საგანგებო მდგომარეობის შესახებ

საგანგებო მდგომარეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 972
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 120.160.030.05.001.000.265
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
972
17/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
120.160.030.05.001.000.265
საგანგებო მდგომარეობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (31/10/2018 - 15/07/2020)

საქართველოს კანონი

 

საგანგებო მდგომარეობის შესახებ

      მუხლი 1

1. საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის, მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.

2. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3576 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

მუხლი 2 

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ ბრძანებას ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას. საგანგებო უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

2. საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი. საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის, რომელიც აქტის გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. გადაწყვეტილებას ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას საქართველოს პარლამენტის მიერ. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შეწყვეტის თაობაზე.

3. საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც დეკრეტის გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე, და იგი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. დეკრეტი მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით. დეკრეტი დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პარლამენტი დეკრეტს ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ საქართველოს პარლამენტი დეკრეტს არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.

4. საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი დეკრეტი, რომელიც ზღუდავს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილ უფლებებს და აჩერებს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედებას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. უფლებების შეზღუდვის შესახებ დეკრეტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა ჩაითვლება ამ დეკრეტის გამოცემად და აღნიშნული დეკრეტი ძალაში შედის ამ მომენტიდან, ხოლო ნორმის შეჩერების შესახებ დეკრეტი ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. დეკრეტის ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1022 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3576  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

მუხლი 3 

1. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებაში უნდა აღინიშნოს ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივი და ტერიტორიული საზღვრები.

2. გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ მიიღება შესაბამისი მდგომარეობის გამოცხადებისა და დამტკიცებისთვის დადგენილი წესით.

3. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1022 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3576  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

    მუხლი 4

საგანგებო მდგომარეობისას, კონკრეტულ გარემოებათა შესაბამისად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეუძლიათ განახორციელონ შემდეგი ღონისძიებანი:

ა) გააძლიერონ საზოგადოებრივი წესრიგისა და იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის საქმიანობას და მეურნეობის ფუნქციონირებას;

ბ) დროებით გაასახლონ მოქალაქეები საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან; ამასთან, აუცილებლად მისცენ სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომები;

გ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილებში შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდონ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევნი, რომლებიც არ არიან მოცემული ადგილის მცხოვრებნი, გააძევონ საკუთარი ხარჯით თავიანთ მუდმივ ადგილსამყოფელში ან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებს გარეთ;

ე) დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, ტყვია-წამალი, ხოლო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს _ აგრეთვე სასწავლო-სამხედრო ტექნიკა, ფეთქებადი, რადიაქტიული ნივთიერებანი და მასალები, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებანი;

ვ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ტერიტორიაზე აკრძალონ კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა;

ზ) შეიტანონ ცვლილებანი სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გეგმებში, აგრეთვე გადაწყვიტონ მათი სამეურნეო საქმიანობის სხვა საკითხები, დააწესონ სახელმწიფო და კერძო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი;

თ) საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული საჭიროებიდან გამომდინარე დროებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში, გადააყენონ თანამდებობიდან სტრატეგიული და მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დანიშნონ მათი შემცვლელი პირები; დროებით აკრძალონ ასეთ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მუშა-მოსამსახურეთა სამუშაოდან საკუთარი სურვილით განთავისუფლება, საპატიო მიზეზით დათხოვნის გარდა; დროებით გადაყენებული პირები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე აღადგინონ თავიანთ თანამდებობებზე, თუ არ არსებობს თანამდებობიდან მათი განთავისუფლების კანონიერი საფუძველი;

ი) კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენონ სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რესურსები საგანგებო ვითარების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის; იმავე მიზნით ისარგებლონ სხვა იურიდიული, აგრეთვე ფიზიკური პირების კუთვნილი ქონებითა და მატერიალური საშუალებებით მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, რომელიც გაიცემა საგანგებო მდგომარეობის დამთავრების შემდეგ;

კ) აკრძალონ გაფიცვების მოწყობა;

ლ) ჩააბან შრომისუნარიანი მოქალაქენი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში, შრომის საშუალო ანაზღაურებით, აგრეთვე საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში, ამასთან უზრუნველყონ მათი შრომის უსაფრთხოება;

მ) შეზღუდონ ან აკრძალონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით, აგრეთვე სპირტიანი სასმელებითა და სპირტის შემცველი ნივთიერებებით ვაჭრობა, აკრძალონ უნებართვოდ სამხედრო ფორმისა და ეკიპირების საგნების ტარება;

ნ) შემოიღონ კარანტინი და განახორციელონ სხვა სავალდებულო სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებანი;

ო) კანონმდებლობის შესაბამისად კონტროლი დააწესონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;

პ) შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები;

ჟ) შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გასინჯონ ისინი;

რ) შემოიღონ კომენდანტის საათი;

ს) არ დაუშვან საქართველოს კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი მოქალაქეთა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა და საქმიანობა;

ტ) შეამოწმონ დოკუმენტები მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას, მოაწყონ მოქალაქეთა პირადი გასინჯვა, მათი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება.

საქართველოს 2003 წლის 7  მაისის  კანონი №2169  -სსმ I, № 15   04  . 06 . 2003 წ., მუხ. 102

მუხლი 5 

1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს უფლება აქვთ გააუქმონ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ადგილებში მოქმედი ქვემდგომი ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილება.

2. საგანგებო მდგომარეობის შედეგების თავიდან აცილების, შემცირებისა და ლიკვიდაციის სამუშაოების კოორდინაცია ევალება საქართველოს მთავრობას.

საქართველოს 2015 წლის 4 მარტის   კანონი №3134  – ვებგვერდი, 23.03.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1682   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 6

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდისათვის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, მუშა-მოსამსახურენი, მათ დაუკითხავად, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოზე, რომელიც არ არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული.

    მუხლი 7

1. მოქალაქეებს კომენდანტის საათის დროს აკრძალული აქვთ ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩებში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის დამრღვევ პირებს დააკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა; დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე გაუსინჯონ ნივთები.

    მუხლი 8

მე-4 მუხლის „გ“, „დ“, „ვ“, „კ“ და „მ“_ „ჟ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების, აგრეთვე მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 9 

საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის თავდაცვის ძალების გამოყენება და მათი მოქმედებაში მოყვანა ხდება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1022 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3576 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

მუხლი 10 

1. საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისათვის მოხმობილი ძალების მოქმედებათა კოორდინაციის, ხელმძღვანელობისა და თანამოქმედების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, შესაძლებელია საქართველოს მთავრობას დაეკისროს ვალდებულება, დადგენილებით შექმნას დროებითი ორგანოები ან/და საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე დანიშნოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი და განსაზღვროს მათი/მისი უფლებამოსილებანი.

2. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც არეგულირებს ამ კანონის ფარგლებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ხელშეწყობის საკითხებს.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1022 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 4 მარტის   კანონი №3134  – ვებგვერდი, 23.03.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1682   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3576  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

     მუხლი 11

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამთავრობო დაწესებულების გადაწყვეტილებით ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის შედეგების ლიკვიდაციისათვის შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები როგორც საქართველოდან, ისე უცხო ქვეყნებიდან.

საქართველოს  2003 წლის 7  მაისის  კანონი №2169  -სსმI, № 15 04 . 06 . 2003 წ; მუხ. 102  
საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1022 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.   

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3576  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

    მუხლი 12

საქართველოს პარლამენტს ენიჭება უფლება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეცვალოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა კანონით დადგენილი ტერიტორიული განსჯადობა.

    მუხლი 13

1. საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი თავიდან აცილებისათვის, ლიკვიდაციის სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებით დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უზრუნველყოფს საცხოვრებელი სადგომებით, უნაზღაურებს მიყენებულ მატერიალურ ზარალს, ეხმარება სამუშაოზე მოწყობაში და უწევს სხვაგვარ დახმარებას.

2. ბინის მიცემის, ზარალის ანაზღაურებისა და სხვა საჭირო დახმარების გაწევის პირობებსა და წესს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1022 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 14

1. თუ იმ ადგილებში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ფუნქციების ჯეროვან შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, საქართველოს პრეზიდენტს დეკრეტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, შეუძლია შემოიღოს დროებითი მმართველობა, რითაც იგი საქართველოს მთავრობას დააკისრებს ვალდებულებას, დადგენილებით შექმნას მმართველობის განმახორციელებელი დროებითი ორგანო ან დანიშნოს თანამდებობის პირი და განსაზღვროს მისი უფლებამოსილებანი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილება დროებით შეჩერდება, ხოლო მათი ფუნქციების შესრულება დაეკისრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ ორგანოს ან დანიშნულ თანამდებობის პირს, რომელსაც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვს:

ა) გამოიყენოს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებანი;

ბ) დროებით შეასრულოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციები;

გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალური მშენებლობის საკითხებზე;

დ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაიქვემდებაროს შესაბამის ადგილას განლაგებული სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით.

საქართველოს  2005 წლის 5  ივნისის  კანონი №4855  -სსმI, № 21 18 . 06 . 2007 წ., მუხ.  178
საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1022 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3576  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

    მუხლი 15

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და გაუქმების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

    მუხლი 16

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 11 დეკემბრის კანონი „საგანგებო წესების შესახებ“ („საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“, 1990წ., №12, მუხ. 364).

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 17 ოქტომბერი.

№972Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.