დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 834 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 81, 05/08/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.11.106.005991 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/08/2003 - 24/10/2003)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.005.991
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №834
2003 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და 141 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულება (დანართი №1).
2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულება (დანართი №2).
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №20 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” (სსმ №6, მუხ. 52, 2001წ.);
ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №21 ბრძანება „სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” (ს.ს.მ. №6, მუხ. 53, 2001წ.).
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
დანართი №1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის მიზნებს, ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.
მუხლი 2
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად.
მუხლი 3
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ”, საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 4
დეპარტამენტს გააჩნია სიმბოლიკა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი), ბლანკიანი ფურცელი და ბეჭედი.
მუხლი 5
დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-3 კვარტალი, №8ა.
თავი II
დეპარტამენტის მიზანი და ამოცანები
მუხლი 6
დეპარტამენტის მიზანია სააღსრულებო წარმოების პროცესის კოორდინაცია და კონტროლი, სასამართლო აღმასრულებელთა და სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელთა კადრების შერჩევა, დადგენილი წესით მათი სწავლების ორგანიზება, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 7
დეპარტამენტის ამოცანაა:
ა) სასამართლო აღმასრულებლებისა და სააღსრულებო პოლიციის საქმიანობის ორგანიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სისხლის სამართლებრივი მოკვლევა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების ორგანიზება და უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ე) სასამართლო აღმასრულებელთა და სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებაში მონაწილეობა დადგენილი წესით;
ვ) სააღსრულებო ბიუროების, სასამართლო აღმასრულებელთა, სააღსრულებო პოლიციის ადგილობრივი განყოფილებებისა და სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობის რევიზიისა და კონტროლის განხორციელება;
ზ) სააღსრულებო წარმოებათა სტატისტიკისა და ანალიზის წარმოება;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
მუხლი 8
თავისი საქმიანობის განხორციელებისას დეპარტამენტი:
ა) ახორციელებს სააღსრულებო ბიუროების მიერ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ”, საქართველოს კანონის, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ნორმატიული აქტების პროექტებს და წარუდგენს იუსტიციის მინისტრს;
გ) დადგენილი წესით მონაწილეობას იღებს სასამართლო აღმასრულებელთა და სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებაში;
დ) ახორციელებს სააღსრულებო ბიუროების, სასამართლო აღმასრულებელთა, სააღსრულებო პოლიციის ადგილობრივი განყოფილებებისა და სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობის რევიზიასა და კონტროლს;
ე) გამოითხოვს სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტებს;
ვ) ახორციელებს აღსრულების წარმოების სტატისტიკასა და ანალიზს;
ზ) იხილავს აღსრულებასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ დავებს და განსჯადობის საკითხებს;
თ) საჭიროების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, სასამართლო აღმასრულებელს უცვლის სამოქმედო ტერიტორიას კონკრეტული სააღსრულებო საქმის დასრულებამდე;
ი) წყვეტს საქმის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიისათვის მიკუთვნების და სპეციალური ჯგუფისათვის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად დაქვემდებარების საკითხებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
თავი III
დეპარტამენტის თანამდებობის პირები და სხვა საჯარო მოხელეები
მუხლი 9
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს;
ბ) უფლებამოსილია დეპარტამენტის მოსამსახურეებსა და სასამართლო აღმასრულებლებს მისცეს დავალებები და მითითებები;
გ) წყვეტს აღსრულებასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ დავებს და განსჯადობის საკითხებს;
თ) საჭიროების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, სასამართლო აღმასრულებელს უცვლის სამოქმედო ტერიტორიას კონკრეტული სააღსრულებო საქმის დასრულებამდე;
ე) წყვეტს საქმის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიისათვის მიკუთვნების და სპეციალური ჯგუფისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად დაქვემდებარების საკითხებს;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
მუხლი 10
1. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 11
1. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:
ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის სამსახურში არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობებს;
ბ) კოორდინაციას უწევს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს საქმიანობას;
გ) ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
მუხლი 12
1. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის თავმჯდომარისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სამსახურში არყოფნისას, ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობებს;
ბ) კოორდინაციას უწევს სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს, სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილების და დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეების საქმიანობას;
გ) ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
მუხლი 13
1. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას.
2. თავისი საქმიანობის განხორციელებისას, უფლებამოსილია დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს, სასამართლო აღმასრულებლებს ან შესაბამისად, სააღსრულებო პოლიციის თანამშრომლებს მისცეს დავალებები და მითითებები.
3. თავისი საქმიანობის განხორციელებისას სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული პირის წინაშე.
მუხლი 14
1. განყოფილების უფროსი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას.
2. თავისი საქმიანობის განხორციელებისას განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია ან დეპარტამენტის თავმჯდომარის ან სამმართველოს უფროსის წინაშე წინამდებარე დებულებით დადგენილი წესის მიხედვით.
მუხლი 15
დეპარტამენტის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა უფლებამოსილება და კომპეტენცია განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
მუხლი 16
დეპარტამენტის მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება იუსტიციის სამინისტროს საშტატო განრიგით.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 17
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის ორი სამმართველო და ერთი განყოფილება:
ა) სააღსრულებო წარმოების სამმართველო;
ბ) სააღსრულებო პოლიციის სამმართველო;
გ) სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება.
მუხლი 18
1. სააღსრულებო წარმოების სამმართველო:
ა) ახორციელებს სააღსრულებო ბიუროების მიერ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონების, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ნორმატიული აქტების პროექტებს;
გ) ახორციელებს სააღსრულებო ბიუროების, სასამართლო აღმასრულებელთა, საქმიანობის რევიზიასა და კონტროლს;
დ) სააღსრულებო ბიუროებიდან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტებს;
ე) იხილავს აღსრულებასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ დავებს და განსჯადობის საკითხებს;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
2. სააღსრულებო წარმოების სამმართველოში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის სამი განყოფილება:
ა) თბილისის განყოფილება;
ბ) აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილება;
გ) დასავლეთ საქართველოს განყოფილება.
3. სააღსრულებო წარმოების სამმართველოს განყოფილება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააღსრულებო ბიუროების მიერ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონების, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააღსრულებო ბიუროების, სასამართლო აღმასრულებელთა, საქმიანობის რევიზიასა და კონტროლს;
გ) დადგენილი წესის შესაბამისად, სააღსრულებო ბიუროებიდან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტებს;
დ) დადგენილი წესის შესაბამისად იხილავს აღსრულებასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ დავებს და განსჯადობის საკითხებს;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
4. სააღსრულებო წარმოების სამმართველოში შემავალი განყოფილებები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ამოცანებს ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შემდეგი ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მიმართ:
ა) თბილისის განყოფილება – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო –თბილისის სააღსრულებო ბიურო;
ბ) აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილება – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროები;
დ) დასავლეთ საქართველოს განყოფილება – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის სააღსრულებო ბიუროები.
მუხლი 19
სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 20
სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება:
ა) ახორციელებს აღსრულების წარმოების სტატისტიკასა და ანალიზს;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვს სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტებს;
გ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობას.
თავი V
დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა მატერიალური სტიმულირება
მუხლი 21
დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა მატერიალური სტიმულირებისათვის გამოიყენება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული შემოსავლები.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 22
წინამდებარე დებულების გაუქმება მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
დანართი №2
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. სააღსრულებო პოლიციის სამმართველო
სააღსრულებო პოლიციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს და შექმნილია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 2. სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ინსტრუქციით, წინამდებარე დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3. სამმართველოს მიზანი
1. სამმართველოს მიზანია აღმოუჩინოს დახმარება სასამართლო აღმასრულებელს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებაში, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას, აღკვეთოს სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა უკანონო ქმედებები, კანონმდებლობით დადგენილი წესით აღძრას სისხლის სამართლის საქმე და ჩაატაროს მოკვლევა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე.
2. სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალების საფუძველზე სააღსრულებო პოლიცია ახორციელებს სააღსრულებო დაწესებულებებისა ან/და სააღსრულებო დეპარტამენტის დაცვას.
თავი II
სამმართველოს ორგანიზაცია და სამმართველოს თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობები
მუხლი 4. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფო მოხელეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და წერილობით მითითებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამმართველოს მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
გ) ახდენს სამმართველოს განყოფილებების მუშაობის კოორდინაციას, წყვეტს საჭიროების შემთხვევაში სააღსრულებო პოლიციელების სხვა განყოფილებისათვის დახმარების საკითხს;
დ) წარუდგენს სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარეს სამმართველოს ხარჯთაღრიცხვის გეგმას;
ე) დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს სტრუქტურის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეების წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ;
ვ) ადგენს სამმართველოს სამუშაო გეგმებს, ხელმძღვანელობს მათ შესრულებას;
ზ) იბარებს სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარეს პერიოდულად, ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;
ი) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
კ) ასრულებს სააღსრულებო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 5. სამმართველოს ორგანიზაციული მოწყობა და მათი ხელმძღვანელების უფლებამოსილება
1. სამმართველო კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო პოლიციის განყოფილებების (შემდგომში – განყოფილება) საქმიანობას. განყოფილებების საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2. სამმართველო კოორდინაციას უწევს თბილისის განყოფილებასა და ქუთაისის განყოფილებას.
3. თბილისის განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაა – ქ. თბილისის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროების სამოქმედო ტერიტორიები.
4. ქუთაისის განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაა – იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროების სამოქმედო ტერიტორიები.
5. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
6. განყოფილების უფროსი:
ა) იღებს სააღსრულებო ბიუროების უფროსებისა და სასამართლო აღმასრულებლების წერილობით მიმართვებს სააღსრულებო პოლიციელთა დახმარების აუცილებლობის შესახებ;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს ჯგუფებსა და სააღსრულებო პოლიციელებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და წერილობით მითითებებს;
გ) თვალყურს ადევნებს ჯგუფების უფროსებისა და სააღსრულებო პოლიციელების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) ჯგუფების უფროსებისაგან და სააღსრულებო პოლიციელებისაგან იბარებს პატაკებს მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;
ე) სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სააღსრულებო პოლიციელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ;
ვ) კონტროლს უწევს სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის დადგენილი წესით სააღსრულებო პოლიციელთათვის გადაცემასა და ჩამორთმევას, მათი გამოყენების კანონიერებას;
ზ) ასრულებს სამმართველოს უფროსის დავალებებსა და მითითებებს;
თ) პერიოდულად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს სამმართველოს უფროსს ინფორმაციას განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
7. ქ. თბილისის განყოფილება შედგება სამი მობილური და ერთი მოკვლევის ჯგუფისაგან, ქ. ქუთაისის განყოფილება – ორი მობილური და ერთი მოკვლევის ჯგუფისაგან.
8. ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
9. მობილური ჯგუფის უფროსი:
ა) აძლევს დავალებებსა და მითითებებს მის დაქვემდებარებაში მყოფ სააღსრულებო პოლიციელებს;
ბ) უშუალოდ მონაწილეობს სააღსრულებო პოლიციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში და ხელმძღვანელობს მათ;
გ) მობილური ჯგუფის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ აბარებს პატაკს განყოფილების უფროსს;
დ) თვალყურს ადევნებს სააღსრულებო პოლიციელთა საქმიანობას და პასუხისმგებელია სააღსრულებო პოლიციელთა ქმედების კანონიერებაზე;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
10. მოკვლევის ჯგუფის უფროსი:
ა) ახორციელებს კონტროლს მომკვლევთა ჯგუფის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და მოკვლევაზე;
ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსისა და განყოფილების უფროსის დავალებებს.
თავი III
სააღსრულებო პოლიციელი და მისი უფლებამოსილება
მუხლი 6. სააღსრულებო პოლიციელი
1. სააღსრულებო პოლიციელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სააღსრულებო პოლიციელი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
3. სააღსრულებო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააღსრულებო პოლიციელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.
5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააღსრულებო პოლიციელი ატარებს სამსახურებრივ ფორმას, რომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სააღსრულებო პოლიციელს ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის მოწმობა.
მუხლი 7. სააღსრულებო პოლიციელის უფლებამოსილება
სააღსრულებო პოლიციელი უფლებამოსილია:
ა) დაეხმაროს სასამართლო აღმასრულებელს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაში;
ბ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი;
გ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაიცვას სასამართლო აღმასრულებელი, სხვა პირები და აღსრულებაზე მიქცეული ქონება;
დ) უზრუნველყოს აღსრულების მიმდინარეობისას მართლწესრიგის დაცვა;
ე) აღკვეთოს სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა უკანონო ქმედებები;
ვ) სასამართლო აღმასრულებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დააკავოს მოვალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება და წარადგინოს იგი სასამართლო აღმასრულებელთან;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აღძრას სისხლის სამართლის საქმე და აწარმოოს მოკვლევა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე;
თ) გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თავი IV
სამმართველოში სამსახურის გავლის წესი
მუხლი 8. სამმართველოში სამსახურის გავლის წესი
სამმართველოში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 9. დამატებითი მოთხოვნები სამმართველოს მოხელეთათვის
1. სამმართველოს მოხელეთათვის, გარდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულისა, წესდება შემდეგი დამატებითი მოთხოვნები:
ა) სამმართველოს უფროსისა და განყოფილების უფროსებისათვის უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) მოკვლევის ჯგუფის უფროსისათვის უმაღლესი იურიდიული განათლება;
გ) მობილური ჯგუფის უფროსისათვის და სააღსრულებო პოლიციელისათვის უმაღლესი განათლება;
დ) მოკვლევის ჯგუფის უფროსისათვის და მომკვლევისათვის უმაღლესი ურიდიული განათლება.
2. სააღსრულებო პოლიციელად შეიძლება მიღებული იქნეს პირი, რომელიც პიროვნული თვისებებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.
მუხლი 10. სამმართველოს თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი
სამმართველოს თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი განისაზღვრება “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონით.
თავი V
სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და გამოყენების წესი
მუხლი 11. სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, გაცემისა და ჩაბარების წესი
1. სამმართველოსათვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ინახება სამმართველოს განყოფილებაში არსებულ, ამისათვის სპეციალურად განკუთვნილ დაცულ საცავში.
2. სააღსრულებო პოლიციელზე და ჯგუფის უფროსზე სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გაცემა ხდება მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დაწყებისას.
3. სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გაცემა ფიქსირდება სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის აღრიცხვის ჟურნალში იარაღის სახეობის, ნომრის, საბრძოლო ტყვიების რაოდენობისა და გაცემის დროის მითითებით. გაცემა მოწმდება სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამცემი და მიმღები პირის ხელმოწერით.
4. სააღსრულებო პოლიციელისა და ჯგუფის უფროსის მიერ სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარება ხდება მათი გაცემისათვის დადგენილი წესით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის განკუთვნილი დროის დამთავრებისას.
5. სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვაზე, გაცემასა და ჩაბარებაზე კონტროლს ახორციელებს განყოფილების უფროსი.
მუხლი 12. სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება
სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ხდება მხოლოდ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
თავი VI
სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 13. სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სამმართველოს რეორგანიზაცია ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
2. სამმართველოს ლიკვიდაცია ხდება კანონის საფუძველზე.
თავი VII
დასკვნითი დებულებები
მუხლი 14. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები