საგანგებო მდგომარეობის შესახებ

საგანგებო მდგომარეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 972
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 120.160.030.05.001.000.265
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
972
17/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
120.160.030.05.001.000.265
საგანგებო მდგომარეობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (04/03/2015 - 07/12/2017)

საქართველოს კანონი

საგანგებო მდგომარეობის შესახებ

    მუხლი 1

1. საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს, სტიქიურ უბედურებათა, დიდი ავარიების, ეპიზოოტიების ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.

2. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა.

    მუხლი 2

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რაც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.

2. საქართველოს პრეზიდენტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აფრთხილებს მოსახლეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, ხოლო გამოცხადებიდან 48 საათის განმავლობაში ეს გადაწყვეტილება შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. თუ საქართველოს პარლამენტმა არ დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, ამ მომენტიდან საგანგებო მდგომარეობა გაუქმებულად ითვლება.

3. საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც 48 საათის განმავლობაში წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

4. საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კონტრასიგნებული დეკრეტი, რომელიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18, მე-20, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებში ჩამოთვლილ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, უნდა დაამტკიცოს საქართველოს პარლამენტმა. დეკრეტის ტექსტი გადაიცემა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ხელმოწერიდან ერთი დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში ერთხელ მაინც.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1022 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

     მუხლი 3

1. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში უნდა აღინიშნოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების მოტივები, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა და ტერიტორიული საზღვრები.

2. საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეუძლია გაახანგრძლივოს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა ან ვადამდე გააუქმოს იგი.

3. თუ საქართველოს პარლამენტი თვლის, რომ აღარ არსებობს ამ კანონის პირველ მუხლში გათვალისწინებული პირობა, რომელიც საფუძვლად დაედო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, იღებს კანონს მისი გაუქმების შესახებ.

4. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, მისი მოქმედების ვადის გახანგრძლივების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების მომენტიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, და დაუყოვნებლივ ქვეყნდება.

5. საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე ძალას კარგავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოცემული ყველა დეკრეტი.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1022 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 4

საგანგებო მდგომარეობისას, კონკრეტულ გარემოებათა შესაბამისად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეუძლიათ განახორციელონ შემდეგი ღონისძიებანი:

ა) გააძლიერონ საზოგადოებრივი წესრიგისა და იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის საქმიანობას და მეურნეობის ფუნქციონირებას;

ბ) დროებით გაასახლონ მოქალაქეები საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან; ამასთან, აუცილებლად მისცენ სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომები;

გ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილებში შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდონ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევნი, რომლებიც არ არიან მოცემული ადგილის მცხოვრებნი, გააძევონ საკუთარი ხარჯით თავიანთ მუდმივ ადგილსამყოფელში ან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებს გარეთ;

ე) დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, ტყვია-წამალი, ხოლო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს _ აგრეთვე სასწავლო-სამხედრო ტექნიკა, ფეთქებადი, რადიაქტიული ნივთიერებანი და მასალები, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებანი;

ვ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ტერიტორიაზე აკრძალონ კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა;

ზ) შეიტანონ ცვლილებანი სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გეგმებში, აგრეთვე გადაწყვიტონ მათი სამეურნეო საქმიანობის სხვა საკითხები, დააწესონ სახელმწიფო და კერძო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი;

თ) საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული საჭიროებიდან გამომდინარე დროებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში, გადააყენონ თანამდებობიდან სტრატეგიული და მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დანიშნონ მათი შემცვლელი პირები; დროებით აკრძალონ ასეთ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მუშა-მოსამსახურეთა სამუშაოდან საკუთარი სურვილით განთავისუფლება, საპატიო მიზეზით დათხოვნის გარდა; დროებით გადაყენებული პირები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე აღადგინონ თავიანთ თანამდებობებზე, თუ არ არსებობს თანამდებობიდან მათი განთავისუფლების კანონიერი საფუძველი;

ი) კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენონ სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რესურსები საგანგებო ვითარების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის; იმავე მიზნით ისარგებლონ სხვა იურიდიული, აგრეთვე ფიზიკური პირების კუთვნილი ქონებითა და მატერიალური საშუალებებით მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, რომელიც გაიცემა საგანგებო მდგომარეობის დამთავრების შემდეგ;

კ) აკრძალონ გაფიცვების მოწყობა;

ლ) ჩააბან შრომისუნარიანი მოქალაქენი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში, შრომის საშუალო ანაზღაურებით, აგრეთვე საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში, ამასთან უზრუნველყონ მათი შრომის უსაფრთხოება;

მ) შეზღუდონ ან აკრძალონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით, აგრეთვე სპირტიანი სასმელებითა და სპირტის შემცველი ნივთიერებებით ვაჭრობა, აკრძალონ უნებართვოდ სამხედრო ფორმისა და ეკიპირების საგნების ტარება;

ნ) შემოიღონ კარანტინი და განახორციელონ სხვა სავალდებულო სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებანი;

ო) კანონმდებლობის შესაბამისად კონტროლი დააწესონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;

პ) შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები;

ჟ) შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გასინჯონ ისინი;

რ) შემოიღონ კომენდანტის საათი;

ს) არ დაუშვან საქართველოს კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი მოქალაქეთა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა და საქმიანობა;

ტ) შეამოწმონ დოკუმენტები მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას, მოაწყონ მოქალაქეთა პირადი გასინჯვა, მათი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება.

საქართველოს 2003 წლის 7  მაისის  კანონი №  2169  -სსმ I, № 15   04  . 06 . 2003 წ., მუხ. 102

     მუხლი 5

1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს უფლება აქვთ გააუქმონ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ადგილებში მოქმედი ქვემდგომი ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილება.

2. საგანგებო მდგომარეობის შედეგების თავიდან აცილების, შემცირებისა და ლიკვიდაციის სამუშაოების კოორდინაცია ევალება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს.

საქართველოს 2015 წლის 4 მარტის   კანონი №3134  – ვებგვერდი, 23.03.2015წ.

    მუხლი 6

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდისათვის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, მუშა-მოსამსახურენი, მათ დაუკითხავად, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოზე, რომელიც არ არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული.

    მუხლი 7

1. მოქალაქეებს კომენდანტის საათის დროს აკრძალული აქვთ ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩებში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის დამრღვევ პირებს დააკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა; დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე გაუსინჯონ ნივთები.

    მუხლი 8

მე-4 მუხლის „გ“, „დ“, „ვ“, „კ“ და „მ“_ „ჟ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების, აგრეთვე მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 9

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით და საქართველოს პარლამენტის თანხმობით, საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნენ საქართველოს სამხედრო ძალები, რომლებიც მოქმედებენ ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1022 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

     მუხლი 10

1. საგანგებო მდგომარეობის შედეგების სალიკვიდაციოდ მოხმობილი ძალების მოქმედებათა კოორდინაციის, ხელმძღვანელობისა და თანამოქმედების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით შესაძლებელია საქართველოს მთავრობას დაეკისროს ვალდებულება, დადგენილებით შექმნას დროებითი ორგანოები ან/და საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარდგინებით დანიშნოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი.

2. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც არეგულირებს ამ კანონის ფარგლებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ხელშეწყობის საკითხებს.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1022 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 4 მარტის   კანონი №3134  – ვებგვერდი, 23.03.2015წ.

    მუხლი 11

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამთავრობო დაწესებულების გადაწყვეტილებით სტიქიური უბედურებების, დიდი ავარიების ან კატასტროფების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების შედეგების ლიკვიდაციისათვის შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.

საქართველოს  2003 წლის 7  მაისის  კანონი №  2169  -სსმI, № 15 04 . 06 . 2003 წ; მუხ. 102  
საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1022 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 12

საქართველოს პარლამენტს ენიჭება უფლება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეცვალოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა კანონით დადგენილი ტერიტორიული განსჯადობა.

    მუხლი 13

1. საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი თავიდან აცილებისათვის, ლიკვიდაციის სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებით დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უზრუნველყოფს საცხოვრებელი სადგომებით, უნაზღაურებს მიყენებულ მატერიალურ ზარალს, ეხმარება სამუშაოზე მოწყობაში და უწევს სხვაგვარ დახმარებას.

2. ბინის მიცემის, ზარალის ანაზღაურებისა და სხვა საჭირო დახმარების გაწევის პირობებსა და წესს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1022 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 14

1. თუ იმ ადგილებში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ფუნქციების ჯეროვან შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, საქართველოს პრეზიდენტს დეკრეტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით შეუძლია შემოიღოს დროებითი მმართველობა, რითაც იგი საქართველოს მთავრობას დააკისრებს ვალდებულებას, დადგენილებით შექმნას მმართველობის განმახორციელებელი დროებითი ორგანო ან დანიშნოს თანამდებობის პირი და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილება დროებით შეჩერდება, ხოლო მათი ფუნქციების შესრულება დაეკისრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ ორგანოს ან დანიშნულ თანამდებობის პირს, რომელსაც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვს:

ა) გამოიყენოს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებანი;

ბ) დროებით შეასრულოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციები;

გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალური მშენებლობის საკითხებზე;

დ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაიქვემდებაროს შესაბამის ადგილას განლაგებული სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით.

საქართველოს  2005 წლის 5  ივნისის  კანონი № 4855  -სსმI, № 21 18 . 06 . 2007 წ., მუხ.  178
საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1022 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 15

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და გაუქმების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

    მუხლი 16

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 11 დეკემბრის კანონი „საგანგებო წესების შესახებ“ („საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“, 1990წ., №12, მუხ. 364).

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 17 ოქტომბერი.

№972_ Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.