მოხმარებული სათბობ-ენერგეტიკული რესურსების, ასევე პირადი შემადგენლობის აბანო-სამრეცხაო და კომუნალური მომსახურების აღრიცხვა. ამასთან, ბაზა უზრუნველყოფს ქვედანაყოფებს საყაზარმო და საოფისე ინვენტარითა და ავეჯით, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საქონლით, ხოლო ცალკეულ ქვედანაყოფებს საკვები პროდუქტებითა და სანივთე ქონებით;

თ) სურსათ-სანოვაგის ბაზები, რომელთა ძირითად ფუნქციას წარმოადგენს დაქვემდებარებული სამხედრო ქვედანაყოფებისათვის საჭირო სურსათ-სანოვაგის მარაგების მიღება, შენახვა, აღრიცხვა, მარაგების პერიოდული განახლება და მათი დაქვემდებარებული სამხედრო ქვედანაყოფებისათვის გაცემა;

ი) სანივთე ბაზები, რომელთა ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისათვის საჭირო სანივთე ქონების მიღება, შენახვა და გადანაწილება, შეიარაღებული ძალების სრული საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის, საბრძოლო მომზადების და სამეურნეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად;

კ) საწვავ-საპოხი მასალების ბაზები, რომელთა ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მომარაგება საწვავ-საპოხი მასალებით, შეიარაღებული ძალების სრული საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის, საბრძოლო მომზადების და სამეურნეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად;

ლ) სამედიცინო ქონების საცავის ბაზა, რომლის ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის საჭირო სამედიცინო საშუალებების მარაგების მიღება, შენახვა, აღრიცხვა, პერიოდული განახლება და მათი დაქვემდებარებული სამხედრო ქვედანაყოფებისათვის გაცემა.

    მუხლი 29

წინამდებარე დებულების 28-ე მუხლით გათვალისწინებული ბაზების, ასევე დაქვემდებარებული სამხედრო ქვედანაყოფების დამატებითი კომპეტენცია, საქმიანობის წესი და პროცედურა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განისაზღვროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის და მისი მადგილეების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

თავი V

დასკვნითი დებულება

    მუხლი 30

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.