დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 585 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/07/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 87, 18/07/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/07/2005 - 06/02/2009)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №585
2005 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში არსებული ზოგიერთი დაწესებულების საქმიანობის სრულყოფისათვის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. ინსტიტუციონალური პატრონაჟის (მზრუნველობა, მოვლა-პატრონობა) მიზნით შეიქმნას შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
ა) „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი“;
ბ) „ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი“;
გ) „ძევრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი“.
2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური ადაპტაციის, აღზრდა-განათლებისა და მკურნალობის მიზნით შეიქმნას შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
ა) „კასპის ბავშვთა სახლი“;
ბ) „სენაკის ბავშვთა სახლი“;
გ) „ქუთაისის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სახლი“;
დ) „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“;
ე) „თბილისის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი“.
3. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს მთავრობის წინადადება შემდეგი კერძო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციის შესახებ:
ა) შპს „თბილისის მოხუცთა პანსიონატი – „სავანე“;
ბ) შპს „ხანდაზმულთა და ინვალიდთა თავშესაფარი – „წყალწითელა“;
გ) შპს „ძევრის ინვალიდთა სახლი“;
დ) შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატი“;
ე) შპს „სენაკის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატი“;
ვ) შპს „ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა პანსიონატი – „ტონუსი“;
ზ) ს/ს „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“;
თ) შპს „ბავშვთა სანატორიუმი – „გაზაფხული“.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების გადაცემა ამ ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის.
5. ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ხოლო ამავე ბრძანებულების მე-2 პუნქტში აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ვ. ჭიპაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კ. ლომაიამ დაამტკიცონ ბრძანებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებები და დანიშნონ წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირები.
7. „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყონ წინადადებების წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები