საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 489
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228029, 29/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016649
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
489
27/12/2011
ვებგვერდი, 111228029, 29/12/2011
040030000.10.003.016649
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2011 - 13/12/2013)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 489

2011 წლის 27 დეკემბერი

. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების  საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

  მუხლი 1 . „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑8 მუხლის მე‑2 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების  საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი“.

  მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ .  გილაური

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი

    მუხლი 1. საფასური და მისი განაკვეთი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის (შემდგომში – 112) მომსახურების  საფასურის (შემდგომში – საფასური) გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები (შემდგომში – აბონენტი).

2. საფასური (დღგ‑ის ჩათვლით) შეადგენს:

ა) ფიქსირებული გეოგრაფიული და არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა:

ა.ა) ფიზიკური პირისთვის – 0.20 ლარს;

ა.ბ) იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის, დაწესებულებისთვის – 0.50 ლარს;

ბ) მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტებისთვის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა:

ბ.ა) ფიზიკური პირისთვის – 0.20 ლარს;

ბ.ბ) იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის, დაწესებულებისთვის – 0.50 ლარს.

3. ფიქსირებული გეოგრაფიული და არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომერზე საფასური გადაიხდება :

ა) სააბონენტო ნომერზე, რომელზეც ხდება სააბონენტო გადასახდელის დარიცხვა და კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული;

ბ) სააბონენტო ნომერზე, რომელზეც არ ხდება სააბონენტო გადასახდელის დარიცხვა და კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა;

გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტის შეძენისას ან სარგებლობისას, თუ ამ პაკეტით მიწოდებული სააბონენტო ნომრის მეშვეობით კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა.

4. ამ მუხლის მე‑2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება თითოეულ სააბონენტო ნომერზე,  რომელზეც  კალენდარული თვის განმავლობაში ჯამში მოხდა 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა.

5. საფასური არ გადაიხდება სააბონენტო ნომერზე, რომელიც გამოიყენება საკონტროლო‑სალარო აპარატებში.

6. სააბონენტო ნომრების პორტირების შემთხვევაში საფასურის დარიცხვა ხდება ცალ‑ცალკე პორტირებამდე და პორტირების შემდგომ პერიოდის მიხედვით.

    მუხლი 2. საფასურის გადახდის/ამოღების წესი

1. საფასურის ამოღებას, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, უზრუნველყოფს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირი (შემდგომში – მომსახურების მიმწოდებელი).

2. საფასური არ აისახება მომსახურების მიმწოდებლის ერთობლივ შემოსავალში. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საფასური ყოველთვიურად განცალკევებულად ასახოს მის მიერ აბონენტისთვის გაწეული მომსახურების ანგარიშში.

3. სააბონენტო ნომერზე საფასურის დარიცხვა ხდება ყოველი კალენდარული თვის მიხედვით,  ხოლო საფასურის გადახდა/ამოღება ხდება სააბონენტო გადასახდელთან ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ღირებულებასთან ერთად. აბონენტის მიერ მომსახურების მიმწოდებლისთვის გადახდილი თანხიდან პირველ რიგში უნდა დაიფაროს საფასური.

4. თუ აბონენტს ერიცხება საფასურისა და მომსახურების მიმწოდებლისადმი დაგროვილი დავალიანება, პირველ რიგში უნდა დაიფაროს საფასური და შემდეგ – მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული დავალიანება.

5. აბონენტის მიერ დაგროვილი დავალიანების თვეების მიხედვით დაფარვისას საფასურისა და მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული დავალიანების დაფარვა ხდება თანმიმდევრულად, დავალიანების დარიცხვის თვეების მიხედვით. პირველ რიგში სრულად იფარება შესაბამისი თვის საფასური და შემდეგ – მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული შესაბამისი თვის დავალიანება.

6. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში 112‑ის მიერ განსაზღვრული ფორმით და შინაარსით წარუდგინოს მას საფასურის დარიცხვასა და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია სააბონენტო ნომრების მიხედვით.

7. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა იმ დროისთვის გადახდილი/ამოღებული საფასური სრულად ჩარიცხოს 112‑ის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე.

8. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი მოთხოვნიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა 112‑ს წარუდგინოს საფასურის ამოღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.

9. მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ დადგენილებით მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

10. მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ დადგენილებით მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45‑ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

    მუხლი 3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

1. ამ წესის პირველი მუხლის მე‑2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების მიმწოდებელთა წვდომა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან“ და მომსახურების მიმწოდებლებს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ერთიან ბაზაში სოციალურად დაუცველი ოჯახების/პირების დამატების ან სტატუსის გაუქმების შესახებ.

3. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ პირებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება წარმოეშობათ ან უუქმდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების თვის მომდევნო თვიდან.

4. თუ აბონენტის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის“ მიხედვით, აბონენტმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისათვის მომსახურების მიმწოდებელს უნდა წარუდგინოს იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტები.

    მუხლი 4. ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი

112 უფლებამოსილია ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გასწიოს სხვა სახის მომსახურებაც. ასეთი მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.