დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების დამტკიცების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 320 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/08/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 93, 04/09/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170.050.000.11.106.004.950 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (04/09/2001 - 17/01/2003)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.030.000.11.106.004.350
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება № 320
2001 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების დამტკიცების შესახებ
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების თანდართული რედაქცია.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის
წესდება
თავი 1. ზოგადი დებულება
მუხლი 1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სტატუსი
1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არის ნოტარიუსთა სავალდებულო წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად აღასრულებს თავის უფლებებსა და ვალდებულებებს. იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა შექმნილია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმისწარმოების ენაა ქართული ენა.
4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატას აქვს ემბლემა და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო ანგარიში), იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.
თავი 2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრობა.
საწევრო გადასახადი
მუხლი 2. წევრობა
1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრია ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშნული ყველა ნოტარიუსი. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ნოტარიუსთა პალატების წევრები იმავდროულად არიან საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრები.
2. ნოტარიუსი პალატის წევრი ხდება თანამდებობაზე დანიშვნისთანავე.
3. პალატის წევრობა წყდება ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლებისთანავე.
მუხლი 3. საწევრო გადასახადი
1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ყველა წევრი ვალდებულია გადაიხადოს ყოველთვიური საწევრო გადასახადი (შემდგომში – ”საწევრო“) ამ წესდებით დადგენილი წესით.
2. საწევროს განაკვეთია ნოტარიუსის საერთო შემოსავლის (ბრუნვის) 3%. საერთო შემოსავალში იგულისხმება თანხა, რომელიც ნოტარიუსმა მიიღო სანოტარო მოქმედებების შესრულების შედეგად დამატებული ღირებულების გადასახადის გამოკლებით.
3. საწევრო ოდენობა ერთიანია ყველა ნოტარიუსისათვის. დაუშვებელია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ნოტარიუსთა პალატების მიერ საწევრო ოდენობის გაზრდა. ამასთანავე, ამ პალატის წევრი ნოტარიუსები ვალდებულნი არიან საწევრო 30% გადარიცხოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ანგარიშზე, ხოლო 70%-შესაბამისი რეგიონული პალატის ანგარიშზე.
4. ნოტარიუსი ვალდებულია საწევრო გადაიხადოს ყოველთვიურად, საანგარიშო თვის მომდევნო თვის ოც რიცხვამდე. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია საწევროსთან ერთად გადაიხადოს საურავი გადასახდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. საურავის დარიცხვა წარმოებს სამი თვის განმავლობაში.
5. არასაპატიო მიზეზით საწევროს სამი თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის (რეგიონული პალატის) გამგეობა ვალდებულია აღძრას ნოტარიუსის მიმართ დისციპლინური დევნა.
6. ნოტარიუსი, რომელსაც შეუჩერდა უფლებამოსილება, არ იხდის საწევროს უფლებამოსილების შეჩერების განმავლობაში.
7. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა (რეგიონული პალატა) უფლებამოსილია შეამოწმოს ნოტარიუსის მიერ საწევროს გადახდის სისწორე და ამ მიზნით გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია ნოტარიუსისაგან.
8. იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსმა შეამცირა საწევროს ოდენობა, იგი ვალდებულია შეამციროს ფაქტის დადგენიდან ერთი თვის ვადაში გადაიხადოს თანხა, რომელითაც შემცირდა საწევროს ოდენობა, გადაიხადოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი საურავი ყოველი დღისათვის საწევროს გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან დავალიანების დაფარვის დღემდე.
9. ნოტარიუსის მიერ საწევროს ზედმეტი ოდენობით გადახდის შემთხვევაში ნოტარიუსი უფლებამოსილია დაიბრუნოს ზედმეტად გადახდილი თანხა, ან ჩაითვალოს მომდევნო თვეების საწევროს ანგარიშში.
თავი 3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ორგანიზაცია
მუხლი 4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მმართველი ორგანო
1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის უმაღლესი მმართველო ორგანოა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება.
2. საერთო კრება შედგება საქართველოს ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშნული ყველა ნოტარიუსისაგან.
3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება, როგორც წესი, ტარდება ქ. თბილისში. ამასთანავე, შესაძლებელია კრების ჩატარება საქართველოს სხვა დასახლებულ პუნქტებში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის მოტივირებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 5. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების კომპეტენცია
1. საერთო კრება:
ა) ამტკიცებს პალატის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში. წესდებისა და მასში შესატანი ცვლილებების პროექტს ამზადებს პალატის გამგეობა და იწონებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
ბ) განიხილავს ნოტარიატის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ წინადადებებს, საკითხებსა და პრობლემებს;
გ) ამტკიცებს მომავალი წლის ბიუჯეტს და გასული წლის ბალანსს, რომელთაც წარადგენს პალატის გამგეობა;
დ) ამტკიცებს ნოტარიუსთა საქმიანობის ანგარიშგების სტატისტიკურ ფორმებს, რომლის პროექტს შეიმუშავებს პალატის გამგეობა;
ე) განიხილავს სხვა საკითხებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
მუხლი 6. საერთო კრების მოწვევის პროცედურა
1. წლიური საერთო კრება ტარდება ყოველი წლის თებერვალში თვის ბოლო კვირაში.
2. რიგგარეშე კრება მოიწვევა:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინადადებით;
ბ) პალატის გამგეობის გადაწყვეტილებით. გამგეობის გადაწყვეტილებით უნდა დადგინდეს კრების თარიღი და დღის წესრიგი;
გ) პალატის წევრთა საერთო რიცხვის ერთი მეხუთედის მოთხოვნით;
დ) ამ წესდებით დადგენილ შემთხვევაში და წესით.
3. პალატის გამგეობის თავმჯდომარე ვალდებულია რიგგარეშე კრების მოწვევის მოთხოვნის მიღებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში დანიშნოს რიგგარეშე კრების თარიღი. რიგგარეშე კრება უნდა ჩატარდეს მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ამასთანავე, გამგეობის თავმჯდომარე ვალდებულია კრების დღის წესრიგში შეიტანოს ის საკითხი, რომლის განხილვასაც ითხოვს რიგგარეშე კრების მოწვევის ინიციატორი.
4. საერთო კრების მოწვევის ვალდებულება ეკისრება პალატის გამგეობის თავმჯდომარეს. იგი ვალდებულია კრება მოიწვიოს დაზღვეული წერილით კრების თარიღამდე არანაკლებ 14 დღით ადრე. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს კრების ჩატარების თარიღი, ადგილი, დრო და დღის წესრიგი, აგრეთვე კრების მოწვევის ინიციატორი.
მუხლი 7. კრების მონაწილეები
1. კრების მუშაობაში ნოტარიუსი მონაწილეობს პირადად ან იმ წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც პალატის წევრია. წარმომადგენლობა ფორმდება წერილობით. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია პალატის გამგეობას წერილობით აცნობოს კრებაზე პირადად დაუსწრებლობის მიზეზი.
2. ნოტარიუსის მიერ არასაპატიო მიზეზით კრებაზე დაუსწრებლობა არის საშუალო ხარისხის დისციპლინური გადაცდომა.
3. გადამდგარი ნოტარიუსი უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს კრებას, მათ შორის, დახურულ კრებას. კრების მოწვევის შესახებ ამ წესდებით დადგენილი პროცედურა დაცული უნდა იყოს გადამდგარი ნოტარიუსების მიმართაც.
მუხლი 8. კრების უფლებაუნარიანობა
1. წლიური და რიგგარეშე საერთო კრება უფლებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
2. თუ საერთო კრება არაუფლებაუნარიანია, მაშინ მესამე შაბათს იმავე დღის წესრიგით ტარდება განმეორებითი კრება.
3. კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
მუხლი 9. კრების საჯაროობა
1. კრება ტარდება ღიად და საჯაროდ.
2. იმ შემთხვევაში, თუ კრება იხილავს საკითხს, რომლის გახმაურება კანონით აკრძალულია, კრების გადაწყვეტილებით კრება ან მისი რომელიმე ნაწილი ცხადდება დახურულად.
მუხლი 10. კრების ოქმი
კრების ოქმს ადგენს მდივანი და მას ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 11. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა
1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა არის საერთო კრების აღმასრულებელი ორგანო.
2. პალატის გამგეობის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.
მუხლი 12. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის შემადგენლობა
1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა შედგება თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და სამი წევრისაგან, რომელთაც სამი წლის ვადით ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება.
2. გამგეობის თავმჯდომარე ვალდებულია არჩევნების ჩატარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის მინისტრს წარუდგინოს გამგეობის ახლადარჩეულ წევრთა სია, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. გამგეობის უფლებამოსილება იწყება გამგეობის შემადგენლობის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან და გრძელდება სამი კალენდარული წლის განმავლობაში. ამასთანავე, უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება გამგეობის ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობამდე.
4. გამგეობის წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება:
ა) თუ გამგეობის წევრს, როგორც ნოტარიუსს შეუჩერდა ან შეუწყდა უფლებამოსილება. გამგეობის წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველის წარმოშობისთანავე;
ბ) გადადგომის შემთხვევაში, გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადება შეიძლება წარედგინოს გამგეობას ან საერთო კრებას. გამგეობის წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება გადადგომის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან;
გ) საერთო კრების გადაწყვეტილებით.
5. გამგეობის თავმჯდომარე ვალდებულია გამგეობის წევრის ვაკანსიის წარმოშობიდან 45 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს საერთო კრების ჩატარება და გამგეობის ახალი წევრის არჩევა გამგეობის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
6. იმ შემთხვევაში, თუ გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, ერთი თვის ვადაში ტარდება გამგეობის მთელი შემადგენლობის არჩევნები, ამასთანავე, გამგეობის დარჩენილი წევრები თავიანთ უფლებამოსილებას ასრულებენ ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობამდე.
7. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა გამგეობის ყველა წევრს შეუწყდება უფლებამოსილება ან გამგეობა სრულიად ქმედუუნაროა, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ერთი თვის ვადაში ატარებს გამგეობის ახალ არჩევნებს.
მუხლი 13. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის კომპეტენცია
1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა:
ა) წარმოადგენს საქართველოს ნოტარიატს, იცავს საქართველოს ნოტარიატისა და თითოეული ნოტარიუსის ინტერესებს საჯარო ხელისუფლების ყველა ორგანოსა და სასამართლოში;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ერთი ან რამდენიმე ნოტარიუსის (რომელთაც აქვთ უფლება ინდივიდუალურად დაიცვან თავიანთი უფლებები) მიმართ დაწყებულია სასამართლო პროცესი ნოტარიატის შესახებ კანონმდებლობის ან მომიჯნავე კანონმდებლობის დარღვევის საფუძვლით, გამგეობა უფლებამოსილია ჩაერთოს სასამართლო პროცესში დამოუკიდებლად ან ჩაერთოს სასამართლო პროცესში, რომელიც დაწყებულია ნოტარიუსის მიერ;
გ) ამზადებს ნოტარიატის ფუნქციონირების შესახებ თავის მოსაზრებებსა და წინადადებებს და წარუდგენს მათ საქართველოს იუსტიციის მინისტრს;
დ) სწავლობს ნოტარიატის წარმატებით ფუნქციონირებისათვის აუცილებელ შემდეგ საკითხებს: სოციალური დაზღვევა, სოლიდარობის ფონდი, ფინანსური დახმარება იმ ნოტარიუსებისათვის, რომლებიც ამას საჭიროებენ, სამოქალაქო პასუხისმგებლობის კოლექტიური დაზღვევა, ავტონომიური საპენსიო ფონდი და უზრუნველყოფს ამ საკითხებისა და სხვა მსგავსი საკითხების გადაწყვეტას;
ე) ზრუნავს ნოტარიუსთა პროფესიული მომზადების ხარისხის გაუმჯობესებისათვის და ამ მიზნით ატარებს სემინარებს, კონფერენციებს, კოლოქვიუმებს და სხვა მსგავს ღონისძიებებს, გამოსცემს სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალს;
ვ) აკონტროლებს ნოტარიუსთა რეგიონული პალატების (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ნოტარიუსთა პალატების) სათანადოდ ფუნქციონირებას, ატარებს სპეციალურ ინსპექტირებას რეგიონული პალატების მუშაობის შესამოწმებლად;
ზ) იცავს ნოტარიუსის პროფესიულ ღირსებას;
თ) ამზადებს პროექტს სანოტარო მომსახურების ტარიფების შესახებ. კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობს ნოტარიუსის მიერ სანოტარო მომსახურების საზღაურის გადახდევინების სისწორეს;
ი) შეიმუშავებს ნოტარიუსთა ეთიკურ კოდექსსა და დეონტოლოგიის ნორმებს და პალატის საერთო კრების მიერ მოწონების შემდეგ დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრს;
კ) საკუთარი ინიციატივით ან კომპეტენტური ორგანოების თხოვნით გამოთქვამს თავის მოსაზრებებს ნორმატიული აქტების პროექტების შესახებ;
ლ) აწარმოებს საქართველოს ყველა ნოტარიუსის პირად საქმეს, სადაც აღირიცხება ყველა ინფორმაცია ნოტარიუსის საქმიანობის შესახებ (მათ შორის, ნოტარიუსის საქმიანობის შემოწმების შედეგები, ნოტარიუსისათვის შეფარდებული დისციპლინური სასჯელები);
მ) ამტკიცებს გამგეობის აპარატის დებულებას;
ნ) ამტკიცებს სტაჟიორთა სწავლების პროგრამას;
ო) ასრულებს ამ წესდებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 14. გამგეობის თავმჯდომარე
1. თავმჯდომარე წარმოადგენს საქართველოს ნოტარიატსა და გამგეობას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ურთიერთობებში, ხელმძღვანელობს გამგეობის სხდომებსა და საერთო კრებებს, ასრულებს მათ გადაწყვეტილებებსა და ახორციელებს ყველა სხვა საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია გამგეობის ფუნქციებთან.
2. თავმჯდომარე უფლებამოსილია საგანგებო შემთხვევებში, როცა შეუძლებელია გამგეობის რიგგარეშე სხდომის მოწვევა და დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ნოტარიატის ინტერესებს, შეასრულოს გამგეობის ფუნქციები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. იგი ვალდებულია ეს გადაწყვეტილებები დასამტკიცებლად წარუდგინოს გამგეობის პირველსავე სხდომას.
3. თავმჯდომარის არყოფნისას მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4. თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას მის ფუნქციებს ასრულებს გამგეობის უხუცესი წევრი.
5. თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
მუხლი 15. გამგეობის სხდომა
1. გამგეობის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც.
2. გამგეობის სხდომას წერილობით იწვევს თავმჯდომარე სხდომამდე არანაკლებ 5 დღით ადრე.
3. თუ, თავმჯდომარის აზრით, საჭიროა საკითხების სასწრაფო განხილვა, იგი უფლებამოსილია სხდომა მოიწვიოს სხდომამდე 2 დღით ადრე ფაქსის, დეპეშის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
4. გამგეობის წევრი ვალდებულია დაესწროს გამგეობის სხდომას.
სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა საშუალო ხარისხის დისციპლინური გადაცდომაა;
წევრს, რომელიც სამჯერ ზედიზედ არასაპატიო მიზეზით არ ესწრება გამგეობის სხდომას, ავტომატურად უწყდება გამგეობის წევრის უფლებამოსილება.
4. სხდომა უფლებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ ნახევარი. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
5. გამგეობის სხდომისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 16. ანგარიშვალდებულება საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა ვალდებულია არა უგვიანეს ყოველი წლის მარტის თვის პირველი კვირისა საქართველოს იუსტიციის მინისტრს წარუდგინოს გამგეობისა და რეგიონული პალატების საქმიანობის წერილობითი წლიური ანგარიში და მიაწოდოს მოსაზრებები ნოტარიატის ფუქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემების, სადისციპლინო პრაქტიკის შესახებ, აგრეთვე იმ წინადადებების შესახებ, რომელთა რეალიზაცია საჭიროა ნოტარიატის ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
თავი 4. პალატის ხელმძღვანელობის ვალდებულება. საჩივრები
მუხლი 17. ფუნქციების უსასყიდლოდ შესრულება
1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და რეგიონული პალატების ორგანოებში არჩეული თითოეული ნოტარიუსი ვალდებულია თავისი უფლებამოსილება შეასრულოს უსასყიდლოდ.
2. ხარჯები, რომელიც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, ანაზღაურდება წერილობითი განცხადებისა და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამგეობაში წარდგენის საფუძველზე.
მუხლი 18. ნოტარიუსის საჩივრები
ნოტარიუსს უფლება აქვს სასამართლო წესით გაასაჩივროს მის მიმართ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობისა და რეგიონული პალატის გამგეობის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება.
თავი 5. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საფინანსო-სარევიზიო კომისია
მუხლი 19. კომისიის ფუნქციები
საფინანსო-სარევიზიო კომისია არის ნოტარიუსთა პალატის კონტროლის ორგანო, რომელიც ამოწმებს პალატის გამგეობის საფინანსო საქმიანობისა და საბუღალტრო აღრიცხვის კანონიერებას.
მუხლი 20. კომისიის არჩევის წესი და შემადგენლობა
1. კომისია აირჩევა პალატის საერთო კრების მიერ ფარულ კენჭისყრით სამი წლის ვადით.
2. კომისია შედგება ხუთი წერისაგან.
3. კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს კომისიის უფლებამოსილების ვადით.
4. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პალატის სხვა ორგანოს წევრი.
5. საერთო კრება უფლებამოსილია ვადამდე გაიწვიოს კომისიის წევრი ან გადააყენოს სარევიზიო კომისიის მთელი შემადგენლობა, თუ სარევიზიო კომისია ჯეროვნად არ ასრულებს თავის ვალდებულებებს.
6. კომისიის წევრი უფლებამოსილია გადადგეს.
მუხლი 21. კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. კომისიის წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება:
ა) თუ წევს, როგორც ნოტარიუსს შეუჩერდა ან შეუწყდა უფლებამოსილება. წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება უფლებამოსილების საფუძვლის წარმოშობისთანავე;
ბ) გადადგომის შემთხვევაში, გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადება შეიძლება წარედგინოს გამგეობას, ან საერთო კრებას. გამგეობის წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება გადადგომის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან;
გ) საერთო კრების გადაწყვეტილებით.
2. კომისიის წევრის ვაკანსიის შევსება ხდება მომდევნო საერთო კრებაზე. ახალი წევრი აირჩევა კომისიის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრთა ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, 30 დღის ვადაში ტარდება კომისიის მთელი შემადგენლობის არჩევნები, ამასთანავე, კომისიის დარჩენილი წევრები თავიანთ უფლებამოსილებას ასრულებენ ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობამდე.
4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა კომისიის ყველა წევრს შეუწყდება უფლებამოსილება ან კომისია სრულიად ქმედუუნაროა, პალატის გამგეობის თავმჯდომარე 30 დღის ვადაში უზრუნველყოფის რიგგარეშე კრების მოწვევასა და კომისიის ახალი შემადგენლობის არჩევნებს კომისიის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
მუხლი 22. კომისიის ვალდებულებები
სარევიზიო კომისია ვალდებულია ყოველთვიურად შემოწმოს პალატის გამგეობისა და გამგეობის თავმჯდომარის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერება და შესაბამისობა საერთო კრების მიერ დადგენილ ხარჯთაღრიცხვასთან (ბიუჯეტთან).
მუხლი 23. შემოწმების წესი და ფორმა
1. სარევიზიო კომისია უფლებამოსილია გამგეობისაგან გამოითხოვოს პალატის გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია, მათ შორის, საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაცია და მოითხოვოს ახსნა-განმარტებანი როგორც პალატის გამგეობის წევრების ისე აპარატის თანამშრომლებისაგან.
2. აუცილებლობის შემთხვევაში სარევიზიო კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს სპეციალისტი (აუდიტორი), სპეციალისტის შრომის ანაზღაურება ხდება პალატის ხარჯზე გონივრულ ფარგლებში.
მუხლი 24. გამგეობის ვალდებულება
1. პალატის გამგეობა ვალდებულია საფინანსო-სარევიზიო კომისიას შეუქმნას სამუშაო პირობები.
მუხლი 25. სარევიზიო კომისიის მუშაობის წესი
1. სარევიზიო კომისიის სხდომა იმართება თვეში არანაკლებ ერთხელ.
2. სარევიზიო კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ თავისი ინიციატივით ან არანაკლებ ორი წევრის წერილობითი მოთხოვნით. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია სხდომა მოიწვიოს მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს სამი დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარე სხდომას არ იწვევს ამ მუხლით დადგენილ ვადებში, კომისია უფლებამოსილია შეიკრიბოს საკუთარი ინიციატივით და ჩაატაროს სხდომა.
მუხლი 26. გადაწყვეტილებათა მიღების წესი
1. სარევიზიო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სამი წევრი მაინც. დაუშვებელია წარმომადგენლობა.
2. გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით.
3. კომისია ვალდებულია თავისი გადაწყვეტილებების ასლები გაუგზავნოს პალატის გამგეობას.
მუხლი 27. სარევიზიო კომისიის ანგარიშვალდებულება
1. სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებულია მხოლოდ საერთო კრების წინაშე.
2. სარევიზიო კომისია ვალდებულია ანგარიში წარუდგინოს წლიურ საერთო კრებას. ამასთანავე, სარევიზიო კომისია ვალდებულია წლიური ანგარიში მოამზადოს იმ ვადაში, რომ შესაძლებელი იყოს ამ ანგარიშის წინასწარი გაცნობა ნოტარიუსებისათვის.
3. სარევიზიო კომისიის მუშაობის ანგარიში პერიოდულად უნდა გამოქვეყნდეს პალატის ჟურნალში ”საქართველოს ნოტარიატი“.
თავი 6. სადისციპლინო კომისია
მუხლი 28. კომისიის ფუნქცია
სადისციპლინო კომისიის ფუნქციაა პალატის კომპეტენციაში არსებული სადისციპლინო საკითხების განხილვა.
მუხლი 29. სადისციპლინო კომისიის შემადგენლობა
1. სადისციპლინო კომისიას ირჩევს საერთო კრება ხუთი წევრის შემადგენლობით.
2. სადისციპლინო კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადამდელი შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ამ წესდებით საფინანსო-სარევიზიო კომისიისათვის დადგენილი ნორმებით.
მუხლი 30. კომისიის კომპეტენცია
სადისციპლინო კომისიის კომპეტენცია და მუშაობის წესი დგინდება დებულებით ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.
თავი 7. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის
ხარჯთაღრიცხვა (ბიუჯეტი)
მუხლი 31. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ბიუჯეტის ფორმირების წყაროები
1. პალატის ბიუჯეტი იქმნება შემდეგი შემოსავლებით:
ა) ნოტარიუსთა სავალდებულო საწევრო გადასახადი;
ბ) შემოწირულობა;
გ) გრანტები და სხვა სახის დახმარებები;
დ) პალატის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
ე) სხვა შემოსავლები, რომელთა მიღება არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 32. ყოველწლიური ბიუჯეტი
1. პალატის ყოველწლიური შემოსავლები და გასავლები აისახება ყოველწლიურ ბიუჯეტში.
2. ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს ამზადებს პალატის გამგეობა. გამგეობა ვალდებულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად გაუგზავნოს ნოტარიუსებს ერთი თვით ადრე ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე.
მუხლი 33. შემოსავლების ოდენობის დადგენის ძირითადი კრიტერიუმი
ყოველწლიურ ბიუჯეტში აუცილებლად უნდა აისახოს შემოსავლების სავარაუდო ოდენობა. შემოსავლების სავარაუდო ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმია ნოტარიუსთა სავალდებულო საწევრო გადასახადების გადახდით მიღებული შემოსავლების ოდენობა.
მუხლი 34. ბიუჯეტის არადეფიციტურობა
ბიუჯეტით დაგეგმილი ხარჯების ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს წინა წელს პალატის მიერ მიღებული შემოსავლების ოდენობას.
მუხლი 35. ხარჯის მიზანი
ხარჯის მიზანია ნოტარიატის დარგის განვითარებისა და პროფესიული ეთიკური ნორმების აღსრულების უზრუნველყოფა.
მუხლი 36. სავალდებულო ხარჯები
1. სავალდებულოა შემდეგი ხარჯების დაფინანსება:
ა) პალატის ოფისის და პალატის აპარატის ხარჯები:
– საკომუნიკაციო ხარჯები;
– სამეურნეო ხარჯები;
– კომუნალური ხარჯები;
– პალატის მიერ დაქირავებულ პირთა შრომის ანაზღაურება;
ბ) ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად მუდმივმოქმედი სემინარების ორგანიზების ხარჯები.
გ) სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის გამოცემის ხარჯები;
დ) პალატის იურიდიული ბიბლიოთეკის შევსებისა და სანოტარო არქივის შენახვის ხარჯები;
ე) ნოტარიუსთა სოლიდარობის ფონდის ფორმირების ხარჯები;
ვ) მივლინების ხარჯები;
ზ) პენსიონერ ნოტარიუსთა პროგრამების ფონდის ფორმირების ხარჯები;
თ) გამგეობის ფონდი. გამგეობის ფონდიდან თანხების ხარჯვა დაიშვება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მიზნებისათვის.
2. ნოტარიუსთა სოლიდარობის ფონდის, პენსიონერ ნოტარიუსთა პროგრამების ფონდისა და გამგეობის ფონდის თანხების ხარჯვის წესი დგინდება შესაბამისი დებულებებით, რომელსაც ამტკიცებს საერთო კრება.
3. აუცილებლობის შემთხვევაში გამგეობის დასაბუთებული გადაწყვეტილებით პალატის მიზნების მიღწევის მიზნით დასაშვებია სხვადასხვა მუხლის თანხების გადანაწილება.
4. გამგეობის დასაბუთებული გადაწყვეტილებით პალატის მიზნების მიღწევისათვის დასაშვებია ერთი მუხლის ფარგლებში ერთი თვისათვის გათვალისწინებულზე მეტი თანხის დახარჯვა იმ პირობით, რომ ხარჯების საერთო წლიური ოდენობა არ გადააჭარბებს ბიუჯეტის ამ მუხლით დადგენილ წლიურ ხარჯს.
მუხლი 37. დაუგეგმავი შემოსავალი
1. შემოსავალი, რომლის მიღებაც არ იყო დაგეგმილი ბიუჯეტით, ნაწილდება შემდეგი წესით:
ა) 40% ჩაირიცხება გამგეობის ფონდში და იგი დაიხარჯება ამ წესდებით დადგენილი წესით;
ბ) 20% ჩაირიცხება ნოტარიუსთა სოლიდარობის ფონდში;
გ) 40% დაიხარჯება ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად მუდმივმოქმედი სემინარების ორგანიზებისა და ჟურნალის გამოცემის საჭიროებისათვის.
მუხლი 38. გრანტების ხარჯვის წესი
გრანტით მიღებული თანხები იხარჯება შესაბამისი პროექტის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
მუხლი 39. ბიუჯეტის დამტკიცება
1. ბიუჯეტს ამტკიცებს საერთო კრება არა უგვიანეს ახალი საბიუჯეტო წლის პირველ მარტამდე.
2. ბიუჯეტის დამტკიცებამდე ხარჯები ფინანსდება არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტით დადენილი ოდენობით.
მუხლი 40. ბიუჯეტის შესრულების დამტკიცება
1. გამგეობა ვალდებულია საერთო კრებას წარუდგინოს ყოველწლიური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
2. გამგეობა ვალდებულია ნოტარიუსებს ანგარიში დაეგზავნოს საერთო კრებამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე.
მუხლი 41. გამგეობის პასუხიმგებლობა
გამგეობის წევრები პასუხს აგებენ პალატის თანხების არადანიშნულებისამებრ ხარჯვაზე.
თავი 8. სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 42. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი 9. ბეჭდვითი ორგანო
მუხლი 43. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ჟურნალი
1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საკუთარი ბეჭდვითი ორგანოა ჟურნალი „საქართველოს ნოტარიატი“
2. ჟურნალის მიზანია ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლება, კანონმდებლობის ანალიზი და სანოტარო პრაქტიკის განზოგადება, მოსამართლეთა და ადვოკატთა კორპუსთან თანამშრომლობა, ნოტარიუსთა პალატის სამეცნიერო-კვლევით ცენტრად ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა.
3. ჟურნალი ”საქართველოს ნოტარიატი“ გამოიცემა ორ თვეში ერთხელ.
თავი 10. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 43. წესდებაზე ხელმოწერა
1. წესდებას ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე და კრების მდივანი, რომლებიც პასუხს აგებენ კრების მიერ მიღებული წესდებისა და ხელმოწერილი წესდების ტექსტების იდენტურობაზე.
მუხლი 44. წესდების ძალაში შესვლა
1. ეს წესდება ძალაში შედის 2001 წლის 13 მაისიდან.
2. ამ წესდების ძალაში შესვლისთანავე ძალას კარგავს ნოტარიუსთა პალატის წესდება, რომელიც მიღებული იყო საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების მიერ 1996 წლის 16 აგვისტოს.
კრების თავმჯდომარე ოთარ ზოიძე (გამგეობის თავმჯდომარე)
კრების მდივანი ჯულიეტა არჩვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები