დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 240 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 28/02/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.010.000.22.034.008.196 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (28/02/2006 - 06/07/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.008.196
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №240
2006 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანდართული ტიპური დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №363 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №364 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ”;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №365 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №366 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №367 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №368 ბრძანება „საქართვე ლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №369 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №370 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ.“;
ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №371 ბრძანება „საქართვე ლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“;
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №372 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“;
ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №412 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“;
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №415 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიული ორგანოების მმართველობის სფეროს, უფლება-მოვალეობებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
მუხლი 2
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანო წარმოადგენს სამინისტროს ტერიტორიულ ერთეულს, რომელიც ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.
2. ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 3
ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები, ეს დებულება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები.
მუხლი 4
ტერიტორიული ორგანოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საქვეყნოობის პრინციპებს.
მუხლი 5
1. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა და საშტატო რაოდენობა განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს საშტატო ნუსხით (განრიგით).
2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
მუხლი 6
საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, წინასწარი გამოძიების მიზნით ტერიტორიული ორგანო კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
მუხლი 7
1. ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით.
2. ტერიტორიულ ორგანოს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო ანგარიში.
თავი II. ტერიტორიული ორგანოს ამოცანები
მუხლი 8.
ტერიტორიული ორგანოს ამოცანებია კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სახელმწიფოს ინტერესების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირების უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;
ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, თავიდან აცილება, აღკვეთა;
გ) საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა;
დ) წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა;
ე) ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, დამნაშავეთა, ასევე სხვა სამართალდამრღვევთა ძებნა და დაკავება, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად;
ვ) დასახლებული პუნქტების მიხედვით დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, დამნაშავეთა და სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებისათვის;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.
თავი III. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელობა
მუხლი 9
1. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. ტერიტორიული ორგანოს უფროსი როგორც უშუალოდ, ისე თავისი მოადგილის მეშვეობით კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს მმართველობის სფეროში შემავალ სამსახურებს დამნაშავეობასთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის სფეროში.
3. უფროსი:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებას;
დ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ვ) დამოუკიდებლად განკარგავს მთავარი სამმართველოსათვის გამოყოფილ თანხებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში.
მუხლი 10
1. ტერიტორიული ორგანოს უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები).
2. ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე (მოადგილეები), ტერიტორიული ორგანოს უფროსის მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად, ხელმძღვანელობს საკურატორო სამსახურების საქმიანობას ასრულებს ტერიტორიული ორგანოს უფროსის მითითებებს და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
თავი IV. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციები
მუხლი 11
1. საერთო კოორდინაციისა და საქმისწარმოების ორგანიზების მიზნით, ტერიტორიული ორგანო კომპტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას;
ბ) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) ორგანიზაციას, იმ ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვას, რომლებიც გამოიყენება სამმართველოს საქმისწარმოებისთვის;
გ) კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვას, მათი შესრულების კონტროლს (ვადების მიხედვით);
დ) კორესპონდენციის მიღება-გაგზავნას, მომზადებული დოკუმენტების რეგისტრაციასა და ადრესატამდე დაგზავნას;
ე) დადგენილი წესით მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების მიღებას, აღრიცხვას, მათი ხელმძღვანელობისთვის და შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისთვის დაგზავნას, აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კონტროლს (ვადების შესაბამისად);
ვ) სამინისტროს ადმინისტრაციასთან კოორდინციით ტერიტორიული ორგანოს საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფას;
ზ) ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზებას;
თ) ტერიტორიული ორგანოს გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების გამოყენებისა და შენახვის კონტროლს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს ინტერესების დაცვას სასამართლოში, ასევე კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიული ორგანოს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგებას;
კ) ტერიტორიული ორგანოს უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის უზრუნველყოფას;
ლ) პოლიციის ძალებისა და საშუალებების ოპერატიული მართვის, დანაშაულის შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე რეაგირების, ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეკრების, დამუშავებისა და სადღეღამისო კრებსების მომზადებას;
მ) კლიპტოგრამებისა და ტელეგრამების მიღება- გადაცემის ორგანიზებას;
ნ) საგანგებო შემთხვევათა დროს მობილიზაციის მიზნით, ტერიტორიული ორგანოს დანაყოფების ინფორმირებას, დანაყოფებში სამოქმედო ოპერატიულ გეგმებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების სწორი წარმართვის კონტროლს;
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებას.
2. დანაშაულის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, ტერიტორიული ორგანო, კომპეტენციის ფარგლებშ უზრუნველყოფს:
ა) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიზნით სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების განხორციელებას იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც არ განეკუთვნება წინასწარი გამოძიების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოთა კომპეტენციას;
ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას;
გ) ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, დამნაშავეთა, ასევე სხვა სამართალდამრღვევთა ძებნა და დაკავება, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად;
დ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობას;
ე) ბავშვთა მაწანწალობის, უმეთვალყურეობის თავიდან აცილებასა და არასრულწლოვანთა დამნაშავეობის პროფილაქტიკაში მონაწილეობას;
ვ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით, სისხლის საპროცესო სამარლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენებას;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებას.
3. ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელების მიზნით, ტერიტორიული ორგანო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტერიტორიული ორგანოს დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლისა და სპეციალური შემოწმების გახორციელებას;
ბ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამინისტროს შიდანორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
გ) ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე კონტროლის განხორციელებასა და ამ მიზნით სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას;
დ) ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას;
ე) ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მასალების მომზადებას;
ვ) ტერიტორიულ ორგანოში შემავალი დანაყოფების სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ზ) ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვისა და დამუშავების წარმოებას;
თ) დოკუმენტაციის მომზადებას ტერიტორიული ორგანოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;
ი) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას;
კ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელებას.
4. საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ტერიტორიული ორგანო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) ტერიტორიული ორგანოს ყოველი მომავალი წლის ხართაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებას და სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოში წარდგენას;
ბ) საბიუჯეტო წლის განმავლობაში სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოდან სათანადო ასიგნებების გამოთხოვას;
გ) მოქმედი კანონმდებლობის და დადგენილი წესის შესაბამისად ტერიტორიული ორგანოს ფინანსური უზრუნველყოფა, მატერიალურ ფასეულობათა შესყიდვების განხორციელება (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს გარდა) და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ტერიტორიული ორგანოს პირადი შემადგენლობის სოციალური ხარჯების დარიცხვასა და გაცემას;
ე) დადგენილი წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ანგარიშგებას და ბალანსის სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ცენტრალურ ბუღალტერიაში წარდგენას (პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორეზე და ცენტრალურ ბუღალტერიაში წარდგენილი ბალანსის რეალობაზე);
ვ) შეიარაღების, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, ინვენტარის, საწვავის და ექსპლოატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით საბუღალტრო აღრიცხვას, მათ სწორ ექსპლოატაციაზე და ნორმირებულ ხარჯვაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას;
ზ) დადგენილი წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სალაროს ოპერაციების წარმოებას, პირველადი დოკუმენტების შედგენას, ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების (დებიტორკრედიტორების) და ძირითადი საშუალებების და სხვა მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
თ) ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების და სხვა დოკუმენტაციის შენახვას და დაგენილი წესით და ვადებში მათი არქივში ჩაბარებას;
ი) იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის საბუღალტრო აღრიცხვას და სათანადო ინფორმაციის სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოში პერიოდულად წარდგენას;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებას.
5. დასახლებულ პუნქტებში ტერიტორიული ორგანო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) ტერიტორიული ორგანოს დასახლებული პუნქტების მიხედვით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, დამნაშავეთა და სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვებას და ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებისათვის;
ბ) საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების აღკვეთას, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას;
გ) უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებას.
მუხლი 12
წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები