სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 12/01/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 18/01/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2003
სარეგისტრაციო კოდი 100020000.11.106.004600
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
21
12/01/2001
სსმ, 6, 18/01/2001
100020000.11.106.004600
სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (18/01/2001 - 31/01/2001)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.000.11.106.004.600

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №21

2001 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 141 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულება (დანართი №1).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2001 წლის 22 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი

დანართი №1

სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. სააღსრულებო პოლიციის სამმართველო

სააღსრულებო პოლიციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს და შექმნილია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 2. სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ინსტრუქციით, წინამდებარე დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 3. სამმართველოს მიზანი

სამმართველოს მიზანია აღმოუჩინოს დახმარება სასამართლო აღმასრულებელს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებაში, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას, აღკვეთოს სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა უკანონო ქმედებები, კანონმდებლობით დადგენილი წესით აღძრას სისხლის სამართლის საქმე და ჩაატაროს მოკვლევა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე.

თავი II

სამმართველოს ორგანიზაცია და სამმართველოს თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობები

    მუხლი 4. სამმართველოს უფროსი და სამმართველოს უფროსის მოადგილე

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფო მოხელეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და წერილობით მითითებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს სამმართველოს მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

გ) ახდენს სამმართველოს განყოფილებების მუშაობის კოორდინაციას, წყვეტს საჭიროების შემთხვევაში სააღსრულებო პოლიციელების სხვა განყოფილებისათვის დახმარების საკითხს;

დ) წარუდგენს სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარეს სამმართველოს ხარჯთაღრიცხვის გეგმას;

ე) დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს სტრუქტურის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეების წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ;

ვ) ადგენს სამმართველოს სამუშაო გეგმებს, ხელმძღვანელობს მათ შესრულებას;

  ზ) იბარებს სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარეს პერიოდულად, ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

ი) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

კ) ასრულებს სააღსრულებო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.

3. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) სამმართველოს უფროსის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობებს;

ბ) ახორციელებს კონტროლს სააღსრულებო პოლიციელთა მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და მოკვლევაზე;

გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის დავალებებს.

    მუხლი 5. სამმართველოს ტერიტორიული ორგანოები და მათი ხელმძღვანელების უფლებამოსილება

1. სამმართველოს ტერიტორული ორგანოებია განყოფილებები. განყოფილებების საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სამმართველოს შემადგენლობაშია ორი განყოფილება: თბილისის განყოფილება და ქუთაისის განყოფილება.

3. თბილისის განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაა ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის, კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროების სამოქმედო ტერიტორიები.

4. ქუთაისის განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაა იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროების სამოქმედო ტერიტორიები.

5. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

6. განყოფილების უფროსი:

ა) იღებს სააღსრულებო ბიუროების უფროსებისა და სასამართლო აღმასრულებლების წერილობით მიმართვებს სააღსრულებო პოლიციელთა დახმარების აუცილებლობის შესახებ;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს ჯგუფებსა და სააღსრულებო პოლიციელებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და წერილობით მითითებებს;

გ) თვალყურს ადევნებს ჯგუფების უფროსებისა და სააღსრულებო პოლიციელების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

დ) ხელმძღვანელობს სამმართველოს ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა აღძვრასა და მოკვლევის განხორციელებას;

ე) ჯგუფების უფროსებისაგან და სააღსრულებო პოლიციელებისაგან იბარებს პატაკებს მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;

ვ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სააღსრულებო პოლიციელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ;

ზ) კონტროლს უწევს სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის დადგენილი წესით სააღსრულებო პოლიციელთათვის გადაცემასა და ჩამორთმევას, მათი გამოყენების კანონიერებას;

თ) ასრულებს სამმართველოს უფროსის დავალებებსა და მითითებებს;

ი) პერიოდულად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს სამმართველოს უფროსს ინფორმაციას განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

7. განყოფილება შედგება სამი ჯგუფისაგან.

8. ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

9. ჯგუფის უფროსი:

ა) აძლევს დავალებებსა და მითითებებს მის დაქვემდებარებაში მყოფ სააღსრულებო პოლიციელებს;

ბ) უშუალოდ მონაწილეობს სააღსრულებო პოლიციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში და ხელმძღვანელობს მათ;

გ) ჯგუფის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ აბარებს პატაკს განყოფილების უფროსს;

დ) თვალყურს ადევნებს სააღსრულებო პოლიციელთა საქმიანობას და პასუხისმგებელია სააღსრულებო პოლიციელთა ქმედების კანონიერებაზე;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

თავი III

სააღსრულებო პოლიციელი და მისი უფლებამოსილება

    მუხლი 6. სააღსრულებო პოლიციელი

1. სააღსრულებო პოლიციელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სააღსრულებო პოლიციელი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

3. სააღსრულებო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააღსრულებო პოლიციელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.

5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააღსრულებო პოლიციელი ატარებს სამსახურებრივ ფორმას, რომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სააღსრულებო პოლიციელს ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის მოწმობა.

    მუხლი 7. სააღსრულებო პოლიციელის უფლებამოსილება

სააღსრულებო პოლიციელი უფლებამოსილია:

ა) დაეხმაროს სასამართლო აღმასრულებელს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაში;

ბ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი;

გ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაიცვას სასამართლო აღმასრულებელი, სხვა პირები და აღსრულებაზე მიქცეული ქონება;

დ) უზრუნველყოს აღსრულების მიმდინარეობისას მართლწესრიგის დაცვა;

ე) აღკვეთოს სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა უკანონო ქმედებები;

ვ) სასამართლო აღმასრულებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დააკავოს მოვალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება და წარადგინოს იგი სასამართლო აღმასრულებელთან;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აღძრას სისხლის სამართლის საქმე და აწარმოოს მოკვლევა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე;

თ) გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

თავი IV

სამმართველოში სამსახურის გავლის წესი

    მუხლი 8. სამმართველოში სამსახურის გავლის წესი

სამმართველოში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 9. დამატებითი მოთხოვნები სამმართველოს მოხელეთათვის

1. სამმართველოს მოხელეთათვის გარდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულისა, წესდება შემდეგი დამატებითი მოთხოვნები:

ა) სამმართველოს უფროსისა და უფროსის მოადგილისათვის უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) განყოფილების უფროსისათვის უმაღლესი იურიდიული განათლება;

გ) ჯგუფის უფროსისათვის და სააღსრულებო პოლიციელისათვის უმაღლესი განათლება.

2. სააღსრულებო პოლიციელად შეიძლება მიღებული იქნეს პირი, რომელიც პიროვნული თვისებებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.

    მუხლი 10. სამმართველოს თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი

სამმართველოს თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი განისაზღვრება “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონით.

თავი V

სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და გამოყენების წესი

    მუხლი 11. სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, გაცემისა და ჩაბარების წესი

1. სამმართველოსათვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ინახება სამმართველოს განყოფილებაში არსებულ ამისათვის სპეციალურად განკუთვნილ დაცულ საცავში.

2. სააღსრულებო პოლიციელზე და ჯგუფის უფროსზე სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გაცემა ხდება მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დაწყებისას.

3. სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გაცემა ფიქსირდება სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის აღრიცხვის ჟურნალში იარაღის სახეობის, ნომრის, საბრძოლო ტყვიების რაოდენობისა და გაცემის დროის მითითებით. გაცემა მოწმდება სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამცემი და მიმღები პირის ხელმოწერით.

4. სააღსრულებო პოლიციელისა და ჯგუფის უფროსის მიერ სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარება ხდება მათი გაცემისათვის დადგენილი წესით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის განკუთვნილი დროის დამთავრებისას.

5. სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვაზე, გაცემასა და ჩაბარებაზე კონტროლს ახორციელებს განყოფილების უფროსი.

    მუხლი 12. სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ხდება მხოლოდ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

თავი VI

სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 13. სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სამმართველოს რეორგანიზაცია ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

2. სამმართველოს ლიკვიდაცია ხდება კანონის საფუძველზე.

თავი VII

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 14. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.