საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 188
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/04/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 008, 08/05/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.190.060.05.001.000.134
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
188
17/04/1996
პარლამენტის უწყებანი, 008, 08/05/1996
010.190.060.05.001.000.134
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ

თავი 1. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის შესაბამისად და ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია (შემდგომში: „კომისია“) სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.

კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედობის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს.

    მუხლი 2.

კომისიის შექმნის საკითხი განიხილება პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით ან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად – პარლამენტის ნდობის ჯგუფის წარდგინებით.

გადაწყვეტილება კომისიის შექმნის შესახებ მიიღება დადგენილებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კომისიის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა.

საქართველოს 1998 წლის 4 მარტის კანონი №1272 - პარლამენტის უწყებანი №13-14, 08.04.1998 წ., გვ.27

    მუხლი 3.

კომისია ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე და მის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს.

საქართველოს პარლამენტს შეუძლია კომისიის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე მიიღოს დადგენილება კომისიის უფლებამოსილების და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან კომისიის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.

    მუხლი 4.

კომისიის უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს პარლამენტი.

თუ კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა დასკვნა განსახილველ საკითხზე, პარლამენტი უახლოეს სხდომაზე მოისმენს კომისიის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს, რომლის საფუძველზე პარლამენტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ დადგენილებას:

ა) კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ.

ბ) კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების და მისი შემადგენლობის შეცვლის შესახებ.

გ) კომისიის უფლებამოსილების და საკითხის შესწავლის შეწყვეტის შესახებ.

კომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში შეიძლება საკმარისად ჩაითვალოს განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

თუ პარლამენტი არასაკმარისად მიიჩნევს კომისიის დასკვნას, იგი იღებს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ერთ-ერთ დადგენილებას.

იმ შემთხვევაში, თუ ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე ვერ მოხერხდა განსახილველ საკითხზე დასკვნის მომზადება, კომისიის მიერ მოპოვებული მასალა, შესაბამისი ანგარიშით, გადაეცემა ახალი მოწვევის პარლამენტს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საკითხის შემდგომი შესწავლისა და განხილვის შესახებ.

თავი II. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

    მუხლი 5.

კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ან გადაირჩევა საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარისათვის დადგენილი წესით.

კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის უფლებამოსილების ვადით.

    მუხლი 6.

კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებული და პარლამენტის იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიაში არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარს.

კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების მიღებისას პარლამენტი ადგენს კომისიის წევრთა რაოდენობას და კანდიდატურების წარდგენის ვადას, რომლის გასვლამდე პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს.

კომისიის წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ფრაქციას ან პარლამენტის იმ წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, ხოლო ამ მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – პარლამენტის წევრსაც. პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი არ შეიძლება იყოს რომელიმე საპარლამენტო ფრაქციის წევრი.

კანდიდატები წარედგინება კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს საპარლამენტო ფრაქციათა და პარლამენტის წევრთა ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების სიას და გააცნობს მათ პარლამენტის სხდომას.

თუ დასახელებული კანდიდატების რაოდენობა კომისიის წევრთა დადგენილ რაოდენობაზე ნაკლებია დამატებითი კანდიდატების წარდგენის უფლება ეძლევათ პარლამენტის წევრებს. თუ წარდგენილი კანდიდატების საერთო რაოდენობა, ამ შემთხვევაშიც, დადგენილზე ნაკლებია, ვაკანტური ადგილები უქმდება. თუ პარლამენტის წევრების მიერ კანდიდატების დასახელების შემდეგ წარდგენილ კანდიდატთა საერთო რაოდენობა გადააჭარბებს კომისიის წევრთა დადგენილ რაოდენობას, პარლამენტის წევრების მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის იმართება კენჭისყრა. ყოველ ასარჩევ კანდიდატს კენჭს უყრიან ინდივიდუალურად. კომისიის წევრად არჩეულად ჩაითვლება უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, რომელმაც მიიღო პარლამენტის სიითი შემადგენლობის ხმების არანაკლებ ერთი მესამედი, თუ კენჭისყრის შედეგად კომისიის წევრთა რაოდენობა კვლავ დადგენილზე ნაკლები აღმოჩნდა, დარჩენილი კანდიდატებისათვის იმართება ხელახალი კენჭისყრა, რომელშიც არჩეულად ჩაითვლებიან უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები.

თუ დასახელებული კანდიდატების რაოდენობა გადააჭარბებს კომისიის წევრთა დადგენილ რაოდენობას, პარლამენტის წევრთა ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებისათვის იმართება კენჭისყრა, რომლის მოწყობის წესი განისაზღვრება ამ მუხლის მეექვსე ნაწილით.

თუ ამ მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული წესით კომისიის დაკომპლექტების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი აღმოჩნდა, საპარლამენტო უმრავლესობის კვოტა მცირდება ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული პრინციპის შესაბამისად.

ამ მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საპარლამენტო ფრაქციის ან პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი, აგრეთვე, როცა წარდგენილ კანდიდატთა რაოდენობა დადგენილზე ნაკლებია – პარლამენტის წევრის მიერ წარდგენილი კანდიდატიც, თუ მის მიმართ არ გამოითქვა აცილება, კომისიის წევრად ჩაითვლება პარლამენტის სხდომაზე მისი ვინაობის გამოცხადების მომენტიდან, ხოლო, თუ მის მიმართ გამოთქმულ აცილებას პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი, კენჭისყრის შედეგების გამოქვეყნების მომენტიდან.

პარლამენტის წევრის მიერ წარდგენილი კანდიდატი, როცა წარდგენილ კანდიდატთა რაოდენობა დადგენილზე მეტია, ხოლო ამ მუხლის მეშვიდე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატიც, კომისიის წევრად ჩაითვლება მისი არჩევის მომენტიდან.

შენიშვნა: ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებული ცნება „საპარლამენტო უმრავლესობა: გულისხმობს საპარლამენტო ფრაქციას ან საპარლამენტო ფრაქციათა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად რეგისტრირებულ კოალიციას, რომლის წევრთა რაოდენობა პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია.

    მუხლი 7.

პარლამენტის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს მოტივირებული აცილება მისცეს საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ჯგუფის ან პარლამენტის წევრის მიერ წარდგენილ კანდიდატს. აცილების საკითხს კენჭი ეყრება დაუყოვნებლივ. აცილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

    მუხლი 8.

საპარლამენტო ფრაქციას ან დეპუტატთა ჯგუფს, თუ პარლამენტმა უარყო მათ მიერ დასახელებული კანდიდატი, უფლება აქვთ პარლამენტის იმავე ან მომდევნო სხდომაზე წარადგინონ ახალი კანდიდატი.

საპარლამენტო ფრაქციის მიერ წარდგენილი კომისიის წევრი წყვეტს თავის საქმიანობას კომისიაში ფრაქციიდან მისი გარიცხვის, გასვლის ან ფრაქციის მიერ კომისიიდან გაწვევის შემთხვევაში. ფრაქციას უფლება აქვს წარადგინოს ახალი კანდიდატი, რის შესახებ კომისიის თავმჯდომარე უახლოეს სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.

საპარლამენტო ფრაქციის ან პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ დასახელებული ახალი კანდიდატი, თუ მის მიმართ არ გამოითქვა აცილება, კომისიის წევრად ჩაითვლება მისი ვინაობის პარლამენტის სხდომაზე გამოცხადების მომენტიდან, ხოლო, თუ მის მიმართ გამოთქმულ აცილებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა – კენჭისყრის შედეგების გამოქვეყნების მომენტიდან.

    მუხლი 9.

კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას, კომისიის წევრთა არანაკლებ ორი მესამედის არჩევიდან არა უგვიანეს სამი დღისა, იწვევს კომისიის თავმჯდომარე.

კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა განსაზღვრავს კომისიის სტრუქტურას და ირჩევს ხელმძღვანელებს.

საორგანიზაციო სხდომის ოქმს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო.

    მუხლი 10.

კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

    მუხლი 11.

კომისიის თავმჯდომარე წარმომადგენლობს კომისიას პარლამენტში, მის ფარგლებს გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში.

კომისიის თავმჯდომარე იწვევს და უძღვება კომისიის სხდომებს, კოორდინაციას უწევს ქვეკომისიებისა და კომისიის წევრების საქმიანობას, აკონტროლებს შრომის დისციპლინას, ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს და სხდომის ოქმებს, ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

    მუხლი 12.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა ფარული კენჭისყრით სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით და მტკიცდება პარლამენტის ბიუროზე.

თუ კომისიის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრია, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არ შეიძლება იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

თუ არჩევნებში ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და იგი ვერ აირჩა, ეწყობა ხელახალი არჩევნები.

თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორი ან მეტი კანდიდატი და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ეწყობა არჩევნების მეორე ტური, რომელშიც კენჭს უყრიან იმ ორ კანდიდატს, რომლებმაც მეტი ხმა მიიღეს.

თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მეორე ტურში გასულ კანდიდატთაგან მომდევნო კანდიდატს.

თუ არჩევნების პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ ორი გამარჯვებულის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც ხმების მიღებული რაოდენობის მიხედვით გაიყვეს პირველი ან პირველი და მეორე ადგილი.

არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებული გამოვლინდება პირველი ტურის შედეგების მიხედვით. თუ ამ წესით გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ეწყობა ხელახალი არჩევნები.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იგივე კანდიდატის წარდგენა დაიშვება მხოლოდ ორჯერ.

    მუხლი 13.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გადარჩევას კენჭი ეყრება, თუ ამას მოითხოვს კომისიის წევრთა სულ ცოტა ერთი მესამედი.

    მუხლი 14.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისივე დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.

    მუხლი 15.

კომისიის მდივანი აირჩევა ან გადაირჩევა კომისიის თავმჯდომარის მოადგილისათვის დადგენილი წესით.

კომისიის მდივანი ორგანიზაციას უწევს კომისიის სხდომების გამართვას, განაგებს საქმისწარმოებას, თავმჯდომარესთან ერთად ხელს აწერს სხდომის ოქმებს.

    მუხლი 16.

კომისიას დამხმარე სტრუქტურის სახით შეუძლია შექმნას ქვეკომისიები კომისიის სულ ცოტა 3 წევრის შემადგენლობით.

ქვეკომისიას ხელმძღვანელობს ქვეკომისიის თავმჯდომარე, რომლის არჩევისა და გადარჩევისათვის დადგენილია იგივე წესი, რაც კომისიის თავმჯდომარის მოადგილისათვის.

ქვეკომისიას და მის თავმჯდომარეს არ შეუძლიათ თავიანთი ინიციატივით გაიტანონ საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

    მუხლი 17.

კომისიის წევრთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით.

კომისის წევრი ვალდებულია შეასრულოს კომისიის დავალება.

    მუხლი 18.

კომისიის წევრის გამოყვანა კომისიის შემადგენლობიდან შეიძლება სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის, კომისიის დავალების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან კომისიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ ორი მესამედით, რის შესახებაც ეცნობება პარლამენტს.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის წევრს დაექვითება ერთი თვის ხელფასის მესამედი.

    მუხლი 19.

კომისიას ცალკეული საკითხების მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფები კომისიის წევრების, კომისიის სპეციალისტებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.

    მუხლი 20.

საჭიროების შემთხვევაში კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს სამუშაო გეგმას.

    მუხლი 21.

კომისიის სხდომების პერიოდულობას და მოწყობის ადგილს განსაზღვრავს კომისია.

კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას ეწყობა ხელახალი კენჭისყრა, ხოლო, თუ გადაწყვეტილება კვლავ ვერ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება.

კომისიის სხდომის მიმდინარეობა სრულად და ზუსტად უნდა აისახოს კომისიის სხდომის ოქმში, რომლის შედგენაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.

კომისიის სხდომები იმართება ღიად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. კომისიის სხდომის დრო და დღის წესრიგი, როგორც წესი, წინასწარ ეცნობებათ პარლამენტის წევრებს. კომისიის ღია სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები. ინფორმაცია კომისიის სხდომების შესახებ შეიძლება გამოქვეყნდეს პრესაში.

კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები. შეიძლება მოეწყოს კომისიის სხდომის რადიო და ტელერეპორტაჟი.

კომისიის წევრის წინადადებით, კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ.

კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის (მასალების), სხდომის ოქმების სრული ან ნაწილობრივი გამოქვეყნება, თუ ისინი შეიცავს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაიშვება გენერალური პროკურორის თანხმობით, ხოლო სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ან სხდომის ოქმების გამოქვეყნების წესი განისაზღვრება კანონით.

კომისიის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ კომისიის საქმიანობაში, ვალდებული არიან დაიცვან საპარლამენტო გამოძიების საიდუმლოება.

    მუხლი 22.

1. კომისიის დასკვნა, როგორც წესი, განიხილება პარლამენტის ღია სხდომაზე. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისიის დასკვნის განსახილველად შეიძლება მოეწყოს დახურული სხდომა.

2. პარლამენტის გადაწყვეტილებით კომისია დასკვნასთან ერთად წარადგენს მის ხელთ არსებულ მასალას. თუ დასკვნას თან ერთვის სისხლის სამართლის საქმის მასალები, ღია სხდომის მოსაწყობად აუცილებელია საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობა, ხოლო სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების პარლამენტის ღია სხდომაზე წარდგენის წესი განისაზღვრება კანონით.

3. დახურული სხდომის დაწყებისას სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს პარლამენტის წევრებს კომისიისა და წინასწარი გამოძიების მონაცემების, სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების გახმაურებისათვის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის შესახებ.

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1346 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.118

თავი III. კომისიის უფლებამოსილება

    მუხლი 23.

კომისიის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

    მუხლი 24.

1. კომისიის მოთხოვნით სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, წარმოადგინონ საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.

2. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით, – საქართველოს გენერალური პროკურორის ნებართვით, – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, ადგილზე გაეცნოს წინასწარი გამოძიების სტადიაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, თუ კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში მოიპოვება მის მიერ განსახილველი საკითხის გამოკვლევისათვის საჭირო მონაცემები.

3. კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე და საქართველოს გენერალური პროკურორის დავალებით, გამომძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის წევრებისათვის საქმის მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა.

4. კომისიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. კომისიას უფლება აქვს თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად დასვას საკითხი მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების შესახებ.

საქართველოს 1996 წლის 26 დეკემბრის კანონი №549 - პარლამენტის უწყებანი №1-2, 22.01.1997 წ., გვ.39

საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №255 - სსმ I, №16, 02.05.2000 წ., მუხ.40

    მუხლი 25.

განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით, კომისიას უფლება აქვს სახელმწიფო კონტროლის შესაბამისი ორგანოს წინაშე დააყენოს საკითხი, ხოლო არასახელმწიფო სტრუქტურებთან დადოს ხელშეკრულება საკონტროლო-სარევიზიო ღონისძიებათა განხორციელების შესახებ.

    მუხლი 26.

კომისიას უფლება აქვს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ამა თუ იმ გარემოების გამო, მოიწვიოს და წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას ნებისმიერ პირს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

არასრულწლოვანისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევას უნდა ესწრებოდეს მისი კანონიერი წარმომადგენელი. თექვსმეტ წელს მიუღწეულ პირს განემარტება, რომ აუცილებელია სწორი ახსნა-განმარტების მიცემა, მაგრამ მას არ აფრთხილებენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის ან თავის არიდებისათვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის.

თუ პირმა არ იცის სახელმწიფო ენა, მოიწვევა თარჯიმანი. მუნჯისა და ყრუსთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემთხვევაში მოწვეულ უნდა იქნეს ის პირი, რომელმაც მათი სალაპარაკო ნიშნები იცის. თუ თარჯიმანი ან ის პირი, რომელმაც ყრუ-მუნჯის სალაპარაკო ნიშნები იცის, შეგნებულად არასწორად თარგმნის, პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2065 მუხლით.

მოწვეულ პირს ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა კომისიის სხდომაზე. გამონაკლის შემთხვევებში, კომისიას ახსნა-განმარტების ჩამორთმევა შეუძლია დაავალოს კომისიის არანაკლებ სამ წევრს, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც არ უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი.

ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წინ მოწვეულ პირს აფრთხილებენ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის ან თავის არიდებისათვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც აღინიშნება ახსნა-განმარტების ტექსტში და დასტურდება მოწვეული პირის ხელმოწერით.

    მუხლი 27.

1. განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის შესახებ კომისიას უფლება აქვს დასვას საკითხი იმ სახელმწიფო ორგანოში ან თანამდებობის პირთან, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით – შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დააყენოს საკითხი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

2. საკითხის განხილვის შედეგებისა და მიღებულ ღონისძიებათა შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს არა უგვიანეს ერთი თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში.

საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №255 - სსმ I, №16, 02.05.2000 წ., მუხ.40

    მუხლი 28.

კომისია უფლებამოსილია პარლამენტის წინაშე დააყენოს წინადადება იმპიჩმენტის წესით საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა გადაყენების საკითხის აღძვრისათვის პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვების თაობაზე.

თავი IV. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

    მუხლი 29.

კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი მოწვეულ ექსპერტებთან და სპეციალისტებთან განსაზღვრული ვადით აფორმებს შრომით ხელშეკრულებას.

კომისია სარგებლობს პარლამენტის დამხმარე ორგანოების მომსახურებით.

გამოკვლევის მიზნებისათვის კომისია უფლებამოსილია გასწიოს ხარჯები, რომელთა ოდენობას და გაცემის წესს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო.

კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით ცალკეული დავალებების შესასრულებლად მოიწვიოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს და სხვა უწყებათა თანამშრომლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში თავისუფლდებიან სამსახურებრივი მოვალეობისაგან და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში უნარჩუნდებათ ხელფასი და აუნაზღაურდებათ სამივლინებო ხარჯები.

საქართველოს 1996 წლის 26 დეკემბრის კანონი №549 - პარლამენტის უწყებანი №1-2, 22.01.1997 წ., გვ.39

 

საქართველოს პრეზიდენტი   ე. შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 17 აპრილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1996 წლის 26 დეკემბრის კანონი №549 - პარლამენტის უწყებანი №1-2, 22.01.1997 წ., გვ.39

2. საქართველოს 1998 წლის 4 მარტის კანონი №1272 - პარლამენტის უწყებანი №13-14, 08.04.1998 წ., გვ.27

3. საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №255 - სსმ I, №16, 02.05.2000 წ., მუხ.40

4. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1346 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.118

5. ძალადაკარგულია - საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2151 - სსმ I, №51, 06.12.2005 წ., მუხ.339