„აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ“

  • Word
„აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 387/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 145, 25/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.816
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
387/ნ
24/11/2009
სსმ, 145, 25/11/2009
470.230.000.22.035.013.816
„აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/11/2009 - 07/12/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.816

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №387/ნ

2009 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობები.

2. ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 ნოემბრის №282/ნ ბრძანება „აფთიაქების მოწყობისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

დანართი

აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობები

    მუხლი 1. აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობები

1. ამ მუხლით გათვალისწინებული სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობები შემუშავებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) – (შემდგომ ტექსტში – აფთიაქი) სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკურ პირობებს.

2. აფთიაქში დაშვებულია მეორე და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია.

3. აფთიაქში ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია ხორციელდება პასუხისმგებელი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალის მიერ.

4. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქი განთავსებულია საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალს ეკრძალება პარალელურად საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში განთავსებულ სხვა პროდუქციაზე ზედამხედველობა ან/და სხვა სამუშაოს შესრულება, რომელიც არ უკავშირდება აფთიაქის საქმიანობას ან მასში განთავსებული პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

5. აფთიაქში მეორე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი მომხმარებლისათვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი პასუხისმგებელი პერსონალის გარეშე, ხოლო მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი შესაძლებელია იყოს ხელმისაწვდომი პასუხისმგებელი პერსონალის გარეშეც.

6. აფთიაქის პერსონალი ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები და ატაროს დაკისრებული მოვალეობის შესაბამისი ტანსაცმელი (ხალათი, ხელთათმანი – შესაბამისი პროცედურის განხორციელების დროს).

7. აფთიაქი შესაძლებელია იყოს:

ა) ცალკე მდგომი ნაგებობა ან განცალკევებული, იზოლირებული ფართობი ცალკე შესასვლელით;

ბ) საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში განთავსებული აფთიაქი იზოლირებული ფართობის სახით.

8. საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში განთავსებული აფთიაქის ფართობის იზოლირება გულისხმობს მისი განთავსების შესაძლებლობას, როგორც მხოლოდ აფთიაქისათვის განკუთვნილ სავაჭრო ფართობში, ასევე საერთო სავაჭრო ფართობში. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აფთიაქისათვის განკუთვნილი ფართობი შემოსაზღვრული უნდა იყოს სხვა სავაჭრო ფართობისაგან სტაციონარული ტიპის ტიხრ(ებ)ით. ამავდროულად დასაშვებია, მომსახურების მიზნით, სარეალიზაციო დარბაზის ერთობლივი გამოყენება.

9. აფთიაქის სარეალიზაციო დარბაზის ფართი უნდა იძლეოდეს მომხმარებლისათვის ფარმაცევტული პროდუქტების გაცემის და კონსულტაციის მიწოდების შესაძლებლობას.

10. აფთიაქს უნდა გააჩნდეს ფარმაცევტული პროდუქტის ინსტრუქციის შესაბამისი შენახვის რეჟიმის უზრუნველყოფისა და დასაწყობების შესაბამისად აღჭურვილი სამარაგო.

11. აფთიაქი ვალდებულია დანერგოს ფარმაცევტული პროდუქტის შესანახად თანამედროვე საშუალებები და უზრუნველყოს ფარმაცევტული პროდუქტის ისეთ პირობებში შენახვა და შემდგომ მისი რეალიზაცია, რომლებიც დაიცავს პროდუქტს გარემო ფაქტორების (ტემპერატურა, ტენიანობა) უარყოფითი გავლენისაგან.

12. აფთიაქის ჭერისა და კედლების მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით რეგულარულად დალაგებისა და საჭიროების მიხედვით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების საშუალებას.

13. აფთიაქში უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

ა) თამბაქოს მოწევის აკრძალვა;

ბ) მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აფთიაქში ფარმაცევტული პროდუქტის შენახვის მდგომარეობის გაცნობის (დათვალიერების) შესაძლებლობა დამთვალიერებლის მხრიდან ჰიგიენური ნორმების (სანიტარიული ტანსაცმლის) დაცვის პირობით, აფთიაქის ადმინისტრაცია უფლებამოსილია დამატებით დააწესოს სხვა გონივრული მოთხოვნები (მაგ., უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით).

14. ფარმაცევტული პროდუქტის შენახვის, განთავსებისა და რეალიზაციის პირობები უნდა აკმაყოფილებდეს ფარმაცევტული პროდუქტის ინსტრუქციით და წინამდებარე აქტით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, გარემო ფაქტორების (ტემპერატურა, სინათლე, ტენიანობა) ზემოქმედებისაგან დაცვის თვალსაზრისით, პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გათვალისწინებით.

15. ვადაგასული და გაუვარგისებული ფარმაცევტული პროდუქტი უნდა ინახებოდეს ცალკე, სპეციალურად ამ მიზნებისათვის განკუთვნილ ადგილას, იზოლირებულად სხვა ფარმაცევტული პროდუქტისაგან.

    მუხლი 2. საცალო სარეალიზაციო სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობები

1. ამ მუხლით გათვალისწინებული სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობები შემუშავებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორი საცალო სარეალიზაციო სავაჭრო ობიექტის (შემდგომში – სავაჭრო ობიექტი) სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკურ პირობებს.

2. სავაჭრო ობიექტში დაშვებულია მხოლოდ მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია.

3. სავაჭრო ობიექტში ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია შესაძლებელია ხორციელდებოდეს პასუხისმგებელი პირის გარეშე.

4. სავაჭრო ობიექტში ფარმაცევტული პროდუქტი უნდა განთავსდეს სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ადგილზე (დახლი, თარო, სავაჭრო განყოფილება) იზოლირებულად სხვა პროდუქციისაგან, საგანგებო წარწერით (მაგ., „ფარმაცევტული პროდუქტები“), რაც იძლევა ამ ფარმაცევტული პროდუქტის სხვა პროდუქციისაგან მკაფიოდ გარჩევის საშუალებას.

5. საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ორიგინალური შეფუთვით (კოლოფით), თანჩართული ინსტრუქციის სავალდებულო არსებობით. დაუშვებელია ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია ორიგინალური შეფუთვის დარღვევით (მაგ., რეალიზაცია ფირფიტებად, აბებად და ა.შ.).

6. თუ ფარმაცევტულ პროდუქტის შენახვის წესები მოითხოვს სპეციალური პირობების დაცვას, შესაძლებელია დახლზე განთავსდეს მხოლოდ შეფუთვის და ინსტრუქციის ნიმუში, ხოლო პროდუქტი ინახებოდეს ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად.

7. ფარმაცევტული პროდუქტის გარეგანი დაბინძურების თავიდან აცილებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მესამე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის სარეალიზაციო ადგილის უშუალოდ მომიჯნავედ (ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად) დაუშვებელია შემდეგი სახის პროდუქციის განთავსება:

ა) ნედლი და შეუფუთავი (ხილი, ბოსტნეული, ხორცი);

ბ) მალფუჭებადი (პროდუქტი, რომლის შენახვის ვადა არ აღემატება 72 სთ-ს);

გ) არომატული (საყოფაცხოვრებო დანიშნულების ქიმიური პროდუქცია, პარფიუმერია, კოსმეტიკა, ჰიგიენური მოვლის საშუალებები);

დ) ტოქსიკური (სადეზინფექციო საშუალებები, მწერების, მღრღნელების, პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებები);

ე) საავტომობილო საწვავ-საპოხი, მოვლის და საექსპლუატაციო (მაგ., აკუმულატორები);

ვ) პროდუქციის, მასალებისა და საქონლის (მაგ., მცენარეები, ცხოველები) მოვლის საშუალებები, სამ-შენებლო მასალები, ბატარეები;

ზ) მოცულობითი და მაღალი დამტვერიანების რისკის მქონე საქონელი (მაგ.: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ხალიჩები, წიგნები, რბილი ავეჯი და სხვ.).

8. სავაჭრო ობიექტში ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის, შენახვისა და განთავსებისას დაცული უნდა იყოს ინსტრუქციით განსაზღვრული ტემპერატურული, სინათლის ზემოქმედებისა და ტენიანობის რეჟიმი.

9. სავაჭრო ობიექტს შესაძლებელია ჰქონდეს ფარმაცევტული პროდუქტის შესაბამისი მარაგის დაწყობისათვის გამოყოფილი სამარაგო.

10. სამარაგოს არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ფარმაცევტული პროდუქტის შენახვა იზოლირებულად სხვა პროდუქციისაგან, ფარმაკოთერაპიული და ტოქსიკოლოგიური ჯგუფების მიხედვით, ამასთან, ფარმაცევტული პროდუქტი დაცულ უნდა იქნეს გარემო ფაქტორების უარყოფითი გავლენისაგან.

11. ფარმაცევტული პროდუქტის შენახვის, განთავსებისა და რეალიზაციის პირობები უნდა აკმაყოფილებდეს ფარმაცევტული პროდუქტის ინსტრუქციით და წინამდებარე აქტით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, გარემო ფაქტორების (ტემპერატურა, სინათლე, ტენიანობა) ზემოქმედებისაგან დაცვის თვალსაზრისით, პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გათვალისწინებით.

12. ვადაგასული და გაუვარგისებული ფარმაცევტული პროდუქტი მის განადგურებამდე ინახება ცალკე და სხვა პროდუქტებისაგან იზოლირებულად.