საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016266
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
44
06/06/2014
ვებგვერდი, 09/06/2014
120340000.22.026.016266
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/06/2014 - 18/09/2015)

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №44

2014 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულება”.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის  7 ივნისის  №298 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია



 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის

ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
 1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა (შემდგომში - სარდლობა) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომში - გენერალური შტაბი) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. სარდლობა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, გენერალური შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.                                   

3. სარდლობა ანგარიშვალდებულია მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.

 4. სარდლობას აქვს ბეჭედი და შტამპი საიდენტიფიკაციო კოდით, ასევე ბლანკი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა”.

მუხლი 2. სარდლობის ამოცანები და ფუნქციები

სარდლობის ამოცანები და ფუნქციებია            :

ა) მშვიდობიანობის, საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და სურსათ-სანოვაგით უზრუნველყოფა, გენერალური შტაბის J-4/8 ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტის (შემდგომში - J-4/8  დეპარტამენტი) დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე;      

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო)  სარგებლობაში არსებული მიწის რესურსების, საბინაო-არასაბინაო ფონდებისა  და სხვა უძრავ-მოძრავი (მათ შორის იარაღის) ქონების აღრიცხვა,  მათ მართვა-განკარგვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება;    

გ) სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირებისათვის, სარდლობას დაქვემდებარებული ქვედანაყოფების  მოთხოვნების წარდგენა J-4/8 დეპარტამენტში;

დ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ეტაპობრივი შეკეთების უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მეწარმეებთან ურთიერთთანამშრომლობით;

ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მეწარმეებთან ურთიერთთანამშრომლობით;

 ვ) სამინისტროსა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფა ავეჯით, საყაზარმო ინვენტარით, სანივთე ქონებით, სათბობით, საკვებით, საწვავ-საპოხი მასალებით, კომუნალური და საყოფაცხოვრებო პირობებით, J-4/8 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე;    

ზ) საქართველოს     შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოქმედებების, წვრთნისა და სასწავლო პროცესების ლოგისტიკური უზრუნველყოფა;

თ)  საქართველოს შეიარაღებული ძალების და სამინისტროს სამოქალაქო ოფისში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა;

ი)  სარდლობას დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მატერიალურ-ტექნიკური  საშუალებების შენახვისა და დაცვის ორგანიზება;

კ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ჯარის სახეობების დროული და სრული უზრუნველყოფა შენახვაზე არსებული შეიარაღებითა და ტექნიკით, საბრძოლო და საწვავ-საპოხი მასალებით, კავშირგაბმულობისა და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით, სათადარიგო ნაწილებით, ასევე სურსათ-სანოვაგით, საინჟინრო და სანივთე ქონებით;          

ლ)  სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით, შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე, პირადი შემადგენლობის, ტექნიკისა და სამხედრო ტვირთების გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზება და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;

მ) სარდლობას დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციის  ჩატარების ორგანიზება;

 ნ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის აბანო-სამრეცხაო მომსახურებით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის მეწარმეებთან ურთიერთთანამშრომლობით კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ო) სამინისტროს სარგებლობაში არსებული ობიექტების ელექტრო, თბომეურნეობის, წყალგაყვანილობის, საკანალიზაციო, ბუნებრივი აირისა და სხვა საინჟინრო ქსელების   კონტროლი, კომუნალური დანახარჯების აღრიცხვა; 

პ) სამინისტროს სარგებლობაში არსებულ შესაბამის ობიექტებზე მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო, საავარიო სამუშაოების ინსპექტირება და ტექნიკური ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში;

ჟ) შესყიდული სანივთე ქონების, საწვავ-საპოხი მასალების, სურსათ-სანოვაგის  ხარისხობრივი შესაბამისობის განსაზღვრა შესაბამისი ხელშეკრულების პირობებთან, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის მეწარმეებთან ურთიერთთანამშრომლობით კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

რ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებით განსაზღვრული ფუნქციების (მათ შორის კონტროლის) განხორციელება და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტისათვის დასაბუთებული ინფორმაციის  მიწოდება  ხელშეკრულების შესრულების მდგომარეობის შესახებ;

ს) შესყიდული შეიარაღების და საბრძოლო მასალების შესაბამისი ხელშეკრულების პირობებთან ხარისხობრივი შესაბამისობის დადგენაში მონაწილეობის მიღება;

ტ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული სარაკეტო-საარტილერიო, ჯავშანსატანკო, საავტომობილო, საინჟინრო-ქიმიური, სამხედრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების ცენტრალიზირებული რემონტის ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის მეწარმეებთან ურთიერთთანამშრომლობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

უ) სამინისტროს სარგებლობაში არსებულ შესაბამის ობიექტებზე სამშენებლო, სარემონტო-საავარიო სამუშაოების წარმოება კომპეტენციის ფარგლებში;

ფ) სამინისტროს სისტემაში საპროექტო-საკონსტრუქტორო საქმიანობის წარმოება;

ქ) სამინისტროს ტოპო-გეოდეზიური და კარტოგრაფიული უზრუნველყოფა;

ღ) უძრავი ქონების რეგისტრაციასთან  დაკავშირებული ურთიერთობების (მათ შორის საკადასტრო აზომვების) უზრუნველყოფა;

ყ)  კომპეტენციის ფარგლებში პირთა განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

  მუხლი 3.  სარდლობის ხელმძღვანელობა

 1. სარდლობას ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი (შემდგომში - სარდალი), რომელსაც გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

 2. სარდალი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სარდლობის საქმიანობას;

ბ) წარადგენს დასამტკიცებლად სარდლობის საშტატო ნუსხას;

გ) ახორციელებს კონტროლს სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების  შესრულებასა  და დისციპლინის დაცვაზე;

დ) სარდლობის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სარდლობის პირადი შემადგენლობის თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ე) უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამოქალაქო პირთა, მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები; 

ვ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს სარდლობაში შემოსულ და/ან სარდლობაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ)  ახორციელებს კონტროლს სარდლობის ფუნქციების შესრულებაზე;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული  ორგანოებიდან  გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სარდლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 3. სარდალი უშუალოდ ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს. 

4. სარდალს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც სარდლის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მოადგილეების უფლება-მოვალეობანი, მათი საქმიანობის მიმართულები განისაზღვრება სარდლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  

5. სარდლის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, სარდლის ბრძანებით ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე. 

6. სარდლის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია სარდლობაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სარდლობაში მომზადებულ დოკუმენტებს;

გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია სარდლობის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;

დ) ორგანიზაციას უწევს სარდლობის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;

ე) უზრუნველყოფს სარდლობის ეფექტურ ფუნქციონირებას.

 

მუხლი 4. სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ხელმძღვანელობა

 1. სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მმართველობა;

ბ) კანცელარია;  

  გ) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება;

დ) საფინანსო-სამეურნეო განყოფილება;

 ე) სამხედრო გადაზიდვების განყოფილება;

 ვ) შტაბი;

 ზ) ტექნიკისა და შეიარაღების აღრიცხვის სამმართველო;

თ)  ტექნიკისა და შეიარაღების რემონტის სამმართველო;

 ი) მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო;

კ) ინფრასტრუქტურის სამმართველო;

ლ) ხარისხის კონტროლის სამმართველო;

  მ)  სამშენებლო-საკონსტრუქტორო ბიურო.

2. სტრუქტურულ ქვედანაყოფს  ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, კონტროლს უწევს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას;

ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ზ) ანგარიშს აბარებს სარდალს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;

თ) ასრულებს სარდლის შესაბამის დავალებებს.

 

მუხლი 5. სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები:

1. მმართველობა ახორციელებს სარდლობისა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის იურიდიულ საკითხთა, NATO-სთან ინტეგრაციის საკითხებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაციასა და მონიტორინგს, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სარდლობის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დავალებებისა და მითითებების დროულ და სრულყოფილ შესრულებაზე კონტროლს.

2. კანცელარია აწარმოებს სამინისტროს და/ან სხვა შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან სარდლობაში შემოსული, ასევე სარდლობაში მომზადებული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღებასა და დამუშავებას კომპეტენციის ფარგლებში, მათ აღრიცხვას ელექტრონულ და სააღრიცხვო ჟურნალებში, შენახვას ნომენკლატურის მიხედვით.

3. დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება სარდლობის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:

ა) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესისა და პროცედურების წარმართვასა და ხელმძღვანელობას;

ბ) სარდლობის განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფას;

 გ) მინისტრის მიერ დამტკიცებული დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად, განსახორციელებელი პროგრამების პრიორიტეტულობის დადგენასა და ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების მომზადებას;

დ) სარდლობის განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების ანალიზს შეიარაღებული ძალებისათვის ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული აუცილებელი სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნების, გაუმჯობესების ან ჩამოყალიბების მიზნით;  

ე) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესში, სარდლობის განვითარების ერთიანი ძირითადი პროგრამის ჩამოყალიბების უზრუნველყოფას, პერიოდულ შეფასებას, განხორციელების მონიტორინგს, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

ვ) სარდლობის ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღებას.

4.საფინანსო-სამეურნეო განყოფილება:

ა) ხელმძღვანელობასთან ერთად შეიმუშავებს სარდლობას დაქვემდებარებული ერთეულების ფინანსური უზრუნველყოფის გეგმას, ორგანიზაციას უწევს მათ საფინანსო საქმიანობას;

 ბ) სარდლობის საფინანსო კმაყოფაზე არსებული ერთეულებისათვის საჭირო ფულადი სახსრების გამოყოფის მიზნით შუამდგომლობს სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტთან. აგრეთვე, ახორციელებს სარდლობისა და დაქვემდებარებული ერთეულებისათვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის მომზადებას;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროსა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ანგარიშგებების განხილვასა და ნაერთი ბალანსის შედგენას, ასევე, აწარმოებს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ყოველკვარტალურ საფინანსო აღრიცხვას;

დ) ახორციელებს სარდლობის სანივთე-სამეურნეო ქონებით უზრუნველყოფას; 

5. სამხედრო გადაზიდვების განყოფილება ახორციელებს საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის, მშვიდობიან და/ან განსაკუთრებულ სიტუაციებში დასახული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების, პირადი შემადგენლობის გადაყვანისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადაზიდვების დაგეგმვის ორგანიზებას სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტის გამოყენებით, საჭიროების შემთხვევაში, მეწარმეებთან მჭიდრო ურთიერთობით.

 6. შტაბი ახორციელებს სარდლობისა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საკადრო, სადაზვერვო და უსაფრთხოების ღონისძიებების, საჯარისო სამსახურისა და საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფას, სარდლობის წინაშე დასახული ამოცანების დროულად დაყვანას შემსრულებლებამდე და შესრულების კონტროლს, სარდლობის სტრუქტურული ერთეულების და სარდლობას დაქვემდებარებული ქვედანაყოფების სწავლებების (წვრთნების) დაგეგმვას და ჩატარების ორგანიზებას, დაცვისა და თავდაცვის ორგანიზებასა და კონტროლს, სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების კავშირგაბმულობის  საშუალებებით უზრუნველყოფის დაგეგმვას და კონტროლს. 

 7. ტექნიკისა და შეიარაღების აღრიცხვის სამმართველო  გენერალური  შტაბის J-4/8 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე, ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სარაკეტო-საარტილერიო, ჯავშანსატანკო, საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო, საინჟინრო-ქიმიური, სამხედრო-ტექნიკური, კავშირგაბმულობისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას, მათი მიღების, განთავსების და შენახვის ორგანიზებას, აღრიცხვასა და განაწილებას.

 8. ტექნიკისა და შეიარაღების აღრიცხვის სამმართველოს ერთეულებია:

ა) სატრანსპორტო და ჯავშანსატანკო ტექნიკის აღრიცხვის განყოფილება, რომელიც J-4/8  დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის  საფუძველზე ახორციელებს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებებით, ჯავშანტექნიკითა და მარაგ ნაწილებით დაკომპლექტების უზრუნველყოფას,  ტექნიკისა და სხვა სახის მატერიალური ფასეულობების  მიღება-განთავსების და შენახვის ორგანიზებას, აღრიცხვას და განაწილებას;

ბ) შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვის განყოფილება, რომელიც J-4/8  დეპარტამენტის  დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის  საფუძველზე ახორციელებს შეიარაღებული ძალების სარაკეტო-საარტილერიო სისტემებით, საბრძოლო მასალებით, სპეციალური შეიარაღებითა და დანადგარებით დაკომპლექტებას და მარაგების შექმნას.   უზრუნველყოფს შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიღების, განთავსებისა და შენახვის ორგანიზებას, აღრიცხვას და განაწილებას;

 გ) კავშირგაბმულობისა და რადიოლოკაციური სისტემების აღრიცხვის განყოფილება, რომელიც J-4/8  დეპარტამენტის და გენერალური შტაბის J-6  კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს კავშირგაბმულობის საშუალებების, სანავიგაციო სისტემების, ორგტექნიკისა და მარაგ ნაწილების მიღების,  განთავსებისა და შენახვის ორგანიზებას, აღრიცხვას და განაწილებას;

დ) მცურავი საშუალებებისა და საფრენი აპარატების აღრიცხვის განყოფილება, რომელიც J-4/8 დეპარტამენტის  დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის  საფუძველზე, ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მცურავი საშუალებებით, საფრენი აპარატებითა და მარაგ ნაწილებით დაკომპლექტების უზრუნველყოფას, მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვა-განთავსების ორგანიზებას, აღრიცხვასა და  განაწილებას;

ე) სამხედრო-ტექნიკური და საინჟინრო-ქიმიური შეიარაღების აღრიცხვის განყოფილება, რომელიც J-4/8 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებას სამხედრო ტექნიკური ქონებით, საინჟინრო-ქიმიური შეიარაღების საშუალებებით, საბრძოლო მასალებით (მათ შორის რადიაციული გამოსხივების წყაროებით, ქიმიური მომწამლავი ნივთიერებებით) და მარაგ ნაწილებით. აგრეთვე, აწარმოებს მათი მიღების, შენახვა-განთავსების ორგანიზებას, აღრიცხვასა და განაწილებას. ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, თანამშრომლობს სათანადო ორგანიზაციებთან სამხედრო სფეროში გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ღონისძიებების ორგანიზებაში.   

9. ტექნიკისა და შეიარაღების რემონტის სამმართველო  ახორციელებს  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული სარაკეტო-საარტილერიო, ჯავშანსატანკო, საავტომობილო, საინჟინრო-ქიმიური, სამხედრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების ცენტრალიზებული რემონტის ორგანიზებას. მონაწილეობას იღებს ვადაგასული და უვარგისი მატერიალური ქონების ჩამოწერასა და საუტილიზაციო დოკუმენტების მომზადებაში.       

10. ტექნიკისა და შეიარაღების რემონტის სამმართველოს ერთეულებია:

ა) სატრანსპორტო და ჯავშანსატანკო ტექნიკის რემონტის განყოფილება, რომელიც ახორციელებს სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების საავტომობილო და ჯავშანტექნიკის ტექნიკური მომსახურების ჩატარების და მათი ეტაპობრივი შეკეთების ორგანიზებას; მონაწილეობას იღებს მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი მატერიალური ქონების ჩამოწერისა და საუტილიზაციო დოკუმენტაციის მომზადებაში;

ბ) შეიარაღების სისტემების რემონტის განყოფილება, რომელიც ახორციელებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული შეიარაღების სისტემების ტექნიკური მომსახურების ჩატარების და მათი ეტაპობრივი შეკეთების  ორგანიზებას. მონაწილეობას იღებს მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ჩამოწერისა და საუტილიზაციო   დოკუმენტაციის მომზადებაში;

გ) კავშირგაბმულობის, საფრენი აპარატების, მცურავი საშუალებების, საინჟინრო და სხვა სამხედრო-ტექნიკური ქონების რემონტის განყოფილება, რომელიც ახორციელებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული კავშირგაბმულობის, საფრენი აპარატების, მცურავი საშუალებების, საინჟინრო და სხვა სამხედრო ტექნიკური ქონების  ტექნიკური მომსახურების ჩატარების და მათი ეტაპობრივი შეკეთების  ორგანიზებას.  ორგანიზებას უწევს სარემონტო სამუშაოების წარმოებას, მონაწილეობას იღებს მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი მატერიალური ქონების ჩამოწერისა და საუტილიზაციო დოკუმენტაციის მომზადებაში.

11. მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო J-4/8  დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის  საფუძველზე ახორციელებს სამინისტროს და გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფას სანივთე ქონებით, საწვავ-საპოხი მასალებით, სურსათ-სანოვაგით, სამზარეულო ინვენტარით.

 12. მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს ქვედანაყოფებია:

ა) სანივთე ქონების აღრიცხვის განყოფილება, რომელიც J-4/8 დეპარტამენტის  დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს სამინისტროს და გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფას სანივთე ქონებით, აწარმოებს მათი მიღება-განთავსების და შენახვის ორგანიზებას, აღრიცხვას და განაწილებას;

ბ) საწვავ-საპოხი მასალების აღრიცხვის განყოფილება, რომელიც J-4/8 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფას საწვავ-საპოხი მასალებით და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, აწარმოებს მათი მიღება-განთავსების და შენახვის ორგანიზებას, აღრიცხვას და განაწილებას;

გ) სურსათ-სანოვაგის აღრიცხვის განყოფილება, რომელიც J-4/8 დეპარტამენტის  დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფას სურსათ-სანოვაგითა და სამზარეულო ინვენტარით, აწარმოებს მათი მიღება-განთავსებისა და შენახვის ორგანიზებას, აღრიცხვას და განაწილებას.

 13. ინფრასტრუქტურის სამმართველო ახორციელებს სამინისტროს ფლობა-სარგებლობაში არსებული მიწის რესურსების, უძრავი ქონების, საბინაო ფონდების აღრიცხვას და მათ რაციონალურ გამოყენებაზე ზედამხედველობას, მართვის/განკარგვის ეფექტურობის ამაღლების მიზნით წინადადებების მომზადება. აგრეთვე, J-4/8 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ახორციელებს სამინისტროს და გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფას ავეჯით, საყაზარმო-საოფისე ინვენტარით, სამეურნეო და საკანცელარიო საქონლით, სათბობ-ენერგეტიკული რესურსებითა და აბანო-სამრეცხაო მომსახურებით. ასევე, უზრუნველყოფს კომუნალური დანახარჯების აღრიცხვას, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაზე კონტროლს.

14. ინფრასტრუქტურის სამმართველოს ქვედანაყოფებია:

ა) უძრავი ქონების აღრიცხვის განყოფილება, რომელიც ახორციელებს  სამინისტროს ფლობა-სარგებლობაში არსებული მიწის რესურსებისა და უძრავი ქონების, საბინაო ფონდების აღრიცხვას და კომპეტენციის ფარგლებში მათ რაციონალურ გამოყენებაზე კონტროლს;

 ბ) ინვენტარისა და სამეურნეო ქონების აღრიცხვის განყოფილება, რომელიც   J-4/8 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს სამინისტროს და გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ავეჯით, საყაზარმო ინვენტარით, სანივთე, საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით, ახორციელებს მათი მიღება-განთავსების და შენახვის ორგანიზებას, აღრიცხვას და განაწილებას;

გ) კომუნალური მომსახურებისა და სათბობ-ენერგეტიკული რესურსების აღრიცხვის განყოფილება, რომელიც ახორციელებს სამინისტროს ფლობა-სარგებლობაში არსებული ობიექტების ელექტრო, თბომეურნეობის, წყალგაყვანილობის, საკანალიზაციო, ბუნებრივი აირისა და სხვა საინჟინრო ქსელების კონტროლს. ასევე, უზრუნველყოფს ყაზარმების არსებული საქვაბეების, თბოქსელების, წყალსადენების, სატრანსფორმატორო ქვესადგურების სეზონური მომზადების ორგანიზებას. კონტროლს უწევს პირადი შემადგენლობის აბანო-სამრეცხაო მომსახურების ორგანიზებასა და საინჟინრო-ტექნიკური ჯგუფების მუშაობას. ასევე, აღრიცხავს კომუნალური რესურსების (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი და სხვა სათბობ-ენერგეტიკული საშუალებები,  წყალი, დასუფთავება) დანახარჯებს.

15. ხარისხის კონტროლის სამმართველო ახორციელებს სამინისტროს ობიექტებზე მშენებლობის, კაპიტალური რემონტის და საავარიო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას. ასევე განსაზღვრავს შესყიდული სანივთე ქონების, საწვავ-საპოხი მასალების, სურსათ-სანოვაგის ხარისხობრივ შესაბამისობას სათანადო ხელშეკრულების პირობებთან, მონაწილეობას იღებს შესყიდული შეიარაღების და საბრძოლო მასალების ხარისხობრივი შესაბამისობის დადგენაში შესაბამისი ხელშეკრულების პირობებთან.                      

16. ხარისხის კონტროლის სამმართველოს ქვედანაყოფებია:

ა) სანივთე ქონების, საწვავ-საპოხი მასალებისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილება, რომელიც განსაზღვრავს შეძენილი სანივთე ქონების, საწვავ-საპოხი მასალებისა და სურსათის ხარისხობრივ შესაბამისობას შესაბამისი ხელშეკრულების პირობებთან. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სინჯების აღებას, მათი ვარგისიანობისა და ხარისხის განსაზღვრას ლაბორატორიული მეთოდებით შესაბამის საექსპერტო და ლაბორატორიულ დაწესებულებაში; 

ბ) შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ხარისხის კონტროლის განყოფილება, რომელიც მონაწილეობას იღებს შეძენილი შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის ხარისხობრივი შესაბამისობის დადგენაში შესაბამისი ხელშეკრულების პირობებთან;

გ) მშენებლობის, სათბობ-ენერგეტიკული რესურსებისა და რემონტის ტექნიკური ზედამხედველობის ხარისხის კონტროლის განყოფილება, რომელიც  უზრუნველყოფს სამინისტროს დაკვეთით წარმოებული მშენებლობის, სარეკონსტრუქციო და სარემონტო შენობა-ნაგებობების საინჟინრო-ტექნიკური, ასევე საკომუნიკაციო ობიექტების, ნაგებობების და ქსელების სამშენებლო-სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას და ხარისხობრივი შესაბამისობის განსაზღვრას შესაბამისი ხელშეკრულების პირობებთან, ადასტურებს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის შესაბამისობას შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტებთან, საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობებთან ხარისხის, ღირებულების და მოცულობის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, მიმართავს შესაბამის საექპერტო დაწესებულებებს კვლევების ჩასატარებლად.

17. სამშენებლო-საკონსტრუქტორო ბიურო კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:

ა) სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების ახალი შენობა-ნაგებობების, სხვა შესაბამისი სამუშაოების დაპროექტებას და სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას;

ბ) თავდაცვის სისტემაში არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგს, მათი კონსტრუქციული უსაფრთხოების რესურსებისა და საიმედოობის შეფასებას სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საშიში სიტუაციებისას;

გ) სამინისტროს სისტემაში არსებული სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების პასპორტიზაციას, ფაქტიური სეისმომედეგობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნა-რეკომენდაციების მომზადებას და საჭიროების შემთხვევაში აღდგენა-გამაგრების ღონისძიებების საპროექტო რეალიზაციას;

 დ)  სამინისტროს სისტემაში არსებული შენობა-ნაგებობების გამაგრება-რეკონსტრუქციის, ასევე ახალი საპროექტო ობიექტების კონსტრუქციულ გადაწყვეტაში ინოვაციური მიდგომებისა და მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენებას;

ე)  სამინისტროს სისტემაში სამშენებლო უბნებზე შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის დადგენას.

მუხლი 6. სარდლობა, სტრუქტურული ქვედანაყოფების გარდა, წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ  ფუნქცია-მოვალეობებს ახორციელებს შემდეგი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მეშვეობით:

ა) შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა, რომლის ძირითადი ფუნქციაა შეიარაღების, ტექნიკის, საბრძოლო მასალების, საინჟინრო საბრძოლო მასალების, სამხედრო-ტექნიკური ქონების, კავშირგაბმულობის საშუალებების, მარაგ-ნაწილების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა. ასევე, სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღებისა და ტექნიკის, ჯავშანტექნიკის, ოპტიკური ხელსაწყოების, რადიოლოკაციური სისტემების კავშირგაბმულობის საშუალებების, საინჟინრო ტექნიკისა და სატვირთო ავტომობილების ეტაპობრივი შეკეთება;

ბ) საავტომობილო ბატალიონი, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს შეიარაღებული ძალების ცენტრალიზებული საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვების უზრუნველყოფა, სპეციალური ტექნიკით მომსახურება და იმ მსუბუქი ავტომანქანების ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, რომლებიც ემსახურებიან სამოქალაქო ოფისისა და  გენერალური შტაბის თანამდებობის პირებს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების მაღალი რანგის დელეგაციების საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურება.

 გ) შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკური ქონების ბაზა, რომლის ძირითადი ფუნქციაა შეიარაღების, საბრძოლო მასალების, საინჟინრო საბრძოლო მასალების, სამხედრო-ტექნიკური ქონების მარაგების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა;  

დ) საბრძოლო მასალების შენახვის ბაზა, რომლის ძირითადი ფუნქციაა საბრძოლო მასალების მარაგების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა.

ე) სანივთე ბაზა, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჭირო სანივთე ქონების მარაგების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და  გაცემა.

ვ) საწვავ-საპოხი მასალების ბაზები, რომელთა ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის  ქვედანაყოფებისათვის საჭირო საწვავ-საპოხი მასალებისა და ტექნიკური საშუალებების მარაგების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა. 

ზ) სტაციონარული ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის  რეგიონალური ბაზები, რომელთა ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციებისა და ტერიტორიების აღრიცხვა, მათ ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი. საქართველოს შეიარაღებული ძალების და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ქვედანაყოფების მიერ მოხმარებული სათბობ-ენერგეტიკული რესურსების, ასევე პირადი შემადგენლობის  აბანო-სამრეცხაო და კომუნალური მომსახურების აღრიცხვა. სამხედრო ქვედანაყოფებისათვის საჭირო სურსათ-სანოვაგის და სამზარეულო ინვენტარის მარაგების მიღება, აღრიცხვა,  შენახვა  და  გაცემა. სამინიტროს სარგებლობაში არსებულ შესაბამის ობიექტებზე სარემონტო-საავარიო სამუშაოების წარმოება კომპეტენციის ფარგლებში. ამასთან, ბაზები უზრუნველყოფენ ქვედანაყოფებს საყაზარმო და საოფისე ინვენტარითა და ავეჯით, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საქონლით, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფას ახორციელებენ დისტრიბუციის გზით.

თ) ტოპოგრაფიული სამმართველო, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მშვიდობიანობის, ასევე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს  სამინისტროს სისტემის უზრუნველსაყოფად ტოპოგეოდეზიური დაზვერვის წარმოება, განახლებული ციფრული და ანალოგიური ტოპოგრაფიული რუკების შექმნა, აერო და სატელიტური ფოტო მასალის მომზადება, ტოპოგრაფიული რუკების შექმნა, მათი აღრიცხვა და შენახვა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არსებული მარაგებიდან მოძველებული ტოპოგრაფიული რუკების მოხსნა და მათი ახალი გამოცემის რუკებით ჩანაცვლება, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელ აეროგადაღებით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და კონტროლი. ასევე სამინისტროს  პოლიგრაფიული მომსახურება, შეიარაღებულ ძალებში ტოპოგეოდეზიური მომზადების ორგანიზების სპეციალურ-მეთოდური ხელმძღვანელობა, სამინისტროს ინტერესის სფეროს განკუთვნილი უძრავი ქონების საკადასტრო აღწერა და დოკუმენტირება.

ი) საინჟინრო-სამშენებლო ბაზა, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში არსებული ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარება, სამხედრო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება.

           

მუხლი 7.  სარდლობას დაქვემდებარებული ერთეულების და ბაზების დამატებითი კომპეტენცია, საქმიანობის წესი და პროცედურა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განისაზღვროს გენერალური შტაბის უფროსის ან/და მისი მოადგილეების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

 



23. 14/09/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 75 - ვებგვერდი, 15/09/2023 22. 08/07/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 48 - ვებგვერდი, 09/07/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 06/04/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 19 - ვებგვერდი, 06/04/2021 20. 07/10/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 86 - ვებგვერდი, 07/10/2020 19. 27/05/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 48 - ვებგვერდი, 28/05/2020 18. 25/06/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 27 - ვებგვერდი, 25/06/2019 17. 13/12/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 125 - ვებგვერდი, 14/12/2018 16. 27/02/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 17 - ვებგვერდი, 28/02/2018 15. 06/12/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 88 - ვებგვერდი, 07/12/2017 14. 21/09/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 77 - ვებგვერდი, 21/09/2017 13. 29/08/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 65 - ვებგვერდი, 30/08/2017 12. 31/07/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 57 - ვებგვერდი, 31/07/2017 11. 19/07/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 52 - ვებგვერდი, 20/07/2017 10. 19/06/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 46 - ვებგვერდი, 21/06/2017 9. 16/12/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 97 - ვებგვერდი, 16/12/2016 8. 15/03/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 09 - ვებგვერდი, 16/03/2016 7. 12/02/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 06 - ვებგვერდი, 15/02/2016 6. 30/12/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 48 - ვებგვერდი, 31/12/2015 5. 30/10/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 38 - ვებგვერდი, 30/10/2015 4. 19/10/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 34 - ვებგვერდი, 20/10/2015 3. 19/10/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 33 - ვებგვერდი, 20/10/2015 2. 29/09/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 30 - ვებგვერდი, 30/09/2015 1. 18/09/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 28 - ვებგვერდი, 22/09/2015